ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ზურაბ კიკნაძესთან: ნუ ეცრუები საკუთარ თავს

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ზურაბ კიკნაძე, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

„დავბადებულვარ საქართველოს რესპუბლიკის გასაბჭოების მეთორმეტე წელს…“

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონი.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ესქატოლოგია, სოფლის დასასრული.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

როდიონ რასკოლნიკოვი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

კამოენშის „ლუსიადა“.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

რემბრანდტი. შესაძლოა, „ძე შეცდომილისთვის“.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

თუ ეს უცნაურობაა: სიმარტოვე, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

წვრილმანები არ ღირს აღსანიშნავად.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

არცთუ ძალიან, მაგრამ მაინც _ მარსელ პრუსტი. რის გამო? თავისი მეობით ოსტატური კეკლუცობის, ჭორიკნობის, დაფარული სნობიზმის გამო.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

მეგობრობა, სიყვარული.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

იბსენის დრამები.

დიონისე თუ აპოლონი?

ორივე.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

რომელიც არ დაწერილა…

ადამიანი, ვისიც გშურთ

ამჟამად არავისი,  ბავშვობაში ბევრის.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

„ყველაზე დიდი შეცდომა“ კატასტროფა იქნებოდა, ამ ზღვართან არ მივსულვარ.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

არ ვასახელებ სუბიექტური მიზეზით.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

„მოვეფეროთ“.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

„მშვიდობა“, „სიმართლე“, „ჭეშმარიტება“.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი

ვერ ვასახელებ.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„ამ სოფლად გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე სოფელს“ (იოან. 16:33).

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„ბოროტსა ძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. რატომ? ეს არის ყოველი ადამიანის ცნობიერი თუ ქვეშეცნეული ნატვრა ყველგან და ყოველ დროში.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

„სანამ წვიმა გადივლიდეს,

გზები გამშრალდებოდეს,

ნუ მოაცლი ციურ რიდეს,

რომ ბურუსში ჩნდებოდეს,

 

თითქო სული სადმე ვლიდეს

და გულს ცეცხლი სდებოდეს,

სანამ წვიმა გადივლიდეს,

გზები გამშრალდებოდეს“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სრულყოფილად მხოლოდ ორზე, დანარჩენ სამ-ოთხზე მეტ-ნაკლები სიძნელით.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ქალი სოლვეიგი (იბსენის „პერ გიუნტიდან“), კაცი ალუდა ქეთელაური.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ვაჟა-ფშაველას შევეკითხებოდი ალუდა ქეთელაურის მომავალ ბედზე.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული

„დანაშაული და სასჯელი“.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ფეოდალურ საქართველოში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ქართულთა შორის „ვეფხისტყაოსნის“.

რომელია საუკეთესო დასარული?

დასასრული მის მიღმა პერსპექტივით.

ენა თუ ამბავი? რატომ?

უფრო ენა. რატომ? ენა მხოლოდ ამბის გადმოცემის ინსტრუმენტი არ არის; ენა თავისთავად არის ამბავიც, საშუალებაც და მიზანიც..

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი უცილობლად.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

არცთუ ადვილად შესასრულებელი: „ნუ ეცრუები საკუთარ თავს“.

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ბალზაკის „შუანები“.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

კარგი აზრის, თუ კრიტიკით  თანაბარი ღირსების ლიტერატურა იქმნება..

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ვოლტერის მოთხრობები.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

უსასრულო და უშინაარსო დრო.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით

ბიბლიას ორივე აღთქმითურთ.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

„რა არის რეალობის არსებობის საზრისი?“ ეს არის უკანასკნელი კითხვა, რომელზეც პასუხი ადამიანურ ენაზე ვერ გაიცემა.

© არილი

Facebook Comments Box