კრიტიკა,  რეცენზია

ინტელიგენტ-ინტელექტუალთა ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

სოსო ტაბუცაძე
ინტელიგენტ-ინტელექტუალთა ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე
საზოგადოება და პოლიტიკა IV. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი 2002.

წელიწადნახევრის წინ კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა სემინარი, სადაც ინტელიგენციისა და ინტელექტუალთა წარმომადგენლებმა იმსჯელეს თემაზე – “ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები”. ალმანახ “საზოგადოება და პოლიტიკის” მეოთხე ნომრის ძირითად ბირთვს სწორედ ამ სემინარის მასალები წარმოადგენს, რომელიც ტრადიციული ფორმებითაა გამოქვეყნებული: წინასწარ მომზადებულ მოკლე მოხსენებებს მოსდევს დისკუსიაში გამომსვლელთა მოსაზრებები. წინათქმაში ისიცაა აღნიშნული, რომ მონაწილეთა უმრავლესობას თავიანთი გამოსვლების ტექსტები აღარ მიუწოდებია ალმანახისათვის და, სამწუხაროდ, ეს ნაწილი არასრულია. მაგრამ კარგი ისაა, რომ კრებულში შესული ყველა მასალა, როგორც იტყვიან, სულმოუთქმელად იკითხება და თუ ეს გადაჭარბებად მოგეჩვენებათ, თავადვე გადაამოწმეთ. ეს არის პირველი მცდელობა ამ მეტად წინააღმდეგობრივი და მნიშვნელოვანი პრობლემის სისტემური განხილვისა და, სხვა რომ არაფერი, ამგვარი კვლევებისადმი ყურადღების მიქცევა ამიტომაც ღირს.
ალმანახი საკმაოდ სოლიდურია, სამასამდე გვერდს შეადგენს და, ცხადია, ყველა სტატიის მიმოხილვას ვერ შევძლებ და ვერც მიზნად დავისახავ, ამიტომ ჯერ მხოლოდ ნაშრომთა ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. პირველ ბლოკში წარმოდგენილია გია ნოდიას, რისმაგ გორდეზიანის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ზაზა შათირიშვილის და დათო ზურაბიშვილის სტატიები. აქვეა დისკუსია აღნიშნულ თემაზე, რომელშიც მონაწილეობენ მარინა მუსხელიშვილი, გია არეშიძე, ივლიანე ხაინდრავა და გია ნოდია. მეორე ბლოკი – “დასავლური დისკუსია ინტელექტუალებზე” – გვამცნობს 1998 წელს გერმანიაში პიპერის გამომცემლობის მიერ დასტამბულ “ფართოდ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენათა ლექსიკონიდან” მოტანილ სიტყვა-სტატიას “ინტელექტუალები”, რომელსაც ორი ავტორი ჰყავს – ვალტერ კრემერი და გიოც ტრენკლერი. ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ინტელიგენციისა და ინტელექტუალების როგორც საზოგადოების მიმართულებათა განმსაზღვრელების პრეტენზიას; სტატიის ავტორები ცდილობენ დაამსხვრიონ მათი მორალური აღმატებულობის მითი და ამ სოციალური ჯგუფიდან უფრო მეტ ხიფათს ელიან. აქვეა ნიკოლაი ბერდიაევის ჩვენთვის უკვე ცნობილი სტატია “ფილოსოფიური ჭეშმარიტება და საინტელიგენციო სიმართლე”. მას მოჰყვება ინტელექტუალებზე კლასიკური სოციოლოგიური გამოკვლევის ავტორის – ლუის ქოზერის “იდეების ადამიანები”, სადაც იგი დიდი სიმპათიით, მაგრამ ამავე დროს მეცნიერის ფხიზელი თვალით უყურებს და აფასებს ინტელექტუალებს. უნგრელი მწერლის, დიერდ კონრადის წიგნი “ინტერპოლიტიკა”, რომლის ნაწყვეტიც (“სახელმწიფო ძალაუფლება და სულის ძალაუფლება”) ალმანახშია შესული, – წარმოაჩენს ჩვენი საზოგადოებისთვისაც კარგად ნაცნობ იდეას