რცხილა ძალიან მაგარი ხეა – გაცილებით მაგარი, ვიდრე მაგალითად მუხა. მისგან შალაშინის კალაპოტებს და სპორტულ ინვენტარს ამზადებენ, მზადდება მისგან აგრეთვე ცულისა და ჩაქუჩის ტარები, სხვადასხვა ინსტრუმენტი. ძველი გამოცდილი ხელოსნები რცხილას ჭრიან, აცლიან ქერქს და ქერქგაცლილს პირდაპირ ღია ცის ქვეშ ტოვებენ, რათა ამ მორმა იგრძნოს სიცხე, სიცივე, წვიმა, მზე და ქარი. მორი იწყებს სკდომას, იგრიხება, იბრიცება და ასეა სამ წელიწადს. მხოლოდ ამის შემდეგ აპობენ ამ მორს ნასკდომებზე და რაც მთელი გადარჩება, სწორედ იქიდან ამზადებენ საშვილიშვილო შალაშინის კალაპოტებს, ხელსაწყო-იარაღების ტარებს თუ სხვა საჭირო საგნებს.
ჩვენ ჯვრებს ვაკეთებთ რცხილისას. ჩვენი მასალა, ძველი ხელოსნების ღია ცის ქვეშ გამომშრალი მასალისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ, ხე-ტყის გამოსაშრობ საშრობშია გამომშრალი, მაგრამ სიმაგრით, ვგონებ, არ ჩამოუვარდება მას. თუ თქვენ საშუალება მოგეცემათ ხელში აიღოთ გაშვანშვალებული, ოთხი-ოთხზე, მეტრაოციანი რცხილის ლარტყა, მაშინვე იგრძნობთ მის სიმძიმესთან ერთად, სიმკვრივეს და ერთგვარ სიცივეს თითებით – რცხილა ძვალივით, ლითონივით მაგარია და ცივი. ამ ლარტყაზე მეორე, ორმოცდაათსანტიმეტრიანი ასეთივე სისქის ლარტყა მაგრდება სჭვლებით და ჯვარიც მზადაა – ლაქის წასმაღა უნდა. სჭვლებით დამაგრება გამართლებულად მიმაჩნია, რადგან ლურსმნებით დამაგრებული ჯვარი ადვილად ტყდება. მე თვითონ გადამამტვრიეს ჩემიანებმა თავზე რამდენჯერმე ასეთი ჯვარი. პრინციპში, ეს არაფერი, რადგან მე თავი, რომ იტყვიან, კვახივით მაგარი მაქვს. თუმცა, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. ჯვრების თავზე გადამტვრევის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.
მამა ოლიმპი მოძღვარია ჩვენი. ის “განდგომილ-განკვეთილია” ძირითადი ეკლესიიდან. ეს სიტყვა “განდგომილ-განკვეთილი” მე თვითონ მოვიგონე. ასე იმიტომ მოვიხსენიებ ჩემს მოძღვარს, რომ ობიექტური მინდა ვიყო. სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას:
მამა ოლიმპი თავის დროზე ერთი ჩვეულებრივი მღვდელი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი დაუპირისპირდა ძირითადი ეკლესიის ხელმძღვანელობას იმ მიზეზით, რომ მას არ მოსწონდა ამ ხელმძღვანელობის მიერ წარმოებული “პოლიტიკა” და ეკლესიის შიგნით მიმდინარე კარგად დაფარული, მაგრამ, უთუოდ მაინც არსებული, მანკიერი მოვლენები. მამა ოლიმპი ხმამაღლა ამხელდა ყველას და რადგან ის ერთობ ემოციური ადამიანია, ზოგჯერ ყვირილითა და გინებით, ხანდახან კი მუშტი-კრივით. ამ მეთოდებით ცდილობდა იგი ეკლესიის შიგნით თავისთვის მისაღები წესრიგის დამყარებას. ამის გამო, ხულიგნური საქციელისა და შუასაუკუნეობრივი, “მრაკობესული” (როგორც ძირითადი ეკლესიის მესვეურები ამბობდნენ) შეხედულებების გამო იგი განკვეთილ იქნა დედა-ეკლესიისგან. და, – განდგომილიც იქნა, რასაკვირველია, საკუთარი ნებით.
მე ვახსენე სიტყვა “ჩვენ”. ჩვენ მრევლი ვართ – მამა ოლიმპის მრევლი, ანუ ის ხალხი, რომლებსაც მამა ოლიმპისა გვჯერა, რასაკვირველია, გვწამს ჩვენი ძირითადი დედა-ეკლესიისაც, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მისმა ზოგიერთმა მესვეურმა ჭეშმარიტ გზას ცოტათი გადაუხვია – ცოტათი კი არადა კარგა გვარიანადაც გადაუხვია, მაგრამ ამის შესახებაც სხვა დროს.
