პროზა

დათო ქარდავა – ჩემი გაბრძოლება


За вашу родину, за нашу Грузию! – ტურისტის სადღეგრძელო.

Товарищи грузины учитесь военному делу настоящим образом!!! Приедем –проверим!!! 71 гв. Мсп. – რუსი სამხედრო ტურისტების მიერ დატოვებული წარწერა ქართული სამხედრო ნაწილის კედლებზე.

Русский турист – оккупант в штатском! – დ. ქარდავას სადავო სენტენცია.

Георгевская лента – гладкая колючая проволока! – დ. ქარდავას ნაკლებადსადავო სენტენცია.

უცნაური სიზმარი ვნახე. უფრო ზუსტად, უცნაურად ვნახე უცნაური სიზმარი. არ მძინებია, თვალი არ მომიხუჭავს, არ დავწოლილვარ, თავიც კი არსად მიმიდია, მაგრამ სიზმარი, უცნაური სიზმარი, მაინც ვნახე. შიშველი, დედიშობილა დავდიოდი თბილისის ქუჩებში, ხალხმრავალ ადგილებში – რუსთაველზე, პეკინზე, პლეხანოვზე, მეიდანზე. ხან მახათას მთიდან დავცქეროდი თბილისს, ხან – შურის ციხიდან, ხანაც პლატოდან და ხანაც ფუნიკულიორიდან. თანაც ერთდროულად ვიყავი ყველგან, დრო თითქოს არ არსებობდა, როგორც ხდება ხოლმე სიზმარში.

უბრალოდ შიშველი კი არ ვიყავი, არაესთეტურად შიშველი ვიყავი, ამაზრზენად შიშველი. ეს არ იყო არც ადამის, არც დავითის და არც მზეჭაბუკის სიშიშვლე. ხაზგასმულად და ამაზრზენად შიშველი ვიყავი, შეურაცხმყოფლად, აგრესიულად შიშველი. ჩემი სიშიშვლე ჰყვიროდა, თავს ესხმოდა, ყურადღებას იქცევდა, ერთგვარი ანტიქამელეონი ვიყავი, არაადაპტირების ეტალონი, კონტრასტული ნებისმიერ ფონზე. საერთოდ არაფერი მეცვა, არაფერი მიფარავდა სველ თმიან ღიპსა და მის კიდეებზე სავსე ხურჯინებივით დაკიდულ თეძოებს; სინქრონულად მოქანავე ძუძუებს – თავდაყირა მთვლემარე გიგანტურ ღამურებს ვარდისფერი პირებით; ხშირი ჯდომისგან გაპრიალებულ, ბრტყელ ტრაკს – გრანდ კანიონივით გაპობილს ღრმა, საზარელი ნაპრალით. ცხადია, არაფერი მეცვა ფეხზეც, რის გამო ცხელი ასფალტი ფეხისგულებს მიწვავდა და უშნოდ ვიმანჭებოდი, მაგრამ ვითმენდი სტოიკურად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი და ამ ჩემი სიშიშვლით აგვისტოს მცხუნვარე მზეში ვეხმიანებოდი ცოტნე დადიანს – შიშველი თავგანწირივით რომ განაიარაღა გულქვა მონღოლი ნოინი. ზემოთ კი ვთქვი, დედიშობილაო, მაგრამ მთლად ასეც არ იყო. სხეულის ნაწილს მიფარავდა ხელოვნური ბამბის ჭრელი ნაჭერი… მიფარავდა ცოტა არაზუსტი ნათქვამია… ყ..-ზე მეკეთა “გეორგიევსკაია ლენტა” და ძალიან ამაყი ვიყავი ამ ლამაზად გამოკვანძული ბაფთით, ამაყი ვიყავი ჩემი საქცელით, გამბედაობით, სწორი სამოქალაქო პოზიციით და ვგრძნობდი თანამემამულეების ღია თუ ფარულ მხარდაჭერას, მათ გამამხნევებელ შეძახილებსა და ჟესტებს, ვხედავდი მოშვერილ ტელეფონებსა და კამერებს, მესმოდა ავტომობილების სიგნალები, შეძახილები ჯოს! ჯოს!.. მაგრამ ამ ერთი შეხედვით საყოველთაო ერთსულოვნებისა და დარაზმულობის მიუხედავად, უეცრად, არ ვიცი როგორ, აღმოვჩნდი აბსოლუტურად მტრულ გარემოში, პუშკინის სკვერში, აგრესიული რუსი ტურისტების გარემოცვაში. სულ რუსები იყვნენ, არავინ სხვა! არც არაბი, არც თურქი, არც სომეხი, არც აზერბაიჯანელი! ასევე არავინ იყო შტატებიდან, არავინ ევროკავშირიდან და კიდევ უფრო მეტად არავინ გაერთიანებული სამეფოდან! რუსთაველი ქცეულიყო რუსთა ველად! სულ რუსები იყვნენ, მხოლოდ რუსები – ქალები, კაცები, ბავშვები… არაბუნებრივად მოკლე, მოტკეცილი შორტები ეცვათ და გლუვ, ზომიერად გაღუნულ, ბოტასებიან ფეხებს მიქნევდნენ შეძახილებით, Дави его на хуй-ო. მეც დიდ გულზე ვიყავი და უკან-უკან პანიკის გარეშე, ორგანიზებულად ვიხევდი, თან მთელ ხმაზე გავყვიროდი, Георгиевскую ленту в Грузию захотели? Вот вам георгиевская елда, вот вам-მეთქი და იმ ჩემ ბაფთიანს ვიქნევდი აქეთ-იქით, მაგრამ ტურისტი რა ტურისტი იქნებოდა ყ… -ს დანახვაზე რომ დამფრთხალიყო?! Не такое выдала-ო, იკივლა ენერგიულმა ქალმა, რომელსაც თეთრ მაისურზე მთავრული ასოებით ეწერა не то ПРАЧЕЧНАЯ не то ХУЯЧЕЧНАЯ, და მეტი სიცხარით მეკვეთა. საიდანღაც მეცნობოდა ეს ქალი. გამახსენდა საიდანაც. Ах это вы товарищ Фурцева? – ჩავილაპარაკე გაოცებულმა და უკან დახევა განვაგრძე. ამასობაში რაღაცნაირად გამრავლნენ, ბევრად მეტნი გახდნენ. ტაქტიკური მოსაზრების გამო იძულებული გავხდი პუშკინის ძეგლს მივყრდნობოდი ზურგით, მეგონა, ასე უფრო დაცული ვიქნებოდი, მაგრამ მოულოდნელად თავში მძიმე საგანი მომხვდა. მეტკინა, თუმცა გონება არ დამიკარგავს. მესმოდა, Бей бусурманина, бей голодранца-ო, რომ გაჰყვიროდა ალექსანდრ სერგეევიჩი და საზარელი ძალით იქნევდა ორივე ქვის ხელს, რომლებიც, ჩემდა გასაკვირად, ბიუსტს გამობმოდა. ერთ ხელში, საერთოდაც, მხრჩოლავი დამბაჩა ეჭირა, მასიური, ფოლადის გავარვარებული ლულით. „ნუთუ, მეც ამაცილა?“ – გავიფიქრე, მაგრამ უფრო მეტად გამაოცა ხელების უეცარმა გამობმამ! მეთქი, საუკუნეზე მეტი კიდურების გარეშე იდგა და რაღა ახლა გამოავლინა რეგენერაციის საოცარი უნარი? გაოცება რომ შემატყო, მომაძახა, Ходорович был умён! Ходорович был хитёр-ო და უროსავით შემართა თავისი მძიმე, ბრინჯაოს ხელი, მაგრამ ასე შემართული დარჩა ერთხანს. Почему я тут стою? – იკითხა გაოცებულმა, ჰიპნოზიდან გამოსვლისას რომ სჩვევით ხოლმე მგრძნობიარე ადამიანებს, – Всё же без меня выступил драгунский полк! Ух, поскуда Паскевич, фельдмаршал хуя-ო…

