თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ ერნესტ ჰემინგუეისთან – ფიქციის ხელოვნება No21, ნაწილი 1

ინტერვიუერი: ჯორჯ პლიმპტონი

– დოღზე დადიხართ ხოლმე?

– დიახ, ხანდახან.

– მაშინ [გაზეთი] Racing Form წაიკითხეთ… და გამონაგონის ჭეშმარიტ ხელოვნებასაც იხილავთ.

საუბარი მადრიდის კაფეში, 1954 წელი

 

ერნესტ ჰემინგუეი ჰავანას გარეუბანში თავის საძინებელ ოთახში წერს. მართალია, კეთილმოწყობილი კაბინეტი აქვს სახლისთვის სამხრეთ-დასავლეთიდან მიდგმულ კვადრატულ “კოშკში”, მაგრამ მუშაობას მაინც საძინებელში არჩევს და კოშკს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაშურებს, თუ ამას პერსონაჟები აიძულებენ.

საძინებელი პირველ სართულზეა. კარი ოდნავ შეღებულია და თვითმფრინავების ძრავებზე სქელტანიანი წიგნის მეშვეობით არც დაიხურება. თეთრ კედლებსა და მოყვითალოდ შეფერილ კრამიტის იატაკს დიდი ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები ეცემა.

ოთახი წიგნების კარადებითაა გადატიხრული. სიმაღლით მკერდამდე თუ მოგწვდებიან. მათ ერთ მხარეს დიდი და დაბალი ორადგილიანი საწოლი დგას, ძირს კოხტად ჩუსტები დაუწყვიათ და პატარა მაგიდებზე წიგნები დაუხვავებიათ. მეორე მხარეს მაგიდაზე ერთმანეთში ფურცლები და სამახსოვროდ შენახული სხვადასხვა ნივთი ირევა. ოთახის ბოლოში, ლეოპარდის ტყავით შემოსილი გარდერობი დგას. სხვა კედლებს კი თეთრად შეღებილი თაროები მიუყვება, რომლებზეც ვერ დატეული წიგნებისთვის ადგილი რეზინით შეკრულ ძველ გაზეთებთან, ჟურნალებთან და წერილებთან ერთად იატაკზე მიუჩენიათ.

ერთ-ერთი დაბალი კარადის თავზე ჰემინგუეის “სამუშაო სივრცეა” მოწყობილი. ფურცლებისა და გაზეთების გროვაში სამკითხველო დაფასთან ერთად საბეჭდი მანქანა მოუთავსებია.

ადრეული წლებიდან წერისას ფეხზე დგომა ჩვევაში გაუჯდა. ჩუსტებით კარადის წინ გაშეშებულა და დაჰყურებს საბეჭდ მანქანას. წერას ყოველთვის ფურცელზე იწყებს ფანქრით. წლებმა ასოების მოხაზულობა გაუმსხვილა, სასვენი ნიშნების გამოყენებას გადააჩვია და მნიშვნელოვან აბზაცთან  X-ის დასმა ასწავლა. როცა ტემპს აკრეფს და წერა ძალდაუტანებელ პროცესად იქცევა, მხოლოდ მაშინ გადაინაცვლებს საბეჭდ მანქანასთან.

პროგრესს ყოველდღიურად დიდ დიაგრამაზე აღრიცხავს – „თავს რომ არ ვატყუებდე“. დაფაზე ასახული სიტყვების რაოდენობა 450-დან 1250-მდე მერყეობს. დიდი რიცხვები მიანიშნებს, რომ იმ დღეს მწერალმა განზრახ ზედმეტი იშრომა, მომდევნო საღამოს სინდისის ქენჯნის გარეშე რომ ითევზაოს.