იმის თაობაზე, რომ პატიოსანი ინტელიგენტი პოლიტიკას არ უნდა გაეკაროს. საინტერესო დაკვირვებებს გვთავაზობს ავთო ჯოხაზე “რელიგია და სახელმწიფო”-ს რუბრიკით დასტამბულ წერილში “სიკვდილი ბიზანტიურად”, სადაც ავტორი აანალიზებს ეკლესიის როლს ქართული სახელმწიფოებრიობის სხვადასხვა ეტაპზე. წიგნებს (ედვარდ ჰელეტ კარი – “რა არის ისტორია?” და Theodor Hanf and Ghia Nodia. Georgia Lurching to Democracy. From agnostic tolerance to pious Jacobinism: Societal change and peoples’ reactions. – Baden-Baden: Nomos Verlag, 2000) მიმოიხილავენ დავით ლოსაბერიძე და ზაზა შათირიშვილი. დაბოლოს, რუბრიკა “ხედვის კუთხე”, გვაცნობს ქრის ჰანის გამოკვლევას “ეთნიკურობა, ენა და პოლიტიკა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში”, რომელიც ჩვენი ნათესავი ლაზების ეთნიკური იდენტობის საკითხს ეხება. ამავე რუბრიკაშია ბელგიელი პოლიტოლოგის, ბრუნო კოპიტერსის სტატია, რომელიც მეტად აქტუალურ თემას – ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის როლს ეხება აფხაზეთის კონფლიქტის გაჩაღებაში.
აი, თითქმის მთლიანად და პატიოსნად გადმოვიწერე მთელი წინათქმა, რომელიც სრულ წარმოდგენას შეგიქმნით ალმანახის თემატურ და პრობლემურ სიფართოვეზე, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, უფრო “ცოცხალი” თემაა ჩვენი ძველი და მუდამ ჩვენთანა მყოფელი ინტელიგენციისა და ასევე ძველი და ახალი ინტელექტუალების ურთიერთობისა და ურთიერთმიმართების საკითხი. ამ “ძველისა” და “ახლის” ტრადიციული ჩანაცვლების ანუ პარადიგმის რეალური ცვლის საეჭვოობა გია ნოდიას სტატიის სათაურშივე გამოსჩანს: “ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები საქართველოში: პარადიგმის ცვლა?” ავტორი ყურადღებას მიაქცევს “შეუიარაღებელი” თვალისთვისაც აღქმად და შესამჩნევ სიტუაციას – რომ საქართველოში ჩამოყალიბდა რეალური წყვეტა, დაპირისპირება ძველსა და ახალ ინტელიგენციას, ან, სხვა სიტყვებით, ძველ ინტელიგენციას და ახალ ინტელექტუალებს შორის. ამ წყვეტას რამდენიმე განზომილება აქვს. “ძველებსა” და “ახლებს” აქვთ განსხვავებული დისკურსი. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან თავიანთი ინსტიტუციური გარემოთი, ეკონომიკური და პოლიტიკური ორიენტაციით. შემდეგ ავტორი ჩამოთვლის ძველი ინტელიგენციის ტიპურ ინსტიტუტებს – ტრადიციულ აკადემიურ დაწესებულებებს, შემოქმედებით კავშირებს და სახელმწიფო დიქტატზე მყოფ ჟურნალ-გაზეთებს. ახალი ინტელექტუალები ძირითადად გამაგრებულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალ, საბაზრო პრინციპებზე დამყარებულ მედიაში. “ძველები” ეკონომიკურად ისევ სახელმწიფოსაგან ელიან შველას, “ახლები” კი გრანტებზე ჰკიდიან. “ძველებმა” უფრო რუსული იციან, ახლებმა – ინგლისური. “ძველები” შევარდნაძეზე არიან ორიენტირებულნი, ახლები – ჟვანია-სააკაშვილზე. ახლები ტერმინოლოგიურადაც ემიჯნებიან “ძველებს”: თუ ეს უკანასკნელნი ამაყად ატარებენ “ინტელიგენტის” საპატიო წოდებას, “ახლებს” უყვართ იმის ხაზგასმა, რომ ინტელიგენცია ტიპოლოგიურად რუსული მოვლენაა და ამიტომ დასაძლევი და უვარგისი, ხოლო თვით ისინი დასავლური ტიპის ინტელექტუალები არიან.
