ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

ზაზა ბიბილაშვილი – მახოს ოთახი

ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ვიღაცას თუ რაღაცას გავურბოდით და სირბილნარევი ნაბიჯებით მივიკვლევდით გზას ტყიან ფერდობზე. თან რაღაცაზე ვკამათობდით. მგონი იმაზე ვერ ვთანხმდებოდით, ვის და რატომ გამოვექეცით. უცებ მეუბნება – მოიცა, ბუჯო, რა დროს ესააო, ხელი ჩამავლო, ჩანჩქერის ხმაზე გაჩერდა და მეც გამაჩერა. კიდევ კარგი, თორემ ბილიკის კვალი სადღაც გაქრა, რამდენიმე მეტრიც და გადავიჩეხებოდით. ფლატეს კიდეზე ვტორტმანებდით. წინ სუნთქვის შემკვრელი სილამაზე და შემზარავი, თვალუწვდენი უფსკრულის ხედი იშლებოდა, უკნიდან კი ჯიუტად ის ვიღაც თუ რაღაც გვიახლოვდებოდა. გულები აჩქარდა და, რადგან სხვა გამოსავალი აღარ იყო, გადახტომა გადავწყვიტეთ. წესით, აქ უნდა გამღვიძებოდა, მაგრამ წამიერი ჭრისას მიზანსცენა მკვეთრად შეიცვალა: უეცრად, პარიზის პანთეონში, რუსოს აკლდამასთან ამოვყავით თავი. კი დავიბენი ცოტა – აქ ხომ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი მახოს „შეთხზული მეს“ შთაბეჭდილებით. სელფიც კი გადავიღე და ირენს გავუგზავნე.  ვიფიქრე, გავახსენებ მაგ ამბავს – რა კარგია, რომ არ გადავხტით, რა მაგარ პონტში გავიჩითეთ, შენ ხომ მაგრად გევასება რუსო-მეთქი… გვერდზე მოვიხედე და მახო ფილებზეა გართხმული – ხომ იცი, ასი წლის მერე მეც ამის გვერდზე უნდა დავწვე, გივიევიჩო, თქვა და დერეფნის გადაღმა ვოლტერის საფლავს გახედა…

უკვე ძალიან აირია თემები. გაღვიძების დრო ახლოვდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ალღომ არ მიმტყუნა – ამის გაფიქრება იყო და მაღვიძარას აბეზარა ზარმა ჩამიკაკუნა ტვინში. ისედაც ხომ მეზარება მაღვიძარას ფენომენი და ბრაზს ისიც ამძაფრებს, რომ ყოველ ჯერზე მავიწყდება რაიმე საამო, არასტანდარტული ზარის დაყენება, თვალის გახელისთანავე ცუდი განწყობით რომ არ დამაწყებინოს დღე. მაგრამ ახლა არანაირი სხვა ზარი არ მიშველიდა, რადგან ეს მახოს ბოლო დღე იყო მზისქვეშეთში. რა გჭირს, ბუჯო, გაიღიმე, ხომ იცი, პირობითობაა ეს ყველაფერიო, – ჩამესმა მახოს როხროხა ხმა, სანამ ვფხიზლდებოდი. მეთქი, ეგ იმათ უთხარი, ვინც მეკითხება, შენი გასვენება როდისაა. ერთი მდინარის პირას ვრჩებით, უბრალოდ, მე გაღმა ნაპირზე ვიქნები ამიერიდანო, განაგრძობდა მჭახე ხმით ჩემს გამხნევებას.

