ოი, რაოდენ ბრმანი არიან ხელისუფალნი ამა ქვეყნისა!
უკვდავთა მსგავსი გულდაჯერებით დააბიჯებენ მორჩილთა მხრებზე,
დაქირავებულ მუშტს ენდობიან და იმედი აქვთ ძალმომრეობის,
ფიქრობენ, რომ მათ ხანგრძლივ პარპაშს არ აქვს საზღვარი,
მაგრამ ხანგრძლივი არ ნიშნავს მარადს.
ჰე, დროებათა ცვალებადობავ, ჟამთა ტრიალო!
შენ სასოებავ და სალბუნო წამებულ ხალხის!
ბერტოლდ ბრეხტი, „კავკასიური ცარცის წრე“
რა მოხდება, რომელიმე ქართულ ორგანიზაციას, „უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის“ ან „საერთაშორისო მემორიალის“ მსგავსად, ნობელის პრემია რომ მიანიჭონ? ალბათ, შერაცხავენ შვედეთ-ნორვეგიის აგენტად ანდა გაუტრიზავებენ დამსახურებულ, საპატიო ჯილდოს, რომელიც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, მარჯვედ გვივლის გვერდს. და თუ ყოველივე ამას საკმარისად არ მიიჩნევენ, ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოაგორებენ მავან ბაფთიან კარის პოეტს ან რომელიმე ვითომ მემარცხენე ვითომ ფილოსოფოსს და ამ ჩვენს ლაურეატზე ათქმევინებენ, ღორი არ გააკეთებს იმას, რაც მან გააკეთაო. სულ მალე, კანონი ამის საშუალებას მისცემთ.
მართალია, ჯერ პასტერნაკები არ გვყავს, მაგრამ კომსომოლა სემიჩასტნები მომრავლდნენ საქართველოში. პოლიტიკური კალენდრის მიხედვითაც, 2023 წელი კი არა, უფრო გასული საუკუნის 30-50-იანი წლების სურნელი დგას – ხელისუფლება ისევ ცდილობს ნიადაგის შემზადებას პოლიტიკური ოპონენტებისა და მიუღებელი ელემენტების (მორალური) განადგურებისთვის.
კანონპროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ კანონის მიზანი მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა“ და, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურება და, შესაბამისად, „უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეეზღუდებათ ჩვეული საქმიანობის განხორციელება“.
მმართველი პარტიის ფორმალური და არაფორმალური წევრები საზოგადოებას ასევე ეუბნებიან, რომ მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ავსტრალია და ისრაელი. კანონპროექტისათვის დართულ განმარტებით ბარათში საეჭვოდ არ არის ნახსენები რუსეთი, რომელიც ყველაზე „ეფექტიანად“ იყენებს კანონს და ყველაზე აგრესიულად დევნის როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს.
რაზე შეიძლება მეტყველებდეს რუსეთის მაგალითის „გამორჩენა“?
რადგან მმართველი პარტიის წყალობით ლამის მთელი საზოგადოება Spy fiction-ის ჟანრის ნაწარმოების გმირებად ვიქეცით, ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ ამ ჟანრის კანონების მიხედვით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას მალავენ პერსონაჟები და არა ის, თუ რას ამბობენ ისინი ხმამაღლა. საქართველოს შინნაზარდ რუსეთუმეებს სწორება არა ამერიკასა და ავსტრალიაზე, არამედ, სწორედაც რომ, რუსეთსა და მის კანონმდებლობაზე აქვთ, ამიტომაც „გამორჩათ“ რუსეთის გამოცდილება!
2012 წელს რუსეთმაც „ასე რბილად“, მხოლოდ გამჭვირვალობის, მხოლოდ აგენტის იარლიყის მიწებებითა და მხოლოდ მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების „მხილებით“ დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში „უცხოეთის აგენტების“ წრე გაფართოვდა მედიისა და ცალკეული აქტიური მოქალაქეების დონემდე, სულ ბოლოს კი მოიცვა ლამის ყველა ადამიანი, ვინც ღიად და საჯაროდ არ იზიარებს რუსეთის ხელისუფლების პოზიციას.
წლების მიხედვით, „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ მოქმედების არეალი ასე ფართოვდებოდა:
- 2012 წ – არაკომერციული ორგანიზაციები
- 2017 წ. – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია
- 2020 წ. – ფიზიკური პირები. ამასთან, ფიზიკური პირი (ბლოგერი, სოციალურ ქსელებში აქტიური პირი და ა.შ.) დამატებით შეიძლება აღიარებულ იქნეს საინფორმაციო საშუალებად. ასეთ შემთხვევაში ჩნდება იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება
- 2021 წ. – არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებები
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ აგენტებად ცნობილ ფიზიკურ პირთა შორის არიან: უფლებადამცველები, ჟურნალისტები, მხატვრები, ადვოკატები, გალერისტები, კინოკრიტიკოსები, ისტორიკოსები, რეპმომღერლები, მწერლები, სოციოლოგები, კარიკატურისტები, გეოლოგები, შოუმენები, ფილოსოფოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, ფიზიკოსები და ა.შ.
ცნობილი რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, რომლის მონაცემები რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების რეესტრში 2021 წელს შეიტანა, ამბობს, რომ აგენტის იარლიყის ტარება არაა ისე იოლი, როგორც ამას ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოაჩენდნენ კანონის მიღების დროს.