ვიდრე პუშკინი მთავარმმართებელს აგინებდა, რაღაც მანქანებით, მისი დამბაჩა ჩემ ხელში აღმოჩნდა, დამფრთხალმა ბრბომ მცირე ხნით უკან დაიხია. იარაღით გულმოცემულმა, Рогоносец кучерявый-ო, მივაძახე და დამბაჩა დავახალე დიდ პოეტს. ვერ მოვარტყი, ავაცილე, უფრო ზუსტად, კვარცხლბეკს გავადინე ბოლი. ტანი რომ მქონოდა, მუცელში დამჭრიდი სასიკვდილოდ, შე ჩათლახოო, ჯერ ქართულად მომაძახა და მერე, იმ თავის ველიკი და მაგუჩიზე გადაიხარხარა, Ходорович был умён! Ходорович был хитёр-ო. ამასობაში, დრო ვიხელთე და ადგილიდან მოვწყდი, კიდევ უფრო დავშორდი ნატყვიარ კვარცხლბეკს, შესაბამისად პუშკინის მოქნეულმა ხელმა ტურისტი დასცა ძირს, რომელიც მალევე წამოდგა და მომაძახა, Чего стоишь? А ну ка давай отсюда быстро! Сказанно, бежали робкие грузины-ო. მიხაილ ლერმონტოვს რუსეთის ნაკრების მაიკა ეცვა, აი იმ არტიომ დზიუბასი, გოლები რომ გაჰქონდა და ჩესტს რომ უღებდა ტრენერს, ოღონდ მიხაილ იურევიჩი 22-ის ნაცვლად, 27 ნომრით ასპარეზობდა და Хуй – вам, лента – нам-ო, გაჰყვიროდა. თავს ვუშველე, გავიქეცი მუზეუმისკენ, ვიფიქრე, თუ შევასწარი, ყლენტას ვერ მომჭამენ-მეთქი, მაგრამ ზედ წინკართან ხატ-ჯვრიანი თანამამულეები გადამეღობნენ და შენობაში შესვლის საშუალება არ მომცეს. А хули вы не вернули Хахули? – ნიშნისმოგებით მომაძახა მდიდრული მიტრით თავდამშვენებულმა მკვირცხლმა სასულიერო პირმა და კვერთხი დამცხო. მოვასწარი თავის გაწევა, მხარი ვიბრუნე და გუდიაშვილისკენ დავეღერე. თან გავრბივარ, თან საგონებელში ჩავარდნილი ვფიქრობ, მეთქი, ამას აქ რა უნდა, ეს ხომ რუსეთის პატრიარქი კირილეა-მეთქი. ამის გაფიქრება და პასუხის დაბრუნება ერთი იყო, Да это Я патриарх всея Г-руси-и Кир-Илия второй-ო და მერე ისევ ხახულის ხატზე აყვირდა, ოღონდ ამჯერად იმერული აქცენტით: დაგვიბრუნე ხახუული, ჩვენი გადანახუული! რასაც რუსი ტურისტების ქორო მოჰყვა: А хули, А хули!

ამასობაში აღმოვაჩინე, რომ გუდიაშვილის ქუჩა გაუვალია, უზარმაზარი სარკეებიანი შენობაა აშენებული. ხან რომელ უჯრედს მივაწყდი და ხან რომელს, მაგრამ ზღაპრებში როგორც არის, ვერსად ვერ ვუპოვე კარი. რა ჯანდაბააო, გავიფიქრე, ვეღარ გადავურჩები-მეთქი ამ მხეცებს, მაგრამ ბედად კრიშნაიტების ჯგუფმა ჩამოიარა სიმღერით, ჰარე კრიშნა, პანო რამა… შევერიე მათ რიგებს და მივყევი დინებას, ერთი ხანობა მიშველა ამან, სული მოვითქვი, მაგრამ თურმე ეს კრიშნაიტებიც სულაც არ ყოფილან კრიშნაიტები, არამედ ყოფილან, კრიშНАШИსტები, რომლებმაც მალევე აღმომაჩინეს და დამცხეს. ორმა ხელები გამიკავა, მესამემ კი სახე სახესთან მომიტანა და მითხრა: Так смотрят негостеприимно, что могут вместе с шапкой сьесть, попавший словно в костеломню вздохну легко, когда я вспомню, что Грузия на свете есть.

ბოლო სიტყვები ისე ახლოდან და ისეთი ვნებიანი თრთოლვით მითხრა, რომ თავი ვერ შევიკავე და მის სველ ლაშებს ჩემი ცვრიანი ტუჩები მივაგებე. Женя, осторожно! შესძახეს კრიშНАШИსტებმა, მაგრამ ჟენიამ ხელით ანიშნა, არ ჩარეულიყვნენ.

