ესაუბრა გუგა მგელაძე
ჯერომ სელინჯერი, ჰარპერ ლი, ვირჯინია ვულფი, სოლ ბელოუ, ედგარ ალან პო, ალი სმითი… ეს იმ ავტორთა ჩამონათვალია, რომელთა ტექსტებიც ქართულად ლელა დუმბაძემ თარგმნა.
2015 -2019 წლებში ვირჯინია ვულფის რომანების ,,გზა შუქურისკენ’’ და ,,ორლანდო’’ თარგმანისათვის ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ მიენიჭა.
მთარგმნელობით გამოცდილებასთან ერთად ლელა დუმბაძე თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე, კონკრეტული მწერლის სტილისტურ თავისებურებებზე, რედაქტორის ფუნქციასა და ნობელის კონტექსტზე გვესაუბრება.
– ზურაბ კიკნაძის ჩანაწერების კითხვისას ერთი ასეთი ციტატა ამოვიწერე: ,,ორტეგა ი გასეტი ლაპარაკობს ენის მოთმინებაზე და რომ ენა თარგმანში თითქოს ისვენებს თავისი თავისგან, მას თითქოს სიამოვნებას ანიჭებს სხვადყოფნა’’. რას ნიშნავს თქვენთვის თარგმნის პროცესი და რამდენად ხშირად იცვლებოდა თქვენი დამოკიდებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა მწერლის წიგნზე მუშაობისას?
– უკვე ვატყობ, თავსატეხი შეკითხვები მელოდება, თუმცა საინტერესო!
ორტეგა ი გასეტი… ენა მისი ინტერესის სფერო იყო მხატვრული თარგმანის მიმართულებით და არაერთ უაღრესად საინტერესო თვალსაზრისს გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით. ის ენას და მხატვრულ თარგმანს უპირველეს ადგილზე აყენებდა, ზოგადად, აზროვნების, ერის კულტურული განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, თუ კონკრეტულად თქვენს შეკითხვაში გაჟღერებულ ციტატას მივუბრუნდებით, ორტეგა ი გასეტი ალბათ ორიგინალის ენას თუ გულისხმობდა, თორემ ,,სათარგმნი’’ ენისა რა მოგახსენოთ… მთარგმნელი ხომ ვერც თვითონ ისვენებს და ვერც სათარგმნ ენას ასვენებს. პირიქით, შეიძლება ითქვას, მთარგმნელი თავადაც წვალობს და ენასაც ეჭიდავება – ორთაბრძოლას უმართავს, რადგან სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა სტილისტიკის, განსხვავებული მწერლის ხმის გადმოცემა უდიდესი პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს მთარგმნელისგან.
ისე, მართლაც საინტერესო მეტაფორაა – „…ენა ისვენებს თავისი თავისგან, მას თითქოს სიამოვნებას ანიჭებს სხვადყოფნა“ – თარგმნილი ლიტერატურა ხომ მართლაც ,,სხვადყოფნაა’’ და, ამ დებულების შესაბამისად, შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ რაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია მწერალი, მით მეტი შანსი უჩნდება მის მშობლიურ ენას მრავალ სხვადასხვა ენაზე დაისვენოს, არა? და მაშინ, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ენა არათუ ისვენებს, ნებივრობს ამ დროს და ერთობა იმის ცქერით, თუ რას ,,უშვრება’’ მას მთარგმნელი იმ მეორე ენაზე!
ორტეგა ი გასეტის დაკვირვებები მხატვრულ თარგმანზე იმ დილემათა რიგში შეიძლება განვიხილოთ, რასაც მე ხშირად ვუწოდებ მთარგმნელის მდგომარეობას ახალ მხატვრულ ნაწარმოებთან შერკინების წინ. დილემაში აქ მრავალი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ და მათ შორის ისიც, რასაც ორტეგაც აღნიშნავს ერთგან და ამბობს, რომ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელს დიდი გამბედაობა სჭირდება მწერლის მიერ ორიგინალში შეგნებულად, მხატვრული ეფექტის მისაღწევად გამოყენებული ენობრივი დარღვევებისა თუ მის მიერვე შეთხზული ახალი სიტყვებისა თუ ფრაზების სათარგმნად, ანუ განსხვავებული სტრუქტურის მქონე ენაში გადასატანად – აქ გრამატიკული თუ სხვა, თუნდაც შინაარსობრივად გამომწვევი ენის გამოყენებაც იგულისხმება… და მთარგმნელის დილემა დილემად რჩება, იმ დროს, როცა ორიგინალის ენა არხეინად ნებივრობს.