მე, რასაკვირველია, სიმოკლისათვის ვაუბრალოებ სტატიაში წარმოდგენილ ნიუანსებს, კერძოდ, “ახლების” “ახალ მემარჯვენეებთან” მიმართებას, “ძველების” აბაშიძესთან დამოკიდებულებას და სხვა. გია ნოდია მოკლე ისტორიულ ექსკურსსაც მიმართავს და “შვილებსა” (“თერგდალეულებსა”) და “მამებს” შორის ბრძოლასაც იხსენებს და ამბობს, რომ ანალოგიის წესით “ახლებს” შეიძლება “პოტომაკდალეულები” ვუწოდოთ ვაშინგტონში ჩამომავალი მდინარის სახელითო. ამავე პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება მაშინდელ “შვილებსა” და დღევანდელ “ახლებს” შორის სტრუქტურული მსგავსების აღმოჩენა: ორივენი უტევენ რიტუალური და რომანტიკული პატრიოტიზმისა და პოლიტიკური კონფორმიზმის შეხამებას, რომელიც ძველებს ახასიათებს. ამგვარ უკრიტიკო პატრიოტიზმს ახლები ანუ თერგ-პოტომაკდალეულები უპირისპირებენ საკუთარი ერის გამათრახების, მისი ფურთხის ღირსად ჩათვლის პათოსს, და მოწინავე დასავლურ სიბრძნეზე დამყარებულ სოციალურ-პოლიტიკურ აქტივიზმს მოითხოვენ. მოკლედ, ძველად, რუსულ უნივერსიტეტებში განსწავლულ და ახლა ევროპა-ამერიკულ უნივერსიტეტებში განსწავლულ ან იმავე ევროპა-ამერიკული ფულით ჩატარებულ ტრენინგებზე ნავარჯიშევ “ახლებს” შორის პრინციპული სხვაობა არ არის.
ამ პირველი რიგის განყოფა-განწვალების შემდეგ, გია ნოდია ჩაღრმავებით ჩასდევს საკითხს და ინტელიგენციასა და ინტელექტუალებს შორის ფუნდამენტური განსხვავებებიც ხელზე შემოადნება. ინტელიგენტის სოციალური ძირების მოჩხრეკვისას ავტორი სასულიერო პირებს – მღვდელსა და ქურუმს გამოქექავს და ინტელიგენტიც მათ მოდერნულ ექვივალენტად ესახება; ოღონდ, თუ სასულიერო პირი ტრადიციიდან მომდინარე სიბრძნის მატარებელია, ინტელიგენტი განმანათლებლობის შვილია.
შემდგომ გია ნოდია მოიხმობს ინგლისელი ისტორიკოსის პოლ ჯონსონის ცნობილ წიგნს, რომელსაც “ინტელექტუალები” აქვს სათაურად და სადაც იგი სარკასტულად აღწერს ევროპელ ინტელექტუალებს, მათ შორის – ჟან-ჟაკ რუსოს, პერსი-ბიში შელის, კარლ მარქსს, ლევ ტოლსტოის, ერნესტ ჰემინგუეის, ჟან-პოლ სარტრს და სხვებს. მოკლედ, გია ნოდიასეული “ინტელიგენციისა” და პოლ ჯონსონისეული “ინტელექტუალის” განსაზღვრება, არსებითად ემთხვევა ერთმანეთს და ასე ჟღერს: “ეს ის ხალხია, ვინც თვლის, რომ სამყაროს (საზოგადოების) რეცეპტს ფლობს და ამის საფუძველზე მეტ-ნაკლებად უპირისპირდება იმ სამყაროს წესებსა და ღირებულებებს, რომელშიც ცხოვრობს”. გამოდის, რომ როგორც ინტელიგენტები ეფლირტებიან ჭკვიან მეფესა და ხელისუფლებას, ინტელექტუალებიც ასევე კეკლუცობენ თავისი გამიჯვნა-ჩახუტებებით ძალაუფლებასთან და ამის დასტურად გიას ალბერ კამიუს სიტყვები მოყავს, ძალაუფლებისადმი ინტელექტუალების ლტოლვის თაობაზე რომ უთქვამს ფრანგ ინტელექტუალს: “ყოველი ინტელექტუალი ოცნებობს, განგსტერი იყოს და ძალადობის გზით იბატონოს ადამიანებზე”.