ჩვენთვის მიუღებელია მათი შემრიგებლური დამოკიდებულება ახლადმომრავლებული სექტების მიმართ. ჩვენ ვებრძვით სექტებს – ვცემთ სექტანტებს, ვანადგურებთ მათ ქონებას და ვწვავთ მათ წიგნებს. ისინი არა, მათ მიაჩნიათ, რომ სექტანტებთან ბრძოლა უნდა იყოს მშვიდობიანი, თუმცა აბა სად გინახავთ ბრძოლა და მშვიდობიანი.
ისე, ერთხელ, სხვათა შორის, მე ენციკლოპედიაში ჩავიხედე: უბრალოდ დამაინტერესა ამ სიტყვის ჭეშმარიტმა მნიშვნელობამ და თურმე ნუ იტყვით: სექტა ყოფილა ძირითადი, გაბატონებული (ასე ეწერა) ეკლესიიდან გამოყოფილი რელიგიური ჯგუფი, რომელიც არ ემორჩილება საერთო წესებს, ანუ წესით ჩვენც სექტა გამოვდივართ, მაგრამ ეს, რომ იტყვიან, ენციკლოპედიურად. ისე კი ამის შესახებ ჯობია მრევლთან არაფერი დამცდეს, თორემ ამგვარი გამონათქვამი თუ მამა ოლიმპის ყურამდის მივიდა, მან შეიძლება ეპითიმია დამადოს. ასე რომ, ამაზე ანუ იმაზე, რომ ჩვენ სექტა ვართ, მე ვცდილობ – არათუ არ ვილაპარაკო, არც კი ვიფიქრო, რადგან ამგვარმა ფიქრებმა ადამიანი შეიძლება სულის წარწყმედამდეც მიიყვანოს. ისე კი თუ მაინც სექტა ვართ, მაშინ სექტებიც ყოფილა ცუდი და კარგი. ადამიანებიც ხომ არიან ცუდები და კარგები. ჰოდა, ალბათ, სექტებიც ასეა. მოკლედ, იეღოველები ცუდი სექტაა, ჩვენ კი – ჩვენ, შემინდე უფალო და, თუ მაინცდამაინც სექტა ვართ, მაშასადამე უსათუოდ კარგი, რადგან ჩვენი სარწმუნოება ერთადერთი ჭეშმარიტია მთელს ქვეყანაზე, ასე რომ, რაც გინდა დაგვარქვან, მაინც ჩვენი სარწმუნოება იქნება უსწორესი.
ისე, გითხრათ სიმართლე, დიდი ბრძენთაბრძენი მე არა ვარ, ერთი უბრალო ახალგაზრდა კაცი ვარ და თავიც კვახივით მაგარი მაქვს (უკაცრავად, რომ ასე მოვიხსენიებ საკუთარ თავს, მაგრამ რა ვქნა, ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი, რადგანაც იგი განსაკუთრებით ზუსტად ასახავს, ჩემი თავის, როგორც ორგანოს სიმაგრეს, ასევე ჩემს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას), მაგრამ ზოგჯერ მაინც მიჩნდება თავში ალბათ მკრეხელური აზრი – თუ რატომ არის ჩვენი, მაინცდამაინც ჩვენი სარწმუნოება ერთადერთი ჭეშმარიტი ქვეყანაზე და რატომ სხვათა სარწმუნოებები არ არის ასეთი. ისე, ალბათ, ასეც არ უნდა მეთქვა, მაგრამ რადგან ვთქვი, ბარემ იმასაც ვიტყვი, თუ როდის და რატომ მომდის ამგვარი აზრები თავში: ამგვარი აზრები, შემინდე უფალო და, ჩვენებს რომ ვუყურებ მაშინ მომდის. ჩვენ, მამა ოლიმპის მიმდევრები, ანუ ოლიმპიელები (ჩვენ ზოგჯერ ასეც მოგვიხსენიებენ) ყველანი ერთმანეთს ჩამოვგავართ: საშუალო სიმაღლის და სხვადასხვა სისქე-სიმჭლევის წვეროსანი მამაკაცები ძირითადად ჯვარნაქარგი ხევსურული ქუდებითა ვართ თავდაბურულნი. ბევრ ჩვენგანს კეხიანი ცხვირი და ბრაზიანი გამოხედვა აქვს. მამაკაცები ძველი ქართული წესის თანახმად, მისალმებისას მხარზე ვკოცნით ერთმანეთს, რაც ზოგჯერ პატარა არეულობას იწვევს ხოლმე, რადგან ის, ვისაც მხარზე უნდა აკოცო, როცა ხედავს, რომ შენ მხარზე აკოცე, ლოყაზე კოცნის შემდეგ მხარზე საკოცნელად იწევს. შენც, შენი მხრივ ცდილობ ვალში არ დარჩე და კოცნი ლოყაზე, რადგან მან ლოყაზეც გაკოცა და მხარზეც, შენ კი მხოლოდ მხარზე, საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ (თუ ნასვამებიც ბრძანდებით) თქვენ ერთმანეთს მხრებს და ლოყებს უკოცნით, სინამდვილეში კი ლოშნით ერთმანეთს და თავებს ურტყამთ. ეს კი შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ვიღაცას ხევსურული ქუდი არ დაუვარდება. ისე, აქაც სხვამ იკითხოს თორემ მე ჩემი ქუდი ყოველთვის მაგრად მაქვს ჩამოფხატული, ხოლო თავი, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, კვახივით მაგარი მაქვს. საერთოდ კი კაცები მხოლოდ ხელის ჩამორთმევით უნდა კმაყოფილდებოდნენ და არ კოცნიდნენ ერთმანეთს არც მხარზე და არც პირისახეზე – ეს, ჩემი აზრით, ცუდი ჩვევაა.
