ინგლისურიდან თარგმნა ნინა კაკაშვილმა
ზოგჯერ თომას ვულფის სახელი საგამომცემლო ისტორიასთან უფრო მძაფრ ასოციაციას იწვევს, ვიდრე ამერიკული ლიტერატურის მატიანესთან. ეს ფაქტი უმთავრესად – ვულფისა და მაქსუელ პერკინსის ურთიერთობას ეფუძნება. პერკინსი თავმდაბლურად ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობასა თუ პრივილეგიას – გაეკონტროლებინა და ფანქრით გადაეშალა რამდენიმე თუ – ათასობით სტრიქონი. თომას ვულფი კი დიდი ენერგიითა და არც თუ მომჭირნედ იყენებდა თავის მწერლურ ნიჭს და სტრიქონებს ფურცლებად ახვავებდა. ხშირად, პერკინსის მიერ შემოკლებული ადგილების გადასაბმელად ვულფი კვლავაც “საჭიროზე გრძელ” აბზაცებს თხზავდა.
თომას ვულფი, ოცდათვრამეტი წლის ასაკში, დასავლეთში მოგზაურობისას ფილტვების ანთებით დაავადდა და ბალტიმორში, ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გიგანტურობა ვულფის ყოველმხრივ დამახასიათებელი ნიშანი იყო: ის იყო ექვსნახევარი ფუტის სიმაღლის, ტლანქი, მაგრამ შთამბეჭდავი, შესანიშნავი გარეგნობის და ამასთან – საშინელი ლოთი, ჩხუბისთავი, უზარმაზარი რომანების თხზვაში ღამეების მთენებელი. იგი დაუსრულებელ ძიებაში იყო როგორც მწერალი და როგორც ადამიანი. სახლიც ამიტომ მიატოვა და განუწყვეტლივ მოგზაურობდა. ვულფის ნაწერებში უჩვეულო სიხშირით მეორდება სიტყვები: “დაკარგულო, ო, დაკარგულო” და კიდევ – “შიმშილი”; შიმშილი – გამოცდილების, გადარჩენის, დიდებისათვის. მისი ამბავი – ყოველი ნაბიჯი, ოჯახი, ნათესავები, მატარებლის ლიანდაგები, გზად შემოყრილი სახეები, პეიზაჟები, ხმები, ხსოვნაში მოელვარე სურათები – ვულფის წიგნებში ნაკადივით მოედინება. ამასთან – ვულფი ნამდვილი სამხრეთელია – მისი დახასიათებისას ეს დეტალიც ყოველთვის საგულისხმოა.
თომას ვულფი ეშვილში, ჩრდილოეთ კაროლინის ერთ პატარა, სასიამოვნო ქალაქში დაიბადა. მთის ჰაერი აქ ტურისტებს მრავლად იზიდავდა და ქალაქი სავსე იყო დიდი და პატარა სასტუმროებით. მთელ ამ კომერციულ ქსელს თომას ვულფის დედამ ერთი ღარიბული, პატარა სასტუმრო “კენტუკი ჰოუმი” მიამატა, რომელსაც “სახლს მოხედე, ანგელოსში” ვულფმა “დიქსილენდი” უწოდა. რადგანაც მთის ჰაერი ჭლექიანებს არგებდათ, ეშვილს ფილტვებით ავადმყოფებიც ეტანებოდნენ.
თომას ვულფი ოჯახში უმცროსი ბავშვი იყო. შვიდი და-ძმა ჰყავდა. ერთ-ერთი, ძამიკო გროვერი ათი წლის ასაკში გარდაიცვალა. მამა, უ.ო.ვულფი წარმოშობით პენსილვანიიდან, ღარიბი ფერმერის ოჯახიდან იყო. ადრე დაობლდა და შეგირდად ქვისმთლელს დაუდგა. ხელი უბრალო საფლავის ქვების თლასა და ზედ დეკორატიული ბატკნების და ანგელოზების ამოჭრაში გაიწაფა. ეშვილში საცხოვრებლად ვულფი ჭლექით დაავადებული ცოლის გამო გადავიდა და სახლი აიშენა. ქალის გარდაცვალების შემდეგ მან ცოლად თომას ვულფის დედა შეირთო. მამა თავისი ხელობით მუშაობდა, მაგრამ ლოთობდა და ოჯახში სკანდალებს მართავდა. ხშირად, ქუჩიდან უგონოდ მოსულს ცოლი კარს არ უღებდა; და ასე – ორმხრივ სიძულვილში გრძელდებოდა მათი ქორწინება.
