ინტერვიუ

ინტერვიუ მარი ბექაურთან – „ეს ხასიათი ჩვენი ჯილდოცაა და წყევლაც“

ესაუბრა თაკო წულაია

„უპრობლემო კაცი“, „ადამიანი, რომელმაც წელებზე ფეხი დაიდგა“, „გაუგონარი კატასტროფა“, „მდუმარე იყო წყნეთის ქუჩები, ნაღვლიანი“, „აბრაკადაბრა“, „გაწიწმატებული ქალი“, „ორ ზღვას შუა“, „ნევროზიანი ბულბული“, „სთორი“, „ბუზი“, „ძარცვა ქუთაისურად“, „ნაბოზარი კატა“, „პიემესი“, „ავტობუსის გამტაცებელი“ – ამ მოთხრობების წაკითხვას შეძლებთ მარი ბექაურის ახალ კრებულში „ორ ზღვას შუა“, რომელიც ცოტა ხნის წინ „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. ავტორს სწორედ ამ პროზაული კრებულის შესახებ ვესაუბრეთ –  ვინ არიან მისი პერსონაჟები, კითხულობენ თუ არა ისინი მის ტექსტებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი სახელები და ა. შ. მარი ბექაური გვიზიარებს იმისაც, რა იყო მისი მიზანი წერისას და რომელია ის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ვერ შეიყვარა.

მოთხრობები ძალიან სწრაფად იკითხება, სიუჟეტი და თხრობა დინამიკურია და პერსონაჟებიც თითქოს სულ ჩქარობენ და ხმაურობენ – თუ არ ლაპარაკობენ, მოძრაობენ, თუ ჩუმად არიან, რამეს აუცილებლად აკეთებენ… წერის ტემპიც ასეთი სწრაფი გაქვთ?

ზოგადად, კი. ყველაზე მეტი დრო, ალბათ, წერის განწყობის მომწიფებას სჭირდება. როცა განწყობა იქმნება, მერე თითქოს თვითონ მოედინება სიტყვები.

როგორი უნდა იყოს ამბავი, თქვენს ტექსტად რომ იქცეს? „ძარცვა ქუთაისურად“ რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული – რით მიგიზიდათ და რამდენად შეიცვალა მხატვრულ ნაწარმოებად ქცევისას? რეალობა ხშირად გამარაგებთ ხოლმე საინტერესო სიუჟეტებით?

არის რაღაც დეტალი, რასაც ვიჭერ ხოლმე და იქიდან მიჩნდება იდეა. შეიძლება, მომენტალურადაც დავინახო კადრები და გონებაში უკვე შექმნას იწყებს ამბავი… უმეტესწილად, იდეები რეალობიდან მომდის. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს დეტალებია, რაც ყურადღებას იქცევს და მერე ფანტაზია ერთვება… მით უმეტეს, ქართული რეალობა უხვად მაწვდის იდეებს და ეს ამ ახალ წიგნსაც ეტყობა. წიგნში ბევრი ნამდვილი ფაქტია, რაზეც მერე სიუჟეტი ავაგე: მთვრალმა კაცმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები დასალევად მიჰყავდა, ქალმა ქმარი ინდაურით სცემა, ერთმა კაცმა მღვდელს მარჯვენა ლოყაში გაარტყა, აბა, მარცხენას თუ მომიშვერსო და მღვდელმა სცემა… ქუთაისის ბანკის ძარცვა, რაც თქვენც ახსენეთ… როცა ამ ფაქტზე ინფორმაციებს ვკითხულობდი, ცრემლებით ვიცინოდი. მძევლები მძარცველთან სელფებს იღებდნენ, ხალხს ყველაზე მეტად ის ადარდებდა, მძარცველს ანკესი რად უნდაო… ჩვენთან ისეთი აბსურდული ამბები ხდება, რომ მგონია, მარტო ჩვენთან ხდება.

როგორ გგონიათ, ის პერსონაჟები, რომლებზეც წერთ, არიან თქვენი მკითხველები?

ზოგი კი, ზოგი – არა. მაგალითად, რატომღაც მგონია, რომ ქუთაისის ბანკის მძარცველი ამ წიგნს არ წაიკითხავს. თუმცა, მჯერა, წიგნს ბევრი “მარინა ბეგთაბეგიშვილი” წაიკითხავს, რადგან ეს პერსონაჟია ჩემი მშობლების თაობის ქართველი ქალის სახე. ამ ქალებმა საკუთარი ცხოვრება მთლიანად უძღვნეს ოჯახებს. წელში გაწყვეტამდე მუშაობდნენ და ეს არავინ დაუფასათ… მახსოვს, როცა ეს მოთხრობა დავწერე, გავიფიქრე, რა კარგი იქნება, ამ ქალებსაც მარინა ბეგთაბეგიშვილივით ამოასხათ და თავიანთ ბედნიერებაზე დაიწყონ ზრუნვა-მეთქი.

