გამჭვირვალე თამაში
აკა მორჩილაძე, ძველი გულებისა და ხმლისა (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.
აკა მორჩილაძის ახალი რომანი “ძველი გულებისა და ხმლისა” (ის წელს, 10 მაისიდან 18 მაისამდე დაიწერა და ოთხ კვირაში დაისტამბა) თანაბრად გიბიძგებს თუ გაცდუნებს, ილაპარაკო ტექსტზეც და ავტორზეც.
აკა მორჩილაძის მკითხველი შეეჩვია მისი პერსონაჟების სამოქმედო დროსა და გარემოს, მისი რომანების რთულ კომპოზიციურ წესრიგს, კონსტრუქციებით ჟონგლიორობას, სიუჟეტის შელფებსა და შეგნებულ ლაკუნებს, სამეტყველო ნიღბებით თამაშს. შესაბამისად, სიხარული მოაქვს პაზლის აწყობას, მიხვედრას, ამოცნობას, “თანამშრომლობას” ავტორთან, ილუზიას, რომ კრეატიულ ქაოსში წესრიგს შენ – მკითხველი ამყარებ. “ძველ გულებში” გიწევს უარი თქვა ამ სიხარულზე: არავითარი ხვეულები და ფრაგმენტები, არავითარი მანიპულირება, არავითარი ენობრივი სტილიზაცია. აკა მორჩილაძე თითქოს აღარ გვეთამაშება.
ის ირჩევს “მარტივ” გზას: სიცხადეს, სიუჟეტის წრფივ და თანმიმდევრულ განვითარებას. კითხვისას უბრალოდ ენდობი და მიჰყვები მთხრობელს. ეს გზა სხვა გაგებითაც მარტივი და გატკეპნილია: აკა მორჩილაძის მთავარი პერსონაჟი მოძრაობს ყველა ქართველისათვის კარგად ცნობილი მარშრუტით. ქართლელი აზნაური ბადუნა ფავნელი მიდის თბილისიდან ფოთისკენ. ის დაკარგულ ძმას ეძებს.
მაგრამ 1827 წელს, რომანის სამოქმედო დროს, ეს გზა თითქმის გაუკვალავია. ქართველები იშვიათად დადიან თავიანთი ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთში და პირიქით. ბადუნა ფავნელიც ამ გზას პირველად ადგას. პირველად და უკანასკნელად. კლასიკური ტრაგედიის გმირის დარად, ის რისკავს, მაგრამ არ იცის, რა ცოდნა ელის გზის ბოლოს და რად დაუჯდება ეს ცოდნა.
კლასიკურ ტექსტებთან აკა მორჩილაძის რომანს შორეულად ანათესავებს სიმეტრია და სტერეოსკოპულობა, ოღონდ არა ტექსტის შიგნით, არამედ სინამდვილესთან, კონტექსტთან მიმართებით.
30 წელიც არ გასულა, რაც რუსეთი საქართველოში შევიდა. იმპერია და პატარა პროვინცია ახლა ეცნობიან ერთმანეთს. გაუცხოება არ დაუძლევიათ, თუმცა ქართველები, ასე თუ ისე, ალღოს უღებენ და მორგებიან ახალ “პატრონს”: ემსახურებიან, თანამშრომლობენ, ურთიერთობების წესებშიც ერკვევიან და იციან, როგორ ისარგებლონ. ესაა დრო, როცა რუსეთი იმპერიას ამკვიდრებს საქართველოში: მოაქვს სტაბილურობა, აწყობს კომუნიკაციებს, ახალისებს კომერციას.
დღეს საქართველო მიდის რუსეთიდან. საქართველოს ისევ ჭირდება მოდერნიზაცია. გაუცხოება რუსეთთან ძალაშია, ოღონდ სხვა ნიადაგი აქვს. 1827 წელს ჯერ არ მოქმედებდა რუსეთის იმპერიის პარადოქსი: ის უზრუნველყოფს წინასწარ და აუცილებელ პირობებს ნაციის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ შემდეგ ეს ნაცია ვეღარ ავლენს თავის პოტენციალს იმპერიის ფარგლებში და მტრად ეკიდება მას.
დუმილი, სიტყვაძუნწობა, რაც აკა მორჩილაძის რომანში ახასიათებთ ქართველებს რუსებთან ურთიერთობის დროს, მხოლოდ ენის არცოდნის ბრალი არ არის. ამ ქართველებში თანაარსებობს უცხოთა მიუღებლობა და შეგუება, ვაჟკაცობა და თვალთმაქცობა, სიმტკიცე და თავის მოსულელება. იმპერიასთან შეხებისას მათი ვნება შეგუბებულია. თითქოს ხვდებიან – უნდა მოითმინონ, ჯერ ადრეა.
