ინტერვიუ

ზაზა ფირალიშვილი – ჩემი ცხოვრების წიგნები

ზაზა ფირალიშვილი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს შეკითხვები დამისვით.

რაც შეეხება თქვენს კითხვას. პირველი წიგნი, რომელიც ხუთი თუ ექვსი წლისამ წავიკითხე, როგორც მახსოვს, „წიქარა“ და რამდენიმე სხვა ქართული ზღაპარი იყო. ამას მოჰყვა საბავშვო ორტომეული „პატარა საუნჯე“. შემდეგ ის დღეც დადგა, როდესაც ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ბიბლიოთეკაში. ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, აგრაფინა გორდულაძემ მიგვასწავლა იქაურობა. ჭავჭავაძის გამზირზე, დღევანდელი უნივერსიტეტის მერვე კორპუსის წინ, ერთი პატარა ბიბლიოთეკა იყო. მივედი, ჩავეწერე და კონან დოილის „დაკარგული ქვეყანა“  გამოვიტანე. მას შემდეგ მომდევს ბიბლიოთეკის სუნი და კიდევ მაშინდელი განცდა, რომ აქ შემოსვლით დიდ ცხოვრებას ვეზიარებოდი – მხოლოდ დიდების ცხოვრებას კი არა, სწორედ რომ დიდ და ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებას. მონუსხული ვიყავი.

ერთხელაც მამამ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები მომიტანა და ამის შემდეგ წიგნი  ჩემთვის  მთავარ გატაცებად იქცა.  შემდეგ იყო „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ და ა. შ. წიგნს ჩვენი დროის ბავშვებისათვის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც დღევანდელებისათვის – კომპიუტერს. სკოლიდან სახლისაკენ მომავალი გზად აუცილებლად შევივლიდი ხოლმე წიგნის მაღაზიაში. გამყიდველები მცნობდნენ და ზოგჯერ ისეთ წიგნს მაძლევდნენ, რომელიც, წესით, წინასწარ გამოწერილი უნდა მქონოდა. ჩემს ბავშვობაში გამოწერის სისტემა არსებობდა. გარკვეული წიგნების გამოშვებამდე ხელმომწერების სიას აგროვებდნენ და შემდეგ მხოლოდ მათზე გაიცემოდა.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ეს წიგნი იყო ერნესტ სენტონ-ტომპსონის „პატარა ველურები“. ვინ იცის, რამდენჯერ მაქვს წაკითხული. ზედიზედ ორჯერ თუ სამჯერ წავიკითხე და შემდეგშიც, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, პერიოდულად ვუბრუნდებოდი. მაშინ ატენის შესახვევში ვცხოვრობდით. ჩვენს სიახლოვეს ვერეს ხეობა იწყებოდა. ჰოდა, ვინ იცის, აქ გამოპარულებს რამდენი კარავი აგვიგია და რამდენი მშვილდ-ისარი გაგვიკეთებია. უნდა ვაღიარო: ინდიელების მიბაძვით, ერთი მოხუცი ასირიელი ქალის ბოსტანსაც დავესხით თავს და რამდენიმე თალგამი გავიტაცეთ. ინდიელებიც ცხოვრების ყაიდისა და ყოველგვარი რობინზონადის სიყვარული ლამის დღემდე გამომყვა.

მამა ხელოვნებათმცოდნე იყო. მისი ყოველდღიური ცხოვრება საწერ მაგიდასთან  იწყებოდა. ვხედავდი, როგორ კითხულობდა, რაღაცებს იწერდა და ასე იქმნებოდა მისი წიგნები. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი საქმე, რომელსაც ის ემსახურებოდა და რის კეთებაზეც მეც ვიოცნებებდი.