შვილის წიგნებში მამის სახე დრამატულია, ტკივილითა და მარტოობით გატანჯული. მისი სიკვდილის სურათი მწუხარეა, მაგრამ ფურცლებზე – მისი სიცოცხლეც იგივე წუხილითა და იმედგაცრუებითაა დამუხტული. ის საშინელი მამაა, თვითონაც – ბედისწერისგან დაშინებული. მის სასიკვდილო სარეცელთან:
“მრისხანებით სავსე ცხოვრებიდან, ძალისა და მღელვარებისგან კვალიც არ დარჩა – მისი ხელების გარდა. ხელები კი – კვლავაც — ქვისმთლელის გიგანტური ხელები იყო – ძველებურად ძლიერი, დაძარღვული და ბალნიანი და ახლა შემაძრწუნებელ კონტრასტს ქმნიდა – საფრთხობელას მომჩვარულ სხეულზე დაკრეფილი”.
როდესაც მამის წარმომავლობა გაურკვეველია და უმჯობესიცაა – ჩრდილში დარჩეს, სამხრეთში (და ალბათ, ყველგან) მთელი მემკვიდრეობითი ტვირთი დედაზე გადადის-ხოლმე. ელიზა განტის ნამდვილი გვარი უესტოლი იყო. რომანებში ეს გვარი პენტოლდად არის მოცემული. მამამისი მაიორი პენტოლდი იყო. “პენტოლდების ოჯახი ნებისმიერი მკვიდრი ოჯახივით ძველი, მაგრამ ყოველთვის ღარიბი იყო და არისტოკრატიულობაზე პრეტენზიას არ აცხადებდა”.
ელიზა განტი – ნაწარმოებებშიც და ცხოვრებაშიც – განსაკუთრებული ფენომენია. ის სამოქალაქო ომის წინ დაიბადა და თან დაჰყვა საქმიანი ქალის ყველა თვისება, როგორც ვთქვათ, ზოგიერთ გოგოს სილამაზე დაჰყვება ხოლმე. საკუთრება, უძრავი ქონება – მისი მოწოდება იყო. ქმრის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა: სიკვდილში ფული არ არის, ხალხი ძალიან ნელა იხოცებაო. 1904 წელს ელიზა ბავშვებთან ერთად სენტ ლუისში გაემგზავრა და იქ სცადა ბიზნესის წამოწყება, მაგრამ უშედეგოდ და ისევ ეშვილში დაბრუნდა (ნაწარმოებებში ქალაქს – ალტამონდი ჰქვია) და “დიქსილენდი” იყიდა, რომლის შეხუთული ჰაერიც ბავშვებს მცენარეებივით აჭკნობდა; მაგრამ არა თვითონ ლუიზას – სასტუმროს მეპატრონესა და მენეჯერს:
“დიქსილენდი” დიდი, უბრალო კონსტრუქციის სახლი იყო – თვრამეტი-ოცი მაღალჭერიანი ოთახით. დაუგეგმავი შენობის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ჭუჭყიან ყვითლად იყო შეღებილი… ზამთრობით ქარი ზუზუნებდა მის ღრიჭოებში… ოთახები პატარა ბუხრებით თბებოდა და როდესაც შეშას შეუკეთებდნენ, ქვემო სართულები ჭვარტლით, ხოლო ზემო სართულები – კვამლით ივსებოდა”.