ვისაც “ძველი გულებისა და ხმლისა” არ წაუკითხავს, ეგებ იფიქროს, რომ საქმე ისტორიულ ან/და პოლიტიკურ რომანთან აქვს. კონიუნქტურული ქარაგმებისა და პოლიტიკური სიმბოლოების მოყვარულებს შეუძლიათ, კარგად გაერთონ ამ რომანის კითხვისას: ბათუმის ფაშა სტამბოლში მიდის სამკურნალოდ. ავტორი, ვსთქვათ თანამედროვედ, ამუშავებს ტრეფიკინგისა და ემიგრაციის პრობლემებს. ვისაც უნდა, იტყვის, რომ ღრმად სიმბოლურია ნაწარმოების ფინალი: ქართველებს ერთმანეთთან რთული ანგარიშები აქვთ, მაგრამ ბოლოს, სამი სხვადასხვა ქართველი – დასავლელი, მუსლიმი და ქართლელი ერთად შეაკვდება რუსებს. რუსეთი კლავს და სიკვდილში აერთიანებს საქართველოს – თუ გნებავთ, ასეც წაიკითხეთ რომანის ბოლო გვერდები.
მკვლელი, მოძალადე, ადამიანის გამტაცებელი, ადამიანით მოვაჭრე, ყაჩაღი, ბავშვობაში ტრავმირებული აუტისტი, დამპყრობლის მსახური, პათოლოგიურად ეჭვიანი უცხოელი სამხედრო, რომელიც ქართველებს ვერ იტანს – ესაა რომანის პერსონაჟთა არასრული ჩამონათვალი. თუ დავძენთ, რომ ყოველ მათგანს პეწი, ღირსება და თავისი სიმართლე აქვს, ყოველ მათგანს გაუგებ და თანაუგრძნობ, რაღაცით ყოველი მათგანი მოგწონს – ეგებ წიგნის წაუკითხავადაც მივხვდეთ, რა რანგის ლიტერატურულ ოსტატობას ავლენს აკა მორჩილაძე.
რომანში მოქმედებას მოსდევს ხოლმე რეტროსპექტული პარაბასისები: ესენი ეხება აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს მიმართებას, ქორწინებას, ტყვეთა სყიდვას, ძველი საქართველოს გზებსა და სამალავებს, ზღვასა და ქართველებს… აკა მორჩილაძეს “ამოყავს” თავისი საქართველოს ისტორია, ოღონდ მოვლენებსა და თარიღებს არად დაგიდევთ, უფრო სოციალურ რეალიებს აცოცხლებს. კი, აკა მორჩილაძე ასწავლიდა ისტორიას უნივერსიტეტში, მაგრამ ამ რომანში ის ისტორიის ალქიმიკოსია, პოეტი და ინტელექტუალი.
თუ მაინცდამაინც გვინდა, თამაშის ელემენტებიც დავინახოთ წიგნში, ის მეორედ უნდა წავიკითხოთ. აღმოაჩენთ, რომ თხრობისას ავტორი მუდმივად და პატიოსნად მიგანიშნებთ, როგორი იქნება კულმინაცია, ვინ ვინ არის და რას მოიმოქმედებს. ეს არის უაღრესად ღია თამაში, რომელსაც უცებ ვერ ჩახვდები. რაც შეეხება ენას, აკა მორჩილაძეს ასეთი ენით აქამდე არაფერი დაუწერია. “ძველი გულებისა და ხმლისა” სამი თვეა, რაც გამოვიდა, მაგრამ უკვე ქრესტომათიული პროზაა. მისი შეტანა ახლავე შეიძლება ქართულის (გინდა ენის, გინდა ლიტერატურის) სასკოლო სახელმძღვანელოებში. სადღეგრძელოს არ ვამბობ – აქ მიღწეულია ენობრივი სიცხადისა და სისადავის ისეთი დონე, რომელიც რომანს, მგონი, ზედროულ ტექსტად აქცევს: მჯერა, ამ წიგნს მისი პერსონაჟების თანამედროვე მკითხველებიც თავისუფლად გაიგებდნენ.
ყველაფერი, რაც პოლიტიკაზე და ისტორიაზე აქ ითქვა, მესამეხარისხოვანია. მოქმედებას დიდ ტრაგედიებში, ერთი შეხედვით, პოლიტიკური ვნებები წარმართავენ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ მთავარი – მაინც ოჯახის ამბავია. ასეა აკა მორჩილაძის გამჭვირვალე და ნაღვლიან ტრაგედიაში, სადაც არის ამბავზე მთავარი რამ – განწყობა, ინტონაცია, ხმა.
© “ცხელი შოკოლადი”