[…]

შესვლისას ოთახი არეული გეგონებათ, მაგრამ მალევე მიხვდებით – მისი პატრონი მოწესრიგებული კაცია, მაგრამ ნივთების გადაგდება, განსაკუთრებით თუ მათთან მოგონებები აკავშირებს, არ შეუძლია. წიგნის კარადების ზედაპირები, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი საგნებითაა გაუვსია: ხის მძივებისაგან დამზადებული ჟირაფი; პატარა თუჯის კუ; ლოკომოტივის პაწაწინა მოდელები; ორი ჯიპი და ვენეციური გონდოლა; სათამაშო დათვი ზურგზე დატანილი გასაღებით, მაიმუნი წყვილი თეფშით ხელში, მინიატურული გიტარა და აშშ-ს საზღვაო ძალების ბიპლანის პატარა თუნუქის მოდელი, რომელსაც ერთი ბორბალი აკლია – კოლექცია ყმაწვილთა თავშესაქცევად ნამდვილი საგანძურია.

აშკარაა, თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. ისევე როგორც, კამეჩის სამ რქას, რომელთა ფასეულობა არა ზომამ, არამედ მოპოვებისას გადახდენილმა თავგადასავლმა განისაზღვრა, როცა ბუჩქებში უიმედო სიტუაცია მოულოდნელად სასიკეთოდ  შემობრუნდა. „განწყობას მიმაღლებს მათი ყურება“.

მართალია, ჰემინგუეი არ უარყოფს ამ წვრილმანების დიდ მნიშვნელობას, მაგრამ ამაზე საუბრის სურვილი არ აქვს, რადგან იცის, სიტყვები გააფერმკრთალებს მათ ღირებულებას. წერის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება აქვს. ინტერვიუს დროს სამწერლობო ოსტატობის მიმოხილვისას არაერთხელ ახსენა – „რომ წერის ერთი მხარე მყარია და მასზე მსჯელობას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ მეორე იმდენად მყიფეა, რომ საუბრისას მის სტრუქტურას ბზარები უჩნდება და მთქმელს თვალსა და ხელს შუა შემოეფხვნება”.

შედეგად, დიდი ცოდნისა და შესანიშნავი იუმორის გრძნობის მიუხედავად, ჰემინგუეის უჭირს წერაზე მსჯელობა. არა იმიტომ, რომ ამ საკითხზე ცოტა მოსაზრება აქვს, პირიქით – ერთ საუბარში გადმოსაცემად გონებაში ზედმეტად ბევრი აზრი უტრიალებს. და, გრძნობს, ეს იდეები გამოუთქმელნი უნდა დარჩნენ, ამიტომ მათზე კითხვები თავს იმდენად აბეზრებს, რომ დიალოგის უნარიცა და სურვილიც თითქმის მთლიანად ეცლება.

წერა პირად, მარტოსულ საქმიანობად წარმოუდგენია. პროცესში მოწმე უადგილოა. რამდენადაც უყვარს ცხოვრებით ტკბობა, იმდენად თავისი საქმიანობის ერთგულია. და მისი ეს თავდადება არსად ისე კარგად არა ჩანს, როგორც ამ ყვითელი კრამიტით მოპირკეთებულ საძინებელში – სადაც იღვიძებს ადრიანად და სრული კონცენტრაციით დაფის წინ დგება. შთაგონების შემოწოლისას საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავს, სხვა მხრივ, თვითდაკისრებული დისციპლინით ფურცლებს ფანქრით ავსებს. შუადღეს კი ჯოხს მოიმარჯვებს და ნახევარი მილის გასაცურად საცურაო აუზისკენ გაემართება.

 

წერისგან სიამოვნებას იღებთ?

ძალიან დიდს.

შეგიძლიათ პროცესის აღწერა?

