პორტრეტი

ჯეინ ოსტინი და ტომ ლეფროი – ვარაუდები და ინტერპრეტაციები

„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინის ყველაზე პოპულარული რომანია. თავად ავტორი ელიზაბეთ ბენეტს საყვარელ პერსონაჟად მიიჩნევდა და მკითხველების დიდი ნაწილიც იზიარებს მის აზრს: ელიზაბეთის ინტელექტს, გონიერებასა და ენერგიას თანამედროვე მკითხველებიც განსაკუთრებით აფასებენ.

რომანის პირველი წინადადება – „საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს“ – ზუსტად გადმოგვცემს, რომ ქორწინება წიგნის უმნიშვნელოვანესი თემაა (ფულთან და სოციალურ კლასთან ერთად). თუმცა ამჯერად არა ამ თემებით, არამედ რომანის ჯეინის ბიოგრაფიასთან კავშირით უნდა დავინტერესდეთ.

ბევრ რომანზე ჰქონია გავლენა ავტობიოგრაფიულ ამბებს. ელიზაბეთის ახლო მეგობრობა ჯეინთან, შესაძლოა, ჯეინისა და მისი დის, კასანდრას ურთიერთობას შევადაროთ. მაგრამ შეგვიძლია, „სიამაყე და ცრურწმენაში“ ჯეინ ოსტინის ცხოვრების სხვა ეპიზოდიც ამოვიცნოთ? აქვთ რამე საერთო ტომ ლეფროისა და მისტერ დარსის? მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ რომანი დაახლოებით მაშინ იწერებოდა, როცა ჯეინს ლეფროისთან ჰქონდა ურთიერთობა.

მაინც ვინ იყო ტომ ლეფროი, ჯეინის ბიოგრაფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ამდენად მიმზიდველი ფიგურა?

ტომ ლეფროი

ტომას ლანგლოის ლეფროი ადრეულ 1790-იან წლებში აკადემიურად გამორჩეული სტუდენტი გახლდათ ტრინიტის კოლეჯში, დუბლინში. აქედან გამომდინარე, ამაყი და ქედმაღალიც უნდა ყოფილიყო, ისეთი, როგორიც მისტერ დარსი. ტომი დიდი ოჯახის უფროსი ვაჟი იყო, ამიტომაც 11 ბავშვის, მათ შორის ხუთი ქალიშვილის, ბედი მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული. განსხვავებით დარსისგან, ფინანსურად ლეფროის სახარბიელო მდგომარეობა არ ნამდვილად არ ჰქონდა. ასე რომ, მისგან ყველა სარფიან ქორწინებას ელოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ტომს ჯეინი უყვარდა, ისევე როგორც ჯეინს – ტომი, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინანსური საჭიროებების გამო, ტომს ოჯახის მოლოდინების გამართლება და მდიდარ ქალზე დაქორწინება მოუხდა.

1796 წლის იანვრით დათარიღებულ წერილში ჯეინი თავის დას, კასანდრას წერს: „პარასკევი – ბოლოს და ბოლოს, დადგა დღე, როცა უკანასკნელად უნდა გავაბა ფლირტი ტომ ლეფროისთან. როდესაც ამ წერილს მიიღებ, უკვე დასრულებული იქნება. ამ მელანქოლიურ იდეაზე წერისას ცრემლები მომდის.“

1799 წლის მარტში ტომი სხვა ქალზე დაქორწინდა. ქალზე, რომელსაც საკმარისად დიდი ქონება ჰქონდა. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ. ტომის პირველი ქალიშვილი 1802 წელს დაიბადა და სახელად ჯეინი დაარქვეს. შეიძლება, სწორედ ჯეინ ოსტინის გამო შეურჩიეს ეს სახელი, მაგრამ მეტად სავარაუდოა, რომ ასე ბებიის პატივსაცემად მოიქცნენ.

ტომ ლეფროის ნამდვილად არ დავიწყებია ჯეინი. 1817 წელს, როცა მისი სიკვდილის შესახებ შეიტყო, იგი ინგლისში გაემგზავრა. მეტიც, ტომას კადელის (ცნობილი გამომცემლის) აუქციონზე შეიძინა კადელის წერილი, რომელშიც იგი ჯეინს „პირველი შთაბეჭდილებების“ (იგივე „სიამაყე და ცრურწმენა“) გამოქვეყნებაზე ეუბნებოდა უარს.

მოგვიანებით, როცა ლეფროი უკვე ხანშიშესული იყო, ოჯახის წევრმა ჰკითხა, უყვარდა თუ არა ოდესმე ჯეინ ოსტინი. მან კი უპასუხა, რომ ეს ბიჭური, ახალგაზრდული სიყვარული იყო.

უნდა ვახსენოთ ჯონ სპენსის წიგნი „ჯეინად გადაქცევა“, რომელშიც ავტორი საინტერესო თეზისს გვთავაზობს: იგი ფიქრობს, რომ ჯეინი თავად იყო დარსის პროტოტიპი (მისი ხასიათითა და ქცევით), ხოლო ლეფროი უფრო კომუნიკაბელური და სოციალური ელიზაბეთ ბენეტის შთაგონების წყაროდ იქცა.

რომანზე ლეფროის გავლენის ზუსტად განსაზღვრა რთულია და კვლავაც დავის საგანია, თუმცა დამაჯერებელია, რომ მისი არსებობა ჯეინის ცხოვრებაში ნაწილობრივ მაინც აირეკლა ტექსტში.

