ესე,  პორტრეტი

დავით წერედიანი – ერთი სათქმელი რომ არა…

დღეს თამაზ ჩხენკელის საიუბილეო თარიღია.

თარიღების მიმართ რატომღაც ყოველთვის გულგრილი ვიყავი, ეგრეთ წოდებულ, მრგვალ თარიღებსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი. ახლაც შინაურული მილოცვით შემოვიფარგლებოდი, ერთი სათქმელი რომ არა. იგი აქამდეც მრავალგზის უნდა თქმულიყო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, პრესით, ჯერჯერობით, არ თქმულა. ხვალ თუ ზეგ ლიტერატურის ახალი ისტორიაც დაიწერება და ეს ფაქტი, ვაითუ, იქაც აღუნიშნავი დარჩეს.

ვგულისხმობ იმ ფრიად და ფრიად მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც თამაზ ჩხენკელმა ქართული ლირიკის განვითარებაზე მოახდინა, კვალი სანთლით საძებარი სრულებითაც არ არის. მისივე საყვარელი სიტყვა რომ ვიხმაროთ, ყოველ ნაბიჯზე „ცნაურდება“.

პოეტური თარგმანის ხელახალი აღორძინება საქართველოში ძირითადად მის სახელს უკავშირდება, ლამის მისი დიქტატითაც კი წარიმართა, მაგრამ ამჯერად მაგაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მხედველობაში მაქვს ქართული ორიგინალური ლირიკა.

პირველი ამ ეტაპზე თაგორის „გიტანჯალი“ იყო. იგი ორმოციანი წლების ბოლოს ითარგმნა, მის დაბეჭდვაზე მაშინ ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. დედანიცა და თარგმანიც რეაქციული, რელიგიურ-მისტიკური ლიტერატურის გრაფაში ერთობ ხალვათად თავსდებოდა. მაგრამ მისი გავლენა გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე დაიწყო, ტექსტი ხელნაწერად გავრცელდა. დღევანდელი კრიტიკოსი ამ გავლენას, ალბათ, ვარაუდითაც არ დაუშვებდა, თარიღები არ ემთხვევა.

ჯერ კიდევ დაბეჭდვამდე ამგვარი წარმატება იმის მაუწყებელი იყო, რომ ქართულ ლირიკაში ახალი წყაროსთვალი გაიხსნა. ეს განსაკუთრებული ინტერესი არც თაგორის პოეტიკას გამოუწვევია და არც რელიგიურ მოტივებს, ახალმა, უჩვეულო რიტმებმა გამოიწვიეს, სიტყვის მაგიამ, მისმა ფერადოვნებამ და კეთილშობილმა ხმოვანებამ, იმან, რაც პირწმინდად ეროვნული, ქართული მოვლენა იყო.

კიდევ ერთი ხიბლი ჰქონდა ამ ციკლსაც და მის დაუბეჭდავ ორიგინალურ ლექსსაც, რაც დღეს კომენტარს საჭიროებს, – სპეციფიკურად საბჭოთა ლიტერატურისა და სპეციალურად საბჭოთა სინამდვილის გაუთვალისწინებლობა. ეს ერთგვარი ამბოხიც იყო. არა ანტისაბჭოურობა, არამედ მისი არსაბჭოურობა, არამედ მისი გაცილებით უფრო საღი და ემოციურად უფრო მდგრადი სახეობა, სრული არასაბჭოურობა. ამასაც ეროვნულ სათავეებთან მივყავდით.

მეორე ბო ძიუ-ი იყო, ამჯერად არა ლირიკული მგზნებარება, არამედ სევდა, სიმარტოვე, მინორი. ქართული სიტყვის კვლავ ახალ მიმოხრათა წარმოჩენა, ახალი ხმა და ტონალობა. ამ ტონალობამაც გზა ელვის სისწრაფით გაიკაფა. ორმა პატარა წიგნმა თამაზ ჩხენკელი ქართულ ლიტერატურაში გამორჩეულ მოვლენად აქცია. სიახლე სრულიად აშკარა იყო, გავლენის კვალი და მიმართულება სულ ადვილად დასანახი. თეორიულადაც შეუძლებელია, სიახლეთა ამგვარ წყებას გავლენები არ გამოეწვია, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ქართული სიტყვა ამოიწურა, რადგან აქ სწორედ მაცოცხლებელ გავლენაზეა ლაპარაკი და არა მიმბაძველებზე, რომელთა მთავარი დანიშნულება ის გახლავთ, კარგი ნაწარმოები დროზე ადრე გაცვითონ, ლაპარაკია ისეთ გავლენაზე, ახალ პოეტურ ფორმებად რომ გარდაისახება.

