სახელგანთქმული ამერიკელი პოეტი, მხატვარი, დრამატურგი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, სცენარისტი, გამომცემელი, სამოქალაქო აქტივისტი, ლორენს ფერლინგეტი, 1919 წლის 24 მარტს, ნიუ-იორკში დაიბადა.
ლორენს ფერლინგეტი ალბათ ყველაზე მეტად 1953 წელს სან-ფრანცისკოში წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის City Lights (ქალაქის ჩირაღდნები) დაარსებითაა ცნობილი, რომელიც იმდროინდელი ხელოვანებისა და ხელოვნების მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცა. ფერლინგეტიმ მაღაზიას სახელი ჩარლი ჩაპლინის ცნობილი ფილმის მიხედვით დაარქვა. ამის შესახებ მან აღნიშნა: „ჩაპლინის გმირი მე მგავს. …ის პოეტის ნამდვილი სახეა. …პოეტი, თავისი დანიშნულებით, სახელმწიფოს მტერი უნდა იყოს. თუ დააკვირდებით, ჩაპლინის კაცუნას მუდმივად პოლიცია დასდევს. სწორედ ამიტომაა ეს გმირი დღემდე აქტუალური და პოპულარული სიმბოლო – პატარა კაცუნა მთელი სამყაროს წინააღმდეგ“.
დიდია ფერლინგეტის დამსახურება 1950-იან წლებში სან-ფრანცისკოს ლიტერატურული რენესანსისა და ბიტმოძრაობის ჩამოყალიბებაში. ბიტნიკების მსგავსად, ისიც მიიჩნევდა, რომ ხელოვნება არა მხოლოდ ერთი მუჭა ინტელექტუალებისთვის, არამედ ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა ყოფილიყო, ამიტომ მის მაღაზიაში ყველას ჰქონდა საშუალება იქვე წაეკითხა წიგნი ისე, რომ არავინ აიძულებდა მის შეძენას. პოეზიის პოპულარიზაციის მიზნით, ფერლინგეტიმ დაიწყო პოეტური კრებულების გამოცემა სერიითPocket Poets (ჯიბის პოეტები). ეს წიგნები ზომით იმხელა იყო, რომ ადამიანს ჯიბეში ეტეოდა.
აღსანიშნავია, რომ ლორენს ფერლინგეტი ესწრებოდა პოეზიის საღამოს სახელად Six Poets at the Six Gallery 1955 წელს, სადაც ალენ გინსბერგმა „ყმუილი“ წაიკითხა. ფერლინგეტის ლიტერატურაში ახალი ხმა არ გამოპარვია და 1956 წელს გინსბერგის ლექსების კრებული „ყმუილი და სხვა ლექსები“ გამოსცა. ამისთვის ის სან-ფრანცისკოს პოლიციამ დააპატიმრა, ხოლო წიგნი კი აკრძალა, როგორც „ვულგარული წიგნი“.
ფერლინგეტიმ ამ ფაქტის გამო ამერიკის მოქალაქეთა უფლებების დაცვის კავშირს (Civil Liberties Union) მიმართა, ხოლო თავის სასამართლო პროცესს კი სიტყვის თავისუფლების გამოცდა უწოდა. მან პროცესი მოიგო – წიგნს ბრალდება მოუხსნეს, ფერლინგეტი კი გაათავისუფლეს. თუმცა ამ სკანდალს ჰქონდა თავისი დადებითი მხარეებიც: ლორენს ფერლინგეტიმ და ბიტთაობამ ამ სასამართლო პროცესის წყალობით ფართო საზოგადოების ინტერესი და პოპულარობა მოიპოვეს.