უკვე ხსენებული ჯონ სპენსის წიგნის სათაურია გამოყენებული ბიოგრაფიული ფილმისთვის, რომელიც 2007 წელს გადაიღეს. ფილმი წიგნზე ნაკლებად ფრთხილია და გვერდს უვლის მტკიცებულებებს. იქ ხაზგასმული სწორედ ის ვერსიაა, რომლის თანახმადაც, ჯეინსა და ტომს ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ, დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ რაკი ტომი ვალდებული იყო, საკუთარ ოჯახსა და მის ფინანსურ კეთილდღეობაზე ეზრუნა, დაშორება მოუწიათ. ფილმში ნაჩვენებია წლების შემდეგ უკვე მწერალი ჯეინ ოსტინისა და ტომის შეხვედრაც – ტომის შვილი, სახელად ჯეინი, ოსტინის რომანების თაყვანისმცემელია, ხოლო ამბის მთავარ გმირებს ჯერ კიდევ უყვართ ერთმანეთი.

არც ფილმში და, ცხადია, არც სინამდვილეში, ჯეინი ოსტინი არ დაქორწინებულა. ტომ ლეფროი კი ცნობილი ირლანდიელი პოლიტიკოსი და მოსამართლე გახდა.

კადრი ფილმიდან “ჯეინად გადაქცევა”

წერილებიდან გამომდინარე, მათ ურთიერთობაზე ძალიან ცოტა რამის თქმა შეგვიძლია დანამდვილებით. ოსტინის წერილების დიდი ნაწილი დაკარგულია, მაგრამ ის, რაც მათი შეხვედრის შესახებ ვიცით, რამდენიმე გადარჩენილი წერილის დამსახურებაა. ამ დროს ჯეინის და, კასანდრა თავის საქმროს სტუმრობდა, ჯეინი კი მას ყველაფერს უამბობდა წერილებში. მართალია, მხოლოდ ორი წერილია ჯეინის ცხოვრების ამ პერიოდიდან შემონახული, მაგრამ ისინი შეუფასებელია იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც ჯეინ ოსტინის სიყვარულის ერთადერთ ცნობილ ობიექტზე იძიებენ ინფორმაციას.

ბევრი ამტკიცებს, რომ ამ წერილების ტონი არ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი შეყვარებული ქალის დაწერილია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ჯეინი 20 წლის იყო და, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ამ წერილებს სხვებიც წაიკითხავდნენ. ამიტომაც, ალბათ, სურდა, რომ იმაზე ნაკლები გამოეხატა, ვიდრე სინამდვილეში განიცდიდა, უხერხულობის თავიდან ასარიდებლად. ცნობილია ისიც, რომ ჯეინის სიკვდილის შემდეგ კასანდრამ დაუნდობლად გაანადგურა მისი წერილები, იმის შიშით, რომ ისინი შეუფერებელი ადამიანების ხელში აღმოჩნდებოდა. ამიტომაც ვერასოდეს გავიგებთ, რა ეწერა დაკარგულ წერილებში, რომლებიც ჯეინმა დას მისწერა.

ლეფროი ნათესავებს, ჯორჯ და ანა ლეფროის, 1796 წელს ესტუმრა. ტომი და ჯეინი პირველად დეკემბერში შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დროს მეჯლისები ხშირად იმართებოდა, ამიტომაც ჯეინი და ახალგაზრდა სტუდენტი ირლანდიიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს და ცეკვავდნენ ხოლმე. საერთოც ბევრი ჰქონდათ, აზრებსა და წიგნებს ცვლიდნენ; მათ ახლო ურთიერთობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ლეფროიმ მას ტომ ჯონსი ათხოვა, ისეთი რომანი, რომელსაც მამამისის, სასულიერო პირის, ბიბლიოთეკის თაროებზე ვერ იპოვიდა.

თუმცა მათი ურთიერთობა ერთ თვეში დასრულდა. ტომი ბიძამისის სახლში დაბრუნდა, ლონდონში. მომდევნო წელს კი დაინიშნა კოლეჯელი მეგობრის დაზე.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ 1796 წელს ჯეინის მიერ კასანდრასთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია მისამართი Cork Street, სადაც ტომ ლეფროი ბიძამისთან ერთად ცხოვრობდა. ჯონ სპენსი ამ ამბავს უცნაურ დამთხვევას უწოდებს. „ოსტინების იქ დარჩენა, სადაც მაშინ ლეფროი ცხოვრობდა, უცნაური დამთხვევაა“. ისტორია აჩვენებს იმასაც, რომ იმ დროს იქ არც სასტუმროები იყო და არც – პანსიონატები.

„პირდაპირი მტკიცებულება, რომ ისინი ტომთან და ბიძამისთან დარჩნენ, არ გვაქვს, მაგრამ ისე ჩანს, რომ მართლაც ასე მოხდა“ – ვარაუდობს სპენსი.

ვარაუდებსა და ინტერპრეტაციებს მიღმა იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჯეინმა თავისი რომანის გმირების ცხოვრებას ისეთი დასასრული განუსაზღვრა, როგორიც მისას არ ჰქონია:

ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად, ოსტინის სამყაროში შეყვარებულები ქორწინდებიან და ბედნიერად ცხოვრობენ. ამ სამყაროს შემქმნელი კი თავად არასოდეს დაქორწინებულა.

© არილი

Facebook Comments Box