პროზა (თარგმანი)

გოლი თარაყი – არჩევანი

goli taraghi_blog

სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ

შეთანხმებულები იყვნენ, რომ გზას დილაადრიანად დაადგებოდნენ, მაგრამ უკვე შვიდს გადასცილებოდა და მგზავრები ჯერაც არ იყვნენ მზად. იძულებითი მოგზაურობა იყო. ერთი მეგობრის ქალიშვილი მესამედ თხოვდებოდა. ვინ აღარ მიეწვიათ: საფრანგეთის ელჩით დაწყებული – დამავანდის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარითა და ქარაჯის გუბერნატორით დამთავრებული. ქორწილი სიძის მამის ბაღში იმართებოდა, ჩალუსიდან ათიოდე კილომეტრში. ეს ორდღიანი მოგზაურობა არავის ეპრიანებოდა. ჰუშანგი ქორწილებს ვერ იტანდა. ასე თქვა, პირობას გაძლევთ, ექვს თვეში გაიყრებიანო. ბიძია აჰმადს პატარძლისთვის ნაყიდი საჩუქარი სახლში დარჩენოდა. ვერც მზის სათვალეს პოულობდა. მეჰრბანუ ორი წლის  ვაჟიშვილზე წუხდა. უნდოდა, თან წაეყვანა, მაგრამ თანამგზავრები წინააღმდეგნი იყვნენ. ძალიან ჩამოცხა და პატარა მანქანაში, რომელშიც ისედაც ერთმანეთს მიტმასნოდნენ, ბავშვის ადგილი აღარ იყო. მით უფრო, ამირჰოსეინივით ონავარი ბიჭუნასთვის, წამით რომ ვერ ისვენებს და ყირაზე გადადის. მეჰრბანუსაც რაღა დარჩენოდა, ბიჭუნა ჩაკოცნა და, ათასი დარიგების მერე, დედას გადააბარა.

ბიძია ჰუშანგმა უთხრა:

–  კარგი ერთი, ორდღიან მოგზაურობას ამდენი ხვევნა-კოცნა და დარდი რად უნდა!  ხალხი ექვს-ექვსი თვით ტოვებს შვილებს და სამოგზაუროდ მიდის.

მეჰრბანუმ უპასუხა:

–  მე ეგეთი უგულო დედა არა ვარ. ჩემი სიცოცხლე ეს ბავშვია.

ბიძია ჰუშანგმა თქვა:

–  ბავშვი მწყემსს უნდა გაატანო, რომ მთაში გაიზარდოს.

მგზავრები დილის ,,საცობის“ გამო ღელავდნენ. ხელჩანთები საბარგულში ჩააწყვეს და ჩასხდნენ. დაძვრას აპირებდნენ, ბებიის კივილი რომ  გაისმა.

მეჰრბანუ წამოხტა, მანქანის კარი გააღო და სწრაფად ჩავიდა:

–  რა მოხდა?

ამირჰოსეინს უეცრად მუცელი ასტივნოდა, იკრუნჩხებოდა და ყვიროდა.

ბიძია აჰმადმა თქვა:

–  ღმერთო დიდებულო, ეს ბავშვი ჯანმრთელი და საღსალამათი არ იყო? ვიღაცამ გათვალა!

მეჰრბანუმ ბავშვი ჩაიხუტა:

–  მე არ მოვდივარ, თქვენ წადით.

ქმარმა უთხრა:

–  შენ წადი, მე დავრჩები.

–  არა, არა, არ ივარგებს, შენ წადი.

–  შენ ხარ პატარძლის დედის მეგობარი, შენ წადი.

ბიძია ჰუშანგმა თქვა:

–  წუხელ ბაყაყი დამესიზმრა. მე მგავდა. ამბობენ, სიზმარში თუ ბაყაყს ნახავ, გამდიდრდებიო.

ბიძია აჰმადმა თქვა:

–  ქანდოვანის გვირაბს იქით ერთი რესტორანია,  მაგარი საჭმელი აქვთ. ყველას

გეპატიჟებით.

ამირჰოსეინი ისევ წიოდა. მოპირდაპირე სახლში კბილის ექიმი ცხოვრობდა. მას მიადგნენ. ექიმი ახალგაღვიძებული იყო, კბილებს იხეხავდა. ხანგრძლივმა ზარმა დააფრთხო. კარი ქაფით სავსე პირით და ჯაგრისით ხელში გააღო. ბოდიში მოუხადა, ანიშნა, შემობრძანდითო, და სააბაზანოს მიაშურა. რამდენიმე წუთში თეთრი კბილებით დაბრუნდა. ბავშვს ჯერ ღრძილები, შემდეგ ყელ-ყური და გულ-მუცელი გაუსინჯა.

–  არაფერია. ბავშვები, ქვეცნობიერად, ყველაფერს ხვდებიან. ამ ბავშვს უნდა, წასვლაში ხელი შეგიშალოთ. მამაძაღლი. ერთი ჩემი პაციანტის ექვსი თვის შვილი ღამღამობით აღებინებდა – უნდოდა, დედას ხელში აეყვანა. ვუთხარი, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. დაიძინოს სველი და ჭუჭყიანი ტანსაცმლით. ერთხანს იტირებს, მერე მიხვდება, რომ გაუგეს და აღარ აღებინებს-მეთქი. ასეც მოხდა. ნუ იღელვებთ. მშვიდად გაემგზავრეთ. მე აქა ვარ. დედათქვენს ყოველ წამს შეუძლია, დამირეკოს.

მეჰრბანუ ყოყმანობდა. ბიჭუნას უყურებდა. ბიძია ჰუშანგმა ჩაიბუზღუნა, გვიანდებაო, და მანქანაში ჩაჯდა. საჭეს მიუჯდა და მეჰრბანუს ანიშნა, ჩაჯექიო.

ბებიამ უთხრა:

–  მშვიდობით იმგზავრეთ!

მტირალი ამირჰოსეინი ჩაიხუტა და მიმავალ მანქანას თვალი გააყოლა.

……………………………………………

პირობის თანახმად, მოგზაურები ორ დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მესამე დილა გათენდა და მათგან არაფერი ისმოდა. ტელეფონითაც არ დაჰკავშირებიან, რომ შვილი მოეკითხათ. ბებია ღელავდა, მაგრამ  თავს ცუდზე ფიქრის უფლებას არ აძლევდა. თქვა, ამბის უქონლობა უკვე კარგი ამბავიაო, და შვილიშვილი ჩაიხუტა. მისი თბილი, სურნელოვანი სხეული მკერდზე მიიკრა და სახე კოცნით დაუფარა – მოყვარული ბებიის გემრიელი კოცნით. შუადღისთვის მოთმინება გამოელია. თანაც, შეამჩნია, რომ ქუჩის მემწვანილე და უბნის ხაბაზი უცნაურად აშტერდებიან. თითქოს რაღაცის თქმა უნდათ – წამიერად ჩუმდებიან და მერე სწრაფად ბრუნდებიან სხვა მყიდველისკენ. ყველაზე უცნაური კი ქალბატონი ყათეჰის ქცევა იყო. ეს მეზობელი მას და მის ქალიშვილს იცნობდა. ნავაჭრით ბრუნდებოდა. თავისი სახლის კართან იყო, ქუჩაში, ბებიას რომ მოჰკრა თვალი. ისე შეკრთა, ხილიანი პაკეტი გაუვარდა ხელიდან. სახლში შევიდა და კარი მოიკეტა. არც სალამი, არც გამარჯობა. არაფერი. ეს ყველაფერი ბებიას უცნაურად ეჩვენა. რა მოხდა? მისი გონება ამ კითხვის იქით ვერ მიდიოდა. როგორ უნდა ეთქვათ, რომ მისი ქალიშვილი, ვაჟიშვილი და სიძე ქანდოვანის გვირაბთან მისვლამდე  დაიღუპნენ რკინით დატვირთულ საბარგო მანქანასთან შეჯახებისას და, ორი წლის შვილიშვილის გარდა, აღარავინ გააჩნდა?

მესამე დღე ღამდებოდა, როცა ტირილით თვალებდასიებული მაჰმუდხანი,  ბიძია აჰმადის ძმა, ბებიასთან მოვიდა. კბილის ექიმისთვის და ქალბატონი ყათეჰისთვისაც ეთქვა. ბებია მიხვდა, რომ ამ სამს, არეული სახეებითა და ამღვრეული თვალებით, მისთვის ცუდი ამბავი მოჰქონდა. იქნებ ჰუშანგი  გახდა ავად? ვერ იყო კარგად, თავი სტკიოდა. ნეტავ, არ წასულიყო. ვაი და, მეჰრბანუმ თავისი ძვირფასი ბეჭედი დაკარგა? ვეუბნებოდი, ნუ წაიღებ, სადმე დადებ და დაგრჩება-მეთქი. არ უნდა წასულიყო. რა დროს ქორწილი იყო?.. ათასობით ნაწყვეტ-ნაწყვეტმა ფიქრმა გაუელვა ბებიას შეშფოთებულ გონებაში. საკუთარი გულის ფეთქვა ესმოდა. რაღაცის თქმა დააპირა, ვერ შეძლო.  ხმაზე შიში ჩამოსწოლოდა. მოუნდა, ეს აბეზარი სტუმრები გარეთ გაეყარა და კარი მიეკეტა. ერთი ნაბიჯით დაიხია. ხელი კაბის ჯიბეში ჩაიყო და ჯიბის სიღრმიდან  გამოშლილი გრძელი ძაფი თითზე გადაიხვია. მაგრად. ისე მაგრად, რომ ტკივილი იგრძნო.

ქალბატონი ყათეჰი კართან იდგა. სახეზე ფერი არ ედო. მაჰმუდხანი ექიმს შეჰყურებდა. შველას შესთხოვდა. არ იცოდა, საიდან დაეწყო. უაზროდ აბუტბუტდა და ტირილი ვეღარ შეიკავა. ბებია მიხვდა. იფიქრა, რომ… მანქანის საყვირის ხმამ, ქუჩიდან რომ მოისმა, აზრები დაუფანტა. დაავიწყდა, რა იფიქრა.

იკითხა:

–  ჩაი არ გნებავთ? მზად მაქვს. მობრძანდით, დაბრძანდით. რატომ დგახართ? ჩაი თუ ალუბლის წვენი? თვითონ მოვამზადე.

ჩაისა და ალუბლის წვნის საბაბით სამზარეულოს შეეფარა და იქ დარჩა. ჩაიდანს ცეცხლი შეუნთო. საწვნე ჭიქები გადათვალა. სამნი იყვნენ. მისიანად ოთხნი გამოდიოდნენ. ჰუშანგი გიჟდებოდა ალუბლის წვენზე. დედამისის ალუბლის წვენზე. საშაქრეს ვერ პოულობდა. ერთი ჩაის კოვზი ძირს დავარდა, გასრიალდა და მაგიდის ქვეშ შეცურდა. ბებიამ იქაურობას თვალი მოავლო და დაინახა, რომ ყველაფერი ადგილზეა. კოხტად და ლამაზად. როგორც ყოველთვის. მარცხენა კედლის გარდა, რომელსაც ნესტი გასჩენოდა.

გაიფიქრა: ,,სამზარეულო უნდა შევაღებინო“.

სტუმრების ჩურჩული ისმოდა. ამირჰოსეინს გაღვიძებოდა. დედას ეძახდა. ქალბატონი ყათეჰი სამზარეულოში შემოვიდა:

–  ჩაი არავის უნდა.  ოთახში გამობრძანდით. თქვენთან აქვთ საქმე.

ბებიამ თქვა:

–  ახლავე. რამდენიმე წუთში ჩაი მზად იქნება.

ქალბატონმა ყათეჰიმ უთხრა:

–  ექიმს ერთი ჭიქა წყალი უნდა. თქვენ გელოდებათ. პაციენტი ჰყავს.

მაგიდიდან ჭიქა აიღო და ონკანს შეუშვირა.

ბებიამ გულისრევა იგრძნო. ყურები უხურდა, უგუგუნებდა. ქალბატონ ყათეჰის რომ ხედავდა, გული ელეოდა. ამ ქალის ყოფნა აქ, ამ დროს,  ყოველდღიური მოვლენების ლოგიკურ წყობას არღვევდა.

ქალბატონმა ყათეჰიმ კვლავ უთხრა:

–  მოდით, გავიდეთ. თქვენთან საქმე აქვთ.

და თვალები ცრემლით აევსო.

ბებიამ უთხრა:

–  ჩაი მზადაა. მოითმინეთ.

ფეხს წინ ვერ დგამდა.

ქალბატონმა ყათეჰიმ თქვა:

–  ჩაი მოიცდის.

ბებიას ხელი ზურგზე  მიადო და ფრთხილად უბიძგა.

