,,სულაკაურის გამომცემლობამ’’ ცნობილი გერმანისტისა და მთარგმნელის, დალი ფანჯიკიძის შესახებ სტატიების კრებული ,,თარგმანი როგორც შემოქმედება’’ დაბეჭდა.
თავის წიგნში ,,თარგმანის თეორია და პრაქტიკა’’ დალი ფანიკიძე წერდა: ,,მხატვრული თარგმანი მხატვრული შემოქმედების ფორმაა. მხატვრული თარგმანის ენაც გვეძლევა, როგორც თვისობრივად განუმეორებელი კატეგორია. (…) მთარგმნელისათვის მთავარი უნდა იყოს, ,,რას ფიქრობს’’ დედნის ავტორი სინამდვილეზე. მთარგმნელს ცოცხალ სინამდვილესთან არა აქვს პირდაპირი დამოკიდებულება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი არ ასახავს სინამდვილეს. მის შემეცნებაში არსებობს სინამდვილესთან რომელიმე მწერლის დამოკიდებულების მოდელი, განსხეულებული კონკრეტული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ერთიანობით (…). მთარმგმნელი კი რ ასახავს, არამედ გადმოსცემს დედანში ასახულ სინამდვილეს, იგი სინამდვილეს სხვისი თვალით უცქერის, მის წინაშე დგას უკვე ასახული სინამდვილე, შემეცნებული და გარდამტყდარი ავტორის მსოფლმხედველობით პრიზმაში…’’
ლიტერატურული წერილების კრებულს თან ერთვის მაია ფანჯიკიძის წინათქმა, სადაც ის წიგნის ფუნქციაზეც საუბრობს: ,,ამ კრებულის მიზანს წარმოადგენს ერთი მთარგმნელის მიერ განსხვავებული ეპოქების, სტილისა თუ ლიტერატურული ტრადიცისს წარმომადგენელთა ტექსტების თარგმანების ანალიზი.’’
მართლაც, აქ განხილულია არამარტო თომას მანის რომანების ,,ჯადოსნური მთა’’ და ,,ბუდენბროკები’’ ქართული თარგმანი, არამედ მაქს ფრიშის ,,ჰომო ფაბერი’’ და ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი’’, ულრიხ პლენცდორფის ,, ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი’’, გრიგოლ რობაქიძის ,,ქალღმერთის ძახილი’’, ალფრედ დიობლინის ,,ბაბუაწვერას მკვლელობა’’, ფელიქს ბრაუნისა და ინგებორგ ბახმანის პოეზია და ა.შ.
კრებული აერთიანებს სხვადასხვა თაობის ლიტერატორების, მწერლებისა და მთარგმნელების: ნოდარ კაკაბაძის, ლევან ბრეგაძის, გიორგი ლობჟანიძის, ნინო ფირცხალავას, ალექსანდრე კარტოზიას, ლევან ცაგარელის, ინესა მერაბიშვილის, ემზარ კვიტაიშვილის, ქეთევან მეგრელიშვილის, თამთა მელაშვილის, ანა კორძაია- სამადაშვილის, ბელა წიფურიას და სხვათა ტექსტებს.
,, ინდივიდუალური სტილი მწერლის საკუთრებაა, მთარგმნელს კი მხოლოდ იმის უფლება აქვს, გამოამჟღავნოს ამ სტილის კომპენსაციის ინდივიდუალური უნარი. (…) ჩემი საკუთარი სტილი არ გამაჩნია. ასეთი რამ არც არსებობს. მე მაქვს მხოლოდ იმ მწერლის სტილი, რომელსაც ვთარგმნი.’’ – ამბობდა დალი ფანჯიკიძე.
© არილი