ახალი ამბები,  ინტერვიუ

თეონა დოლენჯაშვილი დავით გაბუნიას კრიტიკას პასუხობს

თეონა დოლენჯაშვილი “არილში” გამოქვეყნებულ დავით გაბუნიას კრიტიკას პასუხობს:

 

რატომ გაგიჩნდათ სურვილი დავით გაბუნიას კრიტიკისთვის გეპასუხათ? როცა თავად ავტორი ირჩევს კრიტიკოსისთვის პასუხის გაცემას, ეს გარკვეულწილად საინტერესოა. რა არის თქვენი სათქმელი გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით.

დავიწყოთ იმით, რომ ინტერვიუში ბ-ნი დავით გაბუნიას მიერ გამოთქმულ აზრებს არაფერი აქვს საერთო კრიტიკასთან. ეს არის პირადი ბოღმისა და ლანძღვის ამონთხევა, თითქოს სამზარეულოში ჩამოჯდა უახლოეს მეგობართან და ბექა ქურხულსა და ჩემზე ღვარძლიანად, აგრესიულად იჭორავა, მთელი ბოღმა არწყია… ეს იყო სამაგიეროს გადახდის მცდელობა ორ ავტორზე. ერთზე იმიტომ, რომ ემოციურ ფონზე შეიგინა, მეორეზე კი იმიტომ, რომ სტატუსი დადო და მისი ეს სტატუსი და ჟიურის კრიტიკა პრესა-ტელევიზიით გაშუქდა. ყველამ ვიცით, ლიტერატურული კრიტიკა იქმნება იმისთვის, რომ ავტორმა ამ კრიტიკიდან აზრი გამოიტანოს, საკუთარ შეცდომებს ჩაუღრმავდეს და დაფიქრდეს რა დააკლდა მის ტექსტს. ბ-ნ გაბუნიასთან მსგავსი არაფერია. ის ცდილობს გაანადგუროს ავტორი, გადაუაროს მას და ხაზი გადაუსვას,  როგორც მწერალს. აქვე უნდა ვთქვა, რომ ბ-ნი  გაბუნია ჩემთან მიმართებაში ამას პირველად არ აკეთებს, ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც პირველი “ საბა” ავიღე, როგორც მოსისხლე მტერს, ისე დამიპირისპირდა. სამწუხაროდ, მაშინ ფორუმული კომენტარების დასქრინშოტება შეუძლებელი იყო, თორემ პირდაპირ მტკიცებულებას წარმოვადგენდი როგორ აგრესიულად მაბულინგებდა ის როგორც ქალს, რომელმაც წერა გაბედა. “დოლენჯაშვილმა წერა რა იცის, გრძელი ფეხებით წერს”. “ეს არის უტვინო ქალის დაწერილი არაფრისმთქმელი ჩტივა… “ – ეს ბ-ნი გაბუნიას ფორუმული მარგალიტებია და ლიტ.ჯის მაშინდელ წევრებს ემახსოვრებათ კიდეც. დათო გაბუნია ფორუმზე წერდა გრძელ აგრესიულ “კრიტიკულ” წერილებს ჩემზე, რომლებიც ლანძღვა და ბულინგი უფრო იყო, ვიდრე რამე ტიპის კრიტიკა. მახსოვს შოთა იათაშვილს როგორ დაუპირისპირდა და ისიც აბულინგა იმის გამო, რომ შოთამ ჟურნალ “ალტერნატივაში” ჩემს პირველ წიგნზე ძალიან კარგი რეცენზია დაწერა. სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რატომ ამომიჩემა და რა დავუშავე, მაგრამ ფაქტია, რომ ამდენი წლის მერე, როცა ბ-ნი გაბუნია “საბას” ჟიურიში მოხვდა, კარგი შანსი მიეცა მისი მაშინდელი შეფასებები როგორღაც დაემტკიცებინა. ახლა ამ გზით მაინც დაედასტურებინა, რომ მაშინ მართალი იყო.