ახალი ნაჭამი ჰქონდა მჟავე კომბოსტო, ხინკალი და რძიანი ხაში… “არაყიც?” – გავიფიქრე დაეჭვებულმა. “არაყიც!” – ფიქრებშივე შემომეხმიანა ტურისტი ჟენია, – “ხაში ჭამო და არაყი არ დააყოლო? გამოდის, ხაში კი არა დედიშენისა გიჭამიაო”, – ჩამესმა თელავური აქცენტით, თან ვზასაობდით ვნებიანად. არ მახსოვს ეს ჩვენი ზასაობა რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ დასრულდა მოულოდნელად – მაკარონივით გადამეყლაპა ჟენია თავის ტილოს შარვალ-კოსტუმით, ჭრელი ჰალსტუხითა და გვერდზე მოქცეული კეპით, თითქოს სასულეში გადამცდა. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ სულ რაღაც წამით დააბნია კრიშНАШИსტები, რითაც ვისარგებლე, თავი გავითავისუფლე და თავისუფლების ქანდაკებისკენ გავიქეცი. გზად კვლავ პუშკინს ჩავუქროლე შორიახლოს. კვლავ მომოქნია ის თავის მადლიანი ხელი, ჩემ დანახვაზე რომ გამოესხა, მაგრამ ვერ მომწვდა. გამწარებულმა მომაძახა, Зря прозаик, ты хлопочешь-ო. არ გავჩერებულვარ, გავრბოდი გადაყლაპულით დამძიმებული, მაგრამ სიმძიმეზე მეტად მაწუხებდა ჟენიას ფიქრები, რომლებიც ჩემსაში იხლართებოდა. ხან Про Грузию забыв неосторожно, поэтом быть в России невозможно-აო, ხანაც Земля грузин, ты так мала, но штатам всё равно дала-ო. ამასობაში მივაღწიე თავისუფლების მოედნის შუაგულამდე. სულის მოსათქმელად გავჩერდი და მიმოვიხედე. ალყაში ვიყავი. ვისაც კი ოდესმე ფეხი ჩამოედგა თბილისში, ყველა აქ იყო – დერჟავნიკები, ფუტურისტები, სიმბოლისტები, მოდერნისტები, აკმეისტები, ნაროდნიკები, პოჩვენიკები და ა.შ. მეტიც, აქ იყვნენ მათი შთამომავლებიც, ერთი ასად ქცეულები, რომლებიც ახალამოფრქვეულ ლავასავით მოედინებოდნენ ყველა მხრიდან და თავს იყრიდნენ თავისუფლების მოედანზე. ცოტაც და ისევ დამცხებდნენ. სხვა გზა არ მქონდა, სვეტზე უნდა ავბობღებულიყავი. დავიფურთხე ხელებზე, ფეხის გულები ერთმანეთს გავუსვი და როგორც დაფეთებული ხვლიკი, მარჯვედ გავსრიალდი უზარმაზარ სვეტზე. სულაც არ ყოფილა ძნელი, გავიფიქრე გახარებულმა და მეტი ენერგიით შევუტიე სიმაღლეს, თან მალიმალ უკან ვიხედებოდი და ის გარემოება, რომ ქვემოდან შემომცქეროდნენ გაოცებულები და აღარავინ მომდევდა, ძალას მმატებდა, რატომღაც ჩემდაუნებურად ხრინწიანი ხმით ვღიღინებდი Отвесные стены… А ну – не зевай! Ты здесь на везение не уповай – ო და სწაფად მივიწევდი წინ. ამასობაში გამოჩნდა კიდეც ცხენის ოქროსფერი ფლოქვები, ოქროს ყვერები, გველეშაპის ოქროს ქერცლი და ოქროს კუდი, რომელსაც მოვეჭიდე ორივე ხელით, ავიზიდე და ზურგზე გადავაჯექი. ქვემოთ ჩავიხედე, ჭიანჭველებივით ირეოდნენ ადამიანები. მარტო თავისუფლების მოედანი კი არა, მთელი რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა ბარათაშვილის ხიდამდე, ლეონიძის, დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩები სავსე იყო სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული ტურისტებით, რომლებიც აგრესიულად მიყვიროდნენ, მისტვენდნენ, მიქნევდნენ ხელებს, როგორც ჩანს, მემუქრებოდნენ. ცოტა დავმშვიდდი. მივხვდი, რომ უსაფრთხო ადგილზე ვიყავი და იოლად ვერ მომწვდებოდნენ. ამასობაში სიცხემ დააჭირა და ოქროსფერი კომპოზიცია – წმ. გიორგი, მისი ცხენი და გველეშაპი – მზეს გაეჯიბრა მცხუნვარებაში. დამცხა, ოფლმა დამასხა, მერე ოფლი სრულად გამიშრა და კანკალი ამივარდა. ცოტაც და გონებას დავკარგავდი, ძირს დავეცემოდი ტუნგუსკის მეტეორივით, მაგრამ უეცრად, როგორც სიზმარში ხდება ხოლმე, წმინდა გიორგიმ ჩემკენ მოაბრუნა სახე და მითხრა: რაო, ძნელი ყოფილა გმირობა?

ხმაც ნაცნობი ჰქონდა და – სახეც. თვალები ხელის მტევნით მოვიჩრდილე და კარგად დავაკვირდი. გიგი? – ამოვილუღლუღე გაოცებულმა.

გიგიმ გამიცინა და თვალი ჩამიკრა.

მიშველეო, ვიყვირე, შენი მახვილის მადლმა, ნუ იქნები, გიგი, უგულო, მომაშორე ეს გამხეცებული ბრბო-მეთქი.

პასუხის მოდოდინში თვალებში შევციცინებდი და მისი ამ ახალი იერით აღფრთოვანებული ვფიქრობდი, აი, თურმე ვინ შეისმინა ბრძენი კაცის შეგონება, განყიდენ სამოსელი და იყიდენ მახუილიო.

კი, მაგრამ, მითხრა წმინდა გიგიორგიმ, შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო?

მეგონა მომესმა, მომეჩვენა! დავფიქრდი, ამხელა წმინდანი, ამხელა ქალაქის თავი (თუ ქალაქის ამხელა თავი), ამხელა მახუილის პატრონი “რწყილი და ჭიანჭველის” ციტატებით რატომ უნდა მელაპარაკებოდეს-მეთქი? იმან კიდევ, მარტო ყვავი კი არა, მტრედებიცო, გადაიჯვეს თავზე და გადამაჯვეს მეცო, მოსვენება არ მაქვს ჩემ გველეშაპიან-ცხენიანადო.

ვაჰ, ეს რა მესმის-მეთქი, პირი გავაღე. იმან კიდევ, მე აქ ბოროტებას და ურჩხულებს ვებრძოლო თუ წითელ-ფეხება მტრედებსო?

