პროზა (თარგმანი)

ელისონ ამენდი – ჯადოქმნილი ბანჯო

amend

ელისონ ამენდი – 1999 წელს დაამთავრა აიოვას შტატის მწერალთა დახელოვნების კურსები. ცხოვრობს ნიუ-იორკში, წერს რომანებს.

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

არ ვიცი, შეიძლება მოგვეჩვენა კიდეც, მაგრამ მერე ყველა ერთხმად გავიძახოდით, იმ ღამით ბენდის სიმღერაში ნამდვილად გაიჟღერა ჩვენი გოგონას სახელმაო. “ელსი, ელსი!” თითქოს გიჟური, ავბედითი მელოდიის გამოძახილი იყო ის ვაება, ასე ანაზდად რომ დაატყდა თავს ჩვენ ქალაქს, სახელდახელო, ნაჩქარევი გამოძიებაც და ელსის ეზოში საწყალობლად გარინდული საქანელაც.
დასაკეც სკამებზე და ძირს დაფენილ პლედებზე ვისხედით ტბის პირას, საზაფხულო ესტრადის წინ. ლუსკუმი, ქარიანი ღამე იყო (ესეც ნიშანი: მთელი ზაფხული ნიავი გვენატრებოდა), ესტრადის უკან ხეები ირწეოდნენ, თითქოს მუსიკის ჰანგებზე ცეკვას ეშურებოდნენ. სექტემბრის პირველ ორშაბათს, ანუ “შრომის დღეს” ეძღვნებოდა ის კონცერტი. პატარა ქალაქში ზაფხული მიწურულიყო, წლის დრო, როცა არხეინად ვისხედით ღია აივნებზე, ნება-ნება ვწრუპავდით ლუდს და უვარსკვლავო ცას ავყურებდით. ის ბენდი არ იყო ადგილობრივი: სხვა ქალაქიდან ჩამობრძანებულ კვარტეტს ვმასპინძლობდით. მანდოლინა, ბასი, გიტარა, ბანჯო! ვიღაც ხუმარამ ვიოლინო მოისაკლისა და ჩვენც მაშინვე ავუბით მხარი.
რატომ ვერ მივხვდით, რაღაც რომ უნდა მომხდარიყო? ოჰ, ის ქარიანი, უკუნი ღამე! და რაც უფრო ხშირად ვიხსენებთ ახლა, მით უფრო ბნელი და ქარიანი გვეჩვენება. მაშინ კი ვისხედით და ვცდილობდით გვემხიარულა. ხუმრობა ხომ არ იყო ის პიკნიკი: საქალაქო მასშტაბის გახლდათ. ქალაქის მერი ბენდს მიესალმა, ჩვენ მიღწევებზეც ესაუბრა და ისიც ამცნო, რომ მიხურული ქარხანა დღე-დღეზე ამუშავდებოდა. ბოლოს ჩვენებური, თბილი ზაფხულის ღამეებზეც გადაუკრა სიტყვა. ჩვენც ვისხედით და შევყურებდით მუსიკოსებს. კნაჭა გიტარისტს წითური წვერი ყურებთან შეთხელებოდა; ბანჯოს პატრონი პირწავარდნილი კოვბოი იყო, მრგვალღიპიანი; მანდოლინაზე პასუხისმგებელს ძალიან მაღალი ხმა ჰქონდა, წვრილი. ერთი სიტყვით, ფალცეტს უბერავდა (ქალი, ალბათ, სოპრანოს ამჯობინებდა მსგავს შემთხვევაში); აი, ბასზე დამკვრელს ჩვენებურიც კი ეთქმოდა, მეზობელი ქალაქიდან ჩამოსულიყო და ამიტომ ყველა მას შევციცინებდით. ცდილობდა დაბალ ხმაზე დაეკრა, მამაპაპურად, მაგრამ როცა რაღაც წამოუვლიდა, ისეთ სტაკატოს ამხეცებდა, ჰორორ-ფილმების მუსიკალური გამფორმებელი გაწითლდებოდა.
შებინდებისას მოზრდილი გოგო-ბიჭები აქეთ-იქით გაიფანტნენ სათამაშოდ, მინდორს მოედნენ (იმ მინდორშივე დაეცა კარავი ბენდს), მუსიკალურ პაუზებს ავსებდა მათი ჟივილ-ხივილი. ბანჯოს ჯეელი გულღიად იღიმებოდა, ქათქათა კბილებს აჩენდა წარამარა, გამორჩეულად საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა ციხის კედლებში გატარებული ახალგაზრდობა, სულიერი მარტოობა და დაგირავებული ქონების ვერგამოსყიდვა, შესაფერისი სევდიანი მუსიკით აფორმებდა. ჰალსტუხის წვერი ღიპზე ელამუნებოდა, მისი არჩივი ბანჯოს სიმები კი გრძელ ეშვებს გვაგონებდა.
