თარგმანი,  პორტრეტი

დიდი გეტსბი – უცოდველი გაიძვერა

The New York times-მა 17 ჟურნალისტს სთხოვა, აერჩიათ ხელოვნებიდან ერთი რამ, რაც ყველაზე ზუსტად გამოხატავდა ამერიკას. ჟურნალისტებმა დაასახელეს „ტედ ლასო“, „მაკულატურა“, „ჩამოსვლა“, „ის“ და სხვ. ფილმებთან თუ სერიალებთან ერთად, როს დაუთეტმა, რომელიც ათ წელზე მეტია, The New York times-ში პოლიტიკაზე, რელიგიასა თუ უმაღლეს განათლებაზე წერს, ამერიკის ყველაზე ზუსტ ასახვად „დიდი გეტსბი“ მიიჩნია:

„ვიფიქრე, თქვენთვის მომეყოლა ამბავი ახალგაზრდა, სიმპათიური შარლატანის შესახებ, რომელმაც ქონება უკანონო ბიზნესში დააგროვა, ყალბი იდენტობა შეიქმნა, გარკვეული ცნობადობა მოიხვეჭა და მერე ისე დააბრმავა და აცდუნა სხვა კაცის ცოლი, კინაღამ დაარწმუნა კიდეც, რომ მასთან ერთად გაქცეულიყო.

ვის მიიჩნევდით ამ ამბავში უდანაშაულო მსხვერპლად, გნებავთ, წამებულად? ალბათ, დაქორწინებულ ქალს ან მის მოტყუებულ ქმარს და არა კრიმინალსა და თვითმარქვიას, თუკი ამ ტექსტში ვერ ამოიცნობდით „დიდი გეტსბის“ მოკლე შინაარსს, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის, რომელიც მოგვითხრობს უცოდველი გაიძვერას შესახებ, რომელიც იმ მდიდარმა წყვილმა დატანჯა, რომლის ურთიერთობაშიც ცდილობდა ჩარევას.

სწორედ ეს შებრუნებაა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაა გეტსბი ფუნდამენტურად ამერიკული ტექსტი. მისი მთავარი გმირი აერთიანებს ჩვენი კულტურული იდენტობის ორ დაპირისპირებულ მხარეს – ჩვენს კომერციულ სიმდიდრესა და ჩვენს გულუბრყვილო იდეალიზმს, ჩვენს მატერიალურ მისწრაფებებსა და ჩვენს განცდას, რომ ღმერთის რჩეულები ვართ – ერთი მხრივ, აზრს, რომ უმწიკვლობა ქმედითი ადამიანების მახასიათებელია და, ამავე დროს, იმას, რომ მემკვიდრეობა და ქონება საეჭვოა და უპატიოსნო.

უდანაშაულობისა და კმაყოფილების, ნაივურობისა და გამოცდილების კონტრასტი  ამერიკული კულტურის მუდმივი ლაიტმოტივია. მაგრამ ფიცჯერალდის რომანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ აქ ფულის მოხვეჭის არალეგალური გზაც კი უდანაშაულობის სივრცეში თავსდება, განზრახვის სიწმინდე კი ფარავს ცოდვების სიმრავლეს.

აქედან გამომდინარე, ეს მოქმედებს იმაზე, რომ ნაწილობრივ შეეთვისონ ერთმანეთს ამერიკის ქრისტიანული მემკვიდრეობა (თავისი სკეპტიციზმით ღმერთისა და მამონას მსახურების შესახებ) და გამდიდრების უსაზღვრო შესაძლებლობები. გეტსბიში სიმდიდრე ცუდ გავლენას ახდენს ადამიანზე, რადგან ან ტომი და დეიზი ბიუქენენების მსგავსად გულგრილობითა და ინდიფერენტულობით გავსებს, ან იმ უგულო მანიპულატორებს გამსგავსებს, რომლებიც გეტსბის თავისი ინტერესებისთვის იყენებდნენ. მაგრამ განსხვავებული საკითხია სიმდიდრის დაგროვება. ამ გზაზე შენი უცოდველობის შენარჩუნება შეგიძლია მანამ, სანამ ფიცჯერალდისეული ამაღელვებელი მომავლისკენ ისწრაფვი, რაღაც მარადიული ხილვისა თუ სამოთხის მიწიერი ანალოგისკენ ილტვი. ამიტომაც ვეძახით ამას ამერიკულ ოცნებას.

ამიტომაც გვიყვარს ჩვენი რეალური ცხოვრების გეტსბები. მაშინაც, როცა აღზევდებიან და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეცემიან. ამაში ფიცჯერალდის რომანი შეცდა: როცა გეტსბის გარშემო ყველაფერი ინგრევა, ის მიტოვებული აღმოჩნდება, მისი პოპულარობა ქრება, დაკრძალვას კი არავინ ესწრება. მაგრამ, სინამდვილეში, ერთადერთი რამ, რაც უფრო გვაინტერესებს, ვიდრე ახალგაზრდა და მდიდარი მეოცნებე, რომელიც საიდუმლოდ ხალხის მოტყუებითაა დაკავებული, არის ახალგაზრდა და მდიდარი მეოცნებე, რომელიც სწრაფად მიიწევს მაღლა და მერე კიდევ უფრო სწრაფად ეშვება ძირს.

გაიხსენეთ სემ ბანკმენ-ფრედი ან ელიზაბეთ ჰოლმსი; ძველი პოზიციების დაკარგვა მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე წარმატებისკენ მიმავალი გზა, თუკი ადამიანებს გეტსბისეული თვისებები აქვთ, თავდაჯერებულობისა და გულუბრყვილობის კომბინაცია, რომელიც ჩვენც არსებითად მიგვაჩნია ჩვენში (მაგრამ თუ თაღლითობა მეტისმეტად განკერძოებულია, დაცემა ამდენად აღარ გვათრობს. ამიტომაც იყვნენ ჰოლმსი და ბანკმენ-ფრედი იკონები, ბერნარდ მეიდოფი კი უბრალო ბოროტმოქმედი გახლდათ).

„რომ ეცოცხლა, დიდი კაცი გახდებოდა“ – ამბობს გეტსბის მამა დაკრძალვის წინ. მაგრამ ახალგაზრდა გეტსბიმ, რომელიც გარდაიცვალა, მიაღწია ყველა ამერიკელის ფარულ მიზანს: ისე გამდიდრდა, რომ მაინც ედემის მოქალაქედ დარჩა და იყო უცოდველი სიცოცხლის ბოლომდე.”

© არილი

Facebook Comments Box