მოვიწყინე, რა შემეძლო, რომელი ჟღალი მიმინო მე ვიყავი, მტრედებს რომ დავდევნებოდი, იმან კიდევ, ჰო, კაი, კაი, გეხუმრე, რა მოგივიდაო და წაიღიღინა, ამბავს წაუღებთ ვის, თქვენ, ფრინველებო ღვთიის… ისევ გამოვცოცხლდი, დამეხმარე, ტურისტებისგან მიხსენი-მეთქი, ვუთხარი. ტურისტებისგანო? – კითხვა შემომიბრუნა შეწუხებულმა. რა იყო, წმინდა გიგიორგი არ ხარ? ტურისტების დაფრთხობას რა უნდა-მეთქი. ეგრე მარტივად არ არის საქმეო, მითხრა, აბა, კარგად დამაკვირდი, არაფერს ამჩნევო? დავაკვირდი. რა უნდა შეგამჩნიო-მეთქი, ავიჩეჩე მხრები. რა და, თავი ჩემია, მაგრამ ტანი ჩემი არ არისო. მეტი ყურადღებით დავაკვირდი. სახე ყმაწვილკაცურად მშვენიერი ჰქონდა, უმანკო, კეთილი, სხივჩამდგარი თვალებით, სავსე წითელი ტუჩებით და ხშირი, დატალღული თმით. რაც შეეხება ტანს, აშკარად ბერიკაცისა იყო. გაოცებულმა შევუთვალიერე გაბერილი მუცელი, ბოძებივით მსხვილი ფეხები, ბებრული წვრილი მკლავები, ვიწრო ჩამოყრილი მხრები. Да-да, это я градоначальник великого города Москвы-ო, მითხრა ტანმა (უფრო სწორად, უკანა ტანმა) და აღიღინდა, А я иду шагаю по Ваке, И я ещё пройти смогу, Весёлый шумный Авлабар и Вере и Тайгууу… ეს როგორ-მეთქი, აღმომხდა. А так, сначала пили ркацители, потом лепил Церетели, получился на половину святой Гиги, на поливину святой Юрий-ო… ვაჰ, ტანი როგორ მელაპარაკება-მეთქი, გადავირიე, რა ჯანდაბაა-მეთქი. А что это за повязка у тебя на хуй намотано-ო, დაინტერესდა ბებერი ტანი და მახვილი მომიშვირა. Вот она, вот она, на хую намотана – აგუგუნდა სვეტის ძირში დარჩენილი ბრბო დაძაბულობის გასამძაფრებლად. მივხვდი, იოლად ვერ გადავრჩებოდი. ხელები, მოგეხსენებათ, ტანზეა გამოსხმული და არა თავზე. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვასწარი, Ах ты паскуда неблагодарная-ო, იყვირა და ღია პირში მატაკა ის თავის მახუილი შეცდომით გიგისად რომ მივიჩნიე. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ მართლა წმინდა გიორგი ხომ არ იყო? არაფერი მომსვლია, მხოლოდ გული ამერია და იმ ჩემმა გადაყლაპულმა ჟენიამ სვეტის ძირში მოადინა ზღართანი. გონება არ დაუკარგავს, ბარბაცით წამოდგა და არარიტორიკულად იკითხა, Хотят ли русские войны? პასუხად, Хотят! Хотят!-ო, ერთხმად იხუვლა ბრბომ და მისკენ გაქანდა. ვისარგებლე მტრის დაბნეულობით და ძირს დავეშვი, გზად გიგის თავმა მომაძახა, აჰა, შენ ეს სანთელი, სტიქაროსნობიდან შემომრჩა, გველეშაპს გადავაყლაპებ მზეს, დღე განიმოსება სინათლისგან და შეიმოსება წყვდიადით, მაგრამ შენ ნუ შეშინდები, სანთელი აინთება და გზას ადვილად გაიკვლევ, მხოლოდ შენ გაგინათებსო…

მიწაზე დაშვებული არ ვიყავი, რომ დაბნელდა, საგნების გარჩევა შეუძლებელი გახდა, მაგრამ მალევე აინთო ნაჩუქარი სანთელი და იოლად გავძვერი მძვინვარე სხეულებს შორის. გავცდი თავისუფლების მოედანს, უკან დამრჩა მეფისნაცვლის შენობა. მგონია სამშვიდობოს გავედი, რომ სადღაც გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან, მთაწმინდიდან მონაბერმა ნიავმა მოიტანა ტირილისპირას მისული, ავადმყოფურად მგრძნობიარე კაცის ხმა: Свеча горела на столе, Свеча горела…

დავპანიკდი, მეგონა ამ ხმაზე ყველა მოიხედავდა, ყველა დაინახავდა, რომ Свеча горела не на столе, а в моих руках და მოვკურცხლე მართლა რობკი გრუზინივით. ისეთი სისწრაფით გავიქეცი, რომ ქარმა წმინდა სანთელი ჩამიქრო. როგორც კი სანთელი ჩაქრა, მაშინვე განათდა არემარე, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა თბილისის ცაზე და კვლავ მთელი დიდებულებით გამოვჩნდი. Лови поскорее, იყვირა ვიღაცამ ბრბოდან, Лови пескарей-ო. გამოვხედე, შორს იყო, მაგრამ მაინც გავარჩიე ბრბოში მისი აჭარხლებული, ღაჟღაჟა სახე, ნათელი შუბლი და უკან, ტალღებად გადაყრილი ვერცხლისფერი თმა. სულ მინდოდა მეკითხა, აი, მაინც რა ჯამში ჩაგიჯვა ბატონმა ოტიამ, რომ ეგეთი სირობა დაწერე ამხელა კაცმა-მეთქი, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო და თან „ჯამში ჩაჯმის“ ზუსტი შესატყვისის მოძებნაც გამიჭირდებოდა. ამასობაში, Rabbit, Run! Rabbit, Run!-ო შორიდან მომაძახა წმინდა გიორგის თავმა, რომლის დადუმებასაც ხელების ფათურითა და დამუნათებით ცდილობდა ოქროცურვილი პერანგით შემოსილი გაბერილი ტანი. Я, бля, всё скажу, бля, Зурабу, бля, Константиновичу и он, бля, всё основательно, бля, передалет на хуй-ო, ბუყბუყებდა ის, მე კიდევ გაქცეულზე, Run rabbit – run rabbit – Run! Run! Run!-ო წავიმღერე ისტერიულად და მეტი გულმოდგინებით გავტანტალდი ცხელ ასფალტზე, თან გამახსენდა, რომ სადღაც მახლობლად იყო მხატვრის სახლი და სახელოსნო, სადაც ჯონ აპდაიკს უყვარდა ობლად სიარული… აქ, მხატვრის ბინაში, მზის თვალი ტრიალებს, აქ, მხატვრის ბინაში, ბაღია მოშრიალე… ამასობაში ქაშვეთთან ჩავირბინე იმის იმედად, რომ სანაპირომდე ჩავასწრებდი მდევარს, გადავეშვებოდი მტკვრის მღვრიე ტალღებში და თავს ვუშველიდი. ქაშუეთს რომ გავუსწორდი, ვხედავ, საფლავის რამდენიმე ქვა გასკდა, უშნოდ ამოიხორხლა და გაჩენილი ნაპრალებიდან კურკა ამოხტა, რომელიც თვალსა და ხელს შუა იქცა წარმოსადეგ, დიდებულ კაცად სამხედრო ფორმაში – ფართე წითელი ლამპასებით შარვალის ტოტების გასწვრივ, აქსელბანდებით, მედლებით, ოქროსფერი სამხრეებით, ჭაღარა ქილვაშებით და ლამის გულისპირში ჩაგრეხილი სქელი ულვაშებით…

