თარგმნა თამარ ლომიძემ
ხურლინგემიდან მანქანით ვბრუნდებოდი. შეღამდა. მგზავრობა უსასრულოდ გაგრძელდა. ავტომანქანათა ფარები წინ გვისწრებდნენ, თვალისმომჭრელად კაშკაშებდნენ, მიჰქროდნენ, ანაზდად გვერდში ამოგვიდგებოდნენ ხოლმე, ზოგჯერ კი შექუჩებულ შენობებსა და ქუჩის ფარნებს შორდებოდნენ და ტაატით გვიახლოვდებოდნენ. რადიოანძები და განმარტოებული სახლების სიდიადე, მატარებლების გრუხუნი – საყოველთაო, შეუპოვარი, გააფთრებული მოძრაობა. ავტომანქანის მყუდრო ორმოში წყნარად ვიჯექი. მოულოდნელად მანქანამ სვლას უკლო, გზის პირას გადაუხვია და შეჩერდა: რა მოხდა? – ჩვენი მძღოლი, ინჟინერი ორლოვი ჩურჩულებს, წუთით უნდა შევისვენოო… და ბოდიშის მოხდისთანავე იქვე, საჭესთან მჯდომი, იძინებს, დაბნეულობა.
მან რამდენიმე წუთში გამოიღვიძა და კვლავ გზას გავუდექით, მაგრამ უფრო ნელა მივდიოდით. “არ შეწუხდეთ, გეთაყვა… არა მიშავს რა… ყავა უნდა დავლიო”. შევედით კუთხის ბარში, რომელიც ძილის კვინტესენციას წარმოადგენდა: თვლემდლა “mocco“, თვლემდნენ კლიენტები, ყავით ან გრაპით სავსე ჭიქები რომ ედგათ წინ, ეძინათ ცარიელ მაგიდებს, სკამებს, ფანჯრებს, კედლებს და თვით ძილმორეული სივრცეც თავს აკანტურებდა – გარეთ კი ავტომანქანები დაქროდნენ – და მოქანცულობისა და ძილის ეს ნაზავი… ეს მძინარეთა რბოლაა თუ ოტებული ძილი?
შინ დაბრუნება
ბინაში ყველას ეძინა, როდესაც ნაშუაღამევს, ლა-პლატას ტალღებზე გემის ცეკვისგან რეტდასხმული, ჩემოდნით ხელში გზას მივიკვლევდი ჩემი ოთახისკენ. ეძინათ რობერტოს, ჰერ კლიუგს, დონ ეუხენიოს, ბაზილიოს, არანას – მძინარეთა თანაბარ სუნთქვას თავს დასტრიალებდა ოხვრისა და კვნესის აჩრდილები. რა არის რაოდენობა ძილში? მძინარე რაოდენობა? გძინავს თუ არა, რაოდენობავ? იქნებ, რაოდენობავ, არასოდეს გძინავს?
არა, ჩვენი რაოდენობა არასოდეს იძინებს ჩვენთან ერთად. განა ძალუძს ძილს, მოერიოს ჯამურ არსებას?.. ის განუწყვეტლივ ტრიალებს და ტრიალებს… ჩემს ოთახში საწოლზე მჯდარი, ვეკითხებოდი თავს: უნდა აგვაღელვოს თუ, პირიქით, დაგვაწყნაროს იმ ფაქტმა, რომ მძინარე ადამიანები ბევრნი (ხუთნი) არიან? უფრო სახიფათოა თუ არა ერთი ადამიანის ძილი, ვიდრე – რამდენიმე კაცის, ან თუნდაც ათეულობით და ასეულობით ადამიანისა? ეს კითხვა, ალბათ, პრეტენზიულად ჟღერს, მაგრამ მას იდუმალი საზრისი გააჩნია. ნება მომეცით, შევნიშნო, რომ რაოდენობა ადამიანთან მიმართებაში განსაცვიფრებელ თვისებებს ამჟღავნებს, რადგან ერთდროულად ამრავლებს და ჰყოფს კიდეც. ვის შეეპარება ეჭვი, რომ ხუთი კაცი უფრო იოლად გადასწევს თოკს, ვიდრე – ერთი ადამიანი? მაგრამ რაც შეეხება სიკვდილს, აქ საპირისპირო ვითარებაა. სცადეთ ერთდროულად ათასი კაცის მოკვლა და დარწმუნდებით, რომ თითოეული მათგანის სიკვდილი ათასჯერ უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია განმარტოებით მომაკვდავი ადამიანის აღსრულებასთან შედარებით.
