ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ელიოტი და ჰიაცინტის გოგონა

The New York Times

ცოტა ხნის წინ გამოიცა ლინდალ გორდონის წიგნი „ჰიაცინტის გოგონა“, რომელიც ამჟღავნებს ტომას სტერნზ ელიოტის გრძნობებსა და ფიქრებს, რომლებიც მისი შემოქმედებისა თუ ცხოვრების ზედაპირის ქვეშ იმალებოდა.

ეს უკვე გორდონის მეოთხე წიგნია ელიოტზე – სამი ბიოგრაფიული კვლევის შემდეგ – რომელიც ეყრდნობა წერილების კოლექციას, პოეტმა ემილი ჰეილს რომ მისწერა. ემილი ამერიკელი მსახიობი და დრამის მასწავლებელი იყო, რომელთანაც მას ხანგრძლივი, ვნებიანი და ეპისტოლარული ურთიერთობა აკავშირებდა. ელიოტი ჰეილს ბოსტონში შეხვდა, როდესაც ორივენი თინეიჯერები იყვნენ და ემილი მისი „ჰიაცინტის გოგონა“ გახდა, ისევე როგორც მისი „სიჩუმის ქალბატონი“. ერთხელ ელიოტმა ჰეილს მისწერა, რომ თუკი წერილებში მისი პერსონალური აღიარებები არ იქნებოდა შემონახული, მისი ცხოვრება და შემოქმედება სამუდამოდ გაუგებარი დარჩებოდა.

ჰარვარდში სწავლისას ელიოტმა ჰეილს თავისი გრძნობები გაუმჟღავნა, თუმცა ცოლობა არ უთხოვია. მერე ინგლისში გადავიდა, რათა ოქსფორდში ესწავლა და ჰეილიც და გარშემომყოფებიც გააოცა ვივიენ ჰეი-ვუდზე დაქორწინებით.

ვივიენ ჰეი-ვუდი

მათი ქორწინება უჩვეულოდ მტანჯველი გამოდგა: ერთმანეთს ჩამოშორდნენ და განცალკევებით ცხოვრობდნენ 1938 წლამდე, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვივიენი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოჯახური ცხოვრების გაუარესებასთან ერთად ჰეილი ელიოტის მუზად და საყრდენად იქცა. იგი წერდა: „ჩემი შენდამი სიყვარული უფრო და უფრო მშვენიერი ხდება. მე ყოველთვის დავწერ შენთვის, პირველ ყოვლისა“.

წლების მანძილზე, როცა ერთმანეთს სწერდნენ, ელიოტს ერჩივნა, ფიზიკური დისტანცია შეენარჩუნებინა მასთან, როგორც იდეალთან. სიტყვებში, წარმოსახვასა და მოგონებებში უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, ვიდრე ცხოვრებაში. ერთი თვალსაზრისით, მას ძლიერი რომანტიკული სურათის შექმნა სურდა, ამაღლებული, იდეალიზებული სიტყვებით თამაში და არა თავისთავად ქალის არსებობა, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ელიოტი იმასაც წერდა, ქორწინებაში ყოველი მომენტი ახალი პრობლემააო.

ემილი ჰეილი

შესაძლებელია, დავფიქრდეთ, რამდენად დიდი ტვირთი შეიძლებოდა ყოფილიყო ჰეილისთვის მისი ასეთი დამოკიდებულება და რამდენად იმედგამაცრუებელი, რომ მათი ტრანსცენდენტური სიყვარული ძლივს უკავშირდებოდა ფიზიკურ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი მოქნილობითა და კეთილი ნებით საკუთარი თავი მთლიანად შეუსაბამა ელიოტის ფანტაზიებს, მხურვალე გრძნობებსა და საჭიროებებს, ემილიმ ამ მიჯაჭვულობის „არანორმალური“ მდგომარეობაც შენიშნა.

ემილი ჰეილისთვის მიწერილი წერილი

ელიოტმა ემილის წერილების უმრავლესობა გაანადგურა, მათგან მხოლოდ 26 გადარჩა და ისინიც გვარწმუნებენ მის სიმამაცეს, ინტელექტსა და გრძნობების სიღრმეში.

ელიოტის წერილებში კი ჩანს, რომ იგი სამართლიანად განსჯიდა ქალებისთვის მასთან ურთიერთობის სირთულეს. „ვიცი, რომ ძალიან უცნაური ქმნილება ვარ. ჩემგან არასოდეს უნდა ელოდო, რომ სხვა ადამიანებს დავემსგავსები“ – წერს ემილის და დასძენს, რომ საკუთარ თავს სისხლისმსმელად აღიქვამს.

