ესე,  კრიტიკა

დავით მაზიაშვილი – ფრანკენშტაინიდან ფრანქისშტაინამდე

იყო მარადიული, ნიშნავს, არსებობდე ამქვეყნად.

Homo Faber

მაქს ფრიში

  

ცხოვრების საიდუმლო დედამიწაზეა და არა სადმე სხვაგან.

ჟანეტ უინტერსონი

  

ტექნიკა მისტიკის ნაცვლად.

Homo Faber

მაქს ფრიში

 

თანამედროვე ინგლისელი მწერლის ჟანეტ უინტერსონის 2019 წელს გამოცემული რომანი „ფრანქისშტაინი“ (Frankissstein)თანამედროვე ბრიტანულ ლიტერატურაში პოსტჰუმანიზმისა თუ ტრანსჰუმანიზაციის მხატვრული რეპრეზენტაციის საინტერესო მაგალითია. ეს ნაწარმოები, იენ მაკიუენის რომანის „ჩემნაირი მანქანების“[1] პარალელურად გამოქვეყნდა და იმ პრობლემატიკითაა დატვირთული, რომლის წინაშეც თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მსოფლიო დგას. თუ მაკიუენი, ალან ტურინგის ალტერნატიულ ისტორიას და მისი შემოქმედების – ხელოვნური ინტელექტის მქონე ჰუმანოიდის ადამ და ევას „დაბადების“ შესახებ გვიამბობს, უინტერსონთან, ასეთი პერსონა, რომანის მთავარი პერსონაჟი პროფესორი ვიქტორ შტაინი და მისი მასწავლებელი, ტურინგის თანამოაზრე ცნობილი მათემატიკოსი ჯეკ ირვინგ გუდია.

უინტერსონის „ფრანქისშტაინის“ მოქმედება ორ დროში ვითარდება. პირველი დრო 1816-იანი წლებია, რომელიც ინგლისელი რომანტიკოსი პოეტების პერსი ბისი შელის, ლორდ ბაირონის, ჯონ პოლიდორის და მერი შელის ჟენევის ტბის პირას შეკრების ცნობილ ამბავს და მათი „ახირების“ შესახებ მოგვითხრობს. როგორც ცნობილია, რომანტიკოსებმა შვეიცარიაში ყოფნისას გადაწყვიტეს „საშინელებათა ამბები“ დაეწერათ. სწორედ ასე შეიქმნა პოლიდორის „ვამპირი“ (The Vampyre) და მერი შელის ცნობილი „ფრანკენშტაინი“. უინტერსონის რომანის პირველი „განზომილება“ სწორედ ჟენევის ტბის პირას შეკრების, ცოლ-ქმარი შელის სასიყვარულო და ტრაგიკული ამბის და ინგლისურ ლიტერატურაში პირველი ხელოვნური სიცოცხლის დაბადების ისტორიის მხატვრული რეკონსტრუქციაა. უინტერსონი თანამედროვეობაში აცოცხლებს რევოლუციონერი პოეტების ფიქრებს და საუბრებს მითოლოგიის, ბიბლიის, რწმენის, სულის არსებობა-არარსებობის, ცნობიერების, ევოლუციონიზმის, რევოლუციისა და ზოგადად მე-19 საუკუნის მეცნიერული მიღწევების შესახებ. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ბაირონის, პოლიდორის და მერი შელის პარალელები პრომეთეს მიერ ადამიანთათვის ცეცხლის ჩამოტანის, ედემის ბაღში ევას მიერ აკრძალული ნაყოფის დაგემოვნებისა და პანდორას ყუთის გახსნას შორის. როგორც ვიცით, სამივე ამბავი აკრძალულ ცოდნასთან არის დაკავშირებული, ხოლო „სამი საიდუმლოდან“ ორის გამჟღავნება ქალთანაა დაკავშირებული. საინტერესოა, რომ გნოსტიკოსებისთვის, ედემის ბაღის გველი, ადამიანებთან საიდუმლო ცოდნის გასამაჟღავნებლად სწორედ სოფიამ (სიბრძნემ) გამოგზავნა. ალბათ ამიტომ დაარქვეს თანამედროვეობაში, ერთ-ერთ პირველ ჰუმანოიდ ქალს სოფია. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული პროგრამირების თუ ხელოვნური ინტელექტის საწყისები ბაირონის მათემატიკოსი ქალიშვილის ადას სახელთანაცაა დაკავშირებული, რომელიც რომანში პერსონაჟად გვევლინება. ამიტომ, უინტერსონი, ლიტერატურაში „ფრანკენშტაინის“ მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის და ჰუმანოიდის შექმნის ანტიკური თუ ბიბლიური სიბრძნის გავრცელების სათავეებთან სწორედ ქალებს მოიაზრებს.

