პოეზია

გიო ლომიძე – სათქმელნახევარი და სხვა ლექსები

gio lomidze020

სათქმელნახევარი

ჩემი ცვალებადი მნიშვნელობა
ფარდობითია დაბადებამდე პერიოდის.
ღვთის პირიდან გადავარდნილ ლუკმასა და კაცს
ადევნებულ გზირებზე,
ყველა ამბავი ორჭოფულად ჭეშმარიტია.
როგორია ჩემი სახელი პარალელურ განზომილებაში…
იქნებ ის შექმნილია კარიკატურული პროპაგანდიდან
ცალსახა უუფლებობით;
– ყოფის არსი როგორც ამოხსნა.
მყოფნის – გარსი ხორცის; მისი გემოს უცოდინრობა
როგორც ცნობისმოყვარეობის კატეგორია.
რამდენი რამ შეგიძლია დამართო თავს ადამიანმა –
დაიხსნა, გარიყო, დაიმცირო, გადაირჩინო;
აგორო ერთიდან მეორეში და ასე შემდეგ.
მოგაკითხავს სიზმარნაცვალი ამბავი,
სადაც არათანმიმდევრული პირობები
შეუთავსებლობას ეწირებიან.
შენი სიტყვა ამ დროს არის – უშვერი და ბლაგვი.
იბრუნე პირი, მოიოხე გული დუმილით
და სიყვარული არასოდეს გადაიფიქრო.

გიშველი

როდემდე უნდა იტრიალოს
მაგნიტური ქარიშხალივით
ერთმანეთთან შეხვედრის მოლოდინმა?…
ერთი შეხედვით უბრალო ფურცელი ხარ.
რამდენს უძლებ…
მისალმება დამშვიდობებასავით უცხოა ისევ.
ისე იტევ უსასრულობის უწყვეტ ნაკადებს,
როგორც კოსმოსი.
თვალები არ გაქვს, თუმცა იცი
მოლოდინით გადავსებულმა
როგორ მიყურო მაშინ, როდესაც სათქმელს
ვერ უყრის თავს მთელი არსება.
მიყურო ბაღის მეპატრონის გამოჩენით
შეშინებულის მზერით, უმთვარო ღამეში
ქურდობა რომ განუზრახავს.
არა… ეს სხვა სიტყვებია.
ივსები და სიცარიელე გაშინებს.
ორივემ ვიცით რომ ასე არ უნდა ვსაუბრობდე.
ამ დროს ხვდები – შენთანაც რამდენი რამ მაქვს
დასამალი.
გათენებამდე ვიფიქრებ – დაგწვა თუ დაგხიო.
იქნებ სულაც გადაგმალო, გადაგარჩინო,
თორემ მოგაჩერდება ვინმე სულელი და
გაუგებრობისთვის უარეს განაჩენს გამოგიტანს.

 

შეჯამება

აი როგორც იქნა შედეგი. დიდ ხანს ველაქუცეთ ელიას.
ასტრონავტები წვიმის საიდუმლოს
ყოველთვის სკაფანდრებში იჩურთავენ.
ჩვენ კი რელიგიური საპოხით ვიმცირებთ
ცოდვათა შორის ხახუნის ძალას,
ძალას შიშისა და მოკრძალების.
რა სახე მქონდა ქაცვის წვენით როცა ვირწყავდი
პირის სიმშრალეს,
შენ მაშინ უნდა გენახე.
თოკებს ჯერ კიდევ უგემოვნოდ ეცვათ სარეცხი.
ისევ გამახსენდა ბუხენვალდი,
სამი დღის წინანდელი საუბრიდან,
როგორ მიყვებოდა მეზობელი
ვიღაც კომენდანტის მეუღლეზე.
ამ დროს კოხი იყო საშინელი,
ფიქრში უარესი – ელზა კოხი,
მზის ჩასვლის შემდეგ ფულის სესხებაზე
მეზობლის უარით განაწყენებულის
იერი რომ ჰქონდა ფოტოზე,
შენ მაშინ უნდა გენახა.
გარეთ ჯერ კიდევ გუბეები ბუშტებს ბერავდნენ.
დილის ნიუსში დრაკონზე ალაპარაკდნენ,
ფართო ნესტოებით მქშინავ დრაკონზე,
ზღაპრიდან რომ გამოქცეულა – ქვეყანას ფერფლავს.
ვინ არ მოიხმეს დასახმარებლად და ვერ მიაგნეს.
გარეთ ჯერ კიდევ დამწვარ ტყეებს ეთხოვებოდნენ.
შენ კი იძახი – სიცხეში კეფირი ასწორებს,
მე კი მგონია – წვიმა ასწორებს, წვიმა.