ერთი სიტყვით, ამ სტატიის ანალიტიკოსი მკითხველი ნამდვილად მოიმხრობს გზას წამოჭრილი პრობლემური საკითხებისაკენ და ავტორიც სწორედ ამ მიმართულებით ფიქრისათვის გვგეშავს.
საგულისხმო ექსკურსს გვთავაზობს ბატონი რისმაგ გორდეზიანი წერილში “ინტელიგენციის და ინტელექტუალთა შესახებ”. საზოგადოების ის ფენა, რომლისთვისაც გონებრივი, შემოქმედებითი შრომაა დომინანტური, ევროპული კულტურის ისტორიაში ჯერ კიდევ ძვ.წ. VIII საუკუნეში ჰომეროსთანაა დაფიქსირებული და საკმაოდ მკაფიოდაც. “ოდისეას” მიხედვით პოეტები, წინასწარმეტყველები, ექიმები, ხუროთმოძღვრები, შიკრიკები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ხალხს სჭირდება და რომელსაც ხალხი პატივს მიაგებს. ჰომეროსი მოკვდავთა ამ ფენას განმაზოგადებელი ტერმინით დემიურგოსი (=დემიურგი) აღნიშნავს, რაც შეიძლება გააზრებულ იქნას როგორც “ოსტატი, შემოქმედი ხალხში ან ხალხისათვის”.
ამგვარი ფენის არსებობის საკითხი, როგორც ბატონი რისმაგი აღნიშნავს, აშკარა ყოფილა მთელი ანტიკურობის განმავლობაში.
საკითხის სხვა მხარეა ამ ფენის აღსანიშნავად განმაზოგადებელი სახელწოდების შერჩევა. და აი, XIX ს-ის სამოციან წლებში ამგვარი ტერმინი გამოუნახავს რუს მწერალს პ.ბ. ბობორიკინს და ტერმინ “ინტელიგენციის” გავრცელების წყაროდაც ის ითვლება. ლათინური წარმოშობის ტერმინი რუსეთის წიაღ ჰპოვებს გავრცელებას არა მხოლოდ რუსული გავლენის არეალში მყოფ ქვეყნებში, არამედ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაშიც.
რაც შეეხება ჩვენს სინამდვილეს, ბატონ რისმაგს არამართებულად მიაჩნია “ინტელიგენტისა” და “ინტელექტუალისათვის” ოპოზიციური მნიშვნელობის მინიჭების ტენდენცია. ამ საკითხის ჩაძიებით განხილვის შემდეგ, მეცნიერი გამოაცალკევებს ჩვენს დღევანდელსა თუ სახვალიო თავის სატკივარ პრობლემას: “საქართველოში დღეს შექმნილ ვითარებაში … მთავარი პრობლემა არა ძველ ინტელიგენციასა და ახალ ინტელექტუალებს შორის დაპირისპირებაა, არამედ წინააღმდეგობა ინტელიგენციის ფორმირების საშუალებათა არნახულ მასშტაბურობასა და ინტელიგენციის რეალური გამოყენების სფეროების თანდათანობით შეზღუდვას შორის. საქართველოში … რამდენიმე ასეული უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს… დღეს ამ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს, ვითარცა სტუდენტი, და მოღვაწეობს, ვითარცა პროფესორ-მასწავლებელი, ჩვენი ქვეყნის რეალური მოსახლეობის იმდენად დიდი პროცენტი, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის აშკარა ანომალიად ჩაითვლებოდა. ამის შედეგები შეიძლება სულ რამდენიმე წლის შემდეგ კატასტროფული აღმოჩნდეს: ქვეყანას ეყოლება უამრავი ე.წ. ინტელიგენტი, რომელთა გონებრივი შრომის მხარდაჭერის არავითარი შესაძლებლობა არ იარსებებს. ეს კი გამოიწვევს გონებრივი, ინტელექტუალური შრომის გაუფასურების ინტენსიური პროცესის დაწყებას”. ჩემი მხრივ დავძენ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან საუნივერსიტეტო კურსის გავლამ რიტუალური ხასიათი შეიძინა და დიდ ვერაფერ შვილ ინტელიგენტებს აცხობს ორღობის უნივერსიტეტთა ქსელი. ამ რიგის ინტელიგენტები, პატივმოყვარეობის დაშოშმინების შემდეგ, წარმატებით ართმევენ თავს ელიავას ბაზრობაზე აღებ-მიცემობის ოპერაციებს და, ილუზიებს თავდაღწეულნი, სადაგი ყოფის მორევში პოულობენ ასპარეზს. თუმცა ამ საკითხს საკამათოდ მაინც არ ვაქცევ, რადგან ბატონი რისმაგის მიერ მონიშნული პრობლემა გაბიაბრუებას ნამდვილად არ იმსახურებს და ჩვენ სოციალურ სატკივართა რიგს განეკუთვნება.