ბატონი ექიმი ფანჯარასთან იდგა. მაჰმუდხანი ბოლთას სცემდა. ხელები ზურგზე  შემოეწყო. ექიმმა ქალბატონ ყათეჰის წყლიანი ჭიქა გამოართვა, ყლუპ-ყლუპით მოიყუდა და წელში გასწორდა. ბებიას უთხრა:

–  თუ შეიძლება, დაბრძანდით.

მაჰმუდხანი ფეხზე იდგა:

–  ყველას თავისი ბედისწერა აქვს. ადრე თუ გვიან, ყველანი მივატოვებთ ამ  წუთისოფელს.

ბებიას არ უნდოდა, გაეგონა. თქვა:

–  არ ვიცი, ამ ბავშვს რა დაემართა. დედას იმიზეზებს.

და ადგა, რომ ბავშვთან გასულიყო.

ექიმმა უთხრა:

–  მოითმინეთ.

და ხელი დაუჭირა. სასადილო მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა. მეორე სკამი გამოწია და ბებია დასვა. კისერი ნერვიულად მოაბრუნა და, სამედიცინო ტრადიციისამებრ დინჯად და გონივრულად, აუჩქარებლად და წყნარად უამბო ავარიის ამბავი. მოკლედ. კონკრეტულად.

ბებიამ ვერ გაიგო:

–  ავარია მოუვიდათ?

და ქალბატონ ყათეჰის დაბნეულად შეხედა.

ექიმმა უთხრა:

–  თანაგიგრძნობთ, ძალიან ვწუხვარ.

მაჰმუდხანმა თქვა:

–  ყველანი დაგვამწუხრეს.

და ხელი თვალებზე აიფარა.

ბებია ექიმს და ქალბატონ ყათეჰის მიშტერებოდა. ყურში სიტყვა ,,დაგვამწუხრეს“ მეორდებოდა. ფიქრებზე სქელი ნისლი მოსდებოდა. გაიფიქრა: ,,რას ამბობენ? რა უნდათ ჩემგან?“ პირი გააღო, რომ რამე ეთქვა ან ეყვირა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. გონებაში სიტყვები აწეწილ სურათებად ქცეულიყვნენ. ერთმანეთზე დაყრილი  ფოტოებივით. ადამიანები. ნაცრისფერი გზატკეცილი. ქანდოვანის გვირაბი. საბარგო მანქანა. ავარია დაინახა და ჰუშანგის ხმა გაიგონა. ხელი გაიწოდა ვიღაცისკენ, ვინც არ იყო და ქალბატონი ყათეჰის მკლავებში გული შეუღონდა. ბატონი ექიმი მზად იყო და სასწრაფოდ შეუშხაპუნა დამამშვიდებელი ამპულა (ათ მილიგრამიანი ვალიუმი). ბებია გახევებული თვალებით, დაზაფრული მიშტერებოდა რაღაცას, თითქოს სიკვდილის საზარელ ფანტომს ხედავდა. რამდენიმე წამმა გაიარა, სანამ ქუთუთოები დაუმძიმდა და თვალები დაეხუჭა. მაჰმუდხანმა ბებია მეზობელი ქალის დახმარებით აიყვანა  და საწოლზე დააწვინა.

ქალბატონი ყათეჰი ბებიას საწოლის კიდეზე ჩამოჯდა  და თქვა:

–  მე აქ დავრჩები. მოვიცდი, სანამ გაიღვიძებს.

ამირჰოსეინი შუა ოთახში იდგა. პატარა იყო, რომ მიმხვდარიყო, რა მოხდა. მაგრამ მისი ბავშვური სული გრძნობდა იმ მწუხარებას, ჰაერში რომ ტრიალებდა. ბებიას უსაფრთხო უბეში უნდოდა და მისი ტირილი ტკივილიანი შფოთით იყო სავსე.

ბატონმა ექიმმა ამირჰოსეინს ხელი მოჰკიდა, ცრემლები მოსწმინდა და აკოცა. უთხრა:

–  მე ორი კნუტი მყავს: თვალხატულა და თაფლაკვერა.

ამირჰოსეინმა ტირილი შეწყვიტა:

–  სად არიან?

ექიმმა ამირჰოსეინს ხელი ჩაჰკიდა:

–  წამოდი ჩემთან, გაჩვენებ.

მაჰმუდხანიც წასვლას აპირებდა.

–  თქვენი ნებართვით, მეც წავალ. ღმერთმა გაძლება მისცეს ამ საწყალ დედას.

და ადგა. კარი გამოაღო და შევიდა. გამობრუნდა: საპირფარეშო აღმოჩნდა. მარცხენა კარი გამოაღო. კარზე მიყუდებული გრძელტარიანი ცოცხი ხმაურით დავარდა. მაჰმუდხანი გამწარდა:

–  ეშმაკმა დასწყევლოს!

და შუბლში მუშტი იკრა.

ქალბატონმა ყათეჰიმ უთხრა:

–  იქითა კარია. მარცხნივ, იქით, ბატონოჩემო.

ბებიამ წამიერად გაახილა თვალი, ქალბატონ ყათეჰის მიაშტერდა. ბუნდოვანი  შეკითხვა ედგა თვალებში. დაფლეთილი შეკითხვა. რაღაცა გაახსენდა. თავი ასწია. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მისი უმწეო, დაუცველი სხეული კვლავ ძილმა შთანთქა.

…………………………………………..

გაზეთებმა ავარიის ამბავი დეტალებისა და ფოტოების  თანხლებით დაბეჭდეს. ყველა მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, ერთი ყმაწვილი კაცის გარდა, რომელიც ტიროდა და დედას ეძახდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ისიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ეს შემთხვევა, ათასი ჭორისა და მართლის თანხლებით, რამდენიმე კვირის მანძილზე დარჩა საგაზეთო მითქმა-მოთქმის საგნად. სანამ სხვა ავარია არ მოხდა. ქარაჯის გზატკეცილზე ახალგაზრდა ნეფე-დედოფლის დაღუპვის ტრაგიკულმა ამბავმა ყმაწვილი კაცისა და მისი ოჯახის ისტორია გადაფარა.

ბებია გლოვობდა. სიკვდილი უნდოდა, მაგრამ პატარა ამირჰოსეინის ფეხზე დაყენების მოვალეობას სიკვდილისთვის კარი დაეხშო. მოთმინების გარდა, არა დარჩენოდა რა. მორწმუნე, ნამაზის აღმსრულებელი ქალი იყო. თავის თავს უთხრა, ყველაფერი ღვთის ნებააო, მაგრამ რამდენჯერმე, ლოცვის დროს (მოჰრზე[1] შუბლით შეხებისას), ჩაიჩურჩულა: ,,რატომ?“ და ცრემლი წასკდა.

ამირჰოსეინი ტკბილი ბავშვი იყო. ენა ამოიდგა და კოცნა-ალერსით ბებიას დაწყლულებულ გულს უმრთელებდა. გასაოცრად ჰგავდა ბიძია ჰუშანგს – ისეთივე ჭინკათვალება და პირმცინარი იყო. ისეთივე ანცი და ონავრული გამოხედვა ჰქონდა. დედ-მამის ამბავს არ კითხულობდა. მოგონებები მის ბავშვურ ფიქრებს მიჰფარებოდნენ. ბებია ღამღამობით თავისი ოთახის სიმარტოვეში  ტიროდა, დღისით კი ძალას იკრებდა, რომ ამირჰოსეინთან ეთამაშა – ეკეთებინა ის, რაც შვილებთან არ უკეთებია –  ერბინა, ან კარსა და ფარდის უკან დამალულიყო.

………………………………………….

 

ამირჰოსეინმა, ბებიასთან ერთად, თავისი თვრამეტი წლისთავი ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო აღნიშნა. ერთი, რომ თვრამეტი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო; მეორეც, რომ, როგორც ბებიის მეურვე, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდა. დარბანდის[2] ერთ-ერთ რესტორანში ბებიასთან ერთად ივახშმა. დაბადების დღის საჩუქარი, ძვირფასი საათი, მაჯაზე გაიკეთა და ბებიას ხელზე და ლოყებზე მაგრად აკოცა. სათქმელი შემდეგისთვის გადადო.

აფორიაქებული იყო და ღამით ცუდად ეძინა. ათჯერ გაეღვიძა და საათს დახედა. ფანჯარა გააღო, პირდაპირ ძველ შენობას მოჰკრა თვალი, ,,ყამარის სადალაქო“ რომ ეწერა, და გული დაუმძიმდა. იგრძნო, აღარ შეეძლო  ბებიას სახლის და იმ უბნის ატანა. სახლის ძველი ავეჯი და ხარახურა; წინკარის მაღალი სარკე და ტახტის ყალამქრის გადასაფარებელი; საძინებლის მძიმე ფარდები და თეთრზეწარგადაკრული სავარძლები; მაღალი რუსული შანდალი და პატარა ჭაღი სასადილო მაგიდის თავზე – მკერდზე აწვებოდნენ. ალიონის მკრთალი სინათლეც კი, ნახევრად მიხურული დარაბების ღრიჭოებიდან რომ აღწევდა; სევდის მომგვრელი სუნი, სასტუმრო ოთახის ხალიჩას რომ უდიოდა; ქუჩის ხმები; კატების ომი; ავღანელი მუშის ნაღვლიანი სიმღერა მეზობელი მშენებარე სახლიდან; მეძველმანის შეძახილები – ქვაბს, საკვამლე მილს და რკინის ჯართს რომ ყიდულობდა – ყველაფერი ეს იმ ბებერი და მწუხარე ქვეყნის საწყისი და სასრული  იყო, მის ყმაწვილ გულს რომ ამძიმებდა. უნდოდა, იმ სახლს და წარსულის მოგონებებს გასცლოდა, ყველაზე მეტად –  სევდიან და გაცრეცილ საკუთარ თავს. მომავალზე ფიქრობდა და სხვა ამირჰოსეინს ხედავდა. იმას, მისგან შორს, საამური ქვეყნის, დიადი მიზნებისა და მღელვარე მოვლენების ქვეყნის საზღვართან რომ იდგა: სიყვარული, დიდება, ფული, დიდი სახლი ბაღჩა-ბაღებით, მოგზაურობა სასურველ ქალთან ერთად. ყველაფერი შესაძლებელი იყო. საკუთარი ბედი მისსავე ხელთ იყო. უნდა აერჩია. წარსულს, მამის უცნობ ხატებას და  დედის მოგონებას უნდა გასცლოდა.

დილით ჩეულებრივზე გვიან ადგა. უგუნებოდ იყო, წარბი არ ეხსნებოდა. საუზმე არც დაემთავრებინა, ბებიას მიაშტერდა. მისი რეაქცია აფიქრებდა. ერთი კოვზი ალუბლის მურაბა პურის ნაჭერს დაადო და ლუკმიანი ხელი, რომლიდანაც მურაბა მუშამბაზე წვეთავდა, ჰაერში გაუშეშდა. უარი რომ ეთქვა? წინააღმდეგი რომ წასულიყო?

ბებიამ ჰკითხა:

–  ამირჰოსეინ, რაზე ფიქრობ? რა მოგივიდა?

ამირჰოსეინი გონს მოეგო. ლუკმა პირში ჩაიტენა. ჩქარ-ჩქარა დაღეჭა. ბებიას შეხედა. უნდა დაელაპარაკოს. ახლავე. თითი მურაბის ლაქებს ჩამოუსვა. ბებიამ უთხრა:

–  ნუ შვრები, უარესი მოუვა. ჭამე.

ამირჰოსეინმა თავს ბლუკუნის ნება არ მისცა:

–  ბებია, ვერ ვიტან ამ სახლს, აქედან უნდა წავიდეთ.

ბებია ისე შეკრთა, კინაღამ ჩაის ჭიქა გაუვარდა ხელიდან.  მურაბის ლაქებს მიაშტერდა.

ამირჰოსეინმა ჰკითხა:

–  გაიგონე? აქედან უნდა წავიდეთ.

ბებიამ ჩაილაპარაკა: ,,აქედან უნდა წავიდეთ“. ამ სიტყვებმა ვერ მიახვედრა, ამირჰოსეინი რას გულისხმობდა. თითქოს უხილავ ხელს მის აწეწილ ფიქრებზე  მურაბიანი თასი დაეცალა. რასაც უყურებდა, ყველაფერს წითლად ხედავდა. თვალები დახუჭა და დიდხანს აღარ გაუხელია.