1947 წელს, როცა ვივიენის სიკვდილმა საბოლოოდ გაათავისუფლა და ჰეილზე დაქორწინება შეეძლო, ელიოტმა ასე მოქცევა არ ისურვა. თავის კაც მეგობართან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და ჰეილს უთხრა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნებოდა.

მკითხველს სწყურია დაპირისპირებისა და ბრწყინვალე საბრალდებულო ოქმის ნახვა, რომელიც, ვაი, რომ არ დაწერილა. როგორც ჩანს, ჰეილმა თავისი ტკივილი სწრაფად დაძლია და ელიოტის გაგება მოახერხა. მიუხედავად ამისა, წერილები პრინსტონის უნივერსიტეტს გადასცა მათი რთული ურთიერთობის დადასტურების ნიშნად.

მერი ტრეველიანთან, თავგადასავლებით აღსავსე აქტივისტთან, რომელმაც მთელი კარიერა ბრიტანეთში უცხოელი სტუდენტების დახმარებას მიუძღვნა, ორაზროვანი  ურთიერთობის შემდეგ ელიოტს, საბოლოოდ, ვალერი ფლეტჩერი შეუყვარდა, რომელიც მისი მეორე ცოლი გახდა. ვალერი ერთგული მდივანი იყო და ელიოტზე დაახლოებით 40 წლით უფრო ახალგაზრდა. ამასთანავე, ნაკლებად საშიში და დამოუკიდებელი იმ სამ ქალთან შედარებით, რომლებსაც გორდონი მრავალფეროვნად ახასიათებს წიგნში.

ელიოტი თავის მეორე ცოლთან, ვალერისთან ერთად

ჰეილის წერილების კოლექციის საბოლოო გამოქვეყნების შემდეგ დაწერილ წერილში ელიოტი გულწრფელად აყალიბებს, როგორ შეასხა ხორცი ვალერიმ ქალის მოძველებულ და ოდიოზურ იდეალს: ქალი, რომელსაც არ აქვს საკუთარი პრობლემები და არ აქვს ამბიციები, გარდა იმისა, რაც საერთოა.

წიგნში „ჰიაცინტის გოგონა“ გორდონი ავლენს ღრმა პატივისცემას და დიდ ინტერესს ელიოტის ტექსტებისადმი, ამასთან ერთად, ქმნის მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და აცოცხლებს ჰეილის შეხედულებებს. ჰეილი ეწინააღმდეგება ელიოტის იოლად და ზედაპირულად განსჯას, თუმცა არ ყოყმანობს, როცა მის ზოგიერთ უსიამოვნო და შემაშფოთებელ საქციელს ააშკარავებს. ამ რომანტიკული ურთიერთობის თხრობისას ის აღწერს ელიოტის მანიპულაციებს, მის ეგოიზმს (რასაც ელიოტის „ბოროტებად“ მოიხსენიებს), თუმცა არ ივიწყებს, რომ ელიოტსა და მის ტექსტებს უნდა გაუგოს.

ერთ-ერთი მთავარი დამალული საფრთხე ამ ჟანრის წიგნებისა (რომლებიც ცნობილი მამაკაცი ავტორების ცოლებს, მუზებსა თუ ქალებს ეძღვნებათ) ისაა, რომ ბიოგრაფი ხშირად უგულებელყოფს ავტორის შემოქმედებას, რათა უფრო სკანდალურ, გაუმჟღავნებელ ფაქტებზე წეროს. გორდონი კი როგორღაც ახერხებს, რომ ელიოტის პოეზია და პროზა წიგნის ცენტრში დარჩეს.

მცირე ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ წიგნში ნაკლებია პირდაპირი ციტატები ელიოტის წერილებიდან. გორდონი ხშირად მიმართავს პერიფრაზს ან აღწერს მათ, რაც ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არაა.

საბოლოო ჯამში, გორდონი მკითხველს აძლევს საშუალებას, ელიოტის კონფლიქტები და წინააღმდეგობები აღმოაჩინოს, რათა მკითხველმა უფრო დააფასოს მისი პოეზია ჩახლართული ემოციური ცხოვრების კონტექსტში.

ელიოტი და ემილი ჰეილი, 1946

© არილი

Facebook Comments Box