ახალი ამბები,  ახალი წიგნები

თბილისის წიგნის დღეები – რა სიახლეები აქვს სულაკაურის გამომცემლობას

თბილისის წიგნის დღეები – წიგნების ყველაზე მასშტაბური ბაზრობა ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში 4-5-6 ნოემბერს გაიმართება და ქართველ მკითხველს ათეულობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამომცემლობასა და მაღაზიას გააცნობს.

ტრადიციულად, გამომცემლობებს წელსაც არაერთი საინტერესო სიახლე აქვთ: ახალი თუ განახლებული გამოცემები, წიგნის პრეზენტაციები, ფასდაკლებები… საფესტივალო კატალოგების დათვალიერება გამომცემლობების ოფიციალურ გვერდებზე შეგიძლიათ, ამ სტატიაში კი ნახავთ, რას უმზადებს მკითხველს „სულაკაურის გამომცემლობა“.

ახალი გამოცემები

ფრანსუა ვიიონი, „მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: დავით წერედიანი

XV საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის (1431 – 1463) შემოქმედებამ ჩვენამდე მისი ხელნაწერებისა და გამოცემული წიგნების ფრაგმენტების წყალობით მოაღწია. ვიიონის ძირითად ნაწარმოებებად მისი მცირე და დიდი ანდერძები მიიჩნევა. ამ კრებულში, ანდერძების გარდა, ვიიონის ჩართული ლექსები – ბალადებიცაა მოცემული.

პოლ ვალერი მის შემოქმედებას ასე აფასებდა: „…ვიიონს ყველა დროში კითხულობდნენ, მაგრამ მისი სახელი დღეს კიდევ მეტი დიდებით არის მოსილი, ვიდრე ოდესმე… ეს პოეზია თამამად უძლებს ყოველგვარ შედარებას შემდგომ ეპოქებთან, იმასთან, რაც მომდევნო ოთხი საუკუნის დიდმა პოეტებმა შემოიტანეს ყველაზე ძალმოსილი თუ ყველაზე სრულყოფილი. ვინაიდან ფორმას ოქროს ფასი აქვს“.

„მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი“ სულაკაურის „მსოფლიო კლასიკის“ სერიას შეემატება.

კობო აბე, „სხვისი სახე“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

მკითხველი დიდხანს და მოუთმენლად ელოდა კობო აბეს წიგნს „სხვისი სახე“, რომლის შეძენაც ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს?

ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს.

ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს.

კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ.

ფიოდორ დოსტოევსკი, „იდიოტი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

1867 წლის მიწურულს, 27 ნოემბრის ცივ, ნესტიან დილას, ვარშავიდან მომავალ მატარებელში ერთმანეთს სრულიად შემთხვევით, მაგრამ საბედისწეროდ გადაეყრებიან პარფენ სემიონოვიჩ როგოჟინი და ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი – ასე იწყება მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულად ღრმა, მისტიკური და მრავლისმომცველი რომანი, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) „იდიოტი“.

„იდიოტის“ ახალი თარგმანი „მსოფლიო კლასიკის“ სერიაში გამოიცემა. იმავე სერიაში დოსტოევსკის სხვა წიგნების შეძენაც არის შესაძლებელი („მოთამაშე/იატაკქვეშეთის ჩანაწერები/უპოვარნი“,„დანაშაული და სასჯელი“, „ძმები კარამაზოვები“).

განახლებული გამოცემა

გოგი გვახარია, „ცრემლიანი სათვალე“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022.

გოგი გვახარია: „ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, „პირად ისტორიაზე“, ე. ი. ბიოგრაფიაზე, იმოქმედა… ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.

ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და „ოტტეპელის“ დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და „პერე­სტროიკის“ ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით.

კინოს მოყვარულები ცნობილი „ვუაიერისტები“ რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით… და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!“

ლიტოდისეა – განახლებული გამოცემები

მკითხველებისთვის ნაცნობი და საყვარელი წიგნები განახლებული დიზაინით გამოიცა.

კნუტ ჰამსუნი, მისტერიები, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარე სამყაროში. მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.

„მისტერიებს“ კრიტიკოსები მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია კნუტ ჰამსუნს „მიწის მადლისთვის“ გადაეცა.

ჟოზე სარამაგუ, „კაენი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

სარამაგუს ბოლო რომანის სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და, საბოლოოდ, იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.

ისმაილ კადარე, „გახლეჩილი აპრილი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი

მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად…

ამ დროს ზეგანზე ეტლით მოგზაურობს ქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს ატარებს და თან მთის მკაცრ ადათ-წესებს შეისწავლის. პატარძლისთვის ეს საშინელი წესები მიუღებელია. ქმრის მონათხრობი მისთვის რეალურ სახეს მაშინ იღებს, როდესაც გზაზე გადაეყრებიან რომანის მთავარ გმირს და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება…

თომას ჰარისი, კრავთა დუმილი, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: ნიკა სამუშია

„კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს, და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი.

ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს ყოველ მის ქცევას.

რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ გახსნასთან და, თანაც, აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს.

© არილი

Facebook Comments Box