თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა
ერთმანეთს პირველად ტრამვაიში შეხვდნენ. გოგომ მხარზე ხელი შეახო და როცა კაცმა თვალი გაახილა, ფანჯარაზე მიუთითა:
– უნდა ჩახვიდეთ.
ამასობაში ტრამვაი გაჩერდა, კაცმა ხალხით სავსე ვაგონში ძლივს გააღწია და გოგო ჩავიდა თუ არა, ისიც ჩახტა. პატარა გოგო იყო, ალბათ თხუთმეტ-თექვსმეტისა, მადლობის მოლოდინში მისკენ მომართულ მრგვალ, გაბრწყინებულ სახეს შეხედა თუ არა, კაცი ამას მაშინვე მიხვდა.
– გმადლობთ… შეიძლება გავცდენოდი კიდევაც, – თქვა კაცმა.
მაგრამ, იგრძნო, გოგოსათვის ეს საკმარისი არ იყო და დასძინა:
– ისეთი გიჟური დღე მქონდა, დავიღალე… რვა საათზე სახლში უნდა დამირეკონ, მოკლედ, გადამარჩინე.
გოგოს, ეტყობა, გაუხარდა. მერე წინ წასულ მანქანას გაჰყურებდნენ და გზაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ გარბოდნენ. თოვდა. როცა ასე მშვიდად თოვს, როცა მსხვილი, ფუმფულა ფანტელები ისე მოეფინება, თითქოს ზეცაში თოვლის უცნაურ ჩიტებს ბდღვნიან, სახლისაკენ გული არ მიგიწევს. “დავუცდი, ვიდრე დარეკავენ და ისევ გამოვალ”, – გაიფიქრა კაცმა და გოგოსკენ შეტრიალდა, თან იმაზე ფიქრობდა, რა ეთქვა, ვინაიდან ასე გაჩუმებული სიარული უკვე უხერხული იყო, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე შეიძლებოდა და რაზე არ შეიძლებოდა მასთან საუბარი. ჯერ ისევ ამ ფიქრებში იყო, რომ თვითონ გოგომ წამოიწყო:
– მე თქვენ გიცნობთ.
– მიცნობთ? საიდან?
– თქვენ ასცამეტში ცხოვრობთ, მე – ასთოთხმეტში. თქვენ, უფროსები, მარტო უფროსებს ამჩნევთ, ყველანი საშინელი ეგოისტები ხართ… ასე არ არისო, ხომ ვერ იტყვით?
გოგომ თავი მარჯვნივ შეატრიალა და კაცს სახეში ქვემოდან ახედა. კაცმა ჩაიფხუკუნა, მაგრამ არაფერი უპასუხა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იცოდა, რაზე შეიძლებოდა და რაზე არ შეიძლებოდა მასთან საუბარი.
ერთხანს ჩუმად მიაბიჯებდნენ, გოგო წინ იყურებოდა და თავიც არ მოუბრუნებია, უცებ განუცხადა:
– თქვენ ხომ სახელიც არ გითქვამთ!
– მერედა ეს აუცილებელია?
– რატომაც არა. აბა ამაში განსაკუთრებული რა არის? ზოგს ჰგონია, სახელის გაგება თუ მოისურვე, ესე იგი, მის მიმართ არაჯანსაღი ინტერესი გამოძრავებს.
– კეთილი… – თქვა კაცმა, – თუ ეს შენთვის ასე აუცილებელია, რუდოლფი მქვია.
– რაა?
– რუდოლფი.
– რუ-დოლ-ფი… – ხმამაღლა გაიცინა გოგომ.
– რა იყო?
გოგო კიდევ უფრო ხმამაღლა აკისკისდა. კაცი შეჩერდა და გაკვირვებული მიაჩერდა.
– რუ-დოლ-ფი, – გაიმეორა გოგომ და სიცილისაგან ლამის ჩაბჟირდა, – მეგონა ასე მხოლოდ სპილოებს ეძახდნენ სამხეცეში.
– რაა?!
– ნუ ბრაზობ, – გოგომ ხელი სახელოზე მოჰკიდა, – მაგრამ, გეფიცები, ძალიან სასაცილოა.
– რა გელაპარაკო, ბავშვი ხარ, – იწყინა კაცმა.
– რა თქმა უნდა, ბავშვი ვარ, შენ კი კაცი.
– მაინც რამდენის ხარ?
– რამდენის და, თექვსმეტის.
– ჰოო? მე კი ოცდარვის.
– ხომ ვამბობ, დიდი ხარ-მეთქი, თან რუდოლფი გქვია.
გოგომ ისევ გაიცინა და თვალებგაბრწყინებულმა ისევ ქვემოდან ახედა.
– შენ? შენ რა გქვია? – ჰკითხა კაცმა.
– მე? სულერთია ვერ გამოიცნობ.
– მაგას არც ვაპირებ.