თითქოს დრო გაჩერდაო, გავრბოდი, მდევნელი ვერ მეწეოდა, მაგრამ თვალსაწიერიდან არ ვკარგავდი შთამბეჭდავ სახეს დიდებული მოხუცისას, რომელიც მამაშვილური საყვედურით მავსებდა, ვეჟოო, რაღა შენ და რაღა ახმედხანის ნაჩუქარი ყაითაღის ცხენი, ცხრა მინუტს ექუსი ვერსტი რომ არბენინა ჩემმა ნინიკამო. მშობლიურ ენაზე ნათქვამმა გული ამიჩუყა, ერთი ხანობა გავიფიქრე, ხო არ გავჩერდე და მის ფართე ზურგს ხომ არ ამოვეფარო-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი გადავიფიქრე და დრო არ დავკარგე. მახლასო, ფოლადი გამოურია ხმაში, ბედი შენი, რომ ჩემი ნამესტნიკობა დასრულდა, თორემა სულ ქობაჩის დანბაჩებით დაგიხვრიტანდი კოჭებსაო. ვაჰმე, მუხამბოზობა ასეთი უნდა-მეთქი, შევყვირე და გავაგრძელე მტკვრისკენ სწრაფვა ისე როგორც წავკისისწყალს სჩვევია ივნისის თავსხმა წვიმაში. გამოცდილი თარჯმრბენივით გადავახტი სოსიკო მერკვილაძის წიგნებით სავსე დახლებს და სწორედ აქ დამკრა თავში, აკაკი მაინც გამომექომაგოს-მეთქი, სოსიკოს მარადი სტუმარი, თავისი მყრალი ყიათი, კვიმატი ენით და წრფელი გულით შემეწიოს-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ფუჭი იმედი იყო, სხვებივით ისიც მთაწმინდაზე იყო მიჯაჭვული ამირანივით და ვერ ჰხედავდა, რა უბედურება ტრიალებდა ქვემოთ, ქალაქში. ამასობაში გავცდი ორბელიანთ უბანს, გადავკვეთე ყაბახის მოედანი და ვოდოვოზნის ქუჩით ჩავედი სანაპიროზე, სადაც ადრე მადათოვის კუნძული ტივტივებდა. სირბილით გავიარე დედაენის ბაღი, შევახტი გრანიტის მოაჯირს და… სახტად დავრჩი: ყველაფერს ველოდი – ჩარხიან წისქვილებს, ირთაყვირიან ბორანს, ნავტიკებს, რუმბებზე შემომსხდარ მეთევზეებს, გადაბმულ ტივებს, მაგრამ, როგორც ცხონებული ყასაბი მიხუა იტყოდა, კუნძუას ძმაი, ნურასუკაცრავად! მტკვრის ტალღებზე, არც მეტი, არც ნაკლები, თუთიის კუბოსავით საზარელი, ფოლადის კრეისერი ირწეოდა!

გამოვჩნდი თუ არა, გემბანზე ჩამწკრივებულმა ერთნაირ, ცისფერ მატროსკებში გამოწყობილმა ბიჭუნებმა მოაღეს თავიანთი ლამაზი პირები და ამღერდნენ: Дремлет притихший южный город, Низкое небо над головой, Что тебе снится, крейсер “Аврора”, В час, когда утро встаёт над Курой.

რა ჯანდაბაა, გავიფიქრე დამფრთხალმა, რა იუჟნი გოროდ, რა ნად კუროი-მეთქი? მოულოდნელობისგან თითქოს დავბრმავდი, შიშისგან თითქოს დავყრუვდი, მხოლოდ რამდენინე წუთის შემდეგღა აღვიქვი, რომ არაფერი მეჩვენებოდა. უკან მოვიხედე, მდევარი აღარ იყო, მაგრამ მატროსკიანი ლაწირაკები არ ჩერდებოდნენ, მღეროდნენ და ისე მაჯადოებდნენ, როგორც ხმაწკრიალა სირინოზები მამაც არგონავტებს.

არ მახსოვს, რა დრო გავიდა, რამდენ ხანს ვუგდებდი ყურს მეზღვაურ ბიჭუნათა გუნდის სიმღერას, რომელიც დროთა განმავლობაში ერთ ფრაზამდე დასულიყო და ამ ერთ ფრაზას, ჩტო ტებე სნიცაო, ისე იმეორებდნენ, თითქოს მოშლილი პატეფონის დეტალები ყოფილიყვნენ (აი, ისეთისა, სულ ნემსი რომ ეჭედება ხოლმე ფირფიტებზე), ჰოდა, გაჰკიოდნენ ეს გადამწიფებული ოქტომბრელები, ჩტო ტებე სნიცა, ჩტო ტებე სნიცაო, დაუსრულებლად, ტვინის გახვრეტამდე, ვიდრე არ მივხვდი, რომ ამ სიტყვების ადრესატად მე ვქცეულვარ და, რომ დუჟმორეული ბავშვების ქორო მე მომმართავდა. თავი მისკდებოდა, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, სიზმარში რა შეიძლება ესიზმრებოდეს ადამიანს? არანაირი პასუხი არ მაქვს, მაგრამ უპასუხოდ რომ დავტოვო ასე ათასჯერ გამეორებული კითხვა, თავი გამისკდება, ვეღარ გავუძლებ, ჰოდა, მექანიკურად ვაღებ პირს და ჩემდაუნებურად ვამბობ, ჩტო სნიცა და… Мне Тифлис горбатый снится, Сазандарей стон звенит, На мосту народ толпится, Вся ковровая столица, А внизу Кура шумит… – დავიწყე და აღარ გავჩერდი, ოღონდ დავიწყე აშკარად სხვა ადამიანის ხმით, მაგრამ არაფერი შემეძლო, ვეღარ ვჩერდებოდი, ვეღარ ვუბრუნდებოდი, ჩემ ხმას, ჩემ თავს და მოვთქვამდი უარყოფილი საყვარელივით, ძველი თბილისის ნანგრვებეში დამარხულ ბრმა აშუღივით… ამასობაში სადღაც გაღმიდან ზურნა-დუდუკიც შემომეშველა, ბანმაც მალევე გაავსო მტკვრის კალაპოტი… ჰოდა მივნაბე თვალები და მივენდე იმ ჩემი ცოდვით სავსე ებრაელის სიზმარს, რომელიც ჩემი პირიდან ამოდიოდა და არემარეს სევდიანი ქეიფის ხმებით, დასაკლავად გამზადებული ბაფთიანი ბატკნის ჩივილითა და მაყალიდან ავარდნილი მადისაღმძვრელი ნისლით ავსებდა.

ის იყო, ვიფიქრე, ჩემმა თუ არა, სხვისმა სიზმარმა მაინც ხომ გაამართლა-მეთქი, მაგრამ ამ დროს მოხდა ის, რასაც ვერც თავის სიზმარში ნახავს ადამიანი და ვერც – სხვისაში. ჯერ მომესმა საზარელი გუგუნის ხმა, მიწისძვრას რომ ახლავს ხოლმე ისეთი, მერე ყველაფერი დაზანზარდა და დავინახე, როგორ გაიხსნა მიწა და როგორ ამოიჭრა რაღაც მასიური საგანი დედამიწის სიღრმიდან ისე, როგორც საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები ამოიჭრებოდნენ ხოლმე ღრმა შახტებიდან სამყაროს შესაშინებლად უხარისხო ფირებზე გადაღებულ, შავ-თეთრ დოკუმენტურ ფილმებში.