აი, რატომ მაწყნარებდა იმაზე ფიქრი, რომ მათ, ხუთივეს, ერთად ეძინათ და სიზმრებს ხედავდნენ: ამიტომ მეც შემეძლო, მშვიდად დამედო თავი ბალიშზე და მეექვსე ნომრად შევერთებოდი მათ მძიმე, ფხიზელ, სივრცეში მოლივლივე სუნთქვას. ღამისა და ძილის ქადილს არ ვუფრთხოდი, რადგან მხსნელი რაოდენობა მიცავდა და თავისთავში განმაზავებდა. კეთილი ფერიას მსგავსად! მფარველი ანგელოზის დარად! ღამე მშვიდობისა! ღამე მშვიდობისა! დროა, შევწყვიტო სულის ეს აღსარება, რომელიც, ალბათ, ბევრწილად გაუგებარია. შეიძლება, უთავბოლოც. იქნებ, ცოტათი გაბედულიც, გაზვიადებული, გატყლარჭული, გარყვნილი.. გა… გაწყალებული. რაშია საქმე, მეგობრებო? ჩემს აზრებში რამენაირი ინტელექტუალური გარყვნილება რომ იყოს, რაოდენობა მას თავისთავში განაზავებდა, ისევე, როგორც ექცევა ჩვენს ცოდვებსა და სათნოებექს. ამინ.
პირიაპოლისი
ჩემი ჩანაწერები პენ-კლუბის წევრთა ყრილობის შესახებ… იუმორის სიჭარბე, ამბოხის ნაკლებობა, ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი დავრჩი: შესაძლოა, მათი იმპოტენცია გადმომედო და ამიტომაც ვერ შევძელი საკუთარი თემის პოვნა?
იქ არც ისე თვალსაჩინოდ იქნა გამოვლენილი ლიტერატურის დეკადენცია – ის, რომ ლიტერატურის დონე ყოველწლიურად სულ უფრო დაბლა ეცემა, თუ ნაწარმოებების პლანში არა, ლიტერატორთა სახით – უეჭველად. მართლაც… თუ ერთი თაობის კომპოზიტორთა შორის მთელ მსოფლიოში ხუთ-ექვს ჭეშმარიტ შემოქმედს იპოვით, სავარაუდოა, რომ ჭეშმარიტი მწერლების რაოდენობაც ასეთივე იქნება. რაც შეეხება სხვებს, ესე იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველი თანრიგის ვაჟბატონებს, რომლებსაც სულიერად არ მიუღწევიათ ამოცანის სიმაღლემდე, მაგრამ აღიარება და სახელი მოიხვეჭეს, იმათ, ვისაც სიკვდილის შემდეგ ძეგლს დაუდგამენ, მოედანს ან ქუჩას კი მათ სახელს დაარქმევენ… ეს უკვე პირველხარისხოვანი ლიტერატურა როდია. ხვდებით თუ არა, რაოდენ შემაძრწუნებელია ჩემი დასკვნა? ხელოვნების კარაქი თუ ექსტრა, ე.ი. აბსოლუტურად უმაღლესი ხარისხისა არაა, მაშინ ის მარგარინის სუნით ყარს.
მსოფლიო ლიტერატურის ელიტა სულ უფრო მრავლდება და სულ უფრო საეჭვო იერს იძენს. ეს იმიტომ ხდება, რომ ვითარდება ამაღლებულის მიბაძვით ნაყალბევი ნაწარმოებების თხზვის ტექნიკა (ისევე, როგორც ყოველგვარი სხვა ტექნიკა). გამორჩეულობა და სიდიადეც კი, გარკვეული გაგებით, ტექნიკით მიიღწევა და ამჟამად მეორეხარისხოვანმა ინტელიგენტმა მწერალმა მშვენივრად იცის, როგორ უნდა მოიქცეს, რომ პირველი ხარისხის შემოქმედად იქცეს. მაგალითად: სჯობს, არ ვიყო ძალზე სულიერი, არამედ – მგრძნობელობის ელემენტებიც გამოვიყენო. და კიდევ – კარგი იქნება ანტინომიების ხორცშესხმა, სარგებლობას მომიტანს ბუნდოვანების ბურუსიც. გამომადგება რემბოსეული უხეში უშუალობა, გასათვალისწინებელია თანამედროვე ამერიკელების ზოგიერთი ხერხი, არ უნდა დამავიწყდეს “ობიექტური” სიდიადის ზოგიერთი რეცეპტიც, რომელთა რეალიზაციასაც უკანასკნელ ხანებში წარმატებით მიმართავენ საფრანგეთში. უგუნურება იქნება ამ ტექნიკური პროცედურების სრული უგულებელყოფა… მართლაც, იმათ, ვინც ღვთაებრივი მადლით არაა ცხებული, რატომ არ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი ხელწერა სხვების გამოცდილების საფუძველზე? განა თითქმის ყველა ჭეშმარიტი გენიოსი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისში არ ბაძავს სხვა გენიოსს? და ზოგჯერ ასეთი ნაყალბევი გენიალურობის შესისხლხორცებაც ხდება.