– ჰოდა, რომც ეცადო, ვერ გამოიცნობ – მე იო მქვია.
– რაა?
– იო.
– იო?
– ჰო. “ისპოლნიაიუში ობიაზანნოსტი”, ესე იგი, იო.
შურისძიება მომენტალური იყო. ვაჟი თავს ვეღარ იკავებდა, ხმამაღლა ხარხარებდა და წინ და უკან ზარივით ქანაობდა. საკმარისია გოგოსთვის შეეხედა, რომ ისევ თავიდან ახარხარებულიყო.
– ი-ო, – სიტყვა თითქოს ყელში ჰქონდა გაჩხერილი, – ი-ო.
გოგო აქეთ-იქით იყურებოდა, უცდიდა სიცილს როდის მორჩებოდა და როცა კაცი ოდნავ დამშვიდდა, ნაწყენმა თქვა:
– სასაცილოა, არა? მე თუ მკითხავ, იო ისეთივე სახელია, როგორც ყველა.
– მაპატიე, – კაცი ღიმილით გოგოსკენ დაიხარა, – რა ვქნა, ძალიან მეცინება… ახლა უკვე ბარი-ბარსა ვართ, ხომ ასეა?
გოგომ თავი დაუქნია.
ჯერ მისი სახლი იყო, მერე კაცის. იგი სადარბაზოს წინ შეჩერდა და კაცს ჰკითხა:
– შენი ტელეფონი რა ნომერია?
– ტელეფონის ნომერი რად გინდა?
– გეშინია?
– მაინც რისი უნდა მეშინოდეს.
– რა ვიცი, უფროსებს ყველაფრის გეშინიათ.
– მართალია, – დაეთანხმა კაცი.
გოგომ ხელთათმანი გაიძრო და თავისი პატარა ხელი კაცს გაუწოდა. ხელი მშვიდი და ცივი ჰქონდა. კაცმა ხელზე ხელი მოუჭირა:
– ახლა კი გაიქეცი სახლში.
თქვა და ისევ გაიცინა.
გოგო სადარბაზოს კართან გაჩერდა:
– ახლა მაინც თუ მიცნობ ტრამვაიში?
– რა თქმა უნდა, გიცნობ.
– ტრამვაიმდე… – თქვა გოგომ და ხელი თავს ზემოთ ასწია.
– … რომლითაც ორივენი ერთად ვიმგზავრებთ, – დასძინა კაცმა.
* * *
ორი დღის შემდეგ კაცი მივლინებით ჩრდილოეთში გაემგზავრა, საიდანაც მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა. ქალაქში უკვე კარს მომდგარი გაზაფხულის მძაფრი, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ნისლიანი ჩრდილოეთის შემდეგ აქ ყველაფერს კრიალი გაჰქონდა, ყველაფერი ბრწყინავდა, ტრამვაიც კი.
სახლში შესულიც არ იყო, რომ ცოლმა კარებშივე მიაგება:
– ვიღაც გოგო ყოველდღე გირეკავს.
– ვინ გოგო? – იკითხა კაცმა გულგრილად.
– ალბათ შენ უფრო იცი.
– არა, არ ვიცი.
– მე კი თავი მომაბეზრა…
– საინტერესოა, – გაიცინა კაცმა ცალყბად.
ტელეფონმა რომ დაიწკრიალა, აბაზანაში იყო. კარს იქედან ესმოდა, ცოლი ტელეფონზე როგორ პასუხობდა: “ჩამოვიდა, მაგრამ აბაზანაშია, თუ შეიძლება მოგვიანებით დარეკეთ”. მერე კი ის-ისაა დასაწოლად ემზადებოდა, რომ ისევ დარეკა ტელეფონმა.
– დიახ…
– რუდიკ, გამარჯობა, უკვე ჩამოხვედი? – გაისმა ყურმილში გახარებული ხმა.
– გამარჯობა, – უპასუხა კაცმა მორიდებით, – ვინ ბრძანდებით?
– ვერ მიცანი? ეე, რუდიკ… მე ვარ, იო ვარ.
– იო? – კაცს იმავე წუთს გაახსენდა და თავისდაუნებურად გაეცინა, – გამარჯობა, იო… გატყობ უფრო შესაფერისი სახელი შემირჩიე.
– ჰო. მოგწონს?
– ასე მაშინ მეძახდნენ, შენხელა რომ ვიყავი.
– გეხვეწები? საიდან მოიტანე…
მერე ორივენი გაჩუმდნენ, მაგრამ კაცმა თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა:
– რაო, იო,რა გინდა?
– რუდიკ, ეგ ქალი შენი ცოლია?
– დიახ.
– რატომ არ მითხარი, ცოლიანი თუ იყავი?
– ბოდიშს გიხდი, – გაიცინა კაცმა, – არ ვიცოდი, ეს შენთვის ასე მნიშვნელოვანი თუ იყო.