მამა ოლიმპის დაჟინებული მოთხოვნით ჩვენ ვალდებულნი ვართ ვეცადოთ ვილაპარაკოთ სუფთა, თავანკარა ქართულით, თავანკარა ქართული კი, მისი აზრით, მხოლოდ ძველი ქართულია. რა თქმა უნდა, მთლად ძველ ქართულზე მეტყველება ჩვენ არ ძალგვიძს, მაგრამ ისე კი ჩვენი ენა ცოტათი არქაულად ჟღერს. ზოგი ამას კარგად ახერხებს, ზოგი საერთოდ ვერ ახერხებს, ზოგს კი ცოტა სასაცილოდ გამოსდის. აი, მაგალითად, როგორ ესაუბრა, ჩემი თანდასწრებით, მაღაზიაში გამყიდველს ჩვენი მრევლის წევრი და ჩემი სულიერი ძმა გალელი ზური სულუხია:
ზური სულუხია: მაიონეზი ესე ხომ არ არს ძველი, მაგალითად?
გამყიდველი ქალი: არა ბატონო, როგორ გეკადრებათ! ზედ აწერია თარიღი, სუ ახალი მიღებული გვაქვს!
ზური სულუხია: მაგენი რაცხას დააწერენ ზეთ, ქე ვუწყი მე, მაგალითად!
გამყიდველი ქალი: ახალია ბატონო ნამდვილად!
ზური სულუხია: არა მაცთუნო დიაცო, რამე თუ ბაღანეიზა მინდა – მე მაიონეზი ესე!
გამყიდველი ქალი: ვისთვის გნებავთ?!
ზური სულუხია: ბაღანეიზა-თქვა, ბაღანეიზა – ვა-ა, ყრმითვინა, ყრმითვინა!
რაც შეეხება ჩვენს ქალებს, ისინი სათნონი არიან და რწმენის საკითხებში შეუვალნი, მაგრამ სამწუხაროდ, მათ შორის, ჭარბობენ ჭარბთმიანები. მე, როგორც მამაკაცს, შეიძლება არც შემეფერებოდეს ადამიანებისა და მით უმეტეს, ქალების, – ნაკლი დავარქვათ, არასრულყოფილება თუ ფიზიოლოგიური თავისებურებები – ამაზე საუბარი. თითქოს არც ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, სიმართლე უნდა ითქვას ყოველთვის. ეს კი, ანუ ის, რომ ჩვენს ქალთა შორის ჭარბთმიანები და შეუხედავები ჭარბობენ, ფაქტია – თავიანთი ულვაშებით, ქილვაშებით, ბეწვით ყურებსა და ცხვირში, ცხვირზეც. როგორც ჩანს, ეს ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ მრევლში ასაკოვანი ქალებია ახალგაზრდებზე გაცილებით მეტი, მეორე მხრივ კი იმით, რომ ჩვენი ქალები არ იკეთებენ ეპილაციას და ახლოს არ ეკარებიან კოსმეტიკურ საშუალებებს. მამა ოლიმპი უკრძალავს მათ ამას. ის თვლის, რომ ადამიანი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ის უფალმა შექმნა და არა ტუშითა და პომადით შეთითხნილი. ჩვენი მრევლის ქალებიც მიჰყვებიან მამა ოლიმპის მცნებას, არ ცდილობენ თავიანთი გარეგნობის შეცვლას და არიან ისეთები, როგორებადაც ისინი უფალმა შექმნა. მე, როგორც მთხრობელს, მაქვს უფლება, რაღაცა გამოვტოვო, რაღაცაზე კი შეგნებულად გავამახვილო ყურადღება. მაგრამ როდესაც ახასიათებ ადამიანებს, უნდა ილაპარაკო არა იმაზე, თუ რითი გვანან ისინი სხვებს, არამედ იმაზე, რითაც ისინი სხვებისაგან განსხვავდებიან. თუ ამ წესს არ დაიცავ, შენი ნაამბობი გამოვა ზერელე, ხოლო შენ მიერ დახატული სახეები უფერული და უიერონი იქნებიან. მაშინ რაღა აზრი აქვს თხრობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გარკვეული ნაწილი ისეთივე ჭარბთმიანია, როგორც ჩვენი მრევლისანები. უბრალოდ, სხვა ქალები, ჩვენებისგან განსხვავებით, სხვადასხვა საშუალებებით იცილებენ არასასურველ თმას, ჩვენები კი არა. სამაგიეროდ სხვებს პირისახე ლამაზი აქვთ, მაგრამ ბევრს სათნოება არ გააჩნიათ, ჩვენებს კი სათნოებაც აქვთ და ქილვაშებიც. მე კი უკვე, ახლა როგორც ყოველთვის, ვაჭარბებ – ეს უკვე ქირქილია, ცინიკური ქირქილი. ზოგჯერ არის, რომ ვიტყვი ან გავაკეთებ რამეს და მერე მძაგს ჩემი თავი. ახლაც ასეა – მე ჩემი თავი მძაგს.