მეთოდის, როგორც ასეთის, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სწორედ მის გამო ევროპული ელიტა ყოველწლიურად სულ უფრო მეტად მოიკოჭლებს. ამ ამაღლებულმა ადამიანებმა ჭარბი ძალისხმევა შეალიეს თავიანთი მანერის “შექმნას”. მათი (არასპონტანურად აღმოცენებული) სახელგანთქმულობა სხვა არაფერია, თუ არა მოცემულ თემაზე დაწერილი თხზულება. თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ოთხმოცდაათ პროცენტს (და განა მხოლოდ ოთხმოცდაათს?) შეადგენენ ისინი, ვინც გაითავისა გარკვეული სტილი, გარკვეული ჟანრი, გარკვეული დონე, რაც საფრანგეთის ინტელექტუალური არტისტული ატმოსფეროს საკუთრებას წარმოადგენს. მათი პირადი დამსახურება ძალზე ხშირად მდგომარეობს მაღაზიაში ნაყიდი (ვითომდა შეკვეთით შეკერილი) კოსტიუმის მოხდენაში… მაგრამ პასკალის საფრანგეთსა და მორიაკის საფრანგეთს შორის ისეთივე არსებითი განსხვავებაა, როგორც – შიშველ მახასა და ჩაცმულ მახას შორის. შეადარეთ ვერლენისდროინდელი ადამიანების განუმეორებლობა თანამედროვე გარემოს, სადაც პრაქტიკულად ყველა მწერალი ურთიერთშენაცვლებადია. იგივე ხდება სხვა ლიტერატურებშიც. იყო დრო ევროპის ცხოვრებაში, როდესაც შეიძლებოდა საუზმეზე ნიცშეს, რემბოს, დოსტოევსკის, ტოლსტოის, იბსენის მიწვევა. ისინი იმდენად არ ჰგავდნენ ერთმანეთს, თითქოს სხვადასხვა პლანეტათა მცხოვრებნი გახლდნენ, – და რომელი საუზმე არ აფეთქდებოდა მათი კომპანიისგან? დღეს კი შეიძლება მოაწყო გალა-ბანკეტი მთელი ევროპული ელიტისთვის და ის ისე უშფოთველად ჩაივლის, მოწვეულთა შორის ნაპერწკალიც კი არ გაირბენს.
ამგვარ დაბალ ფუნდამენტზე სულ უფრო იზრდება და აშკარავდება იმპრესარიოს დამამცირებელი როლი… ინდივიდუალური სულისკვეთების უგულებელმყოფელი ლიტერატურა ხელში ჩაიგდეს სულიერებისგან განძარცულმა მოღვაწეებმა, საზოგადოებრივმა მუშაკებმა. პრემიები. კონკურსები. ზეიმები. პროფკავშირები. გამომცემლები. პრესა. პოლიტიკა. კულტურა. საელჩოები. ყრილობები. თანაც, საჭიროა ყოველივე ამის ორგანიზება და ამოქმედება – ასე გადაიქცნენ ფუნქცია და ორგანიზაცია წურბელებად, რომლებიც წოვენ ისედაც ანემიურ სისხლს. მე მგონი, დაცემა ეგზომ ზვავისებრი არ იქნებოდა მხოლოდ გარეგანი ზეწოლის შემთხვევაში; ხელოვანი, ჩვეულებრივ, თავს არიდებს საზოგადოებას და ინსტინქტურად თავს იცავს პროფანთა ხრიკებისგან. ცნობილია: საზოგადოება ჩვენგან ყოველთვის მოითხოვს იმას, რისი მიცემაც არ ძალგვიძს. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, კიდევ უფრო უარესია, რომ ლიტერატურა სულ უფრო უსუსურდება, რის შედეგადაც კარგავს წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ამიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მასში მიმდინარე შერჩევის პროცესი გაუკუღმართებულია, ეს კი თვითმკვლელობას უდრის. არა მარტო იმის გამო, რომ ყველაზე მდარე მწერალი იწყებს საუკეთესოთა ხელმძღვანელობას და ჩაგრავს მათ ამ ბიუროკრატიის ჩარჩოებში (რაც უფრო უკეთესია ხელოვანი, მით ნაკლები დრო რჩება მას “ფუნქციონერობისთვის”), არამედ – იმიტომაც, რომ საუკეთესოთა სულში მდაბალი ელემენტი ჯაბნის სულის ამაყ შეუპოვრობას. გამბედაობა არ ჰყოფნით. ნებისყოფა ღალატობთ. სუსტდება იმ თამამი, მკაფიო გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომლებმაც სამყარო მხსნელ ზღვრამდე უნდა განწმინდონ და სამყარო იმღვრევა.
მორჩილება! განა გაკადნიერდებიან მიწვეული, დაჯილდოებული, პატივნაცემი, გაბრიყვებული, სასაცილოდ აგდებული სულები, რომ ამბოხდნენ, გაკერპდნენ და მოძებნონ ამ სიტუაციის ასაფეთქებლად საკმარისი ასაფეთქებელი ნივთიერება. ვაღიაროთ: გენია, ტალანტი, სულ უფრო ნაკლებად გვევლინება დინამიტის სახით, რადგან მას მცირედ თუ შემორჩა ტყის ყვავილთა, მთის ყვავილთა წმინდა უბიწოება. იმის გამო, რომ საზოგადოებაში ყველაფერი ფუნქციონალურია, სულზე სოციალურ დაკვეთას შეესაბამება ამაღლებულის გარკვეული წარმოება და წარმოიქმნება ფუნქციონერთა ახალი ჯიში – სულიერი ფუნქციონერი.
