ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პროზა

თანამედროვე ქართული რომანის 20-წლიანი ისტორია – იდენტობის ძიებაში

პრემია „საბას“  რჩეული რომანების მიმოხილვა

ისტორიებში, რომლებსაც ადამიანები საკუთარ თავზე ჰყვებიან, ხშირად ყველაზე მომნუსხველი მათი ნაკლოვანება – სათქმელის ამოწურვის უუნარობაა. უმნიშვნელო ფაქტებით შეკოწიწებული ამბავი სიცოცხლისუნარიანობას დაუსრულებლობით ინარჩუნებს, რადგან მისი საიდუმლო ჯერაც უნდა გაიშიფროს და მომავალში გამჟღავნდეს. იგივე შეიძლება ითქვას ლიტერატურაზეც. განსაკუთრებით კი ისეთ წიგნებზე, რომლებიც კონკრეტული ერის იდენტობას ქმნიან ან ააშკარავებენ.

უკვე 31 წელია, რაც ჩვენი ამბების შეუზღუდავად მოყოლის უფლება და შესაძლებლობა მოვიპოვეთ. ახლა ნელ-ნელა ვცდილობთ საკუთარ თავზე წარმოდგენის შესაქმნელად და შეცვლილ სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად (სულ მცირე) 70 წლიანი სიცარიელის შევსებასა და მეხსიერების ფრაგმენტების ერთმანეთზე გადაკერებას. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იფილტრება ჩვენი ისტორიული, ინტელექტუალური და ეთნოგრაფიული გამოცდილება, რათა გამოიკვეთოს კატეგორიები, რომლებითაც შევძლებთ საკუთარ ვინაობაზე, იდენტობაზე მსჯელობას.

ყველაზე უკეთ კი ერის თვითაღქმა ისეთ ისტორიებში ვლინდება, რომლებიც თავად საზოგადოებამ მოიწონა და როგორც საუკეთესონი, გამოარჩია. რადგან ისინი არა მხოლოდ ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე გვიამბობენ, არამედ მომავლის იმედებზეც მიგვანიშნებენ – საითკენ მივისწრაფვით, რის დაძლევას ვცდილობთ და ვინ გვსურს, რომ გავხდეთ. შესაბამისად, ყველაზე პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემიის, „საბას“ წლის საუკეთესო რომანის ნომინაციის 20 წლიანი ისტორიის მიმოხილვა წარმოდგენას გვიქმნის როგორც ახლახან გათავისუფლებული ქართული ლიტერატურის გამოწვევებსა და მიღწევებზე, ისე საკუთარ არჩევანზეც – განვითარების რა ტრაექტორიას ვადგავართ და როგორ გვსურს, ჩვენი თვითგამორკვევის ისტორია რომ დასრულდეს.

თავისთავად, შეუძლებელია, ცოცხალ კულტურაში იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი ოდესმე შეწყდეს. შესაბამისად, აღნიშნული კულმინაციური წერტილი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური ორიენტირია, რომელსაც დროთა განმავლობაში სხვა ჩაანაცვლებს. თუმცა ამჟამად (სხვა ბევრ ღირსებასთან ერთად), სწორედ ამ შუქურასკენ მიმართული მზერაა თითოეული იმ დაუსრულებელი ამბის ხიბლი, რომელსაც „საბას“ ლაურეატები საკუთარ რომანებში გვიამბობენ. იდენტობის ფორმირების გზაზე ერთმანეთის ნაკლოვანებებს ავსებენ და განსხვავებული ხერხებით დუმილს დაჩვეული ერის ალაპარაკებას ცდილობენ.

არაფერია იმაზე ბუნებრივი, ეგზისტენციალური კრიზისით გაწამებულმა ადამიანმა  საკუთარი ვინაობა წარსულში ეძებოს. აკა მორჩილაძის „შენი თავგადასავალიც“ ასე იწყება – პეტრე ჯაფარიძე ლონდონში ყოფნისას ერთი აბი ნარკოტიკის დახმარებით 1989 წლის 9 აპრილს უბრუნდება და არაერთ ლიტერატურულ თუ ისტორიულ პერსონაჟს სტუმრობს ფსიქოდელიური მოგზაურობისას.