რომანის მეორე დრო თანამედროვე (მომავლის) განზომილებაა. მთავარი პერსონაჟები დოქტორი რაი შელი (Ry Shelly), პროფესორი ვიქტორ შტაინი (Victor Stein) დარონ ლორდია (Ron Lord), რომლებიც მე-19 საუკუნის სიუჟეტის და მერი შელის, ლორდ ბაირონის თუ ვიქტორ ფრანკენშტაინის მომავლის იდეურ-მხატვრული სახეები არიან. ისინი სოციალური და ინდუსტრიული რევოლუციიდან, ტექნოლოგიურ რევოლუციამდე, ახალი აზროვნების ადამიანის დაბადების სურვილიდან, ახალი ადამის შექმნის იდეამდე, რომანტიზმის და პოსტჰუმანიზმის ეპოქების დამაკავშირებელ პერსონაჟებად გვევლინებიან. თუმცა, პირველ რიგში რომანის და პერსონაჟების მთავარი იდეა ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანის აზროვნების ტრანსფორმაციებია. შესაძლებელია თუ არა ადამიანმა,  ბიბლიურ თუ არქაულ მეხსიერებაში დალექილი მარადიულობა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საშუალებით დაიბრუნოს. შესაძლებელია თუ არა ადამიანის ცნობიერების – აზროვნების – ცოდნის – გონის კომპიუტერულ პროგრამაში გადატანა და სხეულის გარეშე სიცოცხლის გაგრძელება-განახლება. რომანში, პროფესორი ვიქტორ შტაინიამ თემებს ეხება და TED Talks ტიპის ლექციაში „კაცობრიობის მომავალი პოსტ-ჰუმანურ სამყაროში“ („The Future of Humans in a Post-Human World”) ხელოვნური ინტელექტის განვითარებას სამ ფაზად (სიცოცხლედ) ჰყოფს. პირველი ფაზა ევოლუციაა, რომელიც ნელა, ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. მეორეფაზა, ჩვენს მიერ ნაწილობრივ დაგეგმილი(ჩაფიქრებული)სიცოცხლეა, რომელშიც ახლა, აწმყოში ვცხოვრობთ. ხოლო მესამე, ჩვენს მიერ სრულად დაგეგმილი (შექმნილი), რომელშიც სიცოცხლის ბიოლოგიურ  მხარეებს სრულად ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, რადგან ადამიანის ცნობიერება (აზროვნება) აღარ იქნება ბიოლოგიურ სხეულზე დამოკიდებული. ამგვარი მოსაზრებები პირდაპირ ეხმაურება ტრანსჰუმანისტთა ორგანიზაციის Humanity+ კონცეფციებს, რომლებსაც ადამიანის განვითარების ალტერნატიული (ტექნოლოგიური) მომავლის სჯერათ და საკუთარი იდეების აფიშირებისთვის უამრავ სამეცნიერო და პოპულარულ პლატფორმას იყენებენ, მათ შორის TED Talks-საც. ვიქტორშტაინის და Humanity + იდეები კი, ცნობილ მხატვრულ ფილმს Transcendence (2014) მოგვაგონებს (ჯონი დეპის მონაწილეობით). ფილმში მთავარი პერსონაჟი მეცნიერია, რომელიც საკუთარი ცნობიერების ატვირთვას ხელოვნური ინტელექტის კომპიუტერულ პროგრამაში ახერხებს და ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ, სხეულის გარეშე არა მხოლოდ სიცოცხლეს განაგრძობს, არამედ ვითარდება და ხელოვნური ინტელექტის მთელს დასახლებას ქმნის.