ორშაბათი
საავადმყოფოში ვიყავი მ-სთან. უკვე ერთი თვეა, კვდება და ექიმების თქმით, სიკვდილამდე ორი კვირაღა დარჩენია. ის უმოძრაოდ იწვა, თავი ბალიშზე ედო, სიკვდილი ნაწილ-ნაწილ ნთქავდა, ყოველდღე სულ უფრო მეტად კვდებოდა. იტანჯება თუ არა? ძალიან თუ იტანჯება?
პალატაში იმყოფებოდა რამდენიმე ცოცხალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოწმე: ისინი შეწუხებული გამომეტყველებით იმზირებოდნენ. არ იცოდნენ, რა ექნათ. მომაკვდავისგან მათ მიჯნავდა იმის შეგნება, რომ აქ ვერაფერს გააწყობ და მხოლოდ უნდა იცადო, სანამ ავადმყოფი ფეხებს გაფშეკს. “ადამიანი მარტოობაში ცხოვრობს და მარტოობაში კვდება” – პასკალის აზრი. სრულიადაც არა. ადამიანი ცხოვრობს კოლექტივში, რომლის წევრებიც ერთმანეთს ეხმარებიან და მხოლოდ სიკვდილის მოახლოებისას ამჩნევს, რომ ის მარტოა… მარტოდმარტოა სიკვდილის წინაშე… როგორც ის მომაკვდავი ნადირი, ხროვა რომ ტოვებს ზამთრის ღამით. რატომაა, რომ ადამიანის სიკვდილი ეგზომ ძლიერ წააგავს ნადირის სიკვდილს? რატომ ხდება, რომ ჩვენი აგონიები მარტოდმარტო და პრიმიტიულად მიმდინარეობს? რატომ ვერ მოვახერხეთ სიკვდილის ცივილიზება?
ეს შემზარავი რამ, აგონია, განუწყვეტლივ დაძრწის ჩვენს შორის და ისევე ველურია, როგორც – სამყაროს შექმნის პირველ დღეებში. ათასწლეულების განმავლობაში მას ვერაფერი მოუხერხეს. ვერავინ გაბედა ამ უცნაური ტაბუს ხელყოფა. ტელევიზორებს ვუყურებთ და ელექტროსაბნები გვახურავს, მაგრამ ისევ ისე ბარბაროსულად ვკვდებით. ზოგჯერ მორფინის ჭარბი დოზის მეშვეობით ექიმი მორცხვად გვიმსუბუქებს ტანჯვას, მაგრამ თვით ეს პროცედურა, რომელსაც საკუთარი თავისა რცხვენია, ძალზე უმნიშვნელო რამაა სიკვდილის მასშტაბებთან შედარებით. გამუდმებით ვცდილობ, დავაარსო სიკვდილის სახლები, სადაც თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება იოლი სიკვდილის თანამედროვე საშუალებები. სადაც შეიძლება წყნარად და უშფოთველად მოკვდე, ისე, რომ მატარებელს არ ჩაუვარდე და კარის სახელურზე თავი არ ჩამოიხრჩო. სადაც ცხოვრებისგან ქანცგაწყვეტილი, განადგურებული, დასრულებული ადამიანი მიენდობა იმ სპეციალისტის ალერსიან ხელებს, რომელიც წამებისა და დამცირების გარეშე სიკვდილის გარანტიას იძლევა.
რატომაც არა – გეკითხებით, – რატომაც არა? ვინ აკრძალა სიკვდილის ცივილიზება? რელიგიამ? ოჰ, ეს რელიგია. დღეს ის კრძალავს თვითმკვლელობას, გუშინ კი არანაკლებ რიხიანად კრძალავდა ანესთეტიკებს… ხოლო გუშინწინ ლოცავდა მონებით ვაჭრობას, გმობდა კოპერნიკსა და გალილეის… თავდაპირველად ეკლესია ადანაშაულებს და წყევლის, შემდეგ კი უჩუმრად, დელიკატურად უკან იხევს… სადაა გარანტია, რომ ორიოდ ათეული წლის შემდეგ თვითმკვლელის წინააღმდეგ მიმართული გულისწყრომა არ ჩაცხრება და არ გაუქმდება? ჯერჯერობით კი ძაღლებივით უნდა მოვკვდეთ – კრუნჩხვითა და ხრიალით – ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით ვიცადოთ და ეს გრძელი გზა გავკვალოთ მილიონობით შემზარავი სიკვდილით, რომელთა შესახებაც შემდეგ ნეკროლოგებში წერენ (“ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ…”). ო, არა, წმინდა წიგნების ამ “ინტერპრეტაციათა” ფასი ძალზე მაღალი და სისხლიანია. ამიტომ უმჯობესია, ეკლესიამ უარყოს სქოლასტიკა, რომელიც მეტისმეტად თვითნებურად ერევა ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს, თუ მორწმუნე კათოლიკეებს სურთ, ტანჯვით მოკვდნენ, ეს მათი საქმეა. მაგრამ რატომაა, რომ ათეისტები ან ისინი, ვისაც ეკლესიასთან კავშირი არა აქვთ, ვერ ბედავენ ისეთი მარტივი ღონისძიების განხორციელებას, როგორიცაა საკუთარი სიკვდილის ორგანიზება? თქვენ რაღა გიშლით ხელს? ხომ ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რათა გაიადვილოთ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასახლება, როდესაც ბინადრობის ადგილს იცვლით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საიქიოში გადასვლას, გსურთ, რომ ეს ძველებურად მოხდეს, ჩაძაღლების ოდინდელი წესით.