ამ აჩონჩხილ “სისხლიან თავლას”, როგორც მას მამა უწოდებდა – ელიზა თავდაუზოგავი შრომითა და მომჭირნეობით მართავდა. ძუნწი ბუნება ჰქონდა და დამხმარედ ფერადკანიანები არ აჰყავდა. უკეთეს ოთახებს კარზე მიმაგრებული ჰქონდათ აბრა: “არა სნეულთათვის”, მაგრამ “დიქსილენდის” კარი ყველასთვის ღია იყო. კლიენტის შესახებ, რომელიც საშინლად ახველებდა, დიასახლისი ამბობდა – უბრალოდ, ბრონქები აწუხებსო; საეჭვო ყოფაქცევის გოგოებს ის გართობისმოყვარე სასიამოვნო ახალგაზრდა ქალებს უწოდებდა. კლიენტების წასვლამდე ბავშვები სამზარეულოში სადილის ნარჩენებს ჭამდნენ და სხვენის ოთახებში ეძინათ. ავადმყოფი მამა ძველ სახლში ცხოვრობდა და თავის ქალიშვილებს, რომლებიც უვლიდნენ, ბუზღუნით მოძღვრავდა. იმ დროს პატარა ქალაქებში ეკლესიას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ვულფები პრესბუტერიანელები იყვნენ – ადგილობრივ მორწმუნეთა საშუალო ჯგუფს ეკუთვნოდნენ. ისინი ქედს უხრიდნენ უფრო მდიდარ ეპისკოპალინებს, მოწყალების თვალით უყურებდნენ მეთოდისტებს, ხოლო ბაპტისტებს ცხვირს უბზეკდნენ; თუმცა – ვულფების ოჯახი ეკლესიაში არც თუ მაინცდამაინც ხშირად დადიოდა. “სახლს მოხედე, ანგელოსო”-ში განტები ეშვილის შუაგულში ტყის პატარა ნაკვეთს ფლობდნენ და ჯგუფურად ცხოვრობდნენ.
თომას ვულფმა, რომელმაც იუჯინ განტი დაირქვა, უღრანი ტყიდან გამოაღწია და გასაოცარ წარმატებებს მიაღწია: იმდენს კითხულობდა და სწავლობდა, რომ ამ პატარა ქალაქში, იოლად მიიპყრო საჯარო სკოლი ინგლისურის მასწავლებლის ყურადღება (ინგლისურის მასწავლებელი: ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ის არაერთხელ გამოჩნდება, როგორც მითიური ქმნილება, საბრალო ობლებისთვის გზის გამკვალავი). ქალაქში კერძო სკოლა გაიხსნა და ვულფიც იქ ჩარიცხეს. გადასახადის ხსენებამ ოჯახში ნამდვილი ჭექა-ქუხილი ატეხა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი თომასის სასარგებლოდ გადაწყდა. ახალი სკოლა, სადაც ლათინურს, შექსპირს, კლასიკურ ლიტერატურას სწავლობდა, ვულფმა წარჩინებით დაამთავრა. აქედან მოყოლებული, ის მხოლოდ წინ და ზემოთ მიიწევს. ოჯახში მის კოლეჯში გაგზავნაზე დათანხმდნენ. აქედან ვულფი პრინსტონში ან ვირჯინიის უნივერსიტეტში მოხვედრაზე ოცნებობდა, მაგრამ დედის სურვილის მიხედვით, სწავლას ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში აგრძელებს. და აი, “სახლს მოხედე, ანგელოსო”-ს ფინალში ვულფი ჰარვარდში წასასვლელად ემზადება. ამის შესახებ უკვე შემდეგ რომანში – “დროისა და მდინარის შესახებ” გვიამბობს.
