თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი დასასრულს უახლოვდება.
დღეს ფესტივალის ბოლო დღეა. უკვე ჩატარდა ლიტერატურული საღამო მაქს ფრიშის “კითხვარის” შესახებ, ახლა კი დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს, პოეტური მარათონი, რომელშიც ქართველი პოეტები მონაწილეობენ. ისინი მწერალთა სახლში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არიან განაწილებულნი და საკუთარ ტექსტებს კითხულობენ.
თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დასრულებამდე, თვალი გადავავლოთ გავლილ შეხვედრებს (სტატიის პირველი ნაწილი იხილეთ აქ):
თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მესამე საფესტივალო დღე გაიხსნა დისკუსიით: „აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ერთი ლიტერატურული სახლი“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ანდრი ლიუბკა (უკრაინა), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი) და მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი), მოდერატორი კი პაატა შამუგია იყო.
დისკუსია შეეხებოდა მსგავსებებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიტერატურაში შეინიშნება, ასევე, პოსტსაბჭოთა ტრავმასა და მის შედეგებს.
მარტინ სოლოტრუკმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთს ევროპული სახელმწიფოების გავლენა უფრო აქვს, ამიტომაც მის ქვეყანაში თავს ცენტრალური ევროპის ნაწილად მოიაზრებენ. რაც შეეხება საბჭოთა ტრავმასა და მის გავლენას, ეს უფრო ეკონომიკურია, ვიდრე კულტურული.
ანდრი ლიუბკის თქმით, მათ ქვეყნებს, რომლებსაც განსხვავებული კულტურა და ლიტერატურა აქვთ, აერთიანებს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა, რომელიც ტრავმების შესახებ საუბრისასაც ჩანს. იუმორი მათი საიდუმლო იარაღია და ის, რაც ეხმარებათ გადარჩენაში.
დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართა გრეტა ამბრაზაიტესა და დომინიკას ნორკუნასის (ლიეტუვა) პოეზიის საღამო. აღსანიშნავია, რომ მათ აქვთ გამომცემლობა, რომელმაც ლიტვურ ენაზე ახალგაზრდული ქართული პოეზიის ანთოლოგია „ექო“ გამოსცა. გარდა ამისა, გრეტა ამბრაზაიტეს სამენოვანი პოეტური კრებული უკვე გამოცემულია საქართველოში.
შეხვედრის მოდერატორი იყო სალომე ბენიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვის განსაკუთრებულ მეგობრობას. დისკუსია დაიწყო ტრადიციული შეკითხვით „რას ნიშნავს სახლი დღეს?“
საუბრისას დომინიკას ნორკუნასმა ტოლკინის სიტყვები გაიხსენა, რომ სახლი მხოლოდ ფიზიკური სივრცე არ არის, არამედ პასუხისმგებლობაცაა, დაეხმარო მათ, ვინც სახლები დაკარგეს.
პოეზიის საღამოს შემდეგ მწერალთა სახლში ქშიშტოფ ჩიჟევსკის (პოლონეთი) წიგნი “სამყაროს პატარა ცენტრი“ წარადგინეს. ქშიშტოფ ჩიჟევსკიმ ისაუბრა პატარა, საზღვრისპირა ქალაქზე, სადაც გაიზარდა, მის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე, ასევე ალტერნატიულ თეატრზე, რისი დიდი ტრადიციაც აქვთ პოლონეთში და კულტურათა შორის კავშირის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მოდერატორი ქეთი ქანთარია იყო, ქშიშტოფ ჩიჟევსკის პოეზია კი დავით კანდრევიჩმა თარგმნა.
შემდეგი შეხვედრა მარტინ სოლოტრუკისა (სლოვაკეთი) და იუსტინა ბარგელსკასის (პოლონეთი) პოეზიას დაეთმო. შეხვედრის მოდერატორები მათი მთარგმნელები, პაატა შამუგია და შოთა იათაშვილი იყვნენ.
შოთა იათაშვილმა აღნიშნა, რომ პოლონური პოეზია ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ძლიერი პოეზიაა მთელ მსოფლიოში და იუსტინა ბარგელსკას მისი პოეტური გზის დასაწყისის შესახებ ჰკითხა.
პოლონელმა პოეტმა გაიხსენა: „ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 6 წლის ვიყავი, პატარა კათოლიკე გოგონა, რომელიც ხშირად დადიოდა ეკლესიაში. ერთხელაც დავინახე, როგორ ყვაოდა ატმის ხე. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაშინ დავიწყე ფიქრი, თვითგამოხატვის რომელ გზას ავირჩევდი: დავწერდი, დავხატავდი თუ, უბრალოდ, დავჯდებოდი და ვიტირებდი და მე ავირჩიე პოეზია. ასე დაიწყო ჩემი პოეტური გზა“.
პაატამ შამუგიამ მარტინ სოლოტრუკის პოეზიის შესახებ ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ იგი მრავალმხრივი ადამიანია, მრავალმხრივი ინტერესები აქვს, რაც მის შემოქმედებაშიც აისახება და ართულებს მისი ტექსტების თარგმნას, რადგან სხვადასხვა დისციპლინის ცოდნას მოითხოვს. მასთან საუბარიც შემოქმედებით გზასთან დაკავშირებული შეკითხვით დაიწყო: როგორ გადაწყვიტა, გადაედგა სახიფათო ნაბიჯი და პოეტი გამხდარიყო?