თავს ადგომა დავაძალე. პირს რომ ვიბანდი, სარკეში მეხსიერებიდან ქაოსურად ამოგლეჯილი ნაფლეთები დაძრწოდა, ეპიზოდები ჩვენი 34-წლიანი ძმობიდან, როგორც რომელიმე შავ-თეთრი ფილმის ტრეილერი ან სერიალის წინა სერიების შეჯამება… შაბათს… ხო, შაბათს, სამზე… და ბურთი გამეჩხირა – რა „დაკრძალვა“? რა „მახოს გასვენება“?! ეს ორი სიტყვა ერთად როგორ აღმოჩნდა? განა გუშინ არ იყო, უწვერულვაშო ყმაწვილები ხასანბეგურას ხმებს რომ ვსწავლობდით დედაჩემის როიალთან?! რამდენი ვიწვალეთ… მერე, სუფრაზე, სადაც მოულოდნელად ნამღერით საყოველთაო ფურორი უნდა მოგვეხდინა, ისე დავთვერით, ყველაფერი დაგვავიწყდა.

სახლიდან გავედი და მთვარეულივით მივლასლასდი მანქანამდე: უძილობისგან საკუთარ თავსა და სამყაროზე გაღიზიანებული, ავი, შენაჭუჭებული. ქუჩის გადაღმა, თავისი ჭიშკრის წინ მდგომ მეზობელს ხეირიანად არც კი მივესალმე. ასე იყო ყოველთვის, როცა სიზმარი შუაში მიწყდებოდა და ძილის ფაზის დაუსრულებლად ნაადრევად მეღვიძებოდა. ასე იყო დღესაც, როცა ჩემი წილი მახო უნდა გამეცილებინა გაღმა ნაპირზე, როცა დილიდან მისი ჩახლეჩილი ბარიტონი, სიცოცხლის ვნებით გაჟღენთილი მისი ხმა ჩამესმოდა.

*****

მრავალი წლის წინ, როცა სრულიად ნორჩ ასაკში პირველად წავედი ამერიკაში სასწავლებლად და, უცხო გარემოთი დათრგუნული, ჩრდილოეთის დეპრესიულ სინაცრისფრეს ვებრძოდი, მარტოობისას ყველაზე მეტად ჩემი წიგნების თარო მენატრებოდა. მიკვირდა, როცა მეუბნებოდნენ, წიგნი თუ დაგჭირდა, ბიბლიოთეკაში უნდა წახვიდე და იქ  იმეცადინოო. ბიბლიოთეკაში მეცადინეობა უცხო ხილი იყო ჩემთვის, რადგან წარმოუდგენელი იყო, წიგნი დამჭირვებოდა და სახლში არ მქონოდა. მამაჩემის სახლში თუ არა, დოლიძის კუთხის კოშკიან სახლში, ბაბუაჩემის ბიბლიოთეკაში აუცილებლად მეგულებოდა ყველაფერი, რისი წაკითხვაც შეიძლება მომნდომებოდა. მაგრამ ამ ორი ბიბლიოთეკის ფონზე, სადაც მრავალი ათასი წიგნი ინახებოდა, მეც მქონდა ჩემი პატარა ბიბლიოთეკა – ერთი ცალკე სექცია ჩეხურ „სტენკაში“, სადაც ჩემი საყვარელი, ჩემი ფულით ნაყიდი ახალგამოცემული და ხშირად მანამდე აკრძალული თუ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები მელაგა სათუთად. იკეტებოდა კიდეც ის სექცია. ერთგვარი სალოცავივით იყო – გამოვაღებდი, ავარჩევდი იმ დღისა თუ კვირის საკითხავს, რომელიც იმწუთიერი განწყობით ყველაზე მეტად მომიხმობდა, წავიკითხავდი და ისევ შევინახავდი ძვირფასად მონიშნულს, ფანქრით ან პასტით ფრთხილად გახაზულს (ისე, რომ ნაბეჭდი გვერდის ესთეტიკა არ დარღვეულიყო), გახაზულ პასაჟებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში კი – კუთხეში გვერდებჩაკეცილს. ხანდახან ვერ ვასწრებდი წიგნის ადგილზე დაბრუნებას, რადგან ხშირად რამდენიმე წიგნს პარალელურად ვკითხულობდი. ასეთები სასთუმალთან მიგროვდებოდა – ჯერ ტუმბოზე, მერე იატაკზეც, მსოფლიოს დიდ ატლასთან ერთად, სადაც ჩემი ხელით მქონდა დატანებული საქართველოს ისტორიული საზღვრები, პავლე ინგოროყვასეულ კონტურებს რომ მიჰყვებოდა (თუმცა, მერე მადაზე მოვედი და საზღვრებს ნელ-ნელა ვაფართოებდი – ეტაპობრივად ვამატებდი სასურველ თუ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს, სანამ ბოლოს ბოსფორ-დარდანელი და სუეცის არხიც არ შემოვუერთე წილხვედრს – თუ ოცნებაა, ოცნება იყოს პრინციპით)…