მიუხედავად ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებისა, რომ პოეტი ლორენს ფერლინგეტი ბიტთაობას მიეკუთვნება, თავად ფერლინგეტი თავს ბიტნიკად არ მიიჩნევს. ის ყოველთვის ცდილობდა საკუთარი სტილი შეექმნა და დამოუკიდებელი ქუჩის პოეტი ყოფილიყო. მან დიდი პოპულარობა მოიპოვა Oral Poetry „ზეპირი პოეზიის“ გამო. ესაა პოეზია, რომელიც არა იმდენად მკითხველისთვის, არამედ უფრო მსმენელისთვისაა განკუთვნილი. მუსიკა და ბგერა „ზეპირი პოეზიის“ მთავარ დეტალებად მიიჩნევა და მისი დეკლამირებისას მუსიკალური აკომპანიმენტი აუცილებელია. 1958 წელს ლორენს ფერლინგეტი პოეტ კენეტ რექსოტთან ერთად, ჯაზკვარტეტის აკომპანიმენტის თანხლებით „ზეპირი პოეზიის“ მსმენელის წინაშე წარდგა. სტუდიამ Fantacy Records ამ საღამოს ჩანაწერი, Oral Massages „ზეპირი გზავნილები“ (რაც სპონტანურად წარმოთქმულ გზავნილებს ნიშნავს) გამოუშვა. ჩანაწერი ამავე წელს გამოცემულ წიგნში, A Coney Island of the Mind შევიდა. აღსანიშნავია, რომ ამ კრებულმა ყველა რეკორდი მოხსნა – დღეისათვის მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და თანამედროვე ამერიკული პოეზიის ყველაზე პოპულარულ წიგნადაა აღიარებული.
დღეს ლორენს ფერლინგეტი ოცდაათზე მეტი წიგნის ავტორია. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარად, ამერიკის პოეტურ სინდისად იქცა. ფერლინგეტი ის პოეტია, რომელიც პოეტის პირად, მოქალაქეობრივ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც წერს, ქალის ნატიფ სხეულსა და უნებლიეთ ჩამოცურებულ წინდაზეც, ჩიტებზეც, სპერმის თესლების გემო რომ აინტერესებთ და პოლიტიკურ და ისტორიულ მოვლენებზეც. ამასთან, ის გვერდს არ უვლის ავტობიოგრაფიულ დეტალებს. ფერლინგეტის ყველაზე დიდი პოეტური კრებული Open Eye Open Heart ნაწილობრივ წარმოადგენს აღსარებას სულიერი და ფსიქოლოგიური კრიზისის შესახებ, რაც მის განქორწინებას მოჰყვა. ლექსი „ადამიანები, რომლებიც იყრებიან“ მთლიანად ავტობიოგრაფიულია.
ფერლინგეტის მკითხველი მდიდარი პოეტური სამყაროს ტყვე ხდება. საინტერესოა, რომ მან წერის განსხვავებული სტილი აირჩია – უხვად იყენებს ამერიკულ იდიომებს, იგრძნობა ჯაზის გავლენა, ირონია, თვითირონია. ის ისეთი ავტორების გავლენის ქვეშაა, როგორებიც არიან ჰენრი მილერი, ტომას ელიოტი, ტომას ვულფი, დილან ტომასი, ჯეიმს ჯოისი, და ა.შ. თავის ლექსებში ზოგჯერ ის პირდაპირ ციტირებს მათ. მის ლექსებში გვხვდება ალუზიები ანტიკური ლიტერატურიდან კაფკამდე, თვალშისაცემია მხატვრობის დიდი გავლენაც – მის ლექსებს ვერბალურ სურათებადაც მიიჩნევენ.
საკუთარ თავს ლორენს ფერლინგეტი „უიტმენის შვილს“ უწოდებს, თავის შემოქმედებაში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ხელოვან ადამიანებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. კრებულში Poetry As Insurgent Art (2005) ის პროზაული ტექსტების საშუალებით თავის ხედვას სთავაზობს მკითხველს, თუ რა არის პოეზია, როგორი შეიძლება იყოს პოეზია, ან როგორი უნდა იყოს პოეზია. მან განგაშის ზარი ჩამოჰკრა : „გაიღვიძეთ, სამყაროს ცეცხლი უკიდია. „ფერლინგეტი კიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან და პოეზიას ისე წერენ თუ კითხულობენ. ის ამტკიცებს, რომ მშვიდად ჯდომის დრო არაა, რადგან ვერავინ შეცვლის სამყაროს პოეტებზე უკეთ.
