
ერთხელ მამაჩემს ვკითხე:
– ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი?
– გარი ლინეკერი!
– რატომ გარი ლინეკერი?
– გარი ლინეკერს ყვითელი ბარათი არასოდეს მიუღია!
მალხაზ ხარბედიაც ასეთი გარი ლინეკერი იყო, ადამიანი, ვისაც არავისგან მიუღია ცხოვრებისეული ყვითელი ბარათი. მე კი ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ შორეულ ბავშვობაში მამაჩემთან გამართული ეს მოკლე დიალოგი, მომავლად გადამექცეოდა და ინგლისურ ფეხბურთს შემაყვარებდა. აქ საკლუბო ფეხბურთს ვგულისხმობ, თავად მე საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, რაც ინგლისურ ფეხბურთთან მჭიდრო კავშირშია.
ამ ყველაფერთან ერთად, იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ უემბლი ჩემი და მახოს აუხდენელი ოცნება გახდებოდა. ერთად წასვლას ვგეგმავდით ინგლისი-საფრანგეთის თამაშზე, ეს იყო ჩვენი ოცნება, რომელიც აუხდენელი დაგვრჩა.
თბილისში 1993 წლის 13 მაისს ჩამოვედი, მახოსთან მივედი, მაგ დღეს სპორტულები მეცვა, ეს მახოს ახლოს გაცნობის პირველი დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მამები ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, მანამდე ხშირი ურთიერთობა არ გვქონია. ამ შეხვედრის შემდეგ ხშირად მეხუმრებოდა ჩემს სპორტულებზე, ბუნებრივიც იყო, დიდი მქონდა და სპორტულების რეზინა ლამის ყელთან მქონდა მოჭერილი. ასეთად გამიცნო მახომ, “სპორტულებიანი თემო”, რომელიც სოხუმიდან ჩამოვიდა, რათა გადარჩენილიყო. ამ დღიდან მოყოლებული, მახო ყველაფერს აკეთებდა, რომ ცხოვრება, ლიტერატურა, ფერწერა და კინო თავიდან შემყვარებოდა, ანუ ყველაფერი ის, რაც მისთვის ძვირფასი და ჰაერივით საჭირო იყო, ხვდებოდა, რომ მხოლოდ ეს გადამარჩენდა. ის იქცა ჩემს მასწავლებლად, მე კი მის მოსწავლედ.
ეს წერილი მახოსა და იმ სიყვარულს ეძღვნება, რომელიც ფეხბურთთან აკავშირებდა, ამიტომ სანამ ამ ამბებს მოვყვები, უნდა ითქვას, როგორ მივიდა არა ინგლისურ, არამედ ბრიტანულ ფეხბურთამდე და როგორ იქცა მისთვის და მერე ჩემთვისაც უემბლი ფეხბურთის მექად და აუხდენელ ოცნებად.
პირველად, ალბათ, მაინც მუსიკა იყო, ნამდვილი ბრიტანული როკი, აქედან დაიბადა ყველაფერი – ლიტერატურა, ფერწერა, სპორტი და ალექს ფერგიუსონი, ანუ ლექსო, როგორც მახო ეძახდა. სწორედ ეს იყო უემბლისკენ მიმავალი გზის დასაწყისი, ხშირად ვუსმენდით წმინდა როკს, ნამდვილსა და ცოცხალს. ჯერ კასეტები იყო, მერე დისკები, ბოლოს კი იუთუბამდე მივედით.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ბრმა არ ყოფილა, მახოსთვის ჰომეროსივით იყო, ჰომეროსი, რომელმაც შექმნა აქილევსი – ერიკ კანტონა. მახოს განსაკუთრებულად უყვარდა ალექს (ლექსო) ფერგიუსონი, მისთვის ის ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის მაგალითი იყო. ერთხელ უეინ რუნის წიგნი წაიკითხა, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად დამირეკა, მახსოვს, აღფრთოვანებული იყო იმ კონკრეტული ეპიზოდით, სადაც რუნი ფერგიუსონზე წერდა. ჩანაწერი ასეთი იყო:
მანჩესტერის ბაზაზე რამდენჯერმე მომიწია გვიანობამდე დარჩენა. ყოველ ჯერზე ბოსის ოთახში მუდმივად ენთო შუქი, ვარჯიშის მერე ბაზაზე რჩება, თამაშებს უყურებს, აანალიზებს, შეცდომებს აკვირდება, რათა მეორე დღეს ყველაფერი დაწვრილებით გვითხრას.
უკიდეგანო აღფრთოვანება სჩვეოდა მახოს, ისეთი ემოციით ჰყვებოდა ამ ამბავს, თითქოს თავად იყო უეინ რუნი, თავად ნახა შუაღამისას ლექსოს ოთახში ანთებული შუქი. თვითონაც ასე მუშაობდა, ყველაფერს ღამით აკეთებდა, დღის განმავლობაში შთაბეჭდილებებს აგროვებდა და ღამით მათ ფურცლებზე გადმოტანას ცდილობდა.
