მიწასთან, წყალთან, ჰაერთან და ცეცხლთან ერთად, ფული მეხუთე სტიქიად უნდა მივიჩნიოთ, სტიქიად, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად უწევს ანგარიშს. ალბათ ამის გამოცაა, რომ დღეს, დოსტოევსკის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ, მისი ნაწარმოებები ისევ ინარჩუნებენ აქტუალობას. თუკი თანამედროვე სამყაროს ეკონომიკური ევოლუციის ვექტორსაც გავითვალისწინებთ, – რომელიც აშკარად საერთო გაღატაკებისკენ და ცხოვრების დონის უნიფიკაციისკენ იხრება – დოსტოევსკი წინასწარმეტყველურ მოვლენადაც შეგვიძლია განვიხილოთ. რადგანაც, საუკეთესო საშუალება – რათა არ შევცდეთ მომავლის პროგნოზირებისას – ისაა, რომ ამ მომავალს სიღარიბისა და ბრალეულობის პრიზმაში შევხედოთ. სწორედ ამ ოპტიკით სარგებლობდა დოსტოევსკი.
მწერლის მხურვალე თაყვანისმცემელი, ელიზავეტა შტაკენშნეიდერი – პეტერბურგელი ქალბატონი, ვის სალონშიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ლიტერატორები, სუფრაჟისტები, პოლიტიკური მოღვაწეები და მხატვრები იკრიბებოდნენ – 1880 წელს, დოსტოევსკის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, თავის დღიურში წერდა:
“…იგი მეშჩანია. დიახ, მეშჩანი. იგი არც აზნაურია, არც სემინარისტი, არც ვაჭარი და არც შემთხვევითი ადამიანი, როგორც მხატვარი ან მეცნიერი, არამედ მეშჩანი. და აი, ეს მეშჩანი უდიდესი მოაზროვნე და გენიალური მწერალია… ახლა იგი არისტოკრატთა ოჯახების ხშირი სტუმარიცაა და რა თქმა უნდა, თავი ყველგან ღირსეულად უჭირავს, მაგრამ მასში მაინც მეშჩანობა გამოსჭვივის. ინტიმურ საუბრებში, თუ ნაწარმოებებში… დიდი კაპიტალის აღწერისას, მისთვის უზარმაზარ თანხას წარმოადგენს ექვსი ათასი მანეთი”.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი: ნასტასია ფილიპოვნას ბუხარში – ექვსი ათას მანეთზე გაცილებით დიდ თანხას მოისვრიან. მეორე მხრივ, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე თავგანწირულ სცენაში, რომელიც მუდამ აუტანელ კვალს ტოვებს მკითხველის ცნობიერებაში, კაპიტანი სნეგირიოვი თოვლში ორასიოდე მანეთს ჩატკეპნის. თუმცა საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყბადაღებული ექვსი ათასი მანეთი (ახლა ეს დაახლოებით 20 ათასი დოლარია) საკმარისი იყო, რომ დაახლოებით ერთი წელი ნორმალურად გეცხოვრა.
სოციალური ჯგუფი, რომელსაც ქ-ნი შტაკენშნეიდერი – თავისი დროის სოციალური სტრატიფიკაციის პროდუქტი – მეშჩანებს უწოდებს, ახლა “საშუალო კლასს” წარმოადგენს და ეს ჯგუფი არა იმდენად წარმოშობით განისაზღვრება, რამდენადაც ყოველდღიური შემოსავლის მოცულობით. სხვა სიტყვებით, ზემოთდასახელებული თანხა არც საოცარი სიმდიდრის მაჩვენებელია და არც სიღატაკის, არამედ უფრო ნორმალურ ადამიანურ პირობებზე მიგვითითებს: ანუ, იმ პირობებზე, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს. 6 ათასი მანეთი ზომიერი და ნორმალური არსებობის ფულადი ეკვივალენტია და თუკი ამის გასაგებად აუცილებელია მეშჩანი იყო, მაშინ გაუმარჯოს მეშჩანს.
