პოეზია

დავით წერედიანი – ლექსები

daviT tserediani

ციკლიდან: ამინდთა სათვალავი

აპრილი

იმღვრევა ბროლი: გაზაფხულსაც დაეტყო ხანი.
მაინც გულდაგულ იმოსება სამეფო მწვანით,
არაფერს იმჩნევს, ყველა ეჭვი აქვს განდევნილი,
და ისე მოდის, თითქოს, რა და, შარშანდელივით
ლამაზი იყოს. ლანქერებად, ლეღმებად მოდის.
ხმა იგივეა…
მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.

უკუმიდგება და, ხელახლა, ფესვთა ჟრიალით,
ამ ეკლის ბარდით, ამ ბებერი ხით ნუჟრიანით
წუხანდელ ქუხილს, გადავლილი წვიმების ხასხასს
მიწიდან წვეთ-წვეთ ამოჟურავს, ფოთლებად გასხამს.
ზედ სარკმლის პირზე ალისფერი ასხლტება ტოტი,
დამეჟრჟოლება…
მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.

ორიონი

აქ ლაჟვარდია, სამერცხლური, ლურჯად მწვეთარი.
რაც დილას მოაქვს საზრუნავი, საღამოს მიაქვს.
მოწყენა ჩემი დობილია, ვცხოვრობ ნეტარი,
იმედებისგან თავდახსნილი ვაგროვებ ციაგს.

მოწყენა ჩემი დობილია საღამოს გზამდე,
და როცა მწუხრში, ბოლო ნიმბი, ჩაქრება შხარა,
ვცვლი უკანასკნელ სინანულზე ოქტომბრის დამდეგს,
მოღებულ სარკმელს, ორიონის ვერცხლოვან დარანს.

მიარწევს ცხედრებს ვარსკვლავეთის შორი დინება.
რომელ მეჩეჩზე უნდა გავრჩეთ? რა ზღვრამდე ივლის?
ვცვლი მოკიაფე სახელებზე დღის მოთმინებას
და ფსკერისაკენ დავეხრები დანისლულ ბივრილს.

თოვლი

სარკმელში თეთრი გარიჟრაჟი,
პირველი თოვლი.
– შეხედე, თოვლი! სიხარულზე ვილაპარაკოთ!
– ნახე, თოვლია! თავსასთუმალს თითქმის ეხება!

სად მიდის ჩვენი ჟამიერი? სუნთქვისმიერი?
არა ის, რასაც მიწას მივცემთ, ცაში წავიტანთ,
არამედ სევდის ნაფერთალი, ელდის ნამსხვრევი,
რასაც ვღელავდით, ვუკრთებოდით, ვეკრთოლებოდით,
ღიმილში ვრევდით, გაოცებულ სიტყვებს ვარქმევდით.
– შეხედე, თოვლი! თავსასთუმალს თითქმის ეხება!

 

ციკლიდან: სულთა თანა

მიძღვნა

მამის ხსოვნას

მსუბუქი იყოს ფერფლი თქვენი, წლები გადიან,
ეონი გადის, ცა დაშაშრეს, მიწა დაშრიტეს…
საყდრის კედლიდან კენჭები და კირი მოცვივა
და მერცხლის ძველი ბუდეები. კვლავ გაზაფხულდა.
ვზივარ სიპ ლოდზე.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.

დედა ევდოტი,
ჩემი ბავშვობის ერთადეთი მონაზონი,
თხას აძოვებდა ჯაგნარებში, ლანდადღა მახსოვს,
აქ, გაუქმებულ ამ საყდართან, ხუხულა ედგა,
დედაკაცები აკითხავდნენ შებინდებულზე
კაბა-ჯუბებში შემალული ჯამ-ტომსიკებით.
ერთხელაც გაქრა. თხა რატომღაც ტყვიით დაცხრილეს,
ხუხულა დაწვეს და მას აქეთ – ხმა, ჩამიჩუმი.
სად ხარ საწყალო, ვიშვიშებდნენ დედაკაცები.

ყველა მათ – ვისაც საფლავები არ დარჩენიათ,
ვინც საიდუმლო გვირაბებში თიხად ჩაგლისეს
ან ვისმა ძვლებმაც ყინულეთის მიწა მოფინა…
“აჰა, უფალო, კმა არს ჩვენდა! განსრულდა გვემა!
აწ აღარ გვინდა,
აწ აღარ გვინდა ხორციელი აღდგომა მკვდრეთით”!

ცად გაშვებული ბაბილონის ვეება ჩრდილი
ეცემა გუმბათს.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.

წმინდაო დედა ევდოკია, ხარ ცათა შინა,
სასძლო უფლისა საუკუნო ნათელში ბრწყინავ,
ზიხარ ნეტარი, სიხარულის ცრემლებით სველი,
ხუხულა ყვავის, თხა კიკინებს, ხასხასებს ჯაგი…
უთხარი უფალს, სანატრელო, უხრწნელი ბაგით,
უთხარი უფალს,
აღარავინ აქ აღარ ელის.

მთაში მძაფრია გაზაფხული, დიდხანს მოიბრძვის,
სანამ თესლიდან დაიძრება პირველი ღივი
და სამზეოზე გაოცებით მიმოიხედავს.
კვლავ ორთქლავს მიწა.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.