რაც შეეხება მეორე კითხვას, მე მგონი, მეტნაკლებად გავეცი პასუხი, როცა ვთქვი, რომ მთარგმნელის თავსატეხი სწორედ განსხვავებული ეპოქის, ჟანრის, სტილისტიკის, ენის, მწერლის განუმეორებელი თავისებურების თუ პოეტური ხედვის მშობლიურ ენაზე გადატანის პროცესია. ამისთვის ცხადია, ორი ენის ცოდნასთან ერთად, აუცილებელია მთარგმნელს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მუსიკოსივით ჰქონდეს განვითარებული კარგი ლიტერატურული სმენა, შეგრძნება, გემოვნება, გუმანი (აღარაფერს ვამბობ, ზოგადად, ორივე – სათარგმნი და სამიზნე ენების ღრმა ცოდნა-გრძნობაზე), რომელიც დაეხმარება სწორად აირჩიოს ტონი, განასხვაოს არა მხოლოდ ერთი მწერლის ენა მეორისგან, არამედ ერთი მწერლის მიერ შესაძლო სხვადასხვა სტილისტიკის თუ სასაუბრო ენის გამოყენება ერთსა და იმავე ნაწარმოებში…
– რა იყო ყველაზე მთავარი დაბრკოლება (გნებავთ, კულტუროლოგიური ,,ბარიერი’’) ვირჯინია ვულფის ,,ორლანდოს’’ თარგმნისას? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ფანტასმაგორიული რომანის ცენტრალური პერსონაჟი სქესთან ერთად ეპოქებსაც იცვლის ხოლმე. ამდენად, კონკრეტული დრო შესაბამის ატმოსფეროს, სურნელს, აზროვნების სტილს, სამოსს, საკვებს და სხვა მრავალ ასპექტს გულისხმობს.
– ვირჯინია ვულფი ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასი მწერალია. სტუდენტობიდანვე მაინტერესებდა მისი ნაწარმოებების წაკითხვა. მაგრამ იმ დროს არ იყო იოლად მოსაპოვებელი. პირველი, რაც წავიკითხე, „საკუთარი ოთახი“ იყო და შემდეგ „მისიზ დელოვეი“. მაშინვე ამიტანა ცნობისმოყვარეობამ, როგორ შეიძლებოდა მისი ცნობიერების ნაკადისეული თხრობის გადმოქართულება და კითხვის დროსვე წარმოვიდგენდი წინადადებებს, ფრაზებს ქართულად… თუმცა მაშინ არ მეგონა, თუ მის რომანებს ვთარგმნიდი და გამოიცემოდა კიდეც.
რაც შეეხება კონკრეტულად „ორლანდოს“, თქვენი თქმის არ იყოს, აქ სწორედ რაღაცა კამერტონისებური უნდა მეპოვა, რაც ქართულ ენაში ვირჯინიას ამ ნაწარმოებისთვის არჩეულ ტონს მიესადაგებოდა. ენა აქ მდიდარი და მრავალფეროვანია – სადღაც მაღალფარდოვანი, სადღაც იუმორით გაჯერებული, სადღაც თეატრალიზებულიც კი – თემები ხომ იმდენად განსხვავებულია, რომ ცალკე კვლევას იმსახურებს (და იკვლევენ კიდეც….). და მთხრობელი – ანუ, ამ ნაწარმოების წარმოსახვითი ავტორი – ის ხომ ორლანდოს ბიოგრაფიას წერს! – დიახ, თუნდაც მთხრობლისთვის შესატყვისი სიტყვის შერჩევა ცალკე საფიქრალი იყო… biographer – რა სიტყვა უნდა შემერჩია თარგმნისას? ბიოგრაფი? ამ კონტექსტში ეს სიტყვა უღიმღამოდ მეჩვენა. ამიტომ ,,ჟამთააღმწერელზე’’ შევჩერდი. საქმე ისაა, რომ ეს ჟამთააღმწერელი იუმორით, გონებამახვილობით, ხშირად გამიზნულად ზეაწეული და მაღალფარდოვანი ენით წარმართავს თხრობას, და ამ მაღალფარდოვნებას, რომელიც სავსეა მეტაფორებით, გადატვირთულია სხვადასხვა ეპოქის ისტორიული, ეთნოგრაფიული თუ სოციალური ტერმინოლოგიით, რომ არაფერი ვთქვათ ფანტაზიის ისეთ გაქანებაზე, რომლის თარგმნა კი არა, ზოგჯერ გაგება ჭირს, ჯოჯოხეთური შრომა, ჩხრეკა-ძიება, კვლევა სჭირდება, რომ არ ასცდე გზას, შეძლებისდაგვარად ზუსტი შესატყვისები მიუსადაგო და ლიანდაგიდან არ გადახვიდე – ეს რომ არა, ამ ბრწყინვალე ფანტასმაგორიას ფასი დაეკარგებოდა…
– The New York Review of Books-ში გამოქვეყნებულ რეცენზიაში ჯონ აპდაიკი ასე აფასებს ჯერომ სელინჯერის მოთხრობების ციკლს გლასების ოჯახზე: ,,გლასების საგის წინასწარი მონახაზი პოტენციურად უძლიერესი ლიტერატურის შემცველია. მას შემდეგ, რაც დიდი სიფრთხილით და შემპარავად შევაფასე სელინჯერის მიერ არჩეული მიმართულება, იმასღა დავძენ, რომ იგი ნამდვილად არის გარკვეული მიმართულება და რომ ხელოვანს ანუ თავგადასავალთა მაძიებელს, კონფერანსიესაგან რისკიანობა და აკვიატებული იდეის ერთგულება განასხვავებს’’.
