პოეზია

თემურ  ჩხეტიანი – “წერტილი” და სხვა ახალი ლექსები

წერტილი

 

წუხელ ცა წერდა საშინელ პოემას…
წერდა რაღაც გაშმაგებით,
წერდა მძაფრად,
წერდა ელვისა და გრგვინვის თანხლებით;
წერდა ცა წვიმის სტრიქონებით:
პაუზებით, მიჩუმებით და ისევ ხმაურით.
წერდა ცა წვიმით –
ვერტიკალურად და მთელ სივრცეში
ელვისა და გრგვინვის თანხლებით.

ვიწექი,
ვუსმენდი,
წაკითხვას ვცდილობდი.
მესმოდა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი:
არ ჰგავდა ცის ნაწერი არცერთ დამწერლობას –
არც იაპონური იყო და არც სხვა ენაზე.
ვუსმენდი და წაკითხვას ვცდილობდი,
მაგრამ ამაოდ – მხოლოდ შიში,
მხოლოდ შიში მივლიდა სხეულში.

ცა ისევ წერდა საშინელ პოემას –
წერდა წვიმის სტრიქონებით,
წერდა ელვის და გრგვინვის თანხლებით.
ვიწექი და წაკითხვას ვცდილობდი.
იქნებ ის იყო,
ერთხელ რომ წვიმად მოსვლა ინატრა?..

წერდა ცა ისევ გაშმაგებით –
წერდა წვიმის სტრიქონებით,
ელვისა და გრგვინვის თანხლებით.
ვიწექი,
ვუსმენდი,
წაკითხვას ვცდილობდი…
მხოლოდ და მხოლოდ ამას ვხვდებოდი:
რა პატარა ვარ,
როგორ მცირე ვარ
და რაოდენ უმნიშვნელო ვარ
ცის წინაშე,
ამ სამყაროში !..

ცა ისევ წერდა –
წერდა წვიმის სტრიქონებით,
ელვისა და გრგვინვის თანხლებით,
დროდადრო მიჩუმებით,
მერე ისევ გულისხეთქებით…
და როცა ინათა,
როცა გათენდა,
მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა.
დაასრულა და მერეღა დასვა
ლურჯ ფურცელზე
მზის დიდი წერტილი.

 

 

მეტისმეტად ჩუმი მარტოობა

ეძღვნება გია-ჰანტას

ვვახშმობ და ვუყურებ,

მაგიდაზე დაცოცავს ჩემსავით მარტო ჭიანჭველა:

მარცხნივ, მარჯვნივ

ზემოთ,

ქვემოთ…
ოფიციანტია?

თუ შექეიფიანებული თანამეინახე?..
ჩვენ გაგვიმარჯოს, ჭიანჭველავ,

მე და შენ გაგვიმარჯოს !..

 

 

***

არ იცის შაშვმა, რისთვისა გალობს,

არც ქარმა იცის, საით უბერავს.

 

სადღაც, უცნობ და უხილავ მიწაში

ხორბლის მარცვლებივით ცვივიან ჩვენი ფიქრები;

სველდებიან უხილავ წვიმით

და ღივდებიან უცნობი მზის სითბოთი.

 

ღივდებიან, ამოდიან და იზრდებიან,

და შრიალებენ მწვანე ჯეჯილად.

მოგვიანებით ვიღაც დადის შემოსულ ყანაში,

თვალს იხარებს

და ხარობს იმ სიხარულით,

ჩვენ რომ არ გვეღირსა…

 

და არც მზემ იცის,
ვისთვის ამოდის,
მაგრამ იცის,
რომ უნდა ანათოს.

 

 

 თრილერი

 

დაძინებამდე
რაღაც ფილმს ვუყურებდი.

ფილმი სიზმარში გაგრძელდა
და იქ უკვე მეც ვიყავი ერთ-ერთი პერსონაჟი
და ჩემს თავსაც ვხედავდი ახლო თუ შორი კადრით:

ვიჯექი კაფეში და ვიღაცას ველოდი;
გავდიოდი გარეთ და ვიღაცა მეძახდა,
ვტრიალდებოდი და სახეში მირტყამდნენ;
მერე ვიღაცას მივდევდი,
ვეცემოდი
და ისევ ვდგებოდი;
მერე ვიღაც მეხვეოდა და მეფერებოდა…

მერე ჩვენ ერთად გავურბოდით ჩვენკენ მომქროლავ
და ფარებაბრდღღვიალებულ მანქანას –
გავრბოდით,
გავრბოდით,
გავრბოდით…
და გულისხეთქებით გამომეღვიძა.

ვიწექი გულაღმა
და სიბნელეში დიდხანს ავყურებდი ჭერის შავ ეკრანს –
ველოდი,
როდის გამოჩნდებოდა წარწერა თეთრი ასოებით
„ F I N”,
რომ ავმდგარიყავი
და „დარბაზში“ შუქი ამენთო.