წიგნი, რომელიც 2003 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოაქვეყნა, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტექსტად, რომელსაც ქართველი იოზეფ კ. თავისი ცხოვრების შეჯამების მცდელობისას დაწერდა, თვითრეფლექსიის გამბედაობა რომ ჰყოფნოდა. ძიების პროცესში ცნობიერის შინაარსებს შორის საზღვრები იშლება და ინტელექტუალური თუ კულტურული მეხსიერების ელემენტები ერთმანეთში ითქვიფება. ამ გზით ფურცლებზე, თავად ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჩვენი სამარადჟამოდ გაუბედურებული გონების ამბავი“ აღიბეჭდება.

როცა სახეზეა (სულ მცირე) 70 წლიანი სასჯელი, მაგრამ არა დანაშაული, მხილების დრო დგება და მწყემსის ოჯახში დარწეული გოდრის მითი იბადება.

„რუსთავი 2 პეინტის“ მიერ 2003 წელს გამოცემული ოთარ ჭილაძის ბოლო რომანი „გოდორი“ პირველად ხელში 11-12 წლისას ჩამივარდა. თუმცა კითხვას თავი მალევე ვანებე, რადგან ვერაფრით მივხვდი, პატარა რაჟდენ კაშელს დედა რანაირად სვამდა ნაგებობაში, რომელიც, როგორც ბებომ მასწავლა, დიდი ხნის წინ, უფლის რისხვის შედეგად დაინგრა. ალბათ, კარგიც კია, ერთმა ასომ ამხელა გაუგებრობა რომ გამოიწვია და ასეთ პატარა ასაკში მანკიერებითა და სიგიჟით დაღდასმული „გოდრის კაცების“, რაჟდენებისა და ანტონების ისტორიას არ მაზიარა.

გველისა და ვაშლის ისტორიისგან განსხვავებით, ბაბილონის გოდოლი არა ინდივიდის, არამედ ხალხის, როგორც ერთიანი ორგანიზმის დაცემის მიზეზს განმარტავს. ოთარ ჭილაძეც მე-20 საუკუნის საქართველოს ცხოვრების აღწერით, შეულამაზებლად გვიხსნის, ყველა ერთად რატომ ვისჯებით ასე ულმობლად – გოდრიდან, როგორც პანდორას ყუთიდან,  კაშელობის სენმა ამოხეთქა და „მსხვილი, დონდლო, წყლიანი“ მუმლივით მთელ ჩვენს ქვეყანას გარს შემოეხვია.

ალბათ, მართალია ჭილაძე, როცა ამბობს, რომ „ქართველებს რომ გულში უდევთ, ის საქართველო აღარ არსებობს“, რადგან ამ ფრაზის პირველი წაკითხვისას გამეფიქრა – ნეტავ რა გვიდევს გულში? ან რა უნდა გვედოს?

პასუხი, შესაძლოა, შავი ზღვის პატარა არქიპელაგი სანტა ესპერანსაა, რომელიც ქართული ლიტერატურის რუკაზე აკა მორჩილაძის იმავე სახელწოდების წიგნმა (უფრო სწორედ, 4 რვეულის კრებულმა) დაიტანა. „საბას“ 2005 წლის გამარჯვებული რომანი საქართველოს ერთგვარი ალტერნატიული ისტორიაა, სამყარო, რომელიც რეალობის პარალელურად არსებობს, როგორც პირმშო ჩვენი კოლექტიური მეხსიერებისა. განა წარსულთან მიბრუნების შემდეგ, მისი შეცვლის მცდელობა, ბუნებრივი არ არის?

„სანტა ესპერანსამ და იქაურმა ქართველებმა მიაღწიეს იმას, რაც ვერ შეძლო მათმა დედასამშობლომ – ისინი ევროპულ ქვეყანად იქცნენ, […] ვითარცა რომელიღაც კანადა ან თუნდაც, ავსტრალია.“ მათი სახელიც – იოანელები, ევროპისთვის ცნობილი იოანე პერსბიტერის, იგივე დავით აღმაშენებლის მითიდან მოდის.