წიგნები იყო ერთგვარი ნავსაყუდელი განსაცდელებითა და გაურკვევლობით სავსე ხანაში, რომელშიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ცივი ომის დროს აღმოვჩნდით. მას მერე 30 წელზე მეტი გავიდა – მალე ალბათ ჩემი ბიბლიოთეკაც იმხელა გახდება, რამხელაც მამაჩემისა იყო. თუმცა, მაშინ სხვა დრო იყო. წიგნებს სხვა სუნი ჰქონდათ. ვერაფერი შეედრება მაშინდელი წიგნის ფურცლების მაგიურ სურნელს, თანამედროვე სტამბურმა ტექნოლოგიამ რომ გააქრო. ადამიანის ყურადღებისთვისაც განუზომლად ნაკლები კონკურენცია იყო: მხოლოდ სამი არხი ტელევიზორში და სამივე – პროპაგანდისტული ნაგავი. არანაირი მობილურები, სოციალური ქსელები, იმეილი თუ ინტერნეტი. დრო ბევრი იყო და ნელა გადიოდა… „ნელა“ კი ბევრისთვის ხარისხიანსაც ნიშნავს. იქნებ სწორედ ეს ენატრებათ ძველებს? გვენატრება ჩვენც – ჯერ არც ისე ძველებს – რადგან ვეღარ ვახერხებთ ჩვენი ნავსაყუდლით უშფოთველ ტკბობას: იშვიათად ვასწრებთ იმ წიგნების წაკითხვას, რომლებსაც ხარბი თვალი და ცნობისმოყვარე გონი არჩევს, ყიდულობს, სასთუმალთან თუ სან-კვანძში (მამაკაცთა ალტერ-კაბინეტში) ილაგებს და ამზადებს შთასანთქავად. შეუძლებელიცაა ყველა წიგნის წაკითხვა თანამედროვე სამყაროს ტემპში. ეს თუ გინდა, განდეგილად უნდა იქცე – ყველაფერს გაეთიშო, ოჯახს, საქმეს, მიმდინარე ორომტრიალს, მეგობრებს, ათას აზრიან თუ უაზრო ცდუნებას… მაინც ვერ მოასწრებ. მაგრამ… მაგრამ ეს წიგნები ქმნიან ჩვენს სასიცოცხლო გარემოს, სახლისა თუ ოთახის აურას. ისე კი არა, გურიისა და იმერეთის ზოგ სოფელში რომ იციან ერთი ზომისა და ფერის ტომეულებით დახუნძლული საპანაშვიდო თაროების წინ და უკან ტარება – აქაოდა, მწუხრში მომსვლელი იტყვის, ნაკითხი კაცი იყო, ინტელიგენტი ოჯახიდანო. არა, ეგრე არა. ოდესღაც წაკითხული და დამუშავებული ოპუსები – განსაკუთრებით იმ ეპოქისა, როდესაც ჟიულ ვერნიდან, კონან დოილიდან და მარკ ტვენიდან სიმბოლისტებზე, ეგზისტენციალისტებზე და მანამდე აკრძალულ ლიტერატურაზე გადავდიოდით…

