ესაუბრა გუგა მგელაძე
ილია ჭანტურიას რომანი ,,გემი დავლანდე’’ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის რევოლუციის პერიოდს ასახავს. ტექსტში რამდენიმე ცენტრალური პერსონაჟის ამბავს ვეცნობით. მათი ბედისწერის ხაზები ფინალისკენ იკვეთება. ავტორი ენის ,,დაძველების’’ მეთოდით ცდილობს იმ ეპოქის განწყობის, ატმოსფეროს, რეალიების და ინტონაციური გრადაციების იმიტაციას.
,,გემი დავლანდე’’ ისტორიოგრაფიული მეტაფიქციის ნიშნებს ატარებს. ამდენად, მასში ასახული გარდამტეხი პერიოდის დოკუმენტური ,,ავთენტურობის’’ საკითხი არ დგას.
წინამდებარე ინტერვიუში ავტორთან ერთად გავარკვევთ ისტორიისა და ფიქციის კავშირების, ისტორიული რომანის აქტუალობის, კრიტიკოსის ფუნქციისა და ლიტერატურაში მიმდინარე ცვლილებების საკითხს.
თქვენი რომანის სათაური გალაკტიონის ფრაზის ასოციაციურ ვარიაციას წარმოადგენს. გალაკტიონის ცნობილი ლექსი ასე სრულდება: ,,შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი ,,დალანდი’’ და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი’’. ჩემი დაკვირვებით, ეს ლექსი რომანის ეპიგრაფადაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ. შეგიძლიათ ამ ციტატის ტრანსფორმაციის მექანიზმზე გვესაუბროთ? როგორ და რატომ ,,გაჩნდა’’ გალაკტიონი 1905 წლის ამბებთან?
სათაურს თავისი ამბავი აქვს. შეიძლება სრულად უინტერესო, მაგრამ მე ყოველთვის საინტერესოდ მეჩვენება ხოლმე. რამდენიმე წლის წინ მქონდა ერთი იდეა რომანისთვის. რომანის კონცეფცია ერთ-ერთი სარეზიდენციო პროგრამისთვის უნდა გადამეგზავნა. ეს რომანი ეხებოდა გემს, მაგრამ ეს სულ სხვა გემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისიც ფოთის ნაპირზე იყო შეჩერებული, ეს ამბავი 21-ე საუკუნეში ხდებოდა, გემი კი უკვე უფუნქციო იყო, რომლის ჯართში ნაწილ-ნაწილ ჩაბარება სურდათ იქ მცხოვრებ დევნილ ბავშვებს. ამ ტექსტის სათაურზე ფიქრს ბევრი დრო დავახარჯე, მაგრამ მაინც ვერ მივედი შესაბამის სახელამდე, არადა პროგრამისთვის წინასწარ შერჩეული სახელი აუცილებელი იყო. მოხდა ისე, რომ სათაურის სახელი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ ზვიადმა, ჩემმა გამომცემელმა და უფრო მეტად მეგობარმა, მოიფიქრა ეს მშვენიერი სახელი, თან გალაკტიონის ლექსის სახელის გადათამაშება, თან ძალიანაც ლამაზი, ვფიქრობ. მაგრამ ამ რომანის დასრულება ვერ მოხერხდა, ვერც ნორმალურად დაწყება. ამიტომაც ფოთის ნაპირზე გამორიყულმა, ჯართში ჩასაბარებლად განწირულმა გემის ამბავმა მომავლისკენ გადაინაცვლა, (იმედს ვიტოვებ ოდესმე აღსრულდება მისი საქმეც) მაგრამ რამდენიმე თვეში გაჩნდა სულ სხვა ტექსტის იდეაა. გემზე რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოაპობდა შავი ზღვის ტალღებს. ამიტომაც სახელი იგივე დარჩა, მგონი წინა ტექსტზე მეტად უხდება კიდეც.
გალაკტიონის ლექსში არის რაღაც უცნაური განცდა, ბობოქარი ამბების მომასწავლებელი. გემ დალანდს თან რევოლუციური ქარი მოყვება, რომელიც საქართველოშიც უნდა შემოიჭრას.