– რა თქმა უნდა, იყო. შენ რა, გიყვარს?
– დიახ. იო, მომისმინე, იცოდე აღარ დამირეკო, საჭირო არ არის.
– შე-გე-შინ-დაა?.. – წაუმღერა გოგომ, – იცი რა, რუდიკ, ისეთს ნურაფერს იფიქრებ. თუ ასე გინდა, იცხოვრე მაგასთან, წინააღმდეგი არა ვარ. მაგრამ, არ დამირეკოო, აბა ასე როგორ შეიძლება! იქნებ საქმეზე დამჭირდა დარეკვა!
– მაინც, რა საქმეზე? – ჰკითხა კაცმა ღიმილით.
– როგორ თუ რა საქმეზე? აი მაგალითად, ერთი რეზერვუარიდან მეორე რეზერვუარში წყლის გადაქაჩვაზე პასუხი ვერ მივიღე, – არ დაიბნა გოგო. – ასეთ დროს ხომ შეიძლება, არა, ხომ შეიძლება?
– არ ვიცი…
– რა თქმა უნდა, შეიძლება. იმისი კი, რუდიკ, ნუ შეგეშინდება, ის ერთია, ჩვენ ორნი ვართ.
– ვინ? – ვერ მიუხვდა კაცი.
– ვინ და, შენი ცოლი.
– ნახვამდის, იო.
– დაიღალე?
– ჰო, დავიღალე.
– კარგი, ხელი ჩამომართვი და დაიძინე.
– ხელს გართმევ.
– იმას კი არ დაელაპარაკო, ხმა არ გასცე.
– კარგი, – გაიცინა კაცმა, – არ დაველაპარაკები.
ბაგეზე ჯერ ისევ ღიმილი არ მოშლოდა, ცოლთან რომ მივიდა:
– იო იყო. ასე იმ გოგოს ჰქვია… სასაცილოა, არა?
– ჰო, – გამომცდელად შეხედა ცოლმა.
– ორ რეზერვუარზე ამოცანა ვერ ამოხსნა. არ ვიცი, მგონი მეშვიდეშია თუ მერვეში.
– რა ქენი, დაეხმარე ამოცანის ამოხსნაში?
– არა, – თქვა კაცმა, რაღა მახსოვს… რეზერვუარზე კი მართლაც ძნელი ამოსახსნელია.
* * *
ხეირიანად ნანათიც არ იყო, ტელეფონმა რომ დარეკა. არა, ნანათი კი არა, ქალაქს ჯერ ისევ ღრმა ძილით ეძინა. ლოგინიდან წამოდგა და მოპირდაპირე სახლს გახედა – ფანჯრებში სინათლის ჭაჭანება არ ჩანდა. ტელეფონი კვლავ გაუჩერებლად რეკავდა. ყურმილი აიღო და საათს შეხედა – ჯერ მხოლოდ ექვსის ნახევარი იყო.
– გისმენთ! – ჩასძახა გაბრაზებულმა ყურმილში.
კაცი ლამის გააფთრდა:
– იო, რას გავს, რა არის ეს!
– რუდიკ, – სიტყვა არ დაამთავრებინა გოგომ, – მომისმინე, ნუ ბრაზობ, შენ ხომ არც კი იცი, რა მოხდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა კაცმა უკვე ჩამცხრალმა.
– რუდიკ, შენ ახლა რუდიკი კი არა, რუდოლფიო ხარ, – გამოუცხადა ზარ-ზეიმით, – რუ-დოლ-ფიო! ხომ კარგია! ეს-ეს არის მოვიფიქრე. რუდოლფი და იო, ესე იგი, რუდოლფიო, როგორც იტალიელებთანაა. აბა გაიმეორე!
– რუდოლფიო, – თქვა კაცმა და მის ხმაში ერთდროულად ბრაზიც იყო და სასოწარკვეთაც.
– სწორია. ახლა მე და შენ ერთი სახელი გვაქვს. რომეო და ჯულიეტასავით, ჩვენ ახლა განუყრელები ვართ. შენც რუდოლფიო ხარ და მეც.
– მომისმინე, – თქვა გონსმოსულმა კაცმა, – არ შეგეძლო, ცოტა უფრო შესაფერის დროს დაგერეკა?
– ნუთუ არ გესმის, რომ არ შემეძლო. ჰო, არ შემეძლო. თან უკვე შენი ადგომის დროც არის. რუდოლფიო, იცოდე რვის ნახევარზე გაჩერებასთან გელოდები.
– დღეს ტრამვაით წასვლას არსად არ ვაპირებ.
– რატომ?
– დღემაგიერი მაქვს.
– ეგ რაღაა?
– დღემაგიერი რიგგარეშე დასვენების დღეა. სამსახურში არ მივდივარ.
– ჰო? – თქვა გოგომ, – მაშ მე რა ვქნა?
