პროზა

ზურა ჯიშკარიანი – არისტოტელეს 2 დუნდულო

არისტოტელე დასაქენსელებელია, თავისი მავნე ბინარული კოდით რომ დააინფიცირა მსოფლიო, დეკარტი – გილიოტინაზე გასაშვები – სულისა და სხეულის დუალიზმი რომ შემოგვტენა, უძველესი მონოთეისტური რელიგიები კი, რომლებსაც ათასობით წლების წინ ქმნიდნენ პატრიარქალური მამრები – დღეს, სინამდვილეში, რყვნიან ყოველდღიურ ურთიერთობებსა და თანამედროვე აპლიკაციებს, რეალურად საშიშს ხდიან ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობას და ეს არისტოტელეს, დეკარტისა და რელიგიების ბინარული კოდები – საერთოდ აცდენაშია იმ კვანტურ და საოცარ მულტივერსთან, რომელშიც დავიბადეთ.

01. არისტოტელეს ბანალური ბოროტება

უპირველეს ყოვლისა, გასაგებია, რომ ადამიანი, ფსიქოდელიურის გარდა, ლოგიკური ცხოველიცაა, მაგრამ არისტოტელეს დაყოფამ საგნებისა და მოვლენებისა ორ ოპოზიციურ, ბინარულ ნაწილად – ნაწილობრივ შეზღუდა ჩვენი პოტენციალურად უსასრულო გონების შესაძლებლობები.

არისტოტელე ამბობდა, რომ ყველა წინადადება უნდა ადასტურებდეს ან უარყოფდეს რაღაცას. ყოველი წინადადება უნდა იყოს ან დადასტურება, ან უარყოფა; ეს არ შეიძლება იყოს ორივე. ზოგადად, არისტოტელეს აზრით, ნებისმიერ წინააღმდეგობაში მხოლოდ ერთი წევრი არის ჭეშმარიტი და ერთი – მცდარი: ორივე არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და ორივე არ შეიძლება იყოს მცდარი.

ამ „ორობით” კაცს, ასევე, სურდა სამყაროს სირთულის შემცირება და სტრუქტურირება. ამისათვის მან ისესხა პითაგორას ცხრილი, რომელშიც შედარებულია ორი ელემენტი:

 სასრული, უსასრულო.

 კენტი, ლუწი.

 ერთი, ბევრი.

 მარჯვნივ, მარცხნივ.

 დასვენება, მოძრაობა.

 სწორი, მრუდე.

მაგრამ პითაგორას იდეების საპირისპიროდ, არისტოტელემ ეს დუალიზმი გამოიყენა ადამიანების, ცხოველებისა და საზოგადოების მიმართ. ამით მან სოციალურად შექმნა იერარქიული პატრიარქატი და გამყოფი პოლარულობა. ნივთები, რომლებიც მან დააწესა უფრო ღირებულად, გახდნენ 1-იანები დღევანდელ კომპიუტერებში (ამ თემას აუცილებლად შევეხებით), ხოლო ნაკლები მნიშვნელობის ნივთები გახდნენ 0-ები. 

მაგალითად, როდესაც საქმე ქალებს ეხებოდა, მან დაწერა: 

მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა ბუნებით არის ზემდგომი მმართველის და დაქვემდებარებულის შორის.”

  • 1 = ჭეშმარიტი = რაციონალური = მარჯვენა = მამაკაცი
  • 0 = მცდარი = ემოციური = მარცხენა = დედაკაცი

სამწუხაროდ, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ბოროტი ადამიანის იერარქიული კლასიფიკაციის სისტემა დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიებში და, სამწუხაროდ, სისტემა, რომელზეც ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაა აგებული, შეიცავს 2000-ზე მეტი წლის წინანდელი სექსიზმის არტეფაქტებს.

ეს იმას ჰგავს, მრავალფერად სამაყროზე რომ გითხრან, მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში უყურეო.

02. პირველი “ბრაკი” ხელოვნური ინტელექტი

მე ვმოწმობ, რომ ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტი, რომელიც ლათინური პროგრამული ენით წერდა, მსოფლიოს პირველი ხელოვნური ინტელექტია და შესაბამისად, როგორც პირველი – ასევე დაუმუშავებელი და ბაგებით სავსე.

პირველ რიგში, თავის „მედიტაციებში” დეკარტმა შემოიტანა საშინელი დუალიზმი: მისი აზრით, გონება (ცნობიერება) და სხეული სხვადასხვა, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სუბსტრატები არიან.

„თუკი სხეული და სული ორი სხვადასხვა სუბსტრატია, რომელთა ბუნება განსხვავებულია, ეს მოწმობს იმაზე, რომ რომელიმე მათგანს არ შეუძლია მოქმედება მოახდინოს მეორეზე” .

რამხელა სითავხედეა მარადიული კოსმოსის მოქალაქის დაყოფა ორ ნაწილად, თან სამყარო დეკარტისთვის მექანიცისტურია, საათის მექანიზმია, ცხოველები და ადამიანები მანქანები არიან და მხოლოდ ადამიანის სულია მთავარი.