როცა “სახლს მოხედე, ანგელოსო” გამოქვეყნდა, ვულფი ოცდაცხრა წლის იყო. ჰარვარდში იმ რწმენით წავიდა, რომ დრამატურგი გახდებოდა, მაგრამ მის პიესებს მოწონებით არ შეხვედრიან. თვითონ “სახლს მოხედე, ანგელოსოს” დაბეჭდვაზეც სამმა გამომცემელმა თქვა უარი და ბოლოს წიგნი “სქრიბნერს”-ში მოხვდა. აქ ნაწარმოებმა ინტერესთან ერთად პრობლემებიც აღძრა – “სიდიდესა და სხვა ნიუანსებთან დაკავშირებით”. როგორც აღვნიშნეთ, ამ პრობლემების გადაჭრას, ტექსტის დამუშავებასა და გამოცემას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და ამ პერიოდში მაქსუელ პერკინსის ვულფთან მეგობრობისა და პაექრობის შესახებ გაცილებით მეტია დაწერილი, ვიდრე იგივე გამომცემლის – ფიცჯერალდთან და ჰემინგუეისთან პროფესიული ურთიერთობის თაობაზე.
ფრაზა “ო, დაკარგულო” – ვულფის რომანის ყველა პერსონაჟსა და სახეს ეძღვნება. მთლიანად კი – ეს არის წიგნი იუჯინ განტის, მთიდან ჩამოსული გაუთლელი ბიჭის შესახებ, რომელიც:
“სრულ სიმარტოვეს ესწრაფვოდა. მის ბნელ წარმოსახვაში ზღვების, მიწის ქვეშ პირქუში ციხე-კოშკების, ელფების სამეფოები ჩამარხულიყო… აქ იგი “ცისტერნებიდან” ისუნთქავდა ჟანგბადს, მთის ფერდის ღრიჭოდან უთვალთვალებდა ქარიან გზებს, რომლებზეც შეიარაღებული კაცები მის კვალს დაეძებდნენ… მიწისქვეშა ტბებში მსუქან თევზებს დაიჭერდა; მიწის ვეებერთელა ქვევრები ღვინით ექნებოდა ამოვსებული… ის მსოფლიოს მოსტაცებდა უთვალავ საგანძურს, ულამაზესი ქალების ჩათვლით და მის სამყოფელს ვერასოდეს ვერავინ მიაგნებდა”.
თომას ვულფი მოხეტიალე რაინდია, რომელსაც სდევნიან, ის კი – თავის მიწისქვეშა სამყაროში მშვიდად მიეცემა განცხრომას. ადრეული თავგადასავლებიდან მოყოლებული, ვულფი თავის ყოველ ნაბიჯს, ფანტაზიასთან შეზავებულს, წიგნებში ასახვას. თუმცა, ამ წიგნებში სხვა პერსონაჟებიც უხვად არიან, – ყველა და ყველაფერი, რაც მის წარმოსახვას აღაგზნებს: სკოლის მეპატრონე, მასწავლებლები, ჩეპელპილში ლოთობის ღამეები, “დიქსილენდის” მდგმურები, მისი და-ძმები, მათი მეუღლეები, გაცრუებული იმედები, ავადმყოფობები და სასიკვდილო სარეცლები.
იუჯინ განტის გარშემო ერთმანეთს ებრძვიან ცხოვრების წუთიერება და სიცოცხლით გაუმაძღარი ხალხი. თვითონ კი იგი გიგანტურ, აბსტრაქტულ გმირად ქცეულა:
“ის გრძნობდა, რომ მნიშვნელობა არა აქვს – კეთროვანის რა სამარცხვინო დაღიც არ უნდა დაჰქონდეს ხორცით, მასში არის სიჯანსაღე, სხვათა წარმოსახვის უნარს რომ აღემატება – რაღაც ცეცხლოვანი და სასტიკად დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი, რომელსაც ვერ ჩაძირავს მდინარის ეს საშინელი დინება; რაღაც სასოწარმკვეთი და ულმობელი, რომლის მიღმაც ფარული, ენით უთქმელი ვნებები იმალება და რომელიც აერთიანებს ამა სოფლის ყველა ტრაგიკულ მკვიდრს”.