ოთახში აკოკოლავებული, სასთუმალთან რიგში მდგომი, ტუალეტად ცნობილ სამკითხველოში გამზადებული, თაროებიდან უფრო მშვიდი დროისთვის გადადებული და რიდით მომზირალი წიგნების შიგთავსი ქმნის ჩვენს სულიერ ნავსაყუდელს, განსაზღვრავს ჩვენს თვალსაწიერს, გვიადვილებს ან გვირთულებს მორალური დილემების წნეხის ქვეშ გადაწყვეტილებების მიღებას. „წიგნი ყველასათვის და არავისთვის“ (ნიცშეს ორტომეულიდან, სვასიანისეული კომენტარებით), „ტოტემი და ტაბუ“ (რომელზეც ერთხელ ნაცნობმა მითხრა, ეს რად გინდა, ფსიხიკას აფუჭებსო), „გველის პერანგი“ (თავისი განუმეორებელი რიტმით, ლაკონიურობითა და მუსიკალობით) – წლები რომ არ გადმოვიღოთ თაროდან, მაინც გვიგზავნიან ტელეპატიურ მესიჯებს. ისინიც, რომლებიც ჯერ არ დაგვიღეჭავს და სამომავლოდ ელოდებიან ნელ, ფანქარმომარჯვებულ, მკითხველს, ავსებენ ოთახის ჰაერს, კონტექსტით ტვირთავენ ყველა კუთხე-კუნჭულს, დერეფნებსა თუ საკუჭნაოებს. სხვა განწყობას ქმნის ტაშენის ბრჭყვიალა გამოცემები და სულ სხვა მუხტი მოაქვს თაროზე მცხოვრებ „დუინურ ელეგიებსა“ თუ „მალტეს თავგადასავალს“… ხოლო როცა ეს ყველა ერთდროულად ავსებს ადამიანის ყოველდღიურობას, როცა ეს წიგნები მდუმარებით დასცქერიან და ძილში დუდუნით ელაპარაკებიან მათ წიაღში ჩასახლებულ არსებას, როგორც დედის მუცელში ჩასახულ ნაყოფს, მაშინ ძნელია სულიერი სიმშვიდის პოვნა. და რაღაც ეტაპზე, აღარც გინდება, რადგან შფოთი ბევრად უფრო პროდუქტიულია…

მახოს სიყრმის ოთახიც ზუსტად ასეთი იყო: ამბებით, თავგადასავლებით, ფათერაკებით, უტოპიური ოცნებებით, გმირობით, თრობით, სასოწარკვეთით, პარალელური სამყაროებით, ჟანრთა სიუხვით, შორისდებულებით – მოკლედ, სიცოცხლით სავსე. აქ ყველა დიდი და პატარა იდეა ერთად ბორგავდა დღე-ღამის ყველა მონაკვეთში. პრინციპში, დღე-ღამეც პირობითობა იყო მახოსთვის.

მას შემდეგ, რაც იურა და დალი გარდაიცვალნენ, ის პატარა ტიხარი მოიშალა, რომელიც ამ ორ მტკაველ სივრცეს „ოთახად“ აქცევდა. იურას წასვლა ალბათ მთავარი მოვლენა იყო მახოს ცხოვრებაში, მოვლენა, რომელმაც მას სამუდამო დაღი დაასვა (სამ უნიკალურ სუფრაზე ვარ ნამყოფი ცხოვრებაში: ერთი, სადაც ყველა სადღეგრძელო სტალინისა დაილია (ბავშვი ვიყავი და ვერაფერი ვთქვი), მეორე, სადაც ყველა სადღეგრძელო საქართველოსი ითქვა (ტაო-კლარჯეთიდან ახალი დაბრუნებული ვიყავით) და მესამე, სადაც ყველა სადღეგრძელო რაღაც ფორმით მახოს მამას შეეხებოდა – რა გასაკვირია, ოჯახში იურას კულტი იყო). ხოდა, იმას გეუბნებოდით, რომ ტიხრის მოშლის შედეგად ახლა იქ ერთი დიდი საძინებელია, მაგრამ მანამდე ეს ადგილი მშობლების საძინებლის წინკარი უფრო იყო. ალბათ 8 ან 9 კვადრატული თუ იქნებოდა. ერთ კუთხეში საწერ-მაგიდა იდგა. იქვე, მეორე კუთხეში, იდგა მახოს საწოლი. ოთახის ერთ კედელს იატაკიდან ჭერამდე შეჭედილი თაროები ფარავდა. მეორე კედელზე თაროების რიგი შუაწელიდან იწყებოდა. როცა თაროები ბოლომდე შეივსო და გამოიტენა, წიგნის სვეტებმა სტალაგმიტებივით დაიწყო ძირიდან ამოზრდა. მახო ღადაობდა, ამდენს რა წაიკითხავს, ხანდახან წინასიტყვაობის და ბოლოსიტყვაობის გადახარშვა თუ მოახერხე, ესეც საქმეაო.