რაოდენ პირქუშია ეს თქვენი უძლურება! თითოეულმა თქვენგანმა ხომ მშეენივრად იცის, რომ არც ერთ თქვენს ნათესავსა და ახლობელს არ ასცდება ნელი კვდომა, თუ არ ეწევა სწრაფი და მოულოდნელი სიკვდილის ბედნიერება. თითოეული ადამიანი თანდათან ჩაიფერფლება, თანაც მისი იერი ზოგჯერ ძნელად საცნობი იქნება, – ეს მშვენივრად იცით, იცით, რომ ამ ხვედრს თავს ვერ აარიდებთ და თითის განძრევაც არ გსურთ, რომ ტანჯვა შეუმსუბუქოთ. რისი გეშინიათ? იმისა, რომ მეტისმეტად ბევრი ადამიანი გაიქცევა, თუ ფანჯარას ოდნავ გამოაღებთ? ნება მიეცით მათ, ვინც სიკვდილი აირჩია, მოკვდეს. ნურავის გაუხანგრძლივებთ კვდომის ჟამს – ეს უსინდისობაა.
შანტაჟი, რომელიც მდგომარეობს სიცოცხლესთან გამოთხოვების გაძნელებაში, ღორობაა, რომელიც არღვევს ადაიიანის ყველაზე სანუკვარ უფლებას. რადგან ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება ისაა, რომ ნებისმიერ მომენტში დავუსვა საკუთარ თავს ჰამლეტისეული კითხვა: “ყოფნა? არყოფნა?” და თავისუფლად ვუპასუხო მასზე. სიცოცხლემ, რომელიც მოსჯილი მაქვს, შეიძლება გამთელოს და ველური მხეცის სისასტიკით ლაფში ამომსვაროს, მაგრამ ბუნებამ ერთი მშვენიერი შესაძლებლობა მიბოძა: თვითონვე მოვუღო ბოლო ჩემს სიცოცხლეს. თუ მოვინდომებ, შემიძლია აღარ ვიცოცხლო. ჩემი გაჩენა არ მითხოვია. ყოველ შემთხვევაში, წასვლის უფლება ხომ მაქვს… და ეს ჩემი თავისუფლებისა და ღირსების საფუძველია (რადგან ღირსეულად ცხოვრება – ნებაყოფლობით ცხოვრებას ნიშნავს). ადამიანის ფუნდამენტური უფლება – სიკვდილის უფლება, იმ უფლებებს განეკუთვნება, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა იქნას შეტანილი. განხორციელდა მისი შეუმჩნეველი და თანმიმდევრული კონფისკაცია: თქვენ, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი მოიმოქმედეთ, რომ მეტისმეტად ძნელი… და რაც შეიძლება უფრო საზარელი… რომ სიკვდილი უფრო ძნელი და საზარელი ყოფილიყო, ვიდრე ის უნდა იყოს ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე. ეს გამოხატავს არა იმდენად სიცოცხლისადმი თქვენს თითქმის ცხოველურ ლტოლვას, რამდენადაც ააშკარავებს თქვენსავე ამაზრზენ უგრძნობელობას, როდესაც საქმე შეეხება ტკივილს, რომელიც ჯერ არ განგიცდიათ, აგონიას, რომელიც ჯერ არ დაგწყებიათ, ქარაფშუტულ სიბრიყვეს, რომლითაც ეკიდებით სიკვდილს, რომელიც ჯერ თქვენი არ გამხდარა – სხვის სიკვდილს. ეს დიდი და პატარა – დოგმატური, ნაციონალისტური, ყოფითი – მოსაზრებები, მთელი ეს თეორია, მთელი პრაქტიკა იფურჩქნება… სიკვდილისგან ძალზე შორს. ისეთ შორეთში, რომ მეტი აღარ შეიძლება.
