პოეზია

გიორგი ჩუთლაშვილი – ქალის საშლელი. კაცის სარკე.

ქალის საშლელი. კაცის სარკე.

კაცი რომელიც ჯიბით პატარა სარკეს ატარებდა
შეხვდა ქალს რომელიც ჯიბით ფანქრის საშლელს ატარებდა

1
კაცმა არ აალაგა ლოგინი, არ გაიხეხა კბილები,
საჭიროდ არ ჩათვალა რადიოს ჩართვა
და კარში გაჭედილი დილის გაზეთის ოთახში
შეტანა.
უბრალოდ ყავა დალია,
ფეხსაცმელებს ახალი
თასმები გაუკეთა, პატარა სარკე შარვლის
ჯიბეში ჩაიდო და სახლიდან გასვლისას
სახლის კარი ისე მაგრად მიაჯახუნა, რომ
საკუთარ  მოგონებას სახურავი ახადა…

მზე რომ ჩავიდა,
ცდუნება რომ გაიწაფა,
საკუთარი თავის ცდუნებაში
კაცმაჯიბიდან პატარა სარკე
ამოიღო, მასში ჩაიხედა და ვეღარ დაინახა
ქალის სახე,
ქალის, რომელიც ჯიბით ფანქრის საშლელს
ატარებდა, შეცდომებს უშვებდა და
უგემოვნოდ იცვამდა…

2
ქალმა აალაგა ლოგინი,
კბილები გაიხეხა,
შხაპი მიიღო,
მერე
აკვარიუმიდან თევზი ამოიყვანა,
ხალათის ჯიბეში ჩაისვა,
და სანამთევზს სახლთან ახლოს მდინარეში

გაუშვებდა, სარკეში ჩაიხედა
და წაუყრუა საკუთარ შიშს…

თევზი მალე მოკვდა…
(თევზმა ორი დღის წინ ნახა სიზმარი
რომ ხალათის ჯიბეში მოკვდებოდა)
ქალი ოდნავ დასუსტდა…

3
ოცი  წუთის შემდეგ…

ქალმა შარვალი ამოიცვა,
შარვლის ჯიბეში ფანქრის საშლელი
ჩაიდო
და გაახსენდა სკოლაში დაშვებული შეცდომები,
დედასთან დაშვებული შეცდომები,
მამასთან დაშვებული შეცდომები,
უკვე ზრდასრულობაში
კაცებთან დაშვებული შეცდომები.
მერე გაახსენდა კაცის დაშვებული
შეცდომები,
კაცის, რომელიც ჯიბით პატარა სარკეს
ატარებდა
და მასში საკუთარ თავს ვერასდროს ვერ
ხედავდა…

4
ოცდასამი წუთის შემდეგ…

ქალმა მდინარის პირას
დამარხა მკვდარი თევზი
და  სიახლის შეგრძნებებიც
მიწაში ჩადო…
მერე საშლელი მაღლა ასწია
ცას დაუმიზნა და რაღაც წაშალა…

ბავშვი მდინარის პირას ყვითელ
ფურცელზე განტოლების ამოხსნას
ცდილობდა,
ერთ თვალს ხუჭავდა
მეორეს კი დიდ ლოდს ატოლებდა,
ლოდს, რომელზეც ქალის
წითელი ტრუსი ეგდო…

5
კაცმა ქუჩაში ამოიღო სარკე და
გაწმინდა.
ქუჩაში ბიჭი მისდევდა გოგოს.
ძაღლი მისდევდა ავტობუსს.
ბიჭს არ ედო ჯიბეში პატარა სარკე,
გოგოს არ ედო ჯიბეში ფანქრის საშლელი,
გოგო უშვებდა შეცდომებს.
ბიჭი უშვებდა შეცდომებს.
ღია ბარათების ანგელოზი

„პირველად
ჩემს სახლთან ახლოს დავინახე
როცა ტაქსის მძღოლს ხურდის
ნაცვლად ხელს ართმევდა
და თავს უკრავდა
მადლობის ნიშნად.
მისი ფეხსაცმელების
ბზინვარება თვალს მჭრიდა“