ის მწერლები თუ ახდენენ თქვენზე გავლენას, რომლებსაც წერისას კითხულობთ? ზოგადად, რომელ ავტორებთან გაქვთ ყველაზე მეტი საერთო?

ბოლო 3 წელი მხატვრულ ლიტერატურას ვერ ვკითხულობდი. მხოლოდ – ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ცოტა ხანია, რაც ისევ დავიწყე მხატვრულის კითხვა. ასე რომ, მაგ გავლენისგან თავისუფალი ვიყავი… რაც შეეხება საერთოს, ყველაზე მეტად სამხრეთ ამერიკელ მწერლებთან ვხედავდი… ტექსტებს რომ თავი დავანებოთ, მგონია, რომ მე, როგორც პერსონაჟი, ჩემი ხასიათით, ემოციურობით, იუმორით თუ ცხოვრების მაგიური მომენტების დაფიქსირების უნარით, მათ პერსონაჟებს უფრო ვგავარ.

თქვენი პერსონაჟები სხვა ჟანრის მოთხრობებში თუ წარმოგიდგენიათ? აი, მაგალითად, ანტონიო გარუჩავა, უპრობლემო კაცი, თავისთავად არის კომიკური (ხასიათით, ქცევით, მეტყველებით) თუ იმ სიუჟეტმა აქცია, რომელშიც აღმოჩნდა?

დასაწყისში დეტალები ვახსენე. სხვადასხვა მოთხრობის იდეა სხვადასხვა დეტალმა წარმოშვა. ზოგან ჯერ სიტუაციას ვხედავდი, ზოგან – პერსონაჟს. ერთ მოთხრობაზე პირდაპირ სათაური მომაფიქრდა და მანდედან გამოვიგონე ამბავი… ანტონიო გარუჩავას შემთხვევაში, ჯერ პერსონაჟი შეიქმნა. აი, ხომ არ არსებობს სამყაროში ადამიანი, რომელსაც რაღაც პრობლემა მაინც არ აქვს, ხოდა მომინდა – უპრობლემო კაცი შემექმნა და ასე გამოიკვეთა თანდათან გონებაში ანტონიო გარუჩავას ხასიათი. მერე თვითონ პერსონაჟმა მიკარნახა ამბავი, რაც მის თავს ხდება… სიმართლე გითხრათ, ვერც ანტონიო და ვერც სხვა პერსონაჟები სხვა ჟანრის მოთხრობებში ვერ წარმომიდგენია. ცხადია, გვერდიდან რომ შევხედოთ, ბევრი მათგანი საკმაოდ დრამატულია, თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი და გამოწვევა ის იყო, ეს ყველაფერი იუმორით მომეყოლა. ცხოვრებაშიც ხომ ასეა: ბევრი დრამა მართლაც აბსურდული და კომიკურია…

მათ სახელებს როგორ არჩევთ? ზოგიერთ ქართულ სახელს თითქოს დაჰყვება კიდეც ხასიათი. თქვენთვის აქვს სახელებს თანდაყოლილი შინაარსი?

დიახ. მგონი, ამ წიგნში ყველა პერსონაჟის სახელზე ვიფიქრე. აი, მაგალითად, ნანული შენგელიძეს ლიზი რომ რქმეოდა, ვერაფრით წარმომიდგენია. ვერ ვხედავ თანხვედრას სახელსა და ხასიათს შორის… მახსოვს, ყველაზე მეტი ბულბული ფუჩუნაიას სახელსა და გვარზე ვიფიქრე. ამ დანევროზებულ ქალს, ბევრ სხვა დრამასთან ერთად, კიდევ ერთი განსაცდელი უნდა ჰქონოდა ცხოვრებაში – სახელი, რაც სრულიად საწინააღმდეგო უნდა ყოფილიყო მისი ხასიათის და რის გამოც ბავშვობიდან გაბრაზებული უნდა ყოფილიყო მშობლებზე.

მარინა ბეგთაბეგიშვილის „მოგსტყვნიათ პატრონი“ ისე ჟღერს, როგორც მარკესის პოლკოვნიკის (რომელსაც არავინ სწერს) ნათქვამი „მძღნერი“. აქ მთავარი ენობრივი მოულოდნელობაა. პერსონაჟი უეცრად ისეთ რამეს ამბობს, რასაც მისნაირი პერსონაჟები, ჩვეულებრივ, არ ამბობენ. არა მხოლოდ აქ, თქვენს სხვა მოთხრობებშიც ენა ყოველთვის ძალიან ცოცხლად და ზუსტად ასახავს ამ ენაზე მოლაპარაკეს. როგორ მუშაობთ ხოლმე დიალოგებზე? როგორ პოულობთ ენას პერსონაჟისთვის?