რაც შეეხება კიდევ ჩვენს ქალებს, რა თქმა უნდა, საქმე ასეც არ არის და მათ შორისაც არიან ლამაზმანები, ზოგიერთები კი – ახალგაზრდები განსაკუთრებით – ნამდვილი ცუგრუმელები. ამას მე ვამბობ სრული გულწრფელობით და არა იმიტომ, ჩვენ ქალებზე ზემოთ თქმული, ცოტა მოუზომავი გამონათქვამები შევარბილო. არც უნდა მეთქვა, ალბათ, ეს ყველაფერი, მაგრამ ვთქვი და რა ვქნა. ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დავაბრუნებ. ერთს დავამატებ მხოლოდ: რაკიღა ოლიმპიელ ქალებზე მიდგა საქმე და მათზე წავიდა ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ რომ მოვამთავრო ეს თემა, ვიტყვი, რომ, როცა ჩვენ ოლიპიელი მამაკაცები ვარბევთ და ვცემთ იეღოველებს, ჩვენი ქალები ტკბილად გალობენ, ხოლო ხელსაყრელი მომენტის შერჩევისას ჩქმეტენ და ბრწკენენ დაზარალებულებს. მოვრჩი ამით მე ოლიმპიელ ქალებზე საუბარი, დავასრულე. დავასრულე, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი, სიმართლე ითქვას, არ გამოირჩევიან დიდი გონიერებით და არანაირ მნიშვნელოვან როლს მრევლის ცხოვრებაში არ თამაშობენ.
ასეც უნდა იყოს – ქალი ქალია.
მე გივი ლამაზოშვილი ვარ – ორხეველი უცოლო, უმუშევარი. მრევლში ცოტა რთული და თავისებური მოვალეობა მაკისრია: იეღოველთა სექტაში შეგზავნილი მამა ოლიმპის მსტოვარი ვარ.
ეს საქმე ასე მოხდა. ერთხელ მამა ოლიმპიმ თავისთან სენაკში მიხმო და დიაკვანი ბიკენტის თანდასწრებით შემომთავაზა “უფლისათვის სამარგებლო” საქმის გაკეთება. მე, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და ვუთხარი, რომ “უფლისათვის სამარგებლო” საქმის გასაკეთებლად მუდამ მზადაა გივი ლამაზოშვილი. მაშინ მამა ოლიმპიმ საიდუმლოდ გამანდო, რომ მას თურმე სექტანტთა სტრუქტურებში შეგზავნილი ყოლია თავისი მსტოვრები, ანუ ემისრები, რომლებიც მამა ოლიმპის აწვდიდნენ, შეძლებისდაგვარად, დაწვრილებით ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა ხდებოდა სექტების შიგნით. საიდან ფინანსდებოდნენ, რა რიტუალებს ატარებდნენ, როგორ გადაადგილდებოდნენ, როგორ “რწყმედდნენ” ქართველთა სულებს და რას გეგმავდნენ მომავლისთვის. ერთ-ერთი ასეთი მსტოვარი იეღოველთა სექტაში უნდა გავმხდარიყავი მე. უნდა მოვნათლულიყავი, ჯანდაბა მაგათ, იეღოველურად, რაც შეიძლება მეტად უნდა შევსულიყავი მათ ხელმძღვანელობასთან ნდობაში და მამა ოლიმპისათვის ან დიაკვანი ბიკენტისათვის მეცნობებინა ყოველივე საინტერესო, რასაც მე იქ იმ შეჩვენებულების ბუნაგებში ვნახავდი ან ყურს მოვკრავდი.
დავთანხმდი.