რატომ გაგიჩნდათ 1905 წლის პერიოდზე წერის სურვილი? უფრო რომ დავაზუსტო, რა კავშირებს, ბმებს ხედავთ თანამედროვეობასთან?
ეს იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც სრულად მოწყვეტილი ვიყავი გარესამყაროს და არც რამის წერის სურვილი მქონდა. უცნაურია, მაგრამ წესით ამ განუსაზღვრელი თავისუფალი დროის ქონის პერიოდში უნდა მეწერა კიდეც. ერთ წინადადებასაც ვერ ვაბამდი. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ დასაწერი თემის ინსპირაცია უფრო მივიღე. იმ დროს ვკითხულობდი აბესალომ ტუღუშის წიგნს „ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან“. აქ არის ერთი ნაწილი 1905 წლის რევოლუციაზე, როდესაც ზუგდიდის ცენტრში მსვლელობა ეწყობა სოციალ-დემოკრატების. ნაწილი ქალაქის მეფის ტახტზე ასვლას აღნიშნავს, ნაწილი კი ბუნტით ეგებება ამ დღეს. მსვლელობა იწყება ეკლესიიდან, წირვის შემდეგ, წითელი დროშებითა და მარსელიოზას სიმღერით, მსვლელობას რუსი გენერალი დაშლის. მაგრამ ეს მომენტი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩამრჩა გონებაში. რამდენიმე ხნის შემდეგ უშუალოდ ნარკვევების კითხვა დავიწყე 1905 წლის აჯანყებაზე. ეს არის პერიოდი, რომელიც ნასაზრდოებია როგორც კლასობრივი ასევე ეროვნული წინააღმდეგობით. მთავარ როლს აქ ანტიიმპერიალიზმი თამაშობს, რომელიც რუსეთის მეფის სისტემას უპირისპირდება. რიგითმა მოქალაქეებმა გაიაზრეს, რომ არსებული სისტემა სრულად უსამართლოა, რადგან თვითმპყრობელობა და ფეოდალური მოწყობა დაშენებულია სრულ უთანასწორობაზე, მშრომელების სრულ ექსპლუატაციაზე. ხალხი შრომობს, მაგრამ შრომის ნაყოფი კი ერთეულებს ეძლევათ. ამასთანავე ეს ბრძოლა არის ეროვნულ განმანთავისუფლებელიც, როგორც ვახსენე. თავდახსნა იმპერიული საცეცებისგან.
ეს არის ერთგვარი რევოლუციური გამოცდილება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამჟამად ამ კლასობრივმა ბრძოლამ სახე იცვალა, ბატონები და ფეოდალების ადგილზე ახლა ბურჟუები არიან: ბანკირები, მსხვილი ბიზნესების მფლობელები თუ რიგით მყვლეფავები. ეს ხალხი როგორც ბიზნესის მესაკუთურეები არიან, ამასთანავე, მათ სახეებს პარლამენტშიც ვხედავთ და მთავრობის შემადგენლობაშიც. არ აქვს პარტიულ განცალკევებულებას მნიშვნელობა, რადგან პოზიციაც და ოპოზიციაც, როგორც უკვე ხალხმა გააჟღერა, ერთი ბიზნესის ორი მეწილეები არიან. ამჟამად კი უმთავრესია ხალხმა იგრძნოს თავისი კლასობრივი ინტერესი და ეს დაპირისპირება თავის სასიკეთოდ შემოატრიალოს. ბოლოს და ბოლოს უნდა გავიაზროთ, რომ რეალური ცვლილებები რიგითი მოქალაქეების, მშრომელების მოთხოვნებიდან უნდა წამოვიდეს და არა იმ ერთეული ადამინების სურვილიდან, რომლებიც ჩვენს საერთო საკუთრებას სავაჭრო მიზნებისთვის იყენებენ. დროა ყველას შესაბამისი ხისტი პასუხი გაეცეს, როგორც ეს საუკუნის წინ მოხდა.
