გადაავლეთ თვალი ივნისში გამოცემულ წიგნებს ჩვენს ბიბლიოდღიურში:
„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.
რომანი პირველად 2015 წელს გამოქვეყნდა და ილიაუნის ლიტერატურული პრემია და „ლიტერა“ მიიღო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ახლა მკითხველებს განახლებული გამოცემის შეძენის საშუალება ექნებათ.
„ორ ზღვას შუა იყო ერთი პატარა ქვეყანა, სადაც დიდსა თუ პატარას ერთმანეთთან კამათს და ლაზღანდარობას არაფერი ერჩივნა. კამათობდნენ და ოხუნჯობდნენ ყველაფერზე, მათ შორის, მათთვის სრულიად უცნობ საკითხებზეც. ხშირად ისე გაცხარდებოდნენ, საქმე ერთმანეთის ლანძღვა-გინებამდეც მიდიოდა. მოკლედ, ამ ქვეყანაში დიდად ტაშფანდურა ხალხი ცხოვრობდა. ცხადია, ასეთ უცნაურ ხალხს ამბებიც საარაკო გადახდებოდა ხოლმე. ზოგი თავად იყო ამ ამბების შემოქმედი, ზოგიც მათში უნებურად ეხვეოდა. მარი ბექაურის იუმორისტული მოთხრობების კრებულში თავმოყრილი სასაცილო თუ ახირებული ამბები, ერთი შეხედვით, აბსურდულია და რაც უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, თუ დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ მსგავსი ისტორიები თქვენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.
მარი ბექაური თანამედროვე მწერალი და სცენარისტია. ლიტერატურულ საქმიანობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დები.“ მას შემდეგ მისი ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში. ავტორია მოთხრობების კრებულისა და სამი რომანის.
კრებულში წაიკითხავთ მოთხრობებს: „უპრობლემო კაცი“, „ადამიანი, რომელმაც წელებზე ფეხი დაიდგა“, „გაუგონარი კატასტროფა“, „მდუმარე იყო წყნეთის ქუჩები, ნაღვლიანი“, „აბრაკადაბრა“, „გაწიწმატებული ქალი“, „ორ ზღვას შუა“, „ნევროზიანი ბულბული“, „სთორი“, „ბუზი“, „ძარცვა ქუთაისურად“, „ნაბოზარი კატა“, „პიემესი“, „ავტობუსის გამტაცებელი“.
ჩვენი ისტორიის გმირი, დაახლოებით ორმოცდაათი წლის ინტელექტუალი, რომელიც რაღაცით დომენიკოს თეოტოკოპულოსს ჩამოჰგავს, მარტო ცხოვრობს. და ძალიან ეშინია, რომ თუ შემთხვევით დროზე ადრე მოკვდება (რადგან წინასწარ არასდროს იცი), ვერავინ იპოვის. ერთ მშვენიერ დღეს, ის თავისი სახლის კარს ჩამოხსნის და ნაგავში აგდებს.
რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, როცა მოკვდება, სუნით უფრო ადვილად მიაგნებენ. მაგრამ, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიის გმირს ძალიან აინტერესებს, „რამდენ ქურდს გააღიზიანებს“ მოღიავებული სახლი.
ექვსი ამბავი.
ექვსი პერსონაჟი.
მოქმედების ადგილი და დრო: საქართველო. 1918-1921 წლები. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
„მაშინ საქართველო რაღაცნაირად მოულოდნელად და თითქოს არაკანონზომიერად, რამდენიმე წლით იქცა თანამედროვე, პროგრესულ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად. სწორედ ამიტომ ძალიან ბუნებრივია დღევანდელ, ისევ გზის გასაყარზე მდგარ ქვეყანაში ასეთი ცხოველი ინტერესი იმ დროის მიმართ.
„ექვსი ამბავი“ არ არის ტრაქტატი, მას თავისი – მხატვრული – ფორმა აქვს მოძებნილი. ეკატერინე ტოგონიძემ შეძლო ისტორია დღევანდელობის ყოფით სივრცეში მოექცია.
მწერალთა სახლის კაფე, მხატვრის სახელოსნო, ბიჭი, რომელსაც მუზეუმმა შეუკვეთა ერთ-ერთი პირველი დეპუტატი ქალის – მინადორა ტოროშელიძის პორტრეტი; მეორე ქალი დეპუტატის – ქრისტინე შარაშიძის ამბავს წერდა კაცი, რომელმაც მხედველობა დაკარგა, ახლა ამ ამბით მისი შვილიშვილი ინტერესდება; ქუჩა, რომელსაც კიდევ ერთი დეპუტატი ქალის სახელი მიენიჭა, მისი დატბორილი სარდაფი, სადაც საფრანგეთიდან ჩამოსული საბა პოულობს დოკუმენტებს მისი ბაბუის იმ დროში დამსმენობის შესახებ. ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტი ელენე, რომელმაც არაფერი არ იცის ნიკო ნიკოლაძის შესახებ. ტელე-თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ერთ-ერთი შეკითხვა კიდევ ერთ დეპუტატ ქალს ეხება. და ბოლოს, თეატრის სცენა, „ნოეს კიდობნის“ რეპეტიცია, მსახიობები, რომლებიც ნოე ჟორდანიას ექვს სხვადასხვა სახეს განასახიერებენ… ეს კარგად მოფიქრებული ქარგა აძლევს საშუალებას ავტორს ბევრი რამ გვიამბოს ერთი მრავლისმთქმელი ეპოქის და იმ დროის ადამიანების შესახებ. – წერს ლანა ღოღობერიძე ეკატერინე ტოგონიძის ახალი წიგნის შესახებ.
© არილი