ძალიან გამიხარდა, ეს კითხვა რომ დამისვით, რადგან ერთ-ერთი მიზანი წერისას – ენა იყო. ასევე, მოულოდნელობის ეფექტის შექმნა. მარინა, ნანული და კიდევ რამდენიმე პერსონაჟი რაღაც მომენტებში ისეთ სიტყვებს აბრეხვებს, რაც მათგან წარმოუდგენელია. მოულოდნელობის ეფექტის გარდა, ამ ქალებისგან ბილწსიტყვაობა იმასაც აჩვენებს, რა გზა გაიარეს და რამხელა გარდატეხა მოხდა მათში… ზოგადად, როცა პერსონაჟის ხასიათს ვხედავ, ვცდილობ, ამ ხასიათის შესაბამისად ვალაპარაკო, რომ ავთენტური გამოვიდეს. მაგაზე ვხუმრობ კიდეც ერთ-ერთ მოთხრობაში “ბუზი”, სადაც პროფესორ კაცს, ნოშრევან ზიბზიბაძეს ბუზი გადაეკიდება და აჯდება, და მიუხედავად იმისა, რომ მოთმინებიდან გამოდის, ბუზს მაინც შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად შეურაცხყოფს. უყვირის: „მეძავო” და არა “ბოზო” (პროფესორი კაცია მაინც)… სხვათა შორის, ნოშრევანი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც არ მიყვარს. იმდენად ამპარტავანია, ვერ თანავუგრძენი და ალბათ, მაგიტომაც დავასვი სიკვდილის ბუზი.

თქვენთან მწვავე სოციალური თემატიკა სატირით, იუმორითა და აბსურდით არის შერბილებული (ან პირიქით, ხაზგასმული და გამკვეთრებული). რას ფიქრობთ, თუ მწერალი ჩვენს აწმყოზე გადაწყვეტს წერას, რა ჟანრის ტექსტი გამოუვა? რა ჟანრში ვცხოვრობთ?

ტრაგიკომედია. ჩვენ ჩვენი ხასიათი გვაქვს და ეს ხასიათი ჩვენი ჯილდოცაა და წყევლაც. სწორედ ასეთი ხასიათის გამო ბევრ რთულ სიტუაციას იოლად ვაგორებთ, მაგრამ, ამავდროულად, ბევრ სიტუაციაში, სადაც სერიოზულობა გვმართებს, ბოლომდე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე…

წერისას საკუთარი სიცილის ხმა ხელს ხომ არ გიშლიდათ?

როცა წერა დავასრულე, ვინატრე, ნეტა, მკითხველმაც ისე იცინოს ამ წიგნის კითხვისას, როგორც მე წერისას ვიცინე-მეთქი. რადგან მართლა ყველა მოთხრობის წერისას ვიცინოდი.

გასულ წელს გამოიცა თქვენი რომანი „უხილავი თამაში“. რა განასხვავებს თქვენთვის მოთხრობებსა და ვრცელ პროზაულ ტექსტებზე მუშაობის პროცესს? რა იცვლება, მაგალითად, პერსონაჟებთან ურთიერთობაში, როცა მათთან ასობით გვერდის განმავლობაში გიწევთ დარჩენა?

„უხილავ თამაშში” აქცენტი თავიდან ბოლომდე სიუჟეტზე გავაკეთე და წერის დაწყებამდე დეტალურად გავწერე სიუჟეტი. მოთხრობების შემთხვევაში ასე არ ყოფილა. არცერთი მოთხრობის დაწყებისას არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა და დასრულდებოდა ამბავი და აქცენტიც ენაზე მქონდა… ლიტერატურული თვალსაზრისით, მგონია, რომ „ორ ზღვას შუა” ბევრად უკეთესი წიგნია. რაც შეეხება პერსონაჟებს, რომანებზე ასე მჭირს, რომ როგორც კი წერას დავასრულებ, თითქოს ისინიც სრულდებიან და  თავიანთ ცხოვრებას იწყებენ. თუმცა, ამ მოთხრობებიდან რამდენიმე პერსონაჟია, რომლებიც მიყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ მათ მსგავს ადამიანებს რეალურ ცხოვრებაშიც ვიცნობ. მე კი, ზოგადად, ადამიანი მიყვარს ყველაზე მეტად, მთელი თავისი დრამებით და კომედიებით.

© არილი

Facebook Comments Box