რა ფუნქცია აქვს ისტორიულ პერიოდზე დაწერილ რომანს აქ და ახლა? მაგალითად, ბესო სოლომანაშვილის შთამბეჭდავი რომანი ,,ამბავი ძველი დახვრეტილებისა და და ამბავი ახალი დასახვრეტებისა’’ აგრესიის მექანიზმებს, საბჭოთა მენტალურ ტრავმებსა და ტრავმულ ცნობიერებას იკვლევს. ამიტომაც შემოდის რომანში ტელევიზია, რომელიც ძალადობის ახალ აგრეგატს წარმოადგენს. ჟანრული მახასიათებლების გათვალისწინებით, სოლომანაშვილის რომანი პოლიტიკური თრილერია. სულ სხვა ფუნქცია აქვს ნინო ხარატიშვილის ეპოქალურ რომანს ,,მერვე სიცოცხლე’’. მასში მთელი მეოცე საუკუნეა ასახული, ხოლო მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების, გარდაქმნებისა და ქაოსის პროცესებს ჯაშების გვარის ამბების მეშვეობით ვეცნობით. რაც ყველაზე საინტერესოა, ხარატიშვილის თხრობის ენა ისტორიულ მოვლენებთან ერთად იცვლება. ეს ვეებერთელა მხატვრული ტილო ენის ტრანსფორმაციის კალეიდოსკოპია.
ესაა წარსულის გადააზრების საშუალება. წარსული ერთი დიდი გამოცდილებაა, თავისი ბნელი თუ ნათელი მხარეებით, რომლის გადააზრების გარეშე ვერ მოვახერხებთ ცვლილების მნიშვნელობის გაცნობიერებას. რა თქმა უნდა, რომანი მაინც მხატვრული ლიტერატურაა და არა წმინდად ზუსტი ისტორიოგრაფია, მაგრამ კარგი ისტორიული რომანი ახერხებს იმ ეპოქის გაცოცხლებას, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მკითხველს შეუძლია ეპოქის სული შეიგრძნოს. აქ მნიშვნელოვანია მხატვრულობასა და ისტორიას შორის მოძრაობა. მხატვრულ ლიტერატურას აქვს ამის შესაძლებლობა, გასცდეს ისტორიას გარკვეულწილად, მაგრამ არსებობს საზღვრები, რომლის გადაცდენის შემდეგ უბრალოდ წარსულს ვაყალბებთ, რაც დაუშვებელია. ამიტომაც, ლიტერატურის სრული გათავისუფლება გარკვეული ჩარჩოებისგან მიუღებელია.
თქვენი რომანის ანონიმური მთხრობელი დამკვირვებლის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე ,,სანდოა’’. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხშირად იბნევა პერსონაჟის ოთახის აღწერისას და ავიწყდება ნივთების განლაგება. როგორ მიხვედით ამ ხმამდე? თავიდანვე გინდოდათ ანონიმური მთხრობელის შემოყვანა?
მინდოდა შემექმნა მთხრობელი, როგორც ერთგვარად ირიბი თანამონაწილე ამ ამბების და თან განზე მყოფი, რაღაც აჩრდილის მაგვარი, რომელიც ჩუმად დაყვება მთავარ პერსონაჟებს. თან მათთანაა და თან განზე მდგომის მხარეს იკავებს. მას აქვს თავისი ისტორია, თავისი წარსული, უშუალოდ თანამონაწილეც კია აჯანყებაში, ვერ ახერხებს ობიექტური იყოს, პირიქით, მგონი, ძალიან სუბიექტურიც არის. სწორად აღნიშნეთ, რაღაცები ავიწყდება კიდეც, არ არის კლასიკური მთხრობელი, რომელიც აუცილებლად ზუსტი უნდა იყოს. მოქმედი მთხრობელია, რომლის შემოყვანაც თავიდანვე მსურდა, როგორ გამოვიდა, ეს სხვა საქმეა.