„ეს დიდი დაბრკოლებაა, მათ შორის ფორმალურიც, – განაცხადა შენდეროვიჩმა ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, – იმის ნაცვლად, რომ ვთქვა, დილა მშვიდობისა, მიწევს წარმოვთქვა იდიოტური მანტრა, რომ გესალმებათ პირი, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ აღიარებულია უცხოელ აგენტად და ა.შ. ცხადია, რომ ეს ხელს უშლის ურთიერთობას და, ცხადია, რომ ხელისუფლების მიზანიც ეს არის. ცდილობენ, გაგრიყონ საზოგადოებიდან, გაგრიყონ სადღაც კიდეზე და ბოლოს გაიძულონ ქვეყნიდან წასვლა. მათი ტაქტიკა ნათელია და ამას დიდად არც მალავენ“.
„ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე (ისევე როგორც რუსული ხელისუფლება 2012 წელს, როცა კანონს იღებდა) მალავს, ღიად არ ამბობს, რომ ასეთ კანონმდებლობას მტრების წინააღმდეგ იღებენ და, რომ მტერი ამერიკასთან, ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთთან ერთად, განსხვავებული აზრის მქონე საქართველოს მოქალაქეც არის. დღეს „ოცნების“ პროპაგანდისტებისგან ხშირად მოისმენთ, რომ სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია, მაგრამ არ უნდათ ასეთი დასავლეთი, ასეთი ევროპა და ასეთი ამერიკა. არადა, სინამდვილეში ამერიკა და ევროპა ისეთივეები არიან, როგორებიც იყვნენ 2012 წელს, უბრალოდ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების მიზნები: „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დიდხანს დაყოვნდეს ხელისუფლებაში და ვინც ამაში თუნდაც ჰიპოთეზურად შეეწინააღმდეგება, აგენტებად და დივერსანტებად გამოაცხადოს.
ბიძინა ივანიშვილმა “შუაუნდაგაიკრიფოს” მორიგი სეზონი გამოაცხადა: ყველა, ვინც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი იქნება, დასავლეთის აგენტად გამოცხადდება, მსგავსად იმისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვინც „ქოცი“ არ იყო, „ნაცად“ რომ ინათლებოდა. და კიდევ, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ თვითონაც იგრძნო ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადების კომიკურობა და „უფროსი მეზობლის“ გამოცდილების გადმოღება გადაწყვიტა: ახლა ანა ფოტიგა, ჯინ შაჰინი, ანდრიუს კუბილიუსი და ა.შ. კი არ არიან „ნაცები“, არამედ ზოგადად მთელი დასავლეთია მტერი, რომელიც თავისი ადგილობრივი აგენტების დახმარებით ებრძვის ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“!
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა, ბევრიც ძალით დახურეს. ვინც განაგრძო ფუნქციობა, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. Deutsche Welle-ს ცნობით, 2013 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ აღიარებული 200 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 45 უკვე აღარ ასრულებს „უცხოური აგენტის“ ფუნქციებს, 56 დაიშალა, 24 კი ლიკვიდირებულია სასამართლოს მიერ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მოქალაქეების აგენტებად გამოცხადება და მათი დევნა რეჟიმის სადაგ, ყოველდღიურ საქმიანობად იქცა.
საქართველოში ამ კანონის მიღება დაუცველს დატოვებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ქვეყანაში არსებული ფინანსური პრობლემების, კორუფციის თუ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, აკლია სახელმწიფოს ყურადღება. საუბარია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, უმცირესობებზე, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ფერმერებზე, მაღაროელებზე, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, მთაში მცხოვრებ, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებზე.
ცალკე ამბავია აგენტის იარლიყის მიწებებით საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დეჰუმანიზაციის მცდელობა. დღეს შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს რომელიმე აქტიური მოქალაქის ან ორგანიზაციის საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის და ა.შ. აგენტებად გამოცხადება („აგენტი 007 ვარ, ყველას დავასწარი“ – ბევრმა მოასწრო ხუმრობა), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, პეტრე ოცხელი და ბევრი სხვა ჩვენი სახელოვანი თანამემამულე სწორედ ამ აბსურდული – დასავლური იმპერიალიზმის აგენტობის ბრალდებით დახვრიტეს, სწორედაც რომ გაზეთების ფურცლებიდან და მაღალი ტრიბუნებიდან აგენტების ძახილისა და თითის ქნევის შემდეგ.
ცხადია, ეს ყველაფერი ნანახი და გავლილი გვაქვს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, რომელთა დემოკრატიით გაოცების პირობას დებდა „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის წინ. „ბატონმა ბიძინამ“ მართლა გააოცა ევროპა და მთელი დასავლეთი. შესაძლოა, ჩხირისა და თითის შედარებას ჰგავდეს, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ვინძლო მაინც ღირდეს გახსენება: 1849 წელს, მას შემდეგ, რაც ავსტრიის იმპერია სასწაულებრივად გადაურჩა (გადაარჩინეს) დაშლას, ფელიქს შვარცენბერგმა, ავსტრიელმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, ირონიულად იხუმრა, ჩვენ კიდევ გავაოცებთ მსოფლიოს ჩვენი უმადურობითო.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ ამოუწურავს უმადურობით მსოფლიოს გაოცების პოტენციალი. „ქართულმა ოცნებამ“ ლამის მართლა გახსნას მეორე ფრონტი, ოღონდ, ცხადია, გახსნას არა რუსეთის, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ, რომელთანაც უკვე ისედაც იმყოფება დე ფაქტო ცივი ომის მდგომარეობაში.
© არილი