ის აქ არ ჩერდება და აცხადებს „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”. ეს ფრაზა მოვიდა რაციონალიზმის დამფუძნებლის ფსიქოდელიური თრიფიდან, სადაც მან წარმოიდგინა, რომ არ არსებობს გარე სამყარო, არ არსებობენ მისი ხელები, არც ვარსკვლავები ცაში და არანაირი საგნები და ყველაფერი ეს ბოროტი დემონის გამოგონილია, მისი, დეკარტის მოსატყუებლად. “მაშ, რა არის უტყუარი?” – კითხულობს დეკარტი და „ხვდება” – თუკი მას ატყუებენ, ესე იგი, ის არსებობს და სანამ ის აზროვნებს – ის ასევე არსებობს და რომ არც არსებობდეს სამყარო მის გარშემო – ის მაინც იარსებებს.

აქ პრობლემა ლოგოსის, აზროვნების მანიაკურ განდიდებაშია, სამყარო მეორეხარისხოვანი ხდება აზროვნებასთან მიმართებაში. არსებობს უამრავი კრიტიკა ამ დებულებისა, განსაკუთრებით საინტერესოა ნიცშეს დაუნდობელი კონტრიერიში დეკარტზე, მაგრამ მე ყველაზე მეტად ბუდისტური მიდგომა მეხალისება. ბუდისტები პასუხობენ დეკარტს: ჯერ ერთი, თუ მთელი სამყაროს არსებობაში შეიტანე ეჭვი, მაშ, საკუთარ აზროვნებაშიც რატომ არ დაეჭვდი, იქნებ ისიც ილუზია იყო, ბოროტი დემონის შექმნილი? გარდა ამისა, ის, რომ მე ვაზროვნებ, გულისხმობს „მე”-ს აღქმას როგორც სტაბილური, უცვლელი, მექანიკური არსების, მაშინ როცა ბუდიზმში „მე” იმდენად დენადი, ცვალებადი და ღრუბლოვანია, რომ საერთოდ არ არსებობს, გარდა ამისა, აზროვნების პროცესი ბუდისტებისთვის ასევე დენადი მოვლენაა, აზრები მოდიან და მიდიან, ჩნდებიან და ქრებიან – აზრის კორპუსივით აშენება მხოლოდ რაციონალისტ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლო.

03, მონოთეისტური რელიგიები

იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, მანიქეიზმი, ზოროასტრიზმი და ა. შ. – კოსმოსის მასშტაბებამდე გაზრდილი ბინარული კოდებია. აქაც ყველაფერი ორობითია: „კეთილი” და „ბოროტი”, „ღმერთი” და „სატანა”, „სამოთხე” და „ჯოჯოხეთი”, „სიკეთე” და „ბოროტება”, „ქალი” და „კაცი”  და ა.შ. და ა.შ.

მილიონობით ადამიანი ამ კატეგორიებით აზროვნებს, მათთვის ამხელა მულტივერსი ორობით კოდზეა დასული და ეს სხვა არაფერია, თუ არა გონებადახშულობა და ტრაგედია. თან ამ ბინარულ კოდებს შორის არ არსებობს საშუალო, გარდამავალი ან მათ გარე მდგომარეობები, მხოლოდ ის პროგრამა, რაც ათასობით წლების წინ ჩვენთვის უცნობმა მამრებმა გათრიფეს და ჩვენ დღემდე, ათასობით წლების მერე – ამის გვჯერა და ასე ვცხოვრობთ.

04. ხელოვნური ინტელექტის ჯოჯოხეთი

იცოდით, რომ ჩვენი აპლიკაციები, სმარტფონები, აეროპორტის სისტემები, სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემები, სოციალური ქსელები და, რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტი, რომელზეც მუშაობენ – მთლიანად ბინარულ კოდზეა დაფუძნებული? ლიმიტირებულ, პატრიარქალურ და დუალისტურ ფილოსოფიაზე.

რატომ უნდა გვაღელვებდეს ეს?

პროგრამისტები ჩვენი ყოველდღიური სამყაროს შესაქმნელად იყენებენ ნულებსა და ერთებს, ანუ „კი”-სა და „არა”-ს დუალიზმს, რაც ზღუდავს პროდუქტის ფსიქოდელიურ არეალს და კვლავდაკვლავ, ოღონდ უკვე აპლიკაციების ფორმით, აწარმოებს ყოველდღიურობაში არსებულ ძალოვან სტრუქტურებსა და მოძველებულ სოციალურ ნორმებს. ჩვენ ყველას გვგონია, რომ სუპერთანამედროვე ტექნოლოგიას ვიყენებთ, მაშინ, როცა ორი ნაბიჯითაც კი არ წავსულვართ წინ მანიქეიზმისა და არისტოტელეს ბოდვისაგან.