პარასკევი
ჩემს მოწაფეებს ვეუბნები ხოლმე: გახსოვდეთ, რომ მე არ მივეკუთვნები თქვენს პატივცემულ, დაპატენტებულსა და გარანტირებულ პროფესორთა რიცხვს… მზად იყავით ყოველგვარი მოულოდნელობებისთვის. ნებისმიერ მომენტში შემიძლია სისულელე წამოვროშო ან ვიცრუო, ან კიდევ, საერთოდ, გაგაბრიყვოთ. არაფრის გარანტიას არ ვიძლევი. არამზადა ვარ, გართობა მიყვარს და ვიფურთხები – მიმიფურთხებია – მიმიფურთხებია… თქვენთვის და ჩემი მასწავლებლებისთვის.
* * *
არგენტინაში გატარებული 24 წლის შესახებ ვფიქრობდი და შევნიშნე საკმაოდ მკაფიო არქიტექტურა, საყურადღებო სიმეტრიები. ასე მაგალითად, ეს წლები იყოფა სამ რვაწლიან პერიოდად; პირველი პერიოდი – სიღარიბე, ბოჰემა, უზრუნველობა; მეორე – შვიდნახევარი წელი ბანკში. კლერკის ცხოვრება; მესამე პერიოდი – ღარიბული, მაგრამ დამოუკიდებელი არსებობა. ლიტერატურული პრესტიჟის ზრდა. შემიძლია წარსული დავანაწევრო ისეთი კატეგორიების მეშვეობით, როგორიცაა ფინანსები, ჯანმრთელობა, ლიტერატურა… ან ეს 24 წელი დავალაგო სხვა ხერხით, მაგალითად, ჩემი არსებობის პრობლემათა დროში ცვალებადი შინაარსის მიხედვით. მაგრამ როგორ უნდა ამოვხაპო სიცოცხლის წვნიანი კერძი ამ სტატისტიკის გახვრეტილი კოვზით? რაზეა საუბარი: ჩემს ერთ-ერთ ჩემოდანში ინახებოდა საქაღალდე, იმ საქაღალდეში კი ეწყო გაყვითლებული ფურცლები, სადაც აღნუსხული მქონდა ჩემი ცხოვრების ყოველი თვე… აბა, ვნახოთ, რა ხდებოდა 1953 წლის აპრილში, ათი წლის წინ. “უკანასკნელი დღეები სალსიპუედესში. ვწერ “სენკევიჩს” (1). ოკამპო (2) და გასეირნება რიო-სებალოსემდე. ღამით დაბრუნება. ვკითხულობ “დამონებულ ცნობიერებას” (3) და დოსტოევსკის. 12-ში მატარებლით დაბრუნება ბუენოს-აირესში. ბანკი, მოწყენილობა, ზავადზკაია (4), საშინელებაა, ჰედროიცის წერილი (5) იმის შესახებ, რომ წიგნი არ საღდება, მაგრამ მას კიდევ რაღაცის გამოცემა სურს. გროხოლსკებისა და გროძიცკების ოჯახებში. “ბანკეტი” (6) “უწყებებში”… და ა.შ. და ა.შ. აი, დავეხმარე ჩემს მეხსიერებას, აქეთ-იქით გაესეირნა წარსულში – და მერე რა? გეკითხებით, რა უნდა ვუყო ჩამოთვლათა ამ ლიტანიას, როგორ მოვინელო ეს ფაქტები, თუ თითოეული მათგანი იშლება უმცირეს მოვლენებად, რომლებიც, თავის მხრივ, საბოლოოდ გარდაიქმნებიან მილიარდობით წვეთისგან შედგენილ ანაორთქლ, უწყვეტობაში განზავებულ ნისლად, ბგერას რომ წააგავს… განა შეიძლება, აქ ფაქტებზე ილაპარაკო? და, მიუხედავად ამისა, როდესაც ყველაფრის დასრულების შემდეგ გემით ევროპაში მივემგზავრებოდი, მაწამებდა აზრი იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა შევინარჩუნო წარსული, მოვასწრო და ხელი ვტაცო მას აქ, სადაც ზღვა ხმაურობს, ღელავს, შფოთავს, სადაც უკიდეგანო წყალი ყრუდ დნება და იღვრება – მე, ატლანტიკის გადალახვის წინაშე მარტოდმარტო დარჩენილმა – მართლაც, ხომ არ დავრჩები მხოლოდ ქაოსის უაზრო ბობოქრობად, ამ ტალღებს რომ ემსგავსება? სრულიად აშკარა იყო, რომ საქმე არ შეეხებოდა ინტელექტს ან ცნობიერებას, არამედ – მხოლოდ ვნებას.