შავი ზღვის არქიპელაგი, როგორც გეოგრაფიული ერთეული, ჩვენი ქრონოლოგიური ხაზის მაღლა თუ დაბლა გავლებული პარალელური სხივია, რომელიც, გიგი თევზაძის თქმით, უცვლელს ტოვებს საქართველოს ისტორიას. თუმცა, როგორც წიგნი და ამბავი, რომელიც აკა მორჩილაძის წყალობით უკვე გადაიკვეთა არაიოანელ ქართველთა რეალობასთან, დიდი ალბათობით, გაამრუდებს ჩვენს დროით ხაზს.

დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ 21-ე საუკუნის ქართული პროზის განვითარების ტრაქეტორიაზე აკა მორჩილაძემ წარუშლელი კვალი დატოვა და, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ 2006 წელსაც „საბას“ გამარჯვებული მისი მორიგი პოსტმოდერნული რომანი „ვენერას სიზმარი“ გახდა.

ტრადიციულად, სათაურივე მიგვახვედრებს, რომ ტექსტი ალუზიებით იქნება სავსე. თუმცა, „ზაფხულის ღამის სიზმრისაგან“ განსხვავებით, ამბავი არა ჯადოსნურ ტყეში დატრიალებულ სასიყვარულო თავგადასავალზე, არამედ სამოქალაქო ომის ზღვართან მისულ საქართველოში აჯანყებული სამხედროების მიერ დაპატიმრებულ სხვადასხვა პროფესიისა თუ კლასის პერსონაჟზეა. აკა მორჩილაძის შემოქმედებისთვის არასახასიათოდ კი, ქალაქური ცხოვრების საპირისპიროდ, „ვენერას სიზმარში“  სოფლური სიუჟეტი იჭრება.

ქართველი გლეხებისადმი სამხედროებისა და პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ „ჩატეხილი ხიდის“ შეკეთებაზე ბევრ არავის უზრუნია. ქალაქის თვალსაწიერში სოფლური ცხოვრება, მისი ჭირი თუ ვარამი, ვერა და ვერ მოხვდა. მკითხველში კეთილგანწყობას არც მაინც და მაინც გლეხთა პორტრეტი აღძრავს. ამიტომ, წიგნის განწყობას ტკბილ ზაფხულის სიზმარზე მეტად,  მისი საგაზეთო სახელი „საბრალო იორიკ“ უფრო შეესაბამება.

უკვე განხილული რომანებიდან აწმყოს ყველაზე მეტად „ვენერას სიზმარი“ მოუახლოვდა – მის შთაგონების წყაროდ 2001 წლის 24 მაისს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა იქცა. თუმცა 2007 წლის რჩეული, ლაშა ბუღაძის „ოქროს ხანა“ არა მხოლოდ ქვეყნის თანამედროვე ყოფას ასახავს, არამედ მის ძირითად აუდიტორიადაც ახალგაზრდა მკითხველი მოიაზრება. ახალ თაობაზე თვითრეფლექსიის დრო დადგა.

იუმორი და ირონიულობა არც უწინ გამარჯვებულ რომანებს აკლდათ, თუმცა „ოქროს ხანა“ წმინდა წყლის სატირაა. ყველა პერსონაჟი გროტესკულია. თუმცა არ ტოვებენ განცდას, რომ ავტორს დიდად დასჭირდა პროტოტიპების გაზვიადება. ანა კორძაია-სამადაშვილის თქმით, „აქ არც ერთი გმირი, არც ერთი ამბავი და ეპიზოდი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. […] ეს ბიჭი არასოდეს არაფერს იგონებს. მოგონება არ სჭირდება. უბრალოდ, უნდა დააკვირდეს, რა ხდება გარშემო“.

გარშემო კი ნარკომანები ან იხოცებიან, ან ეკლესიებს აშენებენ, ძველი ბიჭები პოლიტიკოსობენ, ხოლო პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში გაქანებულ ნევროზსა და გამქრალ პოტენციაზე მოთქვამს. მოკლედ, სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე.

