პროზა

ზაალ სამადაშვილი – ორი მოთხრობა

სერ…


ვინ შეარქვა ეს მეტსახელი წვრილ, ე.წ. “მექსიკურ ულვაშიან” კაცს, რომლის მზერა კეთილგანწყობას და ცნობისმოყვარეობას ასხივებდა მის სამფლობელოში მოხვედრილი ადამიანების მიმართ?..
ალბათ, მისი შეგებებით მოხიბლულმა ისეთმა ვინმემ, ვისაც სხვა მოხიბლულებზე მეტად ჰქონდა გამძაფრებული მადლიერებისა და თეატრალურობის გრძნობა და ერთხელაც განუცხადა თანამეინახეებს, როგორი აღმატებითაც მოგვმართავს ეს კაცი, ისევე მივმართოთ ჩვენცო…
და წავიდა…
შეერქვა და შერჩა სახელი “სერ” მებუფეტეს, ევროპელი დიდგვაროვნის კამერდინერივით რომ მიმართავდა ახალგაზრდა სტუმრებს და სენიორებად მოიხსენიებდა მათ, ყველაზე იაფ მომჟავო ღვინის სახელს “ოლიმპიურს” რომ ურთავდა წინ, ტაფაზე კარტოფილთან ერთად შემწვარ ხორცს პომიდვრის საწებლით პორთოსის კერძს რომ უწოდებდა, ადგილობრივი წარმოების წყალწყალა ლუდს, ბლანტ ელს ათელსტან კონიგსბურგელის სახარშიდან, ხოლო ერთადერთ ხელქვეითს, მაგიდებს შორის მოფუსფუსე შუახნის ქალს, რომელსაც ან მარგო ერქვა ან ჟანა, მშვენიერ რებეკას რომ ეძახდა…
და ერთიც – მაგიდის ირგვლივ შემოსხდომამდე ნასვამობას თუ შეატყობდა რომელიმე ჯგუფს, აუცილებლად რომ ჰკითხავდა, აქეთ მომავლებს, გზად რომელ ფუნდუკში მოგიწიათ ჩამოხდომა, ახალგაზრდა სენიორებოო?..
ასე იყო თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ 1970-იანი წლების საბჭოთა თბილისში, დახლს მიღმა, ღვინის ბოთლებით სავსე თაროსა და სამზარეულოდან გამომავალი ფანჯრის წინ მდგარი ეს კაფანდარა კაცი, ერთი მსახიობის თეატრს ახვედრებდა სტუმრებს, განსაკუთრებით “ახალგაზრდა სენიორებს”, თვრამეტიდან ოცდაორ წლამდე სტუდენტებს და ზოგიერთ მათგანს, ვისაც მდიდარი წარმოსახვა ჰქონდა, ძველი დროების ტავერნაში ყოფნის ილუზიას უქმნიდა, ისეთში, როგორიც არა ერთი და ორი იქნებოდა ოდესღაც სალამანკაში, ბოლონიასა თუ კემბრიჯში…
არც ისინი რჩებოდნენ ვალში. თავიანთი მონათხრობებით მისი ქცევებისა და გამონათქვამების შესახებ, სახელს უხვეჭდნენ ქალაქის შუაგულში მდებარე ძველი, ლამაზი შენობის ერთ-ერთ სარდაფში განთავსებულ შეულესავ, აგურის კედლებიან სასადილოს, იქ მოხვედრას ანდომებდნენ ერთფეროვნებით გაბეზრებულ, ჯიბეგამოფხეკილ, გადაკვრისა და ლაქლაქის მოყვარულ თანატოლებს. “სენიორთაგან” რომელიღაცა იმასაც კი ჰყვებოდა, გამოცდების ჩაბარების და მომდევნო კურსზე გადასვლის აღსანიშნავად ჩასულებს, მოლხენის ბოლოს “სერ”-მა რადიოლაზე ფირფიტა დადო და – არც მეტი, არც ნაკლები – “რადეცკის მარში” მოგვიძღვნაო…
არავინ არ იცოდა სად ცხოვრობდა “სერ”-ი, საიდან მოდიოდა სისხამ დილას სამუშაო ადგილზე და საით მიემართებოდა გვიან ღამით, დაქანცული. ალბათ არ აინტერესებდათ, ხომ ხდება ხოლმე ასე – ერთადერთ სივრცეს მიაკუთვნებენ ადამიანს, მოათავსებენ მას რომელიღაც ნიშაში და ვერც კი წარმოუდგენიათ მისი არსებობა ამ სივრცისა და ნიშის საზღვრებს გარეთ…
რომ დაინტერესებულიყვნენ და ეკითხათ მისთვის, სად ცხოვრობ, სად ათენებ ღამეებსო, ერთობ უცნაურ პასუხს მოისმენდნენ ალბათ, დაახლოებით ასეთს:
 “კბოდის პირას, ფუნდუკ “ადმირალ ბენბოუშიო”.