იყო ვნებიანი, იყო პოეტი არგენტინის მიმართ… ეს ქვეყანა იმდენად მიზიდავდა, რომ (ახლა ამაში უკვე დარწმუნებული ვარ) ის ღრმად და სამუდამოდ მიყვარდა (ჩემს ასაკში ასეთ სიტყვებს ოკეანის ქარს არ ატანენ), და აი, კიდევ რა: გინდა მომკალით, ვერ ვიტყვი, რით მომაჯადოვა ამ მომაბეზრებელმა პამპამ, ამ ჩვეულმა, მეშჩანურმა ქალაქებმა. ქვეყნის სინორჩით? მისი “დაბალით” (ოჰ, არგენტინაში რამდენჯერ მწვევია აზრი, ჩემი ერთ-ერთი მთავარი და ამაფორიაქებელი აზრი იმის შესახებ, რომ “მშვენიერი – დაბალია”)? და თუმცა ამ და სხვა მოვლენებმა, რომლებიც განამტკიცა მეგობრულ-უმანკო მზერამ, სხივმოსილმა ღიმილმა და კინოს იერით აღბეჭდილმა ფერმა, სიცხემ და ანაორთქლმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმაში, რომ მე არგენტინის ხიბლმა დამატყვევა, მაგრამ ქვეყანა ასჯერ უფრო მდიდარი გახლდათ. იყო თუ არა ის ძველი? დიახ. სამკუთხა? დიახაც. და კიდევ – კვადრატული, ლურჯი, სპირალური და მჟავე, მომწარო, რა თქმა უნდა, მაგრამ შინაგანიც, ფეხსაცმელივით მბზინვარე, ჩლუნგი, როგორც ბოძი ან ჭიშკარი, აგრეთვე – კუსმაგვარი, ქანცმილეული, სოფისტური, ღრუ, როგორც ფუღურო ან კალაპოტი, შიმპანზესნაირი, შესანსლული, წარყვნილი, მაიმუნისებრი, სენდვიჩზე წასმული, კბილის პლომბის მსგავსი, ანუ ყველანაირი… ვაი, რასა ვწერ… ყველაფერს, რასაც კი კალამი დაწერს: რაც არ უნდა ვთქვა, ყველაფერი მიესადაგება არგენტინას. NecHercules… ოცი მილიონი სიცოცხლის ყველანაირი კომბინაცია – ეს ბევრია, ძალზე ბევრი ერთი ცალკეული სიცოცხლისთვის. საიდან უნდა მცოდნოდა, ამ ურთიერთგადახლართულ სიცოცხლეთაგან კონკრეტულად რამ უფრო იმოქმედა ჩემზე? შეიძლება იმან, რომ ფული არ მქონდა? რომ დავკარგე ის პრივილეგიები, პოლონეთში რომ გამაჩნდა? რომ ამ ამერიკულმა ლათინურობამ როგორღაც შეავსო ჩემი პოლონურობა? მაგრამ შეიძლება, ეს იყო სამხრეთული მზე, ფორმის სიზანტე ან აქაური ბრუტალურობა, ჭუჭყი, სიმდაბლე… არ ვიცი… უფრო მეტიც, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს არგენტინაზე შეყვარებული ვიყავი. სულაც არა. უფრო ზუსტად, მხოლოდ მსურდა, შეყვარებული ვყოფილიყავი მასზე.
Tequiero. არგენტინელი ვაჟი, ნაცვლად იმისა, რომ თქვას, “მიყვარხარ”, ამბობს: “მსურხარ”. და აი, მეც (ჯერ კიდევ ოკეანეში, ზვირთებზე მოლაყლაყე გემზე) გამიტაცა მედიტაციამ. ვფიქრობდი, რომ სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ნებელობითი ძალისხმევა ანუ ცეცხლი, რომელსაც საკუთარ თავში ვაღვივებთ, რადგან გვინდა, გვიყვარდეს, რადგან აუტანელია უსიყვარულობა (სიტყვათა ამ კოშმარულ მეწყერს ბიძგი მისცა თვით სიტუაციის უხერხულობამ)… არა, ის კი არ მიყვარდა, მხოლოდ მსურდა, რომ მყვარებოდა. და, ალბათ, ევროპასთან მიახლოებისას არგენტინის, ამერიკის ბანგით უგონოდ მთვრალი უნდა ვყოფილიყავი. არ მსურდა ევროპის წინაშე წარდგომა იმ სილამაზის გარეშე, რომელსაც სიყვარული გვანიჭებს და, შესაძლოა, მაშინებდა იმ ქვეყნის მიტოვება, ჩემით რომ გავჟღინთე. ვვარაუდობდი, რომ ჩემგან გაუმთბარ, უცხო მხარეში გადასახლება გამომფიტავდა, გამთოშავდა, მომკლავდა – აი, რატომ მსურდა, ევროპას ვნებით აღსავსე ვეხილე, არგენტინის მიმართ ვნებით შეპყრობილი, და ვთრთოდი იმ ერთადერთი შეხვედრის მოლოდინში (ღია ოკეანეში, მწუხრში, თუმცა, შესაძლოა, დილის რიჟრაჟზე, დანისლულ, მარილით გაჯერებულ სივრცეში) და არაფრის გულისთვის არ მინდოდა, ამ რანდევუზე ხელცარიელი მივსულიყავი. ხომალდი ჯიუტად წინ მიიწევდა. ქარი ქროდა. უგუნებობა დამეუფლა, არ ვიცოდი, რა მექნა: მინდოდა, მყვარებოდა არგენტინა და იქ გატარებული ოცდაოთხი წელი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეხერხებინა ეს…