აქამდე სხვა ადგილზე არ უფიქრია. შვილების დაღუპვის შემდეგაც კი არ მოსვლია აზრად, სახლი გამოეცვალა. ქალიშვილი და სიძე ზედა სართულზე ცხოვრობდნენ, ვაჟიშვილის ოთახი დერეფნის ბოლოს იყო. ფრანგული ოდეკოლონის სუნი მასზე წინ შემოდიოდა სახლში. გარეთ რომ გადიოდა, მისი თმისა და ტანისამოსის სურნელი ქუჩაში ტრიალებდა. ბებია ამ სუნთან ერთად ცხოვრობდა. მისი ოთახის ფანჯრებს არ აღებდა, რომ ოდეკოლონის სურნელი დაეცვა. ერთი პერანგი და ორი წყვილი ფეხსაცმელი შენახული ჰქონდა. ამ ოთახში არავის უშვებდა. კვირაში ორჯერ სახლის დასალაგებლად კაცი დადიოდა. მანაც იცოდა, რომ ამ ოთახის კარი დაკეტილი იყო. იქით არ ჩაივლიდა ხოლმე.

როგორ შეიძლებოდა, შვილების ოთახები უცხოებისთვის მიეცა? სხვა  სუნების ადამიანებისთვის? მისი შვილების სულები ამ სახლის ოთახებში ტრიალებდნენ და ბებია მათ უხილავ არსებობას გრძნობდა. სახლი ამირიეს გამზირზე მისი  ნაწილი იყო. ამ სახლში დაბერდა და მის კუთხე-კუნჭულს იცნობდა. სააბაზანოს ცისფერი კაფელი, ეზოს ქვაფენილი, აუზის გარშემო ჩამწკრივებული ნემსიწვერას ქოთნები – ყველანი მას ესაუბრებოდნენ. უყვარდა ამირიეს გამზირი და მისი ხეების ფართო ჩრდილები; უყვარდა მაღაზიები,  ხილის პატარა ბაზარი და მადამ ფლორას სამკერვალო, სადაც ის და მისი ქალიშვილი ტანისამოსს იკერავდნენ. წარსულის სახსოვარზე უარის თქმა ეძნელებოდა. მით უფრო, ამ ასაკში.

ამირჰოსეინი წუხდა. ბებიას მდგომარეობას ხვდებოდა, მაგრამ ნათქვამის უკან წაღება არ უნდოდა. გაიფიქრა: ,,ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ბედია. არა, აქ არ დავრჩები“.

ბებიამ ჰკითხა:

–  სად წავიდეთ?

ამირჰოსეინს პასუხი მზად ჰქონდა. თქვა:

–  სხვაგან. რა, სახლები გაწყდა?

,,სხვაგან“ ბებიასთვის გაურკვეველი ადგილი იყო, ჰაერში გამოკიდებული. არც ერთ მოგონებას არ ეწყობოდა. თვალებში შეხედა საყვარელ შვილიშვილს. არ იცოდა, რა ეთქვა. ჰკითხა:

–  უცბად რამ მოგაფიქრა ასეთი რამ? მეგონა, აქ, ამ სახლში, კარგად იყავი.

ამირჰოსეინმა უპასუხა:

–  ეს სახლი ძალიან დიდია, ძველია. გავყიდოთ. ახალაშენებული ბინა ვიყიდოთ ქალაქის დასავლეთ ნაწილში. იქ ჩემი რამდენიმე მეგობარი ცხოვრობს. ამბობენ, ძალიან კარგიაო.

ბებია იმდენად დაბნეული იყო, იმდენად გაოგნებული, რომ რეაქციასაც ვერ ამჟღავნებდა. ცვლილება შემაშფოთებელი მოვლენა იყო. მით უფრო, მის ასაკში. ბებიას მომავალი ბუნდოვნად წარმოედგინა. მხოლოდ რამდენიმე წელი, ისიც, მოკლე და მყისიერი… მისი ნაცნობი სამყარო ეს სახლი იყო. სხვა ადგილს არ იცნობდა. უნდოდა, დარჩენილი ცხოვრება ამ სახლში, თავისი წარსულის მოგონებებში გაეტარებინა. მაგრამ ამირჰოსეინმა რა დააშავა? მთავარი მისი ცხოვრება იყო და ბებიას, შვილიშვილის ბედნიერების გარდა, არაფერი უნდოდა.

უთხრა:

–  როგორც შენ გინდა.

უცბად დანებდა. ,,რატომ და რისთვის“ გარეშე. იქნებ ამირჰოსეინის თვალებში უეცარი სიბრაზის ნაპერწკალი შეამჩნია. უცნობი სიბრაზის.

გაიმეორა:

–  კი ბატონო, წავიდეთ.

და ამ ფრაზის აზრს ვერ მიხვდა. თითქოს მის ნაცვლად სხვას ეთქვას.

…………………………………………………….

სახლი ამირიეს გამზირზე, პატარა აუზითა და ძველი ფანჯრებით, თავისი სულებითა და აჩრდილებით, კარგი თუ ავი მოგონებებით, სამ თვეში გაიყიდა. მყიდველს შეუთანხმდნენ, რომ ახალი ბინის ყიდვამდე ადროვებდა. მყიდველი არ ჩქარობდა. დათანხმდა.

ახალი ბინა მათ ნასთარანის ქუჩაზე ელოდათ. ბებია და შვილიშვილი სანოტარო კანტორაში მივიდნენ და ბებიამ სახლი შვილიშვილისთვის და მის სახელზე იყიდა. საჭირო ქაღალდებს ხელი მოაწერეს და საქმეც დასრულდა.

სანოტარო კანტორიდან რომ გამოვიდნენ, ამირჰოსეინი სხვა კაცი იყო. ახალი ბინა მას ეკუთვნოდა. მთელი სამი ოთახი, კარ-ფანჯარა და კედლები – ყველაფერი მისი იყო. ვიწრო აივანიც კი სასტუმრო ოთახის წინ, ტელევიზორის ანტენა სახურავზე; კიდევ – ქუჩის კატები და ჭადრის ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ყვავები.  ამ ფიქრებისა და წარმოდგენების წყებამ ამირჰოსეინის გონებაში ცაში მონავარდე ღრუბლებივით გაიელვეს. მოულოდნელი მფლობელობის განცდამ შიშნარევ სიამესთან შერწყმულ პირველი სიყვარულისა და მოსალოდნელი სიახლოვის თრთოლად დაუარა გულში. ახალი სახლი მისი დაბადების  საჩუქარი იყო, ხელახალი დაბადების. ბებია ჩაიხუტა, მაგრად-მაგრად მიიკრა. ისე მაგრად, რომ ბებიამ ამოიკვნესა. ამირჰოსეინმა გაიცინა და სურნელოვანი ლოყები დაუკოცნა.

ტაქსიში ჩასხდნენ და ახალ სახლთან ჩამოვიდნენ. ნივთები ჯერაც არ გადმოეზიდათ. ამირჰოსეინის ბინა მეორე სართულზე იყო. ლიფტიც ჰქონდათ, ეს კი ბებიას ასვლა-ჩამოსვლას აადვილებდა. მით უფრო, თუ ნავაჭრი მოჰქონდა და ტვირთით იყო.

ამირჰოსეინმა მუშტრის თვალი შეავლო სახლის შესასვლელს. თავისი სახლის. პირველად ხდებოდა, რომ ცნობისმოყვარე და აღტაცებული მზერით შესცქეროდა რომელიმე სახლს. კარს ხელი გადაუსვა.

გაიფიქრა: ,,სხვა ფერად უნდა გადავღებო. სახელურიც ძველია. იტალიური სახელური უნდა ვიყიდო.  სადარბაზოს და კიბის ნათურებიც ძველისძველია“.

ბებია დაღლილიყო. უთხრა:

–  ბინაში შევიდეთ.  კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ ოთახები.

ამირჰოსეინმა გაურკვეველ ღელვასთან შერეული ნეტარებით გადაატრიალა გასაღები. ფრთხილად. ორჯერ. ბოლო ბრუნს მეტი დაწოლა დასჭირდა. გამოღებული კარის ღრიჭოში მოუსვენარი და ყოყმანნარევი მზერა მიაპყრო თავის წინ გაშლილ ცარიელ, ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეს. მომავლის სათავეში იდგა, უცნობი ქვეყნის სამანთან. ახალი სამყაროსი… ამიერიდან და შემდგომ.

შიგნით შევიდნენ. ამირჰოსეინს მოეჩვენა, რომ კედლები უღიმოდნენ, კარ-ფანჯარა კი ფეხზე წამოუდგა. სააბაზანოსა და სამზარეულოს კაფელის ფილები კეთილად მობრძანებას უსურვებდნენ და უხილავი საზოგადოება  ტაშით ეგებებოდა. მის გარშემო ყველაფერი გაცოცხლებულიყო და ახლად მობრძანებულ ბატონს მილოცვას უძღვნიდა.

…………………………………………………………………………………..

ამირჰოსეინმა, ახალ უბანში დასახლებისთანავე, დიდი, ნათელი თვალებისა და მორცხვი გამოხედვის წყალობით, მეზობელი ქალიშვილების ყურადღება მიიპყრო. უბნის ცნობისმოყვარე გოგონები მას  ვარსკვლავბიჭუნად იხსენიებდნენ და, როგორც კი ვარსკვლავბიჭუნა სახლიდან გამოდიოდა, ერთმანეთს ატყობინებდნენ და ფანჯრებიდან უთვალთვალებდნენ. ვინ იყო და საიდან მოვიდა? დედ-მამა სად ჰყავდა? რატომ ცხოვრობდა ბებიასთან ერთად მარტო? კითხვა ბევრი იყო და გოგონების ფანტაზია – კიდევ მეტი.

ამირჰოსეინს ახალ სახლში – თავის სახლში – ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ახლად დაიბადა. მისი ბედისწერა მისსავე ხელთაა და გული, გონება, სხეული და ნება თავადვე ეკუთვნის. შეუძლია, გაბედულად შეხედოს საკუთარ გამოსახულებას სარკეში და განაცხადოს: ეს მე ვარ, ამირჰოსეინ საიდი, დაბადებული 1374[3] წელს, თეირანში.

ბებიას სახლში, ძველ უბანში, უფერული და დაბნეული იყო. მამამისის ფოტოს უყურებდა და მასზე არც ერთი მოგონება არ ჰქონდა. მამას სურათი პატარა ბიბლიოთეკაში, წიგნების წინ ედო. ვერ ხვდებოდა, რატომ ეშინოდა მისი. დედას სურათი საწოლთან ედგა, მაგიდაზე, თავისთან ახლოს. რამდენჯერმე დაესიზმრა. ზუსტად ასეთი. ამავე ღიმილით. თავისი ქაღალდის დედა.

ახალ სახლში ფეხქვეშ სიმყარე იგრძნო. ყმაწვილი გული ფეთქავდა და ახალი გამოცდილებისთვის იყო მზად. სულ მოკლე ხანში ბევრი მეგობარი გაიჩინა. ახალ მეგობრებს თავიდანვე აგრძნობინა, რომ წარსულზე ლაპარაკი არ სურდა. ახალგაზრდა მეგობრებს მისი წარსული არ აინტერესებდათ, საკუთარი პრობლემები ჰქონდათ. ყველანაირები იყვნენ: უმეტესობის ფიქრი და სიტყვა მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლას ეხებოდა. სადმე, ოღონდ აქ არა. რამდენიმე მათგანი თავისი ცხოვრებით კმაყოფილი იყო, კინომსახიობობას აპირებდა ან თეატრში მუშაობდა – ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში ეს საუკეთესო ადგილი იყო. ამირი უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო, საუკეთესო სტუდენტი. მაგრამ მძიმე დეპრესია ჰქონდა. სწავლა მიეტოვებინა და განკურნების ერთადერთ გზად ნარკოტიკები დაესახა. ძილი და დავიწყება.

ამირჰოსეინმა გაიფიქრა: ,,ჩემი მეგობრები ჩემსავით რომ სახლის პატრონები იყვნენ, წასვლა აზრადაც არ მოუვიდოდათ“.

ეს ხმამაღლა თქვა, მაგრამ მეგობრები არ დაეთანხმნენ:

–  კარგი ერთი, როცა სამუშაო არა გაქვს, როცა ფული არა გაქვს, როცა მომავალი გაურკვეველია, სახლს რა თავში იხლი?

კამბიზი ერთი იმ ახალგაზრდათაგანი იყო, დედ-მამასთან ცხოვრება რომ მოყირჭებოდა, მაგრამ ცალკე ბინაში ვერ გადავიდოდა. ვერც დღეს და ვერც ხვალ. ბინის დაქირავება წელში გაწყვეტდა. მისჯილი ჰქონდა დედ-მამასთან ცხოვრება, ცოლიც რომ შეერთო და შვილიც ჰყოლოდა. ზედა სართულის ორ ოთახში. იქ დარჩებოდა. იქ მოკვდებოდა.

მეგობრებმა უთხრეს:

–  ღმერთს უმადლოდე, რომ სამხედრო სამსახური  მოხდილი გაქვს. ჩვენზე წინ ხარ. შეგიძლია, საქმეს მიხედო.