იეღოველთა პირველი შეკრება, რომელსაც დავესწარი – კონფერენცია – როგორც ისინი ამ ღონისძიებას უწოდებენ, ერთ პატარა ნაქირავებ ბინაში ჩატარდა. მათ იქ ერთი რაღაც დანჯღრეული მაგნიტოფონი ედგათ, რომელსაც წამდაუწუმ ხან ჩართავდნენ, ხან გამორთავდნენ გალობების დროს. დამამახსოვრდა, რომ ერთმანეთს უსვამდნენ სხვადასხვა შეკითხვებს და, რასაკვირველია, შესაბამის პასუხებსაც სცემდნენ. შეკითხვები ძირითადად იმას შეეხებოდა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე იეღოველი ამა თუ იმ შემთხვევაში. ნუ დაახლოებით ასე: შეკითხვა: “ვისთან უნდა იმეგობროს იეღოველმა?” პასუხი: “დიახ, იეღოველმა უნდა იმეგობროს მხოლოდ იეღოველებთან”. შეკითხვა: “ვისზე შეიძლება იქორწინოს იეღოველმა?” პასუხი: “დიახ, იეღოველმა უნდა იქორწინოს მხოლოდ იეღოველზე”. სცდიდნენ ისინი ერთმანეთს ბიბლიის ცოდნაშიც: შეკითხვა: “რა ერქვა ნოეს უფროს ვაჟს?” დიახ! “ნოეს უფროს ვაჟს ერქვა სემი”. “რა ერქვა ისააკის ცოლს?” “დიახ, ისააკის ცოლს ერქვა რებეკა”. მოპასუხეები პასუხობდნენ დალაგებულად, მშვიდად, თუმცა თავის სათქმელს ყოველთვის რატომღაც იწყებდნენ სიტყვით “დიახ”. ეს იყო და ეს. კონფერენცია რომ დამთავრდა, მაშინვე არ დაიშალნენ. ისინი პატარ-პატარა ჯგუფებად, ხუთ-ხუთნი გამოდიოდნენ ბინიდან და ჩუმად იპარებოდნენ. დაახლოებით ასეთივე იყო სხვა, შემდგომი კონფერენციებიც.
გარდა კონფერენციებისა, იეღოველები ატარებენ აგრეთვე თეატრალურ წარმოდგენებს, სადაც ისინი აცოცხლებენ ბიბლიურ სცენებს – ნუ, ერთი სიტყვით, თავისებური თეატრი აქვთ. ამგვარ სპექტაკლებში მეც მიმიღია მონაწილეობა და ამის შესახებაც გიამბობთ. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ იეღოველთა წესდება ძალიან გავს… თუმცა რა აზრი აქვს ახლა მაგათ წესდებაზე ლაპარაკს. ჯობია, ისევ სპექტაკლებზე მოვყვე. არ ვიცი, რა სამსახიობო ნიჭი აღმოაჩინა ჩემში იეღოველთა უხუცესმა, მაგრამ ერთხელ გვერდზე გამიხმო და მითხრა: “შენ ბიბლიურ სპექტაკლში უნდა ითამაშოო”, უხუცესი თვითონ დაახლოებით ორმოცამდე წლის კაცია, მართლა უხუცესი კი არ არის, ისინი, ანუ წინამძღოლები იეღოველთა, ასე მოიხსენებიან, – “მეფე დავითი უნდა განასახიეროო”. მეც რა მენაღვლებოდა – დავთანხმდი. ვირსავიას ირმა თამაშობდა. ამ პატარა სპექტაკლში ყველაზე მეტად ის ადგილი მომეწონა, როცა მეფე დავითს ანუ მე, ვირსავია – ირმა უნდა ამეყვანა ხელში და მომეტაცა. რეპეტიციაზე, სწორედ ამ სცენის გათამაშებისას ვაკეთებდი ყველაფერს შეგნებულად ისე, რომ უხუცესს არ მოსწონებოდა ჩემი თამაში და ხელმეორედ გაეთამაშებინა სცენა. მეც ერთი შვიდჯერ მოვიტაცე ირმა: ავიყვანდი და დავარბენინებდი ოთახში წინ და უკან. ბოლოს მაინც იძულებელი გავხდი ისე მეთამაშა, როგორც იმ ძაღლიშვილ უხუცესს სურდა, თუმცა ის ბოლო დუბლიც, ღმერთმანი, კარგი იყო. მე ირმა ავიტაცე და ისე ჩავიხუტე, როგორც ალბათ, მაპატიოს უფალმა და, თვით ნამდვილი დავით მეფე ვერ ჩაიხუტებდა ნამდვილ ვირსავიას.
– “ბრავო!” – შესძახა უხუცესმა და სიხარულით ატირდა. მეორე დღეს სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ჩემი და ირმას თამაშით აღფრთოვანებული იეღოველები ტიროდნენ. სპექტაკლის შემდეგ კი ტაშში გვაბანავეს და ყვავილები გვესროლეს. ეს ყვავილები მე სცენიდან ავკრიფე და ირმას მივუძღვენი.
ირმა იეღოველია. იეღოველებში, ისევე როგორც ყველგან, ათასნაირია ხალხი და იქაც არიან ისეთები, რომლებსაც ან სწამთ ის, რის მოწამეობასაც იბრალებენ, ან არა. მაგრამ ამ უბედურს, ანუ ირმას მართლა გულწრფელად სწამს თავისი იეღოვასი.
მე კი იგი მომწონს, მომწონს კი არადა, შემინდე უფალო და, ალბათ მიყვარს. ის ლამაზია, ჭკვიანი და განათლებული. თანაც წესიერი – იგი რაღაც თანდაყოლილი წესიერებითაა წესიერი – კდემამოსილია. სწორედ მაგის გულისთვის იყო, ჩვენებმა რომ თავზე გადამამტვრიეს ორი თუ სამი ჯვარი.