თქვენი დაკვირვებით, რით განსხვავდებიან ჯერომ სელინჯერის პერსონაჟები მისივე თაობის ამერიკელი მწერლების პერსონაჟებისგან? რაში მდგომარეობს, ვთქვათ, სიმორ გლასის (ან თუნდაც ჰოლდენ კოლფილდის) ხიბლი?
– ჰოო… სელინჯერი… აპდაიკი მართალია, არ არის სელინჯერი გამოკვეთილად რომელიმე ლიტერატურული მიმართულების წარმომადგენელი… მე მერგო ბედნიერება მეთარგმნა ჯერომ სელინჯერის „სიმორი-შესავალი“, ძალიან საინტერესო და ალბათ მეტად განსხვავებული სელინჯერის სხვა მოთხრობებისგან. ეს შედარებით მოცულობითი მოთხრობაც, რა თქმა უნდა, გლასების ოჯახური საგის ნაწილია… ჩემი აზრით, სელინჯერი აქ საკუთარ ალტერ ეგოს გვიხატავს, მისი საყვარელი გლასების ოჯახის გამორჩეული წევრის, პოეტის, და ასევე ცნობილი მოთხრობა „ბანანა-თევზის ამინდის“ მთავარი გმირის, უცნაურად ტრაგიკული პოეტის, სიმორის სახით. ალბათ მწერლის სტილის ერთ-ერთი განმასხვავებელი, როგორც თქვენს შეკითხვაში გაისმა, შესაძლოა ისიც იყოს, რომ სელინჯერი არ განმარტავს მოვლენათა მიზეზ-შედეგობრიობას, არაფერს გვიხსნის და არ ცდილობს ჩვენს მომზადებას ამა თუ იმ პერსონაჟის ბედ-იღბლის თუ მოვლენათა განვითარებისთვის, პირდაპირ გვთავაზობს ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად, სიმორის სრულიად მოულოდნელი თვითმკვლელობა ცნობილ მოთხრობაში „ბანანა-თევზის ამინდი“. ხოლო მოთხრობაში „სიმორი-შესავალი“, მთხრობლად გვევლინება სიმორის, გამორჩეული ნიჭით, განათლებით და გუმანით დაჯილდოებული კაცის ძმა… ანუ, თქვენს შეკითხვას რომ მივუბრუნდე, სელინჯერი გვიყვება ამბავს, რას აკეთებენ, ლაპარაკობენ და ა.შ. მისი პერსონაჟები, და მცდელობაც კი არა აქვს, მკითხველს თავს მოახვიოს რამე სახის საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ, მთლიანად უტოვებს ამოუხსნელ გამოცანებს…. ეს ხერხი, კონკრეტულად ამ მოთხრობაში ავტორს საშუალებას აძლევს, გვესაუბროს ზოგადად პოეტის, ხელოვანის არსზე, მის რთულ ბედზე და ასევე, უნებურად გვიმხელს, რაც მეტად საინტერესოა, ვინ მიაჩნია მას ჭეშმარიტ ხელოვანებად – მხატვრობის, პოეზიის თუ, ზოგადად, ლიტერატურის სფეროში და ასევე, დროდადრო გულწრფელად აკრიტიკებს საყოველთაოდ აღიარებულ შემოქმედებს, თუნდაც თავის თანამედროვეებს… ამ ყველაფერს სიმორის პირით გვიყვება, თუმცა სახელი სიმორი შემთხვევითი არ მგონია. მართალია იწერება „Seymour“, მაგრამ როგორ გამოითქმის? როგორც „see more“, ანუ „დაინახე მეტი“…
– რა ეტაპზეა თანამედროვე ქართული ლიტერატურა? რა ტენდენციებს ამჩნევთ თანამედროვე ავტორების კითხვისას?