კამბიზი სასოწარკვეთილი და გამწარებული იყო. აყვირდა:

–  რომელ საქმეს? მაგიდასთან დაჯდომაც მზარავს. ვისაც რა უნდა, ის თქვას. არ მინდა, მამაჩემივით და ბიძაჩემებივით ვიცხოვრო. სამსახური, ქორწინება, ბავშვები. მერე – სიბერე და მერე – სიკვდილი. ამირჰოსეინივით სახლი რომ მქონოდა, გავყიდდი და ფულს ამერიკაში წასვლას მოვახმარდი. ფული პრობლემის მოგვარებაა.

ამირჰოსეინმა თქვა:

–  ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა ამერიკის მწვანე ბარათი მოიგო, მაგრამ არ წავიდა, შეეშინდა.

ქავემ თქვა:

–  საშიშიც არის. კარგი ქნა, რომ არ წავიდა. გგონია, ამერიკა ედემის ბაღია? არ იცი, რა გელის. მარტოობა, უფულობა. რაც მთავარია, ტერორისტი ჰგონიხარ და სამუშაოს არ გაძლევენ. ენა არ იცი. ამერიკული ტკბილი ოცნება ფანტაზიაა. აქ ერთად მაინც ვართ. სიავუშს ფრანკფურტი გულს ურევს. დაბრუნება უნდა.

სიავუში ერთ-ერთი ძველი მეგობარი იყო. რის ვაი-ვაგლახით მოახერხა, ვიზა აეღო და გერმანიაში წასულიყო. მაგრამ ახლა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, დაბრუნება მოინდომა. მეგობრები ენატრებოდა, წესრიგის დამცველების კლანჭებიდან დასხლტომის შიში და სიამე ენატრებოდა; ხიფათით სავსე წვეულებები; და ყველაფერი აკრძალული. გერმანია დალაგებული და აწყობილი ქვეყანა იყო. ადამიანები ერთმანეთის უფლებებს პატივს სცემდნენ და მათი ურთიერთობა კონფლიქტამდე და ჩხუბამდე არ მიდიოდა. მანქანები გადასწრებაზე არ იყვნენ და ერთმანეთს არ ასკდებოდნენ. გუშაგი და პოლიციელი არსად ჩანდნენ და სიავუშმა მოიწყინა. ცხოვრებას მღელვარება არ ახლდა. არც ერთი სახლიდან ზაფრანის და ყორმესაბზის[4] სუნი არ გამოდიოდა. არც ერთი მოვლენა მას არ ეხებოდა. სპარსულად არავინ ლაპარაკობდა, სპარსულად არავინ არავის აგინებდა და არც არავინ არავის ეალერსებოდა.

კამბიზი ცუდ გუნებაზე იყო, ბრაზობდა:

–  ლაფი დავასხი, ვისაც მამიდა აყდასი და ყორმესაბზი მოენატრება. ვინც რას იმსახურებს, იმას მიიღებს.

იმავე დღეს წავიდა სადალაქოში… უკან თმა გრძლად დაეტოვებინა, გვერდებზე მოკლედ აეჭრა, შუაში კი, თითის მესამედზე, ნემსებად ედგა. თითქოს მის თავზე ანანასი დაერგოთ. მეგობრებმა მასხრად აიგდეს, თუმცა ნაკლები შესახედები არც თვითონ იყვნენ.

კამბიზმა თქვა:

–  ჩემი თმაა. მინდა – გადავიპარსავ, მინდა – მოვიზრდი. არ მესმის, ვიღაცას ანგარიში რატომ უნდა ვაბარო.

ერთ-ერთმა თქვა:

–  ჩვენი ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის. ჯერაც ვერ გაიგე? მე მინდა, კინემატოგრაფია შევისწავლო ან მსახიობი გავხდე, მაგრამ მამაჩემი ნებას არ მაძლევს. ტრადიციების კაცია. ვაიმე, კინო სირცხვილიაო! დედაჩემიც გამუდმებით ჩამჩიჩინებს, ინჟინერი გახდიო. ნავთობქიმიკოსი. შენი მამიდაშვილივით, ინჟინერ- ეკონომისტი რომ გახდაო. შენი ბიძაშვილივითო. არ ვიცი, რა ვქნა. გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. არ მინდა, დედ-მამას გული დავწყვიტო, მაგრამ ჩემს ცხოვრებას რაღა ვუყო?

ამირჰოსეინს უხაროდა, რომ მითითებებს არავინ აძლევდა.  ტრადიციების დამცველი მისი ბებია სახლის მეპატრონის ვაჟს – ალისაც კი არ აკრიტიკებდა, გრძელი თმით რომ დადიოდა და წარბებს იქნიდა. რა თქმა უნდა, არ მოსწონდა ის სურათები, ამირჰოსეინს რომ სასტუმრო ოთახის კედლებზე დაეკიდებინა; შვილიშვილის საყვარელი მუსიკისგან, რომლის მჭახე ბგერები ფანჯრებს აზანზარებდა, გული უწუხდა. მაგრამ ესმოდა, რომ ახალგაზრდებს ხმაური უყვართ და თარის ხმას ვერ იტანენ. საღამოობით, ამირჰოსეინი სტუმრად რომ მიდიოდა, ნერვიულობისგან სიცოცხლეს ათავებდა. სანამ მისი ფეხის ხმას არ გაიგონებდა, ვერ იძინებდა. ათჯერ გადიოდა ქუჩაში, იყურებოდა, ბრუნდებოდა და ცდილობდა, თავი ღამის სატელევიზიო გადაცემებით შეექცია. სადარბაზოს კარის ხმას რომ გაიგონებდა, საწოლისკენ გარბოდა და თავს იმძინარებდა. გამორიცხული იყო, ამირჰოსეინისთვის ეკითხა, სად იყო ან რატომ დაიგვიანა.

………………………………………………………………………..

ზაფხული იდგა. ახალგაზრდები გამზირებზე და კაფეებში დახეტიალობდნენ; კუთხეებში, ხეებქვეშ შეგროვდებოდნენ და საათობით საუბრობდნენ, ან საღამოობით რომელიმე მეგობრის სახლში იკრიბებოდნენ. ცხადია, ყველა დედ-მამა არ იყო თანახმა, რომ უცნობი ახალგაზრდების მთელი ხროვა მათ სახლში მოგროვილიყო, ნაშუაღამევამდე საეჭვო სიგარეტი ექაჩა და ხმაურიანი მუსიკისთვის ესმინა. კამბიზის მშობლები, შვილი რომ მხედველობის არეში ჰყოლოდათ, თანახმანი იყვნენ (ცხადია, უნდომლად და წყრომით), ახალგაზრდების შეკრებები მათ სახლში გამართულიყო. კამბიზის მამა, ბატონი მოფარაჰი, დამამშვიდებელ და საძილე აბებს სვამდა, ოთახის კარს კეტავდა და თავს საბნის ქვეშ რგავდა. ქალბატონი მოფარაჰი იმდენად ნერვიულობდა, რომ დაძინებასაც ვერ ახერხებდა. კამბიზს განუწყვეტლივ უმეორებდა:

–  ჩაუწიე ამ ოხერ მუსიკას. ბავშვებო, ასე ნუ ყვირით. მეზობლებს თუ არ დააძინებთ, პოლიციაში გვიჩივლებენ.

კამბიზი პასუხობდა, კარგიო. წუთით ჩაუწევდა და მერე, რამდენიმე წუთში, მუსიკა ისევ ხმამაღლა უკრავდა.

ამ ახალგაზრდებში გოგონებიც ერივნენ, ზაფხულის არდადეგებზე  საზღვარგარეთიდან რომ ჩამოსულიყვნენ. ამ გოგონებს, თავიანთი ამერიკული ან ევროპული პასპორტებით, განსაკუთრებული ფასი და მნიშვნელობა ჰქონდათ. შეეძლოთ, მათთვის რომელიმე უცხო ქვეყნის ბჭე გაეღოთ. ვინ იცის!

მეჰრნუში საფრანგეთის სამხრეთში ცხოვრობდა. უნივერსიტეტის მეორე კურსზე იყო. თეირანში დის ქორწილში ჩამოსულიყო. კამბიზს იცნობდა. მეგობრები ამირჰოსეინთან შეიკრიბნენ. მეჰრნუშიც მიწვეული იყო. ყველაზე გვიან მოვიდა და ყველაზე ადრე წავიდა. მაგრამ ეს რამდენიმე საათი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამირჰოსეინი სხვა გალაქტიკაში გადაესროლა. სიყვარულის ჯადოსნურ  გალაქტიკაში, რომელიც გონებას, დროსა და მიზიდულობის ძალას არ ემორჩილება. რაღაცა იყო ამ გოგოში ისეთი, რაც ამირჰოსეინს აოცებდა და ხიბლავდა. გამოხედვა, ხმა, პატარა ხელები, ბავშვური სიცილი, ყელზე ხალი – ყველაფერი ეცნობოდა. იქნებ იგი სიზმარში ენახა?! არ იცოდა. იმ ღამით მის გარშემო ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მეჰრნუშს ხედავდა. ,,მეჰრნუში“ – ყველა სახელისგან განსხვავებული. უცხო, მაგრამ ყველაზე ნაცნობი.

წვეულება დამთავრდა და სტუმრები წავიდნენ. თუმცა მეჰრნუშის სახე სასტუმრო ოთახის გაბოლილ სივრცეში ტრიალებდა. ამირჰოსეინი ბებიას უსმენდა, მაგრამ არაფერი ესმოდა. თუ ესმოდა კიდეც, არაფერი გაეგებოდა. მთელი ღამე სასიყვარულო ბოდვებში დანავარდობდა, მეჰრნუშზე ფიქრობდა და გული აჩქარებით უცემდა. ვერ მიმხვდარიყო, რა უქნა ამ გოგომ. ასეთი რამ პირველად დაემართა. იქნებ სიცხე ჰქონდა. იქნებ უცნობი ვირუსი დაეუფლა მის სულსა და სხეულს. ადგა, ფანჯარა გამოაღო და ღრმად ჩაისუნთქა. ნათელი ღამე იყო და ამირჰოსეინი, საითაც გაიხედავდა, ყველგან მეჰრნუშს ხედავდა. მეჰრნუში კედლის სარკეში, ფანჯრის მინაზე, საათის ციფერბლატზე, ხალიჩის ფერად ორნამენტებში. მეჰრნუში – სივრცეში მოლივლივე, მთვარეზე ჩამომჯდარი, დროის წუთებზე ჩამობმული.

……………………………………………………………………..

ერთმა კვირამ განვლო. ციებ-ცხელების ერთმა  კვირამ. აქამდე ამირჰოსეინს არ ჰყვარებია და არ იცოდა, რომ სიყვარული, შეიძლება, კბილის ყრუ ტკივილივით მტანჯველი იყოს. არც სიყვარულის კბილის ამოღება შეეძლო და არც მისი დუგ- დუგის ატანა.

გაიფიქრა, უნდა დაველაპარაკოო. და წინასწარ, სანამ ნახავდა და სიტყვას ეტყოდა, გული მოეწურა. წარმოიდგინა, როგორ დგას გოგონას წინაშე და შესაფერის ფრაზას ეძებს  – მოკლე, გასაგებ სატრფიალო ფრაზას. ერთი-ორჯერ წაივარჯიშა და ენა დაება, წარმოდგენაშიც კი. გადაწყვიტა, აღარ ენახა. თავს შეირცხვენდა. სისულელეებს ეტყოდა. თავმოყვარეობა შეელახებოდა. მაგრამ არ შეეძლო, რომ არ ენახა და მასზე არ ეფიქრა. რამდენიმე დღე სული კბილით ეჭირა, მერე კი ფრთხილად დარეკა კამბიზის მიერ მიცემულ ნომერზე.

მეჰრნუშმა უპასუხა და გაიცინა. მეგობრული სიცილი… მომხმობი… ელოდა ამ ზარს. ამირჰოსეინის ნაცვლად ილაპარაკა, ძლივს რომ ბლუკუნებდა:  თავისუფლად და შინაურულად, და გადაწყვეტილებაც მიიღო. შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ჯერ ხალხმრავალ და უხიფათო რესტორანში, შემდეგ კი (თუ შემდეგ იქნებოდა) – წყნარ და განმარტოებულ ადგილას.

მათი პირველი პაემანი ბაზარში, ნაიების საქაბაბეში[5] შედგა. პოეტური ატმოსფერო არ იყო, მაგრამ მეჰრნუშისთვის, რომელმაც ცხოვრების მეტი ნაწილი უცხოეთში გაატარა, სიახლეს წარმოადგენდა. ათას ერთი ღამის ქვეყანაში მოხეტიალე ნეტარ ტურისტს ჰგავდა. წყვდიადს მიღმა საგნებს ვერ ხედავდა. ოცნების სამყაროში იყო.

