მეათე სართულის მხატვრების გამოფენა მიწისქვეშა გადასასვლელში ( რესპუბლიკის მოედანის ქვეშ) , 1988 წელი. ფოტო: გურამ წიბახაშვილის
„პერესტროიკის ადამიანი-მოცეკვავე ადამიანი“ – ასე ერქვა ქართველი ავანგარდისტი მხატვრების 1989 წელს დაბეჭდილ ერთ-ერთი გამოფენის კატალოგს მოსკოვში.
თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო…
საკითხი: ჯერ იცეკვა ადამიანმა და ამან მოიტანა პოლიტიკური გარდაქმნის აუცილებლობა, თუ ჯერ დადგა „პერესტროიკის“ წლები და ამასობაში ადამიანიც აცეკვდა – ქათმისა და კვერცხის თეორიის ვერსიას წააგავს. მაგრამ, მოდი, მივყვეთ ქრონოლოგიას. როგორც თავად მხატვრები იხსენებენ, აქტიური პროტესტი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ქართულ სახელოვნებო წრეებში ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ცენზურა მკაცრად აკონტროლებდა ყველაფერს, ხოლო ამის პარალელურად იატაკქვეშა ჯგუფებში განსხვავებული აზრი კონტრკულტურად ინათლებოდა. ფარული შეხვედრების ინიციატორები თბილისში, თავდაპირველად ვიწრო წრეში ხვდებოდნენ ერთმანეთს. საცხოვრებელ სივრცეში შეკრებილი მეგობრები დისკუსიებს მართავდნენ. საბჭოთა სისტემის პროტესტის პარალელურად აკრძალულ თემებს განიხილავდნენ. განსაკუთრებულ ინტერესს კი ევროპული ხელოვნებისადმი იჩენდნენ. ეს იყო თემა, რომლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ჩაკეტილი საზღვრების გამო არცთუ ისე იოლი საქმე იყო. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1988 წლის 29 ნოემბერს შეწყვიტა უცხოეთის რადიოსადგურების დაბლოკვა, დასავლეთის სიახლეები საბჭოთა გისოსებში ისევ მაღალჩინოსანთა დახმარებით შემოდიოდა და სანაცნობო წრეებში ვრცელდებოდა. დროთა განმავლობაში შეხვედრების მასშტაბები გაიზარდა, საუბრები ევროპულ ხელოვნებაზე მალე პრაქტიკულ საქმიანობაში გადაიზარდა და ახალი იდეების, ნამუშევრებისა თუ შეხედულებების დემონსტრირებას არაფორმალური გამოფენების სახე მიეცა. კერძო სივრცეში მსგავსი ტიპის დახურული ჯგუფები, 70-იანი წლების დასაწყისში თბილისში, მოსკოვში, პოლონეთში, ლიტვაში, ესტონეთში თუ სხვა საკავშირო რესპუბლიკებში ერთმანეთის მიყოლებით აქტიურად გამოჩნდნენ.
გია ეძგვერაძის სოლო გამოფენა მხატვრის სახლში, 1985 წელი. ფოტო: ქეთი კაპანაძის
ვილნიუსში, ერთ-ერთი პირველი ე.წ. საბინაო გალერეა ჯერ კიდევ 1967 წელს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლის – ჯუდიტა სერინესა და ხელოვანის – ვიტაუტას სერის საცხოვრებელ სახლში გაიხსნა. ჯუდიტა ხელოვნების საგამოფენო დარბაზში მუშაობდა. სამი წლის განმავლობაში გალერეაში ანტისაბჭოური კონცეფციის გამო დაწუნებულ მხატვრებს საკუთარი სახლის სახით ალტერნატიულ საგამოფენო სივრცეს, ასევე საერთაშორისო დონის კოლექციონერებსა და დილერებთან შუამდგომლობას სთავაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გამოფენა, პოეზიის საღამო თუ თეატრალური წარმოდგენა დახურულ ღონისძიებას წარმოადგენდა, გალერეას დმთვალიერებელი არ აკლდა. თუკი ვილნიუსში ნონკონფორმისტი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა, ესტონეთში ფარულ შეხვედრებსა და გამოფენებს კაფე-ბარებში მართავდნენ. სხვა სივრცეებთან ერთად ცნობილი იყო ორი ძირითადი ადგილი: ტარტუს უნივერსიტეტის კაფე და კაფე „პეგასუსი“ ტალინში. ეს უკანასკნელი მწერალთა კავშირის შენობაში იყო განთავსებული. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მწერალთა კავშირი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და ავანგარდული ხელოვნების მოყვარულთ არაფორმალურ გამოფენებზე ეპატიჟებოდა. სხვა საინტერესო ღონისძიებებთან ერთად, ამ საგამოფენო სივრცეში ესტონეთში ორი ყველაზე ლეგენდარული გამოფენა გახსნა. ეს იყო 1969 წლის ექსპოზიცია „სოუპ 69“, სადაც ექვსი თანამედროვე პოპ-არტის წარმომადგენელი ხელოვანი გამოიფინა და მეორე, 1970 წლის 17-23 აგვისტოს, მესამე საერთაშორისო ფინურ-უნგრული დღეების ფარგლებში გამართული გამოფენა, სახელწოდებით „ესტონეთი, ავანგარდული ხელოვნება“. ორივე შემთხვევაში ღონისძიებაზე მოხვედრა მხოლოდ სპეციალური მოსაწვევი ბარათით იყო შესაძლებელი, რომელიც ფარულად გადადიოდა ხელიდან ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოფენები დახურულად ტარდებოდა, 1970 წელს ხელოვანთა უმრავლესობამ ცენზურის გამკაცრების გამო გამოფენაში მონაწილეობაზე მაინც უარი განაცხადა.