რადგანაც კაცობრიობის უმრავლესობა სწორედ ამას ესწრაფვის – მიაღწიოს ნორმალურ ადამიანურ პირობებს და მწერალი, რომელსაც ექვსი ათასი მანეთი უზარმაზარ თანხად მიაჩნია, სწორედ იმავე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სივრცეში ფუნქციონირებს, რომელშიც საზოგადოების უმრავლესობა იმყოფება. სხვა სიტყვებით, იგი ცხოვრებას მის საკუთარ, ყველასათვის ხელმისაწვდომი კატეგორიებით აღწერს, რადგანაც, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი პროცესი, ადამიანური არსებობაც ზომიერებისკენ ილტვის და პირიქით, მწერალი, რომელიც მაღალ საზოგადოებას ეკუთვნის, ან დაბალ სოციალურ ფენას წარმოადგენს, აუცილებლად ამახინჯებს სურათს, რადგანაც ორივე შემთხვევაში იგი ცხოვრებას ძალზე მახვილი კუთხიდან აფასებს. საზოგადოების კრიტიკა (რომელიც, შეიძლება ითქვას, ცხოვრების სინონიმიცაა) როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან, შეიძლება საინტერესოდ იკითხებოდეს, მაგრამ მხოლოდ შიგნიდან მის აღწერას ძალუძს შვას ეთიკური მოთხოვნილებები, რომელთაც მკითხველმა ანგარიში უნდა გაუწიოს.
ამას გარდა, მწერლის მდგომარეობა, რომელიც საშუალო კლასს წარმოადგენს, საკმაოდ მერყევია და იგი განსაკუთრებული ყურადღებით და ინტერესით აკვირდება ქვედა ფენებში მიმდინარე მოვლენებს. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ზევით ხდება – უშუალო ფიზიკური სიახლოვის წყალობით – იდუმალების შარავანდისგან განიძარცვება. ყოველ შემთხვევაში, წმინდა რიცხობრივი თვალსაზრისით, მწერალს, რომელიც საშუალო ფენას ეკუთვნის, პრობლემების მრავალფეროვნებასთან აქვს საქმე, რაც აფართოებს მის აუდიტორიას. ყოველ შემთხვევაში, ეს ერთ-ერთი მიზეზია დოსტოევსკის ფართო პოპულარობასა – ისევე როგორც მელვილის, ბალზაკის, ჰარდის, კაფკას, ჯოისისა და ფოლკნერის პოპულარობისა. მართლაც, როგორც ჩანს, 6 ათასი მანეთი დიდი ლიტერატურის გარანტიად შეიძლება იქცეს.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული თანხის მოპოვება გაცილებით ძნელია, ვიდრე მილიონების “შოვნა” ან პირიქით, მათხოვრობა – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნორმა ყოველთვის უფრო მეტ პრეტენდენტებს შობს, ვიდრე უკიდურესობა. ამ თანხის – თუნდაც მისი ნახევრის, ან მეათედის – მოპოვება ადამიანისგან გაცილებით მეტ სულიერ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე რაღაც ფინანსური მაქინაცია, რომელსაც მყისიერ გამდიდრებამდე მივყავართ, ან პირიქით, ვიდრე ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა. უფრო მეტიც, რაც უფრო მოკრძალებულია სასურველი თანხა, მით უფრო მეტ ემოციებთანაა დაკავშირებული მისი მოპოვება. ამ თვალსაზრისით, გასაგებია, რატომ მიიჩნევდა დოსტოევსკი – ვის შემოქმედებაშიც ადამიანური ფსიქიკის ლაბირინთი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს – 6 ათას მანეთს კოლოსალურ თანხად. მისთვის იგი კოლოსალურ სულიერ დანახარჯებს უტოლდება, ნიუანსების კოლოსალურ მრავალფეროვნებას, კოლოსალურ ლიტერატურას. სხვა სიტყვებით, საუბარია არა იმდენად რეალურ, რამდენადაც მეტაფიზიკურ ფულზე.
მისი ყველა რომანი, ლამის გამონაკლისის გარეშე, ხელმოკლე ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. ამგვარი მასალა უკვე თავისთავად წინაპირობაა საინტერესო საკითხავისთვის. თუმცა დიდ მწერლად დოსტოევსკი კარგად შეთხზული სიუჟეტის ან ფსიქოლოგიური ანალიზისა და თანალმობის უნიკალური ნიჭის წყალობით როდი იქცა, არამედ ინსტრუმენტით – უფრო სწორად, მასალის ფიზიკური შემადგენლობით – რომელსაც იგი იყენებდა, ანუ რუსული ენის წყალობით, რომელიც თავისთავად – ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ენა – ძალზე წააგავს ფულს.