და პოეტი
როგორც ეროსის მატარებელი
როგორც სიყვარულის მატარებელი
და სიამოვნების და სიხარულის
და სრული თავისუფლების
მატარებელი
უნდა განისაზღვროს, როგორც
სახელმწიფოს – ანუ სტრუქტურის,
რომელიც ჩვენს ყველა თავისუფლებას ჭამს –
ბუნებრივი, არა–მოძალადე
მტერი.
ფერლინგეტის სჯერა, რომ ხელოვანს თავისი როლი აქვს კულტურაში და კონკრეტული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც აკისრია. მისთვის პოეტი ჰუმანისტი შამანია, რომელსაც ძალუძს ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობები დაინახოს, თუმცა მისი აზრით, პოეტმა პოლიტიკურ მოვლენებს ყოველდღიურად უნდა ადევნოს თვალი და თავისი პოზიციაც გამოხატოს. სამოქალაქო აქტიურობისკენ მოწოდება, მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე პოეტებმა დაკარგეს საზოგადოების ინტერესი, დაკარგეს მკითხველი:
მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი,
მოწყენილობისგან მისული სიგიჟის პირას, პოეზიის საღამოებზე.
პოეზია არაა საიდუმლო საზოგადოება,
თუმცა, არც ტაძარია.
ძალა დაკარგა წმინდა სიტყვებმა და საგალობლებმა.
ფერლინგეტის მთელი რიგი შეკითხვები დაუგროვდა შემოქმედებითი სამყაროს მიმართ: სადაა თანამედროვე პოეზიის ენერგია? სადაა წარმოსახვის ზღაპრული ცვალებადობა? სადაა ვნება, რომელიც ადამიანის უბერებლობის მანიშნებელია? სადაა რწმენა, არა ადამიანის თვითრწმენა, არამედ სიტყვების რწმენა? სადაა დეკლარაციები, მანიფესტები, ეპიკური განცხადებები დასახული მიზნების შესახებ? სადაა ღრუბლების სასახლეში ასასვლელი თოკის კიბე?
შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა ფერლინგეტის თითქმის მთელი შემოქმედების ძირითადი თემაა. ისეთ მსუბუქ, კომიკურ ლექსშიც კი, როგორიცაა „საცვალი“, ის თავს ვერ იკავებს პოლიტიკური პარალელებისაგან.
ხომ გინახავს სამფერა
მაქმანებშემოვლებული სურათები
სადაც ხაზგასმულია საცვლის ძლიერი მხარეები:
სხეულს სამმაგი ძალით ჭიმავს და თანაც
მოძრაობის სრული თავისუფლების პირობას იძლევა
არ მოტყუვდე
ყველაფერი ორპარტიულ სისტემას
ეფუძნება
რაც არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას
გულისხმობს
ფერლინგეტისთვის მნიშვნელოვანია თავისუფლებისა და იდეალური სამყაროს მისეული ხედვა. ლექსში „დანტესგან განსხვავებით“ ის გმობს დანტეს სამოთხეს, რადგან ამ სამოთხეშიც კი „ზეცა მონარქიის იდეალური სახეა“. ფერლინგეტი ვერ იტანს ვერანაირ ხელისუფლებას, რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებას და ამიტომ, მისი სურვილია დახატოს „სულ სხვანაირი სამოთხე“, სადაც ვერ ნახავთ
სხვა საკურთხეველს
გარდა შადრევნებისა
საიდანაც წარმოსახვა მოჩქეფს
ფერლინგეტი, თავისი მეგობრის, ალენ გინსბერგის მსგავსად, აპროტესტებს ამერიკის მატერიალიზაციას და შიშობს, რომ მატერიალურ-ტექნიკური პროგრესი და კაპიტალიზმის გამალებული ზრდა ქვეყანას ცუდად მიუბრუნდება და საბოლოოდ გაანადგურებს მას. თავის ცნობილ ლექსში „ავტობიოგრაფია“ ის ამერიკას ფარისევლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში მკრეხელობაა ღმერთის ხსენება, რადგან ამერიკას თავი თავად ჰგონია ღმერთი:
მკითხველის დაიჯესტი
ყურადღებით გადავიკითხე
და შევამჩნიე, რა ახლოს დგას ერთმანეთთან
შეერთებული შტატები და აღთქმული ქვეყანა
სადაც ყველა მონეტას აწერია რომ
ჩვენ გვწამს ღმერთის
თუმცა დოლარი სხვა რამეს ამბობს
რადგან ის თავადაა უფალი ღმერთი თვისი.