“სახლს მოხედე, ანგელოსო” ვულფმა მაშინ შექმნა, როცა ჰარვარდში უკვე დაცული ჰქონდა მაგისტრის ხარისხი და პროფესორების – ბეიკერისა და ლოუესის რეკომენდაციებით ვულფმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კოლეჯში ინგლისურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პირველი სემესტრის დასასრულს “ღარიბი ბიჭი” კვლავ სამოგზაუროდ გაეშურა: როგორღაც დედამისს სამოგზაუროდ ფული გამოსძალა. დაახლოებით ერთ წელიწადში ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია შემოიარა და დროის ეს მონაკვეთი შემდეგ მის წიგნად იქცა “დროისა და მდინარის შესახებ”. შინისკენ მიმავალ გემზე ვულფი შეხვდა ელინ ბერნსტაინს, ნიუ-იორკელ, საკმაოდ ცნობილ სასცენო კოსტიუმების დიზაინერს. ამ ქალბატონმა, მოგვიანებით, საკუთარი თავის შესახებ “კლდე და ქსელში” ამოიკითხა. ბერნსტაინის დახმარებით ვულფმა პიესების დადგმა ხელახლა სცადა; შემდეგი ერთი სემესტრის განმავლობაში მასწავლებლობდა; მერე კვლავ საზღვარგარეთ იმოგზაურა და ამჯერად მოგზაურობის ხარჯები ელინმა დაფარა. და ბოლოს, დაიწყო “სახლს მოხედე, ანგელოსო”-ს წერა. წიგნი “სქრიბნერს”-მა მიიღო და წინააღმდეგობებით გატანჯული ავტორი მადლიერების გრძნობით დათანხმდა ნაწარმოების შეკვეცას. თუმცა, ეს ყოველივე გამომცემლობის ისტორიაში სისხლიან ფურცლად უნდა ჩაითვალოს.
ამ პერიოდში ვულფის შედარებით მცირე ზომის ნაწარმოებმა – “ბასკომ ჰაუკის პორტრეტი” Scribner‘sMagazine-ის კონკურსში გაიმარჯვა და 5000-დოლარიანი პრემია მიიღო. რაც შეეხება ვულფის, როგორც მასწავლებლის კარიერას, “ყველა მასწავლებელი ფიქრობდა, რომ ის მსახიობს ჰგავდა და ყველა მსახიობი ფიქრობდა, რომ ის მასწავლებელს ჰგავდა”. ლექციების დროს სრულიად ბუნებრივად ჩაურთავდა ხოლმე თავისი მოგზაურობებისა და თავგადასავლების სურათებს. ხოლო თავის ნაწარმოებებში ვულფი, მიუხედავად ამდენი მოგზაურობისა და სწავლისა, კვლავაც სოფლელ ბიჭად რჩება და განაგრძობს სამყაროსთან საკუთარი ბავშვობიდან გამოყოლილი პრინციპებით ბრძოლას.
900-გვერდიანი “დროისა და მდინარის შესახებ”, რომელიც “სქრიბნერსში” ასევე შეკვეცეს, კვლავ დამატყვევებელი, ნიაღვრად მომსკდარი ნიჭითაა შეთხზული. ამ წიგნშიც ყველაფერი გიგანტურია. წარმოსახვაში მწერალი. “ასობით ქუჩას შემოივლიდა, მილიონობით ადამიანის სახეს შეხედავდა, წარმოიდგენდა მდინარეებს, მინდვრებს, მთებს; ათი ათასობით მძინარე ქალაქს; ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ყველაფერს თანადროულად ხედავდა”. ეს არის გამოცდილების, ახალგაზრდული მღელვარებისა და ენის საზღვრებთან დაუსრულებელი ბრძოლის ნაკადი. თვითონ 60.000-ტონიანი, შინისკენ მიმავალი გემიც სიზმრისეულ მოჩვენებას ჰგავს, რომელსაც სილუეტს სიტყვები ანიჭებენ: “ის შორიდან იწოვს კონტინენტებს, ზღვასა და მიწას შთანთქავს, უცხო სამყაროდან შემოსულივით მოცურავს, ირწევა და ელავს ევროპის ნაზი, სველი ცის საფარველქვეშ”.
