1923 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებულ შტატებში დევიდ ჰერბერტ ლოურენსის წიგნი გამოიცა. 2023 წელს, ასი წლის თავზე, „ესეები კლასიკური ამერიკული ლიტერატურის შესახებ“ კვლავ მიაჩნია მკითხველების ნაწილს იმ წიგნად, რომლის სათაურსა და შინაარს შორის ყველაზე დიდია შეუსაბამობა. სხვათა შორის, გვაქვს ქართული თარგმანიც: 2004 წელს კავკასიური სახლის მიერ გამოცემული.
ხსენებული წიგნი შეიცავს ესეებს მე-18 და მე-19 საუკუნეების კლასიკური ამერიკული ლიტერატურის წარმომადგენლების შესახებ. ზოგიერთი მათგანის (ნათანიელ ჰოთორნი, ჰერმან მელვილი, უოლტ უიტმენი და სხვ.) სახელი კვლავ საყოველთაოდ ცნობილია, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც, ზოგიერთისას კი (მაგალითად, რიჩარდ ჰენრი დანა) – ნელ-ნელა ივიწყებენ.
The New York Times-ის კრიტიკოსი ოლივერ სკოტი ლოურენსის ესეებს გამოცემიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ უბრუნდება:
„ეს წერილი არ იქნება გოდება იმის შესახებ, როგორ არავინ კითხულობს დიდებულ ძველ წიგნებს. არც მაშინ ჰყავდა ამ წიგნებს ბევრი მკითხველი, როცა პირველად დაიბეჭდა. მე იმის თქმა მინდა, რომ არასდროს არავის წაუკითხავს ეს წიგნები ისე, როგორც დევიდ ლოურენსმა წაიკითხა – ასე შეშლილივით ან ასე ორიგინალურად.
სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა წიგნსა და მის სათაურს შორის სიშორეს ვახსენებ. სულელური ფრაზაა, რომელიც პროფესორებმა შეიძლება მოიფიქრონ. უბრალოდ, სცადეთ ამ ხუთი სიტყვის (წიგნის სათაურის) მთქნარების გარეშე წარმოთქმა. მაგრამ ჩაიხედეთ შიგნით და მოულოდნელად გამოფხიზლდებით.“
სკოტი ლოურენსის განსწავლულობას უსვამს ხაზს – ლოურენსი იყენებს ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ლათინურ ციტატებს; მის ტექსტებში ხშირად შეხვდებით ალუზიებს, აღმოაჩენთ კავშირებს ანტიკურ პოეზიასა და თანამედროვე ფილოსოფიასთან…. მაგრამ სრულიად განსხვავებული და არამეცნიერულია მისი ტონი. ერთსიტყვიანი აბზაცები, ნახევრად-რიტორიკული შეკითხვები, უხეში წამოძახილები – ეს ყველაფერი მისი წიგნის წაკითხვას სოციალურ მედიაში პოსტებისა და კომენტარების თვალიერებას ამსგავსებს. უჩვეულოა მისი დამოკიდებულებაც მწერლებთან, რომელთა ტექსტებსაც განიხილავს: ზოგჯერ, უბრალოდ, ამბობს – „არ მომწონს“ (მაგალითად, ბენჯამინ ფრანკლინზე).
ამის მიუხედავად, მის ესეებზე ვერ ვიტყვით, რომ არასერიოზული ან ზედაპირულია. სკოტის თქმით, ლოურენსის ცოცხალი, მოურიდებელი ენა გვახსენებს, რომ კრიტიკა მხოლოდ გონების ჩართულობას არ მოითხოვს. მისი არგუმენტები ორიგინალური და დახვეწილია – ჩანს, როგორი ყურადღებიანია ავტორი დეტალების, სტილისა და ფორმის მიმართ; როგორ უკავშირებს ისტორიას მითს და პირიქით; და როგორი ემოციურობითა და თანაგანცდით აკეთებს ამ ყველაფერს.