რომანის მთავარი გმირი კოტიკო მცირე დანაშაულზე პასუხისგებას ბრიტანეთში გაურბის, თუმცა, სხვა განხილული წიგნების მსგავსად, ქვეყნის საზღვრებს მიღმაც „ჩვენი სამარადჟამოდ გაუბედურებული გონება“ არ ტოვებს და საბოლოოდ კიდეც ბრუნდება სახლში. ისევე, როგორც 2008 წლის გამარჯვებული წიგნი, რომელშიც, ირაკლი ქასრაშვილის თქმით, „არაფერია ინგლისური, სათაურის გარდა“.

აკა მორჩილაძის „Maid in Tiflis“ ვარსქენ-შუშანიკისა თუ პლეხანოველი მოგელა-შარაზის ვარდის სასიყვარულო დრამების ფონზე თბილისისა და მისი მაცხოვრებლების პორტრეტს ხატავს. ქალაქის სულის გამჟღავნებისას კი ფოტო-სურათზე ნელ-ნელა მოჩვენებები იკვეთებიან. დედაქალაქი ერთგვარი ლიმბოა – ტიფლისისა და თბილისის გასაყარზე, ყოფნასა და არყოფნას შორის გაჭედილი სივრცე, რომლის „შიგნით სხვა ხარ, გარეთ – სხვა”. სავსე კითხვებითა და წიგნებით, რომლებსაც არ კითხულობენ.  კი პერსონაჟები იკარგებიან, ქრებიან. ქალაქი სარკოფაგს, ადამიანები კი მიცვალებულებს  ემსგავსებიან.

თეონა დოლენჯაშვილი სიყვარულისა და სიკვდილის თემას „სიესტას“ მიერ გამოცემული „მემფისში“  სულ სხვაგვარად –  „სამყაროს ცენტრის“, დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე დაკვირვებით, გადაიაზრებს. წიგნის პირველივე წინადადებაში ევროპასთან და მისი გავლით, მსოფლიოსთან საქართველოს მიმართების ახლებური ხედვა იკვეთება: „მე და მარკი მარიენბადის უცნობ მიწაზე ვდგავართ“.

თავისთავად, მწერალი „მარიენბადის ელეგიაზე“ მიანიშნებს, რომელიც 70-ს გადაცილებულმა გოეთემ 19 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვისთან არშემდგარი ნიშნობის შემდეგ დაწერა. ასეთია ავტორის თვალით დანახული მხცოვანი, უსულო საგნებით გავსებული, მექანიკური ევროპისა და ნორჩი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ბუნებრივი საქართველოს ურთიერთობაც.

საკუთარი იდენტობის ძებნისას დასავლეთი ჯერაც ლაკმუსის ქაღალდად რჩება, თუმცა მისი როლის ახლებური გააზრება იბადება. უცნაური და დამაფიქრებელია, როგორ შემოჟონა, პოსტკოლონიური ლიტერატურისათვის სახასიათო, დასავლეთის სარეკლამო ცხოვრებასთან გაუცხოების დისკურსმა.

ეროვნულ მეობის თვითგამორკვევისას, შეუძლებელია, ხაზი არ გავუსვათ დოკუმენტური პროზის მნიშვნელობას, რომლითაც მკითხველს საშუალება ეძლევა საკუთარი წარსული რეალური ფაქტების საფუძველზე შეისწავლოს. სამწუხაროდ, ბოლო დროის ქართულ ყოფაზე დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებები იშვიათად თუ იწერება. მალხაზ ხარბედიას თქმით კი, „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემული ნაირა გელაშვილის “პირველი ორი წრე”, „სწორედ ასეთი ხარვეზების შევსების მცდელობაა. ესაა რომანი ჩვენი დროის შესახებ, უფრო სწორად კი იმ მიზეზებზე, რამაც ჩვენი დრო [„ჩვენი სამარადჟამოდ გაუბედურებული გონება“] შვა“.