სოლოტრუკის თქმით, პოეზია არის საფრთხე, რომელსაც საფრთხედ აღიქვამს, მაგრამ თან სიამოვნებასაც გრძნობს. 15 წლის ასაკში იგი სპეციალიზებულ მათემატიკის სკოლაში სწავლობდა და მისი მიზანი პროგრამისტობა იყო. თუმცა, ერთხელაც, როცა ბაღში გავიდა დედასთან ერთად, მოულოდნელად საკუთარ თავში ხმა გაიგონა, შესაძლოა, მხოლოდ საკუთარ თავში, ან მსოფლიოში, ან ორივე ერთად და სწორედ ამ მომენტმა გადაწყვიტა მისი ბედი. როგორც ის ამბობს, მას შემდეგ ათასობით სტროფი დაწერა, ხოლო იმ მომენტიდან 7 წლის შემდეგ მისი სადებიუტო კრებული გამოიცა. დასძინა ისიც, რომ მადლიერია იმ მოგზაურობის, რომელიც პოეზიამ მოუწყო, რადგან, როგორც ამბობენ, ენაა ის, რითაც ვქმნით რეალობას.
დღე არიანე ფონ გრაფენრიდთან შეხვედრით დასრულდა. არიანე შვეიცარიელი პოეტი და დრამატურგია, რომელიც მულტიმედიაში აქტიურადაა ჩართული. მასთან შეხვედრას ნუკა ღამბაშიძე უძღვებოდა. მათ ისაუბრეს ე.წ. “Spoken song”-ის სპეციფიკაზე. როგორ ხდება ტექსტი ნალაპარაკები სიმღერა და არა ნამღერი სიმღერა.
არიანე ფონ გრაფენრიდმა აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ჰიბრიდული ფორმატი, რის განვითარებასაც ცდილობს კიდეც თავის პოეზიაში. რაც შეეხება Spoken song-ს, განმარტა, რომ დანამდვილებით არ იცის, რას ნიშნავს ეს ტერმინი. ეს უფრო პოეზიაა, რომელიც უნდა შესრულდეს, როგორც პერფორმანსი. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პოეზია ბევრად უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე დაწერილი სახით წარმოდგებოდა, მრავალფეროვანი გამოხატვის საშუალებების გამოყენება პოეზიაში ბუნებრივია.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ არიანეს პოეზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დეტალებს, რომლებიც არა ფსევდოფილოსოფიით, არამედ ყოველდღიურობით არის შთაგონებული.
მისი შემოქმედება თარგმნეს დათო ბარბაქაძემ, ბელა ჩეკურიშვილმა და ანა კოპალიანმა.
მეოთხე საფესტივალო დღეს გაიმართა დისკუსია: ლიტერატურა მეხსიერების კვალდაკვალ – დოკუმენტური ლიტერატურა. დისკუსიაში ნინო ლომაძე და დავით ჯიშკარიანი მონაწილეობდნენ, მოდერატორი კი გიორგი მაისურაძე იყო.
გიორგი მაისურაძემ დისკუსია დაიწყო შეკითხვით – ჩვენს ეპოქაში, ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, რა როლი შეიძლება მივანიჭოთ დოკუმენტურ პროზას, განსხვავებით მხატვრული ლიტერატურისგან? რატომაა ის აქტუალური?
ნინო ლომაძის აზრით, რადგან დოკუმენტურ პროზას ავტორი ჰყავს, ეს თავისთავად გულისხმობს ინტერპრეტაციას. გარდა ამისა, რაც გვესმის, ვხედავთ და გვამახსოვრდება, ძალიან სუბიექტურია. როგორც მან თქვა, ცდილობდა, შეენახა სურათები, აღწერები და მომენტები, რომლებსაც ის ადამიანები იხსენებდნენ, ვისაც ხვდებოდა წიგნზე მუშაობისას. მისი მიზანი იყო, შემოენახა ამბები, რომლებსაც, შესაძლოა, არაფერი აქვს საერთო რეალურ მოვლენებთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი უკეთ ასახავს დროსა და გარემოს და მათში მეტი იკითხება, ვიდრე ფაქტებმა შეიძლება გვითხრას.
დავით ჯიშკარიანმა თავის წიგნზე („ბუცები და ტყავის ჩექმა“) მუშაობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, წერისას ისტორიკოსობა ზღუდავდა, რადგან მის ტექსტში იყო მომენტები, რომელთა აღწერაც მწერალს მეტი დრამატიზმით შეეძლო, მისი შემოქმედებითი თავისუფლებიდან გამომდინარე, მან კი თავი შეიკავა. გაიხსენა, რომ ის, რაც მუშაობისას რესპონდენტებმა უთხრეს, გადამოწმების შედეგად არ ჩაითვლებოდა პირველწყაროდ, ამიტომ მათი მონათხრობი წიგნში ვერ მოხვდა.
13 სექტემბერს, მეხუთე საფესტივალო დღეს, მწერალთა სახლს ბერნჰარდ შლინკი ესტუმრა. საუბრის თემა იყო ისტორიაზე წერა: წარსულთან თანაცხოვრება. შეხვედრას ნინო ლეჟავა უძღვებოდა.
დღის ბოლოს კი ივა ფეზუაშვილთან, 2022 წლის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთან გაიმართა შეხვედრა, რომლის მოდერატორიც პაატა შამუგია გახლდათ.
ავტორებმა პრემიის პოზიტიურ გავლენაზე ისაუბრეს. ივა ფეზუაშვილმა თარგმნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ თუ ერთი ადამიანი გაჭრის გზას, ამ გზის გამოყენებას სხვა ავტორებიც შეძლებენ, წიგნის სიცოცხლისუნარიანობისთვის კი მისი თარგმნა გადამწყვეტია. „ქართველი მწერლისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის თარგმანი. თუ ითარგმნა, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს“ – აღნიშნა მან.
© არილი