ჰოდა, ბავშვურ ოცნებებში ინდიელებით გატაცება და წიგნის სიყვარული გაერთიანდა. საკუთარ თავს ვხედავდი ტყეში, ღია ცის ქვეშ, მაგიდასთან წიგნების გარემოცვაში მჯდომი წიგნს როგორ ვწერდი. ყოველგვარი უსიამოვნების დროს ამ ოცნებას შევაფარებდი ხოლმე თავს. როდესაც ვინმე გამაბრაზებდა, წარმოვიდგენდი, თუ როგორ წაიკითხავდა ჩემს წიგნებს და როგორ მოინანიებდა თავის შეცდომას.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ეს უფრო მოთხრობა იყო, ვიდრე წიგნი – დოსტოევსკის „სასაცილო კაცის სიზმარი.“ ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემთვის თავიდანვე „გამჭვირვალე“ იყო. მეტიც, ის დღესაც არ არის ჩემთვის ასეთი, მაგრამ მასთან, როგორც ცოცხალ არსებასთან, დიალოგი დღემდე მომყვება. მან განსხვავებული და ყოვლად მნიშვნელოვანი სინამდვილის წინათგრძნობა გააღვიძა ჩემში.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ყველა მწერალი ამა თუ იმ ხარისხით ახდენდა ჩემზე გავლენას. შედარებით მყარი მსოფლმხედველობითი ღერძი გვიან ყალიბდება. სამყაროს მიმართ მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ვფიქრობ, რაც უფრო გვიან ყალიბდება მყარი მსოფლმხედველობრივი სისტემა, ალბათ, მით უკეთესია. მყარი სისტემა მიმღებლობის უნარს გიჩლუნგებს და „სიცხადეების“ კომფორტში გძირავს.

მნიშვნელოვანი მწერალი ჩემთვის სწორედ ისაა, ვინც დაძინებისა და ინტელექტუალურ კომფორტში ყოფნის საშუალებას არ მაძლევს. ასეთები ნამდვილად ბევრია. ზოგი მეორედ და მესამედ წაკითხვისას აღმოვაჩინე. როდესაც ცნობილ მწერალს კითხულობ, იოლია, საყოველთაო აღტაცებამ დაგაბრმაოს. იცი, რომ წაკითხული უნდა გქონდეს, ისიც იცი, რატომ უნდა მოგწონდეს, მაგრამ „შენი“ მაინც არ არის.  მერე კი დგება წამი, როდესაც შენსა და მას შორის ფარული დიალოგი ჩნდება. ერთად განაგრძობთ არსებობას.    

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

წერის სურვილი როგორღაც თავიდანვე დამყვა. ბავშვობიდან მომდევს ჩვევა, რომ ესა თუ ის სიტუაცია ლიტერატურული ტექსტის სახით წარმოვიდგინო. ხოლო თუ სინამდვილე განსხვავდება ჩემი „თარგმანისაგან“, „მით უარესი სინამდვილისათვის“. ზრდასრულობაში განსაკუთრებული გავლენა უილიამ ფოლკნერის „სოფელმა“ მოახდინა. მისი ზემოქმედება იმდენად დიდი იყო, რომ, უცნაური რამ უნდა ვთქვა, ორჯერ წაკითხვის შემდეგ ვეღარ მივუბრუნდი. თითქოს მეშინოდა, რომ ვეღარ გამოვცდიდი იმას, რაც პირველი გაცნობისას გამოვცადე. მეორე წიგნად დავასახელებდი ბაჩანა ბრეგვაძის „მიქელანჯელოს პოეზიას“. ჩემთვის ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი, რაც ქართულად და ქართველი ავტორის მიერ დაწერილა. მისი წყალობით აღმოვაჩინე, რომ ესეს მხატვრული ან დოკუმენტური ტექსტების გარკვეული პირობითობებისაგან თავისუფლება უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს. ჩემთვის ესე ის „ადგილია“, სადაც აზრის მკაცრი გამართულობა და გრძნობა ერთმანეთს ხვდებიან. მისი მთავარი გმირი აზრია, თვალს აზრის თავგადასავალს ვადევნებთ და ყველაფერი სხვა მისი გამჟღავნების საშუალებაა. ისე კი, როდესაც საქმე დიდ ლიტერატურასთან გაქვს, ძნელია დაადგინო მკაცრი საზღვრები ესეს, ფილოსოფიურ ტექსტსა და მხატვრულ ტექსტს შორის.

ამ ორი და კიდევ რამდენიმე სხვა ავტორის წყალობით გავიაზრე, რომ ტექსტი სამყაროსთან იდუმალი შეხვედრის აქტში იბადება და, პირიქით, თავად ტექსტთან მუშაობამ შეიძლება მოახდინოს ამგვარი შეხვედრის პროვოცირება.

