პროზა (თარგმანი)

თაჰერე ალავი – სადგური

sadguri-4555

სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ

ბნელოდა. ქმარი შორიდან ხელით მანიშნებდა, მოდიო. სამგზავრო ჩანთა ავიღე და მისკენ გავიქეცი. მატარებელი განუწყვეტლივ სტვენდა. მგზავრები ყოველ დასტვენაზე  უფრო და უფრო მედგრად უტევდნენ მატარებელს. მიწა მსხვილი  ქვებით იყო მოფენილი. რაც უფრო დიდ ნაბიჯებს ვადგამდი, მით უფრო ნელა მივიწევდი წინ. სწორედ იმ დროს მივუსწარი, კიბეზე რომ ადიოდა. ჩანთა შევაგდე  და სხეული მაღალ კიბეებზე ავითრიე. ქმარს არც შემოუხედავს. უგუნებოდ იყო. რატომ? რა ვიცი. ალბათ,  ხმაურის ან მგზავრების მუჯლუგუნების გამო. ალბათ…

კუპეში შევიდა და კარი ხმაურით მოიჯახუნა. ჩანთა დერეფნის კუთხეში დავდე და რამდენიმე წუთით იქვე გავჩერდი. ღამის სიბნელეში მეჩეთისა და მეისრის ჯიხურის ნათურები ციმციმებდა. რამდენიმე გზააბნეული მგზავრი ჯერაც აქეთ-იქით მირბოდ-მორბოდა.

კვლავ კუპეს გავხედე. ნათურა ჩამქრალიყო. ჩემს ქმარს ჩასძინებოდა. ძილი ძალიან უყვარდა. მეც დაღლილი ვიყავი. დაწოლა მომინდა. უხმაუროდ შევედი კუპეში, კარი დავკეტე და ფარდები ჩამოვუშვი. მძიმე ჰაერი იდგა. მინის ჩამოწევა დავაპირე, რომ გადაბრუნდა და რაღაც ჩაიბურტყუნა. ცხადია, შესცივდა! შევწუხდი. ხელისცეცებით მივაგენი საწოლის ბოლოს ფუთასავით დაკეცილ  პლედს და მის ქვეშ შევძვერი.

ძალიან მიყვარს მატარებლის დაგადუგი. იავნანად ჩამესმის. მერე რა, რომ ღამით რამდენჯერმე მეღვიძება. თვალს როგორც კი ვხუჭავ, ისევ ვიძინებ.

… ახლა მატარებელი უფრო მეტად ირწეოდა და თანდათან სვლას უკლებდა. საათს შევხედე. დილის შვიდის ნახევარს აჩვენებდა. ჩემს ქმარს პლედი მჭიდროდ შემოეხვია და მეცხრე ძილში იყო. გავედი, რომ სახეზე წყალი შემესხა. როცა დავბრუნდი, დავინახე, ტანსაცმელი ჩაეცვა და ფანჯარას ეჯაჯგურებოდა გასაღებად. კარი რომ მივხურე, თავი მოაბრუნა. კი მაგრამ, ეს ხომ ჩემი ქმარი არ იყო… დავიბენი. ჩქარ-ჩქარა მოვუბოდიშე და კუპედან გამოვედი. კუპე შემშლია. ისევ საპირფარეშოსკენ გამოვბრუნდი და ამჯერად მეტი ყურადღებით გადავთვალე: ,,სამი, ოთხი, ხუთი“.

ჩვენი კუპე საპირფარეშოდან მეხუთე იყო. კარი გაეღოთ, მაგრამ ფარდები ჩამოეშვათ. ფარდის გადაწევა რომ დავაპირე, კუპედან ის კაცი გამოვიდა. ჩემთვის არც შემოუხედავს, თავი მიაბრუნ-მოაბრუნა და მზერა დერეფანს მოავლო. მერე, თითქოს საკუთარ თავს ებაასებაო, ჩაილაპარაკა: ,,ნეტა, ეს ქალი რა იქნა?“

მატარებელი ნელ-ნელა სადგურს უახლოვდებოდა. გვარიანად ვღელავდი. კუპეს ვერ ვაგნებდი. კი მაგრამ, როგორ? ისევ საპირფარეშოსკენ წავედი. საპირფარეშოს კედელთან – სასმელი წყლის ავზი, მის გვერდით – გამცილებლის კუპე, იქიდან მეხუთე კი ჩვენი  კუპე იყო. კართან ისევ ის კაცი იდგა. მაპატიეთ-მეთქი, ვუთხარი და ფარდა ფრთხილად გადავწიე. კუპეს კუთხეში ჩემი ქმრის ჩანთა იდო. გულზე მომეშვა. ცხადია, საპირფარეშოში წავიდოდა. ცოტა კი გამიკვირდა, რადგან ისეთი კაცი არ იყო, ჩანთა ასე ბედის ანაბარა მიეტოვებინა. სკამზე ჩამოვჯექი.  სხვა რა გზა მქონდა, უნდა დავლოდებოდი. ნეტა, მალე დაბრუნდებოდეს!