უდიდმეფონი

უფლის ხმად მეცნო, მოყმენო, დაგვდევს, მძვინვარებს.
ის, რასაც გაასწარ, აღარმცა ჰგონებდი ნახვას,
წლებს მხარზე გაიხვევს, ბნელში წაგადგება მძინარეს,
ზედ შიშველ გულზე, თვისტომნო, დაგაბჯენს ლახვარს.

რას არ ხედავდა
კედელში ჩატოვებული ბზარი,
აზიურ მაიდნებს, ჩადრებს, ტანკენარ მინარეთებს.
ტყვეებს ვყიდდით, ფასი, სამწუხაროდ, არ იყო მყარი,
ცხენებს ვყიდულობდით,
ფრთხილად გადმოგვყავდა მდინარეზე.

რა კაცად იცხოვრე, სეფედავლე? მგზავრად.
ამყოლს ავყევი, დრო დგება სულთა ამოსვლის.
შემოიცვი სხვისთვის გამოთარგული სტავრა,
აფართხუნე ტანზე მოურგებელი სამოსი.

არადა, ელვანი გვფერობდნენ, დღესასწაულნი ხრმალთა,
შუბ-შიმშერთ სეფანი – რამ? რისმა სახმილმა მოგვაგზნო? –
შუბ-შიმშერთ სეფანი, სამეფო კარვების კვალთვა.
ვინ მიგვიწვევდა ჩვენ ამ ნადიმზე, მოყვასნო?

პირმზითი

რას ხედავ, თვალო უშტარო?
ბინდი კრთება და იძვრის,
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან, უჟამ-უთენარ ბღავილს…

წამიღე, რაც-რა მემართა, ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე, თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე, ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე, კევრის გარშემო მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე, ხარებს ახორში ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი…

ჩრდილებდასხმული პირმზითი, ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი, ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,
თალხო,
ნათელო,
ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ…

ზღვაოსნობა

ქაღალდის ნავი მაღალ წყალში შევაცურეთ, ძველი ტრირემი,
ხოფებს ვუსვამდით, სამხრეთისკენ მივყვებოდით შებინდულ ცისპირს,
მიმოვიხილეთ კუნძულები, ბეჭდის თვლებზე უფრო მცირენი,
სადაც სპეკალში შორეული ცრემლი ისმის, ვარსკვლავი ისმის.

სამშობლო მხრიდან ქარიშხალი დაგვეწია, შავად მღუარი,
შავი ხანძრებით, შავი, შავი ეონებით, ფერფლის ღრუბლებით.
დადექ, ილოცე! რა მერედა, ნავი იგი სიზმრის თუ არი,
თეთრი ფურცლისა! ქარიშხალი ნამდვილია – და ვიღუპებით…

ფრაგმენტი პოემისათვის

I
გზა ნაგზაურსა, შაბაშ, დასძარი,
მიმოვიმგზავროთ ძველი ქარგები.
არც – მოფარგლული წრე წინასწარი,
არც – სახვალზეგოდ მოსაფარგლელი.
ბნელდაბნელ მივალ, ჟიჟმატი მზუზავს,
თრთოლავს სანთური, კრთოლავს სანათი.
ვარ მინდობილი კლასიკურ მუზას
მცირეოდენი განდაგანათი.

II
ეპოსის ხანა აგრემც დამთავრდა,
მაგრამ, რა კაცი კუნაპეტს გარჩეს
და ღამით ღამე ჯდეს კელაპტართან,
ვერ ნახავს უფრო სამეფო სარჯელს.
შაბაშ, დასძარი, ბინდი გვეხუროს,
ამოვიფერთხოთ გულის ბუხარი,
გავმუხლოთ, ჩემო ბატიფეხურო,
ნურც მოგვცემია სხვა საწუხარი.

III
არადა, საით? – ნუ ხელებს დაყრი,
სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს,
გინდ სამიჯნუროდ გაიჭრას მაღრიბს,
გინდ ოდიშური ტალახი ზეპოს.
…არ ვიცი, რომელს გავასწარ ბეწვზე,
ბნელში საჩემოდ გასროლილ ტყვიას,
თუ ბროლის დარბაზს, ალისფერ ბეჭდებს,
მიმოშლილ ტევრთა ოქროვან წყვდიადს…

IV
მთავარი ქარგა ტრიალებს წრეზე,
მზეს ელტვის, მაგრამ უფრო მთვარე ჩანს,
დადის, დაკარგულ საბედოს ეძებს,
გრაალს, ითაკას, ნესტან-დარეჯანს.
ჟამიდან ჟამზე ღვთაებრივ ყარიბს
აჟღერებინებს ქნარსა თუ ლერწამს,
მულღაზანზარზე მიელავს ბწკარი
და შვიდი ცრემლით სამყაროს ძერწავს.
გადაჭრი საბელს, გაივლი ღვართქაფს,
წინ ველებია ვრცელზე უვრცენი
და ამა ქვეყნის გლოვა და ზართქმა
მოცვივა როგორც ვარდის ფურცელი.

V
აქ შევდგეთ, ცოტა დავწიოთ ტონი.
ჩადებულია პირველი ფსონი…

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box