– არ ვიცი, სკოლაში წადი, სხვა რა უნდა ქნა!
– შენ ცოლსაც დღემაგიერი აქვს?
– არა, ჩემ ცოლს არა.
– თუ ასეა, არა უშავს. ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ მე და შენ ახლა რუდოლფიო გვქვია.
– დიდად მოხარული გახლავართ.
კაცმა ყურმილი დადო და ჯანდაბა-ჯანდაბას ძახილით ჩაის ასადუღებლად სამზარეულოსაკენ გასწია. ძილით სულერთია ვეღარ დაიძინებდა, გარდა ამისა, მოპირდაპირე სახლის სამ ფანჯარაში უკვე სინათლეები ენთო.
* * *
შუადღისას კარზე დაუკაკუნეს. კაცი ამ დროს იატაკს წმენდდა და კარი რომ გააღო, ხელში იატაკის სველი ჩვარი ეჭირა.
კართან გოგო იდგა.
– გამარჯობა, რუდოლფიო.
– შენა ხარ? – გაოცდა კაცი, – რა იყო, მოხდა რამე?
– მეც შენსავით დღემაგიერი ავიღე.
ისეთი სახით იყურებოდა, წმინდანი გეგონებოდა, სახეში იმის ნატამალიც არ ჰქონდა, რასაც სინდისის ქენჯნა ჰქვია.
– აი თურმე რა, – იხტიბარი არ გაიტეხა კაცმა, – ესე იგი, სეირნობ… რახან მოხვედი, შემობრძანდი. ახლავე მოვრჩები.
გოგო ეგრევე, პალტოიანი ჩაჯდა ფანჯარასთან მდგარ სავარძელში. იჯდა და უყურებდა, წელში წახრილი კაცი ჩვრით იატაკს როგორ წმენდდა.
– რუდოლფიო, ოჯახურ ცხოვრებაში, მე მგონი, ბედნიერი არა ხარ, – განუცხადა ერთი წუთის შემდეგ.
კაცი წელში გაიმართა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ აშკარაა. მაგალითად, იატაკს შენ ყოველგვარი სიამოვნების გარეშე წმენდ, ბედნიერები კი ასე არ იქცევიან.
– სისულელეა, – თქვა კაცმა ღიმილით.
– არ მითხრა, ბედნიერი ვარო!
– არაფერსაც არ გეტყვი.
– აი ხომ ხედავ.
– ჯობია გაიხადო.
– მე შენი მეშინია, – თქვა გოგომ, ისე რომ ფანჯრისათვის თვალი არ მოუშორებია.
– რაო, რაო?
– შენ ხომ კაცი ხარ.
– აი თურმე რა, – გაიცინა კაცმა, – მაშინ აქ მოსვლა როგორღა გაბედე?
– მე და შენ ხომ რუდოლფიო ვართ.
– აი ეგ კი დამავიწყდა. ეგ ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო რამ არის.
– რა თქმა უნდა.
გოგო გაჩუმდა და ვიდრე კაცი სამზარეულოში ვედროს აჩხარუნებდა, იჯდა და ხმას არ იღებდა. მაგრამ, ოთახში რომ შემოვიდა, იოს პალტო უკვე სავარძლის ზურგზე იყო გადაკიდებული, სახე ჩაფიქრებული და სევდიანი ჰქონდა.
– რუდოლფიო, იცი, დღეს მე ვიტირე, – თქვა უცებ გოგომ.
– რატომ, იო?
– იო კი არა, რუდოლფიო.
– რატომ, რუდოლფიო?
– ჩემი უფროსი დის გამო. დღემაგიერს რომ ვიღებდი, მეჩხუბა.
– მე მგონი, შენი და მართალია.
– არა, რუდოლფიო, მართალი არ არის, – გოგო სავარძლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, – ერთხელ შეიძლება, როგრ არ გესმით! აი ახლა შენ რომ გელაპარაკები, რომ იცოდე, როგორი ბედნიერი ვარ…
თქვა და ისევ გაჩუმდა. კაცმა გოგოს ყურადღებით შეხედა. აღელვებულს პალტოს ქვეშიდან მკერდი იმ ორი პატარა ბუდესავით მოუჩანდა, ფრინველები ბარტყების გამოსაჩეკად რომ აგებენ. “ერთ წელიწადში სახე დაეხვეწება, კიდევ უფრო გალამაზდება”, – გაიფიქრა კაცმა და იმ აზრმა, ცოტა ხნის შემდეგ ამას უკვე შეყვარებული ეყოლებაო, გული სევდით აუვსო. მერე გოგოსთან მივიდა, მხარზე ხელი მოჰკიდა და ღიმილით უთხრა:
– ყველაფერი მშვენივრად იქნება.
– მართლა, რუდოლფიო?
– რა თქმა უნდა.
– მჯერა, – თქვა გოგომ.
