ავტორი: გუგა მგელაძე
,,წარმოიდგინე, მოდის დიგიტალური წვიმა. ეს ის წვიმაა, ეკრანზე რომ ცვივა ზევიდან ასოები და რიცხვები. ჰოდა, წარმოიდგინე, რომ ეს ასოები სადმე სხვაგან კი არ ცვივა, არამედ შენ გეცემა თავზე.’’ – ზაზა ბურჭულაძე
„სულაკაურის გამომცემლობამ’’ ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი ,,ვარდის სურნელი’’ დაბეჭდა, რომელიც იხსნება დანიილ ხარმსის უბრჭყალო რეპლიკით: ,,ბავშვების ჟლეტა სისასტიკეა. მაგრამ რამე ხომ უნდა ვუქნათ მათ!’’. საქმე იმაშია, რომ მთხრობელი (ზაზას სიმულაკრი!) ერთ-ერთი გაღვიძებისას აკვიატებულ ფრაზას იმეორებს: ,,ვერ ვიხსენებ, საიდან ამყვა. თანაც მახსოვს ბეჭდურად. ანუ თვალით და არა ყურით’’ – გვარწმუნებს ავტორი, თუმცა ეს ლიტერატურული ამნეზია თამაშის ერთგვარი სტრატეგია უფროა, რადგანრომანის ენობრივი მატრიცა სწორედ ამგვარი, პირდაპირი თუ პაროდირებული, ,,უავტორო’’ ციტატებით და კულტუროლოგიური ,,ლინკებითაა’’ რეკონსტრუირებული. ჯერ კიდევ ეპიგრაფის სახით შეხვდებით ფრაგმენტებს დოსტოევსკის, მანდელშტამის, შალამოვის და რულფოს ტექსტებიდან, თანაც ოსტატურად შექმნილ (კუბოსმაგვარ!) შავ ყდასაც ხომ დააკვირდით, არა? არც მწერლის სახელია მითითებული და არც წიგნის სათაური – ზედ მხოლოდ ვარდია გამოსახული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმე მწერლის ინტელექტუალურ კეკლუცობასთან კი არა, მთხრობელის ცნობიერების ლაბირინთში შესაღწევ მთავარ ინსტრუმენტთან გვაქვს.
ჟანრული მახასიათებლების გათვალისწინებით, ,,ვარდის სურნელი’’ ავტოფიქციისა და მეტაპროზის სინთეზს წარმოადგენს. აქ რთულიც კია მკაფიო ზღვრის გავლება ფიქციასა და რეალობას შორის. ეს მიზანმიმართული ,,ადღაბნილობა’’ ჯერ კიდევ ,,ტურისტის საუზმეში’’ დაიწყო, რომელიც ასევე პირადი წარსულის კვლევა/რეკონსტრუქციასა და ბერლინურ ყოფას ეთმობოდა.
,,ვარდის სურნელში’’ გაელვებული რეალური ადამიანები ( მკვდრებიც და ცოცხლებიც): დევიდ ლინჩი, როი ანდერსონი, ლაშა ბუღაძე, გალაკტიონი, დოსტოევსკი, რუსთაველი, ჩეხოვი, შალამოვი, კარაქსი, ბესიკ ხარანაული, უმბერტო ეკო, დანტე, მიშიმა, ლევან ბერძენიშვილი, სერვანტესი, გრანელი, ნატო მურვანიძე, დიმიტრი პრიგოვი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ფრანსუა ვიიონი, ირაკლი ჩარკვიანი, უიტმენი, გოგი გვახარია, კაფკა, ნაბოკოვი, აკა მორჩილაძე, სტალინი, ხარმსი… ვეებერთელა საინტერპრეტაციო ველის პრეცედენტს ქმნიან.
წიგნის პრეზენტაციაზე ლაშა ბუღაძემ აღნიშნა: ,,ზაზას ტექსტი ოდისეაა. მე ვიტყოდი, ანტიოდისეა. საოცრად შიშველი ტექსტია, საოცრად გულწრფელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია (…) მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ შემზარავი რაღაცეებია აღწერილი საოცარი სილამაზით და მშვენიერებით. ზაზას ენა და ზაზას პოეტიკა არამხოლოდ ოსტატობის კატეგორიაა, არამედ (…) თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე როდესაც ვლაპარაკობთ, მისი სახით, ენობრივი და სტრუქტურული თვალსაზრისით, დიდოსტატთან გვაქვს საქმე.’’
ზემოთ ავტოფიქცია ვახსენეთ და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მალხაზ ხარბედიას უმნიშვნელოვანეს კვლევას: ,,შეთხზული ,,მე’’ – მწერალი და ავტობიოგრაფია’’. ერთ-ერთ თავში ვკითხულობთ: ,,მოკლედ, დუბროვსკისთვის ავტოფიქცია პარადოქსი არაა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არამედ ენასა და სუბიექტს შორის ფაქიზი ურთიერთობა, წერა, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის აღნიშვნაა შესაძლებელი. გარკვეული თვითანალიზის შემდეგ იგი თავის კვალს ტოვებს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფაბრიკაციაა, მთლიანად შეთხზულია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ნამდვილი და სანდოა. ერთი სიტყვით, ფაქტები ფიქციად იქცევა.’’ ამდენად, ზაზა ბურჭულაძის რომანში რეალობის ,,სტატუსი’’ მეტად პირობითი და მაცდური საკითხია.