დერეფანი მგზავრებით გაივსო. ყველა ცდილობდა, სხვებზე ადრე ჩასულიყო მატარებლიდან და, რადგან ამას ვერ ახერხებდა, დროდადრო კინკლაობაც ჩაღდებოდა. კაცი ჯერაც კართან იდგა და თავს განუწყვეტლივ აქეთ–იქით ატრიალებდა. მერე უცბად მე მომიბრუნდა: ,,მაპატიეთ, ჩემი ცოლი ხომ არ დაგინახავთ?“

ის იყო, პასუხი დავაპირე, რომ პირი იბრუნა. საბრალო, ცოლზე ღელავდა. მეც ხომ ქმარზე ვწუხდი. სად უნდა წასულიყო? რა გამოსავალი მქონდა, აქვე უნდა დავლოდებოდი. მატარებელი გაჩერდა. კარები ხრჭიალით გაიღო და ხალხი კალიასავით მოედო სადგურს.  საათი შვიდს აჩვენებდა. დაბნეულ-აღელვებული კაცი დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში მიმოდიოდა.

,,ნეტავ, რატომ არ ჩანს, სად უნდა წასულიყო?“

კუპედან გარეთ გამოვედი. საპირფარეშოს კარი მოვსინჯე. დაეკეტათ. არც გამცილებლის პოვნა ჩანდა იოლი. რა უნდა მექნა? მესამე ვაგონის ბოლოს რესტორანი იყო. ვიფიქრე, იქნებ ჩაის დასალევად წავიდა-მეთქი, მაგრამ რესტორნის კარი დაკეტილი დამხვდა. იქიდან ახალგაზრდა კაცმა მანიშნა, რესტორანი არ მუშაობსო. დავიძახე: ,,ჩემი ქმარი“…  მაგრამ მან ყურადღება არ მომაქცია და წავიდა.

რამდენიმე წამს იქვე ვიდექი. გული გამალებით მიცემდა. კუპესკენ გამოვბრუნდი. დერეფანში კაცი აღარ ჩანდა. ალბათ, ცოლი იპოვა და წავიდა. გამცილებელმა გარედან დაიძახა: ,,ქალბატონო, მანდ რას აკეთებ? ჩამოდი“.

მატარებელში ვეღარ დავრჩებოდი. ქმრის ჩანთის ასაღებად კუპეში შევედი, მაგრამ მისი კვალიც გამქრალიყო. ამოვისუნთქე. დავმშვიდდი. დავრწმუნდი, რომ არაფერი დამართნია. ცხადია, ჩემი წასვლის მერე დაბრუნდა, ჩანთა აიღო და  ახლა გარეთ მელოდება.

სასწრაფოდ ჩამოვედი მატარებლიდან. ცოტა ხანს ხალხში ვეძებე, მაგრამ ამ აურზაურში მისი პოვნა ადვილი არ იყო. გადავწყვიტე, ცოტა დამეცადა, სანამ ხალხი შეთხელდებოდა. კუთხეში მივდექი.  თუმცა რამდენიმე წამში იძულებული გავხდი, ადგილი შემეცვალა. აზრი არ ჰქონდა – სადაც არ უნდა დავმდგარიყავი, ყველგან უადგილოდ ვიდექი. ერთი მეჯახებოდა, მეორე კი ბრაზით მიყვიროდა: ,,გამატარე, ქალო!“ ბოლო-ბოლო წავედი, სადგურის კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი. თავბრუ მეხვეოდა. წამით სახე ხელებში ჩავრგე და თვალები დავხუჭე. უცბად ვიღაცამ ძლიერად მომქაჩა სახელო და მკითხა: ,,სადა ხარ?!“

წამოვხტი. ვხედავ, ის კაცია, ცოლი რომ დაეკარგა.

,,მაპატიეთ, ქალბატონო, შემეშალა“.

მერე ჩანთა აიღო და წავიდა.

© არილი

Facebook Comments Box