მაგრამ არწაკითხვა თუ ვერმოსწრებაც არაა დიდი ცოდვა. წიგნი თავის როლს მაინც ასრულებს, თავის დროს ელის… გარდა ამისა, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რომელ წიგნებს აყენებ წასაკითხთა რიგში? რომლებს ეპარები შორიდან? დროის არქონასა თუ გაჭიანურებაში გამოხატული პიეტეტიც ხომ რაღაცის მანიშნებელია? წიგნების შერჩევის პრინციპი ხომ მკითხველის უაღრესად ინტიმურ წინასწარგანწყობებს ასახავს? რა გიზიდავს – რა გეძახის – რის წაკითხვას ვერ ასწრებ – ეს კიდევ ცალკე „დარგია“. წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ვერ ვასწრებთ, ჩვენი სულის სარკეა. „წაუკითხავი წიგნები“ – ასეთი თხზულება დამაკლდა მახოსგან. ეს იქნებოდა მისი ჰიტი. მალხაზ ხარბედია – „ჩემი საყვარელი წაუკითხავი წიგნების ბიბლიოთეკა“.

ერთხელ, როცა მის ოთახში ვისხედით და მახოს კომპიუტერზე MP3 ფაილებად გადმოწერილ მუსიკალურ ნომრებს ვუსმენდით (სად იყო მაშინ იუთუბი და დიზერი, ანაც დისკები და ძვირად ღირებული აუდიო სისტემების ფუფუნება), მოგვეჩვენა, რომ მიწისძვრამ სახლი შეაზანზარა – ვეჟო, ძილში თარო არ ჩამოვარდეს და თავზე არ დაგეცეს, მგონი ამხელა რისკზეც არ ღირს წასვლა-მეთქი. ჯვარი აქაურობას და კი იქნებოდა ლიტერატურული ბიოგრაფიების ანთოლოგიაში შესატანი ეპიზოდიო – თქვა და თვითონ გაიხა სიცილით. „შეთხზულ მეს“ მრავალი წლის მერე დაწერს. კიდევ რამდენიმე წელიწადში კი ამ წიგნის მეორე გამოცემის რედაქტორი წინასიტყვაობაში თავად მახოს ბიოგრაფიულ არაბესკებსაც ჩააწნავს.

კომპიუტერიდან მუსიკის მოსმენა დიდად საწყალობელი ამბავი იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც პროგრესს ასახავდა, რადგან მანამდე ერთმანეთს აშიშინებულ რადიოზე მიდებული ტელეფონის ყურმილით ვასმენინებდით ხოლმე ახლად აღმოჩენილ მუსიკალურ შედევრებს. იმასთან შედარებით, კომპიუტერში ჩამოწერილი ფაილები მშვენიერი ხარისხისა იყო და საკმარის ადგილსაც ტოვებდა საოცნებოდ – რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ მუსიკას ცოცხლად მოვისმენდით სადმე, სადაც ეს მუსიკა ისეთივე ორგანული იყო, როგორიც ჩვენში – ჩელა და მრავალჟამიერი. ასე, ამ ოთახიდან მომასმენინა პირველად პილიგრიმთა იდუმალი ქორო ჯადოსნური „ტანჰოიზერიდან“, საიდანაც დაიწყო ის, რასაც ქრისტიან ტილემანმა უწოდა „ჩემი ცხოვრება ვაგნერთან“.