დავსვათ სრულიად მოსალოდნელი და ლეგიტიმური შეკითხვა: რა ხდება რომანში? საქმე იმაშია,რომ სიუჟეტი მხოლოდ ერთ წინადადებამდე დაიყვანება: ზაზა (ე.ი. ავტორის სიმულაკრი) თავის ცოლ-შვილთან ერთად მილო და მილა პოდესვებთან მიდის სტუმრად (ესენი ზაზას შვილის ბაღელის მშობლები არიან). გზად მიმავალი მწერალი ერთგვარ ოდისევსად (ზაზასევსად) ტრანსფორმირდება, ოღონდ ეს უკვე საკუთარი ფსიქიკის ლაბირინთებში მოხეტიალე პერსონაჟია, ,,დამძიმებული’’ ცნობიერებით რომ დაატარებს წარსულს. ბერლინი კი უსახო აჩრდილებით სავსე ჰადესია.
როგორც თავად ავტორი ამბობს, ,,წიგნს დრო თხზავს და სივრცე’’. ,,ვარდის სურნელი’’ პერსონალურ გულაგად ქცეული ბერლინისა და მშობლიური ითაკის კულტუროლოგიური დიალოგისას წარმოქმნილ შეგრძნებათა შეჯახების შედეგია.
***
,,მე თუ რამე კარგი მაქვს, ულვაშიდან რემინისცენციებამდე, ყველაფერი ნასესხებია. ისე, თვითონ ეს ულვაშიც პირდაპირი რემინისცენციაა, პირდაპირი ციტატა თუ არა. ამ აზრით მე ერთგვარი კრებსითი ციტატა გამოვდივარ. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ჩემი გადაპარსული თავი, ულვაში და სათვალე ერთგვარი ნიღაბია, იგი მართალია, ყველას თავისი კონსპირაციის ხერხები აქვს’’ – წერს ზაზა ბურჭულაძე. საკუთარი თავის სიმულაკრიზაციით მწერალი რეალობაზე დაკვირვების, ყოფის ,,ფიქსირების’’ მეტად საინტერესო მოდელს გვთავაზობს. ეს იმდენად შიშველი (ანუ გულწრფელი) პროცესია, რომ კითხვისას გარკვეული უხერხულობის განცდაც კი გრჩება, თუმცა სიმართლე ყოველთვის მაშოკირებელი და მტკივნეულია.
,,ვარდის სურნელი’’ ლიტერატურის ძალაუფლების ტოტალობაზეც გვიამბობს. ხშირია საუბრები მწერლისთვის ძვირფას წიგნებზე, ლიტერატურის ფუნქციაზე, სიტყვის ემოციურ ენერგიაზე, წერის პროცესზე… ერთგან ასეთ საინტერესო დაკვირვებასაც ვეცნობით: ,,არის წიგნები, რომელთაც უკვე აღარ სჭირდებათ, ყდაზე ეწეროს, ვისია ან რა არის, არამედ ზედ დასმულ რომელიმე სიმბოლოს შეუძლია გითხრას მასზე ყველაფერი. არ ვგულისხმობ ყველაზე დიდტირაჟიან წიგნს ყდაზე ოქროს ჯვრით. ვინ ვერ მიხვდებოდა, რომელ წიგნზე იქნებოდა გამოსახული მარტის კურდღელი? რომელზე – საშინელი მწერი, თეთრი ვეშაპი, შავი პუდელი, რულეტის დისკო, მარლინი, ცული. არის წიგნებიც, სიმბოლოც რომ ას სჭირდებათ, არამედ მათი ყდის ფერი შეასრულებდა ამ ფუნქციას.’’
ერთგან ასეთი რეპლიკაც გვხვდება: ,,მე თუ კონტრასტული შხაპივითა ვარ: ცხელი-ცივი, ცხელი-ცივი, ერთი-ორი, ერთი-ორი, აკა მორჩილაძეს უფრო ჯაკუზია, ჰიდრომასაჟითა და რეგულირებადი გათბობის სისტემით. მისი კითხვისას ეგებ ჩაგეძინოს კიდეც კომფორტისგან, ჩემთან კი ასეთი რამ არ დაგემართება, რადგან რთულია ჩემთან მოდუნება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო’’.
***
,,ვარდის სურნელი’’ მილო პოდესვას რომანის ფრაგმენტებსაც მოიცავს. მასში ასახული პოსტაპოკალიპსური გარემო და საცხოვრებელი კომპლექსი ,,ნორმა’’ – ხრწნის სპეციფიკურ სუნთან ერთად (სხვათა შორის, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს პოდესვას რომანის სიტყვებსაც სიდამპლის, ლპობის სუნი ასდის!), თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ქართულ შეგრძნებებს, შიშებს, ნევროზებს ,,აღვიძებს’’. როგორც ჩანს, შორიდან კიდევ უფრო მტკივნეულად ჩანს ყველაფერი. ამდენად, ,,სიტყვების გამოფენა” ჩვენი საზოგადოების მენტალურ ენცეფალოგრამად ან ფორმა ნომერ ასადაც შეგვიძლია გავიაზროთ.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზაზა ბურჭულაძემ თავისი მთავარი წიგნი (უსასრულოდ გაბმული ყმუილი,რეკვიემი და სიცხიანის ბოდვითი აღსარება) უკვე დაწერა. შეიძლება ითქვას, უახლესი ქართული ლიტერატურის ყველაზე მთავარი წიგნიც კი.
© არილი