სრულიად კონკრეტულ “მესიჯებზე” დაყრდნობით, ქართულ საბჭოთა ინტელიგენციაზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპის ანალიზს აკეთებს ზურაბ ჭიაბერაშვილი სტატიაში “Vita activa”. ამთავითვე ვიტყვი, რომ ინტელიგენტობის ცნების ჭიაბერაშვილისეულ ანალიზს და მთელ მის პათოსს სრულად ვიზიარებ. ქართული საბჭოთა ინტელიგენტობის არსებობის ფორმა იყო და არის დღესაც კოლექტიური, რაც ყოველთვის იძლევა საკუთარი აზრის დამალვის საშუალებას. მეტიცო – დასძენს ავტორი – “მხოლოდ კოლექტიურობა იძლევა საშუალებებს, დამალო საკუთარი აზრების არარსებობა”. არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, როდესაც საბჭოთა რეჟიმისათვის კრიტიკულ მომენტში ერთ ან რამდენიმე ქართველ ინტელიგენტს ამოეღოს ხმა. ან იყო კოლექტიური დუმილი, ან იყო კოლექტიური ქმედება: ერთობლივი წერილი (თვითმფრინავის საქმე) თუ საერთო-სახალხო მღელვარება (ენის საკითხი). ქართულ ინტელიგენციას პროტესტის ინდივიდუალურად გამოხატვის არც ტრადიცია აქვს და არც სურვილი. კოლექტიურია მისი ზრუნვის საგანი – კულტურა და ეს იმავე ბუნების კოლექტიურობაა, რაზედაც კოლმეურნეობაა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, კოლექტივის სახით არსებული ინტელიგენცია ისეთივე ტოტალიტარულია, როგორც პროლეტარიატის დიქტატურა. “მას შეიძლება პროლეტარიატისაგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ასევე მოუმზადებელია სხვისი აზრის მოსასმენად და, მით უმეტეს, გასაზიარებლადო” – წერს ავტორი.
ყურადსაღებია ზ. ჭიაბერაშვილის მიერ რეფლექსირებული ეთნიკური ნაციონალიზმისა და პროვინციული ფაშიზმის კონოტაციები; ნარცისისტული ინდივიდუალიზმისა და რეპრესიული კოლექტივიზმის ის გამოვლინებები, რომლებიც სპობს სამოქალაქო სივრცის შექმნის შესაძლებლობას. მაგრამ მკითხველი, ჩვენში ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით, ისე ნუ წარმოიდგენს, თითქოს ახალგაზრდა მკვლევარი ზურაბ ჭიაბერაშვილი თავზე ხელს უსვამს ე.წ. დასავლური ტიპის ინტელექტუალებს ანუ, ძირითადად მაინც თავისი თაობის წარმომადგენლებს: “დემოკრატიის კოლფსში არანაკლები წვლილი ახალ ინტელექტუალებსაც მიუძღვით, რომელთა დიდი ნაწილისათვის დასავლური გრანტები ისეთივე ტკბილი საწოვარა აღმოჩნდა, როგორც ძველი ინტელიგენციისათვის – ცეკას მდივნის კეთილგანწყობა და ცეხავიკებთან მეგობრობა. და თუ რამე გადმოჰყვათ ახალ ინტელექტუალებს ძველი ინტელიგენციისაგან, ესაა სამოქალაქო სიზარმაცე და “შინაგანი ემიგრაციით” ნეტარება”. ან: “ახალმა ინტელექტუალებმა ჯერ ვერ მოახერხეს საზოგადოებისათვის იმის ჩვენება, ვინ არიან ისინი. ისინი უფრო იმას ახერხებენ, საზოგადოებას აჩვენონ, ვინ არ არიან ისინი” – წერს ზურაბი და, ვფიქრობ, ასევე ზუსტად აღწერს სიტუაციას, როდესაც ამბობს, რომ ახალი ინტელექტუალები მხოლოდ ძველ ტრადიციას იმეორებენ: “ასე იყო ქრისტიანობა, დღეს ასეა დემოკრატია და ლიბერალიზმი” და, როგორც ყოველთვის, გაუთავისებლად გადმოღებული ხელოვნურობის და არაბუნებრივობის შთაბეჭდილებას ტოვებს. დაბოლოს, ახალი ინტელექტუალების ტრაგედია ისაა, რომ არც ახლაა vita contemplativa-ს დრო და რომ მათ უწევთ vita activa-თი ცხოვრება – პროექტების წერა, გრანტების მიღება, დემოკრატიის დამკვიდრება და ახალი ქართული სახელმწიფოს შენება. პრობლემაც ისაა – დაასკვნის ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომ ინტელექტუალების ყოველ ახალ თაობას საქართველოში სახელმწიფო ისევ ასაწყობი, ხოლო ქართული ტრადიცია დასავლურ ღირებულებებთან შესახამებელი ხვდება.