რაც შეეხება ამ ინტერვიუში გამოთქმულ აზრებს, მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაგალითად, ბ-ნი გაბუნია ამბობს, რომ ომის საშინელებასა და პერსონაჟის განცდებზე წერა თურმე ცუდი ლიტერატურა ყოფილა. ამ ლოგიკით რამდენი მსოფლიო ლიტერატურის შედევრია ცუდი, წარმოიდგინეთ. თუნდაც იგივე სვეტლანა ალექსიევიჩი ან ჰერტა მიულერი რა ცუდი მწერლები ყოფილან. ომი რომ მძიმეა და ომში მოხვედრილი, სიცოცხლის გადარჩენისთვის მებრძოლი ადამიანების განცდები – მძაფრი, ამაში რამე ახალია? ან მსუბუქი და უემოციო როგორ უნდა იყოს აღწერილი სურათი, როცა წიგნი ტრაგედიის ჟანრშია? აქვე უნდა ვთქვა რომ ყველა ამბავი, რომელიც ამ წიგნშია, რეალური ისტორიაა და ყველა იქ აღწერილი ემოცია – ნამდვილი. ამ ამბებს მიყვებოდნენ ამ ომების მონაწილეები და თვითმხილველები სირიაში, თურქეთსა თუ საქართველოში. ეს რაც შეეხება შინაარსს და თუ ბატონი გაბუნია სტილსა და ენას გვიწუნებს, თუ ქურხულის “ახორხლილი” სიტყვები ან ჩემი “რაფინირებული სტილის მცდელობა” არ მოსწონს, იქნებ კონკრეტული მაგალითები მოიყვანოს ტექსტიდან სად და რა წერია ცუდად და იქვე არგუმენტირებულად დაასაბუთოს. და ეს ყბადაღებული  ფრაზა – თემით სპეკულირება ასეთივე წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ბ-ნი გაბუნიას მოთხრობა  (რომანს მას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ) “დაშლაზე”, კონიუნქტურულ დაკვეთაზე, სადაც ის სპეკულირებს მომგებიანი თემით. გაბუნიას არ დავემსგავსები და ამ ტექსტის ზეპირ განქიქებას არ დავიწყებ (ძაალიან იოლი კია), რადგან, ჩემი აზრით, კრიტიკა სხვა რამ არის და მსგავსი ინტერვიუების ფორმატში ტექსტის საფუძვლიანი განხილვა უბრალოდ შეუძლებელია.

ბ-ნი გაბუნია ვერც იმას ხვდება, რომ სამყარო სწორედაც რომ მის ირგვლივ არ ტრიალებს, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არ არის და რომ ბექა ქურხულის და ჩემი წიგნის ასეთი ლანძღვით შეურაცხყოფას არა მხოლოდ ავტორებს, არამედ ყველა იმ ადამიანს აყენებს, ვისაც ეს წიგნები მოეწონათ, შეურაცხყოფას აყენებს “ლიტერას” ჟიურისაც, სადაც ორივე წიგნი ფინალისტთა სიაში იყო, ხოლო ბექას წიგნი “ლიტერას” რჩეულია. შეურაცხყოფას აყენებს პრემია “ფაზისის” ჟიურისაც, რომლის გამარჯვებულებიც არის ჩემი და ბექას წიგნები და საერთოდ ყველა ჩვენს მკითხველს, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ამ ინტერვიუში წავიკითხეთ, ეს იყო ბოროტი და აგრესიული  ბულინგი და მეტი არაფერი. იმედია, ასეთი ლიტერატორები არასდროს მოხვდებიან რამე თანამდებობაზე მაგალითად, სამინისტროებში მრჩევლებად, თორემ წარმომიდგენია რა ცენზურას დაატრიალებენ და როგორ აგვიკრძალავს წერასაც კი ისე, რომ დღევანდელი ძველი თაობის კონსერვატორო ჩინოვნიკები მასთან მონაგონი იქნებიან.