უინტერსონის რომანის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ტრანსჰუმანისტული იდეები და ტექნოლოგიის მეშვეობით სიცოცხლის გახანგძლივება ან/და სიკვდილის დამარცხების შესაძლებლობაა. პროფესორ შტაინის აზრით, ადამიანის სიკვდილს უპირველესად ბიოლოგიური ორგანოების „ვალიდურობა“ იწვევს. საუკუნეების მანძილზე მედიცინის და ტექნოლოგიების მეშვეობით, სხვადასხვა სამეცნიერო გზებით (მაგ. ორგანოების ტრანსპლანტაციით, რომელზეც საუბარია იშიგუროს ცნობილ რომანში „არასოდეს გამიშვა“ დ.მ.) ადამიანის სიცოცხლის მკვეთრად გახანგრძლივება მოხერხდა. ამიტომ ვიქტორ შტაინის აზრით, დროს მხოლოდ ადამიანის ბიოლოგიური სხეული ან/და ორგანოები ემორჩილება, რომლის სხვადასხვა ტექნოლოგიით  გამოცვლა ან/და განახლება ან შენახვაა შესაძლებელი (მათ შორის კრიორეზერვაციის (cryopreservation) გზით), ხოლო ცნობიერება უბერებელი და მარადიული რჩება. ამის მაგალითია მეხსიერება, მოგონება, ოცნება, ფიქრი, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია დროისა თუ სივრცის გარღვევა და წარსულისა თუ მომავლის აწმყოში მოქცევა. დროის ასეთი აღქმით იყო დაინტერესებული ნეტარი ავგუსტინე თუ მოდერნისტი მწერლების მთელი თაობა, რომლებიც „ცნობიერების ნაკადის“ მხატვრული ტექნიკით, „სუბიექტური“ თუ „ობიექტური“ დროის ანალიზს ცდილობდნენ. თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულს ალბათ ყველაზე ლაკონურად შექსპირი, მის 44-ე სონეტში გამოხატავს:

„…ფიქრი რომ ვიყო, სულ ერთია სადაც ვიქნები,

თუ გინდა შენს თავს მაშორებდნენ მთა და მინდვრები,

ზღვასა და ხმელეთს არ უფრთხიან ლაღი ფიქრები,

გაფიქრება და- სადაც გინდა გადაფრინდები…“

(თარგმანი რ. თაბუკაშვილის)

უფრო მეტიც, უინტერსონის რომანში, ვიქტორ ფრანკენშტაინს მიაჩნია, რომ იგი იდეა, სული, გონება და ცნობიერებაა და იმ სხეულთან საერთო არაფერი აქვს, რომელშიც ის იმყოფება. იგი, კინოფილმის „ქეი-პაქსი“ (K-Pax) (2001) პერსონაჟის მსგავსად, მერი შელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება და განთავისუფლებას თხოვს, ხოლო რომანის ბოლოს საგიჟეთიდან უჩინარდება. ვიქტორ ფრანკეშტეინის სიგიჟე და საგიჟეთის ფანჯრიდან ურჩხულის ლანდის, როგორც მისი ნაწილის ხილვა კი, შექსპირის „ჰამლეტში“ მამის აჩრდილისა და ჰამლეტის შეხვედრის ეპიზოდს მოგვაგონებს, რაც პირდაპირ ეხმაურება ერთი მხრივ, ერთ სხეულში ორი პიროვნების არსებობის შელისეულ მოსაზრებას: „შენი ნაწარმოები, ერთი კაცის ისტორიაზე მეტია: განა ორნი ერთ სხეულში არ ცხოვრობენ? ფრანკენშტაინი ურჩხულში. ურჩხული ფრანკენშტაინში?“[2], ხოლო მეორე მხრივ, გონების კომპიუტერში ატვირთვის და კოპირების მეცნიერულ მოსაზრებებს.

უინტერსონის რომანის ორი მთხრობელის, მერი შელისა და რაი შელის სულიერი კავშირი, მათი სახელების მსგავსება, პიროვნული დუალობა, ცნობიერიან/და არაცნობიერი ერთიანობა, რომანის კიდევ ერთ მთავარ სათქმელს, ვიქტორშტაინის კომპანიის სლოგანს – The Future is Now (მომავალი არის ახლა) გამოხატავს, რომელიც მხატვრული აზრით თუმცა განსხვავებული ფორმით დევიდ მიტჩელის „ღრუბლიანი ატლასის“ (Cloud Atlas) (2004) მხატვრულ გადაწყვეტას და ერთგვარ სლოგანს: Everything is Connected (ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია) მოგვაგონებს. აგრეთვე, უინტერსონის მიერ, მერი შელის, თანამედროვე დროში ტრანსგენდერ რაი შელად შემოყვანა, შთაგონებულია ვირჯინია ვულფის რომანის „ორლანდოს“ მხატვრული და იდეური ფორმით. მით უფრო, რომ ნაწარმოების ერთ-ერთ ეპიზოდში, იდენტობასა და სქესის ცვლაზე საუბრისას, ვიქტორ შტაინი ვულფის „ორლანდოს“ ახსენებს. ამიტომ ორი მთხრობელის – მერი შელის აწმყოს, რაი შელის მომავალთან და შესაბამისად მათი სახით ორი ეპოქის ერთმანეთთან დაკავშირება და აწმყოში მხატვრულად გამოხატვა მრავალმხრივ ლოგიკურია.

