ახალი ამბები,  პოეზია,  პორტრეტი

ვახტანგ ჯავახაძე – 90

ავტორი გუგა მგელაძე

ვახტანგ ჯავახაძე (ტარიელ ჭანტურიას მსგავსად!) არც არასდროს ყოფილა რომელიმე  კონკრეტული მსოფლმხედველობრივი ,,იზმის’’ წარმომადგენელი და ვერც იმის  მტკიცებას დავიწყებთ, რომ  ირონიის, ინტერტექსტუალობის, ორმაგი კოდირების, ავტორის ნიღბის და სხვა კომპონენტების  სიჭარბის მიუხედავად, თითქოს, ის მხოლოდ პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ქართველი ადეპტია. ვფიქრობ, საკითხის  ასე დასმა ზედაპირულ (საერთოდაც, ზერელე!)დამოკიდებულებაზე მეტყველებს იმდენად, რამდენადაც გივი გეგეჭკორის, ოთარ ჭილაძის, ვახტანგ ჯავახაძის,  ტარიელ  ჭანტურიას შემოქმედება, მათი სააზროვნო დიაპაზონი და ენის  განცდის  უნიკალური  გრადაციები არსით პლურალისტურია ანუ თავისუფალ დიალოგში  შედიან სხვადასხვა ტიპის ლიტერატურულ ესთეტიკასთან. ღიაობის ამგვარი მოდელი კი რიგითი მკითხველისთვის  შეიძლება აჩენდეს იმის ილუზიას, რომ   ვახტანგ ჯავახაძის პოეზიაში არაფერია დაფარული – ყველაფერი ცხადი, გასაგები და გამჭირვალეა ანუ მის ტექსტებში ნაკლებია ქვეტექსტი, შიფრი, საიდუმლო. რეალურად კი, პოეტის მოჩვენებითი სიმარტივე, სილაღე, თამაში ერთი შრეა  მხოლოდ. მთავარი კი (ავტორის რეალური დამოკიდებულება  საგნების, მოვლენების, რეალობის მიმართ) სწორედ ამ სიმსუბუქის მიღმაა კოდირებული.

გთავაზობთ მცირე კოლაჟს კონვენციური ლექსის ერთ-ერთი უგამორჩეულესი რეფორმატორის პოეზიის შესახებ:

,,ის ძირითადად პოეტური ფრაზის  ფოლკლორულ სტრუქტურას ეყრდნობა, კერძოდ, სიტყვების თავისებურ თამაშს, რაც განსაკუთრებით ქართული ზღაპრისთვისაა დამახასიათებელი. (…) სიტყვები სიტყვებს ბადებენ, ყოველ ახალ სიტყვასთან ერთად იბადება ახალი წარმოდგენა, აზრი აზრში გადადის და ეს ხდება ბუნებრივად, თავისთავად, ვინაიდან სიტყვებს აქვთ თავიანთი შინაგანი ცხოვრება, შინაგანი კავშირები, ურთიერთ მიზიდულობის და განზიდვის  უნარი. აქ მიღწეული სისადავე  ერთდროულად ზღაპრისა და პროზის უბრალოებით საზრდოობს. უბრალოდ, უხმაუროდ, ზედმეტი გართულებების გარეშე მიღწეულია ის, რასაც პოეზიაში უკიდურესი ნოვაციების მომხრენი ითხოვენ’’ – გურამ ასათიანი

,, ვახტანგ ჯავახაძე მკითხველის წინაშე თავიდანვე მომწიფებულ პოეტად, სიტყვის ისეთ დასრულებულ ოსტატად წარდგა, თითქოს ეს მაღალი ოსტატობა თავისით, სულ იოლად მისცემოდეს, ყოველგვარი შრომისა და დაძაბვის გარეშე. მის ლექსს ათას სხვაში უცებ გამოიცნობდი. ეს იყო ერთ მოულოდნელ იდეაზე ასხმული ფაქიზი, ცოცხალი ლირიკული ხვეული, რთული და ამავე დროს, გამჭირვალედ სადა, ფიქრიანი და თან მუდამ უაღრესად ფხიზელი. (…) მათ ხალისიან, თითქმის უდარდელ ტონს მიღმა, სიტყვებისა და სტრიქონების თითქმის ჯამბაზურ ილეთებს მიღმა, როგორ მკაფიოდ ასახულიყო ჩვენი ყოფის აბსურდულობა, უმწეობა, ტრაგიზმი, თანაც ერთი ლირიკული წამოკვნესების გარეშე! და ყოველივე ეს რა დიდი პოეტური კულტურის დონეზე ხდებოდა!’’ – დავით წერედიანი

,,ვახტანგ ჯავახაძე ერთი იმათგანია, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მხატვრული აზროვნებისა და პოეტური კულტურის შემდგომ განვითარებაში, ვინც მუდამ ცხოვრობდა და წერდა დროის შეგრძნებით, ახმოვანებდა დროის იდეალებს, დროს განიცდიდა, როგორც მუდმივად ცვალებად ფენომენს. ‘’ -დავით მჭედლური.

რამდენიმე შეკითხვით მივმართე პოეტ თემურ ჩხეტიანს. ის ვახტანგ ჯავახაძის პოეზიის მნიშვნელობასა და როლზე გვესაუბრება:

რომელია თქვენი საყვარელი ლექსი ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებიდან და რატომ?

მოდი, სამ ლექსს დავასახელებ, სამ განსხვავებულ და ნაღდად „ვახტანგურ“ სამ ლექსს. თუმცა ასეთი ლექსები მას უამრავი აქვს და ყველას ვერც გავიხსენებთ და ვერც ჩამოვთვლით:
,,ტრიალებდა, ტრიალებდა…”
,,ცენტონი”
,, მაგონდება ბარი…”

როგორ შეაფასებდით მის როლს თანამედროვე ქართულ პოეზიაში?

 დღეს ცოცხალ და მოქმედ პოეტთა შორის, პირადად ჩემთვის, ვახტანგ ჯავახაძე
ერთ-ერთია იმ ოთხთაგან, ვისაც მე ანგარიშს ჩავაბარებდი და თავდახრილი დაველოდებოდი მის განაჩენს ჩემს შემოქმედებაზე.

რაში მდგომარეობს ვახტანგ ჯავახაძის  ,,უცნობის’’ პოპულარობის არსი? ჩემი დაკვირვებით, ეს არის დოკუმენტური რომანი გალაკტიონზე, რომელიც მუდმივად ქმნადობის პროცესშია.

,,უცნობი’’ პირველივე გამოცემა მქონდა და ის წავიკითხე.
ესაა ძალიან კარგი წიგნი დიდ გალაკტიონზე; ესაა წიგნი დიდ პოეტზე;
ესაა წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს ადამიანი და როგორ უნდა
აფასებდე შემოქმედი შემოქმედს…
გალაკტიონი ამოუწურავია და გასაგებია, რომ კიდევ მეტი გვინდა ვიცოდეთ მასზე;
კიდევ ახალი და უფრო მეტის მომცველი „უცნობი“ გვინდა…
ასე, რომ ის „მუდმივად ქმნადობის პროცესშია.“

© არილი

Facebook Comments Box