ზაზა შათირიშვილის სტატიის – “მარგინალური კონტრკულტურის ხიბლი” – დასკვნები და, თუ შეიძლება ითქვას, ესენცია თვითონ ავტორსა აქვს შესანიშნავად ჩამოყალიბებული და ამიტომ მის ფართო მიმოხილვას აღარ შევუდგები. სტატიის ძირითადი თეზისი ასეთია: ინტელიგენცია თავისი არსით პრინციპულად სხვა მოვლენაა, ვინემ ევროპული (საზოგადოდ, დასავლური) “ინტელექტუალიზმი”. მის აღმოცენებას რუსეთში საფუძვლად დაედო XVIII ს-ის მარგინალური სასულიერო კულტურა (და არა საუნივერსიტეტო განათლების სივრცე). აქედან ინტელიგენციის მარგინალური ხასიათი. იგი, როგორც კონტრკულტურა, უარყოფს ელიტურ არისტოკრატიულ ეტიკეტს და მას ახალ ქცევით ეტიკეტს უპირისპირებს.
ქართულ ნიადაგზე სასულიერო კულტურა მარგინალური არასდროს ყოფილა. XVIII ს-ის “აღორძინება” სწორედ სასულიერო წოდების დამსახურებაა. თუკი მარგინალური კულტურა საქართველოში არსებობდა, პირველ რიგში ეს იყო XVIII-XIX სს-ების თბილისური პლებსის კულტურა.
“თერგდალეულები” და მათი შთამომავლები არ წარმოადგენდნენ ინტელიგენციას რუსული გაგებით, ისინი უფრო ევროპულ ინტელექტუალებს ენათესავებიან საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის არქონის მიუხედავად. ქართულმა სინამდვილემ იცის მხოლოდ სტალინიზმის ხანაში დანერგილი ნომენკლატურული ინტელიგენცია (მეცნიერებათა აკადემიის სისტემისა და შემოქმედებითი კავშირების სახით), რომელიც დღემდე არსებობს. ესაა “ძველი ინტელიგენციის” ერთადერთი რელიქტი.
დათო ზურაბიშვილს (“ძველი ინტელიგენციიდან ახალ ინტელექტუალებამდე”) სადისკუსიოდ შემოთავაზებული თემა პრაქტიკულ აქტუალობას მოკლებულ საკითხად ეჩვენება და ძირითადად ძველ ინტელიგენციაზე საუბრობს. გამოყოფს ქართული ინტელიგენციის სამ მახასიათებელს: პირველი – რომ ეს იყო თავისებური სიმბიოზი ნომენკლატურული ინტელიგენციისა და ე.წ. “პატიოსანი” ანუ “ნამდვილი ინტელიგენციისა”. ეს განწვალება, პირველ ყოვლისა, ხელისუფლებასთან სიახლოვის ხარისხის მიხედვით კეთდება. ინტელიგენციის ამ ორ ტიპს შორის ანტაგონიზმი მაინც არ არსებობდა, რადგან არანომენკლატურული ინტელიგენციის “პატიოსნება”, მისი გამიჯნულობა კომუნისტური რეჟიმისაგან, უზრუნველყოფილი იყო სწორედ ნომენკლატურული ინტელიგენციის მიერ. სხვაგვარად: ნომენკლატურული ერთგვარი “სახურავის” როლს ასრულებდა.