დღეს უკვე ლეგენდად ქცეული 96 წლის ლორენს ფერლინგეტი ამბობს, რომ მშობლიურ ქალაქში თავს უცხოდ გრძნობს და საუბრობს მომრავლებულ „უსულო ადამიანებზე“, რომლებიც ისე არიან თავიანთ ტელეფონებზე კონცენტრირებულნი, რომ ირგვლივ ადამიანებს ვერ ამჩნევენ. შექმნილ ვითარებას ის ახალ ტექნოლოგიებს აბრალებს: „1951 წელს, როცა სან-ფრანცისკოს ქუჩებში დავხეტიალობდი, მქონდა შეგრძნება, რომ ეს ქალაქი ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი კი არა, დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო. სამწუხაროდ, ახლა ამას ვეღარ ვიტყვი, სან-ფრანცისკომ თავისი უნიკალურობა დაკარგა და ტიპიური ამერიკული ქალაქი გახდა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ელექტრონული რევოლუცია უნდა იყოს, ინტერნეტმა დედამიწას სიმრგვალე დაუკარგა, ახლა თვალი ყველაფერს წვდება“.
მართალია, ლორენს ფერლინგეტი უწინდებურად აქტიურ ცხოვრებას აღარ ეწევა და მხედველობაც ღალატობს, მაგრამ მახვილი გონებითა და იუმორით ის ისევ ძველებურად გამოირჩევა. ის იშვიათად დადის საკუთარ მაღაზიაში, თუმცა, მაინც ძალიან დაკავებულია: ხშირად ხვდება მეგობრებს, იღებს სტუმრებს, სან-ფრანცისკოს ქრონიკაში საკუთარ ყოველკვირეულ სვეტს უძღვება. ლორენს ფერლინგეტის არ შეუწყვეტია ლიტერატურული მოღვაწეობა – 2015 წელი მან სამი ახალი წიგნით აღნიშნა: 1. City Lights Pocket Poets Anthology. 60th Anniversary Edition. Edited by Lawrence Ferlinghetti. ჯიბის პოეტების ანთოლოგია, რომელიც გამოცემის მესამოცე წლისთავს ეძღვნება; 2. I Greet You at the Beginning of a Great Career. The Selected Correspondence of Lawrence Ferlinghetti and Allen Ginsberg, 1955-1997 მასსა და ალენ გინსბერგს შორის მიმოწერა; 3. Writing Across the Landscape: Travel Journals 1960-2013
მოგზაურის ჩანაწერები 1960-2013.
ამჟამად, ლორენს ფერლინგეტი მუშაობს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, უსასრულო რომანზე პირობითი სახელით Portrait of the Artist as an Old Red, რომელიც ცნობიერების ნაკადს ემყარება. „ესაა უსასრულო რომანი და, მგონი, არასოდეს დასრულდება. რომანი იმ ადამიანებზეა, რომელთა მსგავსს სან-ფრანცისკო ალბათ ვეღარასოდეს იხილავს”, – განმარტავს ის.
ფერლინგეტი იღებს მონაწილეობას ლიტერატურულ კონფერენციებსა და პოეზიის საღამოებში, მისი ნახატები იფინება სან-ფრანცისკოს სამხატვრო გალერეებში, პიესები იდგმება ექსპერიმენტულ თეატრებში. ის აქტიურად წერს და აქვეყნებს ლექსებს.
1994 წელს სან-ფრანცისკოში ერთ-ერთ ქუჩას ლორენს ფერლინგეტის სახელი ეწოდა. 1998 წელს ის დასახელდა სან-ფრანცისკოს პოეტ-ლაურეატად. მას მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო.
ლორენს ფერლინგეტის შემოქმედებასა და აქტიურ როლზე ამერიკის პოეზიის განვითარებაში უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ამ პუბლიკაციის მიზანია, მკითხველისთვის მისი სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის პოეზიის ძალიან მოკლედ გაცნობა.
© არილი