ტრანსგენდერი რაი შელი, არა მხოლოდ რომანტიკოსი მერი შელის ან თანამედროვე დროში ჟანეტ უინტერსონს, არამედ ოვიდიუსის „მეტამორფოზებიდან“ დაწყებული, თანამედროვეობაში ადამიანის სქესის ცვლით გაგრძელებული და უახლოეს მომავალში ტრანსჰუმანისტული გარდასახვებით, სამყაროს და ადამიანის მუდმივ მეტამორფოზებს გამოხატავს. ნაწარმოების ზემოაღნიშნული ეპიზოდიაქტუალურს ხდის, ერთი მხრივ თანამედროვე ადამიანის იდენტობის, ბიოლოგიური სხეულის, მათი სქესის და სახელის მნიშვნელობას, ხოლო მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის „უსქესობის“საკითხს: რა მნიშვნელობა ენიჭება სხეულს და სქესს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში. თუ ადამიანი ცნობიერებაა (სული), მაშინ აქვს თუ არა ცნობიერებას სქესი, შესაბამისად სხეული. ამ კონტექსტში საინტერესოა 1816 წლის ეპიზოდში, ჯერ პოლიდორის სიტყვები:

მიუხედავად სულის არსებობა არარსებობის დილემისა, ცნობიერების წუთი იდუმალებითაა მოცული. სად არის საშვილოსნოში ცნობიერება?

“…whether there is a soul or there is not a soul, the moment of consciousness is mysterious. Where is consciousness in the womb?”

Excerpt From: Jeanette Winterson. “Frankissstein.” iBooks.

და მოგვიანებით ცოლ-ქმარი შელის დიალოგი სულის, გონისა და სხეულის შესახებ:

ჩემო საყვარელო ბიჭუნავ, აბა მითხარი, სხეული რომ არ გქონოდა, როგორ შეგიყვარებდი?

განა ჩემი სხეულის გამო გიყვარვარ?

“How would I love you, my lovely boy, if you had no body?

Is it my body that you love?”

Excerpt From: Jeanette Winterson. “Frankissstein.” iBooks,

რაც პირველ შემთხევაში, ადამიანის ემბრიონში სულის (გონების) ფორმირების შესახებ ეკლესიაში მიმდინარე მრავალსაუკუნოვან და მართლაც კომპლექსურ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ დისკუსს მოგვაგონებს, ხოლო მეორე შემთხვევა, ახალი აღთქმიდან სადუკეველნის ეპიზოდს, რომლებსაც აღდგომის არ სჯეროდათ. როგორც ცნობილია, სადუკეველნი ქრისტეს ცათა სასუფეველში შვიდჯერ გათხოვილი ქალის ბედის შესახებ ეკითხებიან, რაზეც ქრისტე პასუხობს: „…მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში“ (მარკოზი 12.25). ესე იგი მარადისობაში, სხეულის (სქესის) და დროის კანონები არ ვრცელდება, რადგან იქ ყოველი ინდივიდი, როგორც ანგელოზი(სული, იდეა, აზრი ან/და ცნობიერება) აწმყო დროშია.