წიგნი ჩვენი უახლოესი წარსულის საკუჭნაოს ალაგებს, რათა გადაყაროს ყველაფერი, რასაც ვერ გააცნობიერებს, რაც არ დახარისხდება. გენერალური დასუფთავების შემდეგ კი, როგორც ავტორი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, გამოიკვეთა, რომ “ჩვენ ვართ ინტელექტუალურად მოუმზადებლები ახალი დროისთვის“ შერყეული მორალური საყრდენებითა და არასტაბილური ფსიქიკით.

2011 წლის რჩეულ რომანში („კოღო ქალაქში“) ლურჯთვალება, ჭეშმარიტად კოლხი კოღო ერთ პატარა ქალაქში საკუთარ მკვლელის ძიებისას სიყვარულის სენს ავრცელებს – მისი კბენა ამურის ნაისრალივით ხალხს ერთმანეთს აყვარებს. ასეთი სადა, მარტივი და, თითქოს, გულუბრყვილო სიუჟეტით საუბრობს ერლომ ახვლედიანი სიკვდილზე, სიცოცხლეზე, დროზე, სამყაროს შემეცნებაზე, ცოდვასა და, ზოგადად, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე. მწერალი ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე მკითხველს დაიმგზავრებს. ამიტომაც, შემთხვევითი არაა, ზურაბ კიკნაძე წიგნის წინასიტყვაობას სოკრატეს ფრაზის ახვლედიანისეული გადათამაშებით რომ იწყებს: „მე ისიც არ ვიცი, რაც ვიცი.“  როგორც სოკრატეს სჯეროდა, რომ ღმერთებმა მისი თავი ათენს „ბუზანკალივით“ გამოუგზავნეს, ისე ქართულ ლიტერატურას „მწერლომის“ მეტსახელით ერლომ ახვლედიანი მოევლინა.

„საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს“. „საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა… კიდევ მეტი არც არაფერია, თუ არა ბაბუაშენის მამა“. რომლის დანატოვარ სახლსაც ვაგლახ სახურავი თუ ჩაუტყდა, გათბილისელებული ირაკლიც მის შესაკეთებლად აუცილებლად მიაშურებს მამა-პაპათა მიწას.

თუმცა „ „შორიდან’’ აღარ მოიყოლება. „ადრე აკა იშვიათად იძირებოდა ხოლმე ასე დეტალებში, აქ კი ძალიან წვრილმანებშია ყველაფერი, ბოლომდე მიდის, ყოველ გამოცლილ ჭიქას უთვლის პერსონაჟებს, ყოველ გაღეჭილ ლუკმას, გადადგმულ ნაბიჯს… […] ვიღაცისთვის შეიძლება ეთნოგრაფიული რომანიც იყოს, ქცევების რომანი, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებების გაბმული ენციკლოპედია,“ – აღნიშნავს მალხაზ ხარბედია „არილში“ გამოქვეყნებულ რეცენზიაში.

შეიძლება იყოს მეტიც: სიტყვებში გამოძერწილი ქართული ანაზდეული ფიქრები, აღქმები, შეგრძნებები; ისტორიული გაურკვევლობებით ნაკვები საერთო სევდა და დაბნეულობები. მასშტაბური თავისი კონკრეტულობით – საკუთარ სოფლის სახლში ოჯახთან გატარებული ერთი საღამოც რომ დაიტევს. “ჩვენი საწებელი ჩვენს სისხლზე მაგარია”, ამიტომაც „obOle“-ს ლევან ბერძენიშვილი ყველაზე ქართველი ავტორის, ყველაზე ქართულ წიგნს უწოდებს.

თუმცა, მკვეთრი კულტურული ესთეტიკის მიუხედავად, დაჩეხილი და დანაწევრებული ისტორიული ნარატივით გამოწვეული დაძაბულობა კვლავ გადაუჭრელი რჩება: რა უნდა მოუხერხოს ირაკლიმ თავის სტატუსს – მურის ციხისთავების შთამომავლობას? ან მამა-პაპური თოფი, სახელად ობოლე, როგორ უნდა მოიხმაროს? რაც მთავარია, მხედრიონელთა ეპოქის არსებობისგან რა შინაარსი უნდა გამოვიტანოთ? სისხლს მივაწეროთ თუ საწებელს?

