პოეზია

თორნიკე რობაქიძე – ლექსები

 

* * *

ქალი კარგად ერკვეოდა ღვინოში

და გრამატიკაში.

და ეს ორი რაღაცით გავდა ერთმანეთს.

 

კაცი კი ზედაპირულად.

 

არომატის მიუხედავად სვამდა ბოთლიდან,

შეცდომების მიუხედავად საუბრობდა შეუჩერებლად.

აი მიზეზი თუ რატომ დარჩა მარტო.

 

* * *

თმის შამპუნის სუნი აივანზე.

ამ დროს ჩვეულებრივ მოთუშული  ხახვის სუნი ამოდის ხოლმე,

მაგრამ ახლა,

რომელიღაც მეზობელმა თავი ისე აიქაფა,

რომ ყველა სურნელი გადაფარა თავის შამპუნით.

ღმერთო ჩემო,

ავყურებ ვარსკვლავებს და ვტკბები

შამპუნის სუნით უკუნით ღამეში.

ეს სუნი ქალს მახსენებს,

ერთი მოგონებიდან, სასტუმროში,

თავზეპირსახოც შემოხვეული

რომ გამოვიდა აბაზანიდან და ჩემს წინ დადგა.

არანაირი სექსუალური მოტივი არ ყოფილა. თუმცა ეს სხვა ისტორიაა…

და ახლა აქ ვარ რეალობაში,

ჰაერში გაჯერებულ შამპუნის სუნს ვყლაპავ,

ის არის თბილი

და გემრიელი, კრემიანი ფუნთუშასავით,

სულს ვიტკბარუნებ.

მაგრამ ამ ჭრიჭინების გალობაში

თვალები მისევდიანდება, როგორც მაშინ იმ სასტუმროში.

 

* * *

მემშვიდობება და წასვლის წინ,

სიგარეტის კოლოფს მიტოვებს.

წითელ “Marlboro”-ს.

შიგნით ორად ორი ღერია მხოლოდ.

სწრაფად ვეწევი

მარტო რომ ვრჩები.

ცარიელ კოლოფს კი მისგან სახსოვრად,

გულის ჯიბეში ფრთხილად ვინახავ.

ასე ვაქცევ საჩუქრებად უბრალო ნივთებს.

ასე იდებენ მოგონებები ჩემს ოთახში

თავიანთ ბინას.

 

ორი წლის შემდეგ

მემშვიდობება

და წასვლის წინ აღარაფერს აღარ მიტოვებს.

გათეთრებული აეროპორტი.

მე ვხედავ როგორ ქრება მისი სხეული,

ეძებს სხვის მკლავებს

ვინც აგვიანებს მასთან შეხვედრას.

 

* * *

გმირთა მოედანზე გდია  კნუტი.

მოსახვევში, წრიულზე,

ნაწლავები აქვს  ამოყრილი.

მანქანამ გაიტანა, ჩაჭყლიტა დიდი ბორბლით.

სხვა მანქანები მგონი ვერ ხედავენ

და კიდევ ჭყლეტენ მას.

პიურესავითაა ფისო,

 

მისგან მხოლოთ პატარა თავი დარჩა,

რომელიც ალბათ ცხრაჯერვე გადაურჩა გადავლას….

 

ქალაქი ჩემში

(მე უნდა ვწერო.

მაგრამ ბევრი არაფერი გამომდის.)

 

როგორ დავბრუნდე იმ ქალაქში ?

როგორ დავწერო იმ ქალაქზე ?

როგორ ?

როგორ წავიდეთ ისევ ერთად

ერთ ჩვეულებრივ სანაპიროზე, როგორ უნდა გნახო ისევ ?

როგორ ჩავჯდეთ იმ დალეწილ ავტობუსში,

იმ ნაგიჟარ ხალხში როგორ გავერიოთ ისევ ?

როგორ მოვხვდეთ  იმ ქალაქში ?

მითხარი როგორ ?

სად არის ის ქალაქი,

რუკაზე რატომ ვერ ვპოულობ ?