ამ მხრივ, წიგნი ირეკლავს თავის საკვლევ საკითხს: ავტორები, რომლებსაც ის განიხილავს, ჰგვანან იმ კულტურას, რომელშიც ჩამოყალიბდნენ. ამერიკული კულტურის მსგავსად, ისინიც საპირისპირო იმპულსებს ატარებენ თავიანთ თავში. ერთი მხრივ, ესაა მორალისტური, „კარგად მოქცევის“, ცივილიზებულობის აუცილებლობა (როგორც იმპულსი, როგორც მამოძრავებელი ენერგია) – ესაა ძალები, რომლებსაც ლოურენსი უწოდებს იდეალიზმსა და დემოკრატიას, თუმცა არცერთი არ აღელვებს მაინცდამაინც. ფრანკლინიც ამ ტენდენციის განსხეულებად მიაჩნია: „ტიპური ამერიკელი, მშრალი, მორალური, უტილიტარისტი პატარა დემოკრატი“ – ასეთი დახასიათების შემდეგ უკვე გასაგებია, რატომ არ მოსწონს ფრანკლინი.
ამერიკის კრიტიკა, ქვეყნის, რომელშიც ლოურენსი 1920-იან წლებში მოგზაურობდა, ქვეყნის, სადაც ერთხანს ცხოვრობდა კიდეც, გულისხმობს ამერიკელი მწერლების კრიტიკასაც და პირიქით. ამერიკელი მწერლები ერთდროულად მისი მოწინააღმდეგეებიც არიან და მოკავშირეებიც. ან, უფრო ზუსტად, მათ მიერ გაცხადებული შეხედულებები საძულველია მისთვის, მაგრამ მათი ნამუშევრები ამჟღავნებს იმ ყველაფერს, რაც ლოურენსის აზრებს, სიმართლეზე მისეულ წარმოდგენას ემთხვევა.
„ორი საპირისპირო მორალი – ხელოვანისა და მონათხრობის. არასოდეს დაუჯერო ხელოვანს. დაუჯერე მოთხრობილ ამბავს“ – ასეთია მისი დამოკიდებულება.
ამბავი, რომელსაც კლასიკური ამერიკული ლიტერატურა ჰყვება, ძალადობის, კონფლიქტების, ბოროტების ამბავია. სწორედ ეს ამბები მიაჩნია ლოურენსს ამერიკისთვის ავთენტურად: „ამერიკის ფუნდამენტური ბუნება არის მძიმე, იზოლირებული, სტოიკური და მკვლელი. ეს ჯერ კიდევ არ შერბილებულა“.
„რთულია, დაეთანხმო ასეთ ფორმულირებას, მაგრამ არც წინააღმდეგობის გაწევაა იოლი. როგორც უნდა გვინდოდეს ამის უარყოფა, რასობრივი ძალადობა ცენტრალური ნაწილია ჩვენი ისტორიის.“ – აღნიშნავს სკოტი.
როგორი უსიამოვნოც უნდა იყოს ამერიკის ასეთი დეფინიცია, ეს ერთი მხარეა, მეორე მხარე ფრანკლინის დადებითი განწყობა და ინდუსტრიალიზაციაა. ამ ორ შორის დაძაბულობა კი, შესაძლოა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლიტერატურული ამპარტავნება. ამის გარეშე, შესაძლოა, ამერიკული ლიტერატურა არც არსებობს.
„ის, რაც ლოურენსმა თავისი ორიგინალური, მგრძნობიარე წაკითხვისას დაინახა, იყო დაყოფა, პოლარიზაცია და წინააღმდეგობა. არა იმდენად ფრაქციების, პარტიების, რეგიონებისა თუ რასების – ჩვეულებრივი პოლიტიკოსები მას არ აინტერესებს – არამედ ინდივიდების გულებისა და კოლექტიური სულის.“ – ვკითხულობთ სტატიაში.
© არილი