საერთოდ, ევალება კი ლიტერატურას ამ კითხვებს პასუხი გასცეს? თუ მხოლოდ უნდა დასახოს პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მკითხველი იტვირთებს?

განგრძობითობის საკითხს იკვლევს 2013 წლის რჩეული რომანიც ნაირა გელაშვილის, „მე ის ვარ“, რომელშიც 13 წლის ნია ლელიშვილს 20 წლის მეზობელი ყმაწვილი თავდავიწყებით უყვარდება, წლების შემდეგ კი, უკვე ხანშიშესული ქალი, ახალგაზრდობის სატრფოს დაუწყებს ძებნას. ერთმანეთს ერწყმის პატარა გოგოსა და ცხოვრებანანახი ქალის ფიქრები თუ განცდები, მათი გავლით კი სამივე დროითი განზომილება ერთ წერტილში იკვეთება (მომავალი მკითხველის სახით).

„მე ის ვარ“ ძველებური მიჯნურობის ამბავია თანამედროვე მოზარდებისთვის – სიყვარულის, როგორც გრძნობის, მდგომარეობისა და ღირებულების გააზრებაა ზედროულ კატეგორიაში. იწყება სულ თავიდან, „ვეფხისტყაოსნით“: „მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა“; და სრულდება ჩვენით, ახალი თაობის მკითხველით. აჩვენებს, როგორ იცვლება გამოხატვის ფორმები, პირობითი კატეგორიები, მაგრამ უცვლელი რჩება  თვითონ სიყვარული, მშვენიერება, სილამაზეა: რაღაც ესენციური, რაც ზრდასრულ და ახალგაზრდა პროტაგონისტს აერთიანებთ;  რაც  ცხოვრების გზაზე ადამიანს მეობის განცდას უნარჩუნებს. და რაც ჩვენც მიგვახვედრებს, ნიასა და ნესტანის გრძნობას ერთი და იგივე ნაცვალსახელი რომ იტევს.

ზვიად კვარაცხელიას „ფორმა N100“-ც ყოფილ, თუმცა ბევრად შემაძრწუნებელ ურთიერთობას უბრუნდება – პროტაგონისტი ყოფილი შეყვარებულის თვითმკვლელობის ამბავს იხსენებს და კინოსტუდიისთვის სცენარად წერს. სათაურის შესაბამისად, წიგნი იკვლევს და დიაგნოზს უსვამს პოსტსაბჭოთა და პოსტ-ომების პერიოდის ე. წ. „დანაღმულ თაობას“; „ცოდვას“, რომელიც საზოგადოებას 90-იანი წლებიდან მოჰყვება. საკუთარ დანაშაულზე პერსონაჟთა რეფლექსიის ფონზე კი საქართველოს თანამედროვე ისტორიის, „პირქუში ხანის“ პორტრეტიც იხატება.

უკვე განხილული წიგნებისგან განსხვავებით, „დიოგენეს“ მიერ გამოცემული აბო იაშაღაშვილის „როიალ-მერი“ აზიური ამბავია, ალაგ-ალაგ შემოპარული ევროპით. ავტორისეული სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნი სავსეა მე-19 საუკუნის 80-იანი წლების თბილისში მომხდარი საფათერაკო ამბებით; ოსმალურ-სპარსულ-რუსულ-ევროპულ-ქართული ისტორიებით.

წიგნის ძირითადი ხიბლი, მწერლის პირველი რომანის „ოსმალური მარშის“ მსგავსად, ეპოქალური ქარტეხილებისა თუ ბუნებრივი კანონზომიერების შედეგად გამქრალი ტფილისის ტოპოგრაფიის, ცხოვრების წესისა და ხასიათის გაცოცხლებაა. მე-19 საუკუნის დედაქალაქში ჩვენს კულტურაში ფესვგადგმული აღმოსავლური მრავალფეროვნების ფონზე მოგზაურობის შესაძლებლობა, რის ბედნიერებასაც, აბო იაშაღაშვილი სამომავლოდ კიდევ არაერთხელ მოგვცემს. ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, „საბას“ ლაურეატობა მისთვის ერთგვარი ალიბაბას გამოქვაბულის გაღებული კარი შეიქნა, რომელმაც უფრო თამამად წერისა და ჩანაფიქრიც სრულად გამომჟღავნების საშუალება მისცა.