ბატონმა დავითმა თქვენი წიგნის თემატიკა შეაფასა როგორც „მომგებიანი“. როგორფიქრობთ, რა განსხვავებაა აქტუალურ საკითხებზე წერასა და „მომგებიან“ გათვლას შორის? რატომ დაინტერესდით ომის თემით და, ზოგადად, რა განაპირობებს იმ თემებისადმი თქვენს ყურადღებას, რომლებზეც მუშაობთ.

ბ-ნი გაბუნია 2006 წლიდან გაჰყვირის ამას ჩემთან მიმართებაში. და ისე გამოდის, თითქოს ვთქვათ ტერორიზმზე ან ომზე წერა მომგებიანი თემა ყოფილა და გენდერულ თემასა ან უმცირესობებზე წერა – არა. ლიტერატურაში არ არსებობს მომგებიანი და არამომგებიანი თემები, არ არსებობს გრძელფეხება ქალების ან მოკლეფეხება კაცების ლიტერატურა. არსებობს მხოლოდ კარგი და ცუდი ლიტერატურა და ის, თუ როგორ წერ ამ ყველაფერზე. “ჩიტი არ გამოფრინდებას” წერა მას შემდეგ დავიწყე, როდესაც სირია – თურქეთის საზღვარზე, ალეპოსთან  მოვხვდი სირიელ ლტოლვილთა ბანაკებში და მათი ამბები მოვისმინე, იქამდე მუდმივად ვისმენდი ჩემი აფხაზი მეგობრებისა თუ აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების ამბებს, ეს ომი მეც ტელევიზიით მინახავს, მაგრამ მგონია, რომ მეც ამ ადამიანებთან ერთად დავტოვე ცეცხლწაკიდებული სოხუმი, გადმოვიარე ჭუბერი, გამოვცადე ოცდაათწლიანი დევნილობა და დღესაც მათთან ერთად ვხტები ფანჯრიდან და სასოწარკვეთილი ვიკლავ თავს თუნდაც დღევანდელი უსამართლობის გამო. ჰო, ეს ალბათ “სპეკულაციაა” თუ ამდენი უსამართლობის, ამდენი გაუბედურებული ადამიანის და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული მიწების გამო გული გტკივა და ამაზე წერ. თურმე სპეკულაციაა, თუ დღემდე აქტუალური და მტკივნეულია ეს ყველაფერი და მისი ლიტერატურული გააზრება და წარსულის შეფასება-გადაფასება გწადია. ეს ომი ჩემთვის არ დამთავრებულა, ჭრილობები ისევ ღიაა, რუსეთი ისევ მტერია და ლიტერატურაც ამაზე ყველაზე კარგი პასუხია, რადგან ლიტერატურა ერთი ადამიანის ბედზე წერაა და არა ომის მშრალი სტატისტიკა, ალბათ ამიტომაც  შექმნილა ამდენი წიგნი ომზე. აქვე უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ ეს არ არის ჩემი თემა. ვწერ იმაზე, რაც მაწუხებს, და იმაზე, რაზე წერაც უბრალოდ მსიამოვნებს, 5 წიგნი გამოვეცი, ყველა მათგანი რომელიმე პრემიის ფინალისტი იყო, ორი -გამარჯვებული, არც მკითხველს ვუჩივი, არც პროფესიონალთა შეფასებებს, არც უცხოეთში გამოცემებს და წინ კიდევ ბევრი საინტერესო თემა და წიგნია. ყოველთვის მივესალმები, მეტიც, ვითხოვ კონსტრუქციულ კრიტიკას, ეს ყველას სჭირდება. ეს თანამშრომლობა გვზრდის და გვაძლიერებს, გვაწერინებს უკეთეს წიგნებს და ავითარებს ქართულ თანამედროვე ლიტერატურას.

ზოგადად, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ლიტერატურულ კონკურსებს? ღირს კი ისინი ამხელა ყურადღებად?