ქართველი ავანგარდისტების ერთობლივი გამოფენა ქარვასლაში, 1888 წელი. ფოტო: გურამ წიბახაშვილის
ამ პერიოდში სახიფათო იყო თავისუფალი აზრის ღიად დაფიქსირება ჩეხოსლოვაკიაშიც, სადაც 1970 წლის 19 ნოემბერს არაფორმალური სივრცის პირველი საზეიმო გახსნა ფარულად მოეწყო ბრატისლავაში. ეს იყო პატარა, მყუდრო ეზოში, ტაჰელნას ქუჩა #32 ში მდებარე მხატვრის კერძო სტუდიო. გახსნას არატრადიციული გამოფენის „პირველი ღია სტუდიო“-ს პრეზენტაციაც დაუკავშირეს. ძირითადად წარმოდგენილი იყო რუდოლფ სიკორას ინიციატივით შეკრებილი 19 ნონკონფორმისტი ახალგაზრდა ხელოვანი. ექსპონირებულ ნამუშევრებში ძირითადად ჭარბობდა ტრადიციული ხელოვნების გვერდის ავლითა და სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგად შექმნილი კომპოზიციები და არტ-ობიექტები. მოწვეულ სტუმრებს შორის ვერც აქ ნახავდით შემთხვევით გამვლელს. უსაფრთხოების მიზნით ღონისძიება დახურული იყო, მოსაწვევ ბარათზე კი ღონისძიების გახსნის თარიღი საგანგებოდ არასწორად იყო მითითებული, რათა საბჭოთა სათვალთვალო სისტემა შეცდომაში შეეყვანათ.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ემალებოდა გიორგი გალანტაიც უნგრეთში. მის სახელს ე.წ. „სამლოცველო სტუდიის“ გახსნას უკავშირებენ. სახელოსნოს სახელწოდება ადგილიდან გამომდინარე დაერქვა, რადგან ახალგაზრდები მართლაც ძველ სამლოცველო შენობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. სივრცე ქალაქგარეთ მდებარეობდა, რაც სახელოვნებო ცენტრს რეზიდენციის ფუნქციასაც ანიჭებდა, მას ხშირად ალტერნატიული ინსტიტუტის სახელითაც კი მოიხსენიებდნენ. ცენტრში ფუნქციონირებდა როგორც სახელოსნოს განყოფილება, ასევე სასწავლო-სადისკუსიო სივრცე, სადაც თითოეულ მონაწილეს შეეძლო თავისუფლად დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი. სამი წლის განმავლობაში ძველ სამლოცველოში 35-მდე გამოფენა, პერფორმანსი, ჰეფენინგი, საღამო, კონცერტი, თეატრალური წარმოდგენები და ექსპერიმენტული კინოჩვენებები მოეწყო. ნაყოფიერი მუშაობის ნიადაგზე მიღებული შედეგით შეშინებულმა ხელისუფლებამ, ყოველგვარი შეღავათის გარეშე, „სამლოცველო სტუდიის“ დახურვა ბრძანა.