ბაჩანა ბრეგვაძის შემდეგ მერაბ მამარდაშვილმა დამანახა, რომ დიდი ავტორი (ბაჩანას შემთხვევაში – მიქელანჯელო, ხოლო მერაბის შემთხვევაში – მარსელ პრუსტი)  შენს მეგზურადაც  შეიძლება იქცეს და  შენი მეშვეობითაც განაგრძოს მეტყველება.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ბევრი ავტორი მიმიხმობს უკან. ისეთი განცდა მაქვს, რომ კიდევ რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი სათქმელი ჰქონდათ და ეს მიბრუნება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შეხვედრა სრული არ იქნება. როგორც წესი, ეს წინათგრძნობა მართლდება ხოლმე. თუმცა, ისეც მომხდარა, რომ მიბრუნების შემდეგ მოლოდინი გამცრუებია.

მუდმივად ვუბრუნდები სახარებას. ამას არაფერი აქვს საერთო ფორმალურ აღმსარებლობასთან ან რაიმე რიტუალურ ვალდებულებასთან. უბრალოდ, ყოველი მიბრუნების ჟამს ის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მეუბნება იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც აღმოვჩნდი. სახარებაში ჩემთვის მთავარი არც მორალისტური სწავლებაა და არც რჯული. მთავარი ლოგოსის ხმიანებაა, რომელიც ზღვრულ დაძაბულობაში კვლავ და კვლავ ქმნის ჩვენს არსებობას და მოგვიწოდებს, ამ ქმნადობის თანამონაწილენი ვიყოთ.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

ასეთი ბევრია. სიტუაციურად პოპულარული ავტორები მრავლად არიან. ისინი, ხელოვნური ინტელექტის მსგავსად, თითქოს  თავს უყრიან მთელს ლიტერატურულ გამოცდილებას და ასე ქმნიან თავის ტექსტებს. ყველა ავტორი ამა თუ იმ ხარისხით ასე იქცევა, თუმცა არსებობენ ისეთები, რომლებიც, ამასთანავე,  სულის ახალ  ჰორიზონტს ათავისუფლებენ და ჩვენც ამ ჰორიზონტის თანაზიარად გვაქცევენ. ბევრი ამას ვერ ახერხებს და მათი ტექსტები არაფრით განსხვავდება იმ ტექსტებისაგან, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი შექმნიდა. ასეთების პოპულარობა, როგორც წესი, ხმაურიანია, მაგრამ ხანმოკლე. მათი საქმე თითქოს მხოლოდ ლიტერატურული მემკვიდრეობის მეორადი გადამუშავებაა. ამით ისინი მთლიანად პოსტმოდერნის პარადიგმაში არიან. არადა, პოსტმოდერნი, ალბათ, უმალ, კულტურის კრიტიკაა, ვიდრე განაჩენი. მისი განწყობების გაჩენა ჩემთვის იმის ნიშანია, რომ რაღაც ძალიან დიდის და ძირეულად განსხვავებულის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

ისევ თემას დავუბრუნდები. პირველი ხიბლის შემდეგ გრძნობ, რომ ამ ავტორს შენთვის  ხელი არ ჩაუვლია და  ერთი შეხედვით  უცნობ, მაგრამ, თურმე, უსასრულო ნაცნობ სამყაროში არ გაგძღოლია. მოკლედ, არსებობენ ავტორები, რომლებიც დიდ ტექსტებს ქმნიან და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პირველთა დანატოვრის მეორადი გადამუშავებით არიან დაკავებულები.

ჩემთვის დიდი ავტორი მკითხველში იმ ფარულ გამოცდილებებს აღვიძებს, რომლებიც, თურმე, გვიტარებია. ავტორი და მკითხველი ამ გამოცდილებაში თანაობენ. სამყარო ნაბიჯ-ნაბიჯ გვიმხელს, თუ რას წარმოვადგენთ, თუ რა ჩაიფიქრა, როცა ჩვენ გვქმნიდა და სხვა ყველაფერთან ერთად, ამას მწერლობის მეშვეობითაც აკეთებს.