– მე ასე მგონია, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ერთგვარ აღმავლობას განიცდის. მომრავლდნენ ახალგაზრდა მწერლები. მიხარია, რომ ქალები მამაკაცებს ტოლს არ უდებენ. ტენდენციებიც, კარგია, რომ მრავლობითში ახსენეთ, სწორედ რომ არაერთგვაროვანია. არ შემიძლია არ ვახსენო მწერალი, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, და მის სიცოცხლეში არ მქონდა წაკითხული მისი არც ერთი რომანი… ზაირა არსენიშვილი. ბედნიერებაა, რომ საქართველოს ასეთი მასშტაბის თანამედროვე რომანისტი ჰყავს. არც მოკლე მოთხრობის ოსტატები გვაკლია… არც პოეტები გველევა, ისინიც განსხვავებულები და საინტერესოები არიან… ლიტერატურული კრიტიკის თეორიულ სფეროებში კი მირჩევნია არ შევიჭრა.
– მთარგმნელისა და რედაქტორის ურთიერთობასაც რომ შევეხოთ. ხშირად გიწევდათ ხოლმე რედაქტორის მითითებების (ან რჩევების) მიხედვით კონკრეტული ეპიზოდის გადაწერა ან ჩასწორება? რა ,,რჩება’’ და ,,იკარგება’’ საბოლოოდ რედაქტირების პროცესში?
– არ ვიცი, რამდენად არის რედაქტორის მნიშვნელობა და ფასი სწორად გაგებული და აღიარებული საქართველოში. რედაქტორი ხომ უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე უბრალოდ ტექსტის კორექტურული თუ გრამატიკული უზუსტობების შემმოწმებელი და გამსწორებელი. წესით, საუკეთესო რედაქტორი არის საუკეთესო მრჩეველი ავტორისთვის; მას ბევრი შეუძლია, თუნდაც ის, რომ მწერალს რაღაცაზე ხელი ააღებინოს ან გეზი შეაცვლევინოს… ამის ერთ-ერთ მაგალითად ჰარპერ ლი და მისი საყოველთაოდ ცნობილი რომანი „ნუ მოკლავ ჯაფარა“ გამოდგება. როცა ახალგაზრდა ნელმა (ასე ეძახდნენ შინაურები ნელ ჰარპერ ლის) მისი პირველი რომანი მიუტანა რედაქტორს, მან დამწყებ მწერალს ურჩია, რომანის მთავარი პერსონაჟების ბავშვობაზე გაეკეთებინა აქცენტი და ამ თვალით გადაემუშავებინა თხრობა. მოხდა ისე, რომ ჰარპერ ლის პირველი გამოქვეყნებული (და ათწლეულების განმავლობაში ერთადერთად მიჩნეული) რომანი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა მწერალს, პირველი კი არა, მეორე იყო, რომელიც, კარგი მრჩეველი რედაქტორი რომ არა, არც იარსებებდა. ის მართლაც „პირველი“ რომანი კი, მხოლოდ 2015 წელს გამოქვეყნდა… აი, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი რედაქტორი.
თუმცა, თარგმანის შემთხვევაში, რედაქტორი შედარებით შეზღუდულია და უნდა შეეძლოს ორიგინალისა და თარგმანის შედარება, ავტორის სტილის გარჩევა და არსებითი რჩევების მიცემა მთარგმნელისთვის, რასაც, პირადად ჩემთვის, სარგებლობის მეტი არაფერი მოუტანია – ვგულისხმობ ანა ჭაბაშვილს.
– რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ ხოლმე სათარგმნი წიგნის შერჩევისას? როგორია სელექციის პერსონალური მექანიზმი?
– აქ უნდა გითხრათ, რომ დამწყები მთარგმნელი შეზღუდულია, უმთავრესად, დამოკიდებულია ე.წ. წიგნის ბაზარზე, მოთხოვნაზე, რასაც გამომცემლობები განაგებენ. თავიდან ასეა, შემდეგ კი, თუ მთარგმნელი გამომცემლების ნდობას მოიპოვებს – რასაც, რა თქმა უნდა, მისი თარგმანების წარმატება განსაზღვრავს, უჩნდება შანსი, თავად შესთავაზოს სასურველი ავტორის თუ ნაწარმოების თარგმნა. მე გამიმართლა ორივე შემთხვევაში – ყველაფერი, რაც მითარგმნია, მაინტერესებდა, მომწონდა და რედაქციებთანაც არ მქონია უთანხმოება ამის გამო.