ნავი, სახელად…


მოსაყოლის მეტი რა გაქვს, დაბერდი კაცი, თან წერაც ისწავლე, მგონი, ჰოდა, მოყევი…
თუნდაც პატარა, სამი სულისგან შემდგარი ოჯახის – კაცის, ქალის და მათი ბიჭუნას ამბავი, სამ-ოთხ დღეში რომ ხარჯავდნენ ფულს, რომელიც რამდენიმე კვირა უნდა ჰყოფნოდათ თავის გასატანად…
ფულს, კაცის ხელფასს – ასოცდახუთ მანეთს მოუთმენლად რომ ელოდნენ ყოველი თვის ბოლოს და წინასწარ გეგმავდნენ როგორ გაეხარებინათ ერთმანეთი და სხვებიც…
რა ხანია თეატრში არ ვყოფილვართო, რომ იტყოდნენ და როგორც კი გაფულიანდებოდნენ, უმალ ბილეთების ყიდვას რომ დაეშურებოდნენ, უბრალოს – ქანდარაზე კი არა, ბენუარის ლოჟაში მოსაკალათებელს…
სრული თეატრალური აღჭურვილობით რომ შედიოდნენ ხავერდგამოკრული ტიხრებით შემოსაზღვრულ სივრცეში – პროგრამაც რომ ეპყრათ ხელთ სპექტაკლში მონაწილე მსახიობების ჩამონათვალით და პიანინოს კლავიშისფერი ციცქნა ბინოკლიც, რომელიც ბიჭუნას საკუთრება ხდებოდა მთელი საღამოს განმავლობაში, ერთხელ თუ გამოართმევდა დედა, წარმოდგენის დაწყებამდე, დარბაზში მსხდომთათვის თვალის გადასავლებად…
სპექტაკლი სამმოქმედებიანი თუ არ იყო და ძალიან გვიან თუ არ უწევდათ თეატრიდან გამოსვლა, უკანა გზაზე აუცილებლად რომ შეივლიდნენ საკონდიტროში, ტორტს რომ იყიდდნენ, სახელად “ზღაპარს”, შოკოლადის თხელ გარსში მოთავსებულ ჰაეროვან სუფლეს და ნუგას, კანფეტებს შორის ყველაზე წელვადს, გახვეულს გამჭვირვალე ქაღალდში, შინ რომ მივიდოდნენ და აბაჟურიანი ლამპით განათებულ მაგიდას შემოუსხდებოდნენ სავახშმოდ…
კინოში ისე იშვიათად რომ არ დაიარებოდნენ, როგორც თეატრში, თუმცა, ისეთი ფილმების სანახავად, რომელთა გამო უშველებელი, ზედახორაში გადაზრდილი რიგები დგებოდა ხოლმე სალაროებთან, ასოცდახუთი მანეთით გამდიდრებულები მიდიოდნენ. ბილეთებს გადამყიდველებისგან რომ იძენდნენ ორმაგ და ხანდახან სამმაგ ფასად…
ბიჭუნას სახლიდან შორს, ტრამვაის ათი გაჩერების იქით მდებარე კინოთეატრში წასვლა რომ ახარებდა ყველაზე მეტად, იმ კინოთეატრში, სადაც ძველ უცხოურ ფილმებს აჩვენებდნენ, თითო სეანსზე ორ-ორს, შუაში შესვენებებით. იქ დატრიალებულ კინოლენტებს შორის, ბიჭუნას რჩეული – “ელდორადოელი შურისმაძიებელი” რომ გახლდათ, დედამისი მარგარიტა გოტიეს უსევდიანეს ამბავს რომ ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო მამა კი – “ჯარისკაცის ბედს ამერიკაში”…