როცა განსაკუთრებით ხალხმრავალი კონფერენციები იმართება, ჩვენები არბევენ იეღოველებს და, რომ იტყვიან, “თავს ბანს ანგრევენ” მათ. მე ასეთ დროს, ეჭვი რომ არ აიღონ, სექტანტების რიგებში ვარ და ვცდილობ თავი ისე მოვაჩვენო, თითქოს აქტიური იეღოველი ვიყო. ჩვენებიც ამ “უსჯულოებთან” ერთად მეც მირტყამენ. იეღოველებს ხომ კარგად მოეხსენებათ, რომ ვიღაც-ვიღაცები ჩუმ-ჩუმად აწვდიან მამა ოლიმპის ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ.
მაშინ იმ დღეს მეტად დიდმასშტაბიანი კონფერენცია ტარდებოდა, თანაც, ასე ვთქვათ, გასვლითი ქალაქიდან შორს, ერთ-ერთი “უსჯულოს” კარგად მოწყობილ კარმიდამოში. იეღოველები მთელი საქართველოდან და მეზობელი რესპუბლიკებიდანაც კი იყვნენ ჩამოსულები; ტევა აღარ იყო დაქირავებული ავტობუსებისა, კერძო ავტომანქანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მე ირმას შორიახლოს ვტრიალებდი და ვცდილობდი, რომ ამდენ ხალხში არსად დამკარგვოდა. მისი გაფრთხილება არ შემეძლო – ეს ხომ ჩვენების ღალატი იქნებოდა, არადა, ბედისანაბარად მიტოვებაც, აბა, როგორ შეიძლებოდა. ჩვენებმა მაშინ იეღოველებს დღე აყარეს, ო-ხო-ხო-ხო, “მკვდარსაც კი გაეცინება”. შვიდი ავტობუსით ჩამოვიდნენ, “უსჯულოები” ალყაში მოაქციეს, “ჰკა მაგასაო” დასძახეს და იეღოველებს დაერივნენ ხის ჯვრებით შეიარაღებულნი: კაცები იეღოველებს სცემდნენ, რელიგიურ ექსტაზში მყოფი ულვაშიანი ქალები კი ამ დროს ტკბილად გალობდნენ. ოპერაციას ხელმძღვანელობდა მამა ოლიმპი, მას ცალ ხელში რადიორუპორი ეჭირა, მეორეში კი ანთებული სასაკმევლე, რომელსაც იქნევდა, რათა საკმევლის სუნი გაევრცელებინა, ხოლო რადიორუპორით იძლეოდა განკარგულებებს და ძალიან უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა იეღოველებს. ჩვენი დანარჩენი კაცებიც გააფთრებით აგინებდნენ იაღოველებს და სცემდნენ მათ ჯვრებით. იქვე მყოფი პოლიციელები ზარმაცად აშველებდნენ მოჩხუბრებს და თითქოს მხარეების დაშორიშორებას ცდილობდნენ, მაგრამ მოდით, სიმართლე ვთქვათ და, ისინი პირიქით, ხელს უწყობდნენ ჩვენიანებს იეღოველების ცემაში. და თუ რომელიმე იეღოველი უმწეოდ, მაგრამ მაინც, წინააღმდეგობის გაწევას სცდიდა, მას მაშინვე ზურგს უკან ხელებს მოუგრიხავდნენ, მერე კი, რომ იტყვიან, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.
ისე, რაც მართალია, მართალია და ძალიან კარგი საცემია იეღოველი, მე შენ გეტყვი, ხელს შემოგიბრუნებს თუ რა. მათ ხომ მათი რწმენით ჯარში სამსახურიც კი ეკრძალებათ. ესე იგი, გამოდის, რომ შეიარაღებული მტერიც რომ მიადგეთ კარს, მაინც არ გაუწევენ წინააღმდეგობას, ისე მოეკვლევინებიან, მათ შეიძლება მხოლოდ ხელი აიფარონ ან გაიქცნენ. ჰოდა, ურტყი, რამდენიც გინდა, ამოწყდა მაგათი ხსენება.