ამ მხრივ განსხვავებული სიტუაცია იყო მოსკოვში, 1976 წლამდე საბინაო გამოფენები ადგილს ხშირად იცვლიდა, მაგრამ 1974 წლის 15 სექტემბერს, როდესაც საბჭოთა სისტემის მიერ ღია ცისქვეშ ე.წ. ბულდოზერის გამოფენა დაარბიეს და იქ დამსწრე საერთაშორისო პრესამ საბჭოთა სისტემა დასავლეთში აქტიურად გააკრიტიკა, საბჭოთა ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლა მოუწია. 1976 წლის 7 ნოემბერს ავანგარდისტ მხატვრებს მალაია გრუზინსკაიას 28 ნომერში საგამოფენო სივრცე გადაეცათ. ერთი მხრივ, ეს გადაწყვეტილება 1975 წლის 1 აგვისტოს 35 ქვეყანას შორის დადებულ ჰელსინკის ხელშეკრულებას უკავშირდებოდა. რადგან ჰელსინკის აქტის ერთ-ერთი პუნქტის მეშვიდე ქვეთავი ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა, საბჭოთა კავშირი იძულებული შეიქნა, დათმობაზე წასულიყო. მეორე მხრივ, არაფორმალური ხელოვნებისათვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე თავად სისტემას აძლევდა მათი უკეთ კონტროლის საშუალებას. სწორედ ამ ორი მიზეზის გამო დანარჩენი 14 რესპუბლიკისგან განსხვავებით, მოსკოვში ავანგარდისტული გამოფენები 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან ნახევრად ლეგალური ფორმით ტარდებოდა. თუმცა შეზღუდვები მაინც არსებობდა: საზოგადოებაში იკრძალებოდა ავანგარდული ხელოვნების პროპაგანდა, ხოლო გამოფენები დახურული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად მსგავსი შეზღუდვებისა, დამთვალიერებელი მაინც ბევრი იყო, გამოფენაზე მოსახვედრად ხალხს საათობით უწევდა რიგში დგომა და ლოდინი. ასეთი შეღავათები არასოდეს არ ჰქონიათ რიგაში მცხოვრებ ნონკონფორმისტებს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია 1977 წელს ელისაბეტის ქუჩა 21- ში ახალგაზრდა ანდრეს გრინგბერისათვის, შეექმნა განსხვავებული სივრცე. მისი სურვილი იყო სახლში დაგეგმილი შეკრებები და აქტივობები აკადემიური და საბჭოური კონცეფციისგან სრულიად განსხვავებული ყოფილიყო. მეტიც, იქ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილი დედიშობილა ატარებდა სხვადასხვა ჰეფენინგს, პოეზიის საღამოებს, წარმოდგენებს, რომლებიც ეძღვნებოდა ძველი სახლისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას, ახალი დროის მოსვლას. სიშიშვლე აქ თავისუფლებასა და უმანკოებასთან ასოცირდებოდა.
ანტისაბჭოურ თემებზე სასაუბროდ აქტიურად იკრიბებოდნენ თბილისშიც, 70-იანი წლების დასაწყისში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დაჯგუფება გამოჩნდა. ეს იყო, ერთი მხრივ, სპონტანური გაერთიანება ორი ახალგაზრდა აბსტრაქციონისტი მხატვრის – გია ეძგვერაძისა და ილიკო ზაუტაშვილისა, რომელთა სახელიც საჯარო და ეპატაჟური სახელოვნებო აქციების აქტივს უკავშირდება და, მეორე მხრივ, ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილის ხელმძღვანელობით შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაშიც როგორც მხატვრები, ასევე ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორებიც შედიოდნენ. ქართველი ნონკონფორმისტების პირველად საჯაროდ გამოჩენა ცენზურასთან თამაშით დაიწყო. 1974 წლის 8 მაისს ყოფილი ათარბეგოვის 10 ნომერში გია ეძგვერაძისა და ილიკო ზაუტაშვილის ორგანიზებული „ახალგაზრდა მხატვრების საგაზაფხულო გამოფენა“ ცენზურასთან თამაშის პირველი ეტაპი იყო. ღონისძიების მონაწილეები და კურატორები სამხატვრო აკადემიის მოქმედი და მომავალი სტუდენტები იყვნენ. გამოფენა ღია იყო ყველა დამთვალიერებლისათვის, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არცთუ ისე ბევრი ფლობდა. გამოფენის ორგანიზებაში ჯერ კიდევ გამოუცდელი ილიკო ზაუტაშვილი და გია ეძგვერაძე სპონტანურად მოქმედებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, მათ ინიციატივას სამხატვრო აკადემიის პროფესორები მხარს არ დაუჭერდნენ, ხელით მოხატული ერთადერთი აფიშა აკადემიის დერეფანში მაინც ჯიუტად გამოაკრეს. რა თქმა უნდა, დაუკითხავად გაკრული განცხადება კათედრის დავალებით სტენდიდან სასწრაფოდ ჩამოხსნეს და გაანადგურეს. გამოფენის კატალოგი კი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, როცა ჟურნალისტმა საგაზეთო სტატიისათვის ინფორმაცია მოითხოვა. გია ეძგვერაძემ, თინა გომელაურმა და ილიკო ზაუტაშილმა კატალოგი სახელდახელოდ შეადგინეს და დაბეჭდეს. კატალოგი მანიფესტის ტიპის ტექსტით იწყებოდა, რომლის ავტორი გამოფენის ერთ-ერთი თანამონაწილე, სამხატვრო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი, ხელოვნებათმცოდნე მარიამ დიდებულიძე იყო. საკმაოდ გაბედული ტექსტი გაჯერებულია საპროტესტო განწყობით. სტუდენტი პირდაპირ ამბობს სათქმელს: „გამოფენის მონაწილეებმა თავმდაბლად უარყვეს ხმამაღალი რეკლამა და მქუხარე ოვაციები. სახელმოხვეჭილი აკადემიკოსები, ალბათ, არ დაესწრებიან გამოფენის გახსნას და არ დაულოცავენ მათ გზას. პრესა არ აჭრელდება აღფრთოვანებული რეცენზიებით და ეს დღე არ ჩაიწერება ოქროს ასოებით ქართული ხელოვნების მატიანეში“ 1 . როგორც კატალოგიდან ვიგებთ, გამოფენას კონკრეტული პროგრამა, რომელიც მონაწილეთა კრედოდ ჩაითვლებოდა, არ გააჩნდა. თუმცა, მთავარი, რაც მათ აერთიანებდათ, ორგანიზატორების მიერ მინიჭებული თავისუფლება იყო. თითოეული მონაწილე თვითონ ირჩევდა, თუ რომელ ნამუშევარს გამოფენდა და ექსპოზიციის გადანაწილებაშიც ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. გამოფენილი ნახატების უმეტესობა შექმნილი იყო არა პედაგოგის ზედამხედველობით, არამედ დამოუკიდებლად, როგორც „კლასგარეშე ნამუშევრები“. ვინაიდან ექსპოზიცია გამოფენისათვის უჩვეულო გარემოში, საცხოვრებელ სახლში გაიმართა, 53 ნამუშევარი ორ ოთახში არასტანდარტულად გადანაწილდა. კედლები გადატვირთული იყო ფერწერული ტილოებით, გრაფიკული სერიებითა და დეკორატიული კოლაჟებით, ხოლო ოთახის ნაპირებში ქაოსურად იდგა ქანდაკებები. საცხოვრებელ სახლში დაგეგმილი ღონისძიება სამთავრობო სტრუქტურაში სერიოზულად არ აღიქვეს. როგორც კატალოგის ჩამონათვალში ვკითხულობთ, ექსპოზიციაში 22 ხელოვანი მონაწილეობდა. სტუდენტების მიერ დაწყებული თამაშის პირველი წესის დაცვით, წარმოდგენილი ნამუშევრები ძირითადად აკადემიური სტილით იყო შესრულებული, რაც, ერთი შეხედვით, საბჭოთა ცენზურის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. ის ექსპერიმენტები, რომლებზეც ახალგაზრდა ხელოვანები თითქმის ყოველდღე ცენზურისაგან მალულად მუშაობდნენ, ისევ კადრს მიღმა დატოვეს. გამოფენის მასპინძელი მხატვარი გია ეძგვერაძე 1974 წელს ჯერ სამხატვრო აკადემიის სტუდენტიც არ იყო, როდესაც მის საქაღალდეში 1971-72 წლებით დათარიღებული აკვარელში შესრულებული ექსპერიმენტული კომპოზიციები ინახებოდა. ეს ნახევრად ავტომატურად შესრულებული ნამუშევრები ძალიან შორს იდგა იმ ნატურმორტების, პეიზაჟებისა თუ პორტრეტებისაგან, რომლებიც გამოტანილი იყო ათარბეგოვზე გამართულ გამოფენაზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ მონაწილეებისათვის მნიშვნელოვანი იყო არა ექსპოზიციაზე წარდგენილი ნამუშევრები, არამედ გამოფენაზე დამოუკიდებლად მუშაობის პროცესი. აქციების დასაწყისისთვის აქცენტი აკადემიურ მხატვრობაზე სწორი მიმართულება აღმოჩნდა, ამ მიზეზით გამოფენა დახურვას გადაურჩა, მაგრამ ღონისძიება გახსნისთანავე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტროლზე აიყვანეს, რადგან სწორედ მსგავსი გადაწყვეტილება, ახალგაზრდებს სახელოვნებო პროექტზე დამოუკიდებლად ემუშავათ, თვალყურის დევნას მოითხოვდა.