რაც შეეხება სირთულეს, მისთვის რუსული ენა – სადაც ქვემდებარე ხშირად წინადადების ბოლოს ექცევა, არსი კი დამოკიდებულ წინადადებაშია ხოლმე გადმოცემული და არა მთავარში – შეიძლება ითქვას, იდეალური ნიადაგია. ეს არაა ანალიტიკური ინგლისური მისი ალტერნატიული “ან/ან”-ით – ესაა დამოკიდებული დათმობითის ენა, ენა, რომელიც “თუმცა”-ზეა დამოკიდებული. ამ ენაზე გამოთქმული ნებისმიერი იდეა მაშინვე თავის საპირისპირო იდეაში გადაიზრდება და არაფერია რუსულ სინტაქსში უფრო მომხიბლავი და მაცდური, ვიდრე ეჭვისა და თვითდამცირების გადმოცემა. სიტყვიერი მარაგის მრავალმარცვლიანობა (რუსულში სიტყვა საშუალოდ სამი-ოთხი მარცვლისგან შედგება) მოვლენათა პირველად, სტიქიურ ბუნებას გამოავლენს, რომელსაც სიტყვა უფრო კარგად გამოხატავს, ვიდრე რაღაც დამაჯერებელი განსჯა და ხშირად მწერალი, თავისი აზრის გადმოცემისას, უეცრად ჟღერადობაზე წაიბორძიკებს და ბოლომდე ამ სიტყვის ფონეტიკაში ეშვება – რის გამოც მისი განსჯები სრულიად მოულოდნელ განვითარებას პოულობს. დოსტოევსკის შემოქმედებაში ხშირად აშკარად იგრძნობა სადისტური ინტენსივობის დაძაბულობა, რომელიც თემის მეტაფიზიკისა და ენის მეტაფიზიკის განუწყვეტელი ურთიერთშეხებითაა გამოწვეული.
რუსული გრამატიკის ქაოსიდან დოსტოევსკიმ მაქსიმუმი ამოიღო. მის ფრაზებში გაცხარებული, ისტერიული, განუმეორებლად ინდივიდუალური რიტმი ისმის და თავისი შინაარსითა და სტილისტიკით მისი მეტყველება – ბელეტრისტიკის, სალაპარაკო ენისა და ბიუროკრატიზმების ნაზავი – დამთრგუნველად მოქმედებს ფსიქიკაზე. რა თქმა უნდა, მას მუდამ ეჩქარებოდა. თავისი გმირებივით, იგი მუშაობდა, რათა საარსებო წყარო ჰქონოდა მევალეებისა და გამომცემელთა ვადებში გახლართულს. ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ ვადებით ხელფეხშეკრული ადამიანის პირობაზე, იგი ხშირად უხვევდა ხოლმე თემას და შეგვიძლია ვამტკიცოთ კიდევაც, რომ ეს წიაღსვლები უმრავლეს შემთხვევაში თავად ენის მიერ იყო ნაკარნახევი და არა სიუჟეტით. ერთი სიტყვით, დოსტოევსკის კითხვისას ხვდები, რომ ცნობიერების ნაკადის წყარო სულაც არაა ცნობიერება, არამედ სიტყვა, რომელიც ცნობიერების ტრანსფორმირებას ახდენს და ცვლის მის კალაპოტს.
არა, იგი არ იყო ენის მსხვერპლი; თუმცა მის მიერ გამოვლენილი ინტერესი ადამიანის სულის მიმართ ცდება რუსული მართლმადიდებლობის საზღვრებს, რომელთანაც იგი თავს აიგივებდა: სინტაქსმა უფრო მეტად, ვიდრე რწმენამ, განაპირობა ამ ინტერესის ხასიათი. ნებისმიერი შემოქმედება იწყება როგორც ინდივიდუალური სწრაფვა თვითსრულყოფისკენ და იდეალში – წმინდანობისკენ. ადრე თუ გვიან – ალბათ უფრო ადრე, ვიდრე გვიან – მწერალი აღმოაჩენს, რომ მისი კალამი გაცილებით დიდ შედეგებს აღწევს, ვიდრე სული. ამ აღმოჩენას ხშირად აუტანელი სულიერი გაორება მოჰყვება და სწორედ აქედან მოდის დემონური რეპუტაცია, რომელსაც ლიტერატურა ფართოდ იყენებს. არსებითად, ეს ასეც არის, რადგანაც სერაფიმთა დანაკარგი თითქმის ყოველთვის მონაპოვარია ხოლმე მოკვდავთათვის. თანაც ნებისმიერი უკიდურესობა თავისთავად ყოველთვის მოსაწყენია და კარგ მწერალთან ყოველთვის ისმის ზეციური სფეროებისა და ქვესკნელის დიალოგი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, მივყავართ თუ არა ამ გაორებას ავტორის ან ხელნაწერის ფიზიკურ განადგურებამდე (რისი მაგალითიც – გოგოლის “მკვდარი სულების” მეორე ტომია) – სწორედ მისგან იშვება მწერალი, ვინც თავის ამოცანას კალამსა და სულს შორის მანძილის შემცირებაში ხედავს.