მალე დაახლოვდნენ. თითქოს წლები იყო, ერთმანეთს იცნობდნენ. ოფიციანტები დაჟინებით რომ არ მიშტერებოდნენ და არ მიეხვედრებინათ, რომ ნაშუადღევის ოთხი საათი ხდებოდა და კლიენტების უმრავლესობა უკვე წასულიყო, ადგილიდან არც დაიძროდნენ.

შემდეგი შეხვედრები უფრო მყუდრო ადგილას შედგა – ფირდოუსის ბაღის კაფეში – ახალგაზრდების თავშესაყარში. ამირჰოსეინმა მეჰრნუში ერთხელ სავსე მთვარის სანახავად მთაში წაიყვანა. ამჯერად ატმოსფერო პოეტური იყო. მთვარეს გამაოგნებელი ნათება ჰქონდა. ვინც შეყვარებული იყო, გიჟდებოდა. ვინც შეყვარებული არ იყო, შიში იპყრობდა. მეჰრნუშისთვის, რომელიც წვიმისა და ღრუბლების საუფლოდან ჩამოსულიყო, თეირანული ცისა და მისი კაშკაშა  ვარსკვლავების ცქერა სულისშემძვრელი მოვლენა იყო. იგრძნო, რომ მოინუსხა და განძრევის ძალაც აღარ შესწევდა. თვალები დახუჭული ჰქონდა, როცა პოლიციელები წამოადგნენ. ახალგაზრდები დაიფანტნენ. ხმაური ატყდა და გაქცეულების წივილ-კივილმა მთვარის ჯადო გაფანტა. მეჰრნუში წამოხტა. დაინახა, რომ ერთი გოგონა ლოდს ამოჰფარებოდა და მისკენ გაიქცა. ადგილი ორივესთვის საკმარისი იყო. ამირჰოსეინი და კიდევ რამდენიმე კაცი დაიჭირეს.

ხმაური რომ მიწყდა, მეჰრნუში უცნობ გოგონასთან ერთად მთიდან ჩამოვიდა, სასწრაფოდ ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. საწოლზე დაეცა და იგრძნო, რომ აქამდე არასოდეს  ასეთი ბედნიერი არ ყოფილა. ძილში და ღვიძილში მთის თავზე დამდგარ უზარმაზარ მთვარეზე ფიქრობდა და იმ საოცარ ღამეს ვერ ივიწყებდა. მთელი ეს მოვლენები, თრთოლით აღსავსე შეხვედრები საინტერესო იყო მისთვის.  და ამირჰოსეინი – მთელ ამ სიახლეთა შორის – გამორჩეული. ყველა ბიჭისგან განსხვავდებოდა, ვინც კი აქამდე სცნობია, განსაკუთრებით – ფრანგი ბიჭებისგან. მისი ნდობა შეიძლებოდა. სასიამოვნო გულწრფელობა იყო მის ხმასა და მორცხვ გამოხედვაში. კარგი ადამიანის გულწრფელობა.

………………………………………………………………….

ბებია ხედავდა ამირჰოსეინის მონუსხულ, ბედნიერ მზერას, მის სახეს რომ გადაევლებოდა და უცნობი სივრცეებისკენ გაიქროლებდა ხოლმე. უხაროდა, რომ ამირჰოსეინი მას ვერ ხედავდა და არაფერი იცოდა მის მკერდში ჩაბუდებულ მწარე ტკივილზე. რამდენადაც შეეძლო, თავს იკავებდა და გზიდან ეცლებოდა. ხშირად თავს იმძინარებდა, ანდა ოთახების ბნელ კუთხე-კუნჭულში უხმაუროდ დაფარფატებდა.

საზაფხულო არდადეგები დამთავრდა და მეჰრნუში იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო. დრომ, თავისთვის ჩვეული სივერაგით, ქარივით გაიქროლა. ამირჰოსეინი პანიკამ მოიცვა. ამ დღეს არ ელოდა. როდის, სად, როგორ – ნუთუ შეიძლებოდა? საყვარელი გოგონას გარეშე რა უნდა ექნა?

მეჰრნუშმა უთხრა:

–  დავბრუნდები. მომდევნო არდადეგები ორ თვეში მაქვს. გპირდები. ორი კვირით ან კიდევ მეტით დავრჩები. შეიძლება, სამუდამოდაც.

,,სამუდამოდ“ სიზმარი იყო. ჯადოსნური სიზმარი. აუხდენელი დაპირება. ამირჰოსეინი მომავალ ორ თვეზე ფიქრობდა, სიშორის ორ თვეზე. ნამდვილი სიშორის. ამ დროში რამდენი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. დრო ყმაწვილი  შეყვარებულების მტერი იყო.

………………………………………………………………

პირველმა თვემ წერილებში, ტელეფონის ზარებში,  ,,ჩამოვალ-დამელოდე-მიყვარხარ“- ში  ჩაიარა. მეორე თვის ნახევარი რომ გავიდა, მეჰრნუშის გაუგებარი ტირილი დაიწყო.  ამირჰოსეინს გული შეეკუმშა.

–  რა მოხდა?

–  არაფერი.

ამას ამირჰოსეინი ელოდა. მეჰრნუშის დაპირებები ზედმეტად ტკბილი იყო. შეკითხვა გაუმეორა. დაუჟინა, ეხვეწა, ემუდარა, სანამ მეჰრნუში სიტყვას დაძრავდა. უთხრა, რომ ისტორიის, ფრანგული ლიტერატურისა და ფილოსოფიის გამოცდებზე ჩაიჭრა, ძალიან დაბალი ქულები მიიღო. მამამ თეირანში დასაბრუნებელი ბილეთი აღარ აუღო. ვერ ჩამოდის.

ამირჰოსეინმა,  თვითონაც რომ ეუცხოვა, ისეთი მოგუდული ხმით ჰკითხა:

–  ესე იგი, ყველაფერი დამთავრდა?

მეჰრნუში  ამ შეკითხვას ელოდა და პასუხიც მზად ჰქონდა:

–  რა თქმა უნდა, არა. მე არ შემიძლია ჩამოსვლა, მაგრამ შენ ხომ შეგიძლია. შენ უნდა ჩამოხვიდე. იფიქრე, რამე გზა მოძებნე. გესმის?

,,შენ უნდა ჩამოხვიდე“. ადვილი სათქმელი იყო. როგორ? რომელი ფულით? რომელი ვიზით? სამყაროს კარიბჭე ამირჰოსეინისთვის დახშული იყო. საითაც არ უნდა გაეხედა, თვალწინ აღმართულ მაღალ კედელს ხედავდა, რომლის უკნიდანაც მეჰრნუშის ხმა ესმოდა: ,,უნდა ჩამოხვიდე, რამე გზა მოძებნე“.

ამირჰოსეინი ამ გზას დაეძებდა და ჩარაზულ კარებს წიხლებს უშენდა. სასოწარკვეთილი და გამწარებული იყო და მთელ ქვეყნიერებას მტრობდა. მეჰრნუშსაც კი. ,,რა ნეტარია! ,,უნდა ჩამოხვიდე!“ მე რა, კლდის მჭრელი ფარჰადი[6] ვარ? ჩემ წინ რომ კლდეა, წვერი ცისთვის მიუბჯენია. საფრანგეთის საელჩოსა და ვიზის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის კლდეს… უფულობის კლდეს… თანაც, უნივერსიტეტის კონკურსი? უნდა შევეშვა… ვთქვათ, ყველა გზა გამეხსნა, ბებიას რა ვუყო?“

ბებია ხედავდა შვილიშვილის ფორიაქს და ხველას იკავებდა. ვერც საქმით შველოდა და არც ლოცვით  გამოუდიოდა რამე. მეჰრნუშის ჩამოსვლაც გადაიდო. გამოცდა ჰქონდა. დედა  თეირანში მისი დაბრუნების წინააღმდეგი იყო. მამა ბილეთის ფულს არ აძლევდა.

მეჰრნუში არ ეშვებოდა. რეკავდა და რეკავდა: ,, ჩამოსვლა შეგიძლია და უნდა ჩამოხვიდე!“ უბრძანებდა და ელოდა, რომ ამირჰოსეინი დაემორჩილებოდა. ჩანდა, რამეს თუ მოისურვებდა, უკან არ იხევდა. ამირჰოსეინი მყიფე დაპირებებს იძლეოდა. მეჰრნუშის დაკარგვის წარმოდგენაც კი ზარავდა. უგუნებოდ იყო, ნირწამხდარი. სახლის მოწყობაც კი აღარ ახსოვდა. სახლს რა თავში იხლიდა მეჰრნუშის გარეშე? ბებიას იქ ყოფნა ფიქრებისა და ოცნებების ძაფს უწყვეტდა. ერთი-ორჯერ უყვირა და მერე ინანა. ხელები და სახე დაუკოცნა. ბოდიში მოუხადა და სახლიდან გავიდა. ამხანაგებთან ყოფნა უფრო ადვილი იყო. მეგობრებს მისი გასაჭირი ესმოდათ. ცუდ დღეში იყო. არც პასპორტი ჰქონდა, არც ვიზა და არც ფული. ოჯახში ერთადერთი ვაჟიშვილი იყო და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლო. ეგ იყო და ეგ. პასპორტის აღებაც შეეძლო, მაგრამ უფულოდ რა უნდა ექნა? ბილეთი როგორ უნდა ეყიდა? კარგი, ვთქვათ, ბილეთიც იყიდა, ვიზაც მიიღო. ხელცარიელი სად წავიდოდა? მეჰრნუშის შესანახი უნდა გამხდარიყო? გამორიცხულია. ყველაფრიდან გამოსავალი ფული იქნებოდა. ფული. ფული. ფული. ბებიას ხომ არაფერი გააჩნდა და ამირჰოსეინს  ეს ერთი სახლი ჰქონდა. ბებია ქმრის პენსიას იღებდა, რომელიც მხოლოდ ყოველდღიურ ხარჯებს სწვდებოდა. ხშირად იტყოდა ხოლმე, არ მშიაო და ქათმის ბარკალს ან ხორცის ნაჭერს შვილიშვილს გადაუდებდა, თვითონ კი შიმშილს პურით, ყველით და მოხარშული კარტოფილით იკმაყოფილებდა. უხაროდა, რომ საყვარელმა  შვილიშვილმა მადიანად მიირთვა.

შეყვარებული ყმაწვილი დადიოდა და თავის თავს ეკითხებოდა, რა ვქნაო. სასტუმრო ოთახის ხალიჩაც რომ გაეყიდა, ბილეთის ფულიც ძლივს შეუგროვდებოდა. ესესხა? ვისგან? მამამისი რომ არ დაღუპულიყო, დედამისი რომ არ დაღუპულიყო, ბიძამისი რომ არ დაღუპულიყო, ასეთ შავ დღეში არ ჩავარდებოდა. ბედისწერის მწარე გემოს გრძნობდა და ეს სიმწარე მის გაურყვნელ გულსა და სულს ეუფლებოდა. ყველასი შურდა, ვინც კი უცხოეთიდან ჩამოდიოდა ან უცხოეთში მიემგზავრებოდა. აეროპორტში მიდიოდა და ნაღვლიანად უყურებდა მგზავრებს. რა იქნებოდა, ისიც ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო?

მეგობრებმა სხვადასხვა გამოსავალი შესთავაზეს. შეიძლებოდა, ბებიას ქონება გაეყიდა. ამირჰოსეინმა თავი სევდიანად გადააქნია: ბებიას სულს იქით არაფერი ებადა.

მეგობრებმა უთხრეს, მეჰრნუშს ესესხეო. ისიც ხომ მასავით შეყვარებულია?

ამირჰოსეინი გაწითლდა. ანერვიულდა და გაბრაზდა. უპასუხა, მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე მისგან ფული ვისესხოო.

მეგობრები ჩაფიქრდნენ. ერთმა ადვილი გამოსავალი მოძებნა:

–  შენს ადგილას, აქაურ გოგოს ვიპოვიდი. აქვე რომ იქნებოდა. ეგ გოგო  ხომ სულ ათიოდეჯერ გყავს ნანახი. წესიერად არც იცნობ. ევროპაში გაზრდილი გოგოა. ერთმანეთისგან ისე განსხვავდებით, როგორც ცა და დედამიწა. შეეშვი, რა. თავს რისთვის იტკივებ?!

ამირჰოსეინმა უთხრა:

–  სისულელეს ნუ ამბობ. მე ეს გოგო მიყვარს, მასზე ვგიჟდები. არა, ვერ შევეშვები.

მეგობრებმა ვერ უსაშველეს. ქავეს წინადადებას არა უშავდა:

–  ბინა გაყიდე. ბებიაშენსაც აუღე ვიზა და ერთად წადით.