კინოდან წამოსულებიც ხელცარიელები რომ არ ბრუნდებოდნენ შინ, უტკბილეს წებოვან ფინიკს და ატმის სურნელოვან კონფიტიურს რომ ყიდულობდნენ სხვა მაღაზიებისგან სიუხვით გამორჩეულ “ცეკავშირში”…
მორიგ ჯერზე აღებული ერთ-ერთი ხელფასი საჩუქრებზეც რომ იხარჯებოდა, პაპა – მუნდშტუკით ან წიგნით, აუცილებლად ისტორიული რომანით რომ საჩუქრდებოდა, ბებო – ფერადი შუშის ლარნაკით, ბიჭუნა – თვითმფრინავის მოდელის ასაწყობი კონსტრუქტორით, დედა – გულსაბნევით ან მძივით. ასეთ საყიდლებზე სამივე ერთად რომ მიდიოდა ოდესღაც სასახლედ აგებულ და იმჟამად საბჭოთა ქარვასლად ქცეულ “დიდ უნივერმაღში”, რომლის მეორე სართულის კიბის ბაქანზე უკანა თათებზე წამომართული დათვის ფიტული იდგა…
ერთხელაც, მამას ძველი მეგობრის, სოფლად მცხოვრები კაცის მოსანახულებლად გამგზავრებულები, საგარეუბნოს ნაცვლად უშორეს ქალაქში მიმავალ მატარებელს რომ გაჰყვნენ და დანიშნულების ადგილამდე ჩასვლისთვის განკუთვნილი დრო მოძრავ რესტორანში რომ გაატარეს. ასეთ უცნაურ მგზავრობას არც ბიჭუნა და არც ქალი რომ არ ელოდნენ, გაუკვირდათ, სხვა, მთავარ ბაქანზე ჩამომდგარი მატარებლის გაპრიალებულ ვაგონში რომ აუძღვათ მამა, სისუფთავე და სიწყნარე რომ სუფევდა იქ, ქათქათი რომ გაუდიოდა ფანჯრებთან მიდგმულ სკამებშემოწყობილი მაგიდების გატკიცინებულ გადასაფარებლებს. ყოველივე ეს ძალიან რომ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მატარებლით მგზავრობისას ადრე გადაეყრებოდა ხოლმე ბიჭუნა… აქ სირბილი და მუჯლუგუნებით გზის გაკვლევა რომ არ იყო საჭირო თავისუფალი ადგილების მოსაძებნად ჭუჭყით გაპოხილ, მოყვითალო ძელსკამებზე და არც რაიმე ნივთების დადება მათ დასაკავებლად ვიწრო გასასვლელში გაჭედილი მშობლების მასთან მოღწევამდე… გაკრიალებული ფანჯრებიდან უკეთ რომ მოჩანდა გარესამყარო,  ყველაფერი, რასაც კი ჩაუქროლებდნენ – მინდვრები, გორაკები, სახლები…
დანაყრებითაც უკეთ, სხვანაირად რომ დანაყრდნენ, რომ აღარ დასჭირვებიათ შინიდან წამოღებული, ხელსახოცში გახვეული მწირი საგზლის ამოღება სამგზავრო ჩანთიდან. მიმტანი რომ მოიხმეს და ბიჭუნასთვის უცხო კერძი – “შნიცელი” – შეუკვეთეს. კარგად შემწვარი, დაბეგვილი ხორცი და აუთქვეფავი ერბოკვერცხი ლითონის თეფშებით რომ მოუტანეს და გემრიელად მიირთვითო, უსურვეს. ხუთის მაგივრად, ორი საათი რომ მოანდომეს ასათი კილომეტრის დაფარვას და თავიანთი მგზავრობის ამბავს წვრილად რომ მოუყვნენ მასპინძელს, მამასავით ხატვის მასწავლებელს…