ვხედავ, ამოდის და ამოდის, დასასრული არ აქვს ამ ამოსვლას. მასიურია, მკვრივია, მონოლითურია, უფრო ბრინჯაოა, ვიდრე სპილენძი, მაღალია, ფართოა, დიდებულია, ბრწყინვალეა, შესანიშნავია, გენიალურია, ყოვლისმომცველია როგორც ამხანაგი სტაა… ლიი… ნიი… ღმერთო ჩემო, გული შემეკუმშა, ნამდვილად ისაა: სტალინი იოსებ ბესარიონის ძე! უფრო სწორად სტალინის ძეგლია, უზარმაზარი, თვალუწვდენელი. ამასობაში ამოვიდა ცხვირამდე, ამოვიდა ულვაშებამდე, ამოვიდა მხრებამდე, ამოვიდა წელამდე, ამოვიდა ჩექმების ყელამდე, ამოვიდა ქუსლებამდე, ამოვიდა ლანჩებამდე, მაგრამ ამოსვლა ამით არ დამთავრებულა, მალე გამოჩნდა კვარცხლბეკის თხემი, რომელზეც მისი უსტალინესობა შემდგარიყო თავისი მძლავრი ფეხებით და მასთან (კვარცხლბეკთან) ერთად გამოჩნდნენ სხვადასხვა ჯურის საბჭოთა ადამიანები, მეტწილად ინტელიგენტები: ლენინ-სტალინისა და სხვა სახელმწიფო პრემიების ლაურეატიები – აკადემიკოსები, პროფესორები, არქიტექტორები, დელეგატ-დეპუტეტები, ინჟინრები, მხატვრები, მოქანდაკეები, მწერლები… ყველაზე მეტნი მაინც ესენი იყვნენ, საბჭოთა სულის ინჟინრები დაწყებული პირველ, პროლეტარ მწერალთა გაერთიანებების წევრებიდან, დამთავრებული მწერალთა საკავშირო თუ რესპუბლიკური კავშირების მდივნებითა და თავმჯდომარეებით, მრავალიუბილეგადახდილებით, მოთვინიეერებულებით, გორკის ლიტ. ინსტიტუტში გადამზადებულებით, აგარაკიანებით, მდივნიანებით, ასიათასტირაჟიანებით, პანთეონებში საფლავგარანტირებულებით და ა.შ. აი, ეს ხალხი ამოჰყვა ბელადის ძეგლს ისე, როგორც სარეველა ბალახის მოთხრისას ფესვებს ამოჰყვება ხოლმე ქვიშა და წვრილი მიწა.

ვხედავ, დგას თვალუწვდენელი სტალინი მედიდურად და მიწიდან ჩექმების ყელამდე ჭიანჭველებივით ახვევია ხალხი (როგორც მარტის იმ სისხლიან დღეებში), ოღონდ ამათ კალმები და ფანქრები აქვთ ჩემთვის მოღერებული ისეთი დაძაბული მზერით, თითქოს მაუზერებსა და ბრაუნინგებს მიმიზნებდნენ. ვგრძნობ, ერთი სული აქვთ როდის მორწყავენ აგვისტოს ხვატით გამოფიტულ თბილისს თავიანთი შხამიანი მელნებითა და ჩემი უმანკო სისხლით.

სტალინიც მე მომჩერებია და მკვლელების მთელი ეს ხროვაც. კანკალი მივარდება, ერთი პატარა ნიშანი, წარბის შერხევა, ნეკზე წამოზრდილი ფრჩხილის ულვაშზე გასმა და დამადუღებენ ადგილზე. ამასობაში, რაღაც უცნაურად ებერება ბელადს მარცხენა ჩექმა, ებერება, ებერება და ბოლოს, მაკე კამეჩი რომ გამოაგდებს ხოლმე სველ ზაქს ათი თვის თავზე, ეგრე გამოისროლა რაღაც არსება და ჩემ წინ დასცა. ამ სანახაობამ წამით გაამხიარულა სტალინი. А кто сказал, что рожденный ползать летать не может? – ჩაიქირქილა. ამასობაში ეს ჩექმიდან გაგდებული წამოხტა და ბელადის გასაგონად დაიყვირა, Мы ему покажем, как бить русских писателей-ო.

დავაკვირდი. მაღალი, ბეჭებში მოხრილი, შუბლშეჭმუხნილი, წარბებდაფანჩული, წვრილთვალება კაცია, თვალებით ლენინს ჰგავს, ულვაშებით – სტალინს… Максим Горький, мать твою! – მეგონა ჩემთვის ჩავილაპარაკე, თურმე მთელ ხმაზე მითქვამს. ვცადე მდგომარეობის გამოსწორება, თავის მართლება, То есть хотел сказать, я читал вашу Мать… то есть читал Мать вашу – მეთქი! მერე სტალინს მივუბრუნდი და რატომღაც რუსულად მივმართე, Вы меня не за того приняли, товарищ Коба-მეთქი. აქ სტალინმა კითხვა შემომიბრუნა და ქართულად მკითხა, შენ თვითონ ვინ გგონივარო.

აი, აქ კი გავიფიქრე, მომეცა ბელადის გულის მოგების შანსი და ავჭყლოპინდებდი მშობლიურ ენაზე-მეთქი.

ვინც გულს ახალი მისცა ნათება,

ვისი ხელითაც უნდა მოთავდეს

ახალი ქვეყნის მოგუმბათება.

ვინც დღეს ყველაზე დღევანდელია

და მომავალშიმარადიული 

ხალხის მწვერვალი მაღალმთიური

ამას რომ მოვრჩები, აზრზე მოსვლას არ ვაცლი და ეგრევე მივაყოლებ-მეთქი:

…За древней каменной стеной

живет не человек, — деянье:

Поступок, ростом с шар земной.

აი, ამ ყველაფრის თქმა მინდოდა, სიტყვების, ფრაზების ფოლადივით გამოჭედვა, მაგრამ მტკვარი, მთაწმინდა და არსენალის მთა მოწმე გახდნენ სულ სხვა სიტყვებისა:

Его толстые пальцы, как черви жирны, 

А слова, как пудовые гири верны.