მოკლედ, თუ რამე უწევდა წიგნების აურას კონკურენციას ამ ოთახში, მუსიკა იყო. მახო უნივერსალი გახლდათ – ჟანრებითა და მიმდინარეობებით არ იზღუდავდა თავს, წინასწარ არცერთ ნაწარმოებს თუ კომპოზიციას არ განიკითხავდა. ყველა ჰანგს ღია გულითა და ფართოდ გახელილი ყურებით ხვდებოდა, ყველა მიმართულების ხარისხიან მუსიკას აფასებდა… ხანდახან უმცირეს დეტალს აიკვიატებდა ხოლმე და შეეძლო ასჯერ, გადახვევით მოესმინა რომელიმე პატარა ნაწყვეტი, რომ ბოლომდე ჩასწვდომოდა და ამოეხსნა. მერე და მერე, პერიოდული დიონისური შემოტევებისას, განწყობის შესაბამისად ამოიჩემებდა ხოლმე რამეს და ღამეებს ათენებდა რომელიმე ერთი კომპოზიტორის ამა თუ იმ ნაწარმოების სხვადასხვა შესრულების ძებნაში, შედარებაში, ამის ჩემთვის და სხვებისთვის დილამდე გაზიარებაში. არაერთხელ უთქვამს, ჩვენ ისეთი რამ გვაერთიანებს, რასაც ვერაფერი მოერევაო.

მუსიკა იყო ჩვენი ჭიპლარი – ერთადერთი უხინჯო სიხარული, რომელსაც აღმოჩენისთანავე პირველად ერთმანეთს ვუზიარებდით (ან შეიძლება პირველი სულაც სხვა იყო, მაგრამ ყველას ხომ თავისი წილი მახო ჰყავდა და ყველას ასე ემახსოვრება ეს ამბავი) – სიწმინდე, რომელსაც ისე ვიყავით ნაზიარები, როგორც რელიგიურ საიდუმლოს. ჯერ იყო ყმაწვილური აღტაცებები – უსასრულობას ნაზიარები მოცარტი, ღმერთის მიერ იობივით დაჩაგრული ბეთჰოვენი, ჰენდელის გლამურულობის საპირწონე „პროვინციელი“ გენია – ბახი (გერმანელი ვაჟა-ფშაველა), ჰარმონიის მეფე – შუბერტი, შეშლილი შუმანი, მუდამ ეჭვნარევი და ნაწვალები ბრამსი, მერე და მერე – ვაგნერი და მისი მოციქულების ტრიო (ბრუკნერი, მალერი, რიხარდ შტრაუსი), ხოლო როცა გერმანულობა დაგვღლიდა და ემოციებისგან გამოგვფიტავდა, დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად ბელკანტოს და ვერდის ვაკითხავდით…

ამავე კომპიუტერში ცხოვრობდა მაშინ დიდად პოპულარული კომპიუტერული თამაში, „ცეზარი“ – თამაში-სტრატეგია, რომლის მიზანი ძლიერი, თვითმყოფადი ქალაქის გაშენება იყო. თავიდან გეძლეოდა ფულის გარკვეული, შეზღუდული რაოდენობა, რომლითაც გონივრულად უნდა გამკლავებოდი ნელ-ნელა მზარდი ქალაქის საჭიროებებს. რეალისტური დილემებით სავსე გასართობი იყო, რომელიც ბალანსის მნიშვნელობას გვასწავლიდა – თუ ჯარზე დიდ რესურსს დახარჯავდი, მოსახლეობის გამოკვებისთვის ფული აღარ რჩებოდა, თუ მთელ თანხას ეკონომიკურ განვითარებას, პორტებსა და სავაჭრო ინფრასტრუქტურას მოახმარდი, მაშინ შეიძლება რამდენიმე შეიარაღებული ავაზაკი დასხმოდა თავს ქალაქს და ამდენი ხნის ნაშრომ-ნაწვალები ერთბაშად გადაებუგა. თუ საკვებიც იყო და თავდაცვაც, მაშინ მოქალაქეები მასლოუს პირამიდაზე ზევით იწყებდნენ აცოცებას და „სულიერება“ – გართობა და განათლება – უნდებოდათ, ამის არქონის შემთხვევაში კი ტოვებდნენ ქალაქს, რაც მუშახელის დეფიციტის გამო ეკონომიკისა და საბოლოოდ ქალაქის კოლაფსს იწვევდა.