ის-ისაა უნდა გაბრუნებულიყო, რომ გოგომ დაუძახა:
– რუდოლფიო!
– რა იყო?
– ასე ადრე რატომ დაქორწინდი? კიდევ ორი წელი და ცოლად გამოგყვებოდი.
– ნუ ჩქარობ, – უთხრა კაცმა, – მოვა დრო და კარგ ბიჭზე გათხოვდები.
– მე მხოლოდ შენი ცოლობა მინდოდა.
– ის ბიჭი ჩემზე ათასჯერ უკეთესი იქნება.
– კი, აბა! არის კი ვინმე შენზე უკეთესი?
– რა თქმა უნდა.
– ჰო, მაგრამ, ის ხომ შენ არ იქნები, – ამოიოხრა გოგომ.
– მოდი ჩაი დავლიოთ, – შესთავაზა კაცმა.
– დავლიოთ.
კაცი სამზარეულოში გავიდა და ჩაიდანი ქურაზე დადგა.
– რუდოლფიო!
გოგო წიგნის თაროებთან იდგა.
– რუდოლფიო, ჩვენი სახელი ყველაზე ლამაზია. აი შეხედე, ამაზე უკეთესი მწერლებსაც არ ჰქვიათ, – თქვა და უცებ გაჩუმდა, – შეიძლება მხოლოდ ამას ერქვას, აი ამას – ეგ-ზიუ-პე-რი… ხომ მართლა ლამაზია?
– ჰო, ლამაზია… რაო არ წაგიკითხავს?
– არა.
– წაიღე და წაიკითხე. ოღონდ ყოველგვარი დღემაგიერის გარეშე. შევთანხმდით?
– შევთანხმდით.
გოგომ პალტოს ჩაცმა დაიწყო.
– მერედა ჩაი? – შეახსენა კაცმა.
– რუდოლფიო, ჯობია წავალ, – სევდიანად გაიღიმა გოგომ, ოღონდ ცოლს არ უთხრა, რომ აქ ვიყავი, კარგი, რუდოლფიო?
– კარგი.
გოგო რომ წავიდა, კაცმა მოწყენილობა იგრძნო. გული როგორიღაც აუხსნელი სევდით ჰქონდა სავსე. ჩაიცვა და ქუჩაში გავიდა.
* * *
გაზაფხული უცებ დადგა. რამდენიმე დღე ადამიანები უფრო კეთილები გახდნენ. იმის გამო, რომ გაზაფხულის სიზმრებმა გამოცდილი მარჩიელივით მათ გულებს ბედნიერება და სიყვარული უწინასწარმეტყველა, ეს რამდენიმე დღე მოლოდინიდან აღსრულებაში გარდამავალ დღეებად ესახებოდათ.
გაზაფხულის ერთ ასეთ დღეს, ასაღამოებულზე, როცა კაცი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, ვიღაც ხანდაზმულმა ქალმა გააჩერა:
– მე იოს დედა ვარ, მაპატიეთ, თქვენ მგონი რუდოლფიო გქვიათ?
– დიახ, – თქვა ღიმილით კაცმა.
– მე თქვენ ჩემი ქალიშვილისგან გიცნობთ. ამ ბოლო დროს ძალზე ბევრს ლაპარაკობს თქვენს შესახებ. მე კი…
ქალი შეყოყმანდა და კაცი მიხვდა, რომ მას უჭირდა იმ შეკითხვის დასმა, რის გაგებაც მისთვის, დედისათვის, ასე აუცილებელი იყო.
– ნუ ღელავთ, – დაამშვიდა რუდოლფმა, – მე და იო, უბრალოდ, კარგი მეგობრები ვართ, ცუდი არაფერი მოხდება.
– რა თქმა უნდა, – აწრიალდა ქალი, – მაგრამ იო ისეთი თავნებაა, არაფერს გვიჯერებს. იცით, ისეთ ასაკშია… მეშინია რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს… ყველაზე მეტად კი ის მაფიქრებს, არც კლასსა და არც თანატოლებს შორის ამხანაგი არ ჰყავს.
– აი ეგ კი ცუდია.
– ჰო, მაგრამ, თქვენ ხომ მასზე დიდი გავლენა გაქვთ, აი თქვენ რომ დაელაპარაკებოდეთ…
– უსათუოდ დაველაპარაკები, – შეჰპირდა კაცი, – თუმცა, ვფიქრობ, იო შესანიშნავი გოგოა, ტყუილად ნერვიულობთ.
– არ ვიცი.
– ნახვამდის, დაველაპარაკები, ყველაფერი კარგად იქნება.
* * *
გადაწყვიტა არ გადაედო და ახლავე დაერეკა, მით უმეტეს, ცოლი ახლა შინ არ ეგულებოდა.
– რუდოლფიო! – გახარებულმა უპასუხა გოგომ, – რა კარგია, რომ დარეკე… რუდოლფიო, მე კი ისევ ვიტირე.