ორმეტრიანი დიაკვანი ბიკენტი ყოფილი რაგბისტია. ამბობენ, რომ მისგან მსოფლიო კლასის რაგბისტი დადგებოდა, რომ არა მისი თანდაყოლილი მიდრეკილება ხულიგნობისკენ. მოგეხსენებათ, რაგბი ფიგურული სრიალი არ არის და არც შაში და ჭადრაკია. რაგბი ძალისმიერი, ხისტი თამაშია და ხშირია, როცა რაგბის თამაშის დროს მოთამაშეები ერთმანეთს გაულაწუნ-გამოულაწუნებენ. რაგბში ეს როგორღაც მოდის, მაგრამ ჩვენი დიაკვანი რაგბის თამაშის დროს ნამეტანს შვრებოდა. ეს მისი მიზეზით ხდებოდა მოედანზე შეხლა-შემოხლა და ჩხუბები. ის სულ ვიღაცას ულაწუნებდა. მას მუდამ სჯიდნენ მსაჯები და მწვრთნელები, იგი თითქმის სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბოლოს, საერთოდაც დაითხოვეს დიდი სპორტიდან. ამის შემდეგ მივიდა იგი ეკლესიაში, რომ იტყვიან, იწამა ღმერთი, გახდა ჯერ სტიქაროსანი, მერე მორჩილი და ბოლოს, დიაკვანი – დიაკვანი ბიკენტი, რომელიც შიშის ზარს სცემდა იეღოველებს. ბიკენტის უკვე სცნობდნენ იეღოველები და ძრწოდნენ მისი დანახვისას, განსაკუთრებით ისინი, რომელთა თავ-პირზეც მის მძიმე მუშტებს ოდესმე გაედინათ ბათქანი.
იმ დღეს ლომს გავდა ბიკენტი. იგი ხის მძიმე ჯვრით შეიარაღებული გზას მიიკვლევდა იეღოველებს შორის, “ვითარცა უხორცო” და როგორც მთიბავი ბალახს, ისე თიბავდა მათ. შეშინებული იეღოველები გაქცევას ლამობდნენ, მაგრამ ამ ორომტრიალში მათ ძირითადად მათივე თანამოძმეები უღობავდნენ გზას. ჩვენები ქალების ცემას ერიდებოდნენ და ალბათ ამიტომ იეღოველი ქალები თავის მხრივ გზას უღობავდნენ ჩვენებს, წინ ეჩხირებოდნენ მათ, რათა ამ გზით მაინც ეშველათ თავიანთი კაცებისთვის.
განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ ირმაც: იგი კიოდა, წიოდა და ზედ ეფოფრებოდა თავის დამპალ კაც იეღოველებს. მე გვერდიდან არ ვცილდებოდი მას და ამიტომაც იყო, რომ სხვისთვის განკუთვნილი დარტყმები სულ მე მხვდებოდა. რაღა მექნა: ხელებს ვიქნევდი და გოჭივით ვჭყვიტინებდი. აბა, ჩვენებს ხომ არ დავარტყამდი. ბოლოს მოხდა ისე, როგორც ბრძოლის ველზე ყოველთვის ხდება: ღირსეული მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ – ირმა ბიკენტის წინ გადაუდგა. ბიკენტიმ მას მრისხანედ გადმოხედა და რამდენჯერმე ხელისკვრით თავიდან მოიცილა ქალი, მაგრამ ირმა არ მოეშვა. ამასობაში ბიკენტიმ ირმას ზურგს უკან ერთი კარგი, მსუქანი იეღოველი დაინახა – წითური და ღაბაბიანი. მართლა კაი საცემი იყო. ბიკენტიმ ირმას ხელი კრა და მსუქანას ჯვარი მოუქნია. მსუქანას გული წაუვიდა და წაიქცა, ირმა სხივის სისწრაფით მას ზედ გადაეფოფრა და ბიკენტის მოქნეული ჯვარი ბეჭებში მოხვდა. კიდევ კარგი, რომ ბიკენტიმ მოასწრო და ბოლო მომენტში დარტყმა შეანელა.
ბიკენტი, მართალია, ჩემი სისხლი და ხორცია და ყველა იეღოველის, ირმას გარდა, დედაც ვატირე, ალალი გულით, მაგრამ ეს ამბავი რომ დავინახე, რაღაც დამემართა: წამით განსჯის უნარი დავკარგე, თითქოს დენმა დამარტყაო, მექანიკურად დავიძაგრე, გაშლილი მტევნები ოდნავ წინ გავფარჩხე, მუხლებში მოვიხარე, შევხტი და დიაკვან ბიკენტის მთელი გულითა და სულით თავური ვაჯახე და ორი სარძევე კბილიც ჩამოვუღე. ბიკენტიმ დარჩენილი კბილები გააღრჭიალა და ხის მძიმე ჯვარი თავზე გადამაფშვნა. კი მეტკინა, მაგრამ ეგ არაფერია – მე, მოგეხსენებათ, თავი კვახივით მაგარი მაქვს.
ამის გამო მამა ოლიმპიმ სამდღიანი ეპითემია დამადო, მაგრამ, ნუ, რას ვიზამ ახლა, ხან ისეა, ხან ასეა, მე როგორღაც თავი ვიმართლე და ამით ეს ამბავი დამთავრდა.
ყველაზე უჩვეულო ამბავს კი ახლა გიამბობთ და მერე თქვენ თვითონ განსაჯეთ.
