თეკლა არჩვაძე
2021 წლის 3 ნოემბერს ბუკერის პრემია სამხრეთ აფრიკელმა ავტორმა მიიღო რომანისათვის, რომელიც, ჟიურის შეფასებით, უჩვეულო თხრობის სტილში ფოლკნერისეულ სიუხვესა და ნაბოკოვისეულ სიზუსტეს აერთიანებს. 2003 და 2010 წლების შემდგომ დეიმონ გალგუტი – მწერალი და დრამატურგი, რომელმაც პირველი რომანი 17 წლის ასაკში დაწერა, უკვე მესამედ მოხვდა მონაწილეთა მოკლე, ექვსი წევრისაგან შემდგარ სიაში და ამ ჯერზე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა.
მისი ახალი რომანი, სახელწოდებით „დაპირება“, პოსტ-აპარტეიდული სამხრეთ აფრიკის ყოფითი ალეგორიაა და მოქმედებაც ავტორის მშობლიურ ქალაქში, პრეტორიაში ვითარდება. სვარტების თეთრკანიანი ფერმერების ოჯახი შავკანიან მოახლეს მათ კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული სახლის ჩუქებას ჰპირდება, მაგრამ ცნობიერებაში ღრმად ამოტვიფრული, იდეოლოგიური აპარტეიდისა არ იყოს, ოცნებად ქცეული საკუთრების ან, იქნებ, საკუთრების უფლების, ეს დაპირებაც კიდევ კარგა ხანს არ სრულდება.
ბუკერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ნაწარმოების შექმნის თავდაპირველი იდეა გალგუტს მეგობართან საუბრისას დაებადა. მეგობართან, რომელიც ოჯახის უკლებლივ ყველა წევრის დაკრძალვას დაესწრო და ახლა თითოეულ ამბავს ტრაგედიისა და იუმორის უნებურად გარიგებულ ჭრილში ყვებოდა. რომანის სიუჟეტიც ოთხი სხვადასხვა დაკრძალვის ფონზე, ოთხ სხვადასხვა ათწლეულში მიმდინარეობს. სიკვდილისა და სიცოცხლის ახლოდან შეცნობით ადამიანებში გამოწვეული სოციალიზაციის სურვილი თუ სოციალიზაციის აქტიური პროცესი, რომელიც დაკრძალვის ყველა ცერემონიას თან ახლავს, მკითხველს არამხოლოდ პერსონაჟების შინაგან განცდებზე, არამედ იმ დროისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობასაც აძლევს. თუკი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, რეჟიმი, ძალაუფლების სათავეში მყოფი პირი და სვარტების ოჯახის უფროსი ყოველ მომდევნო ათწლეულში იცვლება, შავკანიანი მოახლის იმედისა და იმედგაცრუების წრებრუნვა ისევ ისეთივე მუდმივი, ისევ ისეთივე დაუსრულებელი რჩება.
და მაინც, ის, რაც დეიმონ გალგუტის „დაპირებას“ „თანამედროვე რომანის აყვავების დადასტურებად“ აქცევს, მისი განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მწერლისა და კრიტიკოსის, კლერ მესუდის შეფასებით, შინაარსზე მეტი და აღმატებულია. აქ მთხრობელი ჯოისეული ცნობიერების ნაკადის მგზავრი, ცნობიერებიდან ცნობიერებაში მოხეტიალეა. ის ხან მკითხველი, ხან კი პერსონაჟია, რომელიც მეორე პერსონაჟს ან, ზოგჯერ, საკუთარ თავს ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტექნიკის გამოყენების, პროზის ჩვეული წესების, ნაცნობი სტრუქტურების გარღვევისა და მასში კინემატოგრაფიის შერევისაკენ სამხრეთ აფრიკელ დრამატურგს წიგნზე მუშაობის პროცესში ფილმის რამდენიმე სცენარის დაწერამ უბიძგა. გალგუტის თქმით, მისი ნარატორი ზუსტად ისე იქცევა, როგორც კამერა: ის ჯერ უახლოვდება მოქმედების ადგილს და მოულოდნელად შორდება მას, შუა სცენასა თუ წინადადებაში ერთი გმირიდან მეორეზე ხტება და ხანდახან ისეთ ხაზსაც მისდევს, სიუჟეტთან არავითარ კავშირში რომ არაა. რომანისა და კინემატოგრაფიის ამგვარმა სინთეზმა მწერალს დიდი ხნის წინ მიყრუებული, შინაგანი ხმებისა თუ კაკაფონიის საბოლოოდ გამოთავისუფლების შანსი მისცა.
„არ მჯერა მოსაზრების, რომ რომანი მსოფლიოს ცვლის. ჩემთვის ის უფრო მატიანეა, ვიდრე ცვლილებების საშუალება… სვარტების ოჯახიც იმ ყველაფრის ნარევია, რასთან ერთადაც პრეტორიაში გავიზარდე.“ – ამბობს დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ ჩაწერილ ინტერვიუში გალგუტი, რომლის მთავარი მიზანიც მკითხველისათვის მუდმივი იმედის ანკესზე ყოფნის გამოცდილების შექმნა უფროა, ვიდრე გმირებისა და მჩაგვრელების შესახებ მორალისტური ამბის მოყოლა. „ბევრი ფიქრობს, რომ რომანისტმა მწერლებმა ნაწარმოების მორალური მხარე უნდა წამოსწიონ წინ, რაც, ალბათ, ჩემი შემოქმედების სუსტი წერტილი იქნებოდა… სერიოზული გამოწვევაა ისიც, რომ კარგად აგებულ ამბავს – კარგად აგებულ ამბად სწორედ რაიმეს მოგვარებისა და სიმეტრიის განცდა აქცევს. აქედან გამომდინარე, თუკი წესებიდან გადახვევა გსურს, აბსოლუტურობისა თუ სიმეტრიული მოწესრიგებულობის შეგრძნებაზე უარის თქმის პარალელურად მკითხველში სრულფასოვანი, დამაკმაყოფილებელი გამოცდილების შექმნაც უნდა მოახერხო, რაც სინამდვილეში არც ისე მარტივია.“
„დაპირება“ დეიმონ გალგუტის რიგით მეცხრე, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ კი პირველი რომანია. ამჟამად იგი მოთხრობების კრებულზე მუშაობს, რომელიც სახლისაგან შორს მყოფ, მოგზაურ ადამიანებს ეხება. შესაბამისად, სიუჟეტის ცვლილებასთან ერთად, გამორიცხული სულაც არაა, რომ სამხრეთ აფრიკელი მწერლის ლიტერატურული წარმატება მომავალშიც არაერთხელ ვიხილოთ.
© არილი