– ნობელის კონტექსტში თუ მოიაზრებთ რომელიმე თანამედროვე ქართველ მწერალს?
– დასანანია, ძალიან დასანანი, რომ ოთარ ჭილაძის მნიშვნელოვანი რომანები – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და „აველუმი“ ინგლისურად მხოლოდ 2012 -2013 წლებში გამოიცა, ანუ ბატონი ოთარის გარდაცვალების შემდეგ… ის ხომ 1998 წელს წარდგენილიც იყო ნობელის პრემიაზე… ვინ იცის, რა მოხდებოდა, დონალდ რეიფილდისეული თარგმანები რომ მოსწრებოდა სიცოცხლეშივე… აი, ვინ იმსახურებდა ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში! ის ჩვენი თანამედროვე დიდი ქართველი მოაზროვნე, პოეტი და მწერალი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრემიას გარდაცვლილ მწერლებს არ ანიჭებენ…
– ბოლო პერიოდის ხუთი საუკეთესო ქართული თარგმანის დასახელება რომ გთხოვონ, რომლებს აირჩევდით?
– თუ ნებას მომცემთ, არ ჩამოვთვლი საუკეთესო ქართული თარგმანის ხუთეულს – ეს შეუძლებლად მიმაჩნია. ნაცვლად ამისა, ამჯერად შემოვიფარგლები ერთი მთარგმნელით, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურაზე, უფრო სწორად, ლიტერატურის უმაღლესი ფორმის (პოეზიის) თარგმნაზე. დავით წერედიანი პოეტური და მთარგმნელობითი ზენიჭიერებით დაჯილდოებული მოვლენაა. მან პოეტური თარგმანებითა და საკუთარი უნიკალური პოეზიით წარმოუდგენელი სიმაღლეები დაიპყრო და გაამდიდრა თანამედროვე ქართული ენა. ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღეს ჩვენთან აღარ არის…
ხოლო, ზოგადად, ბოლოდროინდელ მთარგმნელებს რაც შეეხებათ, მახარებს, რომ გამობრძმედილ, მაღალი ნიჭიერებით გამორჩეულ, აღიარებულ და შედარებით ,,ასაკში შესულ’’ მთარგმნელებს შეემატნენ ახალგაზრდები და გვყავს ბრწყინვალე მთარგმნელთა თანავარსკვლავედი, რომლებმაც საბოლოოდ დაანგრიეს ჩემი სტუდენტობის დროინდელი მითი, რომ თითქოს ,,ქართულ ენაზე ისე კარგად „არ გამოდის თარგმანი“, როგორც რუსულად’’… და თუ ნებას მომცემთ, მათი ჩამოთვლის ნაცვლად აქ გრძელზე გრძელ მრავალწერტილს დავსვამ, რადგან ვიცი, რომ კიდევ არაერთი მთარგმნელი გვეყოლება, რომელთა თარგმანები, სახელები და გვარები აუცილებლად გაიბრწყინებს და გაგვახარებს, მრავალწერტილში კი უსასრულობას ვგულისხმობ. …………………………………………………………………………………………………………………
ოღონდ ბოლოს, არ შემიძლია ერთი საჭირბოროტო საკითხი არ აღვნიშნო – ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანი. მართალია, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდა რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი შედარებით ინტენსიურად თარგმნილი ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი გამოცემები, რასაც „საბას“ ლიტერატურულ კონკურსში ცალკე გამოყოფილი ნომინაციაც უწყობდა ხელს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს საქმე გაცილებით მეტი ინტენსივობით და მასშტაბით წარმართულიყო და ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბატონი დონალდ რეიფილდის დიდი ღვაწლი ქართული ლიტერატურის წინაშე. მან ჯერ კიდევ 1981 წელს თარგმნა ინგლისურად ვაჟა-ფშაველას სამი პოემა, და ბრწყინვალე შეფასება მისცა მის შემოქმედებას. გამოცემის შესავალში მან აღნიშნა, ვაჟას არცოდნა მსოფლიო ლიტერატურისთვის ლამის სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასიაო. (“Vazha-Pshavela Three Poems”- მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია. გამომცემლობა „განათლება“, 1981.)
რეიფილდმა შემდგომ შესანიშნავად თარგმნა სხვა ქართული ტექსტებიც, მათ შორის, „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და ოთარ ჭილაძის რომანები – „აველუმი“ და „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“… სხვათა შორის, ძალიან წუხდა, რომ ვერ მოესწრო მისი თარგმნილი ამ რომანების ბატონი ოთარის სიცოცხლეშივე გამოქვეყნება…
© არილი