2016 წელს „საბას“ ისტორიაში „წლის საუკეთესო რომანის ნომინაცია“ პირველად გაიყო. ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ ჩვენი ქვეყნის უახლოესს წარსულზე – საბჭოთა კავშირის ნგრევასა და პოსტსაბჭოური პერიოდის პირველ წლებზე, ხოლო ზურაბ სამადაშვილის „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“ თანამედროვეობის ამაო ყოფაზე რეფლექსიებს.

ნინო კუპრეიშვილის თანახმად, „სამოთხიდან გაქცეულები“ ოთარ ჭილაძის რომანების ციკლს „ენათესავება“ – ორივე ჩვენი კულტურისთვის სახასიათო ტრავმის გადალახვის მექანიზმების ძიებისა და მის მითოსურ, ისტორიულ-პოლიტიკურ, სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ ძირებთან მიბრუნების მცდელობაა („ბექა ქურხულის რომანი „სამოთხიდან გაქცეულები”, როგორც კულტურული ტრავმის რეპრეზენტაცია“). ზურაბ სამადაშვილი კი პერსონაჟებით სავსე, თუმცა გმირებისგან დაცლილ რომანში „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“ ჩვენს თანამედროვე ყოფაში გამეფებულ სიცარიელეს იკვლევს.

„როალ მერის“ მსგავსად, 2017 წლის რჩეულ ალეკო შუღლაძის რომან „გადამალვაშიც“ იჭრება აღმოსავლეთი, თუმცა უფრო შორეული და მეტად რელიგიურ-ფილოსოფიური კუთხით.

ალეკო შუღლაძე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში 90-იან წლებში გამოჩნდა და მსუბუქ იუმორთან შეზავებული მძიმე ეგზისტენციალური ტექსტებით მკითხველის მოწონებაც დაიმსახურა. წარმატების მიუხედავად, მწერალი 15 წლით გაუჩინარდა. ავტობიოგრაფიულ რომანი ავადმყოფობაზე, სიკვდილზე მედიტირებს და დასავლურ სამყაროში გავრცელებული მიმართებისგან სიცოცხლის დასასრულის განსხვავებულ გააზრებას ინდოეთში ეძებს.

ლაშა ბუღაძის „პატარა ქვეყანასაც“ საფუძვლად ავტობიოგრაფიული ეპიზოდი უდევს – 23 წლის ასაკში დაწერილი მოთხრობისთვის „პირველი რუსი“, რომელშიც მწერალმა თამარ მეფისა და გიორგი რუსის წარუმატებელი პირველი ღამე აღწერა, ლაშა ბუღაძისგან მუქარის საფუძველზე საპატრიარქოში ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

წიგნი პოსტსაბჭოთა საქართველოსა და მის პერმანენტულად შეუმდგარ მოქალაქეებს აღწერს. იარლიყი წინ უსწრებს არსებას და პერსპექტივაშიც არ ჩანს, ეს უკანასკნელი პირველს როდის წამოეწევა, რადგან ასეთია ცვლილებებისა და მცდელობების ეპოქა. რომელიც უკვე კაი ხნის გადალახული გვექნებოდა, მოდერნულ ერად ფორმირების გზაზე სტალინიზმი რომ არ წამოგვწეოდა.

2019 წლის რჩეული აკა მორჩილაძის „კუპიდონი კრემლის კედელთან“ კი სწორედ სტალინის ზეობის ხანაზე რეფლექსირებს: მატარებელი თბილისიდან მიდის კრემლისკენ და თან მიჰყავს მუსია ერისთავი-რეტინგერი – გულანთებული რევოლუციონერი ქალი, რათა „სოციალისტური სამშობლოს ჯურღმულებიდან“ გამოიხსნას ისევ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ქმარი.