Тараканьи смеются усища,

И сияют его голенища…

და წავიდა და წავიდა, ვეღარ გაჩერდა ეს ჩემი პირი, ვერაფრით მოვთოკე იმ უბედური ებრაელის ენა, რომელიც გველივით შემომძრომოდა დაფჩენილ პირში. არა და, რა გასაკვირია ძველმა სემინარიელმა, რომ იფიქროს, პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობსო. …Что ни казнь у него, – то малина И широкая грудь осетина – ეს ბოლო სიტყვებიც გადმოვაფურთხე და უბედურების მოლიდინში გავჩუმდი. ამასობაში ვხედავ, სტალინის მეორე ჩექმასაც იგივე დაემართა, რაც პირველს – გაიბერა, გაიბერა და რაღაც სველი მასა გამოისროლა. ოღონდ ამჯერად ჩემ წინ ტყავისქურთუკიანი, Pince-nez – იანი ქაჩალი კაცი დაეცა. А кто сказал, что Лаврентий Павлович Берия потерял доверие? თქვა სტალინმა და ზურგი შემაქცია ღიღინით, Цветет в Тбилиси алыча и для Лаврентий Палыча. ამასობაში ლავრენტი პავლოვიჩი მომიახლოვდა, იარაღი შემართა და ფეხების შესაყართან დამიმიზნა. არ ვიცი, საიდან, მაგრამ, მოულოდნელად, ჩემ ხელში გაჩნდა უცნაური ფაქტურის მძიმე საგანი, ღრმა შავი სიცარიელით გულში, რომელიც ხუფივით დავიმხე მიზანში ამოღებულ ადგილზე. მეგონა, საიმედოდ დავიცავი თავი (თავი როგორც ნაცვალსახელი), მაგრამ ლავრენტი პავლოვიჩმა ახლა ჩემი თავი (ანატომიური თავი) ამოიღო სამიზნეში. Pince-nez-ის მარცხენა ოვალიდან არეკლილმა სინათლემ თვალი მომჭრა, თუმცა გასროლოს წინ მაინც შევნიშნე, ბერიას ნაგანს უცნაური, ერთმანეთზე პერპენდიკულარულად გადაჯვარედინებული ორი ლულა ჰქონდა, რის გამოც ერთი გასროლით ოთხი ხვრელი გამიჩნდა თავში: შუბლზე, კეფაზე, მარცხენა და მარჯვენა საფეთქლებზე, საიდანაც მსხვილ ჭავლებად იფეთქა სიშავემდე მუქიწითელმა თხევადმა სუბსტანციამ, რომლის გასინჯვისა და შესმის მსურველების რიგმა მტკვრის ორივე სანაპირო გაავსო მიხეილის ხიდიდან მუხრანის ხიდამდე. ამასობაში თვალებში დამიბნელდა და, როგორც კლასიკოსი იტყოდა, მეხსიერების ძაფი გამიწყდა…

რუსთაველის მოედანზე ვდგავარ გაქვავებული, იქ, სადაც ადრე ქვის ლომების თავებზე წყალი გადადიოდა, ახლა წყლის მაგივრად ჩემი თავიდან გადმოღვრილი სითხე მიედინება ხმაურით. ტურისტების საყვარელი ადგილია. ბევრს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ Церетели-ს მიერ განახლებული შოთა რუსთაველის სამმაგი სახის სანახავად მოდიან ტურისტები, მაგრამ ცდებიან… არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ რეკონსტრუირებულ შოთას მნახველი არა ჰყავს, რომ მისი მარცხენა პროფილი პეტრენკოსი, მარჯვენა პროფილი ზაბოლოცკისა და ტანი ნუცუბიძისა არავის აინტერესებს-მეთქი, არა, ცხადია, არა, მაგრამ, ყოველგვარი ყალბი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მოედნის მთავარი სანახაობა და, შეიძლება ითქვას, პურიც მე ვარ.

თავში, როგორც უკვე ვთქვი, ოთხი ნახვრეტი მაქვს, საიდანაც სქელ ჭავლად გადმოსჩქეფს დევის სისხლივით მუქი საფერავი. Словно дэви истекает кровю… Что такое дэви? Дэеви это… – და ყველა ეს წიაღსვლა მთავრდება А вы знаете как будет по грузински двадцать пять чорный дэви? А нука повтори, оцдахути шави дэви… Ха, ха, ха… это значит… Ха, ха, ха… და ამას მოჰყვება вахтангури და ბოლოს შეიძლება საქმე баткани-моткани-თაც დასრულდეს, ასეთია ეს ჩემი საფერავი, რომელიც ტურისტებისთვის ხან ხვანჩკარაა, ხან – კინდზმარაული და ხანაც – ხვანჩკარაული. შეხედავენ შოთას ჯერ აქედან, მერე იქიდან, ერთი სელფისაც მისცხებენ ნაჩქარევად და ჩემკენ გამოიქცევიან პლასტიკატის ერთჯერადი კრუშკა-ყანწებით. ჰო, ასე შადრევანივით ვდგავარ რუსთაველის ძეგლის წინ (მოქანდაკე გ. შხვაცაბია, არქიტექტორი ვ. დავითაია. მასალა: ქვა. ბრინჯაო), ვდგავარ დედიშობილა, ოღონდ წინ ჩამოცმული მაქვს ყანწი ვითარცა ახალი გვინეის აბორიგენ მკვიდრს პენისის მკვრივი შალითა, ერთგვარი ფალოკრიპტი.