 

შემოდგომისა

ეზოსთან ერთი ხე დგას,
ხესთან არ არის სკამი.
ზედ არც ჰამაკი ჰკიდია,
არც მიბმულია ძაღლი;
სხვა ყველაფერი რიგზეა,
ძაღლი ოთახში ცხოვრობს,
სკამიც იქიდან გამოაქვთ,
სადაც ინახავს სახლი.
ეზოსთან ერთი ხე დგას,
ერთი ველური თუთა,
ხელსახოცივით ფოთლებს
ხან სადენებზე ფენს,
ხან ლამპიონის თავზე
ტოტებდახრილი ღამით,
უკუდო კატის წყევლას
გათენებამდე უსმენს.
და ყველაფერი რიგზეა
იქამდე, ვიდრე – ქარი,
შემოდეგომასთან ერთად
ხასიათს გაიმკაცრებს,
ვერგაყოლილი ვერსად
ვის ხმასთან ვისი ქნარი
სახლივით ავიწყდებათ,
სახლივით აიმ კაცებს,
თრობა მოგვრილი შფოთით
ბორდიურზე რომ სხედან,
ბორდიურიდან ხემდე
რა მანძილია ვიცი;
ლამპიონიდან მზემდე
რა მანძილია ისიც,
სხვა მანძილია ვიცი
დაბადებიდან დღემდე.
და ყველაფერი რიგზეა
იქამდე, ვიდრე ამინდი,
ფოთლების თავშესაფრიდან,
გამოასახლებს ლამპიონს.
იმოძრავებენ ტოტები
თითების სილუეტებად,
თითების, როგორც ოდესღაც
ბებო იქნევდა ქსოვის დროს.
ალბათ ჩრდილები ბარბაცით,
ღამესაც შეამოკლებენ.

 

დიადო დირექტორო

არაფერი მაცვია შერჩევით.
წინასწარი მოხდენილობა ვერ მხიბლავს.
უსათაურო ამბებიც არ მაბნევს.
არც იმას ვაქცევ ყურადღებას როდის უნდა დავბანო
ჩემი ოთხფეხა მეგობარი.
გარეგნული მოწესრიგება მისთვისაც თვალთმაქცობაა.
ამიტომაც ღიზიანდება ალბათ.
ჰიგიენაზე არაფერი სმენიაო იფიქრებენ.
მე კი დიდი სიამოვნებით მიგაღებინებდით შხაპს
თუ ეს გიშველიდათ.
საზოგადოებრივ ჩოჩქოლი აყალ-მაყალია და არა ხმის მიწვდენა.
უკან არ იხევს დიადი მთავრობა.
ომის ბედს შიმშილი ვერ გადაწყვეტს
და ზეიმი ფსიქიკური აშლილობით მაინც იქნება სანახაობრივი.
გავლენა როგორც სასუსნავი ადრე თუ გვიან გამოილევა.
რატომ არ უნდა ვსაუბრობდეთ სხვა მოთხოვნებზე გარდა :
გადარჩენისა, შიმშილისა, თანადგომისა, უსუსურობისა,
სიბრაზისა და ერთიანობისა.
მაგრამ როგორ დავაღწევთ თავს ამ ყველაფერს მაშინ,
როდესაც აუხსნელად ვკარგავთ სამუშაოს…
დიადო დირექტორო, იქნებ თქვენც  ერთი მილიარდერივით
ერთი ზომით მცირე ფეხსაცმელი განიჭებთ სიამოვნებას
ან სხვა რამ. უცნაურობებით გამოირჩევით.
ფულის ოდენობა განგასხვავებთ თუმცა სიდიადე მაინც
ის ქოლგაა, რომლის ქვეშაც კრუტუნებთ განებივრებული კატებივით.
დიადო დირექტორო, შეიძლება ახლა რომელიმე ბარში ხართ მოკალათებული
და მამონტის ფალოსის ფორმის ბოთლიდან ალკოჰოლს გისხამენ,
თქვენ კი ამ დროს აზიური ეგზოტიკის მთელ შეგრძნებას გიმძაფრებთ
პირში მოთავსებული ჩილიმის მილიდან ნებიერად ამომავალი არომატების ნაზავი
და განაბული წარმოიდგენთ როგორ იცხოვროთ თქვენი პატრონის კმაყოფილებისთვის.
ჩვენ არასოდეს ვფიქრობდით თქვენზე როგორც პატრონზე. მითუმეტეს სიამოვნებაზე.
იქნებ ამიტომაც მიიღეთ ცალ კარში თამაშით ნეტარება.
ჩვენ უბრალოდ ველოდით ანაზღაურებას თვიდან თვემდე გადარჩენისთვის,
რომ გვეარსება.
ციტრუსისა და ჟოლოს არომატის ნაზავით გევსებოდათ ფილტვები
ყოველი ნაფაზის დროს.
აუცილებლად შარვალიც გაგევსებათ იმ განავლით, თუ ოდესმე საკუთარი
ქონდრის კაცობა შეგაწუხებთ, რომლის სუნიც თქვენს გადაწყვეტილებას უკვე ასდის.
დიადო დირექტრო, მომრავლდით. ყოველთვის თქვენი ამინდია
ისტორიული სტატისტიკით.
ჩვენ ეს არ გვაფრთხობს. გადავიხდით ამ თვის ქირასაც.
ჩვენ გამოგდებულები ვიზეიმებთ გადარჩენას. მათ შორის
ერთამინდიანების გადარჩენასაც, თუ ამას შეძლებთ.
ჩვენ გვეშინია ხვალინდელი დღის და არსად გავრბივართ.
ჩემო დირექტორო, ალბათ მოგბეზრდით, შეუკვეთეთ მუსიკა ხმამაღლა.
მე კი რიჩის გავასეირნებ.

