ახალი ამბები

შექსპირის “პირველი ფოლიო” – ლიტერატურული და კულტურული მონუმენტი

400 წლის წინ უილიამ შექსპირის ერთგულმა მეგობრებმა და მსახიობებმა რთული ამოცანის შესრულება გადაწყვიტეს – შექსპირის მთელი შემოქმედების თავმოყრა ერთ ტომში. თუმცა ეს სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის აქტი იყო თუ ფულის გამოსამუშავებელი წამოწყება, უცნობია.

ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ფოლიოს გარეშე, რომელიც პირველად 1623 წელს, შექსპირის სიკვდილიდან 7 წლის შემდეგ, გამოქვეყნდა, მისი პიესების ნახევარი დაიკარგებოდა. წელს პირველი ფოლიოების მფლობელმა ინსტიტუციებმა თუ კერძო პირებმა ინგლისსა და ირლანდიაში ასლების საჯაროდ გამოფენა გადაწყვიტეს.

ვებგვერდი, რომელიც „ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს განძს“ ეძღვნება, გვიყვება პირველი ფოლიოს ამბავს. როგორც ვიცით, გადარჩენილია 235 ასლი, მათ შორისაა ხუთი, რომლებსაც ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ 56 მათგანი არის სრული ვერსია, გვერდების დანაკლისის გარეშე.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა წელს გამართავს გამოფენას და მოამზადებს ფილმს, რომლის სცენარისტიც რიჩარდ ბინი იქნება. მომავალ თვეში კი გამოქვეყნდება ორი წიგნი – „შექსპირის პირველი ფოლიო“ და „შექსპირის პირველი ფოლიო – საკულტო წიგნის მეოთხე საუკუნე“ – ემა სმითის ავტორობით. ემა სმითი პროფესორია ოქსფორდიდან და იგი შექსპირს იკვლევს.

ყოფილი ბიზნესმენი მარკუს კოლესი, რომელიც ვებგვერდის უკან დგას, ამბობს, რომ ეს კოლექცია გვაძლევს შექსპირის ორიგინალ ტექსტებთან ყველაზე ახლოს მისვლის საშუალებას.

შექსპირის დროს პიესები იმისთვის იქმნებოდა, რომ სცენაზე დადგმულიყო, ამიტომ ბევრი მათგანის ჩანაწერი დაკარგულია, ხოლო შექსპირის არცერთი ორიგინალი ხელნაწერი არაა შემონახული.

პირველი ფოლიოს დაახლოებით 700-750 ეგზემპლარი მომზადდა და, ძირითადად, გათვლილი იყო თეატრის მდიდარი თაყვანისმცემლებისთვის. იგი შექსპირის 36 პიესას მოიცავს. 36 პიესიდან 17 შექსპირის სიცოცხლეში იყო დაბეჭდილი, ერთი მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა, 18 მათგანი კი საერთოდ არ დაბეჭდილა. სწორედ ესაა, რაც პირველ ფოლიოს განსაკუთრებულს ხდის: მის გარეშე შექსპირის 18 პიესა (მათ შორის „მაკბეტი“, „იულიუს კეისარი“, „მეთორმეტე ღამე“) შესაძლოა საერთოდ არ შემონახულიყო.

ფოლიოში ნახავთ შექსპირის პორტრეტსაც. სულ ორი პორტრეტი გვაქვს, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებულია, რაც ასევე ხაზს უსვამს ამ გამოცემის მნიშვნელობას.

გადარჩენილი ეგზემპლარებიდან 50 ბრიტანეთშია, 149 – ამერიკაში. კოლესი ამბობს, რომ დიდი დრო დასჭირდა ამ წიგნის ღირებულად გადაქცევას, საბოლოოდ კი, 2020 წელს, მისმა ფასმა 10 მილიონ დოლარს მიაღწია.

„პირველ ფოლიოებს განსხვავებული ამბები და ისტორიები აქვთ. მაგრამ ეს წიგნი ფუნდამენტურია ჩვენი ენისთვის. იშვიათად გავა დღე ისე, რომ შექსპირის რომელიმე ფრაზა არ მოისმინო – ხშირად მოსაუბრეები ვერც აცნობიერებენ, რომ შექსპირს ციტირებენ საუბრისას“ – ამბობს კოლესი.

„პირველი ფოლიოს გარეშე შექსპირის პიესები გვექნებოდა ინდივიდუალურ გამოცემებში მიმოფანტული, მაგრამ არ გვექნებოდა განცდა, რომ ეს მნიშვნელოვანია, ღირებულია…“

„ამ წიგნისა და იმის გარეშე, თუ როგორ შენარჩუნდა და ჩამოყალიბდა მისი რეპუტაცია, დღესდღეობით არ ვასწავლიდით შექსპირს, არ ვიტყოდით მის ფრაზებს, არ დავდგამდით სცენაზე და არ ვიკამათებდით მასზე“;

„დღეს პირველი ფოლიო ლიტერატურული და კულტურული მონუმენტია. ის ლიტერატურის ძალას გამოხატავს, მის სიცოცხლისუნარიანობას“ – ასე აფასებენ შექსპირის მკვლევრები ფოლიოს მნიშვნელობას.

გამოფენა ნოემბერში გაიმართება – ფოლიოს გაყიდვა სწორედ ნოემბერში, 1623 წელს დაიწყო. გარდა ამისა, წელს გამოცემის 400 წლის იუბილეა.

„ერთი შეხედვით, ფოლიო არასრულყოფილი ჩანს, მაგრამ როცა გადაშლი და იმ ადრეული მფლობელების ანოტაციებს ნახავ, რომლებიც „იცნობდნენ“ ზოგიერთ მსახიობს და წაიკითხავ კომენტარებს პიესების შესახებ, აღმოაჩენ ამაღელვებელი კავშირის განცდას შექსპირის დროსთან“ – ამბობს ჯული გარდამი, გლასგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი.

„ფოლიოს სეზონი“ წელს 23 აპრილს, შექსპირის გარდაცვალების დღეს დაიწყება.

© არილი

Facebook Comments Box