გრაცია დელედა, რომელსაც ხშირად მიაკუთვნებენ ვერისტი მწერლების უმცროს თაობას, 1871 წელს დაიბადა სარდინიის ქალაქ ნუოროში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მისი სამწერლო დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა, როდესაც მან ერთ მოდურ ჟურნალში გამოაქვეყნა თავისი მოთხრობები. კულტურულად ჩაკეტილი და ეკონომიკურად ჩამორჩენილი კუნძულის გარემო ბევრს ვერაფერს შესთავაზებდა ახალგაზრდა ქალს, ამიტომ თვითნასწავლი დელედას საწყისი განათლება ერთობ შეზღუდული და ზედაპირული იყო. და მაინც, მწერალმა მონახა თავის თავში ძალები, ბრმად კი არ შესძულებოდა სამშობლოს შეზღუდულობა, არამედ შემოქმედებითად და ნაყოფიერად გამოეყენებინა ეს თავისი გამოცდილება. იგი წერდა: “სარდინია დუმილისა და ვნების მიწაა. უნდა ჩასწვდე მას, რომ შეიყვარო”.
1892 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “სარდინიის ყვავილი”. ეს მანძონისა და ვალტერ სკოტის შეზავება იყო ჯოვანი ვერგასა და ლუიჯი კაპუანას საუკეთესო გამოცდილებასთან. 1892 წელს გამოსულმა მეორე ნაწარმოებმა “ბოროტების გზები”, რომელშიც დაზუსტდა მისი სამწერლო სტილი და ძირითადი მიმართულებები, ლუიჯი კაპუანას დადებითი რეცენზია დაიმსახურა.
მწერლის მხატვრული სიმწიფე ახალი ძალით გამომჟღავნდა 1895 წელს რომანში “პატიოსანი სულები”. აქ მოცემულია პატრიარქალური ოჯახის ისტორია. პერსონაჟები, რომლებიც უარს ამბობენ საუკუნო ტრადიციებზე, სასტიკად მარცხდებიან სინამდვილესთან ბრძოლაში. მიუხედავად აშკარა სამწერლო დაოსტატებისა, რომანის შინაარსი ჯერ კიდევ მთლიანად სარდინიული ყოფითაა განპირობებული.
1899 წელს ცოლად გაჰყვა პალმირო მადესანის და რომში გადავიდა საცხოვრებლად. სამშობლოსაგან დაშორებამ დადებითად იმოქმედა მწერალზე, შეარბილა და ერთგვარი ზღაპრული იერი შესძინა მის აქამდე თვალშისაცემ კუთხურობას. დელედას თვალსაზრისით სარდინიული ხასიათის ყველაზე ნიშანდობლივი თვისება ის არის, რომ ბუნებასთან ახლო მყოფ ადამიანში ინტუიცია და ინსტინქტი ლოგიკურ აზროვნებაზე მეტადაა განვითარებული. სწორედ ამ იდეაზეა აგებული დელედას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი “ფერფლი” (1903). აშკარა ხდება მორალის, როგორც ასეთის, ორაზროვნება და არასაიმედოობა: ანანია ატონცუ სარდინიიდან რომს მიემგზავრება და იქ დიდი ქალაქის ეგოიზმსა და გარყვნილებაში ეფლობა. შინ დაბრუნების შემდეგ იგი გარემოებათა გამო უბრუნდება თავის წინანდელ ზნეობრივ შეხედულებებს, რომლებიც ეგოიზმისა და სისასტიკის წინააღმდეგ ვერ შველიან.
დელედა პატარა მოთხრობების კრებულებთან ერთად თითქმის ყოველ წელს ახალ რომანს სთავაზობდა მკითხველს. შემდეგი საპროგრამო რომანია “ელიას პორტოლუ” (1903). ეს მთავარი გმირის სახელი და გვარია, რომელსაც თავისი რძალი, ძმის ცოლი შეუყვარდება. პერსონაჟის სულიერი ბრძოლა სარდინიელი მწყემსების ნახევრად წარმართულ მენტალობასა და კათოლიკურ მორალს შორის მიმდინარეობს. უმანკო მსხვერპლი, მაზლისა და რძლის მკვდარი შვილი, რომლის საფლავთანაც ელიასი შინაგან სიმშვიდეს პოულობს ანათესავებს რომანს იტალიური დეკადენტიზმის ტრადიციებთან.
სარდინია არ კარგავს თავის მწვავე რეალურ სახეს, მაგრამ, ამავე დროს, მწერლის მიერ გამოგონილ სამყაროდ იქცევა. ამ სამყაროში უძველესი ზნე-ჩვეულებები და შეძენილი შეხედულებები თითქმის უპიროვნო ძალების თვისებებს იძენს. ამგვარი ნახევრად მითიური და ნაწილობრივ სიზმრისეული განწყობითაა გამსჭვალული დელედას ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები “ლერწამი ქარში” (1913).
სიცოცხლის ბოლოს მწერლის შემოქმედებაში კიდევ უფრო იჩენს თავს იტალიური დეკადენტიზმის გარეგნული თვისებები: რომანები უფრო მოკლე ხდება და მოქმედ პირთა რიცხვი ორ-სამ პერსონაჟამდე მცირდება. ასევე ორ ან სამ დღემდე მცირდება დროითი ინტერვალი, რომელსაც მოიცავს ნაწარმოები. ასეთი რომანებია “მარტოხელა კაცის საიდუმლო” (1921), “ყელსაბამის ცეკვა” (1924). 1936 წელს დელედამ მიატოვა ავტობიოგრაფიული ნაწარმოების “კოზიმას” წერა და შექმნა თავისი უკანასკნელი რომანი “მარტოობის ეკლესია”.
1926 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში, გარდაიცვალა რომში 1936 წელს, დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ ნუოროში. გრაცია დელედას მიკუთვნება ვერისტების ან დეკადენტების მეტ-ნაკლებად მკვეთრად გაფორმებულ ლიტერატურულ მიმდინარეობებთან, ისევე პირობითობად შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მის პროზაში აღწერილი სარდინიული რეალობა.
© ”არილი”