სხვებმაც უთხრეს, ეს საუკეთესო აზრიაო. ამირჰოსეინმა თავი გადააქნია და გაიფიქრა: ,,სისულელეა, განა ბებია დამთანხმდება, ამ სიბერეში საფრანგეთის გზას დაადგეს? დაავადმყოფდება და ერთ თვეში მოკვდება“.

მეგობრებს უთხრა, სულელური აზრიაო, მაგრამ სულელური აზრი გონებაში ჩარჩა.

ერთ თვესაც არ გაევლო, რომ კამბიზი იტალიაში გაემგზავრა. მამამისი იტალიის ელჩს იცნობდა და ვიზა გაუხერხა. კამბიზი გალიიდან გაფრინდა  და ახლა ამირჰოსეინის საფრანგეთში გამგზავრებას ელოდა. რომიდან დაურეკა, ერთი მეგობრის სახლიდან:

–  რას შვრები? ისევ თეირანში ხარ? გაინძერი.

ამირჰოსეინმა უთხრა:

–  არც ფული მაქვს და არც ბებიის დატოვება შემიძლია.

–  შენ არ ამბობდი, სახლი ჩემს სახელზე გააფორმაო?

–  სახლი რომ გავყიდო, ბებიას რა ვუყო?

–   რამდენი წლისაა? ბებიაშენზე გეკითხები. ჯანზეა თუ ცალი ფეხი სამარეში აქვს?

ამირჰოსეინს ისე გაუფუჭდა გუნება, რომ ყურმილი დაუკიდა. მეგობრების შეკითხვები და შემოთავაზებები გულს უხეთქდა. შიში იპყრობდა. არ უნდოდა გაგონება. ბებია ჩაიხუტა და მაგრად მიიკრა. გაიფიქრა: ,,გამორიცხულია, მივატოვო. იმ წვალების მერე, რაც ჩემთვის გამოიარა“. მოხითხითე ბებია კვლავ მაგრად ჩაიხუტა და ლოყაზე აკოცა.

…………………………………………………………………..

სიყვარული ნეტარებაც იყო და დარდი და მღელვარებაც. მით უფრო, შორ გზაზე სიყვარული. დაუსრულებლად ფიქრში იყო და წარმოსახვით მეტოქეზე ეჭვიანობდა. იქნებ მეჰრნუშმა სხვა იპოვა? მის სიტყვებს ქექავდა და აანალიზებდა და საყვედურის განცდა, როგორც განუწყვეტელი წვის შეგრძნება, შიგნიდან ჭამდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს პატარა ოთახში მომწყვდეულიყო და გასაქცევი გზა არსად ჩანდა. ბებიას წონა ას კილოიან ტვირთად ჩამოსწოლოდა მხრებზე და ვეღარ სუნთქავდა. მარტო რომ ყოფილიყო, ირანიდან გასაქცევ გზას იპოვიდა. სახლს გაყიდდა და სტამბოლის რეისზე ბილეთს იყიდდა. ვიზა არ დასჭირდებოდა. მეჰრნუშიც ჩამოვიდოდა. გარკვეულ ხანს სტამბოლში იქნებოდნენ, მერე იქვე იქორწინებდნენ და ისიც, როგორც მეჰრნუშის ქმარი, ვიზას აიღებდა და საფრანგეთში წავიდოდა. მაგრამ გზად ბებია  ეღობებოდა. მის ყოველ დანახვაზე ცეცხლი ედებოდა და სიბრაზისგან გული უჩქარდებოდა. ორი წუთის მერე სინანული იპყრობდა, დანაშაულს გრძნობდა და საკუთარი თავი სძულდა. მირბოდა, ბებიას ისევ და ისევ ხელებსა და ლოყებს უკოცნიდა და ეალერსებოდა. ბებია იცინოდა, თუმცა გულის სიღრმეში ღელავდა. შვილიშვილის ქცევა უცნაურზე უცნაურად ეჩვენებოდა. მის მოუსვენრობას ხედავდა და უძილობასაც ამჩნევდა.  შუაღამისას ეღვიძებოდა და ხედავდა, ამირჰოსეინის ოთახში სინათლე ენთო. საუზმობისას ქვეშ-ქვეშ გახედავდა და გული ეკუმშებოდა. ამირჰოსეინს თვალის უპეები ამოჰღამებოდა და სახეზე მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. ათას რამეს ფიქრობდა. ავადაა? ნარკოტიკებს მიეჩვია? კითხვას ვერ ბედავდა.

ერთ დღეს ლაპარაკი წამოიწყო:

–  რა მოგივიდა, ჩემო საყვარელო? შეგიძლია, ყველაფერი მითხრა. ასე რა გაწუხებს? ათი კილო მაინც დაიკელი. მე ხომ ვხვდები, ვხედავ. ბრმა ხომ არა ვარ. ვწუხვარ და ათას რამეს ვფიქრობ. რა მოხდა?

ამირჰოსეინმა მხრები აიჩეჩა:

–  არაფერი. არაფერი მომხდარა.

ბებიამ დაიჟინა:

–  აბა, ასეთი დარდიანი რატომ ხარ?

ამირჰოსეინს ტირილი მოაწვა, დაიბოღმა და ოთახიდან გავარდა.

……………………………………………………………

ორი დღის მერე მეჰრნუშმა დარეკა. წუხდა ამირჰოსეინის სიშორის გამო. ჩქარ-ჩქარა და ბევრი ილაპარაკა. ბოლოს კი მბრძანებლური ტონით უთხრა:

–  ერთადერთი გამოსავალი სახლის გაყიდვაა.

ამირჰოსეინმა უთხრა:

–  მოითმინე. ცოტა მაცალე. სახლი გავყიდო? რა გინდა? ახლახან გავხდი სახლის პატრონი. სიხარულისგან ფეხზე ვერ ვდგები.

მეჰრნუშს მბრძანებლური ტონი შეურბილდა, ტირილიც კი მოერია:

–  მესმის, საყვარელო. მე ხომ არ გეუბნები, დღეს ან ხვალ-მეთქი. რამდენიმე თვე დავიცადოთ.

ამირჰოსეინმა გაიფიქრა: ,,არც ხვალ, არც ზეგ, არც გაისად“. მაგრამ არ უნდოდა მეჰრნუშის ნათქვამზე მსჯელობა. პირველად იყო, რომ, სიყვარულის გარდა, სხვა რამეზე დაძრეს სიტყვა – სახლზე, ფულზე, ყიდვა-გაყიდვაზე. ცოტა ხნით ღრუბლებიდან ძირს დაეშვნენ და ფეხი მიწას დაადგეს.

მომდევნო დარეკვაზე უფრო სერიოზული საუბარი ჰქონდათ. ,,მიყვარხარ-მენატრები“-თ დაიწყო და ბებიამდე და სხვა პრობლემებამდე მივიდა. პრობლემა! ის, რაც აქამდე არ ჰქონდათ.

მეჰრნუშმა უთხრა:

–  მე არ შემიძლია თეირანში ჩამოსვლა. ჩამოსვლა და დარჩენა. ეს ფიქრი თავიდან ამოიგდე. აქამდე შეთანხმებულები ვიყავით, რომ შენ წამოხვიდოდი საზღვარგარეთ. შენ არ იყავი, ირანიდან გასაქცევად თავს რომ იკლავდი? ახლა ნანობ? სახლი ჩემზე ძვირფასი გახდა?

ამირჰოსეინმა არ იცოდა, რა ეპასუხა. დაიბნა. მეჰრნუში მართალი იყო, მაგრამ სახლის გაყიდვა ენანებოდა.

უთხრა:

–  სახლი შენია. შენ გეკუთვნის. ისევე, როგორც მე ერთიანად.

მეჰრნუში ჭკვიანი და საზრიანი იყო:

–  ჰოდა, თუ ჩემია, მე მინდა, გავყიდო და იმ ფულით აქ ჩამოგიყვანო. შენც ეს არ გინდოდა?

ამირჰოსეინს ბებია გაახსენდა და სათქმელი მძიმედ ამოუშვა პირიდან:

–  ბებიაჩემი? არ შემიძლია. ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებ.

მეჰრნუშმა უთხრა:

–  მესმის. ჩვენ რომ საფრანგეთში წამოსვლა გადავწყვიტეთ, არ ვიცოდით, ბაბუასთვის რა მოგვეხერხებინა. ჩვენ გარდა, არავინ ჰყავდა. მოხუცი იყო, ჩვენ ვერ გამოგვყვებოდა. თავშესაფარში დავტოვეთ. იძულებულები გავხდით. ცხოვრება შეიცვალა. რეალისტები უნდა ვიყოთ. საყვარელო, შენ შენს თავზე უნდა იფიქრო. შენს მომავალზე. ჩვენს მომავალზე.

ამირჰოსეინს გული ჩასწყდა. უთხრა:

–  გამორიცხულია. მირჩევნია, მოვკვდე. მე ირანელი ვარ. შენ ევროპელი გახდი.   ჩვენ მოხუცებულ მშობლებს თავშესაფარში არ ვტოვებთ. თან წამოვიყვან.

მეჰრნუში გაბრაზდა. ხმაზე შეეტყო:

–  გულით ნუ ფიქრობ. გონებით შეიყვარე, გონებით აირჩიე. გესმის? ევროპელი გახდი! ცივილიზებული, თანამედროვე!

ამირჰოსეინი გაჩუმდა. მეჰრნუშსაც აღარაფერი უთქვამს. სატელეფონო ბარათი დაუმთავრდა. სწორედ რომ დროზე. ის იყო, კამათს იწყებდნენ. ამირჰოსეინს ერჩია, ეფიქრა და გადაწყვეტილება მიეღო. ყურში მეჰრნუშის სიტყვები ჩაესმოდა: ,,ცივილიზებული იყავი, გონებით შეიყვარე“.

მეორე დღეს მეგობრების სანახავად წავიდა. მათი აზრის გაგება მოუნდა. მეგობრებმა უთხრეს:

–  ტვინი გაანძრიე. სახლი გაყიდე. ფული ყველაზე მთავარია. პრობლემების მოგვარების საშუალებაა. მეჰრნუშზე იქორწინე და შენგენის ვიზა აიღე. წადი და უკან აღარ მოიხედო. აქ ერთი საბანკო ანგარიში გახსენი. გრძელვადიანი ანაბარი. მაღალი პროცენტი  აქვს. რამდენიმე წელიწადში დაბრუნდი და ფული გაიტანე. მეჰრნუში მართალია, გონებით შეიყვარე.

……………………………………………………..

არა, ასე ადვილი არ იყო. ეს მხოლოდ სიტყვები იყო, ამირჰოსეინი კი თავის გულს ასკდებოდა. უძრავი ქონების ყოველ სააგენტოსთან ჩავლისას მუხლი  ეკვეთებოდა. წამით შედგებოდა და მერე სწრაფად ბრუნდებოდა მეორე მხარეს. მეჰრნუშის სიტყვებმა მწარე გემო დაუტოვა პირში. განა შეიძლება გონებით შეყვარება? თუ გონებას უნდა უსმინოს, მაშინ მეჰრნუშზე ხელი უნდა აიღოს.

ბებია შვილიშვილზე დარდობდა. იმამ რეზას შეევედრა და შველა შესთხოვა. ღამით ოქროს გუმბათი დაესიზმრა. რომ გაიღვიძა, ერთი სული ჰქონდა, მეშჰედში[7] წასულიყო. თავშალი მოიხვია, ქუდი დაიხურა, ტაქსი გააჩერა და ტურისტულ ბიუროს მიაშურა. მეშჰედში თვითმფრინავით სამდღიანი ტური ელოდა.

ამირჰოსეინი ამ ასაკის ქალის  ნებამ და გადაწყვეტილებამ გააოცა. ბებიას ცხელი ხელი დაუჭირა:

–  სად მიდიხარ მარტო? როდის დაბრუნდები?

ბებიას ფრთა შესხმოდა. სახე ამირჰოსეინის ხელს მიაყრდნო. მღელვარებისგან ლოყები ასწითლებოდა. უთხრა:

–  გენაცვალე, ჩემო ბიჭო, თავს გაუფრთხილდი. მივდივარ, რომ შენთვის ვილოცო.

ბებიას წასვლით სახლი უცბად დაცარიელდა. კარგი სიცარიელე და სიჩუმე იყო. ტელეფონის ბარათი იყიდა და მეჰრნუშს დაურეკა. მშვიდად იყო, რადგან მის ლაპარაკს ბებია ვერ გაიგონებდა. ჩასძახა:

–  მომენატრე, მოვკვდი უშენოდ. მელოდე!