ასე შეიძლება ლიტერატურამ ნამდვილზე უნამდვილესი სინამდვილე შექმნას.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

დანტეს „ღვთაებრივი კომედია“. ცხადია, ვიცოდი, რომ ეს იყო დიდი წიგნი, მაგრამ კითხვისას მოვიწყენდი ხოლმე. მერე, ერთ დღესაც, ის ჩემს ფარულ გამოცდილებებთან  კოჰერენციაში აღმოჩნდა. ასევე გვიან აღმოვაჩინე ალექსანდრე შმემანის წიგნები. სტუდენტობისას ზაზა თვარაძის დაჟინებით წავიკითხე ჰერმან მელვილის „მობი დიკი“. ჩავამთავრე თუ არა, მეორედ მივუბრუნდი. დღემდე მომდევს კითხვისას განცდილი უცნაური ჰიპნოზური დაძაბულობა.  ალბათ, რაღაც მსგავსს გრძნობს ჯარისკაცი ომის შემდეგ, როდესაც აღმოაჩენს, რომ ძალიან დიდი და მეტყველი არსებობით მოუწია ცხოვრება და არანაირ ფასად არ დათმობს ამ გამოცდილებას.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ასე პირდაპირი აზრით არავისთან გამიიგივებია თავი. უმალ, ვიტყოდი, რომ პერსონაჟების მეშვეობით ვიგებ და ვაგებ საკუთარ თავს და ასეთები, ალბათ, მრავლად არიან. მხატვრულ ტექსტს, ალბათ, ვერც გაიგებ, თუ კითხვისას მის ყველა, თუნდაც უარყოფით პერსონაჟთან რაიმე ხარისხით მაინც არ აიგივებ თავს.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

ასეთი რამდენიმეა. ბევრთან მიმართებაში შემეცვალა სიყვარული გულგრილობით ან აგდებული დამოკიდებულებით.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ასეთიც ბევრია. როდესაც ვგრძნობ, რომ ტექსტს მხოლოდ გაცნობისათვის ვეცნობი, თუ რაიმე სხვა პროფესიული ვალდებულება არ მაქვს, თავს მივანებებ ხოლმე.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ბოლო წლებია, მთლიანად ელექტრონულ გამოცემებში გადავერთე. ბოლო წიგნი ფილიპ არიესის „ადამიანი სიკვდილის წინაშე“ იყო. მას ინტერნეტში მივაგენი. ამ წიგნის შესახებ ბევრი მსმენია და როგორც იქნა, ელექტრონულ ვერსიას წავაწყდი.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

რუდოლფ ოტოს „საკრალური“. ახლახან მეორედ ჩავამთავრე ალექსანდრე შმემანის „ევქარისტია“. დიდი ავტორია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ როგორ განსხვავდება ქრისტიანობა იმ შამანიზმისაგან, რომელიც ქრისტიანობის სახელით  ჩვენს პოსტსაბჭოთა და პოსტსტალინურ ატმოსფეროში ტრიალებს.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ასეთები ძალიან ბევრია, მაგრამ ვისურვებდი, რომ სხვებს ეთარგმნათ. მე თავად თარგმნის ნიჭი არა მაქვს. ეს სრულიად განსაკუთრებული ტალანტია. ბედად, გვყავდნენ დალი ფანჯიკიძე, ბაჩანა ბრეგვაძე, დავით წერედიანი და სხვები. ახლაც რამდენიმე დიდებული მთარგმნელი გვყავს.

სათარგმნელის ჩამოთვლას რომ შევუდგე, ალბათ, სიას ვერ დავასრულებ.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

წიგნის კითხვა იმდენად პიროვნული სფეროა, რომ ძნელია, ყველა მკითხველს რაიმე ერთი ვურჩიო. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ წიგნის კითხვა ერთ-ერთი იმ „დიდ საქმეთაგანია“, რომლის კეთებაც ჩვენ შეგვიძლია. მისით საშუალება გვეძლევა, საკუთარი არსებობის სარკული ანარეკლი დავინახოთ, საზრისების სივრცეში ვიგრძნოთ თავი და ასე  მივუბრუნდეთ ყოველდღიურ წრიალს.

ახალგაზრდობაში ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა მითხრა და სრულიად ვიზიარებ: შენი წიგნი აუცილებლად მოვა შენთან, რადგან ის შენი ხვედრის ნაწილია და უფლის მიერ შენს ხატვაში მონაწილეობს გარემომცველ ადამიანებთან და შენს თავგადასავლებთან ერთად.

© არილი

Facebook Comments Box