რომანზე ან მოთხრობაზე მუშაობისას ყოველი დილის პირველ სხივებთან ერთად ვიღვიძებ. ამ დროს არავინ მაწუხებს და მსიამოვნებს, დილის სუსხში წერის დროს როგორც ვხურდები. ვწერ, გადავიკითხავ, ველოდები – მომაფიქრდეს გაგრძელება, ვაგრძელებ. მუშაობას მხოლოდ მაშინ ვწყვეტ, როცა შემდეგი გვერდებისთვის იდეები ჯერაც თავში მიტრიალებს. ვცდილობ, დარცენილი დღე ვიცხოვრო და როგორმე მეორე დილამდე გავძლო. დილის 6-დან შუადღემდე ვწერ. გაჩერებისას ერთდროულად სავსეც ვარ და ცარიელიც, როგორც ვინმეს შეყვარების დროს იცის. ვგრძნობ, არაფერი მოხდება და ყველაფერი უაზრობაა, სანამ ალიონზე ისევ არ მივუბრუნდები საქმეს. ლოდინში ცხოვრება მარტივი ნამდვილად არაა.

ყველაფრის დავიწყება შეგიძლიათ, როცა საბეჭდი მანქანის წინ დგახართ?

თავისთავად. ამას გარკვეული დისციპლინა სჭირდება, თუმცა გამომუშავებადია.

წინა დღის ნაწერს თუ არედაქტირებთ ხოლმე? თუ ელოდებით, მთლიანობაში როდის მორჩებით საქმეს?

ყოველ დილას ვუბრუნდები ყველაფერს, რაც კონკრეტულ წიგნზე მუშაობისას იმ დრომდე დამიწერია. როცა ყველა თავს  დავასრულებ, ბუნებრივია, კვლავ გადავხედავ. და კიდევ ერთხელ მეძლევა რედაქტირების საშუალება, როცა ჩემს ტექსტს უკვე სხვა ბეჭდავს. ცვლილების ყველა ეს ტალღა თავისებურია და თითოეულისთვის მადლიერი ვარ.

ბევრი ჩასწორება გიწევთ?

გააჩნია. „მშვიდობით, იარაღო!“-ს დასასრული, ბოლო გვერდი 39-ჯერ გადავაკეთე.

ტექნიკური ხასიათის პრობლემა იყო?

შესაფერისი სიტყვების პოვნის.

წინა დღის დაწერილის გადაკითხვა შთაგაგონებთ?

იმ წერტილში დაბრუნებას ვახერხებ, საიდანაც უნდა გავაგრძელო. შთაგონება სადღაც ყოველთვის არის.

ამის მიუხედავად, დრო და დრო თუ გიძნელდებათ წერის დაწყება?

თავისთავად. მაგრამ, თუ წინა დღის მუშაობის დასასრულს იდეები გამოლეული არ მქონდა, მარტივად ვიწყებ. მთავარი კი ყოველთვის დასაწყისია და დანარჩენი თავისით მოდის.

თორნტონ უაილდერი მნემონიკურ  საშუალებებზე საუბრობს, რომლებიც მწერლებს საქმის გაგრძელებაში ეხმარება. თურმე მისთვის გითქვამთ, რომ ერთხელ მუშაობისას 20 ფანქარი გამოიცვალეთ.

არა მგონია, ერთდროულად 20 ფანქარი ოდესმე მქონოდა. თუ დღეში 7 ცალი 2 ნომერი ფანქარი შემომეთალა, ვიტყვი, რომ კარგად მიმუშავია.

სამუშაოდ ყველაზე ხელსაყრელი რომელი ადგილებია? ალბათ, Ambos Mundos სასტუმრო ერთ-ერთი უნდა იყოს, თუ თქვენ მიერ იქ დაწერილი წიგნების რაოდენობით ვიმსჯელებთ. საერთოდ, აქვს თქვენთვის გარემოს მნიშვნელობა?

Ambos Mundos სამუშაოდ შესანიშნავი სივრცეა. Finca-ც კარგია… ან იყო. მაგრამ მუშაობას ყველგან ვახერხებ. მთავარია ტელეფონის ზარმა ან სტუმარმა არ გამაწყვეტინოს.