ლიტერატურული კონკურსის შედეგებს მნიშვნელობას კარგა ხანია აღარ ვანიჭებ. მე თავად ქვეყანაში არსებული ყველა კონკურსის ჟიურიში ვიყავი, ორჯერ ვიყავი საბას ჟიურის წევრიც და მივხდი, თუ რა არასწორი სისტემით მუშაობს ჩვენთან მსგავსი კონკურსები.  პირველ რიგში, არ შეიძლება გავყვიროდეთ, რომ ლიტერატურა ეს ცალსახად სუბიექტური გემოვნების საკითხია, თუკი ეს ასეთი სუბიექტური ამბავია, რა საჭიროა საერთოდ რამე პრემიის არსებობა? ვუთხრათ ერთმანეთს სუბიექტურად, რომ მოგვწონს ან არ მოგვწონს ესა თუ ის წიგნი და ამით დასრულდება, და თუ ეს ასე სუბიექტური სფეროა, რატომ არსებობს მაშინ ლიტერატურის კრიტიკოსის ან ლექსმცოდნის პროფესია? სულ მაინტერესებს, თუ რატომ არ არიან ამ კონკურსების ჟიურიში ამ პროფესიის ადამიანები? მე შეიძლება  კარგი პროზაიკოსი ვიყო,  მაგრამ საერთოდ არ მესმოდეს პოეზია და რატომ მაფასებინებ მე ან თუნდაც რომელიმე კარგ მთარგმნელს პოეტურ კრებულებს, ან დრამატურგიას? სამი (ხუთიდან სამი ხმა უმრავლესობაა) ასეთი ადამიანის სუბიექტურ მოსაზრებებზე როგორ შეიძლება დაეკიდოს მთელი წლის ლიტერატურული მოსავალი? სწორედ ამას ვამბობდი სულ, 2014 წლის მერე უკვე აქტიურად და ამას ვამბობ ახლაც, რომ უნდა შეიცვალოს სისტემა და ჟიურის შემადგენლობა, უნდა მოიწვიონ ლიტერატურის კრიტიკოსები, რომლებიც ჯგუფებად იმუშავებენ, ისე როგორც უცხოეთშია, დაწერენ ლიტერატურულ  რეცენზიებს, დადებენ პროფესიულ კრიტიკულ შეფასებებს (არა ისეთს, რომელიც ბ-მა გაბუნიამ დადო) მოიწვიონ თუნდაც სიმბოლურ ჰონორარებზე ამ პროფესიის შემსწავლელი სტუდენტები, ეს მათაც წაახალისებს და რაც მთავარია, განავითარებს ამ ჟანრს, სადაც დღეს ასე ცუდადაა საქმე. ეს წარმოაჩენს და განავითარებს მთლიანად ლიტერატურულ პროცესს და ის აღარ იქნება ასე ბაბლურად ჩაკეტილი, დახშული და დახურული. რაც მთავარია, ავტორებს გვექნება დასაბუთებული პასუხი, თუ  რატომ მოეწონა ან დაიწუნა მათი კონკრეტული წიგნი ჟიურიმ. ერთგან სატელევიზიო ეთერში ვთქვი და მერე ეს სიტყვები სხვაგვარად მოატრიალეს, ამიტომ მინდა აქ განვმარტო. მივესალმები ჩვენი მხცოვანი კორიფეების ჟიურიში მუშაობას, მაგრამ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჟიურის საპატიო წევრები, ბოლო-ბოლო მათ დროს მაინც უნდა გავუფრთხილდეთ და უკვე ფინალში გასული წიგნების შესაფასებლად მოვიწვიოთ, მათ არ უნდა მივაჩეჩოთ საკითხავად 500 და 700 წიგნი, ძალიან რთულია ეს და მე თუ დამიჯერებთ, შეუძლებელიც. და საერთოდ,  ყველა ინსტიტუციას სჭირდება წლების განმავლობაში ცვლილება!  