ამ ამბის მოსმენის შემდეგ, მან, მხიარულმა და კეთილმა კაცმა, სახელი რომ შეარქვა მთხრობელებს, ბიჭუნას მშობლებს… რომ გაჰყვათ მათ ეს სახელი მანამდე, სანამ ერთად იყვნენ და მოგონებების კუთვნილება რომ გახდა მერე…
ყველაზე ხშირად უკვე დაკაცებული ბიჭუნა რომ ახსენებდა ამ სახელს, ერთგვარი სიამაყით რომ ლაპარაკობდა იმ დროებაზე, როცა მისი მშობლები სხვა უფროსებივით არ იქცეოდნენ, არად რომ აგდებდნენ ხელმომჭირნეობას, უყაირათოდ ხარჯავდნენ ფულს და დიდად არ ადარდებდათ, რომ მომავალ ხელფასამდე დარჩენილი დრო მცირეოდენი თანხების სასესხებლად კარდაკარ სიარულში უნდა გაეტარებინათ, კაცისთვისაც და ქალისთვისაც ის სამი ან ოთხი დღე რომ იყო მთავარი, როცა ისინი თავიანთი პატარა შვილის და ერთმანეთის თვალებში სიხარულის ნაპერწკლებს აგიზგიზებდნენ…
სახელთან ერთად ნახატებსაც რომ იხსენებდა, შესრულებულებს მამამისის მიერ, მისთვის – ტალღებზე აღმართულ ორ და სამ ანძიან, იალქნიან ბრიგებსა და შხუნებს, რომელთა გემბანებზე მრისხანე კორსარები და სახელოვანი მოგზაურები დააბიჯებდნენ. გემების ხსენება და აღწერა, როგორ ხატავდა მამა ცერა, საჩვენებელ და შუათითს შორის მოქცეული ფანქრით, ფილოსოფოსობის ხასიათზე რომ აყენებდა…
ბევრ რამეს შეიძლება შეადარო ცხოვრება და მე, იმ ბევრ შესადარებელთა შორის, მოგზაურობა მგონია ყველაზე შესაფერისი ჩემთვისო – რომ იტყოდა…
მოგზაურობა წყალზე – ცურვა უხვ მდინარეებში, ზღვებში, ოკეანეებში, რომელიმე დიდი, მძლავრი გემის მგზავრად ან ეკიპაჟის წევრად კი არა, პატარა, იალქნიანი ნავის მესაჭედ, რომელმაც ხან იცის და ხან არა, რომელ კუნძულ, ან საპორტო ქალაქს უნდა მიადგეს, ხან ახერხებს და ხან ვერა, ხელიდან დაუსხლტეს მოახლოებულ ქარიშხალს, ანდა გაუმკლავდეს თავსდატეხილ შტორმებსო…
რომ გააგრძელებდა – ხშირად ილეწებოდა ჩემი ნავი, ხშირად მიწევდა მისი აღდგენაო…
მთავარ სათქმელს ბოლოსკენ რომ მოიტოვებდა და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, გაამხელდა:
აღდგენას ზვირთების მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ წაშლილი წარწერის განახლებით ვიწყებდი, წარმოსახვითი ნავის კედელზე კვლავ და კვლავ გამომყავდა ასოები ორი სიტყვის, მამას მეგობრის მიერ ჩემი მშობლებისთვის შერქმეული სახელისთვის – გიჟმაჟი ღარიბები-ო…

© არილი

Facebook Comments Box