 

არალექსი

დაადასტურე საკუთარი დაბადება,
როგორც ახალი წინადადება აუცილებელი აბზაცით.
არასოდეს იფიქრო შეცდომით მოტანილი წერილების შინაარსზე;
როდის ბრუნდებიან ადამიანები სხვა მხარეს… ძილის დროს ალბათ.
ძილი ვალდებულებისგან თავისუფალი სფეროა.
არც ერთ წერილში შენ მაინც არავინ გახსენებს.
ვერ თავისუფლდები მოლოდინებისგან,
წარმოსახვით შედეგებს ისინი ვერასოდეს ინელებენ.
ამ ყველაფრისთვის – მარჩიელის თილისმა, ბევრი ლოცვა

ან ვინმეს ალოკვაა საჭირო.
უცნაურად ხარ… შარდმა და ნერწყვმა გემო გაცვალეს,
იქნებ უბრალოდ მიმართულება.
როდემდე უნდა შეინარჩუნო ამ ქვეყნიური მოუსვენრობა.
კბილის ჯაგრისით დაუმარცხებელი ბაქტერიებივით დაგცინიან აკვიატებები:
რომ გადარჩენამ უნდა მოგაგნოს, ან შენ მიაგნო ადრე თუ გვიან.
რა ლიტონია შეგონებები.
ყველას გადაეცი რომ საკუთარი მოსაზრებები სხვა თარგისაა.
ნუ დაუჯდები მოსასმენად. უბრალოდ მიესალმე,
ჩაეხუტე და დაუმალე ყველაფერი.
როდისმე ისწავლი აორთქლებასაც.
მათ თბილ ფანჯრებზე ნუ გამოჩნდები.
თუ შეეცდები, არ დაივიწყო – შარდმა და ნერწყვმა გემო გაცვალეს.
აქ არაფერია პოეტური. მხოლოდ ჯაზი ილუკმება შენი ყურადღებით.
გაათამამე საკუთარი არსებობის ალტერნატივა.
იფიქრე კულტურულ გარდატეხებზე, სოციალურ აფეთქებებზე,
საუკუნეებში რომ იზოზინეს დღევანდელობისთვის.
არ იოცნებო. შენი ადგილი იქ არის სადაც ხარ.

წინასწარ

დიდი ხანია ანჯამებზე წვიმა ფლუიდობს,
დილიდან აღარ ეგებება ძაღლი ცანცარით
სხეულს, რომელიც არ იცოდი იწვა თუ იდო
ოთახის ბოლოს. გევსებოდა თვალში ნაცარი.
იგვიანებდა ყელგამშრალი ხმაურს ხიჟინა.
რას ეთანხმები ფანჯარასთან ქარში ძახველო?…
ძილი არ არის, გასვლა არის – დაიყიჟინა
ვიღაცამ შიგნით; ახლა უნდა ამოახველო
მთელი ბალღამი სიცოცხლეზე – შიშივით მყრალი;
ვერ გაგიგია ყვავი შენთან რამ დააჯინა;
თავი გგონია გუბის მიღმა დამხრჩვალი მყვარი;
გყავდი, ვქროდი და იმყოფინე ახლა განჯინა
სადაც სიკვდილი უძლურია, მხდალი უთუო,
ლექსის ტალღებად ამოსული შავი რიფები;
მოხვალ და მკითხავ ჩემი ფიქრი გესმის ნუთუო?
პასუხად შენთვის ყვავილებად დავიკრიფები.

© არილი

Facebook Comments Box