არ შეიძლება  ის, რაც კარგად მუშაობდა 20 წლის წინ (საბა წელს ზუსტად 20 წლის ხდება) კარგად მუშაობდეს ახლაც. სწორედ ამ ცვლილების შეუძლებლობის გამო იქცა საბა სისტემური პრობლემების  და მუდმივი შეცდომების პოლიგონად. მაგალითად, როგორ შეიხლება ასეთ პატარა ქვეყანაში ერთი პრემიის ჟიური წიგნს ფინალშიც არ ახვედრებდეს და მეორე პრემიის ჟიური გამარჯვებულად აცხადებდეს? ისე როგორც ეს მოხდა სამსონაძის, ქურხულის ან სხვა მრავალის შემთხვევაში. რაღაც ძალიან არასწორია. ასე არაა? ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რომ ლიტ პრემიები ლამის ბოროტებაა, დანაშაულია, იმდენ ადამიანს გაუტეხა გული და განდევნა მწერლობიდან, რადგან საბას ფინალში თუ წიგნი ვერ მოხვდა ის წიგნი და ავტორი უკვე განწირულია, დაკარგულია აქ და ახლა. ისედაც მცირერიცხოვანი სნობი ქართველი მკითხველი ამ წიგნს უბრალოდ აღარ ყიდულობს და კითხულობს. დრო ამას გამოასწორებს, თუ წიგნი ღირებულია, მაგრამ ჩვენი შეჭირვებული მწერლები ხომ ახლა, დღეს არსებობენ და ცხოვრობენ. მაგალითად, ასე გაიწირა ძალიან კარგი მწერალი ზურა ლეჟავა. მისი წიგნი რამდენიმეჯერ არ მოხვდა საბას ფინალისტთა სიაში, ლეჟავამ საკმაოდ მწარე, სხვათა შორის ასევე უცენზურო სიტყვებით სავსე პოსტი მიუძღვნა ამ ამბავს. მოგეხსენებათ, მწერლები ემოციური ხალხი ვართ და ეს არავის გაჰკვირვებია, მაგრამ არც ზურას დაცვა მოსვლია ვინმეს აზრად. მას შემდეგ წლები გავიდა და ლეჟავა უბრალოდ აღარ წერს. ასეთი საინტერესო ავტორი დაკარგა ქართულმა ლიტერატურამ. კიდევ ბევრ კარგ მწერალს ჩამოვთვლი ამავე მიზეზის გამო ლიტ სივრციდან რომ გაქრნენ, ხელი ჩაიქნიეს, გული გაუტყდათ. იტყვით მწერალი თუა პრემიის გამო ხომ არ წერსო, მაგრამ აქვე გიპასუხებთ, რომ ეს ერთი ჯაჭვია და პრემია – აღიარება, უცხოეთში გამოცემა თუ მწერლის ლიტ სიცოცხლე ერთმანეთზეა გადაბმული. ამიტომ კონკურსი, რომელიც მწერლისთვისაა შექმნილი, მას არ უნდა უპირისპირდებოდეს, მას არ უნდა ანადგურებდეს. ჟიური პროფესიონალურად, პატიოსნად და დასაბუთებულად უნდა უხსნიდეს მწერალს თუ პოეტს – რატომ მოხვდა ან ვერ მოხვდა წიგნი ფინალში და ეს არ უნდა იყოს წიგნის და მით უფრო ავტორის სიკვდილი, რასაც, სამწუხაროდ, არილში დაბეჭდილ ინტერვიუში დიდი მონდომებით ცდილობდა ჩვენი ჟიურის სასიქადულო წევრი ამხანაგი გაბუნია.