რომანში, მცირე ფორმატის მიუხედავად, ძალიან ბევრი პერსონაჟია, რომლებიც ლანდებივით კრთებიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ მხოლოდ მთავარი პერსონაჟების ,,გახსნის’’ ფუნქცია აკისრიათ. ყოფილა შემთხვევა, როცა დაუგეგმავად გაჩენილა კონკრეტულ სცენაში კონკრეტული პერსონაჟი?
მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების რაოდენობას არ უჩივის ტექსტი, ასეთი დაუგეგმავი პერსონაჟი სულ სამია, ან შეიძლება ოთხი, რომლებიც უშუალოდ თხრობის დროს გამოჩნდნენ. შეიძლება იქვე ახლოს იდგნენ და ვერ შევამჩნიეთ, ამიტომაც თავი გამოყვეს, ან შეიძლება სრულად ხელოვნურად გააჩინა ავტორმა (აქ ავტორი იცინის). მაგრამ დაუგეგმავი პერსონაჟები მთავარ გმირებზე მეტად მგონი სიუჟეტს უფრო ხსნიან. წერისას ჩნდება ასეთი განცდა, რომ აქ ვიღაც უნდა იყოს, ამიტომაც მივცეთ იმ განზე მდგომ ტიპს უფლება გამოჩნდეს, რატომაც არა?!
როგორია რომანზე მუშაობის გამოცდილება? რა ტიპის სირთულეებს გადააწყდით წერის პროცესში?
წერის პროცესზე მეტად წერის დაწყებაა რთული. ყოველთვის ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ. დაწყების შემდეგ კი ნორმალურად მიდის ყველაფერი. ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და საკმაოდ საინტერესოც. რაც ვისწავლე ამ პროცესისგან არის ის, რომ არაფერი ისე არ უხდება ვრცელ ტექსტზე მუშაობას, როგორც დისციპლინა. წერის პროცესის განმავლობაში ზუსტად მქონდა დღის განრიგი ჩამოწერილი, თუ რა დროს უნდა მეწერა, რა დროს უნდა შემესვენა, როდის უნდა მივბრუნებოდი დაწერილს და რამდენი უნდა მეწერა დღეში. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა. დაწერის შემდეგ არის მომენტი, როცა ვერანაირად ვერ მიუახლოვდები ნაწერს, უნდა შეისვენო სრულად გადგე განზე, გაისეირნო, სხვა საქმით დაკავდე და შემდეგ, როცა უკვე ნაწილობრივ დაგავიწყდება მიხვიდე საწერ მაგიდასთან ტექსტის გადასახედად და შესასწორებლად. ნაცადი პრაქტიკაა, რა თქმა უნდა, მე არ მომიფიქრებია, ასე რომ, ყოველი კარგად ნაცადი გამოსაყენებელია.
უშუალოდ სიუჟეტს რაც შეეხება, თავიდან არსებობდა მონახაზები და ჩონჩხი, რაზეც უნდა აგებულიყო ტექსტი, ამის შემდეგ უბრალოდ ყველაფერი თავისით წავიდა, რაღაც მომენტიც ის დაგეგმილი ჩონჩხიც აირია, რაც ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, რადგან თავად ამბავი და პერსონაჟები გიბიძგებენ სხვა გზით წასვლისკენ და არა წინასწარ განსაზღვრული ხაზები.
კონკრეტული ისტორიული ფიგურა (ან მათი ხასიათის ანარეკლი) თუ ,,იმალება’’ უტა დადიანის ან ეკატერინე დოლიძის მიღმა?
გულწრფელად არ ვიცი, შეიძლება იყო კიდეც ანარეკლი, მაგრამ არ მახსენდება, თუმცა არიან აქ უშუალოდ ისტორიული პირები, მაგალითად: გიორგი დეკანოზიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ლეო ქიაჩელი, სერგო ორჯონიკიძე (რომელიც მხოლოდ ერთ მომენტში არის ნახსენები თავისი ძველი მეტ სახელით „სულეიმანოვი“).
მკითხველის შეფასება რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? ხომ არ აზიანებს ინტერპრეტაციათა სიჭარბე ტექსტის რეალურ იდეას?
მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ ავტორი მხოლოდ თავისი თავისთვის უნდა წერდეს, უფრო მეტიჩრობა მგონია ამაზე ლაპარაკი. ინტერპრეტაციათა სიჭარბეს რა ჯობს, მაგრამ არის გარკვეული მიზნები და გარკვეული სათქმელი, რომელიც ტექსტში უნდა ჩანდეს, რომლისგანაც შორს გასვლა საერთოდაც არ მომწონს. ამიტომაც გააჩნია ინტერპრეტაციას და გააჩნია მის მიზანს.
ნაირა გელაშვილის რომანში ,,პირველი ორი წრე და ყველა სხვა’’ ვკითხულობთ: ,,წარსული თან უნდა გვახსოვდეს და თან არა. წარსულიდან მხოლოდ ის უნდა იცოდე, რასაც აცნობიერებ, სხვა ყველაფერი უნდა გადაყარო, რათა ტვირთად არ გექცეს’’. რა არის თქვენთვის წარსული?
როგორც ზევით აღვნიშნე, ერთი დიდი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია. ტროცკი თავის გენიალურ ნაშრომში „ლიტერატურა და რევოლუცია“ ფუტურისტებს აკრიტიკებს წარსულის სრულ უარყოფაში, როგორც მოგეხსენებათ რუსი ფუტურისტების დიდი ნაწილი კომუნისტადაც მიიჩნევდა თავს, ტროცკი კი წერდა, რომ მათი მიერ წარსულის დაგმობა არ მოდის კომუნისტური მოტივიდან, რადგან არსებული კომუნისტური იდეა ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებებსა და ტრადიციებს, აქ ახსნებს პარიზის კომუნის გამოცდილებას, 1905 წლის რევოლუციის წლებს, იხსენებს ჰეგელს და ინგლისელ მატერიალისტებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ იყვნენ სოციალისტები, მაგრამ მათი შრომა დასაფასებელია. ეს ხედვა სწორი ხედვაა. შეუძლებელია წარსულის დავიწყებით ახალი ნაბიჯის გადადგმა, მეტიც არც გაუაზრებელი წარსულის გადაყრაა მართებული, პირიქით, კიდევ მეტი ანალიზი და კიდევ მეტი ტვირთი, ერთ დღესაც (იმედია) ეს ტვირთიც მოიხსნება, ამას ჭირდება გამძლეობა, მაგრამ ეს აუცილებელია, მთავარია ამ გადააზრების პროცესმა ისტორიის არასწორ მხარეს არ მიგვიყვანოს.
თანამედროვე ლიტერატურულ კრიტიკასაც რომ შევეხოთ. იწერება დღეს კარგი კრიტიკა? მხოლოდ რეცენზენტებს არ ვგულისხმობ, ცხადია. ფართო კონტექსტზე ვისაუბროთ. უფრო კონკრეტულად, რა ფუნქცია აქვს მწერლისთვის კრიტიკოსს?
ზუგდიდში გამართულ ერთ-ერთ ლიტერატურულ ფესტივალზე „F5”, დათო ბარბაქაძემ თქვა საკმაოდ სწორი რამ, რომ ქართულ ლიტერატურას კრიტიკა არ გააჩნია, მისი საუბარი იყო საკმაოდ ხისტი, მაგრამ სამართლიანი. კრიტიკა ლიტერატურული პროცესების მამოძრავებელია. არიან ერთეული პიროვნებები, მაგრამ ამ ყველაფერს მასშტაბური სახე არ აქვს, რაც ერთ დიდ ჭაობს წარმოშობს. სანამ კრიტიკა არ გახდება მეტად მასშტაბური და ამასთანავე ხარისხიანი, ვერ მივხვდებით, თუ რა არის რეალურად ლიტერატურულ პროცესში ყოფნა. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც კარგ კრიტიკას დიდი დავიდაარაბა გამოუწვევია ლიტ სივრცეში, რაც ცალსახად კარგი დავიდარაბაა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც კრიტიკა პირად შეურაცხყოფის დონემდე იყო დასული, რაც უფრო პირადი შუღლიდან გამომდინარეა ალბათ და სრულად უხარისხოა.