“დროისა და მდინარის შესახებ” გვიამბობს საზღვარგარეთ ახალი მოგზაურობების, სასამართლო პროცესების, ელინ ბერნსტაინთან სასიყვარულო თავგადასავლისა და “სქრიბნერსთან” განხეთქილების შესახებ. ეს იყო ბოლო სქელტანიანი წიგნი, რომელიც ვულფის სიცოცხლეში გამოქვეყნდა. “კლდე და ქსელი” და “შინ ვეღარ დაბრუნდები” “ჰარპერის” მიერ ედუარდ ესვილის გარედაქტირებული ხელნაწერიდან გამოიცა. “სქრიბნერსთან” და მაქსველ პერკინსთან განხეთქილება ჩახლართული, დაძაბული ემოციებისა და ვითარების შედეგია: ვულფს მომდევნო წიგნებისათვის კონტრაქტი არ გაუფორმეს, არც თუ ხელსაყრელი ფინანსური პირობები შესთავაზეს და მთავარი მიზეზი კი ის გულისდაწყვეტა უნდა იყოს, რომელიც ვულფმა ჭორების გამო განიცადა. ამ ჭორების მიხედვით პერკინსი მისი ნაწარმოებების თანაავტორი თუ არა, ის პიროვნება მაინც იყო, ვინც ქაოსური, გამოუქვეყნებელი ფურცლები წიგნად მოაწესრიგა. “სახლს მოხედე, ანგელოსოს” ორიგინალური ვერსიის, “ო, დაკარგულოს” წინამდებარე გამოცემა ცხადყოფს, რომ ერთადერთი, რაც მას შეეძლო – თერძივით წიგნის საკუთარ თარგზე გამოჭრა იყო.
“კლდე და ქსელი” და “შინ ვეღარ დაბრუნდები” – თითოეული 700-გვერდიან წიგნად “ჰარპერის” მიერ ედვარდ ესვილის რედაქტორობით გამოიცა. მათში მთხრობელის სახე ვულფმა იუჯინ განტის მაგივრად ჯორჯ ვებერად შეცვალა, რადგან გამომცემლები და მიმომხილველები გამუდმებტთ აკრიტიკებდნენ მის წიგნებს “ზედმეტი ავტობიოგრაფიულობის გამო”… მოგვიანებით პერკინსმა ამ ცვლილებას “საშინელი შეცდომა” უწოდა.
წიგნში “კლდე და ქსელი” ესვილმაც საკუთარი ჩანართები გააკეთა. ეპილოგად ჩაამატა ვულფის დაუმთავრებელი და გაუგზავნელი წერილი. ხოლო მეორე ნაწარმოებში – “შინ ვეღარ დაბრუნდები” – რენდი შეპერტაინის სახელით ცნობილი პერსონაჟი მთლიანად ესვილის წარმოსახვის ნაყოფია. როგორც ვულფის ბიოგრაფი წერს: “ესვილის ჩარევამ სერიოზულად დააზიანა ვულფის ტექსტის მთლიანობა. არათუ საჭირო, ეს ჩარევა ლიტერატურული და ესთეტიკური თვალსაზრისითაც მიუღებელი იყო”.
“კლდე და ქსელი” ვულფის მიერ საგამომცემლო და კრიტიკული შენიშვნების თავიდან აცილების მცდელობაა. წიგნი შენიღბულია გულგრილი თხრობითი ფორმით. აქ ჯორჯ ვებერს ახალგაზრდობაში “ბერს” უწოდებენ, მას ახალი ოჯახი ჰყავს – ჯოინერების გვარის, რითაც წინა წიგნებში მოცემული ელიზა განტის გვარი ჩანაცვლდა. ამ წიგნში იუჯინ განტი ჯორჯად, დედისერთად იქცა. დედის დაღუპვის შემდეგ იგი საცხოვრებლად ჯოინერებთან გადადის. ზრდის დეიდა მაუ, შინაბერა, “დაჟანგული იღბლის გვირგვინოსანი”. შეცვლილია სკოლის სახელიც, ბევრი რამე გამოგონილია, მაგრამ იუჯინ განტ-ვებერის ახირებული სურვილი უცვლელია – იგი ცდილობს თავისი ცხოვრების ყოველი ნაბიჯი აღბეჭდოს.