– იტირე? რატომ? აბა ამდენი ტირილი ვის გაუგონია? – თქვა კაცმა.
– ეს სულ იმ “პატარა პრინცის” გამო. მეცოდება. ხომ მართალია, ის ხომ მართლა იყო ჩვენს დედამიწაზე?
– მე მგონი, კი.
– მეც ასე მგონია. ჩვენ კი არ ვიცოდით. განა ეს საშინელება არ არის? ეგზიუპერი რომ არა, ვერც ვერასოდეს გავიგებდით. ტყუილად ხომ არ ჰქვია ჩვენსავით ლამაზი სახელი.
– ჰო.
– იცი კიდევ რაზე ვფიქრობ? კარგია სულ ასე პატარა პრინცად რომ რჩება, თორემ ხომ შეიძლება მერე ისიც სხვებივით ჩვეულებრივი გამხდარიყო, ირგვლივ ხომ ისედაც უამრავი ჩვეულებრივი ადამიანია.
– არ ვიცი.
– მე კი ვიცი.
– “ადამიანების პლანეტა” თუ წაიკითხე?
– რუდოლფიო, ყველაფერი წავიკითხე. ეგზიუპერი ნამდვილი ბრძენია, თან ძალიან კეთილი. გახსოვს? ბარკას გამოისყიდიან და ფულსაც აძლევენ, ის კი ამ ფულს გოგო-ბიჭების ფეხსაცმელში ხარჯავს, თვითონ კაპიკსაც არ იტოვებს.
– ჰო, – თქვა კაცმა. – ბონაფუსი თუ გახსოვს? აი ის, არაბებს რომ ძარცვავს. არაბებს კი თან სძულთ და თან უყვართ კიდევაც.
– იმიტომ, რომ მის გარეშე უდაბნო მათთვის ძალზე ჩვეულებრივი და მოსაწყენი იქნებოდა. ის ხომ მას თან საშიშს ხდის, თანაც რომანტიულ იერს აძლევს.
– ყოჩაღ, თუ ეს ყველაფერი ასე კარგად გესმის.
– რუდოლფიო… – თქვა გოგომ და გაჩუმდა.
– გისმენ.
გოგო დუმდა.
– რუდოლფიო, – თქვა კაცმა რატომღაც აღელვებულმა, – ახლავე ჩემთან მოდი, მარტო ვარ.
* * *
გოგო სავარძელთან მივიდა და დაჯდა, თან სულ აქეთ-იქით იყურებოდა.
– ასე გაჩუმებული რატომ ხარ? – ჰკითხა კაცმა.
– მართლა შინ არ არის?
– ვინ? ცოლი?
– ჰო, აბა ვინ!
– არა.
– ის შენი ცოლი ნამდვილი მიმრაა.
– რა?
– რა და, მიმრა.
– ეგ სიტყვა საიდანღა მოიტანე?
– დიდი რუსული ენიდან. მისთვის იქ ამაზე შესაფერისი არაფერი არ არის.
– იო, აბა ასე როგორ შეიძლება!
– იო კი არა, რუდოლფიო.
– ჰო, რუდოლფიო.
– ამას წინათ დავრეკე და მასთან მოვხვდი. იცი რა მითხრა? თუ რეზერვუარების გამო რეკავ, გიჯობს მასწავლებელს მიმართოო. მე მგონი, ეჭვიანობს.
– არა, არა მგონია.
– რუდოლფიო, ხომ ვჯობივარ, ხომ მართლა ვჯობივარ?.. ჯერ ხომ არ დავქალებულვარ, ჯერ ხომ ჩემთვის ყველაფერი წინაა.
კაცმა გაიღიმა და თავი დაუქნია.
– აი ხომ ხედავ… მე მგონი, დროა დასცილდე.
– რა სისულელეს ბოდავ! – გააწყვეტინა კაცმა, – ძალიან ბევრ უფლებას გაძლევ…
– გიყვარვარ და იმიტომ, არა?
– არა, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრები ვართ.
გოგო შუბლშეკრული იჯდა და დუმდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა,
– რა ჰქვია?
– ვის? ჩემ ცოლს?
– რა თქმა უნდა.
– კლავა.
– ძალიან მაგარია…
– კმარა, გეყოფა! – გაბრაზდა კაცი.
გოგო წამოდგა, წუთით თვალები დახუჭა და უცებ თქვა:
– რუდოლფიო, არანორმალური ვარ, მაპატიე, არ მინდოდა…
– ოღონდ არ იღრიალო, – გააფრთხილა კაცმა.
– არა, არ ვიღრიალებ.
გოგო განზე გადგა და ფანჯრისკენ შეტრიალდა.
– რუდოლფიო, მოდი შევთანხმდეთ – დღეს შენთან არ ვყოფილვარ, არც არაფერი მითქვამს, კარგი?