შთაბეჭდილებების წიგნის მიხედვით ვიგებთ, რომ გამოფენას ერთი კვირის განმავლობაში არა მხოლოდ სტუდენტები და თანატოლები, არამედ იმ პერიოდისათვის ცნობილი ადამიანებიც სტუმრობდნენ. როგორც მონაწილეები იხსენებენ, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ მათ მომავალი ღონისძიებისათვის ალტერნატიული სივრცეც კი შესთავაზა და შთაბეჭდილებების წიგნში აღფრთოვანება წერილობით დააფიქსირა. მხატვარმა ზურაბ ნიჟარაძემ კი სურვილი გამოთქვა, ექპოზიციაზე გამოფენილი ნამუშევრების დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა. შთაბეჭდილებების წიგნიდან კიდევ რამდენიმე ამონარიდი გაზეთ თბილისში გამოქვეყნებულ სტატიაში, „დასაწყისი“, დაიბეჭდა. ინფორმაციული თვალსაზრისით, აღნიშნული სტატია მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალაა. ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის საშუალებით გამოფენის ვიზუალური რეკონსტრუქციაც კი შეგვიძლია. საბოლოო ჯამში, გამოფენის გახსნამ წარმატებით ჩაიარა. დაიგეგმა მომდევნო ღონისძიებებიც. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე თამაშის წესებს აღარ ექვემდებარებოდა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ საშიშ ქმედებად შეირაცხა, ამიტომ მეორე არაფორმალური გამოფენა 1975 წელს გახსნიდან რამდენიმე დღეში კომკავშირელმა აქტივისტებმა დაარბიეს, ხოლო მესამე მცდელობა სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტის, მხატვართა კავშირისა და კულტურის სამინისტროს ჩარევით აღარ განხორციელდა. ყველა მონაწილის მიერ ხელით შექმნილი ავტორიზებული აფიშები დააპატიმრეს. მიუხედავად სიტუაციისა, ახალგაზრდებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ამავე წელს დაიწყეს მზადება მასშტაბური ალტერნატიული გამოფენის თემაზე. გამოფენის ორგანიზებაში ქართველ ავანგარდისტ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსული ხელოვანებიც იღებდნენ: ოსკარ რიბინი, ევგენი (ჟენია) რუხინი, იური ჟარკიხი. თბილისში ჩამოსვლისთანავე, სიტუაცია კონტროლს რომ დაქვემდებარებოდა, სახელმწიფო უშიშროების სპეციალური წარმომადგენლები მათ ყველგან თან დაჰყვებოდნენ. მსგავსი კონტროლისა და შევიწროების გამო ჩაფიქრებული გამოფენა ვერ შედგა. ამ მოვლენების შემდგომ თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ხელოვანებისადმი ყურადღება გაამკაცრეს და მათ თითოეულ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას თვალ-ყურს ადევნებდნენ. ცენზურასთან თამაში აღარ ღირდა, საჭირო გახდა მორიგი ღონისძიებების ისევ ფარულად, დახურულ წრეში გამართვა, რაც ასევე დიდი რისკის შემცველი იყო. ამიტომ გია ეძგვერაძის და ილიკო ზაუტაშვილის კონცეპტუალიზმისა და მინიმალიზმის ესთეტიკისა და თეორიის საფუძველზე შემუშავებული ერთ-ერთი პირველი მანიფესტი „ინტიმური კონცეპტი“ და „ინტიმური აქცია“ მეგობრების წრეში, საბინაო გამოფენაზე შედგა. ხელისუფლება გრძნობდა საშიშროებას და სიტუაციას მუდმივად აკონტროლებდა. მათ ყველაზე მეტად აწუხებდათ არა მხატვრული ექსპერიმენტები, არამედ განსხვავებული იდეოლოგიის არსებობა, რომელსაც სოცრეალიზმის ესთეტიკის დისკრედიტაცია შეეძლო. ზემოთ ხსენებული მანიფესტი შეიქმნა ლირიკული კონცეპტუალიზმის თეორიაზე დაყრდნობით, ეს იყო ძიების პროცესი და, შესაბამისად, მთავარი იყო არა შედეგი, არამედ თავად ეს პროცესი: „..ჩვენი აქტიურობა მიმართულია მანკიერი საზოგადოებისა და იდეოლოგიის მიერ თავსმოხვეული პირობითობების დისკრედიტაციისკენ. ხელოვნება, რომელიც აღმოცენდა გახსნილობის, თანაგრძნობის და თავისუფალი ქმედების შედეგად, მოვლენათა და საგანთა ტოლფასია. ხელოვნება აღარ არის ესთეტიკური, მორალური, დამრიგებლური, მოკრძალებული. დღეს იგი მოითხოვს ინტენსიურ გარემოს, აქტიურ პოზიციას“ 2 . ზემოთ ხსენებული მანიფესტის დახურული პრეზენტაციის შემდეგ მათი ხმაურიანი საჯარო გამოჩენა უკვე 80-იანი წლების დასაწყისისათვის გადაიდო.