წერისთვის ემოციური სტაბილურობა მნიშვნელოვანია? ერთხელ მითხარით, რომ კარგად მხოლოდ შეყვარებული წერდით. ამას ცოტა ხომ ვერ განავრცობდით?

რა კითხვაა. მაგრამ მცდელობისთვის ქულა გეკუთვნით. ნებისმიერ დროს შემიძლია ვწერო, თუ მარტო ვარ და ხალხი არ მაბეზრებს თავს. მაგრამ საუკეთესოდ ნამდვილად სიყვარულის დროს ვწერ. თქვენთვის თუ სულ ერთია, მირჩევნია არ განვმარტო, ამაში რას ვგულისხმობ.

ფინანსურ უზრუნველყოფაზე რას იტყვით?

თუ წერის სურვილი ადრეულ წლებში გეწვია, მასთან მიჯაჭვულობა ცხოვრების სიყვარულს გაუთანაბრდება და გაგიჭირდება ცდუნებას გაუძლო. როცა წერა შენ ძირითად ხმად და უდიდეს სიამოვნებად იქცევა, მისგან მხოლოდ სიკვდილი თუ დაგაშორებს. თუმცა ფინანსური უზრუნველყოფა დიდი შეწევნაა, ზედმეტ სანერვიულოს თავიდან აგარიდებს. ღელვა კი წერის უნარს გაკარგვინებს. მსგავსად, სუსტი ჯანმრთელობაც  ქვეცნობიერს უტევს და მთელ საწერ მარაგს გინადგურებს.

იმ კონკრეტული წამის გახსენება შეგიძლიათ, მწერლობა როცა განიძრახეთ?

არა, ყოველთვის მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი.

ფილიპ იანგი თავის წიგნში თქვენზე ვარაუდობს, რომ 1918 წელს მიღებული ჭრილობით გამოწვეულმა ტრავმატულმა შოკმა დიდი გავლენა იქონია თქვენს შემოქმედებაზე. მადრიდში მისი თეზისი მოკლედ განიხილეთ და თქვით, რომ ხელოვანის აღჭურვილობას არა შეძენილი, არამედ თანდაყოლილი მახასიათებლები განაპირობებს.

როგორც ჩანს, მადრიდში გონება მაინცდამაინც სხარტად არ მიმუშავებდა.  შესაძლოა, იმ წელს მიღებულმა ორმა ტვინის შერყევამ განაპირობა ჩემი ასეთი პასუხი. მახსოვს, გითხარით, რომ წარმოსახვის უნარს, სავარაუდოდ, დაგროვილი რასობრივი გამოცდილებით მიღებული მემკვიდრეობა განაპირობებს. ტვინის შერყევის კვალობაზე, ეს ცუდად არ ჟღერს. მაგრამ სანამ კიდევ ერთ ტრავმას მივიღებდე, მოდით შევეშვათ ამ საკითხს, არა?

მადლიერი ვარ, რომ სახელები, რომლებიც მაშინ ვახსენე, თქვენ ტექსტში არ დაიტანეთ. ლაპარაკის სიამოვნება კვლევაა, მაგრამ უპასუხისმგებლოდ წამოცდენილი სიტყვები არ უნდა ჩაიწეროს. როგორც კი ფურცელზე გადადიან, მათზე პასუხისმგებელი ხდები. თქმით კი, შეიძლება იმიტომაც გაახმოვანო, რომ თავად გაიგო, მათი რამდენად გჯერა.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, გააჩნია ჭრილობას. თუ ძვალი არ ტყდება, ასეთ დაზიანებას დიდი გავლენა არ ახლავს თან. ზოგჯერ თავდაჯერებულობასაც გმატებს. აი, რაც ძვლებსა და ნერვებს აზიანებს, მწერლისთვის, და ნებისმიერი ადამიანისთვის, კარგი ნამდვილად არაა.