ამაშია მთელი დოსტოევსკი; თანაც, მისი კალამი ყოველთვის აძევებდა სულს მის მიერვე ნაქადაგები მართლმადიდებლობის საზღვრებიდან. რადგანაც, იყო მწერალი, აუცილებლად ნიშნავს, იყო პროტესტანტი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანის პროტესტანტული კონცეფციის აღმსარებელი. რუსულ მართლმადიდებლობაშიც და რომაულ კათოლიკობაშიც ადამიანს უზენაესი, ან მისი ეკლესია განსჯის. პროტესტანტიზმში ადამიანი თავად ადგენს განკითხვის დღეს და ამ მსჯავრისას იგი გაცილებით უფრო დაუნდობელია საკუთარი თავის მიმართ, ვიდრე უფალი, ან თუნდაც ეკლესია – იმიტომ, რომ იგი (ყოველ შემთხვევაში მას ასე სწამს) ღმერთზე და ეკლესიაზე უკეთ იცნობს თავს და კიდევ იმიტომ, რომ მას არ სურს, უფრო სწორად, არ შეუძლია აპატიოს. რადგანაც, არც ერთი ავტორი არ წერს მხოლოდ თავის მრევლზე გათვლით, ლიტერატურული გმირები და მათი საქციელი მიუკერძოებელ და სამართლიან განსჯას იმსახურებენ. რაც უფრო გულდასმით მიმდინარეობს “გამოძიება”, მით უფრო დამაჯერებელია ნაწარმოები – მწერალი ხომ უპირველეს ყოვლისა, დამაჯერებლობას ესწრაფვის. წმინდანობა ლიტერატურაში თავისთავად არცაა დაფასებული: სწორედ ამიტომაც იხრწნება დოსტოევსკის ბერი.
რა თქმა უნდა, დოსტოევსკი სიკეთის, ანუ ქრისტიანობის დაუცხრომელი ქომაგი იყო. მაგრამ თუკი დავუფიქრდებით, არც ბოროტებას ჰყოლია მასავით გაწაფული ადვოკატი. კლასიციზმისგან დოსტოევსკიმ ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპი შეითვისა: ვიდრე საკუთარ მოსაზრებებს ჩამოაყალიბებდე – როგორც არ უნდა იყო დარწმუნებული, რომ მართალი ხარ და სრულიად უბიწო – აუცილებელია ჯერ მოწინააღმდეგე მხარის ყველა არგუმენტი ჩამოთვალო. საქმე ის არაა, რომ ჩამოთვლის პროცესში მოწინააღმდეგე მხარეზე შეიძლება გადაიხარო: უბრალოდ, ასეთი ჩამონათვალის გაკეთება ძალზე მომხიბლავი პროცესია. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება არ უღალატო მრწამსს, მაგრამ როცა მოსაზრებებს ბოროტების სასარგებლოდ განიხილავ, ჭეშმარიტი რწმენის პოსტულატებს უფრო ნოსტალგიით წარმოთქვამ, ვიდრე გულმოდგინებით და ესეც, რა თქმა უნდა, ამაღლებს დამაჯერებლობის ხარისხს.
მაგრამ არამხოლოდ დამაჯერებლობის გამოა, რომ დოსტოევსკის გმირები კალვინისტური შეუპოვრობით აშიშვლებენ მკითხველთა წინაშე თავიანთ სულს. კიდევ არის რაღაც, რაც აიძულებს დოსტოევსკის, რომ მათ ცხოვრებას სულ სხვა კუთხიდან შეხედოს და მისი იდუმალი სულის ყველა ნაოჭსა და ნაკეცს დააკვირდეს. და ეს არაა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა. რადგანაც მისი ინკვიზიციის შემდეგ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი აშკარავდება, რაც თავად ჭეშმარიტებასაც აღემატება: იგი აშიშვლებს ცხოვრების პირველად ქსოვილს და ეს ქსოვილი საშინელია. ამისკენ მას ძალა უბიძგებს, რომელსაც სახელად ენის გაუმაძღრობა ჰქვია და ერთ დღესაც მას ეცოტავება ღმერთი, ადამიანი, სინამდვილე, დანაშაული, სიკვდილი, უსასრულობა, ხსნა და საკუთარ თავს დაეძგერება.
1980
თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“