მეჰრნუშის სიტყვები იგივე იყო, რაც წინა ჯერზე. ახალი ბრძანების დართვით:

–  თავშესაფარში შეიარე. ნახავ, რომ  შენს მდგომარეობაში ჩავარდნილი ბევრი ადამიანი ტოვებს იქ თავის დედ-მამას. ბაბუაჩემიც ასეთ თავშესაფარშია. ძალიან კარგადაც არის. თავისი ასაკის ადამიანებთანაა. კალმისტარი და ქაღალდი გაქვს? ჩაიწერე. ზუსტი მისამართია. ჩაწერე.

ამირჰოსეინმა დაბანგულივით ამოიღო ჯიბიდან კალმისტარი  და ტელეფონის მაგიდაზე სატელეფონო წიგნაკი გადაშალა. ხელი უკანკალებდა, თავშესაფრის მისამართს რომ წერდა. გაიფიქრა: ,,მომვლელს ავუყვან. პატარა ბინას ვუქირავებ. ანგარიშზე ფულს დავურიცხავ, რომ რიგიანად იცხოვროს“.

მეჰრნუშის ხმა აქეთ-იქით აჯანჯღარებდა:

–  უძრავი ქონების სააგენტოში წადი. უთხარი, რომ გეჩქარება და სახლს პირველსავე მუშტარს მიჰყიდი. გაინძერი. სანამ ბებიაშენი ჩამოსულა, საქმე დაამთავრე.

ამირჰოსეინს საკუთარი ნება არ გააჩნდა. ყველაფერი, რაც მეჰრნუშმა უკარნახა, მექანიკურ ტიკინასავით შეასრულა. ქონების სააგენტოში მივიდა, აგენტი წამოიყვანა და ბინა აჩვენა. აგენტმა ბინის ფასი ჰკითხა. ამირჰოსეინმა უპასუხა:

–  რასაც თქვენ იტყვით.

არ იცოდა, რას ლაპარაკობდა, საკუთარ თავს ვერ ცნობდა, მის საქმეს ვიღაც სხვა წყვეტდა. მეჰრნუშის უჩინარი ხელები მხრებში ჩაჰფრენოდა და უცნობი ხვედრისკენ ეწეოდა.

სახლში დაბრუნდა. მიმოიხედა. ბებიას ოთახის გამოღებულ კარს შეხედა, წითელ დივანს – სასტუმრო ოთახის სიამაყეს, სურათებს კედლებზე. ამ ყველაფერზე ხელი უნდა აეღო. თავის თავს ჰკითხა: ,,მერედა, შეიძლება?“ ყურში ხმამ ჩაიშრიალა: ,,როგორ არა, შეიძლება. ყველაფერი შეიძლება. სიკვდილზე ძნელი ხომ არაა“.

იმ ღამით ოფლში გაღვრილს გამოეღვიძა. თავს ჰკითხა: ,,რა ვქნა, დავრჩე თუ წავიდე? უნდა გადავწყვიტო. უნდა ავირჩიო“.

როგორ? ბებია უყვარდა. მეჰრნუში უყვარდა. ახალი სახლი უყვარდა. თავისი ქალაქი და ქვეყანა უყვარდა. ორ ნაწილად დაშლილიყო და ამ ორი ნაწილის შეერთებას ვერ ახერხებდა.

………………………………………………………………………

ორი დღის მერე, მეშჰედიდან ბებიას ჩამოსვლის წინა დღეს, ბინის სანახავად აგენტთან ერთად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოვიდა. ამირჰოსეინი ნატრობდა, რომ ბინა არ მოსწონებოდათ. მაგრამ (საბედნიეროდ თუ საუბედუროდ) კლიენტებს ბინა მოეწონათ. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს სააგენტოში მივიდოდნენ და სახლზე გარიგების დოკუმენტს შეადგენდნენ. ამის შემდეგ ამირჰოსეინს ორი თვე მიეცემოდა, რომ საქმეები მოეგვარებინა.

………………………………………………………………………

ბებია მეშჰედიდან კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდა. ამირჰოსეინი ჩაიხუტა და ცრემლად დაიღვარა.

–  მადლობელი ვარ ღმერთის, შენ რომ მყავხარ. ძალიან მომენატრე.

ამირჰოსეინს სახლის საბოლოო გაყიდვამდე ორი თვე ჰქონდა და მთელი ორი თვე ბებიას ჩასჩიჩინებდა, ეს სახლი ძალიან დიდია. თანაც, მეც ფული მჭირდებაო.

–  გადავწყვიტეთ, სამნი შევამხანაგდეთ და ფირმა ჩამოვაყალიბოთ. შენი თანხმობით, ამ სახლს თუ გავყიდით და უფრო პატარას ვიყიდით, ხელ-ფეხი გამეხსნება.

ერთმა ტყუილმა სხვა ტყუილებს მისცა გზა. აქამდე ბებიასთვის ტყუილი არ ეთქვა. ძალიან გაუძნელდა. მომდევნო ტყუილების თქმა  უფრო ადვილი გამოდგა, შემდეგ კი ჩვევად ექცა. სურათები მეგობრებს აჩუქა, წითელი დივანი კი გასაყიდად წაიღო. ბებიას უთხრა, რომ ამ ფერებმა და ნივთებმა გადაღალა და სადა და ხალვათი ბინა უნდა.

ბებიამ იკითხა:

–  ისევ გადაბარგება?

და ამირჰოსეინი გაჩუმდა.

ორი დღის მერე ბებიამ ისევ ჰკითხა, სად გადავდივართო, ამირჰოსეინს კი პასუხი არ ჰქონდა. ერთი წამით ისიც იფიქრა, ბებიასთვის სიმართლე ეთქვა. უაზროდ აბურტყუნდა. არ იცოდა, როგორ უნდა ეღიარებინა, რომ ბინა მასთან შეთანხმების გარეშე გაყიდა. პირი გააღო და ისევ მოკუმა. ვერ გაბედა.

…………………………………………………………….

ორი თვის შემდეგ სახლის გაყიდვის სანოტარო საქმეები დასრულდა და ამირჰოსეინის ჯიბეში უზარმაზარი თანხის ქვითარი გაჩნდა. ქვითარი, რომელიც მისთვის სახლის საბუთზე უფრო ძვირფასი იყო. ახლა სახლი აღარ გააჩნდა, მაგრამ ეროვნულ ბანკში დიდი ანგარიში ჰქონდა, რომელიც მას ბანკის მმართველის გვერდით დაჯდომის ნებას რთავდა და იქაური მოხელეების პატივისცემას უმკვიდრებდა.

გზად სახლში შებრუნდა, ბებიას დიდი თაიგული უყიდა და გაიფიქრა:

–  არა, მოხუცთა თავშესაფარში არ მივაბარებ. გამორიცხულია. სადაც წავალ, თან წავიყვან. იმდენი ფული კი მაქვს, რომ ერთი ოთახი ვუქირავო. ოღონდ არ ვიცი, ვიზა როგორ ავუღო.

მეგობრები კვლავ შეიკრიბნენ, წვეულება გაუმართეს. მის ხარჯზე საჭმელი დაუკვეთეს და უთხრეს, რომ ბებიამ თავისი წილი უკვე იცხოვრა. შენ შენს თავს უნდა მიხედოო.

–  თქვენ ჩემს ადგილას რას იზამდით?

ყველამ თავისი თქვა. ორი კაცის გარდა, ყველა ამბობდა, მოხუცი მშობლები ღმერთს უნდა მიანდო და შენს გზას ეწიოო.

იმ ორიდან ერთმა ასე თქვა:

–  ცოდოა საწყალი. აქვე ერთი ოთახი უქირავე. მოხუცი მომვლელი აუყვანე და ისე წადი.

მეორემ უთხრა:

–  მოხუცთა თავშესაფარში დატოვე. ყველაფერზე უფრო სანდოა.

ამირჰოსეინი სახლში მიბრუნდა, მეჰრნუშის მიცემული მისამართი ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გავიდა. დიდხანს იარა. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. გაიფიქრა: ,,მხოლოდ მივალ და ვნახავ, ისიც იმიტომ, რომ მეჰრნუშს დავპირდი. წამით მივალ და მაშინვე გამოვბრუნდები“.

თავშესაფრის კარი ღია იყო. ვიღაც კაცი დერეფნის იატაკს და კედლებს შლანგით რეცხავდა. შარდის მძაფრი სუნი იდგა. დერეფანი ეზოში გადიოდა. ამირჰოსეინმა მინაში გაიხედა. მოხუცებული ქალები და კაცები – ზოგი ინვალიდის სავარძელში, ზოგი კი – ძელსკამებზე – მწკრივად, დაღლილი ქათმებივით თვლემდნენ.

ექთანი ქალი ამირჰოსეინისკენ წამოვიდა:

–                                                    ვისთან ბრძანდებით? მოსანახულებლად ხართ?

ამირჰოსეინს კრიჭა შეჰკვროდა, ხმას ძლივს იღებდა:

–                                                    შეიძლება, ოთახები ვნახო?

ექთანმა უთხრა:

–                                                    რა თქმა უნდა. აქეთ მობრძანდით.

და ამირჰოსეინს შეხედა. ასეთივე  ფერწასული ახალგაზრდა ბევრი ენახა.

–                                                    დედისთვის ეძებთ ადგილს?

–                                                    ბებიისთვის.

ქალმა ალერსით გამოხედა. ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო.

–  მესმის, გეძნელებათ. მართალიც ხართ. თქვენსავით ბევრი მოდის ჩვენთან. ოჯახებმა არ იციან, მოხუცებს რა უყონ. არავინ ჰყავთ, ვინც მათზე იზრუნებს. ნუ იღელვებთ. ბებიათქვენი აქ კარგად იქნება. პირველად გაუჭირდება, მერე კი შეეჩვევა.

ამირჰოსეინი სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა. ოთახში შევიდა და კარი შეიკეტა. გული აერია და ძველ ხალიჩაზე აღებინა. საწოლზე დაეცა და გონება დაკარგა.

ბებიამ კარსუკან იკითხა:

–  შვილიკო, ცუდად ხომ არ ხარ?

ამირჰოსეინმა არ უპასუხა. ბებია დაიხარა, გასაღების ჭუჭრუტანაში შეიხედა. სინათლე ჩამქრალი იყო. იქვე ჩამოჯდა, კარებთან, და ჩათვლიმა. ჩაეძინა. თენდებოდა, როცა ამირჰოსეინის ხმამ გააღვიძა. ყური მიუგდო.

–  სახლი გავყიდე. მყიდველს ერთი კვირის ვადა ვთხოვე. დღეს ,,ირან ეირ“-ში მივდივარ, სტამბოლის ბილეთი უნდა დავჯავშნო. ალო, მეჰრნუშ, გესმის? ხმა წყდება… ახლა ისმის. დაამთავრე საქმეები და შენც ჩამოდი. მოხუცთა თავშესაფარშიც ვიყავი. ორ მეგობარს ვთხოვ, მოვიდნენ და ბებია წაიყვანონ. მე თვითონ ამას ვერ ვიზამ, მოვკვდები. ასე არ გამიჭირდებოდა, ბებია რომ მომკვდარიყო. თურქეთში საქმეს რომ ავაწყობ, ჩამოვალ და მის საქმეებს მივხედავ.  თავშესაფარში არ გამოვალპობ. სევდიანი ადგილი იყო. შარდის და ანტიბიოტიკების სუნი იდგა. დაავადმყოფდება… დამელოდე. შენი სიყვარული  მაძლევს ძალას.

…………………………………………………………

ამირჰოსეინი დილას ადრე ადგა და სწრაფად ჩაიცვა. ნახა, რომ ბებიას თავის ლოგინში ეძინა. კარი უხმაუროდ გააღო და გავიდა. სანამ ინანებს, საქმეები მანამ უნდა დაამთავროს. პირდაპირ სახალხო ბანკს მიაშურა. მიმდინარე ანგარიში ამ ბანკში ჰქონდა. ცოტაოდენი ფული აიღო და დანარჩენი ერთწლიან ანაბარზე დადო. თავისთვის გადაეწყვიტა, რომ გაისად ჩამოვიდოდა და ბებიას საფრანგეთში წაიყვანდა. ბანკიდან გამოვიდა, ტაქსი გააჩერა და ,,ირან ეირ“-ის ოფისში წავიდა. ერთი საათი გავიდა, სანამ რიგი მოუწევდა.

სტამბოლისკენ პირველი რეისი მეორე დილას იყო, დილის შვიდ საათზე. სამი საათით ადრე აეროპორტში უნდა იყოს. ბილეთი აიღო და იგრძნო, რომ ნახევარი გზა გავლილი აქვს. მოუნდა, იმწამსვე დაერეკა მეჰრნუშისთვის და შეეტყობინებინა, რომ უკვე მოდის. სახლში დაბრუნდა და, იმის შიშით, რომ ბებიას შეეფეთებოდა, ფეხაკრეფით შევიდა თავის ოთახში. კარი ჩაკეტა.  ლოგინზე დაეცა და ჩაეძინა. გაღვიძების და ბებიას  დანახვის ეშინოდა. ასევე, სარკეში საკუთარი თავის დანახვის. უცხო თავისი თავის. დარწმუნებული იყო, შიშმა და ტყუილმა სახე შეუცვალა.

