დავიდ დიოპი დაიბადა პარიზში და სენეგალში გაიზარდა. ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და მე-18 საუკუნის ლიტერატურას ასწავლის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. ქართულად გამოიცა მისი მეორე რომანი – 13 ენაზე თარგმნილი, არაერთი პრიზის ნომინანტი და სტრეგას პრემიით დაჯილდოებული – „სულიერი ძმა“.
„როგორ შეაჯამებდით ერთ წინადადებაში თქვენს წიგნს?
ეს არის ამბავი იმ ორი ახალგაზრდა აფრიკელის მეგობრობის შესახებ, რომლებიც სასტიკი ომის გამო საკუთარ თავსა და იდენტობას შორდებიან და იძულებულნი არიან, ერთმანეთსა და თავიანთ თავში ეძებონ დაკარგული ადამიანურობა.“ – ასე ახასიათებს რომანს თავად ავტორი.
„ალფას გამოცდილებები აშკარად მრავალმხრივ განსხვავდება ჩემი გამოცდილებებისგან, მაგრამ მისი ფსიქიკური ტანჯვა – როცა ცდილობს, გამოუვალი მდგომარეობიდან იპოვოს გამოსავალი – ჩემთვისაც ნაცნობია. აღწერილი ტერორის ნაწილი თავადაც გამომიცდია, დიდი ნაწილი კი მხოლოდ ირიბად შემიძლია ვიგრძნო – კოლონიალიზმის ისტორია, რასიზმი, გენდერული განსხვავებები, ენების დომინაცია. ვფიქრობ, ეს რომანის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მიღწევაა: როგორ უპირისპირებს მკითხველების განსხვავებულ პოზიციებს ალფას ნარატივის სხვადასხვა ელემენტს და იწვევს უნიკალურ, რიგ შემთხვევებში აუცილებელ, საშინელების განცდას“ – ამბობს წიგნის მთარგმნელი, ანა მოშოვაკისი ინტერვიუში.
წიგნს ფრანგულად Frère d’âme ჰქვია, ინგლისურ გამოცემაში კი სათაური შეიცვალა და გახდა – At Night All Blood Is Black. ქართულად ფრანგული, ორიგინალი ვერსიის სათაურია თარგმნილი – სულიერი ძმა.
მთარგმნელმა სახელის ცვლილების მიზეზები განმარტა: მისი თქმით, ამ ფრანგული სიტყვების ინგლისურად ისე თარგმნა, რომ მათი ზუსტი მნიშვნელობა შენარჩუნებულიყო, შეუძლებელი აღმოჩნდა. იკარგებოდა ფრანგული ვერსიის პოეტურობა. ამიტომაც რედაქტორთან ერთად დაიწყო იმ ფრაზებზე ფიქრი, რომლებითაც შეიძლებოდა შეეცვალათ თავდაპირველი სახელი. მისი ერთ-ერთი ვერსია იყო At Night All Blood Is Black, რაც შეირჩა კიდეც საბოლოოდ.
„რეალურად, At night All Blood Is Black ის სახელია, რომელიც ფრანგული გამოცემისთვისაც მინდოდა დამერქმია, მაგრამ ბოლოს Frère d’âme გადავწყვიტე. ინგლისური სათაური იდეალურია, ძალიან კარგად ერგება წიგნს“ – ამბობს ავტორი სახეცვლილი სათაურის შესახებ.
დავიდ დიოპს არაერთხელ ჰკითხეს, რამ უბიძგა სულიერი ძმის დაწერისკენ. მისი განმარტებით, შთაგონებად ექცა ფრანგი ჯარისკაცების წერილების კოლექცია, რომელიც ერთ-ერთმა ისტორიკოსმა შეაგროვა. წერილები გულისამაჩუყებელი და სევდიანი იყო. ამან დააფიქრა, სენეგალელ ჯარისკაცებსაც ჰქონდათ თუ არა დაწერილი ასეთი წერილები. ეძება, თუმცა მსგავსი ვერაფერი იპოვა. ამიტომ დიოპის თავდაპირველი იდეა ფიქციური წერილების შექმნა, არდაწერილი წერილების გამოგონება იყო. საბოლოოდ, წერილების ნაცვლად წიგნის დაწერა გადაწყვიტა.
წიგნი ფრანგულად დაწერა, მაგრამ მთავარმა გმირმა, ვისი ცნობიერების ნაკადიც არის გადმოცემული, ფრანგული არ იცის. ამრიგად, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ტექსტი ფრანგულია, მაგრამ მისი რიტმი არის ვოლოფური (მთავარი გმირის მშობლიური ენა). ამიტომაც უწოდა ინგლისურენოვან გამოცემას მთარგმნელმა „თარგმანის თარგმანი“ (ავტორმა ფრანგულად „თარგმნა“ მთხრობლის ფიქრები, ფრანგული ტექსტი კი ინგლისურად თარგმნა ანა მოშოვაკისმა).
პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის მთავრობამ 200 000-მდე ჯარისკაცი გაიწვია კოლონიებიდან, მათ შორის სენეგალელი ჯარისკაცებიც. მათ იმ ქვეყნისთვის მოუწიათ ბრძოლა, რომელიც მათი არ იყო. ერთ-ერთი მათგანია ალფა, 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც იძულებულია, იმ სისასტიკეში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც მასთან საერთო არაფერი აქვს.
დიოპი ომის ბუნებას სრულყოფილად აანალიზებს, სვამს შეკითხვებს მორალის შესახებ: რა ვალდებულებები გვაქვს სხვების წინაშე? რით განვსხვავდებით ჩვენი მტრისგან? იქნებ იმდენად ვგავართ, რომ განსხვავების პოვნა შეუძლებელია? სულიერი ძმა კაცობრიობის სისხლიანი ისტორიიდან ომის აჩრდილებს აცოცხლებს, რათა გვიამბოს, რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთისთვის, როგორ კარგავს ყველაფერი მნიშვნელობას ომის კონტექსტში და როგორ იცვლებიან ჯარისკაცები, როცა ასე ახლოა მათთან სიკვდილი. სამყაროში, რომელსაც ეს რომანი ასახავს, სიმამაცესა და სიგიჟეს შორის ზღვარი ბუნდოვანია. სწორედ ამ ბუნდოვანებაში ცხოვრობენ რომანის პერსონაჟები.
სულიერი ძმა გამოცემულია სერიაში „ლიტოდისეა“, ქართულად კი პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა.
© არილი