მეორე და, ალბათ ძალზე მნიშვნელოვანი: საქართველოს ინტელიგენციის იდეოლოგია იყო მითოპოეტური ნაციონალიზმი. საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურა, კინო, თეატრი მთლიანად გამსჭვალული იყო ამგვარი ნაციონალიზმის სულისკვეთებით. სწორედ მითოპოეტურით, რადგან ეს არ იყო ნაციონალიზმი ჩვეულებრივი, “კლასიკური” გაგებით.
და მესამე: ტიპური ქართველი საბჭოთა ინტელიგენტი შეიძლება დახასიათდეს როგორც კონფორმისტი. შემთხვევითი არ იყო, რომ ქართულ ინტელიგენციაში ნაკლებად იყვნენ პოლიტიკური დისიდენტები. დისიდენტი არღვევდა სიმბიოზური ყოფის თამაშის წესებს. ამიტომ, დათო ზურაბიშვილის აზრით, გამსახურდიასთან დაპირისპირება მოგვიანებით სულაც არ იყო გამოწვეული პირველი პრეზიდენტის იდეოლოგიით. უბრალოდ, გამსახურდიამ უხეშად დაარღვია ერთიანი ჰარმონია სიმბიოზური სისტემის შიგნით.
ზვიად გამსახურდიას ფენომენი სწორედ მითოპოეტურმა ნაციონალიზმმა შვა. შეიძლება ითქვასო, ბრძანებს ბატონი დათო, რომ გამსახურდია იყო ქართული საბჭოთა ინტელიგენციის “გამოხდილი კვინტესენცია”. ეს იყო კაცი, რომელიც შეეცადა ინტელიგენციის იდეოლოგიის – მითოპოეტური ნაციონალიზმის – პრაქტიკულ განხორციელებას.
ვერაფერს იტყვი, საკმაოდ საგულისხმო მოსაზრებებია ჩვენს გუშინდელობაზე, მაგრამ ახალი ტალღის ინტელექტუალებზე ავტორი არ მსჯელობს, რადგან ამ პროცესებს ჯერ არ მიუღიათ დასრულებული სახეო. ერთადერთი, რაც დღეს ახალი ინტელექტუალების მახასიათებლად შეიძლება გამოდგეს, ეს არის უკურეაქცია ქართული ინტელიგენციის სტერეოტიპებზე, ერთგვარი პროტესტი მათი იდეოლოგიისა და ცხოვრების წესის მიმართ.
დაბოლოს, შეჯამების სახით, დათო ზურაბიშვილი წერს, რომ დღეს საქართველოში შექმნილია სიტუაცია, როცა ძველი მიდის, მაგრამ ჯერ არ წასულა, ახალი კი მოდის, მაგრამ ჯერ არ მოსულა.
ეს განზოგადებული რიტორიკა მშვენივრად აღწერს ჩვენს სადღეისო ვითარებას და სწორედ ამიტომაა საჭირო და აუცილებელი ინტელიგენტთა (რომლის იმედი აღარ მაქვს) და ინტელექტუალთა (რომელთა იმედი ჯერ არა მაქვს) ძალისხმევას.
ალმანახის სადისკუსიო ბლოკიც ადასტურებს, რომ ამ (და არამხოლოდ “ამ”) პრობლემების წამოწევა და მათზე რეფლექსირება აუცილებელია და საჭირო, რადგან იგი ხელს უწყობს ჩვენში უკვე ყბადაღებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, ჩვენი მენტალური სივრცის წახნაგთა რამენაირად შეცვლას და აქ ასპარეზი ისევ ჭკუასა და გონებას უნდა დაეთმოს. ასე რომ, სამკალი, მართლაც, ფრიად არს და მომკელსაც არ უნდა მოვისაკლისებდეთ ჩემი აზრით. სწორედ ისინი უნდა იყვნენ “ბრძენნი და მძენნი”, ანუ ანდაზისეული სიბრძნის მიმდევარნი, ჯერ გადახტი და “ჰოპლა” მერე დაიძახეო!

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box

One Comment

  • Khatia Caroline

    ჰეი “ჯერ გადახტი და “ჰოპლა” მერე დაიძახეო!” ეს ბაბუაჩემის სიტყვებია და კოპირაითის დადება დაგვავიწყდა 🙁

    😀