 

 

ქებათა- ქება მეწამულ მაისურს

 

                    „არა, სხვა არაფერი!
მხოლოდ იმის შეგნება,
რომ სიცოცხლე ილევა
ქალის მკერდის სიზმარით…“
                                             გივი გეგეჭკორი

შენ კი არ ფარავ,
უფრო აჩენ.
აჩენ იმას, რაც არის და რაც იგულისხმება;
აჩენ იმაზე მეტს, რასაც ხედავს თვალი
შენზე მზერამობმული.

შენი წვრილი ბრეტელებით
და თითქმის გამჭვირვალე ქსოვილით
შენ არ ფარავ, და უფრო აჩენ
თვალისმომჭრელ სითეთრეს მკერდისას:
ორი თბილი ბორცვი და ღარი მათ შორის;
მკლავები, მხრები – თეთრი და გლუვი;
ყელი, ნიკაპი, ბაგეები – ღიმილის ხაზი,
ცხვირი, ლოყები..
თვალები – ლურჯად მოციმციმენი;
შუბლი და შავი თმა –
სახის ირგვლივ, თეთრ ბალიშზე…

უფრო ზემოთ:
საწოლის თავი და მის უკან დიდი სარკმელი;
სარკმელში კი მწვანე ნაძვები,
ნიავისგან მოცახცახენი.
და ცა,
ლურჯი ცა – გარეთ ალბათ გაზაფხულია !..

ლურჯი ცა, ხეები, სარკმელი, საწოლი…
შავი თმა თეთრ ბალიშზე
და ლურჯი თვალები,
შენფერი ბაგეები;
ყელი და მხრები,
ქათქათა მკლავები…

და შენ, წითელო თუ მეწამულო,
რომელიც კი არ ფარავ, უფრო აჩენ
შენი წვრილი ბრეტელებით
და თითქმის გამჭვირვალე ქსოვილით
ასე მშვენიერს და ასე სასურველს –
ორ თბილ, ქათქათა ბორცვს
და ღარს მათ შორის!..

უფრო ქვემოთ კი
ოდნავ მთრთოლარე ხელებს
თეთრ-ჭრელ საბანზე,
დიდი აფეთქების მოლოდინში…

… დიახ, მას ეღვიძა,
მაგრამ მე რატომ გამომეღვიძა? –
მერჩივნა, სიზმარში დავრჩენილიყავი.

 

 

***

მილიარდი ყვავილი აპრილში –
ველად თუ ხეებზე…

მე კი ის ერთი დამამახსოვრდა
ალუჩის განაპირა ტოტიდან:

დიდხანს მიყურებდა
თვალდაუხამხამებლად.

 

 

 ლერწამი

 

უყვავილო
და უნაყოფო…
თითქოს მხოლოდ თავისთვის არსებობდეს
და სხვა არაფერი აინტერესებდეს.

არადა, როგორი მგრძნობიარეა! –
ნიავის ერთ წამოქროლაზეც ცახცახი იტანს
და ჟრუანტელად უვლის სხეულში…

თითქოს მხოლოდ თავისთვის არსებობს
და, ვინ იცის,
რას განიცდის
და რაზე დარდობს,
წვიმაში ჩუმად რომ იცრემლება?..

 

 

უცნობი

საავადმყოფოს დერეფანში
გაიარა ვიღაც მოხუცმა
და მარადიულ დუმილად დარჩა
მეოთხე სართულის
ღია სარკმელი.

 

 მარტოსახლი

 

ბებერი მსხლის
მოყვავილე ტოტი
თუნუქის ჟანგიან სახურავზე –
დაე, ამ სახლმაც იგრძნოს
გაზაფხული.

 

 

Endgame Studies

დავით გურგენიძეს

 

სამი თეთრი მტრედი

და სამი შავი მერცხალი

ლურჯი ცის

უსაზღვრო დაფაზე.

 

 

უკან მოხედვა

მაინც რისთვის მოდიოდი ამდენი ხანი?
ამხელა გზა ნეტავ რისთვის გამოიარე?..

გზად და სვლად ითქმის,
თორემ არც გზა იყო
და ასეთ სვლასაც რა სვლა ეთქმოდა?-

ბორძიკ-ბორძიკით,
დაცემებით
ან სულაც – ფორთხვით,
ძლივს წამოდგომით,
მუხლების კანკალით…

მაგრამ მაინც მოიწევდი – მოდიოდი,
მოდიოდი და არც იცოდი:
რატომ? რისთვის? ვისკენ?
და გზიდან არ გადაგიხვევია…

მაინც რისთვის მოდიოდი ამდენი ხანი?..
ჩამოჯექი,
შეისვენე,
სული მოითქვი.

ღამდება უკვე,
სიჩუმეა,
სხვა არაფერი…
მხოლოდ ეს:
ციცინათელებით განათებული ბილიკი
სიბნელეში.

© არილი

Facebook Comments Box