მთელი ქალაქი ტბის პირას შეყრილიყო: მისტერ და მისის მილარდები ძლივს ეტეოდნენ დასაკეც სკამზე, თუმცა პლედში კოხტად შეფუთულიყვნენ. ჭყლოპინებდნენ და ტაშს უკრავდნენ, თან მუსიკის რიტმს აყოლებდნენ სოსისივით დაბერილ ფეხებს; ჯოჰანსონებს ჯიმი მოეყვანათ წითელი ეტლით და, შეიძლება ითქვას, აიძულებდნენ, პაწია ფეფებზე დაყრდნობილს ექანავა აქეთ-იქით, ცხადია, მასაც მუსიკის რიტმში; პეტერსონების ტყუპები კი, ერთნაირ წითელ ჯემპერებში ჩაჭედილები, ერთმანეთს თმაზე ექაჩებოდნენ. მერე ერთ-ერთი საშინლად აღრიალდა და მისის პეტერსონმა ძლივს გააშველა მოჩხუბრები.
ვულფსონები გაშლილ პლედზე ისხდნენ, ჩვენ წინ. თან თეთრი ღვინო და ყურძენი მოეტანათ. მისის ვულფსონს ვიწრო, შავი შარვალი და მოხდენილი სანდლები ეცვა, მხრებზე დაუდევრად მოეგდო მეუღლის კარდიგანი. მისტერ ვულფსონი ლამაზად გარუჯულიყო და ერთი ღერი თმაც კი არ აკლდა თავზე. მაშინ ვთქვით, მეტისმეტად ხანდაზმულები არიანო, მეტისმეტად ხანდაზმულები იმისათვის, რომ თორმეტი წლის ბიჭუნა ჰყავდეთ და იმისთვისაც, ასე საჯაროდ რომ იზასაონო. ისინი ყველასგან განსხვავდებოდნენ. ჩვენ ვერ გაგვეგო, როგორ შეეძლოთ ასე ეხალისათ, როცა “ძნელად აღსაზრდელი ბავშვი” ჰყავდათ, ნაშვილები, ალბათ ეკვადორის ჯუნგლიდან წამოყვანილი.
ჩვენს უკან მისის პორტერი ენას აწკლაპუნებდა, რითიც საკუთარ და ჩვენ გულისწყრომას გამოხატავდა. ამაში არაფერი იყო უჩვეულო: დღენიადaგ უბღვერდა ვულფსონებსა და იმათ გაბრიელს, შავტუხა მეექვსეკლასელ ბიჭს, თავის მოწაფეს, რომელიც სკოლაში სისხლს უშრობდა. ხან საცდელ თაგუნებს ვირთხის საწამლავს ახუხებდა, ხან მასწავლებლის საფულეში აფათურებდა ხელს, ხანაც რაღაც შემორჩენილ ჟურნალებს მოათრევდა კლასში და სურათისთვის თვალის ერთ შევლებაში ოცდაათ ცენტს აფცქვნიდა ბიჭებს. მეტისმეტად ავად მზირალი, მეტისმეტად ღვარძლიანი ჩვენ პატარა ქალაქს არა და არ ეკადრებოდა.
როჯანები ესტრადის მარცხნივ მოკალათებულიყვნენ. იქვე, სათამაშო მოედანთან, ბუჩქებით შემორაგული პატარა წრის შუაგულში მათი უფროსი გოგონა იჯდა და გულმოდგინედ უწნავდა თმას სხვა გოგონას. უმცროსი, ელსი, თავისი ხნის, ანუ შვიდიოდე წლის ბავშვებთან ერთად, მოფარებულში დაჭერობანას გაუმჯობესებულ ვარიანტს თამაშობდა.
რატომ, რატომ არაფერი გვითხრა გულმა? პატარა ელსი, საყვარელი, მიმნდობი, ქერათმიანი, ზურგზე გადაგდებული ორი ნაწნავით, ტოლ-მეგობრებში რომ ლაღობდა გულარხეინად! და გაბრიელი, ვითომ შემთხვევით დედას თვალში იდაყვი რომ უთავაზა, როცა იმან მოფერება დაუპირა, და მერე ტყისკენ რომ წაიზლაზნა გასაბოლებლად! მაშინ ვიფიქრეთ, ახლა ბიჭებს აიყოლიებს, იქ ბუჩქებს ცეცხლს წაუკიდებენ და მწერებს ფეხებს დააწყვეტენო.
ეს ყველაფერი ბოლო სიმღერის დროს მოხდა, რომლის სიტყვებიც გაფრთხილებად უნდა აღგვექვა ალბათ. “ელსი, ელსი!” თუმცა ვერც იმას დავიფიცებთ, რომ მაინცდამაინც ამ სახელმა გაიჟღერა. ხომ იცით, რა ძნელია კარგი ტექსტის სიტყვების დამახსოვრება. მერე რაღაც ცოცხალი მელოდია წამოვიდა, უთუოდ ჩვენს ასაცეკვებლად გამიზნული. პეტერსონების ტყუპებმაც არ დაახანეს, იქვე, ესტრადის წინ ირლანდიური ჯიგას სახესხვაობა წამოიწყეს. ამასობაში მილარდებმაც ბალახზე დაყარეს ლუდის ქილები, წამოცვივდნენ და ამოძრავდნენ. ყველა ავდექით, კალთიდან ფოთლები და ნამცეცები ჩამოვიფერთხეთ, ერთმანეთს ძმურად ჩავჭიდეთ ხელი და დავტრიალდით…