მე და მახოს კიდევ ბევრი რამ გვაერთიანებდა, მათ შორის იყო მუდმივი კონკურენცია პრემიერლიგაში. მე ლონდონის არსენალის ფანი ვარ, ბუნებრივია, როგორც მანჩესტერის გულშემატკივარს, არსენალი არ უნდა ჰყვარებოდა, მაგრამ ჩემი ხათრითა და არსენ ვერგერის დიდი პატივისცემის გამო, მეტოქის მიმართ ყოველთვის კორექტურული იყო.
2003-2004 წლების სეზონში, არსენალმა დაუმარცხებლად მოიგო პრემიერლიგა და შემდეგ სეზონსაც ასე აგრძელებდა. დადგა 2004 წლის სექტემბერი და ოლდ ტრაფარორდზე თამაში უნდა შედგეს, მანჩესტერი-არსენალი, მე და მახო ამ თამაშს მასთან სახლში ერთად ვუყურებთ, ეს 50-ე თამაში იყო არსენალისთვის და საიუბილეო წაუგებელი სერია უნდა დაეფიქსირებინა. მახოს დიდი უპირატესობა ჰქონდა, საკუთარ მოედანზე იყო ყველანაირი გაგებით, არსენალმა წააგო და წაუგებელი სერიაც შეწყდა. ავღელდი, ცუდ ხასიათზე დავდექი, მახომ კი, როგორც ყოველთვის, ზუსტი სიტყვების პოვნა მოახერხა და მითხრა:
არსენალს რომ სხვასთან წაეგო, ხომ უფრო გაგიტყდებოდა. აბა, ვისთან უნდა შეწყვეტილიყო წაუგებელი სერია, თუ არა მანჩესტერთან, თანაც ოლდ ტრაფარორდზეო.
მახოს განსაკუთრებით საინტერესო დამოკიდებულება ჰქონდა არსენ ვენგერისადმი, დიდ პატივს სცემდა, მუდმივად უსმენდა მის ინტერვიუებს, როგორც ლექსოს ღირსეულ კონკურენტს და დადგა ერთი საოცარი დღეც. მახო მირეკავს და სრულიად გაოგნებული მეუბნება, ვერ დაიჯერებ, ირენის მამა ისე ჰგავს არსენ ვენგერს (ნოდარ მახარაძე), უნდა გაიცნოო და სახლში დამპატიჟა, მაშინვე მივედი.
ჩემ წინ იდგა არსენ ვენგერი, ზუსტად იგივე სიმაღლის, დახვეწილი, დინჯი, საოცარი ადამიანი. მახო იმით იყო აღფრთოვანებული, მე როგორც ვუყურებდი ნოდარს, არსენალის თავგადაკლული გულშემატკივარი. ამ დღის შემდეგ არსენ ვენგერის ყოველ კომენტარზე ასე მეხუმრებოდა: ნახე, ჩემმა სიმამრმა რა თქვა? ნახე, ჩემმა სიმამრმა რა ქნა?
აუცილებლად უნდა ვისაუბრო მოედანზე მახოს საყვარელ პოზიციაზე. არავინ არ უყვარდა ისე, როგორც ვინგერები, „წმინდა-წინგერები“, ასე ეძახდა ხოლმე. მათ შორის გამოვყოფდი რაიან გიგზს და გარეთ ბეილს, არც ერთი არ იყო ინგლისელი, ორივე უელსელია, მთავარია, რომ ბრიტანელები იყვნენ. ყოველთვის ამაყობდა რაიან გიგზით, რადგან არასდროს დატოვა მანჩესტერი და კარიერაც იქ დაამთავრა, ხოლო გარეთ ბეილზე ცოტა განაწყენებული იყო, რადგან რეალში გადავიდა.
ყოველ ზაფხულს ტრანსფერებთან დაკავშირებულ სიახლეებს ადევნებდა თვალს, სასწაულის მოლოდინი ჰქონდა, იქნებ ერთი ქართველი მაინც გადასულიყო პრემიერლიგაში, ამაზე ოცნებობდა.
მახო ბოლოს იანვარში ვნახე, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიაზე მეკითხებოდა, რამდენად სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნდა მისი პსჟ-ში გადასვლა, მეც დიდი ენთუზიაზმით ვუხსნიდი, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში მას მეტი სივრცე ექნებოდა, რომ იქ არ თამაშობენ ჩაკეტილ ფეხბურთს და უფრო მეტად გაიხსნებოდა.
ბევრი ვისაუბრე ფეხბურთისა და მახოს გარშემო, მაგრამ ვინ იყო მახო ჩემთვის? ის პოლ სქოულზის ჰგავდა, თავისი გუნდის ნამდვილ კაპიტანს, მასავით გამჭრიახს, ლიდერს, შრომისმოყვარეს, ერთგულ ადამიანსა და ზუსტი პასის მიმცემს.
© არილი