მომავალი მწერლისთვის საუკეთესო გონების სავარჯიშოდ რა მიგაჩნიათ?

მოდი ასე ვთქვათ, უნდა წავიდეს და თავი ჩამოიხრჩოს, რადგან აღმოაჩენს, რომ კარგად წერა წარმოუდგენლად ძნელია. შემდეგ, ძალით უნდა ჩამოხსნან და თავს აიძულოს სიცოცხლის ბოლომდე ისე წეროს, როგორც შეუძლია. ასე წიგნის დასაწყებად ჩამოხრჩობის ამბავი მაინც ექნება.

იმ ხალხზე  რას იტყვით, აკადემიური კარიერა რომ აირჩიეს? როგორ ფიქრობთ, მწერლების დიდმა ნაწილმა, რომელსაც მასწავლებლის თანამდებობა უკავიათ, ლიტერატურული კარიერა მსხვერპლად გაიღო?

გააჩნია. მწერალმა, რომელსაც შეუძლია თან ასწავლოს და თან წეროს, ორივეს უნდა მოჰკიდოს ხელი. მათი შეთავსებადობა არაერთმა ავტორიტეტმა დაადასტურა. პირადად მე, ვერ მოვახერხებდი. მაგრამ აღმაფრთოვანებს ხალხი, ვისაც ეს შეუძლია. დასაშვებია, რომ აკადემიურმა ცხოვრებამ გარე სამყაროს მოგწყვიტოს და ცოდნის მიღების გზები შეგიზღუდოს. თუმცა, თავის მხრივ, ცოდნას პასუხისმგებლობაც მოაქვს, რაც წერას ბევრად ართულებს. გამუდმებით ფიქრობ მარადიული ღირებულებების ასახვაზე, მაგრამ დღეში მხოლოდ რამდენიმე საათს ხარჯავ უშუალოდ წერაზე.

ავტორი შეგვიძლია ჭას შევადაროთ. ფორმით ორივე ათასნაირი არსებობს, მაგრამ მთავარი ყოველთვის ჭაში დამდგარი წყლის ხარისხია, რომლის შესანარჩუნებლადაც უმჯობესია, სითხე რეგულარულად ამოზიდო ხოლმე. როგორც ჩანს, შორს წავედი, თუმცა კითხვა მაინც არ იყო დიდად საინტერესო.

ახალგაზრდა მწერლებს გაზეთში მუშაობას ურჩევდით? თავად რამდენად გამოგადგათ Kansas City Star-ში მიღებული გამოცდილება?

იქ მიწევდა მარტივი, დიალექტიკური წინადადებები მეწერა, რაც ნებისმიერს წაადგება. გაზეთში მუშაობა გამოსადეგია, თუ ამ საქმეს მალე შეეშვებიან. დამტვერილი კლიშე პასუხისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა ასაკოვან ადამიანს გადაღეჭილ კითხავს დაუსვამთ, გადაღეჭილი პასუხის მიღებაც გარდაუვალია.

ერთხელ Transatlantic Review-ში დაწერეთ, რომ ჟურნალისტად მუშაობის ერთადერთი ხეირი კარგი ხელფასია. თქვით, რომ: „როცა შენთვის ღირებულს მის შესახებ წერით ანადგურებ, ბუნებრივია, ამაში დიდი ფულის აღება მოგინდეს“. წერას ერთგვარ თვითგანადგურებად აღიქვამთ?

არ მახსოვს, ოდესმე ეს დამეწერა. მაგრამ ისეთი სულელური და უხეში ფრაზაა, მე რომ ვიტყოდი გონიერი აზრის მოფიქრების წნეხისგან გასათავისუფლებლად. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ წერა თვითგამანადგურებელი საქმიანობაა, ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტისთვის. მაგრამ სერიოზული მწერლისთვის ნამდვილად შეიძლება იქცეს თვითმკვლელობის ტოლფასად.

[…]

© არილი

Facebook Comments Box