პოეზია

თემურ ჩხეტიანი – მანჰეტენი ეზოში და სხვ. ლექსები

temuri 7282737

მანჰეტენი  ეზოში

                              ირაკლი ცხვედიანს           

სულ ადვილია, გამოიხმო მანჰეტენი
აქ, ამ დაკარგული ქვეყნის ერთ, მივიწყებულ სოფელში,
აი, ამ ეზოში,
როცა შემოდგმის მიწურული
ასეთი მზიანია და ასე თბილია.

გაიტანე სკამი გარეთ და დაჯექი;
გადაშალე ჟურნალი და იკითხე,
იკითხე ვინმე ჰანს პრომველის ლექსები.
ჰო, პრომველის, თორემ იყო კრომველიც,
მაგრამ ის სხვანაირად უბერავდა
და ჩვენ ამჯერად ნამდვილად არ გვაინტერესებს.

იკითხე პრომველის ლექსები
და იგრძნობ, როგორ შემოდის შენს ჩუმ ეზოში
დიდი და ხმაურიანი მანჰეტენი
და შენც როგორ გადადიხარ და როგორ იკარგები
მანჰეტენის ფუსფუსსა და მარტოობაში.

ჰო, შენც მიხვდები,
რამდენად მცირეა მანძილი
შენი ჭუჭყიანი სახლიდან
მანჰეტენის ბრწყინვალებამდე;
და როგორ თავისუფლად ეტევა
იქაური რია-რია, ცდა და იმედგაცრუება
და ამხელა მარტოობა
შენს სახლისწინა პატარა ეზოში…
„მოსაწყენია შემოდგომა მანჰეტენზე,
როცა არავინ გიყვარს.“
არა მარტო მანჰეტენზე…

მაგრამ აქ ახლა მზეა და სითბოა
და მოწყენაც სადღაც წავიდა
დროებით და, ვიდრე ისევ დაბრუნდებოდეს,
ღიმილიანი დავსეირნობ ჩემს მანჰეტენზე.

შემოდგომაა –
მზეა და თბილა…
მანდ რა ხდება, ჰანს?
მანჰეტენზე როგორი ამინდია?..

 

ერთი დღის ერთი სურათი

ვიღაცის თუ რაღაცის მოლოდინში
თეატრის წინ, კიბის საფეხურზე ვისხედით ორი პოეტი,
ვსაუბრობდით და სიგარეტს ვეწეოდით.

ვსაუბრობდით და გავყურებდით
თეატრისწინა მოედანზე მოძრავ მანქანებს;
გავყურებდით შენობებსაც:
საცხოვრებელი სახლი, სამუსიკო სასწავლებელი, ბანკის შენობა…

თვალს ვაყოლებდით მტრედებს, რომლებიც
დროდადრო ფრინდებოდნენ  მოედნიდან,
ფრინდებოდნენ და აქეთ-იქით იფანტებოდნენ.

ვსაუბრობდით და ვუყურებდით
ძველი სასახლის მაღალ გალავანს –

იდუმალს და ალბათ ყველაზე დიდ მომლოდინეს
მთელ ამ პატარა და ლამაზ ქალაქში…

 

თეატრის წინ, კიბის საფეხურზე ვისხედით ორი პოეტი,
შორიახლო კი,
ჩვენგან ხელმარცხნივ,
გაურკვეველი ჯიშის და ფერის
ქუჩის ძაღლს ეძინა.

 

* * *
ვუყურებთ ერთმანეთს
მთვარე და მე:
ის, ცხადია, ციდან,
მე – პატარა სახლის დაბალი აივნიდან…
მე ვეწევი სიგარეტს და ვფიქრობ;
მთვარე არ ვიცი, ფიქრობს თუ არა,
მაგრამ ის არ ეწევა.
ან როგორ მოსწევს? –
იქ არც თამბაქოა
და არც სანთებელა BIC…
ბოლოს და ბოლოს, იქ არც ჰაერია,
რომ მთვარემ ერთი ღრმად ჩაისუნთქოს
და ამოიოხროს.

* * *

                        გიორგი ლობჟანიძეს
უცხონი არიან ეს დღეები:
მოდიან, ჩაივლიან, მიდიან…
ერთ სიტყვას არ გადმოგიგდებენ,
არათუ შეჩერდენ,
მოგიახლოვდნენ და მოგიკითხონ.

უცხონი არიან ეს დღეები:
მოდიან, ჩაივლიან, მიდიან…
დღეები – მოღუშულნი და რუხნი,
რომლებსაც  თუ დაენახვები,
თორემ მეტს ვერაფერს გაუბედავ,
სალამზეც უხმოდ უპასუხებ –
თავის დაქნევით და თვალის გაყოლებით.

 

                          კატო, შოთა, ნიკა

 

ერთი პოეტი ოთახში, მაგიდასთან,
ორი კი გარეთ – ფანჯარას მომდგარნი
მიყურებენ მე – მეოთხე პოეტს,
რომელიც არ ვარ იმ ოთახში,
არც გარეთ, ახლო-მახლო
და, საერთოდ, ისინი კი არა,
მე ვხედავ მათ.

 

Minimals

მეხუთე წყვილი

 

ჯო კოკერის სიმღერის რიტმზე
ოთხი წყვილი ცეკვავდა დარბაზში.
მე ცალკე შემოვრჩი ერთ-ერთ მაგიდასთან
და შენზე ვფიქრობდი.

 

***

ნუ…
ნუ გროვდებით ჩემში და ჩემს თავს ზემოთ
რისხვის ღრუბლებო –
ნუ ამიფეთქებთ სულს,
ნუ შემუსრავთ ჩემს გვერდით
ამოწვერილ ბაბუაწვერას.

***
სიტყვა, რომელიც ასცდა მიზანს
ან ხის ტოტში ჩაეჭედა,
ანდა კედელში
და ის ყოველთვის ემახსოვრება
პატიოსან მსროლელს.

 

***
არცერთ ვარსკვლავთმრიცხველს
არ მიუღწევია
თავისივე აღმოჩენილ ვარსკვლავამდე.

 

***
იანვარი განახევრდა,
ზამთარიც განახევრდა…
რატომ გაორმაგდა ნაღველი?

 

***
იანვარი,
რომელიც ისეთი თბილია,
რომ სრულებით არ ჰგავს ზამთარს,
გვაფრთხილებს, რომ გაზაფხულიც
ვერ იქნება გაზაფხულივით.

 

***
უსიზმრო ღამის შემდეგ
იფიქრებ, რომ დღეა სიზმარი,
დღე – უღიმღამო კადრებად.

 

***
დილის სუსხმა შემახსენა,
რომ ქუდი დამრჩა
და დახურულმა კარმა მამცნო,
რომ სახლი დავტოვე.

 

ზაფხულის ერთი დღის ხუთი ჰაიკუ

***
დავხუჭავ თვალებს,
რომ მეგონოს: მზის სითბო –
შენი სითბოა.

***
ჩრდილი მთვარისგან…
კიბის საფეხურებზე
მიიზლაზნება.

***

ციცინათელას
მოცისფრო წერტილი ოთახში,
ვიდრე შუქს ავანთებდი.

 

***
ჩემო ნათურავ,
როგორც გინდა გაანათე –
აქ მხოლოდ მე ვარ.

 

***

სახლი – ფურცელი,

და ამ სახლში ერთი ოთახი –

ჰაიკუს ხელა.

© არილი

Facebook Comments Box