რა გეოგრაფიული მდებარეობაა ?

მე მინდა ისევ შენთან ერთად იმ ქალაქში,

მინდა თვალები დავხუჭო და ისე ვწერო იმ ქალაქზე .

მინდა შენ დაგინახო ჩემს გვერდით როცა თვალებს ვხუჭავ.

 

მინდა ვწერო უკან მოუხედავად ისევ იმ ქალაქზე

და არ ვიფიქრო სტილისტურ შეზღუდვებზე,

მინდა ვაწკაპუნო და ვწერო თრეში,

ნამდვილი  თრეში,

ოღონდ ისევ ვაჩვენო ყველას თუ როგორ მიყვარხარ.

 

 

გახსოვს სანაყინეები ?

ათასნაირი გემოები…

გახსოვს გვიან ღამით მე მოვამზადე ჩაი და ვეგეტარიანული ბურგერი შენთვის,

გახსოვს როგორ გაწვიმდა იმ ღამეს და ჩვენ მოვყვევით ამ წვიმაში.

შენი წითელი კაბა იყო ფრანი,

წითელი ფრანი მოელვარე.

გახსოვს შუქი ჩაქრა სასტუმროს პატარა საზმარეულოში და მე ავანთე  რომანტიკული სანთელი ჩვენთვის.

გახსოვს ?

თითქოს ყველაფერი სიზმარი იყო..

მინდა მე იმ ქალაქში.

პატარა მიყრუებულ ქალაქში.

სადაც ხალხი ცხოვრობს ძალიან უცნაურად.

სადაც ჩემზე ცუდად იციან ინგლისური.

სადაც სუპერმარკეტში საღამოს ცხრის მერე არ მომყიდიან ალკოჰოლს.

სადაც ერთ სასტუმრო ოთახში ვისხედით

და შენ, შენი შეყვარებული გენატრებოდა.

შენ გეძინა იმ ქალაქში,

 

გეძინა ჩემს გვერდით, ერთ სასტუმრო ოთახში

და სასტუმროს მენეჯერი იყო ინდოელი ღარიბი კაცი,

რომელიც უცნაურად იღიმოდა.

 

(მე თვალებს ვხუჭავ რომ დავძლიო ყველანაირი უხერხულობა

და ისე ვწერ).

ისე ვფიქრობ შენზე,

ისე ვფიქრობ იმ ქალაქზე,

ისე ისე ისე ვკვდები იმ ქალაქით.

მე მენატრები ძალიან როცა ასე ვიქცევი,

მე მეშინია

და ამიტომ ჩავკეტე ის ქალაქი ჩემში,

თავის ყველა მელანქოლიით,

თავის ყველა სიხარულით,

ყველა ავტობუსით და მეტროთი,

ჩვენი ყველა უბილეთო მგზავრობით  ჩავკეტე ის ქალაქი ჩემში,

ჩავკეტე ჩვენი ფეხით სიარული,

ჩვენი საუზმე და ვახშამი,

ჩავკეტე ჩვენი მოსმენილი მუსიკა,

ჩავკეტე, ჩავკეტე, ამის დედაც ყველაფერი ჩავკეტე.

და ახლა როცა თვალებს მაგრად ვხუჭავ, მე იქ ვარ.

ჩაკეტილ ქალაქში,

სადაც შენ გაიზარდე ხეებზე მაღალი,

სადაც გაშალე ხელები,

ხეებზე მაღალი ხელები,

და ხარ მოდებული მთელ ქალაქს,

სავსეა ის ქალაქი შენით.

მე გიხსენებ თვალებდახუჭული,

მე გიხსენებ

და ენერგიისგან ვიცლები.

არ ვფიქრობ,

არ ვფიქრობ საერთოდ.

მინდა ტექსტი იყოს დაუფიქრებელი და ნაღდი,

ნაღდი და ნამდვილი,

როგორც ის ქალაქი.

მე ვუსმენ ჯიმ მორისონს ყოველ დღე,

რადგან მას მოვუსმინე პირველად იმ ქალაქში შენთან ერთად.