სიყვარული ღირსებაა. ჩემი ასაკის ზეგავლენით მეჩვენებოდა, რომ რაც უფრო დიდია ბიოლოგიური კატასტროფა, მით უფრო საჭიროა ვნების ყოვლისშთამნთქმელი ცეცხლი. სჯობს, ცოცხლად დაიწვა, ვიდრე თანდათან დაგაზროს სიკვდილის სიცივემ. ვნება მოხუცს უფრო სჭირდება (ახლა ეს უკვე ვიცოდი), ვიდრე ახალგაზრდას. ღამე ეშვება. დაეშვა. უკუნი. გემის მარცხენა ქიმიდან სადღაც შორს, სიბნელეში ძლივს მოჩანს ბრაზილიის სანაპიროს შუქურათა სინათლე, აქ კი, გემბანზე – მე წინ მივისწრაფი. წყლის უდაბნოში იდუმალი ძალით გატყორცნილი, შეუჩერებლივ მივქრივარ… ბობოქარი, მგრგვინავი, უსასრულო სიცარიელე წვეთებად ფეთქდება. მას ვერც დაანაწევრებ და ვერც ჩაეჭიდები… სიცარიელე, რომელიც გრიგალებისა და მორევებისგან შედგება და მონოტონურია ხილულ სივრცეში: აქაც, იქაც, უფრო შორს და ძალზე შორს. ამაოდ ვძაბავ მხედველობას – არაფერი არ ჩანს, ღამის კედლის მიღმა ყველაფერი განუწყვეტლივ გადაედინება ერთმანეთში, ყველაფერი იძირება და ლღვება; ვიცოდი, რომ იქ, ქვემოთ, წყვდიადქვეშ – მარტოოდენ უფორმობა და მოძრაობა იყო, ჩემ წინ – მხოლოდ არაარსებითი სივრცე იშლებოდა, ზევით კი ვარსკვლავთა გუნდებით მოჭედილი ცა გადაჭიმულიყო და ვერაფერს გამოანაწევრებდი, ვერაფერს ჩაეჭიდებოდი… მაინც ვძაბავდი მხედველობას. ამაოდ. განა მქონდა ხედვის უფლება? მე ხომ ისეთივე მორევი ვიყავი ამ საერთო მორევში, ყველასგან დიდი ხნის წინ დავიწყებული, გადაკარგული, იმგვარი ვნებებითა და ტკივილებით გატანჯული, წინათ რომ არ განმიცდია. როგორ შეიძლება, ოცზე მეტი წლის შემდეგ იყო მხოლოდ მოლივლივე წყალი, ცარიელი სივრცე, ბნელი ღამე, უკიდეგანო ზეცა… იყო ბრმა სტიქია, ვერაფერს მიაგნო საკუთარ თავში. ო, არგენტინა! რომელი არგენტინა? არანაირი, ჩავარდნა. სურვილის უნარიც კი არ შემწევს. სურვილის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავდა დამბლადამცემი დენადობის სიჭარბე, სიყვარული გადაედინებოდა უსიყვარულობაში, ყოველივე ერწყმოდა ურთიერთს, ძილის დროა, უკვე გვიანაა, საიდან გაჩნდა ადამიანის თვალი გემბანზე?.. იქნებ მომეჩვენა? ვინ იცის, ბოლოს და ბოლოს სულ ერთია, იყო თვალი თუ არ იყო და რატომ უნდა ვითამაშოთ ფორმალობანა, განა ღირს, რომ მოვლენას პასპორტი მოვთხოვოთ, ეს ხომ პედანტობაა… თუ ვერაფერს ხედავ, სჯობს, დაიძინო.
———————————————–
შენიშვნები:
(1) გომბროვიჩის ესე, რომელიც 1953 წელს გამოქვეყნდა პარიზში ყოველთვიურ ჟურნალ “კულტურაში”.
(2) სილვია ოკამპო – არგენტინელი მწერალი და მეცენატი ქალი, ვისი ფულითაც გამოიცა გომბროვიჩის “ჯვრისწერის” ესპანური თარგმანი.
(3) ჩესლავ მილოშის წიგნის სახელწოდება.
(4) გომბროვიჩის თანამშრომელი ბუენოს აირესის ბანკში, სადაც გომროვიჩი 1947-1955 წლებში მუშაობდა.
(5) ეჟი ჰედროიცი (დ.1906) – პოლონელი ემიგრანტი მწერალი, “კულტურა”-ს რედაქტორი.
(6) გომბროვიჩის მოთხრობა, პირველად 1953 წელს გამოქვეყნდა ლონდონის ერთ-ერთ პოლონურენოვან გაზეთში.
© არილი