ფარული შეხვედრების მეორე ადგილს დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე გიორგი მარჯანიშვილის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა, სადაც დიმიტრი თუმანიშვილის ორგანიზებით ხშირად იკრიბებოდნენ ახალგაზრდა ხელოვანები. აქ ისინი განიხილავდნენ როგორც ევროპულ ხელოვნებას, ასევე ქართულ საეკლესიო მხატვრობას და არქიტექტურას, რაც ასევე აკრძალული თემა იყო ამ პერიოდისათვის. წინა ჯგუფისაგან განსხვავებით, მეგობრების ამ წრეში, სახელმწიფო კონტროლის თავიდან არიდების მიზნით, მხოლოდ დახურული, არაფორმალური გამოფენები იმართებოდა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც 1977 წლით თარიღდება, ახალგაზრდა მხატვრის, ლევან ჭოღოშვილის პირველი სოლო გამოფენის პრეზენტაცია შედგა. რთულია ამ პერიოდში მსგავსი გამოფენის საჯარო ფორმით წარმოდგენა, რადგან ექსპოზიციაზე მისი ახალი ნამუშევრები ბოლშევიკების მიერ განადგურებული ქართველი არისტოკრატების პორტრეტების სერიას წარმოადგენდა. იმ პერიოდისათვის ძველი ფოტოებიდან რეპრესირებული პერსონაჟების ტილოზე გადმოტანა საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო და ამ გამოფენის გახმაურებაც თავისთავად ცუდ შედეგებს მოიტანდა. ლევან ჭოღოშვილი ამ თემაზე მუშაობას შემდგომ წლებშიც განაგრძობს. მუშაობის პირველ ეტაპზე მხატვარი ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, ოდნავ ტონირებულ ფონზე მამაკაცის პორტრეტულ-კარიკატურულ ჩანახატებს გვთავაზობს. პორტრეტების დასახატად ხშირ შემთხვევაში ტუშს იყენებს, შავი კონტურები მათ სხეულებსა და ტანისამოსსაც დაუყვება. ერთი შეხედვით, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ნამუშევარი დაუსრულებელია. მხატვარი ფიქრის პროცესშია, თითოეული შტრიხი და ხაზი დიდი ფიქრის შედეგად ჩნდება სიბრტყეზე, იგი ცდილობს, იპოვოს გამოსახვის ის მანერა, რომელიც შავ-თეთრი ძველი ფოტოებიდან გაცოცხლებული წინაპრების პორტრეტებს ინდივიდუალურობას არ დაუკარგავს. 1980-იანი წლების დასაწყისში არსებული სურათი იცვლება, ლევან ჭოღოშვილის კომპოზიციები უფრო მეტად აბსტრაჰირებული და ფერადოვანი ხდება, თუმცა არ იცვლება თემა. ლევან ჭოღოშვილი თავის მრავალფიგურიან პორტეტებში ძველი ფოტოსურათების მისეულ ინტერპერტაციას გვთავაზობს. გამოფენაზე ნამუშევრები დიდი სიფრთხილით, ფარულად მოიტანეს. გამოფენა ვიწრო წრეში, მეგობრების გარემოცვაში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას მხოლოდ სამეგობრო წრე ესწრებოდა, სიტუაცია მაინც საფრთხის შემცველი იყო. საბოლოო ჯამში გამოფენა შედგა და ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
80-იანი წლების დასაწყისში ქართულ ავანგარდულ მხატვრობაში აქტიურობის მეორე ტალღა იწყება. 1984 წელს თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა კარლო კაჭარავამ, კვლევითი საქმიანობის პარალელურად სამხატვრო აკადემიაში მეგობარ მხატვრებთან, მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად მხატვართა გაერთიანება „არქივარიუსები“ ჩამოაყალიბა. მეგობრები ხან გია ლორიას, ხან კი კარლო კაჭარავას სახლში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჯგუფის სახელწოდება ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ერთ-ერთი მოთხრობის – „ოქროს ქოთანი“- პერსონაჟის სახელიდან აიღეს. არქივარიუსი, ანუ სულიერი ფასეულობის მცველი, ოთხი მეგობარი მხატვრის ინსპირაციის წყაროდ იქცა. თეოსოფიური მოძღვრების გავლენით, მათ მხატვრობაში წინა ფლანგზე სულიერების თემა წამოსწიეს. მათი ნამუშევრები გერმანული ექსპრესიონიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის გავლენით ხასიათდებოდა. ქვეყანაში არსებული რეჟიმის გამო ახალგაზრდა მხატვრებმა პირველი გამოფენა ერთ-ერთი მონაწილის, გია ლორიას სახლში გამართეს. არაფორმალური ღონისძიება 1984 წელს სამეგობრო წრეში გაიმართა. კარლო კაჭარავამ ჯგუფისთვის მანიფესტიც შექმნა. მანიფესტის ამონარიდში ვკითხულობთ: “მხატვრობა უნდა ჰგავდეს უცხო