– კარგი.
– ჩათვალე, რომ “მშვიდობით” ტელეფონზე გითხარი.
– კარგი.
და გოგო წავიდა.
ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ტელეფონმა დაიწკრიალა.
– მშვიდობით, რუდოლფიო.
– მშვიდობით.
თქვა კაცმა და შეიცადა, მაგრამ გოგომ ყურმილი უკვე დაკიდა.
* * *
ამის მერე აღარ დაურეკავს. როცა მზის სასწორზე ზამთარი გაზაფხულმა გადაწონა, კაცს ისევ გამგზავრება მოუწია და უკან მხოლოდ მაისში დაბრუნდა. ამის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ამ ხნის მანძილზე უამრავი სამუშაო ჰქონდა, გოგო დიდი ხანია არ ენახა. ყოველ გახსენებაზე – ხვალ დავრეკავ, ხვალ დავრეკავო, მაგრამ ვერც ხვალ დაურეკა და ვერც ზეგ.
ბოლოს შემთხვევით ტრამვაიში შეხვდა. დაინახა თუ არა, ხალხით სავსე ვაგონში მისკენ მოუთმენლად გასწია – ხომ შეიძლება, სხვა გაჩერებაზე ჩამოვიდესო, – შეეშინდა. იცოდა, ვერ გაბედავდა და უკან ვერ გაეკიდებოდა. მაგრამ, გოგო არ ჩასულა და კაცმა იგრძნო, რომ ამ ამბავმა იმაზე მეტად გაახარა, ვიდრე ამას მეგობრული ურთიერთობა მოითხოვდა.
– გამარჯობა, იო, – უთხრა კაცმა და მხარზე ხელი შეახო.
გოგო შეშინებული მიტრიალდა, კაცს შეხედა, ჯერ ოდნავ შეცბა, მაგრამ გახარებულმა მაშინვე თავი დაუქნია.
– იო კი არა, რუდოლფიო, მე და შენ ხომ ისევ მეგობრები ვართ, ხომ ასეა?
– რა თქმა უნდა, ასეა, რუდოლფიო.
– წასული იყავი?
– დიახ.
– მე კი ერთხელ დაგირეკე, მაგრამ შინ არ იყავი.
– უკვე ერთი კვირაა აქა ვარ.
ვაგონი ხალხით იყო სავსე, ხან ვინ გაჰკრავდათ მხარს და ხან ვინ. ამის გამო იძულებული გახდნენ, ისე ახლოს მისულიყვნენ ერთმანეთთან, რომ გოგო თავით კაცს ნიკაპზე ეხებოდა, ხოლო როცა თავს ასწევდა, კაცი კი დაიხრებოდა, რათა მისი ნათქვამი გაეგო, უხერხულობისაგან თვალები ორივეს აქეთ-იქით გაურბოდა.
– რუდოლფიო, გინდა რაღაც გითხრა? – უთხრა გოგომ.
– რასაკვირველია, მინდა.
გოგომ თავი ისევ ასწია და სახე სახესთან ისე ახლოს მიუტანა, რომ კაცმა თვალები დახუჭა.
– იცი, სულ მენატრები, რუდოლფიო.
– სულელი ხარ… – თქვა კაცმა.
– ვიცი, – ამოიოხრა გოგომ, – მე ხომ სხვა ბიჭი არავინ მენატრება, ას წელიწადსაც არავინ მჭირდება.
ტრამვაი გაჩერდა და ორივენი ჩავიდნენ.
– ახლა იმ შენს კლავასთან წახვალ, არა? – ჰკითხა გოგომ.
– არა, არ წავალ, მოდი გავისეირნოთ.
მდინარისაკენ იმ მხარეს შეუხვიეს, საითაც უშენი ადგილი იწყებოდა. მიდიოდნენ უგზოდ, უბილიკოდ, კოლბოხებსა და ნაგვის გროვებს ახტებოდნენ. მერე კაცმა ხელში ხელი მოჰკიდა და ნაქცევებზე გადასვლაში მიეხმარა.
გოგო დადუმდა. და კაცმა იგრძნო, რომ ისიც ისე ღალავდა, როგორც თვითონ… ისიც მასავით მღელვარე, დაუოკებელი ფორიაქით იყო სავსე.
მერე ფლატესთან გავიდნენ. იდგნენ ხელიხელჩაკიდებულები და მდინარეს ჩაჰყურებდნენ. ზოგჯერ გახედავდნენ მდინარის გაღმა სივრცეს და ისევ მდინარეს ჩააცქერდებოდნენ.
– რუდოლფიო, – ვეღარ მოითმინა გოგომ, – ჩემთვის ჯერ არავის უკოცნია.
კაცი დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
– ტუჩებში მაკოცე, – სთხოვა გოგომ.
