პოეზია (თარგმანი)

დაიანა დი პრიმა – ლექსები

Diane di Prima

ინგლისურიდან თარგმნა ეფემია ჭავჭანიძემ

უარ(ყოფ)ის ლექსი

უარი – ძლიერ მამაკაცებს, შილიფად ჩაცმულთ,

ჩემს სამზადს გზად რომ გაივლიან
ვნებიანები და სულელები.

უარი – ჩემს თავს –  მოფუსფუსეს

მოხტუნავე ბავშვის გარშემო – და
მაცდუნებელად მომღიმარეს.

უარი მოკლე ქვედაბოლოებს, ღრმა, ხანგრძლივ
ოხვრებს;  და არც ცერად

შემოგხედავთ ლექსის კითხვის დასრულებისას,

რომ დავინახო

თქვენ ეს ლექსი როგორ გაიგეთ.

უარი მყუდრო პათიოებს, წინა ეზოებს,

ჩემი კატები
არასოდეს გასუქდებიან. არც ჩემს სახეს

დახატავენ მაისურებზე

და შეიძლება ვერასოდეს

ვერ ვისწავლო მაკიაჟის გამოყენება.

არ მომინდება მშვიდად ჯდომა

მანქანაში, მაშინ, როცა ვიღაც სხვა

მართავს.  არა წრეებს და

წრეზე  სიარულს. არა ჭადრაკის უჯრებიან

ლინოლიუმს. არა და არა.

არა ჭურჭლის მრეცხავ მანქანას; სარეცხისაც –
ნაკლებადაა სავარაუდო.  არა – ყვავილებს,
ლამაზ ფეხებს, ნაღვლიან ლექსებს ქორწინებაზე.

ქარია ის, რაც კაცნი არიან, ჩემი ლექსები
გაშლილი ზღვაა. ბავშვები ჰგვანან მწვანე ბალახს
გორაკებზე – ფესვს რომ

იდგამენ. ან ხეებს ტყეში.
ისინი არსად მიდიან და არც ბრუნდებიან.

უარი ცაში ცისარტყელებს. ეს მოუქნელი
პელიკანები დაბაჯბაჯებენ მხოლოდდამხოლოდ იმედით,
რომ ერთხელაც დიდ თევზს

დაიჭერენ. შეგიძლია ფსონს ჩამოხვიდე,
მე არ ვიქნები ფიქრიანი და მჭმუნვარე, რაც არის, არის

მერესთვის იყოს – რა მოხდა როგორ და ეს რას ჰგავდა

მოგონებები მოაბიჯებენ ჩემს მხარდამხარ.

და მე არ ვარ დარწმუნებული, ამ წუთებში,
იმაში, ვინ ვის რა გაუკეთა.
რაში შევცდით ან რა დავაშავეთ.

მაგრამ მე დავწვი ხელნაწერი,

სადაც შევხვდი შენს თვალებს და დავინახე შენი ღიმილი.

 

ფანჯარა

 

შენ ჩემი პური ხარ

და სუსტი თრთოლვა

ჩემი მუხლების

შენ თითქმის

ზღვა ხარ

 

შენ არ ხარ ქვა ან

მინავლული ხმა

და მე ვფიქრობ

არ გაქვს ხელები

ეს  ჩიტებია – ფრენით სახლში რომ ბრუნდებიან

და ეს სიყვარული

როგორც ბზარები  ფანჯრის მინებზე

როცა საუბარი არაა იოლი, სიტყვები ადვილი

 

ეს ის ჟამი არ არის –

დრო ენათა გადაკვეთისთვის

(ეს ქვიშა კი აქ არის

და არასდროს ადგილს არ იცვლის)

 

მე ვფიქრობ რომ

ხვალინდელი დღე

აგანთებს გაკვრით ფეხის ცერის

და შენ აენთები

და შენ ენთები

მიწისქვეშეთის გამოულეველ სინათლედ და

სამარადისოდ.

 

პირველი თოვლი, ქერჰანქსენი


ალენს

 

ეს საჩუქარი სამყარომ მომცა

(ის შენ მაჩუქე)

ეფინება ცარიელ ღრმულებს

გუბურების ზედაპირებზე

მსუბუქად – თოვლი –
შესაფერი იმ მაღალი თეთრი სანთლების

ჩემს ფანჯარასთან

შებინდებისას რომ ინთება, მაშინ, როცა

ნამქერი ავსებს ჩვენს ხეობაში სიცარიელეს

არავინ წავა სამხრეთისკენ მეგობართაგან

არც არავინ დაბრუნდება მექსიკიდან მზით გარუჯული

და არავინ არ მოიტანს ბალახეულს

კალიფორნიის მზიური ველის

დაფანტულან ახლა ისინი სხვადასხვა მხარეს, მოკვდნენ ან დუმან

ან ჭკუიდან იშლებიან და ოდესღაც ჩვენი საერთო ხედვის

სევდიანი ბრწყინვალებიდან

შენი ჩემდამი საჩუქარი –

თეთრი სიჩუმე,  ჩემი ცხოვრების კონტურებს ავსებს.

 

ეტიუდები სინათლეზე

 

Claritas (სიცხადე):
მზეს
დაეუფლნენ ცვარში
სამზეოზე გამოჰფინეს
დაფარული მისი სხეული
ჩვენ გარეთ (ვდგა)ვართ

 

Candor (ნათელი):

სინათლე
ქოროს ხმა მატულობს
ავსებს
კონტურებს შენობების არქიტექტურის
კათედრალს
სასახლეს
თეატრს

lumen (ათინათები):
შუქი
როგორც სიმბოლო, თავისთავს რომ წერს
ისევ და ისევ, წყლის
ზედაპირზე,  შეუცნობელი
მარადიული მოძრაობა

lux: (სინათლე)
წამახული ისრები
მოძრავნი გარეთ
დედამიწის
შუაგულიდან
უწვრილესი
მახვილ-სხივები

© არილი

Facebook Comments Box