მაშინდელი კომპიუტერები რომ წარმოიდგინოთ, დღევანდელ მანქანებთან შედარებით ურმის სიჩქარე ჰქონდათ. ჩვენს სუპერნელ პროცესორებს უმარტივესი დავალების შესრულებისთვის წუთები ჭირდებოდა. მაგრამ აზარტული დემონებით მართულნი, არას დაგიდევდით. ასე გადიოდა საათები და ღამეები… რამდენჯერმე გვიჩხუბია კიდეც – როცა ქალაქის სამეურნეო საჭიროებებსა და მახოს კეთილშობილურ, ირაციონალურ ვნებებს შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება. ჩვენი ძმაკაცი, რასაკვირველია, ამ უკანასკნელს ირჩევდა და მთელი ფულით სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და თეატრებს დგამდა ამ ჩვენს დასანგრევად განწირულ ვირტუალურ ქალაქში. ასეთი პლატონური იდეალიზმით იცხოვრა ბოლომდე…

*****

1995 წელი იდგა. მახო და ორი ზაზა ბიბილაშვილი ვაჟაობაზე წავედით ჩარგალში. მე და ჩემი გორელი სეხნია. მესამე ზაზა ბიბილაშვილიც ვიცი, ასპინძელი, ჩემი შორეული ნათესავი. მრავალი წლის წინ, მესხეთში მოგზაურობისას, მამაჩემმა თქვა, აქ ოდესღაც ჩვენი ერთი შტო გადმოსახლებულა მთიულეთიდან, მაგრამ მერე დაიკარგა კავშირიო. ასპინძაში, კუთხის ბირჟასთან, გააჩერა ახალგამოყვანილი „ნოლსემი“ და პირველივე იქ მდგომს ჰკითხა, ბიბილაშვილები თუ ცხოვრობენ აქო. კი, როგორ არა, მე ვარ ბიბილაშვილი, ზაზა მქვიაო, ამან. ეს ზაზა მომღერალი ყოფილა, წლების შემდეგ ეკლესია აუშენებია, მაგრამ 1995 წელს ის ჩვენთან ერთად არ ყოფილა. სამაგიეროდ ჩვენთან იყო „მოქალაქეთა კავშირის“ ელიტა, პარლამენტის სპიკერ ვახტანგ გოგუაძის თაოსნობით, რომელსაც პერანგის არაბუნებრივად გრძელი სახელოები მუდამ უხერხულად ჩამოშლოდა მაჯებს ქვემოთ, მტევნების შუამდე.