აღსანიშნავია, რომ უინტერსონის „ფრანქისშტაინის“ მეორე სათაური “A Love Story”-ია. რომანში, სერიოზული სამეცნიერო-ტექნოლოგიური საკითხების მსჯელობის გარდა, მერი შელი და მისი ქმრის, ბაირონი-პერსი ბისი შელის, რაი შელი-ვიქტორ შტაინის პერსონაჟების სახით, მრავლად გვხვდება სხეულისა და ცნობიერის, ცნობიერებისა (გონების) და სიყვარულის (გრძნობის) ურთიერთმიმართების და დაპირისპირების საკითხი. თუ მერი შელის მხატვრული სამყარო, ფრანკენშტაინის და მხეცის (ადამიანის) სახით, მეცნიერის ხელით შექმნილი სიცოცხლის – ახალი ადამის შესახებ გვიამბობს, თანამედროვეობაში, ირონიული კუთხით, სექს-რობოტების შექმნის აქტუალობაზეა საუბარი. თუმცა, ირონიულობის გარდა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის რონ ლორდისეული გაგება და მისი სექს-რობოტების ბიზნესი, თანამედროვე მსოფლიოშიც აქტუალურია. მაგალითად BBC-ს მონაცემებით პანდემიამდელი ბრიტანეთის მოზარდი მოსახლეობის ნახევარზე მეტი პორნოგრაფიულ საიტებს სტუმრობდა (ეს სტატისტიკა პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა) (BBC) (City)[3].  ამ სტატისტიკითაც ნათელია, რომ დღეს, რეალური სექსუალური ურთიერთობების ნაცვლად ან/და პარალელურად,  ვირტუალი სექსის მიმართ ინტერესი იზრდება. ამას ემატება ე.წ. ტელედილდონიკა (Teledildonics) და ახლა უკვე რეალობად ქცეული ჰუმანოიდები. თუმცა, ადამიანის სიყვარული საკუთარი ქმნილების (ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის ან/და ჰუმანოიდის) მიმართ არახალია. დასავლურ მხატვრულ აზროვნებასა და ლიტერატურაში ამის ყველაზე კარგი მაგალითი ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ პიგმალიონის ამბავია. როგორც ცნობილია, პიგმალიონს საკუთარი ქანდაკება (ქმნილება) შეუყვარდა, რომელსაც ქალღმერთ ათენას ნებით და პიგმალიონის ამბორით სიცოცხლე მიენიჭა და ქმნილება შემოქმედის რჩეული გახდა. უინტერსონის ნაწარმოებში ამგვარი სასიყვარულო თუ სექსუალური თემების რეპრეზენტაცია, თანამედროვე კინემატოგრაფიულ ველში ორ ფილმს მოგვაგონებს. პირველი ირა ლევინის რომანის მიხედვით გადაღებული „სტეპფორდელი ცოლებია“ (The Stepford Wives) (2004) ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით. ფილმი ერთგვარი უტოპიური სოფლის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც კაცებს „იდეალური“ ჰუმანოიდი ცოლები ჰყავთ და მათთან ერთად სრულ სასიყვარულო ჰარმონიაში ცხოვრობენ. მეორე კი, სპაიკ ჯონსის ფილმი „იგია“ (Her) (2013), რომელშიც განქორწინებულ, გულგატეხილ, მელანქოლიურ კაცს, სექსუალური ქალის ხმის მქონე ხელოვნური ინტელექტის პროგრამა უყვარდება. უინტერსონის რონ ლორდის მანქანებიც, სწორედ ასეთები არიან. ისინი შეიძლება იყიდო ან/და იქირაო, რაც მომხმარებლებს ბევრად უფრო იაფ, უსაფრთხო და მრავალფეროვან სასიყვარულო-სექსუალურ გამოცდილებას ჰპირდება, ვიდრე რეალურ ქალებთან სექსია.

საბოლოო ჯამში, ჟანეტ უინტერსონი, პოსტჰუმანიზმის და ტექნოლოგიის ეპოქაში, მე-19 საუკუნის სამეცნიერო იდეების მნიშვნელობებსა და მსგავსებებს, მერი შელის „ფრანკენშტაინის“ ფიქციური რეკონსტრუქციით და პოსტმოდერნისტული ირონიით გვთავაზობს. თუმცა, ორ ეპოქას და მხატვრულ ნაწარმოებს შორის მსგავსებასთან ერთად, განსხვავებებიცაა. თუ მერი შელის „ფრანკენშტაინში“, ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ადამიანი ზმანებად, ფიქციად, ფანტასტიკად ან/და „საშინელებათა ისტორიად“ ითვლებოდა, დღეს ის ხელოვნური ინტელექტის, ტრანსჰუმანიზმის თუ ჰუმანოიდების სახით, თანამედროვე მსოფლიოს აწმყო და მომავალია.

[1]ჩემი სტატია იენ მაკიუენის რომანზე „ჩემნაირი მანქანები“ იხილეთ ჟურნალ „არილში“: http://arilimag.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9C/

 

 

[2]ციტატების თარგმანი რომანიდან „ფრანქისშტეინი“ ეკუთვნის სტატიის ავტორს.

[3]https://www.bbc.com/news/newsbeat-57428077#:~:text=Half%20of%20all%20UK%20adults,UK%20and%2016%25%20of%20women;

 

https://www.city.ac.uk/news-and-events/news/2021/05/four-in-five-uk-16-and-17-year-olds-have-seen-online-pornography-most-commonly-on-the-day-of-the-survey

© არილი

Facebook Comments Box