ტურისტებში პოპულარული ურბანული ლეგენდის მიხედვით, ეს ჩემი ყანწი წიქარა, შვინდა თუ ნიკორა ხარისაა და რაღაც ჩახლართული გზებით ენათესავება ამალთეას მოტეხილ რქას და სიუხვის თუ ხვავრიელობის თვისებებიც აქვს, თუმცა ამ თვისებების გამოსავლენად რომელიმე хитрожопый ტურისტმა ყანწის სხეულიდან მოგლეჯვა და თავზემოთ შემართვა უნდა შეძლოს. იმავე ურბანული ლეგენდის მიხედვით, გამოთავისუფლებული ადგილიდან იფეთქებს ზედაშის ჩანჩქერი, რომელიც ხარჯით მტკვარს გაეჯიბრება. კიდევ ერთი ურბანული ლეგენდა გვეუბნება, რომ ყანწი გადავა მხოლოდ გამორჩეული ადამიანის ხელში მას შემდეგ, რაც წარმოთქვამს ორი ერის ღვთიური ძმობისა და სამარადჟამო ერთობის სადღეგრძელოს ისე, როგორც აქამდე არავის უთქვამს. უფრო სწორად ისე, როგორც იტყოდა რუსთაველი, ტურისტი რომ ყოფილიყო, როგორც იტყოდა ზეადამიანი აწყობილი მრავალი ტურისტ-ჰომუნკულუსისგან, რომელთაგან ერთს ექნებოდა მაიაკოვსკის ენერგია, მეორეს პასტერნაკის სევდა, მესამეს მანდელშტამის ინტელექტი, მეოთხეს – ლერმონტოვის თავხედობა, მეხუთეს პუშკინის მასშტაბი, მეხუთეს – ახმადულინას ტანკენარობა, მეექვსეს – ევტუშენკოს მადა და ასე შემდეგ დაუსრულებლად, საქართველოზე გულშევარდნილი ტურისტების სახელი ხომ ლეგიონია, ყველა ამ ჰომოუნკულუსს გენიოსი თამადის მონუმენტურ სხეულად კი შეაწებებდა, შეადუღაბებდა საქართველოს დაუსრულებელი ფლობის წყურვილი, ისეთივე ძლიერი და ნაყოფიერი, როგორიცა რომა ჰქონდა პეტრედან მოყოლებულ ყველა იმპერატორს ყოვლისა ტურისტისა და პროჩიათა, პროჩიათა და პროჩიათა, როცა კახეტიისგან, კარტლიისგან, ადჟარისტანისგან, მინგრელიისგან, იმერეეტიისგან და ახალციხის ხანსტვოდან ტურისტულ სამოთხეს ძერწავდა. ჰოდა, ამ ჩემი ყანწის წინ სიტყვაც ბევრი იღვრება და ოფლიც. არის ერთი ამბავი, ჯაჯგური, თავ-პირის მტვრევა და დიდი ტალკატნია, არადა, მართლა არაფერს არ უკავია, არც მიდუღებულია და არც ჩახრახნილი, მხოლოდ ჩემი სხეულის უცნაური ჰიდრავლიკური მექანიზმი იმაგრებს. როგორც კი ღვინო გაშრება, როგორც კი ზიარჭურელში სითხე გაქრება, ბერნულისა და პასკალის კანონების შესაბამისად, დამპალი მსხალივით მომძვრება ჩვენი ეროვნული ფალოკრიპტი და საქვეყნოდ გამოჩნდება ის, ვისიც არ ითქმის სახელი და ყველა ნახავს, რომ არ მომკვდარა, რომ მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს! მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა, ჯერ ყანწმა უნდა ივარგოს ამდგარმა, უნდა მოიზიდოს, უნდა მოქანცოს ურიცხვი ტურისტი… ისე, ამ ამდგარი ყანწის გამო Отец – Грузия-საც მეძახიან და უნიჭოდაც დამცინიან ხოლმე, может быть не отец, а мать-ო, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ ეს ლეგენდებიც ყალბია! მთავრი ისაა, რომ ვერანაირი ძალა და ვერანაიარი სიტყვა ვერ დაძრავს ამ ჩემს ყანწს ჩემი ნების გარეშე! ეს ყანწი ჩემთვის იგივეა, რაც კუსთვის ბაკანი, რაც სპარტელისთვის ფარი. „ყანწით, ან ყანწზე!“ – მართალია ვერ არის aut cum scuto, aut in scuto-ის ზუსტი შესატყვისი, მაგრამ მაინც… თან აღარავის ახსოვს, რომ ის ზოლებიანი ლენტა ისევ მიკეთია, რომ ისევ მზად ვარ ამბოხისათვის, ქალაქში გიჟური გასეირნებისთვის, ეს ყანწიც მანამდე ვერ მომძვრება და, შესაბამისად, ვერც ამბოხება დაიწყება, ვიდრე ჩემს თავში თუ გახვრეტილ ტვინში ამოხეთქილ ღვინის წყაროს მევე არ დავაშრობ, არ გადავკეტავ, ოღონდ არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს, თითქოს ვიცოდი, მაგრამ მერე ათასი სისულელით გამოვიტენე (თუ გამომიტენეს) თავი და დამავიწყდა, ხელახლა მიწევს ველოსიპედის გამოგონება… არადა, სულ ცოტა, ერთხელ (იქნებ, ორჯერ ან სამჯერაც) ხომ მოვახერხე? რაღაცნაირად ხომ მოვიგლიჯე ეს საზარელი ყანწი და ხომ დავანახვე, რა მემეტებოდა მათთვის?! როგორ და რანაირად, არ ვიცი, თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ბრძოლის უნარი, მხედრული სული დამიბრუნედება. აკი ნათქვამია, რაც ერთხელ მოხდა, ის აუცილებლად განმეორდებაო… ისე, ტყუილი რომ არ ვთქვა, არც ისე ძნელი და მტანჯველია Отец – Грузия-დ – ღვინის შადრევნად ყოფნა, რაღაცნაირად შევეჩვიე კიდეც, თან ამ ასპარეზზეც შეიძლება თავის გამოჩენა, წინააღმდეგობის ფრონტის გახსნა, შურისძიება… როგორ? როგორ და ჩაჯმამდე დაათრო ხარბი ტურისტი, სახე დააკარგვინო, თავის ნარწყევში დაახრჩო და ასე აზიარო მორალურ მარცხს, მორალურ სიკვდილს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მთელი ჩემი ფიზიკური და სულიერი ენერგია ახლა იხარჯება იმაზე, Чтоб вином наполнялся бокааал… მაგრამ გულში, ცხადია, სულ სხვა სიმღერებს ვღიღინებ… სიმღერებს რა, ერთ სიმღერას, უფრო სწორად სიმღერას კი არა, ჰიმნს. ვცდილობ, ტექსტი მაინც არ დამავიწყდეს. ან კი როგორ უნდა დამავიწყდეს?! ჰმმ, ჰმმ… ჩემიი ხაატიააა ბუნიათიშვილიი… არა! ასე არაა! მგონი, სამშობლო უნდა იყოს… კი, კი, სამშობლოა! ჰმმ… სამშობლოო, სამშობლოო, შენი დიდება ბრუნდებააა… ჯანდაბა! არც ეს არაა!.. არადა კარგად მახსოვდა… ერთი რომ გავიხსენო, მერე წავა და წავა, წაიღებს, გენი თავისას იტყვის, ისტორიული მეხსიერება თავისას იზამს… ჩემი ხატია სამშობლო, სხვასახეეე… არა, დახატეეე… იქნებ, სახატეე… კი, სახატე! სახატე! მოკლედ, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყაანა, განათებული მთა-ბარი, წილნაყარია ღმერთთანა… მერე ცა, ზღვა, ვარსკვლავები და დიდება თავისუფლებას, თავისუფლეეებას დიიიდებაააააააააა…

…ხო, კიდევ, არ უნდა დამავიწყდეს ვისი გორისა ვარ, საიდან მოვდივარ, რა მქვია და რა გვარის ვარ… გვარი ძალიან მნიშვნელოვანია… ჩემი გვარი… ჩემი გვარიი…. რა გვარი ვარ? რა და… მოიცა… გოლ… არა გელ… მოიცა… ცნობილი გვარის წარმომადგენელი ვარ… კარგად მახსოვს, ჩემი მოგვარის ქუჩაც არის თბილისში… არის? თუ იყო? გელოვანის გამზირი? იქნებ გოლოვინის? ღმერთო ჩემო!..

© არილი

Facebook Comments Box