ამას წინათ ჩვენს ეკლესიაში შევედი და თვალებს არ დავუჯერე. ვხედავ, ჩვენს ეკლესიაში ირმა მოსულა, თავშალი შემოუხვევია და წმინდა ხატებს სანთელს უნთებს და ცდილობს მრევლის ქალებს გამოელაპარაკოს. უცბად ვიფიქრე, “მოდი, თვალსაწიერიდან მოვერიდები და ვუთვალთვალებ-მეთქი”, ის იყო, სვეტს უნდა ამოვფარებოდი, მაგრამ ვერ მოვასწარი და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. შევატყვე, როგორ შეცბა – შეცბა კი არადა, ელდა ეცა. რაღას ვიზამდი – მივედი და მივესალმე. თან გულში იმედის ნაპერწკალი მიღვიოდა, იქნებ-მეთქი გამოსწორდა ადამიანი და ჭეშმარიტ სარწმუნოებას მოუბრუნდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ირმა ჩემს დანახვაზე შეცბა, ცოტა ხანს რაღაცაზე მელაპარაკა, მერე დრო იხელთა და ფრთხილად დატოვა ტაძარი. შემდეგ თანდათან ნაბიჯს უმატა და თითქმის სირბილით გაიქცა ეკლესიის ეზოდან. მე დავედევნე და კარგა შორს, ავტობუსის გაჩერებასთან დავეწიე. ვკითხე: “ირმა, შენ ეკლესიაში რა გიდოდა-მეთქი”. მან თავი დახარა, თვალი ამარიდა და კითხვითვე მიპასუხა: “შენ თვითონ რა გინდოდაო”. მე ვუთხარი: “პირველი მე დაგისვი შეკითხვა და ამიტომ, ჯერ-მეთქი, შენ გამეცი პასუხი”. “მე პასუხი მზად მაქვსო, – მითხრა – მაგრამ არაფერს გეტყვი, სანამ შენ არ მეტყვი, შენ თვითონ რატომ იყავი იქო”. რაღას ვიზამდი, ავდექი და გავუხსენი კარტები – სულ ერთია, მაინც ვეღარ დავმალავდი ჩემს საიდუმლოს. “მე აქ-მეთქი, იმიტომ ვიყავი, რომ ეს ჩემი ეკლესიაა, მე მართლმადიდებელი ვარ და აქ ვლოცულობ, თქვენს კონფერენციებზე კი მამა ოლიმპის დავალებით დავდივარ, რათა მისთვის საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო. ახლა შენ მითხარი-მეთქი”. ეს რომ გაიგონა, თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი შემეპუა, წარბები შეიკრა და მიპასუხა: “მეც მაგ მიზნით მოვედი თქვენთანო, უხუცესმა გამომგზავნა და მითხრა: წადი და მამა ოლიმპის მრევლში გაერიე, რასაც საინტერესოს გაიგებ, მაშინვე შემატყობინეო”. გული დამწყდა, ეს რომ მოვისმინე. “შენ ჯაშუში ხარ-მეთქი” – ვუთხარი. “შენ ვინღა ხარო” – ამ კითხვამ კი აღმაშფოთა. “მე ჯაშუში კი არა, მსტოვარი ვარ-მეთქი და ვიცავ იმას, რაც მამა-პაპას ჩვენამდე მოუტანია-მეთქი!” – “მერე მოგწონსო ის, რაც იმათ ჩვენამდე მოუტანიათო, მოგწონსო დღევანდელი ჩვენი ცხოვრებაო” – მე ვუთხარი: “დღევანდელი ცხოვრება შეიძლება არც მომწონს-მეთქი” – “ჰოდა, ჩვენ ეს ცხოვრება გვინდა შევცვალოთო”. მე ვუთხარი: “თქვენ ამ ცხოვრებას უკეთესობისკენ ვერ შეცვლით და უარესობისკენ წაიყვანთ-მეთქი საქმეს. “ვნახოთო”, “კარგი-მეთქი, ვნახოთ, აი, ახლა კი ჩვენ-ჩვენი ამბავი გავარკვიოთ-მეთქი, მე იმას ვიცავ, რაც ნაცადია და რაც საუკუნეების მანძილზე იყო, შენ კი იცავ იმას, რაც ჯერ კიდევ დასადგენი და სანახავია. მე უკვე გითხარი, რომ ჯაშუში კი არა, მსტოვარი ვარ და შენ ვინა ხარ-მეთქი, შენ” – ის დუმდა: “აბა, შენც გამონახე-მეთქი შენთვის შესაფერისი სიტყვა, ჯაშუშის გარდა. აი, ხომ ხედავ სიტყვსაც ვერ პოულობ, მაშასადამე, ჯაშუში ხარ-მეთქი” – მივახალე მისი დუმილით გათამამებულმა. მან პასუხად მწარე სილა მტკიცა ლოყაში, ატირდა და გაიქცა. მე წამით შევყოვნდი. გული დამეწვა. დავედევნე, მხრებში ხელი წავავლე, ჩემსკენ სახით მოვაბრუნე და ვუთხარი: “ირმა, შენ ჯაშუში კი არა, მზვერავი ხარ-მეთქი – პატარა მზვერავი – პატარა და გაბედული”. მერე ჩემსკენ მივიზიდე და გულში ჩავიკარი.
ის დამყვა.
© “არილი”