საღამო იყო, რომ გაიღვიძა და სახლიდან გავარდა. ტაქსი გააჩერა და პირდაპირ მანუჩეჰრის გამზირზე წავიდა. იქ სამგზავრო ჩანთები და ჩემოდნები ელოდნენ. ორი მსუბუქი ხელჩანთა შეარჩია. გამყიდველი ქვეშ-ქვეშ უყურებდა. ამირჰოსეინის მიცემული ბანკნოტები გადათვალა. ჰკითხა:

–  ცუდად ხომ არა ხართ, ბატონო?

………………………………………………………..

ცოცხალ-მკვდარი ამირჰოსეინი სახლში მივიდა. საღამოს რვა საათი იყო. კარი ფრთხილად გააღო და თავის ოთახში უხმაუროდ შევიდა. კარი შიგნიდან გასაღებით ჩაკეტა და საჭირო ტანსაცმელი და საცვლები ჩქარ-ჩქარა  ჩატენა ჩანთებში. არ იცოდა, რა წაეღო. იმ ფეხსაცმლის ცალს, რომელიც უნდოდა, ვერ პოულობდა. პერანგების უმრავლესობა გაურეცხავი იყო. ხელი უკანკალებდა. ყური ცქვიტა. წამით მოეჩვენა, რომ ბებია კართან იდგა. კარი ღრიჭოდ გამოაღო. არავინ იყო. იშვიათად მომხდარა, რომ ბებიას მის უნახავად ევახშმა და დაწოლილიყო. იქნებ ცუდად იყო? ბებიას ავადმყოფობაზე ფიქრმა მუხლი მოჰკვეთა. მობილურმა დარეკა. მეჰრნუში იყო. უთხრა:

–  ყველაფერი დავამთავრე. ხვალ ხუთ საათზე შარლ დე გოლის აეროპორტიდან მოვფრინავ. საღამოს ცხრის ნახევარზე სტამბოლში ვიქნები. სასტუმრო ,,თაქსიმში“ შენს სახელზე ნომერი დავჯავშნე. როგორც კი ჩახვალ, აეროპორტიდან პირდაპირ თაქსიმის მოედანზე მიდი. არ დაგავიწყდეს. გელოდები.

………………………………………………………………….

ამირჰოსეინის თავში  ფიქრები  უწესრიგოდ დაბორიალებდნენ, მყარ ადგილს ვერ პოულობდნენ. რამდენჯერმე ბებიას ოთახთან აიარ-ჩაიარა.  მიაყურადა. შესვლა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა. ეშინოდა, ავად არ ყოფილიყო. არ უნდოდა,  სცოდნოდა. ყველა გეგმა წყალში ჩაეყრებოდა. ყოველ ათ წუთში კედლის საათს უყურებდა. დრო გაჩერებულიყო. დილის ოთხ საათზე აეროპორტში უნდა ყოფილიყო. უკვე ნაშუაღამევის ორი საათი იყო. ,,თეირანის ტაქსი“-ში დარეკა და სთხოვა, სამი საათისთვის მისთვის მანქანა გამოეგზავნათ. ქაღალდები და საბუთები კიდევ ერთხელ შეამოწმა. ყველაფერი ადგილზე იყო. იცდიდა. გული უშფოთავდა და პირი უშრებოდა. გაიფიქრა: ,,სტამბოლში ჩასვლისთანავე დავრეკავ მოხუცთა თავშესაფარში და ყველაფერს ავუხსნი“.

ოთახში შევიდა და ქავეს დაურეკა. რამდენადაც შეიძლებოდა, დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა. ქავეს ეღვიძა. ჰკითხა:

–  სადა ხარ? წახვედი აეროპორტში? ბებიაშენს ღვიძავს? იმედია, ვერაფერს მიხვდა.

ამირჰოსეინმა უთხრა:

–  არა, ვერ მიხვდა. სძინავს. არ დაგავიწყდეს, რომ მოაკითხო და თავშესაფარში წაიყვანო. ავეჯი და ნივთები ახალ მოსახლეებს დავუტოვე, მაგრამ, შენ  თუ   გინდა რამე, წაიღე. უნდა წავიდე. აბა, შენი იმედი მაქვს. დაგირეკავ.

ოთახიდან გამოვიდა. ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა: ,,ბებიკო, მაპატიე. მიყვარხარ“.

აქამდე, ამ ეტაპამდე, თითქოს ყველაფერი სიზმარში თუ წარმოსახვაში ხდებოდა. მაგრამ ამ რამდენიმე სიტყვის დაწერა რეალურ საბუთზე  ხელმოწერასავით აღმოჩნდა, იმ გზის ტკივილიანი აღიარების საბუთზე, რომელიც აერჩია. ამ წამიდან სხვა ვინმე იყო და საკუთარ  თავს აღარ იცნობდა. მთელი სხეული უცახცახებდა. გულ-მუცელიც კი. ბებია თავის წამლებს დერეფანში,  კომოდის ზედა უჯრაში ინახავდა.  ამირჰოსეინი მის წამლებს ცნობდა. ვალიუმის აბების ფლაკონი მოძებნა, ხუთ მილიგრამიანი ვალიუმი. ერთი აბი პირში ჩაიდო და ჩაყლაპა. მოიცადა, სანამ გულისცემა ჩაუცხრებოდა და მერე ბებიას ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. საშინლად ეტირებოდა. უნდოდა, წასვლამდე ერთხელ კიდევ ენახა. ქუჩის ლამპიონის შუქი ბებიას ბალიშს ეცემოდა. საწოლი ცარიელი   და ხელუხლებელი იყო. ამირჰოსეინმა საპირფარეშოს კარზე მიაკაკუნა:

–  ბებია, აქა ხარ?

ცოტა დაიცადა და ისევ იკითხა:

–  ბებიკო, შენა ხარ?

და კარი შეაღო. საპირფარეშო ცარიელი იყო. სამზარეულოსა და საკუჭნაოში შეიხედა. შეწუხდა. მთელი ბინა გააჩახჩახა. ბებიას დაუძახა. არავინ უპასუხა. ბებია თავის ისლამურ ლაბადას და თავსაფარს დერეფანში, საკიდზე, კიდებდა. მათი კვალიც გამქრალიყო. არც ფეხსაცმელი ჩანდა. ამირჰოსეინმა იგრძნო, რომ მთელი სამყარო მის გარშემო დატრიალდა. არ იცოდა, ვისთვის ეკითხა. დრო ცოტა ჰქონდა. კიდევ ერთხელ ჩამოიარა ოთახები. ყველაფერი ადგილზე იყო, გარდა დედასა და ბიძია ჰუშანგის სურათებისა, რომლებიც  ბებიას მუდამ საწოლთან,  მაგიდაზე, ედო.

სასტუმრო ოთახის ფანჯარა გააღო. გარეთ გაიხედა. ქუჩის მეორე მხარეს ყვითელი ტაქსი ელოდა. ამირჰოსეინს ტვინი ისე დაბინდვოდა, გასვლისას კარის ჩარჩოს შუბლით შეასკდა და თვალთ დაუბნელდა. ჩანთები აიღო და კიბეებზე დაეშვა. მძღოლი გადმოვიდა, უკანა კარი გააღო. დაინახა, რომ მგზავრს ჩანთები მაგრად ჩაებღუჯა. რამდენიმე წუთი გავიდა. მძღოლი ელოდა, არ იძვროდა. ჰკითხა:

–  არ მობრძანდებით?

ამირჰოსეინმა უაზროდ შეხედა. თითქოს არ ესმოდა, ან სიზმარში იყო.

მძღოლი ისევ ელოდა. ჰკითხა:

–  რამე დაგრჩათ?

ამირჰოსეინი მიბრუნდა, თავი ასწია და თავისი ბინის ჩამქრალ სინათლეს ახედა. შემდეგ ქუჩის სიღრმეს მიაშტერდა. შორს თეთრი მანქანა გამოჩნდა. ამირჰოსეინმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ჩანთები ძირს დააწყო და ფართოდ გაიღიმა. თეთრმა მანქანამ წინ ჩაუარა და მისი ბედნიერი ღიმილი თან გაიყოლა. უქმად მდგარმა მძღოლმა საათს დახედა. ამირჰოსეინის უცნაური ქცევა და დუმილი აღიზიანებდა. ფეხი მოინაცვლა. საეჭვო მგზავრს ბრაზით გახედა და უთხრა:

–  სამს თხუთმეტი წუთი გადასცილდა. ვშიშობ, ვეღარ მიუსწრებთ.

ამირჰოსეინი დაბანგულივით უყურებდა.

რამდენიმე გრძელმა წუთმა ასე გაიარა. მერე სწრაფად გამოაღო სახლის კარი და შევიდა. თავისთვის თქვა: ,,მამასხარავებს. აქ არის, სახლშია“. სად? შეიძლება, ფარდის უკან. იქნებ – ზეწრის ქვეშ? იქნებ… პირი ფართო მთქნარებამ ჩაუყლაპა და თვალები ცრემლით აუვსო. თვალები დახუჭა. არ უნდა დაელია დამამშვიდებელი აბები. არ იყო ნაჩვევი. ძილმა დაბანგა.

შესძახა:

–  სად ბრძანდები, ქალბატონო? მიპასუხე!

ბებიას ოთახში შევიდა და, დაკარგული ბავშვივით, საწოლის გადასაფარებელი შიშით გადასწია. არა, ზეწრის ქვეშ და თავის ჩვეულ ადგილას არ იყო. სახე მის ბალიშში ჩარგო. ბებიას თმის სურნელში შეზელილი ღრმა ძილი ჯადოსნურ ხალიჩასავით შეუსრიალდა სხეულქვეშ და ცის შორეთში გაფანტული გალაქტიკების სამზერად გაიტაცა. ბებია ნახა – სალოცავი ნოხი თეთრ ღრუბელზე დაეგო და გარეცხილი ტანსაცმელი ნამგალა მთვარეზე გადაეფინა… და თვალცრემლიანი მეჰრნუში. ჰაერში დალივლივებდა და მას ეძახდა…

**************************************************************************************************

დღის სინათლე დაჰფენოდა კედლებსა და ბებიას საწოლს. ამირჰოსეინმა სახეზე მზის სითბო იგრძნო და გაეღვიძა. თვალები გაახილა. უცბად ვერ მიხვდა, სად იყო. ბებიას  და საუზმის სუნს ელოდა. გარედან ლაპარაკი ისმოდა. მის ფანჯრებთან რაღაც ხდებოდა. ამირჰოსეინი წამოხტა, ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა. შენობის წინ თეთრი საბარგო მანქანა იდგა, სახლის ავეჯით სავსე. ორი კაცი მაგიდის კიდეებს ჩასჭიდებოდა. მოშორებით ახალგაზრდა ქალი იდგა. დაიძახა:

–  ფრთხილად, არ ჩამოვარდეს!

ქუჩის მეორე მხარეს გაჩერებული თეთრი მანქანიდან გამხდარი კაცი გადმოვიდა. საბარგული გააღო და მუშებს გასძახა:

–  ერთ-ერთი აქ მოდით, ხალიჩების ამოღებაში დამეხმარეთ.

სახლის ახალი პატრონები მოსულიყვნენ.


[1] მოჰრი – თიხის ფირფიტა, რომელსაც მუსლიმები, ნამაზის შესრულებისას, შუბლით ეხებიან.

[2] დარბანდი – უბანი თეირანის უკიდურეს ჩრდილოეთში, რომელიც ცნობილია პრესტიჟული და პოპულარული რესტორნებით.

[3] ირანული მზის წ.აღ. 1374 წ. – 1996 წელი.

[4]  ყორმესაბზი – ირანული კერძი.

 [5]  ნაიების საქაბაბე – ყაჯარების პერიოდიდან არსებული საქაბაბე თეირანის დიდ ბაზარში, რომელიც დღემდე მოქმედია და ცნობილ საქაბაბედ მიიჩნევა.

[6] ფარჰადი – ნიზამი განჯელის (მე-13 ს.) პოემის ,,ხოსროვი და შირინი“ პერსონაჟი.

[7]  მეშჰედი – სიდიდით ირანის მეორე ქალაქი. წმინდა ქალაქი, რომლის ოქროსგუმბათიან მეჩეთში იმამ რეზას აკლდამა მდებარეობს. ამ აკლდამის მოსალოცად შიიტი მუსლიმები ირანში სხვა ქვეყნებიდანაც ჩადიან.

© არილი

Facebook Comments Box