როგორ აფასებთ სადებიუტო კრებულს ,,ნინოშვილის 25’’? ხშირად გეცვლებათ დამოკიდებულება საკუთარი ტექსტების გადაკითხვისას?
ემოციური კავშირი მაქვს ამ კრებულის რამდენიმე ტექსტისადმი. უცნაურია, დროთა განმავლობაში ეს კავშირი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არა. არის ტექსტი, რომელსაც გვერდს ვუვლი, მაქვს რაღაცნაირი მორიდების შეგრძნება, შეიძლება ახლა არ მომწონს, შეიძლება სხვა მიზეზიცაა, რომელსაც დიდად მარტივად ვერ ავხსნი. ვფიქრობ, დადგება ის მომენტიც, როდესაც შევძლებ თვალის გასწორებას.
თქვენი დაკვირვებით, როგორია თანამედროვე ქართული რომანი?
როგორც უთქვამთ, უფრო მეტად პოეზიის ქვეყანა ვართ ვიდრე პროზის. ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ რომანის წერის დიდი ტრადიცია არ გაგვაჩნია. დღესდღეობით არის რამდენიმე ავტორი, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომანის მწერალია (თუ შეიძლება მსგავსი ფორმულირება საერთოდ). თანამედროვე ქართულ რომანზე ასე ერთიანად საუბარი რთულია, მაგრამ არის გარკვეული ტენდენციები, რომელიც კარგად ჩანს – ესაა იდენტური თემებით კვება. იმ თემებით, რომლებიც ხშირად ტრიალებენ ხოლმე მეინსტრიმულ მედიებზე. აქ არის ტერიტორიის პრობლემაც, ქართული რომანის უმეტესი ნაწილი იკეტება თბილისში და თბილისის ცენტრალურ უბნებში. კარგია ის, რომ ცენტრისგან გასვლა უკვე შეინიშნება ახლად გამოჩენილ ავტორებში, რასაც ცალსახად მივესალმები.
ოცდამეერთე საუკუნის ხუთი ქართული მოთხრობის ანთოლოგიის შედგენა რომ გთხოვონ, რომელ ტექსტებს შეიყვანდით?
რაც უახლოეს წარსულში წავიკითხე ის ტექსტები მიტივტივდება თავში. ესენია: ცოტნე ავსაჯანიშვილის „ნათიას ოქროები.’’ ცოტნე ჩემი ძმაკაცია და შეიძლება სუბიექტურობაში დამწამონ ბრალი, მაგრამ დამწამონ, არ მაქვს პრობლემა, ეს მოთხრობა მაინც დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ მოთხრობად – ენობრივადაც და თავისივე ამბითაც (მკითხველს შეუძლია არილის საიტზევე ნახოს მოთხრობა ან შეიძინოს ამავე ავტორის ახალი კრებული „ბავშვები კორტესარის მთიდან“). ცოტნე ცხვედიანის „ოქროს ქალაქი“ (ამასთანავე კრებული „ქალაქი და წმინდანები“, რომელშიც ეს მოთხრობაა მოქცეული, საუკეთესო კრებულია, რაც ბოლო წლებში დაწერილა). აკა მორჩილაძის „სულები და ხბორები“ (აკას რომანების მკითხველი ვარ და მხოლოდ ახლა დავიწყე მისი კრებულის „შუა ღამის ალქაჯების“ კითხვა). ნუგზარ შატაიძის „გეგათ ოლა“ (არ ვიცი 21-ე საუკუნეში დაიწერა თუ არა, მაგრამ ნუგზარ შატაიძე საუკეთესოდ წერდა მოთხრობებს ამ საუკუნეშიც). ბოლოს, ზურა ჯიშკარიანის „სიღარიბის მაუგლები“. მართალია, მოთხრობაზე მეტად ნოველაა ან წერილი, მაგრამ ცალსახად ღირებული ლიტერატურაა, რომელიც არ დაგავიწყებს თავს.
© არილი