ლარის შემოღებამდე რამდენიმე კვირა რჩებოდა. მიმოქცევაში ჯერ ქაღალდის კუპონი იყო. ნულების თვლა მაშინაც ჭირდა, ახლა საჭიროც აღარაა – მე დაახლოებით 14 (თუ 14 მილიონი) კუპონი მქონდა, ჩემს სეხნიასაც – დაახლოებით ამდენივე. მახო ამჯერად უკუპონოდ ასპარეზობდა. ვდგავართ ორი „ფულიანი“ და ვითვლით, რა მოგვივა ამ ჩვენი 28 მილიონი თუ 28 მილიარდი კუპონით – ორი არაყი, სამი პური, სამი სოსისი; სამი არაყი, ერთი პური, ერთი სოსისი თუ კიდევ სხვა კომბინაცია… მახომ ვერ აიტანა ამდენი არაპროფესიონალიზმი – ხომ არ გადაირიეთ, რა პური და სოსისი, არყები ვიყიდოთ და წყალი მივაყოლოთო! – შემოგვძახა და ჩვენც დავნებდით. შემდეგი რამდენიმე საათი არაგვის ჭალაში გავატარეთ: ამბები, ბუნება, სამშობლო. როცა ვაჟაობის ოფიციალური ნაწილი მორჩა და ჩარგლიდან მანქანებმა დაიწყეს გასვლა, ეგ არაფერი, ჯერ კიდევ ბევრი წამსვლელიაო, ვთქვით და გავაგრძელეთ დროსტარება. ბოლოს, როცა მანქანების რიგი შეთხელდა, გზაზე ამოვბანცალდით და სოფლიდან გასულ ბოლო მანქანას, „პაზის“ ავტობუსს ადევნებულ ნივას მოვკარით თვალი.

რა გაეწყობოდა? თბილისისკენ ფეხით წამოვედით. არ გვიფიქრია, რამდენი საათი ან დღე დაგვჭირდებოდა სახლამდე ჩამოსაღწევად. კმაყოფილებიც ვიყავით ამ მოულოდნელი თავგადასავლით. რაღაც მანძილი რომ გავიარეთ, გზის პირას, დიდ, ვერანდიან სახლში, აივანზე გაშლილი სუფრა შევნიშნეთ. მახომ მეგრულად დაირცხვინა – ჭიშკართან დაველოდოთ, დაგვინახავენ და შეგვიპატიჟებენო. ვეჟო, მთა არის ეს, არავინ დაგიძახებს, ჩვენს თავს უნდა მივხედოთ-მეთქი.

კაი ხანი ყოყმანობდა. კარგი, ახლა მე მომყევით-მეთქი, ეზო საქმიანი ნაბიჯით გადავკვეთე, კიბეზე ავაჭერი და პირდაპირ თამადის გვერდზე ამოვყავი თავი. თამადამ შემოგვხედა და ოჰ, ეს რა ხალხი მოსულა, გაუფიცხეთ ხინკალიო. ალბათ ვიღაცაში შევეშალეთო, ვიფიქრეთ, მაგრამ ბევრი არ გვიფიქრია, ძალიან ორგანულად ჩავეწერეთ სურათში და გახელებით მოვილხინეთ.

უკან სწორედ იმ პატარა „პაზიკით“ წამოვედით, გზაზე ბოლოსწინა მანქანად რომ გამოგვასწრო. იქ იყო ბევრი დროებით დამეგობრებული, გარემოებათა მიერ ერთად თავმოყრილი ადამიანი. იქ იყო მსახიობი ნანული სარაჯიშვილი. იქ იყო ბედნიერი მახო და, რაც მთავარია, პირში სიგარეტგაჩრილი, ყელზე ძარღვებდაბერილი ცალხელა მეაკორდეონე, „ამარკორდიდან“ ამოგლეჯილი ვიზუალით.

იმ დღეს სურათიც გადაგვიღია. მრავალი წლის მერე ვნახე ეგ სურათი მახოს ოთახში. რას არ მივცემდი, რომ იმ ოთახში ერთხელაც დაგველია, მუსიკა ჩაგვერთო, რამე ზეუმნიშვნელო თემაზე გვეკამათა, ფონად თაროებზე გამოდებული ქვიშის საათების წარმოსახვით წიკწიკს დაეძიძგნა ჩვენი ისედაც დაჭიმული და ღვინით აღგზნებული ნერვები, შუა საუბარში ჩემს ნათლულს, ლაშას, ან ჭინკა-თინკის შემოეხედათ, გულის ჩუყჩუყით გაგვეხსენებინა ის, რაც მარადიულია და ერთმანეთისთვის გვეთქვა ყველაფერი, რაც უთქმელი დაგვრჩა.

© არილი

Facebook Comments Box