არ ვიცი, მისი ხასიათის ბრალი იყო, არ ვიცი, ლიტერატურულ-პოლიტიკური წნეხისა, ან იქნებ სხვა რამ მიზეზითაც ხდებოდა, მაგრამ თამაზ ჩხენკელი საკუთარი რიტმებისათვის, შინაგანად გამოტანჯულ სიახლეთათვის, რაც ლირიკული სათქმელის ერთი უმთავრესი ნაწილია, მასალას უფრო ხშირად უცხო ავტორებთან ეძებდა, გარდა ერთისა – გავლენის კვალი დღეს ბევრად უფრო მიჩქმალულია. თამაზ ჩხენკელი ხომ, ძირითადად, მთარგმნელია, ანუ სულ სხვა კონტექსტში მოიაზრება.

მისი მთარგმნელობითი პროდუქციის დიდი ნაწილი მართლაც თარგმნილია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მაგრამ ის ნაწილი, რომელზედაც ახლა ვლაპარაკობ, ძნელია, მხოლოდ თარგმანად ჩაითვალოს. იმდენად პიროვნული ნიშნით არის აღბეჭდილი. მისივე ერთი მშვენიერი გამოკვლევის სათაური ოდნავ რომ გადავაკეთოთ, ისინი უფრო ლირიკული ნიღბებია. როგორც იტყვიან, კაცია და გუნება.

ვფიქრობ, საჭიროა, ორიოდე სიტყვით ქართული „გიტანჯალის“ სალექსო საზომსაც შევეხოთ. ეს არის, ასე ვთქვათ, დაშლილი თორმეტმარცვლოვანი, ოთხ და ხუთმარცვლოვან მუხლედთა თავისუფალი მონაცვლეობა. ქართული „გიტანჯალი“ რომ არა, ჩვენი დღევანდელი ვერლიბრი საერთოდ სალექსო საზომის გარეშე დარჩებოდა, რადგან სხვაგვარად დაწერილი მისი ნიმუშები მხოლოდ გრაფიკულად, სტრიქონებად ჩაწერის გამო არის ლექსი. ჟღერადობით, ისიც, უკეთეს შემთხვევაში, რიტმული პროზაა. ვერლიბრთან დაკავშირებით ერთობ ხმაურიანი პოლემიკაც გაიმართა, წინამორბედებიც ბევრი ეძებეს, მაგრამ ერთხელაც არ ხსენებულა თამაზ ჩხენკელი – თანამედროვე ქართული ვერლიბრის სათავეებთან ვინც იდგა. მაგრამ საზომი კიდევ არაფერი, მას რომ ხშირ შემთხვევაში მისი პირველად აღმომჩენის ხმა და ინტონაციაც თან არ გადმოჰყოლოდა. ცხადია, არც ეს ამბავი ხსენებულა. თამაზ ჩხენკელი ხომ, ძირითადად, მთარგმნელია, ანუ სულ სხვა კონტექსტში მოიაზრებოდა. ამას ქართული ვერლიბრის დასაკნინებლად სრულებითაც არ ვამბობ, პირიქით, ძალზე დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ ისიც ხომ უნდა ითქვას, რა საიდან წამოვიდა.

სახელებისა და მაგალითებისათვის აქ ახლა არც დროა და არც ადგილი. ნათქვამი ისედაც ყველას ენიშნება, ვინც გასული საუკუნის პოეტურ პროცესებს ასე თუ ისე იცნობს. მასალა ერთ მოზრდილ გამოკვლევას გასწვდებოდა, რომელიც უთუოდ სხვა მრავალ საინტერესო საკითხსაც წამოწევდა ურთიერთგავლენათა მიმართებით.

თავისი ლექსები კი თამაზ ჩხენკელმა გვიან გამოსცა. გავლენა, რომელიც მათ უნდა მოეხდინათ, უკვე მოხდენილი დახვდათ თამაზ ჩხენკელის მიერვე. მაგ მიზეზით იყო, რომ მათმა გამოჩენამ შედარებით უხმაუროდ ჩაიარა, და კიდევ იმ მიზეზით, რომ თვითონ ავტორმა სასურველზე ნაკლები დრო და ყურადღება დაუთმო. მე მათში არაერთი სრულიად უეჭველი შედევრი მეგულება.

იმედია, ისე არავინ გამიგებს, თითქოს თამაზ ჩხენკელს ვისგანმე ან რისგანმე ვიცავდე, მის ღვაწლს დაფასება არ აკლია: მას ჯეროვან პატივსაც მიაგებენ და, რაც მთავარია, უყვართ. ჩემი სურვილი იყო, თამაზ ჩხენკელისეულ ნაღვაწს ამ კუთხითაც შევხედოთ, რაც, პირველ რიგში, ქართული პოეტური კულტურის კვლევისათვის მგონია საჭირო და მხოლოდ მერე თვითონ თამაზ ჩხენკელისათვის.

15 ნოემბერი, 2002 წელი.

© არილი

Facebook Comments Box