რა განაპირობებს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში კრიტიკული შეფასებების ნაკლებობას. თავად რა მნიშვნელობას ანიჭებთ ლიტერატურის განვითარებაში ცოცხალ პოლემიკას?

სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ზემოთ. ნებისმიერი კონკურსი და პრემია სწორედ ამ პოლემიკის და სადისკუსიო სივრცის შექმნას უნდა ემსახურებოდეს.  მაგალითად, როდესაც შარშან პრემია „საბაზე“ კრიტიკული აზრი გამოვთქვი, ამან ძალიან დამაზარალა, რადგან ჩემი ეს კრიტიკა უმალ მონათლეს საკუთარი წიგნის დაცვის მცდელობად, იმის მცდელობად, რაც თუნდაც ახლა გაბუნიამ ინტერვიუში ბრძანა,  რომ თითქოს ვამბობდი – არიქა, პოლიტიკური ნიშნით ვიდევნებიო. (პოლიტიკას რაც შეეხება, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში რაც ანაკლიის თუ ლელოს თანამშრომელი გავხდი,  საბა მაიგნორებს, რადგან შესაძლოა ჩემს ნომინანტობას ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევს თქო). საბას ირგვლივ გამართული პოლემიკის პროცესში უახლოესი მეგობრები და კეთილისმსურველები მწერდნენ და მთხოვდნენ არ გამეგრძელებინა ეს დისკუსია. მეუბნებოდნენ რომ “აზრი არ აქვს“, რომ “მაინც არაფერი შეიცვლება“, რომ „ეს ისევ შენთვისაა ცუდი”. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ამ თემებს თითქოს ტაბუ აქვს დადებული, რომ არავინ ხმა არ უნდა ამოიღოს.  და თუ რამე ცვლილებას მოითხოვთ უკვე დადგენილ ჩაკირულ სისტემაში, ეს ისევ  ჩვენ დაგვარტყამს და დაგვაზარალებს. დაე, დამაზარალოს! ნამდვილად არაფერი მესაქმება იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი გაქვავებულია, ჭაობადაა ქცეული და ლიტკრიტიკაც ან უპირობო ქება-დიდებაა, (ვინმეს ცაში ააგდებენ და აღარ ჩამოიყვანენ), ან მიწასთან გასწორებაა და ყველაფერი ერთ ფეხის ხმას აყოლილთა, ერთ წრეში ტრიალებს. თუ სულ ასე, ამ ვიწრო წრეში მოვიხარშებით, თუ საკუთარ სფეროში ვერიდებით აზრის გამოთქმას და ცვლილების შესაძლებლობას, როგორ შევცვლით უკვე ქვეყანაში რამეს უკეთესობისკენ?

ამ წიგნზე მუშაობის შესახებ რას გვეტყვით, რამდენად განსხვავებული გამოცდილება იყო ეს თქვენთვის, რა იყო მთავარი ნარატოლოგიური გამოწვევა, მიზანი.

გამოცდილება განსხვავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ წიგნში აღწერილ ყველა ამბავს  დოკუმენტური საფუძველი აქვს. მე კი უფრო წარმოსახვების მწერალი ვარ და დოკუმენტური, რეალური თემებისთვის მხატვრული სამოსის ჩაცმა ახალი გამოწვევა იყო. ნარატოლოგიური გამოწვევა იყო პარალელური თხრობაც – ორ სხვადასხვა დროს მომხდარი სხვადასხვა ომის ამბავი და იქ მოქმედი რამდენიმე პერსონაჟის პრიზმაში გატარებული ამ ომების მთელი ეპოპეა. გარდა ამისა, ემოციურად ძალიან ძნელი იყო ამ წიგნის წერა. მე ხომ იმ ადამიანების ამბები უნდა მომეყოლა, ვინც ეს ამბები ცრემლითა და ტკივილით მომანდეს. ამ შემთხვევაში მართლა გამტარი ვიყავი და ენობრივი ფორმაც ითხოვდა ამ ტკივილების შესაბამისი ყოფილიყო. მესმის, რთულია ამ წიგნის კითხვა , მესმის შესაძლოა ვინმეს ეს ტექსტი მეტისმეტად დატვირთული და დრამატული ეჩვენოს, მაგრამ მე საკუთარ მწერლურ სიმართლესთან პირნათელი ვარ, მე უკვე მივიღე ბევრი ჩემი ძალიან პატივსაცემი კოლეგის განდა ასობით მკითხველისგან გულწრფელი აღფრთოვანება და  ემოცია და ეს ყველა ამქვეყნად არსებული ჯილდოსა და პრემიაზე მეტია. დანარჩენს დრო დაამტკიცებს!

© არილი

Facebook Comments Box