თუმცა ამბავს უშუალოდ როდი გვიამბობს, არამედ შუამავალს, იმერელ მკვლევარს იშველიებს – ავტორისეული შენიშვნის მიხედვით, „შედგენილი მარქსის, ენგელსისა და ლენინის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ბიბლიოთეკაში“ 1987 წლის ზეპირ გამოსვლას ვისმენთ. შესაბამისად, წიგნი მცდელობაა გადაიაზროს გადააზრებული – 80-იანების რეფლექსია 30-იან წლებზე. რაც გვახსენებს, რომ ხშირად წარსულზე მნიშვნელოვანი მასზე შეთხზული ნარატივებია, რომლებსაც, ჩვენს შემთხვევაში, ხშირად ისევ საბჭოთა კავშირის აჩრდილები წერენ.

ისტორიული ქარტეხილების გააზრების კუთხით, ბესო სოლომანაშვილის რომანის გარეშე ჩვენი სია ნაკლული იქნებოდა, რადგან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე წარსულის გახსენებისას, 1921 წელს საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს გამოვტოვებდით.

„ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ მოგვითხრობს სევდიანი სასიყვარულო ისტორიის ფონზე როგორ შემოდიან ბოლშევიკები ქვეყანასა და ადამიანთა გონებაში და იწყება ჯალათთა ზეობის ხანა. კითხვისას ნათელია, რომ საბჭოთა კავშირის, როგორც პოლიტიკური ერთეულის, განადგურების მიუხედავად, გადარჩენილთა შთამომავლებს „ბოლშევიკური ფსიქიკა“ ჯერაც არ გადაგვილახავს. ამიტომაც არსებობს „ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, როგორც დანატოვარი მემკვიდრეობა. ამიტომ, ჩვენს შემთხვევაშიც კი, რთულია მსხვერპლისა და მოძალადის ერთმანეთისგან გარჩევა.

თამთა მელაშვილის  „შაშვი შაშვი მაყვალმა“ კი გვაჩვენა, რომ „Maid in Tiflis”-ში აღწერილი გაორებული ცხოვრების სენი დიდი ხანია დედაქალაქის საზღვრებს გასცდა და ერთ-ერთ პროვინციულ პატარა ქალაქსაც მოედო, სადაც შუახნის მარტოხელა ეთერო ჰიგიენის ნივთების მაღაზიას პატრონობს და დაოჯახებული დისტრიბუტორი უყვარდება. წიგნი მარტოობისა და ტაბუს ურთიერთმიმართებას გადაიაზრებს და მის შედეგად დაბადებული ორმხრივი ცხოვრების ბუნებას აღგვიწერს. კონფლიქტს, რომელიც გიორგი ლობჟანიძეს თქმით, სათავეს „ჩვენი ცხოვრების, საქართველოს დღევანდელობის უკიდურესად ანტიფემინური და ანტიჰუმანური ხასიათიდან“ იღებს.

თავისთავად, „საბას“ გამარჯვებული წიგნებით მთელ ქართულ ლიტერატურული სხეულზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა განხილული 20 წიგნი თემატიკათა მორევიდან გამოარჩევს იმ ტენდენციებს, რომლებიც თავადვე მოგვწონს, რომ გვანაღვლებს: გასული საუკუნის დანატოვარი კოლექტიური ტრავმასთან მიბრუნება, ქართველის ვინაობისა და მსოფლიოში მისი ადგილის ძებნა, კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ფორმების გამჟღავნება და თანამედროვე ყოფის პარადოქსულობის ასახვა.

გასაკვირი არაა პოსტმოდერნული ტექსტების სიჭარბე, რომლებშიც ავტორები სივრცითი თუ ეპოქალური შეზღუდვების უგულებელყოფით ქართველობის ესენციის მოხელთებას, ცვლილებების ქაოსიდან აზრის გამოტანასა და ეროვნული ნარატივის ორგანიზებას ცდილობენ. ერთ დიდ წიგნს წერენ, რომელსაც წლევანდელი რჩეული რომანი კიდევ ერთი ფურცლით შეავსებს.

© არილი

Facebook Comments Box