მწერლის უკანასკნელი წიგნები “კლდე და ქსელი” და “შინ ვეღარ დაბრუნდები” ვულფის სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ გვიამბობს. ელინ ბერნსტაინს ვულფი ევროპიდან შინ მიმავალ გემზე დაშორდა. ვულფმა ქალს წერილი მისწერა, რომელშიც შეხვედრას სთხოდა და ელინი დათანხმდა. ბერნსტაინი ცნობილი მსახიობის, ჯოზეფ ფრანკაუს ქალიშვილი იყო; კოსტიუმების დიზაინერის მშვენიერი კარიერა ჰქონდა, გათხოვილი იყო მდიდარ ბიზნესმენზე, ჰყავდა ორი შვილი, იყო თომას ვულფზე თვრამეტი წლით უფროსი და ებრაელი. რომანებში ის ესთერ ჯეკის სახელითაა ცნობილი და ვულფისთვის იგი: “მსოფლიოში ულამაზეს ქალად იქცა… ქმნილებად, რომლის სახესთან ერთადაც იგი წლების მანძილზე იხეტიალებდა ხალხით გადაჭედილ ქუჩებში”.
ისინი მანჰეტენში თეატრალურ წარმოდგენაზე მიდიან და ვულფს, ჯერ კიდევ იმედით აღსავსე დრამატურგს, საბოლოოდ იპყრობს აუდიტორიის ზიზღი. ეს გადაპრანჭული ხალხი უეცრად მის მტრად იქცევა და “მზად არიან მთლიანად ამოთხარონ, გააპარტახონ მისი ნაწერები, თუკი ამის უფლებას მისცემს”. ნიუ-იორკში ვულფს ხშირად იპყრობს დეპრესია. მისი შეყვარებული ერთადერთი ნათელი ქმნილებაა, “თითქოს სრულიად სხვა, უბრალო სიხარულის, სიტკბოებისა და ბუნებრიობის სამყაროს ეკუთვნოდეს”.
ესთერ ჯეკი მხიარული, ენერგიული და ერთგული “ტყვეა სიყვარულისა”. ჯორჯ ვებერის საცხოვრებელი ჭუჭყიანი და ნესტიანია. ქალი მისთვის მშვენიერ ბინას ქირაობს და თავისი სახლიდან მოტანილი ავეჯით აწყობს. ჯორჯისთვის, ფერმერის ცოლივით დიდებულ კერძებს ამზადებს, თან ცნობილი ადამიანებისა და მდიდრული წვეულებების შესახებ უამბობს. ჯორჯი კი, მას რომ უსმენს, იმაზე ფიქრობს, რომ ესთერს “შეუძლია, ყოველივე ამის ნაწილი იყოს”, მაშინ როცა – “მოსახლეობის ნახევარი ჭუჭყსა და ნაგავში ცხოვრობს”. ეს ფიქრი აეკვიატება, აცოფებს და ხანდახან მიუბრუნდება ქალს, მწარე ბრალდებებით, უხეში სიტყვებით ლანძღავს; აგინებს “მთელ ამ მილიონერი ებრაელებისა და დახვეწილი ესთეტიკოსების ბრბოს, რომლებსაც იგი ეზიზღებათ”. ქალი პასუხობს: “მათ არც უყვარხარ და არც სძულხარ. მათ უმრავლესობას შენს შესახებ არც სმენია”. ამ ადამიანების ურთიერთობა წყდება და ჯორჯი საზღვარგარეთ თავის მეშვიდე მოგზაურობას იწყებს. მიუნჰენში, სიმთვრალეში ატეხილი ჩხუბის შედეგად საშინლად არის ნაცემი.
“შინ ვეღარ დაბრუნდები” კვლავ ესთერ ჯეკს უბრუნდება. წიგნი უცნაური სურათით იწყება – ვულფის შეყვარებულის ქმრის, მისტერ ჯეკის აღწერით. კაცი 1929 წლის საბირჟო კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე თავის მდიდრულ ბინაში, პარკ ავენიუზე იღვიძებს. აბაზანა, სადაც მისტერ ჯეკი პირს იპარსავს, სავსეა ათასგვარი ოდეკოლონებისა და კრემების კოლოფებით… შემდეგ ის დილის ვარჯიშს ასრულებს…” და ა.შ. ეს არის პორტრეტი წარმატებული ბიზნესმენისა, რომელსაც მაღალ საზოგადოებაში მყარი ადგილი უკავია, “ბუნებით დინჯი და მეგობრებისთვის საკმაოდ გულუხვი კაცია. ვულფის შინაგან სამყაროს კი, მის “სტრიქონებით მოწამლულ” ღამეებს სრულიად კონტრასტული კონფლიქტი გაუჩაღებია ყოველგვარ კომფორტთან და ძალაუფლებასთან. ის წერს მდიდრული წვეულების შესახებ, სადაც, ხანძრის დროს მდიდარი, მოხუცი ქალის გადასარჩენად ლიფტიორები იღუპებიან. ჯორჯისთვის ეს კვლავაც იმის შეგრძნებაა, “რომ სოციალური სტრუქტურის მთელი ეს ფუტურო პირამიდა – უბრალო ადამიანების სისხლს, ოფლსა და ტანჯვას ემყარება”. ეს მისი ესთერი ჯეკთან განხეთქილების მომასწავებელია.
ელინ ბერნსტაინი ვულფს ებღაუჭება. თვითმკვლელობით იმუქრება, ამბობს, რომ მათი სიყვარულის დასასრული მაქსუელ პერკინსის ბრალია. წიგნის მიხედვითაც, ჯორჯ ვებერს უბედურება მოაქვს ესთერ ჯეკისთვის, მაგრამ ქალი მაინც გამარჯვებულია, რადგან ის არის კაცის ბედნიერების, რომანტიკული სიყვარულის, ნარცისობისგან თავისუფალი წუთების ერთადერთი მიზეზი.
ელინ ბერნსტაინის სიყვარულმა და ვულფის სტუდენტისა და შემდეგ – მეგობრის, ებრაელი აბრაჰამის სახემ მის ნაწერებში ანტისემიტიზმი შემოიტანა. არადა, მანამდე ვულფი ისე უყურებდა ებრაელებს, როგორც ნამდვილ საფრთხეს – მაშინდელ ამერიკაში ხელოვნებასა და ვაჭრობას რომ მთლიანად აკონტროლებდნენ.
და ისევ – ვულფი დაუსრულებლად უბრუნდება მშობლიურ სამხრეთს; მისი შემოქმედება თევზის ლაყუჩივითაა, გზადაგზა რომ ყლაპავს მის ოჯახს, ქუჩებს, მოქალაქეებს, ომის, ბრძოლების, სამხედრო სასამართლოების სურათებს, ევროპას, ამერიკას, ის მეტისმეტად ბევრ, გიგანტურ რაფსოდიას, ნაკადს მოიცავს, მკითხველს მრავალ ახირებას სთავაზობს. მთვრალი წიგნები აქვს, ზუსტად ისეთი, თვითონ რომ დაეხეტებოდა შუაღამის ქალაქში. და მაინც, მისი წიგნები გვატყვევებენ, რადგან ისინი დაწერილია მდიდარი, ნაყოფიერი ენით, უეცარი, ბრწყინვალე სახეებით, უჩვეულო უნარით – გზად შემხვედრი ყველა და ყველაფერი – სიტყვებად აქციოს.
© ”არილი”