მისტიკურ თამაშს. როცა შენს განკარგულებაშია ლამაზი ხატები, რომლებითაც შენთვის სხვებთან ერთად ახალ (ან უკეთ დავიწყებული სამყაროს შესახებ) წარმოდგენას იქმნი. ფერი და ფორმაც ისევე, როგორც ყველა სხვა საშუალება ამ ხატებში, მშვენიერების გაცხადებისთვის უნდა იყოს მოწოდებული, მხოლოდ ამ ხატების გადმოცემის სურვილი ჰქმნის ახალ სიცოცხლეს. და როცა ჩვენ კირხნერის სურვილის დარად იმ მიზეზებზე ფიქრს დავიწყებთ, მხატვრობას რომ გვაიძულებენ, ჩვენ გავუღიმებთ ჩვენს მცდელობათა უხილავ განმსჯელს ჩვენი კეთილგონიერი სითამამით შემკრთალნი.”3 მიუხედავად იმისა, რომ ლორიას სახლში ისევ მხატვართა ვიწრო წრემ მოიყარა თავი, 70-იანი წლებისგან განსხვავებით, გამოფენა ოფიციალურად დახურული არ ყოფილა. მასზე მოხვედრა ნებისმიერ უცნობ ადამიანსაც შეეძლო. რა თქმა უნდა, მთელი საღამო დაძაბულობა არ განელებულა, რადგან ყველა აცნობიერებდა, რომ ექსპოზიციაზე გატანილი ნამუშევრები იდეურად სისტემას ეწინააღმდეგებოდა. გია ლორიას ერთ-ერთ კომპოზიციას, სადაც შავ ფონზე თეთრი, მკვეთრი ხაზი „სულიერების გზას“ გამოხატავდა, მიტო თუმანიშვილი ძალიან გაუკვირვებია, რადგან ასეთი საშიში ნამუშევრების ექსპონირება სახუმარო საქმე არ გახლდათ. ასეთივე პირდაპირი გზავნილი იყო კარლო კაჭარავას ნამუშევრებიც, სადაც მხატვარი სასურათე სიბრტყეზე წარწერების სახით ღიად აფიქსირებადა თავის მოსაზრებებს. „არქივარიუსების“ ჯგუფმა 1994 წლამდე რამდენიმე არაფორმალური და ოფიციალური გამოფენის გამართვა მოახერხა. 1985 წლიდან მათ მამუკა ჯაფარიძე შეუერთდათ. არაფორმალური შეხვედრების ციკლი თავად მამუკა ჯაფარიძის სახელოსნოშიც არაერთხელ მოეწყო. როგორც მხატვარი იხსენებს, „რამზეს მზერა“-ს სახელწოდებით ცნობილ სტუდიაში გამართული გამოფენები უფრო მეგობრული შეხვედრების ხასიათს ატარებდა. ყველაფერი იყო მარტივად – როდესაც ნამუშევრები გარკვეულ რაოდენობას აღწევდა, იფინებოდა კედლებზე და მათ სანახავდ მათივე მეგობრები სტუმრობდნენ. ასეთ შეხვედრებზე გენდერული ბალანსის დაცვა არც თუ ისე ადვილი საქმე იყო, რადგან სახელოვნებო წრეში ძირითადად მამაკაცები ჭარბობდნენ, თუმცა იყო სასიყვარულო ურთიერთობებიც, რაც ხშირად მუშაობის ინსპირაციის მთავარი წყაროც გამხდარა. ასეთი იყო, მამუკა ჯაფარიძის ერთ-ერთი ნამუშევრების ციკლი, რომელიც სასიყვარული წერილების სულიერების თემას ეხებოდა. რამდენიმე არაფორმალურ გამოფენაზე მან ეს წერილები ექსპოზიციის სახითაც კი გამოფინა კედლებზე. ჯგუფი „არქივარიუსები“ 1986 წლიდან, პარალელურ რეჟიმში, „მეათე სართულის მხატვრების“ სახელოსნოშიც მუშაობდნენ, თუმცა მათ არქივარიუსების ჯგუფის წევრობის სტატუსი 1994 წლამდე მყარად შეინარჩუნეს. ჯგუფის დაშლის მიზეზი კი კარლო კაჭარავას მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ცენზურა შესუსტდა და პოლიტიკური ვითარებაც შეიცვალა. 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა „პერესტროიკის“ პოლიტიკა დაიწყეს. საზოგადოებაში გაიზარდა პოლიტიკური აქტივობა, ჩამოყალიბდა მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. გააქტიურდნენ სახელოვნებო წრეებიც. დისიდენტმა მხატვრებმა „პერესტროიკის ადამიანი“-ს როლი მოირგეს და იატაკქვეშა შეხვედრებიდან დღის სინათლზე გადმოინაცვლეს. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფი, 1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, პატარა სახელოსნოში იკრიბებოდა. სახელწოდებაც აქედან მიიღეს: „მეათე სართულის მხატვრები“. თავდაპირველად სპონტანურად თავშეყრილი მეგობრები დისკუსიებს მართავდნენ, ევროპულ ხელოვნებაზე საუბრობდნენ და სამხატვრო აკადემიაში დამკვიდრებული სწავლების მეთოდებისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ, ატარებდნენ უამრავ ექსპერიმენტს. მალე მეათე სართულის სახელოსნო გადაიქცა შემოქმედებით სივრცედ, სადაც უამრავი ტილოსა და მოლბერტის გვერდით, ზეთის საღებავებისა თუ სხვა ტრადიციული სამხატვრო საშუალებების პარალელურად, მუყაოზე სამეურნეო საღებავებით შესრულებულ სხვადასხვა ფიგურაციულ და აბსტრაქტულ კომპოზიციას ქმნიდნენ. იყენებდნენ შერეულ მასალასაც და პროტესტის უკეთ გამოსახატავად ხშირად უზარმაზარი ფორმატის ნამუშევრების ზედაპირს წვავდნენ და ჭრიდნენ კიდეც. მათი შემოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა ევროპიდან დაფარული გზებით შემოსული ინფორმაციის ნაკადი იყო. თუ 80-იანი წლების დასაწყისში ჯუფის წევრები გერმანული ექსპრესიონიზმის, ნეოექსპრესიონიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის გავლენით მუშაობდნენ, მეორე ნახევარში მათთვის ავტორიტეტი მხატვარი და პერფორმერი იოზეფ ბოისი და გაერთიანება „ფლუქსუსი“ ხდება. სამხატვრო აკადემიის მეათე სართულიდან ჯგუფი რამდენიმე თვეში მარჯანიშვილის სახელოსნოში გადადის და ფერწერული ნამუშევრების პარალელურად ქართულ სივრცეში პირველი არტ ობიექტების – ინსტალაციის სერიები ჩნდება. პოლიტიკური გარდაქმნის პარალელურად ხელოვნებაში ახალი ფორმებისა და მედიის ძიებაც აქტიურ ფაზაში შედის და უკვე 80-იანი წლების ბოლოს ფერწერისა და ინსტალაციას გვერდით, პერფორმანსისა და ჰეფენინგის თემა იხვეჭს პოპულარობას. მხატვრები გალერეებიდან გამოდიან და მოქმედებას საზოგადოებრივ სივრცეში იწყებენ, ცდილობენ აქტიური კონტაქტი დაამყარონ მაყურებელთან. ქართული ავანგარდული ხელოვნების ისტორიაში ჯგუფი „მეათე სართულის მხატვრები“, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვანთა გაერთიანება იყო, რომლის სახელსაც, 80-90-იან წლებში, თოთხმეტამდე გამოფენა უკავშირდება, როგორც თბილისში და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაშიც. ამ პერიოდისათვის ქვეყნის ჩაკეტილი საზღვრების გადაკვეთას ახერხებენ „პერესტროიკის“ სხვა მხატვრებიც. თადაპირველი გამოფენების ორგანიზება და მხატვართა ინდივიდუალური მიპატიჟება, საზღვრებს მიღმა მოქმედი გალერეებისა და დაინტერესებული პირების უშუალო ჩარევით ხერხდება. 1988 წლიდან კი სიტუაცია იცვლება, ოფიციალური მოსკოვი კონგრეს ჰოლში, მსოფლიო წამყვანი კოლექციონერებისა და სპეციალისტებისათვის სოტბის ინტერნაციონალურ აუქციონს: „რუსული 1920-იანი წლების ავანგარდი და თანამედროვე საბჭოთა ხელოვნება“ თავად მართავს, რაც მწვანე შუქს უნთებს საბჭოთა ხელოვანს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. ფაქტია, რომ „პერესტროიკის ადამიანი“ უკვე თავისუფლებისათვის ცეკვას იწყებს, მაგრამ დამოუკიდებელი ის მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, 1991 წლის 25 დეკემბერიდან ხდება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- „კარლო კაჭარავა, სტატიები“; ტომი I ; გამომცემელი: ოთარ ყარალაშვილი, 2006, თბილისი
- ჟურნალი: „ტაბულა Art“, გამოცემა N1; ზაფხული, 2011 წელი;
- „კონტრკულტურა საქართველოში 1960/80-იანი წლები“; ავტორები: მედეა წულაია, ლიკა ნადარაია, ილიკო ზაუტაშვილი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2000, თბილისი
- გაზეთი „თბილისი“, სტატია „საინტერესოს იქით…“ ავტორი: იოსებ ჭუმბურიძე; სექტემბერი, 1985 წელი
- Человек перестройки, танцующий человек: А. Банделадзе, Л. Ласареишвили, Г. Эдзгверадзе: живопись : каталог выставки / Всесоюз. творч.-произв. об-ние “Центр худож. культуры”. – Москва : [б. в.], 1989. – [15] с. – Б. ц.
- ციტატა N1 – „კატალოგი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება“ – 1974 წელი; კატალოგის ავტორი: თინა გომელაური, გია ეძგვერაძე და ილიკო ზაუტაშვილი; სტატიის ავტორი: მარიამ დიდებულიძე; გვ. 2 – გამოუქვეყნებელი
- ციტატა N2- ჟურნალი: „ტაბულა Art“, ზაფხული 2011 წელი; N1. სტატია: „ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები უპასუხოდ რჩება, ილიკო ზაუტაშვილი“; სტატიის ავტორი: მეგი მელანია; გვ 74.
- ციტატა N3 – კარლო კაჭარავას პირადი დღიურის ჩანაწერები – გამოუქვეყნებელი.
- ინტერვიუ: მამუკა ჯაფარიძე, გია ეძგვერაძე, გია ლორია, გურამ წიბახაშვილი, ქეთი კაპანაძე, ზურაბ სუმბაძე – გამოუქვეყნებელი.
© არილი