– ტუჩებში მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანს ჰკოცნიან, – ძლივს ამოღერღა კაცმა.
– მაშინ მე…
გოგოს შეაკანკალა და შეშინებულმა კაცმა უცებ გაიგო – დიახ, კი არ იგრძნო, არამედ გაიგო, გოგომ როგორ გაარტყა. ერთი გემრიელად უსილაქა და გაიქცა – უშენზე, ოღროჩოღროზე, გაექცა მოლოდინს და მღელვარებას.
ის კი იდგა და უყურებდა, გოგო როგორ გარბოდა, მაგრამ დაძახებას ვერ ბედავდა, ვერ ბედავდა გაჰკიდებოდა და დასწეოდა. კაცი კიდევ დიდხანს იდგა დაცლილი და განადგურებული, საკუთარი თავი ეზიზღებოდა.
* * *
ეს ამბავი შაბათ დღეს მოხდა. კვირას, დილაადრიანად კი იოს დედამ დაურეკა:
– რუდოლფიო, მაპატიეთ, ალბათ გაგაღვიძეთ.
ქალს დაბნეული, აკანკალებული ხმა ჰქონდა.
– გისმენთ, – თქვა კაცმა.
ალბათ საჭირო იყო კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ…
– ყველანი სასოწარკვეთილები ვართ, არ ვიცი, რა ვიღონოთ, პირველი შემთხვევაა ასე რომ…
– დამშვიდდით, – უთხრა ბოლოს კაცმა, – ღამე შეიძლება ამხანაგთან გაათია.
– არ ვიცი…
– მე მგონი, ასეა. ორ საათში თუ არ გამოჩნდა, მოვძებნოთ. ოღონდ ჯერ დამშვიდდით. ორი საათის შემდეგ დაგირეკავთ.
კაცმა ყურმილი დადო და ჩაფიქრდა. “შენც დამშვიდდი, იქნებ მართლა ამხანაგთან გაათია?” – უთხრა თავის თავს, მაგრამ ვერ დამშვიდდა, პირიქით, იგრძნო, ნერვიულმა კანკალმა როგორ აიტანა. ცოტა რომ დამშვიდებულიყო, სტვენა-სტვენით საკუჭნაოში გავიდა და თავის ძველ, სკოლამდელ სახელმძღვანელოებში ქექვას მოჰყვა.
ტელეფონი დუმდა. სამზარეულოს კარი ჩაკეტა და ალგებრის სახელმძღვანელო გადაფურცლა. აი, ისიც: ერთი რეზერვუარიდან ორი საათის განმავლობაში წყალს მეორე რეზერვუარში თუ გადავქაჩავთ…
უცებ ტელეფონი აწკრიალდა:
– მოვიდა, – თქვა დედამ, თავი ვერ შეიკავა და ატირდა.
კაცი გაჩუმებული უსმენდა.
– რუდოლფიო, ძალიან გთხოვთ, მობრძანდით ჩვენთან.
და ქალი ისევ ატირდა:
– გოგოს რაღაც დაემართა…
* * *
შევიდა თუ არა, ნებართვა არ უთხოვია, ლაბადა მაშინვე გაიძრო და დედამ ქალიშვილის ოთახის კარზე უსიტყვოდ მიუთითა.
იო მუხლებშეკეცილი საწოლზე იჯდა, აქეთ-იქით ირწეოდა და გაშტერებული ფანჯარაში იყურებოდა.
– რუდოლფიო, – დაუძახა კაცმა.
გოგო მისკენ უსიტყვოდ შემობრუნდა.
– რუდოლფიო!
– თავი დამანებე! – თქვა გოგომ და სახე ზიზღით დაემანჭა, – რუდოლფიო კი არა, ჩვეულებრივი რუდოლფი ხარ, გესმის? ჩვეულებრივი რუდოლფი…
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კაცი შეცბა, მაგრამ, შეეცადა თავს მორეოდა, ფანჯარასთან მივიდა და რაფას ჩამოეყრდნო.
გოგო ისევ წინ და უკან ირწეოდა, ფანჯარაში კაცს მიღმა სივრცეს ჯიუტად გასცქეროდა.
– კარგი, ასე იყოს, ოღონდ ამიხსენი, წუხელი სად იყავი? – თქვა კაცმა.
– წადი, ჯანდაბაში წადი, – დაღლილად უპასუხა გოგომ, ისე რომ, არც კი შეუხედავს.
კაცმა თავი დააქნია. დედის მდუმარე შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია, საკიდიდან ლაბადა ჩამოიღო, კიბეზე დაეშვა და წავიდა… წავიდა ჯანდაბაში… კვირა დღე ის-ის იყო თენდებოდა. ქუჩაში არავინ იყო. უშენი ადგილი გაიარა და მდინარის ნაპირისკენ რომ დაეშვა, უცებ გაიფიქრა: მერე? მერე სადღა წავალ?
© ”არილი”