ბარათები მოიტანეს,
ღია ბარათების ანგელოზი
უკვე აქ არის.
გახამებულ თეთრ პერანგზე
ლაქა აქვს.
ფრჩხილები ძირამდე
აქვს დაჭრილი.
როგორც ვიცი,
ღია ბარათების ანგელოზები
ერთი მაკრატლით იჭრიან ფრჩხილებს,
მათ ცაც ერთი აქვთ, კბილის ჯაგრისიც
და იდუმალების თეთრი საცვალიც…
ანგელოზს ხელები ცხიმიანი
აქვს,
ალბათ სანამ აქ მოვიდოდა,
გზაში წაიხემსა,
მოღრუბლულ ცასაც შეუცურა ხელი
და დაავიწყდა ხელ-პირის დაბანა საპნით…
ჯერ ხმას არ  იღებს,
არც ქურთუკს იხდის.
მე ვფიქრობ:
„ცხადია, მან  ყველაფერი
იცის ჩემს შესახებ“.
დაჯდომას  ვთავაზობ,
გაზქურასთან გათბობასაც
და ახალგარეცხილ კოვზში,
რომელიც ორი თითით
მიჭირავს,
ვხედავ მის ჩაშავებულ
თვალებს…

ღია ბარათების ანგელოზი
არ ჯდება, ფეხზე დგომას
ამჯობინებს…
კოვზიდან
წყლის წვეთები
ძირს ეწვეთება  და
ანგელოზი თვალებს ძირს ხრის,
თითქოს წყალი  გუბდებოდეს
მის ფეხებთან  ჩაზნექილ იატაკზე
და მოპარულ ნავს მიათრევდნენ
იქვე ბავშვები,
ისე უყურებს იატაკის ერთადერთ წერტილს,
თან თავს იბერებს.
წელში იხრება,
ჩინური სათამაშოების სუნი ასდის…
მისი გაპრიალებული ფეხსაცმელები
დაბზარულ ჭერს და ასვატიან
ნათურას ირეკლავენ…

მადიანი ამოსუნთქვის შემდეგ
ღია ბარათების ანგელოზი ბარათს იღებს,
გულში კითხულობს და რაც არ უნდა

წარმოუდგენელად მოგეჩვენოთ,
მე მისი ყოველი სიტყვა გარკვევით მესმის…

ღია ბარათი ანანოსგან:

„შეგიძლია მშვიდად იყო.
გუშინ ჩამოვედი ნეპალიდან
და
შენს სახლთან ახლოს რომ ქარხანაა,
იმის მოპირდაპირე კორპუსში
გადავედი საცხოვრებლად.
იქნებ გვევახშმა დღეს საღამოს…

იმედია, მეყოფა გამბედაობა
და  ღია ბარათების ანგელოზს  ვკითხავ,
თუ როგორი შეგრძნებაა იყოს
ღია ბარათების ანგელოზი…“

მდინარის ენა.  თევზის ენა.

ჩემს საძინებელ ოთახში
კედელზე სინათლე ჩამოდის,
სინათლე მდინარეს ჰგავს.
სინათლე იცვლის კალაპოტს
მზის ჩასვლისას,
მზის ამოსვლისას
და მაშინაც, როცა
ფარდაში გახვეულ
საკუთარ ჩრდილს
წელში ვმართავ…

ყოველ დილით კარადიდან
ვიღებ საკუთარ სხეულს და
ოთახივით ვანიავებ.
მდინარე ჩემში მოედინება
და მე ხანდახან ღრმა ვხდები.

ჩემს საძინებელ ოთახში
ყოველ დილით ათი წუთი
ვუყურებ ჩემს ნახატს,
სადაც
თევზის ენიდან მდინარის ენაზე
გადამაქვს ცარიელი თვალები და
ყვითელი აბივით ვადნობ.
ნახატი დაუსრულებელია
და არ მაქვს სურვილი, რომ
დავასრულო.

ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას
ვცდილობ დღეგამოშვებით
ქუჩის სინათლისკენ,
და როცა მხოლოდ სიჩუმე გამომდის,
ამ დროს მესმის შენი,
თევზის და მდინარის ენა…

* * *
შენი შავი ბოლოკაბა
ჩემს ბოლო თეთრ ლექსზე
ბევრად მოკლეა…

© არილი

Facebook Comments Box