როცა ცნობილ სახეებზე ლაპარაკობენ, კამათობენ ან წერენ, ყოველთვის ახსენებენ ერთ სახელს – ენდი უორჰოლი. იცით, პირველმა ვინ ჩაიწერა მათი ცხოვრების წვრილმანები? ენდი უორჰოლმა. იცით, ვის ეკუთვნის ფრაზა, რომ მომავალში ყველა მოიპოვებს თავისი დიდების 15 წუთს? ენდი უორჰოლს.
ნარცისი, გენიოსი, არარაობა – ენდი უორჰოლი. ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია „ტიკტოკზე“ გავრცელებულ ვიდეოებზე, „ინსტაგრამ“ მოდელების ცნობადობასა და პოპულარულობის გამძაფრებული სურვილის (რომელიც ყოველდღიურად იზრდება) არსებობაზე – ეს ყველაფერი მეტისმეტად ბევრია ერთი კაცისთვის.
ენდი უორჰოლს ცნობილი ადამიანები და ვარსკვლავები აინტერესებდა. ზოგიერთი მათგანი ნიჭიერი იყო, ზოგიერთი – ნაკლებად; ზოგიერთი ლამაზი იყო, ზოგიერთი უცნაურად გამოიყურებოდა. ზოგიერთს ადვილად დაივიწყებდი, ზოგიერთს კი – რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული. ქარიზმა, მომხიბვლელობა, მიმზიდველობა, ის, რასაც სიტყვებით ძნელად თუ აღწერ.
ნიკოლ ფლატერმა სწორედ ამ თემაზე – სახელგანთქმულობასა და ენდი უორჰოლზე გადაწყვიტა წიგნის დაწერა.
„როცა მის შესახებ წერა გადავწყვიტე, პირობა დავდე, რომ დავივიწყებდი ყველაფერს, რაც ცნობილ ადამიანებზე ვიცოდი. მათ ისე მოვექცეოდი, როგორც უცნობებს.
გამაოცა იმან, რამდენად მხიარულები შეეძლოთ ყოფილიყვნენ. ამავდროულად, სასტიკებიც იყვნენ – როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ იყვნენ მგრძნობიარეებიც, ზუსტებიც და ლაკონიურებიც. ცხოვრობდნენ დანგრეულ და ბნელ ბინებში, უშვებდნენ სამარცხვინო შეცდომებს, ქურდობდნენ, ნარკოტიკებს იღებდნენ…“
ნიკოლის თქმით, როცა ვინმეს თავის იდეას უზიარებდა, ყველანი აღნიშნავდნენ, რომ მისი განხორციელება საერთოდ არ იქნებოდა საინტერესო. ის კი ისე პასუხობდა, როგორც ენდი უორჰოლს უყვარდა ხოლმე თქმა – „და რა? მიმოიხედე. სახელგანთქმულობა რელიგიაა. ჩვენ ის გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით – ის ტრაგედიაა, კატასტროფაა. შესაძლოა, ყველაზე მეტად სწორედ ტრაგედია და კატასტროფა გვინდა.“
საზოგადოებამ ბევრი გამაფრთხილებელი ისტორია მოისმინა რეალური ცხოვრებისა და პოპულარულობის დაპირისპირებაზე. მაგალითად, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნი ჯენეკ მაკკერდის ავტობიოგრაფიაა. წიგნი, სახელად „მოხარული ვარ, რომ დედაჩემი მოკვდა“, მის უბედურ ბავშვობაზე მოგვითხრობს, რომელიც მოძალადე, პოპულარობის მაძიებელ დედასთან ერთად გაატარა. აქ საჯარო სურათსა და პირად ცხოვრებას შორის განსხვავება წარმოუდგენლად დიდია და აშკარა.
მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი ისევ ელოდება, რომ აღმოაჩენენ. აეროპორტებში, კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, ტიკტოზე – ყველგან ელოდებიან, როდის იქცევა ჩვეულებრივი წუთი დიდებულად. პოპულარობა გამდიდრების იოლი გზაა, ამავე დროს, ესაა იდენტობა, ხელახალი დაბადება, რომლისკენაც ადამიანები ილტვიან.
ნიკოლისთვის მთავარი შეკითხვა ასეთია: მოეწონებოდა ენდი უორჰოლს ასეთი სამყარო? ენდი უორჰოლი ხშირად იტყუებოდა, მაგრამ მის ბიოგრაფიაში უცვლელია ორი ფაქტი – ის პიტსბურგში დაიბადა და არაფერი გააჩნდა. იმიგრანტების შვილი, მისივე სტანდარტებით არც მაინცდამაინც მიმზიდველი, ჩუმი, უცნაური – წარმოუდგენელი ჩანს, რომ მან განსაზღვრა და შეცვალა მთელი კულტურა. ეს მასაც გააოცებდა, თვითონაც გაუკვირდებოდა საკუთარი ამბიციისა და სურვილის ძლევამოსილება.
ნიკოლს არ სჯერა, რომ ენდი უორჰოლის პიროვნება სწორადაა წარმოდგენილი მის დღიურებში. ეს ჩანაწერები უფრო კონკრეტული იმიჯის შექმნის მცდელობას ჰგავს. სურვილს, რომ ხელშეუხებელი, გრძნობებისგან დაცლილი ფიგურა ჩანდეს მისი რეალური სახის ნაცვლად.
მაგალითად, იგი თავის ახლო მეგობარსა და მუზაზე, მსახიობ ონდინზე, რომელიც 1969 წელს დაკრძალვისას ნახა, წერს: „ონდინთან ყოფნა დღეს უცნაური იყო. თითქოს ნორმალურ ადამიანთან ვიყავი“. ამ სიტყვებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ უხეშობა, ბოროტება ან თავდაცვა, მინიშნება ნიღაბზე, რომელიც მეგობრის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მალავს.
ნიკოლ ფლატერის წიგნი „არაფერი განსაკუთრებული“ ცოტა ხნის წინ გამოიცა. ესაა ამბავი მეგობრობის, დამოუკიდებლობის, ხელოვნებისა და იდენტობის კონსტრუირების შესახებ. მთავარი გმირი 17 წლის გოგონაა, რომელიც ენდი უორჰოლთან იწყებს მუშაობას, მის „ფაბრიკაში“ ხვდება. მოქმედება 1960-იანი წლების ნიუ-იორკში მიმდინარეობს და თინეიჯერის ცხოვრების ფონზე ავტორი ენდი უორჰოლის დასამახსოვრებელი პორტრეტის შექმნასაც ცდილობს. იგი ნიღბების მიღმა იმედოვნებს ენდი უორჰოლის დანახვას და მისი ცხოვრების საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
© არილი