ქარმაც იმატა, სიბნელემაც და მუსიკის ტემპმაც. ის “ჩვენებური” ისე უკრავდა, თითქოს კოლეგებს მეტი სიდინჯისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მუსიკა მაინც გადაირია, ტექსტის სიტყვებიც უკვე თავში გვიგუგუნებდა. კვარტეტი უკრავდა, კვარტეტი მღეროდა და ჩვენც ვბუქნავდით, ვროკავდით, ვხტოდით. გიტარისტი მღეროდა ვიღაც გოგოზე, რომელსაც მატარებელი ეშმაკის შესახვედრად მიაქანებდა და, თუ არ ვცდებით, იმ გოგოს ელსი ერქვა. ტექსტი ისეთი, უკეთესს ვერ ინატრებდით, შესრულება კიდევ იმაზე უკეთესი… და მალე ბანჯოც გააქტიურდა, ის გრძელკისერა, ჟამთასვლისაგან საღებავდამსკდარი ბანჯო. მრგვალღიპიანი ეშხში შევიდა, ერთ ხელს კლავიშებზე აფარფატებდა, მეორეს, ხელოვნურფრჩხილებიანს (და ის ფრჩხილები ჭანგებს მიუგავდა), სიმებს ურტყამდა და ერთი მეორის მიყოლებით აყმუვლებდა. ისეთი ტანჯული იერი ჰქონდა, თითქოს ვიღაც მუსიკაში ეცილებოდა. შიგადაშიგ თვალს წყვეტდა ბანჯოს და უმწეოდ შემოგვყურებდა. მერე და მერე ძალიან გაუტია. იმ ჰანგებს უკვე აღარაფერი ეცხო “ჩვენებურის”. ცეკვა შევწყვიტეთ და შეპყრობილ ხელოვანს მივაჩერდით. მაგრამ მარტო ის ხომ არ იყო შეპყრობილი! მონუსხულიყო ჩვენი ქალაქი, ჩვენი ესტრადა… იმ შეპყრობილის ფერხთით დაგვეგო ფიანდაზად ჩვენი პლედები.
ბოლოს გაჩერდა. ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი მილარდებმა დასცხეს ტაში და აღავღავდნენ. ბანი მივეცით, ვყმუოდით და ფეხებს ვაბაკუნებდით. მუსიკოსები მადლობის ნიშნად თავს გვიკრავდნენ.
კონცერტი დამთავრდა და ჩვენც დავეშურეთ აბარგებას, წამოვკრიფეთ ჩვენი ავლა-დიდება და როცა კალათებში ვაწყობდით შემწვარი წიწილის ნარჩენებს და კოკა-კოლას ნაკლულ ბოთლებს ბალახზე ვცლიდით, მისის როჯანის ხმაც შემოგვესმა – თითქოს წეღანდელი სიმღერის გამოძახილი – “ელსი, ელსი!” მისის ვოლფსონმაც იმ ბასისტივით დაიბუბუნა: “გეიბ, გაბრიელ!” ჩვენ კი, ჯერ ისევ ატაცებულებს, გიჟური რიტმით გაბრუებულებს (სულ ცოტა ხნის წინ ქარწაღებული ფოთლებივით რომ ვფარფატებდით), საკუთარი თუ სხვისი გუდა-ნაბადის აკრეფაში გართულთ, აზრადაც არ მოგვსვლია შეშფოთება. აი, სხვა ქალაქში (თუნდაც ჩვენი ქალაქივით პატარაში) ელსი სახლში დაბრუნდებოდა, გაბრიელიც თავისი მშობლების მანქანისკენ წაიზლაზნებოდა და მოსაფერებლად განწყობილ მამილოს შეუღრენდა… და ვიდრე მრგვალღიპიანი ბანჯოს ბუდეში ჩაასვენებდა და ამ ბუდის საკეტს გააჩხაკუნებდა, იმ საშინელებას არ ვიხილავდით. სხვა ქალაქში არ იპოვიდნენ ელსის ესტრადის უკან, მაღალი ხის ქვეშ, სახეზე კაბაწაფარებულს, ყელზე ნაწნავებშემოჭერილს. უნდა გვახსოვდეს… თუმცა, რა “უნდა”? ბიჭების ნათქვამის დავიწყება ისედაც არ შეიძლება! ძლივძლივობით ამოღეჭეს მერე, გაბრიელმა თვითონ გვითხრა, ტრაბახობდაო.
აი, რა მოხდა ტყეში, იმ ესტრადის უკან, მონუსხულივით რომ შევყურებდით. აი, რა მოხდა, როცა მრგვალღიპიანი თავის ჯადოქმნილ ბანჯოს აჟღერებდა და თან მღეროდა: “ელსი, ელსი!”

27.09.2000

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box