და მე წარმოდგენაც არ მინდა, თუ როგორი იქნება სუპერინტელექტუალური ხელოვნური ინელექტი, რომლის ფილოსოფიური საფუძველი დუალისტური პატრიარქატი იქნება. სწორედ ასეთი ეიეი თუ მოგვკლავს და დაგვხოცავს, სხვა კი არა.

05. “შამანები მანქანებს შორის” და კვანური კომპიუტინგი

პირველ რიგში, აქვე, არისტოტელესთან ერთად ვიტყოდი, რომ დასაქენსელებელნი არიან თანამედროვე პროგრამისტები. მოსაწყენი, უინტერესო, გონების შემავიწროებელი კოდინგის გარდა რომ არაფერი აინტერესებთ.

უკვე ლივლივებს იდეა მსოფლიოში, რომ კიბერნეტიკა შეიძლება იყოს “ფსიქოდელიური” (რაც ნიშნავს “ცნობიერების გაფართოებას”). 

მე მყარად მჯერა, რომ პროგრამისტებმა უნდა იკითხონ ლექსები, ლიტერატურა და ფილოსოფია, იმისთვის რომ თავიანთი თვალსაწიერი გაიფართოონ და არ დარჩნენ ოფისის პლანქტონად. უნდა მოხდეს დაპროგრამებული პროგრამისტის შეხვედრა გარკვეულ მაგიასთან ცხოვრებაში. მაგიის გარეშე – ცხოვრება სტერილური ენჯეოა. არ იქნებოდა ურიგო ფსიქოდელიური გამოცდილებაც მიეღოთ ჯადოსნური სოკოებისა თუ ელესდეს სახით, რათა სამყაროს ფუნდამენტური კოდი ენახათ და არა ის ბინარული ჯოჯოხეთი, რომელშიც იმყოფებიან.

ასეთ ხალხს, ხალხს, ვისაც ტექნოლოგიების მაგია აინტერესებს და არა მხოლოდ ღილაკის ფუნქციურობა, ტერენს მაკენა ეძახდა „შამანებს მანქანებს შორის”. მათ მოაქვთ ისტორიის ტერორამდელი შამანური არქეტიპის ცოდნა თანამედროვე სამყაროში და ჯადოქრებივით არიან მანქანებს შორის.

ამას ყველაფერს კი კვანტური კომპიუტერი შეცვლის. თუკი ჩვეულებრივ კომპიუტერში ბიტი არის ნული ან ერთი, კვანტურში მას ქუბიტი ჰქვია და მას შეუძლია ერთდროულად, მაგალითად, 8 (!) მდგომარეობაში ყოფნა, ანუ არა ბინარული „ცა” და „დედამიწა”, არამედ ბევრი რამ მათ შორის, მათ გარეთ და თან ეს ყველაფერი ერთდროულად(!). 

ასეთი ფსიქოდელიური პროგრამირება საფუძველი იქნებოდა იმისა, რომ შეგვექმნა ლეგენდარული აპლიკაციები, სპირიტული კიბორგები კოსმოსის შესასწავლად, ხელოვნური ინტელექტი, აციფრებული ცნობიერებები და  უფრო მეტად მოვრგებოდით ჩვენი მულტივერსის მრავალფეროვან კვანტურ რეალობას.

იმისთვის, რომ შევიმეცნოთ ფსიქოდელიური პროგრამირების არსი – პროგრამისტები უნდა გასცდნენ ოფისის პლანქტონს და ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა, მაგალითად, მედიტაცია, თრიფები, ინიციაციის რიტუალები და ა. შ.

საერთოდ არ ვხუმრობ – მე ასე ვხედავ შამანს მანქანებს შორის, სხვა მხრივ, ჩვენ ათასობით წლის წინ დაპროგრამებული კოდების განმეორება გვიწევს დღითიდღე ჩვენი გაჯეტებით და ჩვენი ცნობიერებებიც ამგვარად ვიწროვდება. ასეთი პროგრამისტები ჩვენი ჰიპერრეალობის ნამდვილი დიზაინერები იქნებოდნენ.

პროგრამირების ფსიქოდელიური გაგების მიღებით, ჩვენ შევძლებთ, გავცდეთ ბინარული კოდის ლიმიტაციებს და შევქმნათ უფრო შემოქმედებითი, უფრო მძლავრი და ტრანსგრესიული, გარდამტეხი ტექნოლოგიები, რომლებიც, თავის მხრივ, რევოლუციურად შეცვლიან ჩვენს ყოველდღიურობასა და ურთიერთობას ერთმანეთთან.

პროგრამისტი, რომელიც ამას არ ეთანხმება – (გაუცნობიერებლად) წარსულის გადმონაშთია, ოფისის სტერილური პლანქტონი, პატრიარქალური სტრუქტურების რეპლიკატორი, კონფორმისტი და არისტოტელეს ფილოსოფიური ტრაკი.

© არილი

Facebook Comments Box