მე ვუსმენ სიმღერას სახელწოდებით „ქალი ფანჯარასთან“

და ვიქცევი ნამდვილი მიცვალებულივით,

გულზე მაქვს დაკრეფილი ხელები,

არ მაქვს ჰაერი და მიწყვია წარმოსახვითი ყვავილები.

მე მახსენდება როგორ იღიმოდი,

როცა ჩამივლიდი გვერდით.

მე მახსენდება,

როგორ მოდიოდა მდინარე ჩვენს სახლებთან

როგორ იჯექი შენ მდინარესთან

და მზის სხივებით იკვებებოდი.

მე მახსენდება ჩვენი ყველა გამარჯობა,

მე მახსენდება შენი მწვანე თმა,

მე მახსენდება ჩემი ყველა სიჩუმე,

რომელიც აღიქმებოდა ჩემს შიშებად,

მე მახსენდება ყველა უხერხულობა რომელიც შევქმენი,

მახსენდება ამ უხერხულობაში ჩავარდნილი ბავშვი,

ჩემი თავი ბავშვი.

მე ბოდიშს ვუხდი იმ ქალაქს,

მე ბოდიშს გიხდი შენ.

მე ვიყავი იდიოტი და ნამდვილი შეყვარებულივით ვიქცეოდი,

ვერ მოვატყუე ის ქალაქი,

ვერც შენ მოგატყუე,

ვერცერთი ადამიანი ვერ მოვატყუე

და ჩემი თვალები ყველასთვის აფრქვევდა სიმართლეს.

ვერაფერი გავაკეთე ისე დასრულდა ის ქალაქი,

შენ წახვედი თვითმფრინავით,

მეც წავედი თვითმფრინავით.

ერთად წავედით იმ  თვითმფრინავით,

ვისხედით გვერდი გვერდ,

ვხედავდი შენს მუხლებს

ვხუჭავდი თვალებს

და შენი მხრები ჩემ მხრებთან იყო ძალიან ახლოს,

შენ შეგეძლო თავიც კი გადმოგედო ჩემზე,

მაგრამ შენ გეძინა ძალიან ხისტად,

შენ გეძინა თავდაჭერილად.

შემდეგ დაეშვა თვითმფრინავი თბილისის უხეშ აეროპორტში,

იმ ქალაქიდან ძალიან შორს,

ჩვენ ვიპოვეთ საკუთარი ჩემოდნები,

შენ ელოდებოდი შენს შეყვარებულს,

შენს ბიჭს ელოდებოდი,

ის კი არ ჩანდა,

მე კი ვეძებდი ხელსაყრელ მომენტს

დასამშვიდობებლად,

მე მინდოდა მოვსულიყავი და უბრალოდ მაგრად ჩაგხუტებოდი,

მე მინდოდა ყველაზე ბანალურად მოვქცეულიყავი,

მე მინდოდა მეტირა როგორც ქალს,

მე მინდოდა მთელი აეროპორტის აფეთქება,

და შენი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოყვანა,

მე უბრალო ჰოლივუდურ სცენარზეც კი თანახმა ვიყავი,

სადაც ჩვენ ვკოცნიდით ერთმანეთს,

სადაც მე მეჭირებოდა შენი შეშინებული ხელები,

მაგრამ ასე არ მომხდარა.

არაფერი არ მომხდარა საერთოდ.

ჩვენ ვიყავით იმ ქალაქში,

ძალიან უცნაურ ქალაქში სადაც მიყვარდი ძალიან დიდხანს,

თითქოს მთელი ცხოვრება ვიყავი მხოლოდ იმ ქალაქში შენთან ერთად

და ახლა ის ქალაქი ცხოვრობს ჩემში,

თავისი ყველა ადამიანით და მაღაზიით,

საშოპინგო თუ გასართობი ადგილებით,

ათასგვარი პეიზაჟებით,

ძეგლებითა და წმინდანებით,

ის ქალაქი ცხოვრობს ჩემში

და შენ იმ ქალაქის ღმერთი ხარ.

 

© არილი

Facebook Comments Box